Home Blog Page 22

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ EUROBASKET 2025-ზე ეროვნული ნაკრების ქომაგებისთვის ჩარტერული რეისები დანიშნა

ევროპის 42-ე საკალათბურთო ჩემპიონატის, ევრობასკეტ 2025-ის საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების საგულშემატკივროდ სპეციალური ჩარტერული რეისები დაინიშნა.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით, რეისები 7 და 8 სექტემბერს შესრულდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებულ რეისი  თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან რიგის მიმართულებით 7 სექტემბერს დილის 07:00 შეასრულებს, ხოლო უკან საქართველოში გულშემატკივრებს 8 სექტემბერს დააბრუნებს.

სუბსიდირებული რეისი საქართველოსა და საფრანგეთის ეროვნული საკალათბურთო ნაკრებების თამაშზეა მორგებული, რომელიც 7 სექტემბერს, თბილისის დროით 16:15 საათზე გაიმართება.

ლატვიის დედაქალაქში სუბსიდირებული რეისით გაფრენის შესაძლებლობა მხოლოდ იმ მგზავრებს ექნებათ, რომლებიც რიგაში გაფრენამდე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ევრობასკეტ 2025-ის გასამართ თამაშზე დასასწრები ბილეთის წარმოდგენას შეძლებენ.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ სუბსიდირებული ცალმხრივი ავიაბილეთის ღირებულება 195 ევროს შეადგენს. სუბსიდირებული ბილეთების შეძენა საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებს ონლაინ პლატფორმა tkt.ge-ზე 15:00 საათიდან შეეძლებათ.

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ (GCCA), ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი დაიწყო. 

მონიტორინგის ფარგლებში, ბაზრის შეფასება მოხდება კონკურენციის კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი პარამეტრებით, როგორიცაა: ბაზრის მოცულობა, მოქმედი კომპანიები, კონცენტრაციის ინდექსი, საბაზრო წილები/დინამიკა და შესაბამისად დომინანტურ მდგომარეობაზე მსჯელობა მისი დადასტურების ან გამორიცხვის მიმართულებით. ასევე, ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით, შეფასდება კონკურენტული გარემო სხვა დამატებითი ფაქტორების გათვალისწინებითაც.

სააგენტოს მიერ აქამდე განხორციელებული ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგის და ორი მოკვლევის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების ბაზრის მონიტორინგი სააგენტოს მიერ ბოლო წლებში ამ მიმართულებით გაწეული სამუშაოს მნიშვნელოვანი გაგრძელება იქნება.

სამედიცინო მომსახურებაზე ფასების ზრდის შესახებ ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნულია, რომ 2025 წლის ივლისში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, ფასები 26%-ით გაიზარდა.

ბაზრის მონიტორინგის პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან აქტიური კოორდინაციის ფორმატში განხორციელდება. შუალედური შედეგები პერიოდულად დაინტერესებული მხარეებისთვის საჯაროდ გამოქვეყნდება.

ამ ეტაპზე GCCA მონიტორინგს ახორციელებს – FMCG ბაზრის, საავტომობილო საწვავის, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, თამბაქოს, თხილის და ლურჯი მოცვის შესაბამის ბაზრებზე.

ინფორმაციას საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო ავრცელებს.  

თიბისიმ აზიის განვითარების ბანკის “ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე” სამი ჯილდო მოიპოვა

თიბისი აზიის განვითარების ბანკის(ADB) „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის მე-11 დაჯილდოების“ გამარჯვებულია. ბანკს ჯილდოები ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში სამ კატეგორიაში გადაეცა: „წამყვანი პარტნიორი ბანკი საქართველოში“, „სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო“ და „ლიდერი შშმ პირთა ჩართულობის მხარდაჭერაში“.

თიბისიმ გამარჯვება სხვადასხვა კრიტერიუმზე დაყრდნობით მოიპოვა:

  • ADB-ის ვაჭრობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ტრანზაქციის განხორციელებისთვის თიბისის საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ჯილდო გადაეცა;
  • სურსათის უსაფრთხოების მიმართულებით პროექტების ხელშეწყობისა და ფერმერული მეურნეობის დაფინანსებისთვის ბანკმა სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო მიიღო;
  • მრავალფეროვნებისა და შშმ პირთა ჩართულობის ზრდისთვის განხორციელებული ინიციატივებისთვის კი თიბისიმ გამარჯვება შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობის ნომინაციაში მოიპოვა.

„საქართველოში წამყვანი პარტნიორი ბანკის ნომინაციაში თიბისიმ ზედიზედ მე-11-ედ გაიმარჯვა. ეს ადასტურებს, რომ წარმატებით ვპასუხობთ ადგილობრივი და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებს – კომპანიებს ვუმარტივებთ ბიზნესპროცესებს და სავაჭრო ოპერაციების უწყვეტობას უზრუნველვყოფთ. სურსათის უსაფრთხოების სპეციალური ჯილდო კი იმ ძალისხმევის აღიარებაა, რომელსაც ჩვენი გუნდი მიმართავს საკვები პროდუქტების უსაფრთხოების, ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად”,- თამარ ხიზანიშვილი, თიბისის ვაჭრობის ფინანსირებისა და ფაქტორინგის დეპარტამენტის დირექტორი.

“მოხარული ვარ, რომ თიბისიმ აზიის განვითარების ბანკისგან წელს პირველად მოიპოვა ჯილდო შშმ პირთა ჩართულობის ხელშეწყობისთვის. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ამ მიმართულებით, მათ შორის აზიის განვითარების ბანკთან. სწორედ ერთობლივი პროექტის ფარგლებში შევქმენით სამოქმედო გეგმა შშმ პირთა ჩართულობის გასაძლიერებლად და ერთიანი ძალებით ვცდილობთ, თანასწორი და ინკლუზიური გარემოს ჩამოყალიბებას”,- მაკა ბოჭორიშვილი, თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების განყოფილების კოორდინატორი.

(R)  

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე შეიწყალა.

ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

როგორც ყაველაშვილი აცხადებს, იმედოვნებს, „მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას“.

„გუშინ დასრულდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი. რეგისტრირებულ პოლიტიკურ გაერთიანებებს შორის არის ერთი პარტია – „ძლიერი საქართველო – ლელო“, რომლის ლიდერები ამჟამად კონკრეტული დანაშაულისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიან სასჯელს. უდავოა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კონკურენტულ გარემოში მათი პატიმრობის პირობებშიც ჩატარდება. ამასთან, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ საზოგადოდ, არჩევნები არ უნდა იქცეს ინდულგენციად არცერთი პოლიტიკოსისთვის, რომელიც დანაშაულს სჩადის. არც ის გარემოებაა მხედველობიდან გასაშვები, რომ ჩემს შეთავაზებას შეწყალების შესახებ შესაბამისმა პატიმრებმა რამდენიმე კვირის წინ უარით უპასუხეს, რითაც პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეურაცხყოფის მიყენება სცადეს. თუმცა, ყველა ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, რათა არავის დარჩეს იმის თქმის საბაბიც კი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შეზღუდული კონკურენტუნარიანობის პირობებში ტარდება, მივიღე გადაწყვეტილება ორი მსჯავრდებულის – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების თაობაზე. გამოვთქვამ იმედს, რომ მომავალში ისინი კანონის პატივისცემით განაგრძობენ პოლიტიკურ საქმიანობას. მოვუწოდებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, ხელი შეუწყოს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჯანსაღ და მშვიდ გარემოში ჩატარებას. წარმატებებს ვუსურვებ ყველა საარჩევნო სუბიექტს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მუნიციპალიტეტების განვითარებისა და მოსახლეობის ინტერესების რეალიზების გულწრფელი სულისკვეთებით მონაწილეობს“, – ნათქვამია მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში.

5 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ერთი შეხედვით, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ უიღბლო დღეა, მაგრამ ასე არ არის. ეცადეთ, რაც შეიძლება ნაკლებად პრეტენზიული იყოთ გარშემომყოფების მიმართ. ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს ეჭვიანობის საბაბს — ამ დღეს შესაძლოა ყველაზე პატარა მიზეზმაც კი სერიოზული სკანდალი გამოიწვიოს, რის შემდეგაც შერიგება რთული იქნება.

კურო

ამ დღეს თავი შეიკავეთ ერთფეროვანი და რუტინული სამუშაოსგან. თქვენში ძლიერი შემოქმედებითი პოტენციალი გაიხსნება, ამიტომ შეგიძლიათ შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდეთ. შესაფერისი დროა სახლის კეთილმოწყობისა და ეზოს გამწვანებისთვის. პირად ცხოვრებაში გარკვეული სირთულეები გელით. ემოციებისთვის თავის არიდება რთული იქნება, მაგრამ ეცადეთ, გარშემო მყოფები თქვენს ცხოვრებაში არ ჩაახედოთ. გაუთვალისწინებელი ხარჯების გამო შესაძლოა, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ, ამიტომ ძვირად ღირებული ნივთების ყიდვისგან თავი შეიკავეთ.

ტყუპები

ამ დღეს შორს გამგზავრებას უნდა მოერიდოთ, რადგან გზაში სირთულეები გელით. ეცადეთ, დაწყებული საქმეები დროულად დაასრულოთ, რადგან ამაზე თქვენი კარიერული მდგომარეობაა დამოკიდებული. თავიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ასეთი მოცულობის სამუშაოს ვერ გაუმკლავდებით, თუმცა თანდათან მიხვდებით, რომ ყველაფერი არც ისე რთულადაა, როგორც ფიქრობდით. ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმოთ და მის გვერდით იყოთ იმდენად, რამდენსაც გარემოებები ამის საშუალებას მოგცემთ.

კირჩხიბი

ამ დღეს შეიძლება ნებისმიერმა უმნიშვნელო კრიტიკამ ან უსიამოვნო შენიშვნამ ჩხუბისკენ გიბიძგოთ. ეცადეთ, გარშემო მყოფების სიტყვები ასე მტკივნეულად არ მიიღოთ, რადგან ეს თქვენს განწყობასა და ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია მცირე უთანხმოება საოჯახო საკითხების გამო. გირჩევთ, ოჯახის უფროსი წევრის აზრს მეტი ყურადღებით მოეკიდოთ და ბიუჯეტის დაგეგმვის დროს ძველი შეცდომა არ გაიმეოროთ.

ლომი

თუ ბოლო დროს პრობლემების რაოდენობამ მოიმატა, ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეთ. ფრთხილად იყავით, შესაძლოა, ფინჯან ყავასთან უწყინარი საუბრის დროს საკუთარი ან ახლობელი ადამიანის საიდუმლო გაამხილოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ საქმიანობის სფერო შეცვალოთ ან ხანმოკლე შესვენება აიღოთ. ამ დღეს ახალი ნაცნობობა სიხარულს არ მოგიტანთ, პირიქით — ტვირთად დაგაწვებათ.

ქალწული

შორსმჭვრეტელობისა და გამჭრიახობის წყალობით ამ დღეს სერიოზული კონფლიქტის თავიდან აცილებას შეძლებთ. დროა, ძველი გეგმების განხორციელება დაიწყოთ — ვარსკვლავების მხარდაჭერით ამ დღეს ყველაფერი გამოგივათ. ძველი პარტნიორებისგან შეიძლება საინტერესო და პერსპექტიული შემოთავაზებები მიიღოთ. უარის თქმა არ იჩქაროთ — საქმე შესაძლოა ფინანსურად ძალიან მოგებიანი აღმოჩნდეს.

სასწორი

სასწორებო, ახლობლებს ყურადღებას ნუ მოაკლებთ. ბევრი საქმე გაქვთ და გსურთ, რაც შეიძლება მალე დაასრულოთ, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეებიც კი გვერდით გადადოთ და ოჯახური პრობლემებით დაკავდეთ. გადაღლა თქვენს ზოგად მდგომარეობაზე აისახება, ამიტომ ხანგრძლივი და ხარისხიანი დასვენება ნამდვილად არ გაწყენდათ. გადამწყვეტი ნაბიჯის დროა — თუ დიდი ხანია გსურთ ვიღაცას სიყვარულში გამოუტყდეთ, იმოქმედეთ. კონკურენციას ყურადღებას ნუ მიაქცევთ — ეს დროებითია.

მორიელი

გახსოვდეთ, რომ კოლეგებზე და ახლობელ ადამიანებზე დაყრდნობა ყოველთვის შეგიძლიათ. რთულ სიტუაციაში ისინი თქვენ გვერდით იქნებიან, ამიტომ რაც არ უნდა მოხდეს, შეგიძლიათ მათ მიმართოთ. დღის მეორე ნახევარი გართობისა და სხვადასხვა ადგილების მონახულებისთვის ხელსაყრელია. ეს არა მხოლოდ განწყობას გაგიუმჯობესებთ, არამედ ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობაშიც დაგეხმარებათ. მადლობა გადაუხადეთ საყვარელ ადამიანს დახმარებისთვის — თქვენ შესანიშნავად იცით, ეს როგორ გააკეთოთ.

მშვილდოსანი

ყურადღება მიაქციეთ იმას, რას ამბობთ. ამ დღეს ენა შეიძლება თქვენი მტერი გახდეს, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. სანამ შეთავაზებულ პირობებს დათანხმდებით, კარგად დაფიქრდით, რას მიიღებთ საბოლოოდ და მოგიწევთ თუ არა საკუთარ ინტერესებზე უარის თქმა. მეგობრული ურთიერთობა შეიძლება თანდათან ვნებიან რომანში გადაიზარდოს და ცხოვრების ბოლომდე გაგრძელდეს. შესაძლოა რაღაც საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც დიდი ხანია, სარგებლობა არ მოაქვს, შეხედულების შეცვლა მოგიწიოთ. ეცადეთ, საკუთარი ცხოვრება უსარგებლო ნივთებისა და შეხედულებებისგან გაათავისუფლოთ.

თხის რქა

ეს დღე წინააღმდეგობებით სავსეა, მაგრამ ვარსკვლავების დახმარებით ჩანაფიქრის განხორციელებას შეძლებთ. დღის პირველ ნახევარში მოსალოდნელია საბედისწერო შეხვედრა, რომელიც თქვენს ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეცვლის. ხელსაყრელია ნათესავებთან სტუმრობა, მაგრამ ეცადეთ, დაპირებები არ გასცეთ, რადგან მათი შესრულება გაგიჭირდებათ. მოლაპარაკებები თქვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება, ამიტომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოთ.

მერწყული

კარგი დღეა ახალი საქმის დასაწყებად. ეს განსაკუთრებით მათ ეხება, ვისაც მანქანის მართვის სწავლა სურს. ხმაურიან გარემოში ყოფნისგან ჯობია თავი შეიკავოთ, მაგრამ სასიამოვნო საზოგადოებაში დრო შეუმჩნევლად გაივლის. ნუ მისცემთ საყვარელ ადამიანს ეჭვის საბაბს. პირიქით, ეცადეთ მთელი დღე ერთად სასიამოვნო ადგილზე გაატაროთ. ერთმანეთისთვის სათქმელი ნამდვილად ბევრი გაქვთ და გულწრფელი საუბარი ძველ გაუგებრობებს აღმოფხვრის.

თევზები

ამ დღეს ისე მშვიდი და თავშეკავებული უნდა იყოთ, როგორც არასდროს. მოზღვავებული ემოციები მუშაობაშიც და ურთიერთობებშიც ხელს გიშლით და პრობლემები მოაქვს. შემოქმედებით ადამიანებს სამსახურში წარმატება ელით, მარტოხელა თევზებს კი — ახალი ნაცნობობა, რომელიც მთელ ცხოვრებას შეცვლის. დაოჯახებული თევზებისთვის დღე მშვიდად, გაუგებრობებისა და კონფლიქტების გარეშე ჩაივლის.

“ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს”-Berliner Zeitung

გერმანულ „ბერლინერ ცაიტუნგში“ (Berliner Zeitung) დაბეჭდილია სტატია სათაურით: „ევროკავშირის ჯარისკაცები უკრაინაში? ურსულა ფონ დერ ლაიენი გადაწყვეტილებებს თვითნებურად იღებს, მას შესაბამისი უფლებამოსილება არ აქვს“ (ავტორი – ფრანც ბეკი). „ევროპარლამენტი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არ მონაწილეობს. ევროკომისიის თავმჯდომარე თვითმარქვიასავით მოქმედებს“, – ნათქვამია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:

ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნას გეგმავს. სანამ იქ ომი გრძელდება, ევროკომისიის ხელმძღვანელის განკარგულებაში მილიარდობით ევრო და ჯარები რჩება – თანაც საპარლამენტო და სხვა რაიმე კონტროლის გარეშე.
ყურადღება მიაქციეთ: ურსულა ფონ დერ ლაიენს რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტისა და სიტუაციის დარეგულირების გეგმა აქვს. ორიოდე დღის წინ მან ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში განმარტა, თუ როგორი სახით აპირებს პრობლემის მოგვარებას და რის საფუძველზე აქვს იმედი.
მაგრამ ჩნდება კითხვა, რომელიც პასუხის გაცემას საჭიროებს: ვისი სახელით აცხადებს ამ ყველაფერს ევროკომისიის ხელმძღვანელი?
„ევროკავშირი – ეს მე ვარ“?
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის მცდელობები ჩიხშია შესული და მის დასრულების დრო ჯერ კიდევ გაურკვეველია, ევროკომისიის თავმჯდომარემ უკვე შექმნა სამოქმედო სცენარი უახლოეს წლებისათვის. მასში ფიგურირებს „მკაფიო საგზაო რუკა“ ევროპული ჯარების სავარაუდო განთავსების შესახებ უკრაინის ტერიტორიაზე. „პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაგვარწმუნა, რომ აშშ-ის უკრაინაში ყოფნა ჩვენი სტრატეგიის ნაწილი იქნება“, – განაცხადა ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელის ნათქვამიდან გამოდის, ევროპის ქვეყნებიდან უკრაინაში ათობით ათასი სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნება. სავარაუდოდ, ისინი იქნებიან საერთო ევროპული სარდლობის ქვეშ, აშშ-ის მხარდაჭერით, რომელიც მოიცავს სადაზვერვო მასალებით და გაკონტროლების საშუალებებით უზრუნველყოფას.

რასაკვირველია, ჯარისკაცების უკრაინაში გაგზავნა იოლი არ იქნება, რადგან ამისათვის თითოეული ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებაა აუცილებელი – იმდენად, რამდენადაც საკუთარი ჯარების საზღვარგარეთ განთავსება „სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს სუვერენულ უფლებად“ ითვლება, მაგრამ როგორც ფრაუ ურსულა ამბობს ინტერვიუში, „ის, რომ საკითხი სასწრაფოდ არის გადასაწყვეტი, ამის აუცილებლობა ძალიან იგრძნობა“, – აღნიშნა მან ინტერვიუში და ამით მიანიშნა ევროკავშირის სტრატეგიის მთავარ ელემენტზე – საგანგებო სიტუაციის არსებობაზე. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფრაუ ურსულა პანდემიის დროს საგანგებო სიტუაციაში კორონავირუსს ებრძოდა, ახლა კი იგივენაირი საგანგებო სიტუაციის მეშვეობით რუსების წინააღმდეგ მოქმედებს.

გადაწყვეტილება სწრაფად უნდა იქნას მიღებული, შეძლებისდაგვარად პარლამენტში ხანგრძლივი განხილვების გარეშე, რადგან დებატები დიდ დროს იკავებს. მაისის ბოლოს ევროკავშირის 27 ქვეყნის მონაწილეობით (ევროკომისიის წინადადებით) გადაწყდა თავდაცვის ფონდის შექმნა, რომლის საკრედიტო პროგრამით 150 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი იარაღის შესყიდვის დასაფინანსებლად.
ევროპის პარლამენტს ამ ყველაფერში მონაწილეობა არ მიუღია – ევროკომისია ეყრდნობოდა ევროკავშირის ხელშეკრულების 122-ე მუხლს, რომლის თანახმად, საგანგებო სიტუაციების დროს საკითხების გადაწყვეტა პარლამენტის მონაწილეობის გარეშე შეიძლება მოხდეს. ეს მუხლი თავისი შინაარსით საკმაოდ სადაოა, რადგან მისი გამოყენების დროს „ევროკომისიის უფლებამოსილების ბოროტად სარგებლობა“ გამორიცხული არ არის.

ფრაუ ურსულა – ავტორიტარი?

ურსულა ფონ დელ ლაიენს მმართველობის ავტორიტარული სტილი აქვს. სწორედ ამის გამო დადგა საკითხი ივლისის დასაწყისში ევროპარლამენტში მისთვის უნდობლობის ვოტუმი გამოეცხადებინათ – ევროკომისიის ხელმძღვანელს გაუხსენეს პანდემიის დროს 1,8 მილიარდი დოზა ვაქცინისათვის კომპანია Pfizer-სათვის 35 მილიარდი ევროს გადახდა ისე, რომ პროცედურა არაგამჭვირვალე იყო. ფრაუ ურსულამ თანამდებობა შეინარჩუნა და, შესაბამისად, ახლა უფრო თავისუფლად და დიდი გაქანებით მოქმედებს.

ევროკომისიის ხელმძღვანელი პირადად წყვეტს, თუ როგორ და რაში უნდა დაიხარჯოს ევროკავშირის მოსახლეობის მიერ გადახდილი გადასახადებისგან მოგროვილი მილიარდობით თანხები. იგი განსაზღვრავს პირადად ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას… მაგრამ ფრაუ ურსულას ამ ამოცანების რეალიზებისათვის დემოკრატიული, ლეგიტიმური სტატუსი არ აქვს – ყოველ შემთხვევაში, იგი თავის პოსტზე ევროკავშირის ქვეყნების მოქალაქეების მიერ არ არის არჩეული. ევრპარლამენტი, რომელიც ევროკავშირში ერთადერთი არჩევითი დაწესებულებაა, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან გარიცხულია და მასში არ მონაწილეობს.
„ფაინენშელ თაიმსისათვის“ მიცემულ ინტერვიუში ურსულა ფონ დერ ლაიენი თამამად აცხადებს, რომ მან მოძებნა ახალი წყაროები უკრაინის არმიის დასაფინანსებლად, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის მთავარი გარანტი იქნება. მისი თქმით, უკრაინის არმიის ძლიერების განმტკიცება მშვიდობიან დროსაც გაგრძელდება.

მოკლედ, ფრაუ ურსულას სურვილის მიხედვით, უკრაინის მილიტარიზაცია დიდი ხნის ნანატრი მშვიდობის დამყარების შემდეგაც გაგრძელდება. ანუ უკრაინის არმიის გადაიარაღების კონცეფცია ევრკომისიისათვის სამოქმედო პროგრამად რჩება.
ევროკომისიის ხელმძღვანელი უფლებამოსილებას აჭარბებს
ბებერი ევროპა მილიტარისტულ კურსს დაადგა. უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნის საკითხი, რომლებსაც „მშვიდობისმყოფელებს“ უწოდებენ, აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. კერძოდ, „უკრაინისადმი დახმარების მსურველთა კოალიციის“ ინიციატივები არ მოსწონს იტალიის პრემიერ-მინისტრს ჯორჯა მელონის, რომლის თქმით, ვლადიმერ პუტინი ნებისმიერ შემთხვევაში არ დათანხმდება ნატოს ჯარისკაცების ყოფნას უკრაინაში, რუსეთის საზღვართან. და მაინც ურსულა ფონ დერ ლაიენს რაც და როგორც სურს, იმის გაკეთებას ისე ცდილობს, საკუთარი გემოვნებით. იგი დადის ვაშინგტონში, თვითნებურად პირდება დონალდ ტრამპს ევროპის ეკონომიკაში ინვესტიციების თავისუფალ დაბანდებას, მონაწილეობს მოლაპარაკებებში ევროპის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, მაგრამ ამ დროს იგი არ წარმოადგენს არცერთ სახელმწიფოს და არც ევროპის კონტინენტს მთლიანად.

მაშ ვისი სახელით მოქმედებს ურსულა ფონ დერ ლაიენი, როცა იგი უკრაინას მილიარდებს პირდება და ჯარების შეყვანის საკითხს უკვე გადაწყვეტილად თვლის? ერთი რამ ნათელია: ბრიუსელში ომისა და ფულის თაობაზე გადაწყვეტილებებს ევროპარლამენტის და რაიმე სხვა საერთო ევროპული ორგანოს კონტროლის გარეშე იღებენ და ეს ხდება იმ დროს, როცა ევროპის მომავალი სასწორზეა დადებული.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო:

ფაქტები ჯიუტია, მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა – ემანუელ მაკრონი

ფაქტები ჯიუტია, მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მსურველთა კოალიციის შეხვედრის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მოდით, გავიხსენოთ ფაქტები, რომლებიც ჯიუტია. მხოლოდ რუსეთმა აირჩია ომი 2022 წელს, როგორც ეს საქართველოში 2008 წელს გააკეთა, 2014 წელს კი – ყირიმსა და დონბასში. დღეს მხოლოდ რუსეთი ირჩევს ომის გაგრძელებას და გააქტიურებასაც კი“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

“ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში”- Financial Times

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) რუბრიკით „წერილები“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: “ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში: რომლის ავტორია რობერტ ჰანტერი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. რედაქციისადმი მიწერილ წერილში იგი კომენტარს უკეთებს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს „ფაინენშელ თაიმსის“ 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მასალის თაობაზე, სათაურით „მითები, რომლებმაც პუტინის ომი გამოიწვიეს“, ტიმოთი სნაიდერის ავტორობით.

გთავაზობთ ამერიკელი დიპლომატის კომენტარს:

ტიმოთი სნაიდერი საქმის ცოდნით წერს ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის შესახებ, მაგრამ იგი რატომღაც არ ახსენებს „ისტორიის მეორე მხარეს“ – იმ როლს, რომელიც აშშ-მა შეასრულა ამჟამინდელი ტრაგედიის წარმოქმნაში.

რუსეთ-უკრაინის ომის წინაპირობების შექმნისათვის საკვანძო მომენტად იქცა 2008 წელი, როცა აშშ-ის ზეწოლით ნატოელმა მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო „ნატოს წევრები გახდებიან“. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მათი ალიანსში „მიღების“ მომენტი იმდენად, რამდენადაც ამგვარი განცხადება ნიშნავდა გარკვეული სტრატეგიული ვალდებულების აღებას ნატოს მიერ. ბევრი ჩვენთაგანი ამას სწრაფად მიხვდა და ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ იმ საფრთხეზე, რომელსაც ამგვარი დეკლარაცია მომავალში გამოიწვევდა.

მას შემდეგ მოკავშირეები, რომლებიც ისევ აღმოჩნდნენ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, ერთი და იგივე განცხადების გაჟღერებას აგრძელებდნენ [რომ უკრაინა და ნატო დღეს თუ არა ხვალ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები] მანამდე, სანამ დონალდ ტრამპმა საბოლოოდ არ გამორიცხა უკრაინის წევრობა ნატოში, უახლოეს წლებში მაინც. ოფიციალურად გაირკვა, რომ უკრაინის ალიანსში მიღების საკითხში ნატოს 32 წევრის კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, 1997 წლიდან არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ალიანსის აღმოსავლეთი საზღვრები რუსეთს არ მიუახლოვდებოდა (ბალტიისპირა ქვეყნების მიღებას, უკრაინასთან შედარებით, რუსეთისათვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა).
რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მაგრამ ეს გარემოება სიტუაციას ფართო პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტს აძლევს და ხაზს უსვამს ის ზიანს, რაც ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა და ნეოლიბერალებმა თავიანთი მოქმედებით გამოიწვიეს: ისინი რუსეთს დამარცხებულ ქვეყნად განიხილავდნენ, რომელსაც არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია (ეს არ ეხება ჯორჯ ბუშ-უფროსს და ბილ კლინტონს, რომლებიც საკითხს სწორად აცნობიერებდნენ).
ისტორია მკაცრი დამრიგებელია და ის, ვინც მას უარყოფს და ყურადღებას არ აქცევს, ხელს უწყობს უკრაინის დღევანდელ ტანჯვას და სიტუაციის შესვლას დიპლომატიურ ჩიხში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

“ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში”- Financial Times

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) რუბრიკით „წერილები“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: “ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში: რომლის ავტორია რობერტ ჰანტერი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. რედაქციისადმი მიწერილ წერილში იგი კომენტარს უკეთებს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს „ფაინენშელ თაიმსის“ 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მასალის თაობაზე, სათაურით „მითები, რომლებმაც პუტინის ომი გამოიწვიეს“, ტიმოთი სნაიდერის ავტორობით.

გთავაზობთ ამერიკელი დიპლომატის კომენტარს:

ტიმოთი სნაიდერი საქმის ცოდნით წერს ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის შესახებ, მაგრამ იგი რატომღაც არ ახსენებს „ისტორიის მეორე მხარეს“ – იმ როლს, რომელიც აშშ-მა შეასრულა ამჟამინდელი ტრაგედიის წარმოქმნაში.

რუსეთ-უკრაინის ომის წინაპირობების შექმნისათვის საკვანძო მომენტად იქცა 2008 წელი, როცა აშშ-ის ზეწოლით ნატოელმა მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო „ნატოს წევრები გახდებიან“. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მათი ალიანსში „მიღების“ მომენტი იმდენად, რამდენადაც ამგვარი განცხადება ნიშნავდა გარკვეული სტრატეგიული ვალდებულების აღებას ნატოს მიერ. ბევრი ჩვენთაგანი ამას სწრაფად მიხვდა და ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ იმ საფრთხეზე, რომელსაც ამგვარი დეკლარაცია მომავალში გამოიწვევდა.

მას შემდეგ მოკავშირეები, რომლებიც ისევ აღმოჩნდნენ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, ერთი და იგივე განცხადების გაჟღერებას აგრძელებდნენ [რომ უკრაინა და ნატო დღეს თუ არა ხვალ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები] მანამდე, სანამ დონალდ ტრამპმა საბოლოოდ არ გამორიცხა უკრაინის წევრობა ნატოში, უახლოეს წლებში მაინც. ოფიციალურად გაირკვა, რომ უკრაინის ალიანსში მიღების საკითხში ნატოს 32 წევრის კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, 1997 წლიდან არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ალიანსის აღმოსავლეთი საზღვრები რუსეთს არ მიუახლოვდებოდა (ბალტიისპირა ქვეყნების მიღებას, უკრაინასთან შედარებით, რუსეთისათვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა).
რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მაგრამ ეს გარემოება სიტუაციას ფართო პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტს აძლევს და ხაზს უსვამს ის ზიანს, რაც ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა და ნეოლიბერალებმა თავიანთი მოქმედებით გამოიწვიეს: ისინი რუსეთს დამარცხებულ ქვეყნად განიხილავდნენ, რომელსაც არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია (ეს არ ეხება ჯორჯ ბუშ-უფროსს და ბილ კლინტონს, რომლებიც საკითხს სწორად აცნობიერებდნენ).
ისტორია მკაცრი დამრიგებელია და ის, ვინც მას უარყოფს და ყურადღებას არ აქცევს, ხელს უწყობს უკრაინის დღევანდელ ტანჯვას და სიტუაციის შესვლას დიპლომატიურ ჩიხში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის, ასევე ევროპელი ლიდერების და ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონტინგენტი არ განთავსდება შეხების ხაზებზე.

მისი თქმით, ძალების განთავსების ზუსტი ზონა ამჟამად განისაზღვრება.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, „მსურველთა კოალიციის“ მიდგომა უსაფრთხოების გარანტიებისადმი ორი ელემენტისგან შედგება. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საუბარია უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მან შეძლოს ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შეკავება.

„მეორე ელემენტი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები. დღეს 26-მა ქვეყანამ ფორმალურად გამოხატა ინტერესი, ან გაგზავნოს უკრაინაში კონტინგენტი, ან უზრუნველყოს გარკვეული საშუალებები ამ კოალიციის მხარდასაჭერად ზღვასა და ჰაერში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა მაკრონმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვება უწოდა იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს.

„ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი. ამერიკის ზუსტი წვლილი უახლოეს დღეებში დაკონკრეტდება“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6936 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1394 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1397 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 61,9877 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ და 55,5996 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „გაბაპენტინი“, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვეს.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა), ხოლო ერთ პირს კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ , მე-5 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.