„ვინც საქართველოს მოქალაქეებისათვის სანქციების არ დაწესების საკითხს პრორუსულად ცნობენ, იმ ადამიანებს მივმართავ: როდესაც მიხეილ სააკაშვილი რუსეთის მოქალაქეებს უხსნიდა სანქციებს, თქვენ მაშინ მას მაინც პროდასავლელს ეძახდით. ხოლო, როდესაც დღევანდელი ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს არ უწესებს სანქციებს, ამას ცდილობთ, რომ პრორუსულობა დაარქვათ და იქნებ დაფიქრდეთ, ხომ გაქვთ მშვიდობა აზროვნებაში და ლოგიკაში. რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე, რომელიც ამას თითქოს ვერ მიხვდება. ამაზე უნდა დაფიქრდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი პატრონები, რას რის გასაღებად ცდილობენ“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკამ მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მამუკა მდინარაძემ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სანქციებთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომ ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და უდიდესი სპეკულაციაა, როდესაც უნდათ ეს განცხადება წარმოაჩინონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. მისივე თქმით, ხელისუფლების ოპონენტები ცდილობენ, რომ სანქციები დააწესებინონ, რაც არის მავნებლობა და საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით. „პირველი: უდიდესი სპეკულაციაა ის რომ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის განცხადება უნდათ გაასაღონ ისე, რომ თითქოს ეს ზოგადი იყო. არა, სინამდვილეში ეს შეეხებოდა სანქცირებულ ბორტებს და ეს იყო ხაზგასმით ნათქვამი. ეს ერთი. მეორე-საქართველო არ აპირებს და ქართული ხელისუფლება არ აპირებს საკუთარი მოქალაქეების დასანქცირებას და მესამე-სანქცირებული ბორტები საქართველოში არ და ვერ იფრენენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია, ხელისუფლების მხრიდან ამის შესახებ განცხადება გაკეთდა. დანარჩენი ყველაფერი ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა სპეკულაცია. საქართველოს ხელისუფლება იქნება პრინციპული თავის გადაწყვეტილებებში და არ დაექვემდებარება მარტივ, პრიმიტიულ ბულინგს, რომ თითქოს ახლა ტექნიკური საკითხების დაბლოკვით უნდა დასანქცირდნენ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და ბოლოს სად მივლენ იცით? ლამის შეიძლება თქვან ბარგის გადმოყრაზე თქვას საქართველომ უარი და მუშებს დაავალონ რომ პატივცემულებო არ გადმოყაროთ ბარგი და იქნება ამით შეფერხდეს ეს ფრენები. ამ ტექნიკურ საკითხებს გაყიდიან პრორუსულ მოძრაობად. არ შეიძლება ამას ჩვენ წამოვეგოთ. ტექნიკური საკითხები, თუ ასე დადგება ნიშნავს ერთი ერთში დასანქცირებას, ოღონდ ტექნიკური კუთხით ამ შემთხვევაში, საქართველოს მოქალაქეების, რასაც რა თქმა უნდა არ ვაპირებთ. ეს გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციის მხრიდან რა მოტივით არის ნაკარნახევი, ეს მეორე საკითხია, ამაზე შეიძლება ბევრი ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ, მაგრამ შედეგი ის რაც არის, მათივე დაწესებული სანქციები, რომლის მოხსნასაც ითხოვდა აშშ, ითხოვდა ევროკავშირი თავის დროზე და დღეს მოიხსნა საქართველოს მოქალაქეების მიმართ და ახლა ჩვენი ოპონენტები ცდილობენ რომ სანქციები რამენაირად დაგვაწესებინონ, ეს არის პირველი- მავნებლობა, მეორე- უსუსური მცდელობა ეს პოზიცია, სახელმწიფოს დაზიანების მცდელობა პრორუსულად გაყიდონ და რაც მთავარია, საკუთარი მოქალაქეების დაზიანების მცდელობა მათი დასანქცირებით.“- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.