Home Blog Page 2201

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს

ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1300-ს აჭარბებს. დაშავებულთა რაოდენობა კი 3400-ს აღემატება. დაღუპულთა შორის უცხოეთის ათობით მოქალაქეცაა.

ღაზის სექტორში ისრაელის დარტყმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობაც გაიზარდა. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავიაციო იერიშებს 1500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, 6600-ზე მეტი კი დაშავდა.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში 6 ათასამდე ავიაბომბი ჩააგდო. ინფორმაციას ისრაელის არმიის ოფიციალური წარმომადგენელი, კონტრადმირალი დანიელ ჰაგარი ავრცელებს. მისივე თქმით, ავიადარტყმების შედეგად განადგურებულია 3600-მდე სამიზნე, ჰამასის სამეთაურო და საკონტროლო პუნქტები და სტრატეგიული ინფრასტრუქტურა. ლიკვიდირებულია „ჰამასის“ ასობით მებრძოლი.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის ჩრდილოეთით მყოფ მილიონ პალესტინელს 24 საათის განმავლობაში ევაკუაციისკენ მოუწოდებენ

ისრაელის თავდაცვის ძალებმა შეატყობინეს გაერო-ს, რომ 24 საათის განმავლობაში ღაზის ჩრდილოეთით მყოფი მთელი პალესტინელი მოსახლეობის ევაკუაცია სამხრეთ ღაზაში უნდა მოხდეს, – ამბობს გაერო-ს გენერალური მდივნის სპიკერი სტეფან დუჟარიკი.

მისივე ინფორმაციით, შეტყობინებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის თავდაცვის ძალები შეიძლება, ემზადებოდნენ სახმელეთო შეჭრისთვის.

გაფრთხილება ეხებოდა გაერო-ს თანამშრომლებსა და იმ ტერიტორიებზე განლაგებულ გაერო-ს დაწესებულებებში თავშეფარებულებს.

„გაერთიანებული ერების ორგანიზაცია შეუძლებლად მიიჩნევს, რომ ასეთი მოძრაობა განხორციელდეს დამანგრეველი ჰუმანიტარული შედეგების გარეშე“,- აღნიშნა დუჟარიკმა.

ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი იორდანიაში ჩავიდა, ინფორმაციას Timesofisrael-ი ავრცელებს.

მედიის ცნობით, სადაც ბლინკენი მეფე აბდულა II-სა და პალესტინის ხელისუფლების პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს შეხვდება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა გუშინ განაცხადა, რომ იორდანიის გარდა ის ეგვიპტეს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და კატარსაც ეწვევა.

„ყოველ ასეთ შეხვედრაზე ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნებისთვის დაჟინებულ თხოვნას, რათა აღვკვეთოთ კონფლიქტის გაფართოება და „ჰამასზე“ მათი ბერკეტები გამოვიყენოთ ტყვეების დაუყოვნებლივ და უპირობოდ გასათავისუფლებლად”, – განაცხადა ბლინკენმა ისრაელში გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

13 ოქტომბერს ქუთაისში +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთში მზიანი ამინდია ნავარაუდევი. დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. უნალექო დღეა მოსალოდნელი ზუგდიდშიც, სადაც დღისით ტემპერატურა +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. +22 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი სოხუმშიც, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში დღისით +15 გრადუსი, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში უნალექო დღეა მოსალოდნელი, ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +15 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში დღისით მზიანი ამინდი და +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +5 გრადუსი. ახალციხეში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +2 გრადუსამდე დაიწევს.

ბორჯომშიც მზიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +19, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +15 გრადუსი იქნება, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება.

უნალექო დღეა მოსალოდნელი გორში. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. დღე უნალექოდ ჩაივლის.

გუდაურში +5 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -1 გრადუსი იქნება. ანალოგიური ამინდია მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +7, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში დღე უნალექოდ ჩაივლის. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +22 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +21 იქნება გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით მზიანი ამინდი იქნება. +19 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში მზიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +7 გრადუსი იქნება.

13 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

პლანეტების ხელსაყრელი განლაგება გეგმების განხორციელებასა და სასურველი შედეგების მიღწევაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რუტინულ ყოველდღიურ საქმიანობაში ახალი შესაძლებლობები იპოვოთ. მოერიდეთ კამათს და დებატებს – ამ დღეს ოპონენტებისთვის საკუთარი სიმართლის დამტკიცება გაგიჭირდებათ.

კურო

ამ დღეს რაღაც მნიშვნელოვანი ოცნება აგიხდებათ. დრო არ დაკარგოთ, ინიციატივა გამოიჩინეთ და რთული ამოცანების შესრულების ნუ შეგეშინდებათ. გახსოვდეთ, ყველაფერი ოქრო არ არის, რაც ბრწყინავს და არც ყველა შეთავაზებაა მომგებიანი – სანამ წინადადებას დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით და რისკები შეაფასეთ.

ტყუპები

თუ უარყოფითი ემოციებისგან დაიცლებით და საკუთარი პრობლემების შესახებ ახლობელ ადამიანებს უამბობთ, შეიძლება ბევრი საინტერესო რჩევა მოისმინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, უარყოფითმა ემოციებმა შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემებიც კი გამოიწვიოს. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი კრედიტის ან ვალის აღებას მოერიდოთ. ახლა ამისთვის არახელსაყრელი გარემოებებია.

კირჩხიბი

მეგობრებთან შეხვედრა და საინტერესო ადგილების მონახულება განწყობას აგიმაღლებთ. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობის დროს სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, რათა მათი მანიპულაციების მსხვერპლად არ იქცეთ. პირად ურთიერთობებში უფრო აქტიური და ყურადღებიანი უნდა იყოთ და პარტნიორს მეტად ენდოთ. შესაძლოა, ოჯახური პრობლემების გადასაჭრელად სამსახურისთვის გამოყოფილი დროის შემცირება დაგჭირდეთ.

ლომი

წარმატებული და ნაყოფიერი დღე გელით. ადამიანებს მეგობრული და ოპტიმისტური განწყობით ხიბლავთ. ვარსკვლავები თქვენს მხარეს არიან, მაგრამ სარისკო შეთავაზებებზე უარი უნდა თქვათ, რომ რაღაც ძვირფასი არ დაკარგოთ. ამ დღეს გულწრფელობისგან მეგობრებთანაც კი თავი უნდა შეიკავოთ.

ქალწული

ამ დღეს გარშემომყოფების ყურადღება არ მოგაკლდებათ – თქვენ მიმართ კრიტიკულად განწყობილი ადამიანებიც კი სიამოვნებით გეხმარებიან და რჩევებს გაძლევენ. მშვენიერი დროა ყველაზე გაბედული გეგმების განხორციელებისთვის. შესაძლოა, ამ დღის მოვლენებმა ვიღაცის ან რაღაცის შესახებ აზრი შეგიცვალოთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მოგვარებისას და ნაჩქარევ შესყიდვებს ერიდეთ.

სასწორი

დილიდან ამოუხსნელი შფოთვა გაწუხებთ. ისეთი განცდა გაქვთ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გამოგრჩათ ან დაგავიწყდათ. სუფთა ჰაერზე სეირნობა ან ფიზიკური დატვირთვა მდგომარეობას შეგიმსუბუქებთ. ამ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები არ უნდა მიიღოთ – ხვალ შეიძლება სიტუაციის მიმართ თქვენი დამოკიდებულება შეიცვალოს.

მორიელი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ დღის განმავლობაში ფიზიკურ და ემოციურ გადაღლას მოერიდოთ. ამ დღეს ზედმეტი აქტივობა თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებს. საღამო კი უმჯობესია, სახლში, მშვიდად გაატაროთ.

მშვილდოსანი

დღევანდელი კომუნიკაცია არა მარტო სასიამოვნო, სასარგებლოც იქნება. გამორიცხული არ არის, რომ ახალი თანამოაზრეები იპოვოთ ან კოლეგები თქვენი იდეებით დააინტერესოთ. სანამ დებატებში ჩაერთვებით ეცადეთ სადავო საკითხზე მეტი ინფორმაცია მოაგროვოთ და ფაქტები შეისწავლოთ.

თხის რქა

ამ დღეს წინააღმდეგობის გადალახვას და განვითარების ახალ საფეხურზე გადასვლას წარმატებით შეძლებთ. შესაძლოა, მეგობრების ან ნათესავების დახმარებით ფინანსური მდგომარეობაც გაიუმჯობესოთ. იზრუნეთ ჯანმრთელობაზე და იმუნიტეტის ამაღლებაზე. დროა, პროფილაქტიკური მკურნალობისა ან ვარჯიშისთვის მოიცალოთ.

მერწყული

ამ დღეს გარემოებები სწრაფად იცვლება და მათთან ადაპტაცია მოგიწევთ. კოლეგების გამოცდილება სირთულეების დაძლევაში დაგეხმარებათ. ნუ ინერვიულებთ, თუ შესაძლებლობა ხელიდან გაუშვით. ვარსკვლავები ამბობენ, რომ მის ნაცვლად ახალი და ბევრად უფრო საინტერესო შესაძლებლობები გაჩნდება.

თევზები

ამ დღეს კოლექტიურ საქმიანობაზე უფრო შედეგიანი მარტო მუშაობა იქნება – გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ყურადღებას გიფანტავთ და საქმეში ხელს გიშლით. არ შეგეშინდეთ თქვენთვის საინტერესო კითხვების დასმა – შესაძლოა, მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაიგოთ. ამ დღეს შოპინგისგან თავის შეკავება ჯობს.

“საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ევროპას დიდ სარგებელს მოუტანს” – პიტერ სიიარტო

საქართველო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.

„ჩვენ ჩამოვედით აქ, საქართველოში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, თითქმის ყველა ჩემი თანამემამულე მინისტრის ხელმძღვანელობით, რათა გავმართოთ ჩვენი პირველი სამთავრობო სამიტი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელმოწერილი შეთანხმების სულისკვეთებით.

უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ძირითადად ოთხ საყრდენზეა დაფუძნებული. მათგან, ალბათ, ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ევროკავშირი ამჟამად ძალიან ცუდ მდგომარეობაშია, ამიტომ მნიშვნელოვანი იქნებოდა გაფართოების პოლიტიკის გააქტიურება. ევროკავშირს სჭირდება ახალი იმპულსი, სიახლე და პოზიტიური ენერგია და ეს შეიძლება, მოდიოდეს პირველ რიგში იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც სურთ გახდნენ ევროკავშირის წევრები. ქვეყნები, რომლებიც სწრაფად ვითარდებიან და სურთ, მიაღწიონ ევროკავშირის განვითარების დონეს, ან მიუახლოვდნენ მაინც მას. საქართველო ისეთი ქვეყნის ტიპური მაგალითია, საიდანაც ევროკავშირს შეუძლია სიახლე, იმპულსი და პოზიტიური ენერგია მიიღოს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც ზედიზედ ორი წელია, აღწევს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას.

სამწუხაროდ, ევროკავშირი უკიდურესად ფარისევლურად იქცევა საქართველოს მიმართ, ორმაგი სტანდარტების გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ მათ არ დააწესეს 12-პუნქტიანი სიის შესრულება, როგორც წინაპირობა იმისა, რომ გამხდარიყო კანდიდატი ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიცაა უკრაინა ან მოლდოვა, მათ ეს მოითხოვეს როგორც წინაპირობა საქართველოსთვის და ამ ქვეყანას არ მიუღია კანდიდატის სტატუსი. მიგვაჩნია, რომ საქართველო უკრაინაზე ან მოლდოვაზე უარეს მდგომარეობაში არ არის. საქართველოც იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ევროპას დიდ სარგებელს მოუტანს, თუ საქართველო ჩვენთან დაახლოებასა და გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას შეძლებს“,- აღნიშნა სიიარტომ.

მისივე თქმით, უნგრეთი დაუჭერს მხარს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი.

„ამ შემოდგომაზე მომავალ გადაწყვეტილებაში, უნგრეთი მტკიცედ დაუჭერს მხარს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის კანდიდატი და ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს უნდა მივაღწიოთ გაწევრიანების მოლაპარაკებებში. მით უფრო, მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რადგან ჩვენ ევროპაში ენერგეტიკული მოდერნიზაციის სერიოზულ პროცესში ვართ. ჩვენ ახლა ვცდილობთ, გადავიტანოთ ევროკავშირის ენერგომომარაგება მდგრად, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე, განახლებად ენერგიის წყაროებზე. როგორც ევროკავშირს ახლა არ შეუძლია დააკმაყოფილოს თავისი ენერგეტიკული საჭიროებები წიაღისეული საწვავის ეპოქაში გარე წყაროების გარეშე, ასევე მას დასჭირდება გარე წყაროები განახლებადი ენერგიის ეპოქაში, რათა უზრუნველყოს ევროკავშირის ენერგომომარაგების უსაფრთხოება. კავკასიის რეგიონი, რა თქმა უნდა, იქნება ერთ-ერთი ასეთი გარე წყარო. კავკასია შეძლებს მნიშვნელოვანი რაოდენობის განახლებადი ენერგიის წარმოებას და ევროკავშირს ეს ენერგია უსაფრთხოდ მუშაობისთვის დასჭირდება. ახლა საკითხავია, მიაღწევს თუ არა კავკასიაში წარმოებული განახლებადი ენერგია ევროპამდე; ეს უბრალოდ ინფრასტრუქტურის საკითხია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ოთხმხრივი შეთანხმება, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ აზერბაიჯანს, საქართველოს, რუმინეთსა და უნგრეთს შორის გასული წლის ბოლოს, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა ელექტროგადამცემი მილსადენის აშენებას.

ასე რომ, საქართველოსთან თანამშრომლობა განსაკუთრებით კრიტიკულია ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების მომავლისთვის და ჩვენ, უნგრელებს, შეგვიძლია, მნიშვნელოვანი როლი ვითამაშოთ კავკასიური განახლებადი ენერგიის ევროპაში შემოტანაში.

და ბოლოს, ჩვენ ვსაუბრობთ ორ ქრისტიანულ ქვეყანაზე, ორ ქვეყანაზე, რომლებიც ინარჩუნებენ თავიანთ ქრისტიანულ ტრადიციებსა და ქრისტიანულ მემკვიდრეობას. ორი ქვეყანა, რომლებსაც არ ეშინიათ ამის საერთაშორისო პოლიტიკაში მოხვედრის. საერთაშორისო პოლიტიკაში მნიშვნელოვანია ქვეყნები, რომლებსაც სურთ, შეუძლიათ და საკმარისად გაბედულები არიან, დაიცვან თავიანთი ეროვნული ინტერესები, განახორციელონ კონსერვატიული, პატრიოტული პოლიტიკა.

ამრიგად, უნგრეთსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა საერთაშორისო პოლიტიკაში გვაძლიერებს ჩვენი ეროვნული ინტერესების წარმომადგენლობასა და დაცვაში და მათზე კომპრომისზე წასვლა არასდროს არ უნდა დაგვჭირდეს. აქ მალე მოვაწერ ხელს ორ ხელშეკრულებას. პირველ რიგში, ჩვენ გავახანგრძლივებთ სტიპენდიის ხელშეკრულებას კიდევ სამი წლით, ყოველწლიურად 80 ქართველ სტუდენტს დავუწესებთ სტიპენდიას უნგრეთის უნივერსიტეტებში. ეს პროგრამა პოპულარულია, მას წელს 270 აპლიკანტი ჰყავს. მეორეც, ჩვენ მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას ტექნოლოგიური გადაწყვეტის შესახებ, რომელშიც გავცვლით და მხარს დავუჭერთ ერთმანეთს ქალაქებში მოქმედი ჭკვიანი ტექნოლოგიებით, რაც ხელს შეუწყობს ურბანული გარემოს სიცოცხლისუნარიანობის გაზრდას“,-  განაცხადა პიტერ სიიარტომ ვიდეომიმართვაში.

ღაზის სექტორში დაღუპულთა რაოდენობამ 1500-ს გადააჭარბა

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიადარტყმებს სულ მცირე 1537 პალესტინელი ემსხვერპლა, 6612 კი დაშავდა.

მათივე მონაცემებით, დაღუპულთა შორის 500 ბავშვი და 267 ქალია.

„ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორის სრული ბლოკირების გადაწყვეტილება მიიღო და სექტორში ელექტროენერგიის, საწვავის, საკვების, წყლისა და სხვა პროდუქტების შეტანა შეწყვიტა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

“სად არის დასავლეთი, არავითარი გამართლება არ აქვს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს” – ერდოღანი

ჩვენი პოზიცია, როგორც ერის, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში არ გადაუხვევია სამართლიანობისგან, ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მიმართაც ამ მიმართულებით არის, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

ერდოღანმა აღნიშნა, რომ ორგანიზაციებისგან განსხვავებით, სახელმწიფოები ვალდებული არიან, დაიცვან ომის კანონები და ადამიანის უფლებები. მისივე თქმით, ეს ხაზი თანდათან ქრება.

როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, ღაზაში ორი მილიონი ადამიანისთვის ელექტროენერგიის, წყლის, საწვავისა და საკვების შეზღუდვა არც „ჰუმანურია“ და ამას არც „ომის კანონებში“ აქვს ადგილი. ერდოღანმა აღნიშნა, რომ ამჟამად ღაზაში წყალი, პური და სხვა საკვები არ არის, რაც ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას ეწინააღმდეგება.

ამასთან, თურქეთის პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის მსგავს ქვეყანას მშვიდობის აღდგენისთვის ზრუნვა შეეფერება.

„აშშ-ის მსგავს ქვეყანას შეეფერება მშვიდობის აღდგენისთვის ზრუნვა, თუ ცეცხლზე ნავთის დამატება? სად არის დასავლეთი? აქვთ თუ არა რაიმე ზომები ამ ეტაპზე? არ აქვთ. არავითარი გამართლება არ შეიძლება ჰქონდეს ღაზაში ჩემს ძმებზე თავდასხმებს, რომლებმაც ხოცვა-ჟლეტის დონემდე მიაღწიეს“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეკორდული მოგება – საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ტაილანდი 8:0 დაამარცხა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ შეხვედრაში ტაილანდის ნაკრებს დაუპირისპირდა და ანგარიშით 8:0 დაამარცხა.

ამავე მატჩში გიორგი მიქაუტაძემ პოკერი შეასრულა და საქართველოს ნაკრების ისტორიაში პირველი ფეხბურთელი გახედა, რომელმაც ერთ მატჩში 4 გოლი გაიტანა.

შემდეგ შეხვედრას ნაკრები უკვე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში, 15 ოქტომბერს, კვიპროსის წინააღმდეგ გამართავს, რომელსაც თემურ ქეცბაია წვრთნის.

“აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს” – ჯონ კირბი

აშშ ისრაელში ჯარისკაცების განლაგებას არ გეგმავს, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

„არ არსებობს განზრახვა ან გეგმა ისრაელში ამერიკელი ჯარების ადგილზე განთავსების თაობაზე – ისრაელელებს არ აქვთ ამის სურვილი. ისრაელელებმა ნათლად აჩვენეს, რომ მათ არ სურთ უცხოური ჯარები თავიანთ მიწაზე, რომ მათ სურთ ამ ოპერაციების დამოუკიდებლად წარმართვა და მათ აქვთ სრული უფლება, უნდოდეთ ამის გაკეთება“, – აღნიშნაკირბიმ.

მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უპირველესი პრიორიტეტია ამერიკელების უსაფრთხოება ყველგან და „ასევე ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები და ჩვენ გვაქვს ეროვნული უსაფრთხოების ინტერესები მთელ რეგიონში“.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში დასრულდა.

ვიქტორ ორბანი და მისი მეუღლე ანიკო ლევაი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და მეუღლემ, ნუნუკა თამაზაშვილმა გააცილეს.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 10 ოქტომბერს ეწვია. ვიქტორ ორბანი თბილისში დელეგაციასთან ერთად ჩამოვიდა.
ვიზიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანისა და ირაკლი ღარიბაშვილის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. შედგა საქართველო-უნგრეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა, რომლის შემდეგაც უნგრულმა და ქართულმა მხარეებმა ხელი მემორანდუმებს მოაწერეს.

საქართველოსა და უნგრეთის პრემიერ-მინისტრებმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.

“საფრანგეთი „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად” – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მისი მთავრობა „ყველაფერს გააკეთებს“ „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად.

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მძევლები განთავისუფლდნენ, მიუხედავად მათი ეროვნებისა“, – განაცხადა მაკრონმა.

მაკრონის თქმით, მისი ქვეყანა თანამშრომლობს ისრაელის ხელისუფლებასთან და სხვა პარტნიორებთან, რათა ფრანგი მძევლები “უსაფრთხოდ და ჯანმრთელები” სახლში დააბრუნონ.

”საფრანგეთი არასოდეს ტოვებს თავის შვილებს”, – დასძინა მან.

მისი თქმით, ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ისეთი ტერორისტული ჯგუფებისგან, როგორიცაა „ჰამასი“, თუმცა მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების შენარჩუნებით.

მაკრონმა დასძინა, რომ „ტერორიზმთან ბრძოლა ვერ ჩაანაცვლებს მშვიდობის ძიებას“.

როგორც ცნობილია, „ჰამასის“ თავდასხმების შემდეგ საფრანგეთის 17 მოქალაქე, მათ შორის ბავშვები, დაკარგულად ითვლება. დაღუპილია სულ მცირე 12 საფრანგეთის მოქალაქე.