Home Blog Page 22

საინფორმაციო შეხვედრა უსინათლო ამომრჩევლებთან

საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა გიორგი სანტურიანმა შეხვედრის მონაწილეებს 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ ინფორმაცია და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეები გააცნო.

გიორგი სანტურიანმა დეტალურად ისაუბრა იმ სერვისების შესახებ, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია უსინათლო ამომრჩევლებს საარჩევნო უბანზე სთავაზობს. შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო კითხვებზე. თავის მხრივ, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს თავადაც გაუზიარეს მოსაზრებები, რომელიც არჩევნებზე უსინათლო ამომრჩეველთა მონაწილეობის პროცესის ხელშეწყობას უკავშირდება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა ცესკოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის მდივანი ელენე ბობოხიძე. საინფორმაციო შეხვედრა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში,  საქართველოს უსინათლოთა კავშირთან თანამშრომლობით 26 სექტემბერს თბილისში გაიმართა. უსინათლო ამომრჩეველთან საინფორმაციო შეხვედრა ასევე დაგეგმილია რუსთავში.

 ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა

ლაგოდეხში სტიქიის სალიკვიდაციო ოპერატიული შტაბი შეიქმნა.

აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა პირველი შეხვედრა უკვე გამართეს. მათ არსებულ ვითარებაზე დაზარალებული სოფლების რწმუნებულებთან ერთად იმსჯელეს. შტაბი, მოქმედების გეგმას, პრევენციულ ზომებზე სტიქიის ზონაში მომუშავე უწყებებს პერიოდულად მიაწვდის. 

ამ დრომდე შეზღუდვა მოქმედებს კაბალი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე.

დილიდან დაზარალებულ მოსახლეობას ხვდებიან და ვითარებას ადგილზე ეცნობიან “ქართული ოცნების” დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის მხარეში გიორგი ალადაშვილი და ლაგოდეხის მერი ჯონდო მდივნიშვილი.

,,უნგრეთმა მშვიდობისთვის ტერიტორიის 2/3 დათმო, უკრაინას შეუძლია, მეხუთედი დათმოს ”- უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, უნგრეთმა მშვიდობისთვის ტერიტორიის 2/3 დათმო, უკრაინას შეუძლია, მეხუთედი დათმოს. უნგრული მედიის ცნობით, ამის შესახებ განცხადება უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლევენტე მადიარმა პარიზის პოლიტიკურ კვლევების ინსტიტუტში, სტუდენტების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

უნგრელმა დიპლომატმა გაიხსენა პირველი მსოფლიო ომი და ტრიანონის ხელშეკრულება, რომელიც 1920 წელს გაფორმდა ომში დამარცხებულ სახელმწიფოთა ბლოკის მონაწილე უნგრეთსა და ომში გამარჯვებულ მოკავშირე ქვეყნებს შორის.

მადიარის თქმით, უნგრეთი მაშინ დამარცხებულების მხარეს აღმოჩნდა და ჰქონდა ორი ვარიანტი: ან იარაღი უნდა აეღო ხელში და ჩაედინა კოლექტიური თვითმკვლელობა, ან უნდა დათანხმებულიყო მშვიდობის პირობებს, თუნდაც ეს მას ტერიტორიის 2/3-ის დაკარგვა გამოეწვია.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მოსაზრებით, უნგრეთის მთავრობამ მაშინ ერთადერთი გონივრული, მაგრამ ტრაგიკული გადაწყვეტილება მიიღო – შეენარჩუნებინა ქვეყნის თუნდაც მესამედი.

„,მტკივნეული იყო თუ არა ეს? რა თქმა უნდა, მტკივნეული იყო. ახალ უკრაინას უნდა დაეთმო თავისი ტერიტორიის მეხუთედი. მე არ მინდა მივუთითო, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს უკრაინამ, მაგრამ მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ჩვენი გამოცდილება აჩვენებს – მშვიდობა ზოგჯერ მტკივნეულია. კითხვა ასეთია, რა უფრო მნიშვნელოვანია – ქვეყნის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება თუ რამდენიმე ათას კვადრატულ კილომეტრზე მიბმა“, – განაცხადა მადიარმა.

მისივე თქმით, უკრაინაში ომის გაგრძელება ყოველდღიურად აჩენს ესკალაციისა და მისი გაფართოების საფრთხეს.

„საჭიროა მშვიდობა ნებისმიერ ფასად“, – განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ასევე თქვა, რომ უკრაინაში ომი 2014 წელს დაიწყო, როდესაც „უკრაინელებმა გადაწყვიტეს უარი ეთქვათ ტრადიციულ აღმოსავლეთთან დაახლოებაზე“. მადიარმა 2014 წლის უკრაინის „ღირსების რევოლუციას“ „ნაციონალისტური, დასავლეთზე ორიენტირებული გადატრიალება“ უწოდა.

სტუდენტებთან საუბრისას მან ასევე დაასახელა ოთხი შემთხვევა, როდესაც უნგრეთმა რუსული ოკუპაცია გამოცადა: 1948 წელს უნგრეთის დამოუკიდებლობის ომი, პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი და 1956 წლის რევოლუცია.

„უნგრეთის გამოცდილებაა, რომ მსოფლიომ მიგვატოვა, დასავლეთმა მარტო დაგვტოვა“ – განაცხადა მადიარმა.

უნგრელმა დიპლომატმა ასევე ილაპარაკა ევროკავშირთან ურთიერთობებზე და თქვა, რომ ბუდაპეშტმა ევროკავშირში გაწევრიანება გადაწყვიტა, რადგანაც ეს იყო ისტორიული შესაძლებლობა გამხდარიყო მსოფლიოში მოწინავე ეკონომიკების გაერთიანების წევრი, მაგრამ მისივე თქმით, ახლა ასე აღარ არის.

„ევროკავშირი კარგავს კონკურენტუნარიანობას ყოველდღე და ის სულ უფრო მეტად ემსგავსება დიქტატურას“, – თქვა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ტრიანონის საზავო ხელშეკრულებით უნგრეთი უარს ამბობდა ნავსადგურ რიეკაზე (ფიუმე), აგრეთვე უარყოფდა ყველა უფლებას და პრეტენზიას ავსტრია-უნგრეთის მონარქიის ან მის მოკავშირეთა ყოფილ ტერიტორიებზე. ვენის არბიტრაჟების შედეგად ტრიანონის საზავო ხელშეკრულებამ მნიშვნელობა დაკარგა.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას 500 დრონით და 40-ზე მეტი რაკეტით დაესხა თავს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინას 500 დრონით და 40-ზე მეტი რაკეტით დაესხა თავს.

როგორც უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რუსეთის მასშტაბური შეტევა თითქმის, 12 საათი გრძელდებოდა. ზელენსკის თქმით, უკრაინის თავდასხმის სამიზნე ძირითადად გახდა კიევი და კიევის ოლქი, ზაპოროჟიე, ხმელნიცკის, სუმის, ოდესის ოლქები. ამ ეტაპზე ცნობილია კიევში ოთხი დაღუპულის შესახებ, დაშავდა 40 მოქალაქე, მათ შორის არასრუწლოვნებიც.

„რუსეთის დარტყმის სამიზნე გახდა პურის ქარხანა, ავტომობილების საბურავების საწარმო, კერძო და მარავალსართულიანი სახლები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა“,- აცხადებს ზელენსკი. მისი თქმით, ეს თავდასხმა ნიშნავს, რომ რუსეთს ომის გაგრძელება სურს და მსოფლიოსგან მოსკოვი ხისტ პასუხს იმსახურებს.

„კრემლს აწყობს ამ ომისა და ტერორის გაგრძელება, ვიდრე მას აქვს შესაბამისი სახსრები ენერგეტიკიდან და ვიდრე მოქმედებს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტი. ჩვენ მომავალში გავაგრძელებთ საპასუხო დარტყმებს, რომ რუსეთს ეს შემოსავლის მიღების შესაძლებლობა მოვუსპოთ და ვაიძულოთ დიპლომატია. ყველამ, ვისაც სურს მშვიდობა, უნდა დაუჭიროს მხარი პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და უნდა შეწყვიტოს ნებისმიერი რუსული იმპორტი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

სამართალდამცველებმა ქვეყანაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შემოტანის ფაქტი აღკვეთეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1964 წელს დაბადებული მ.ო. დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მას ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანაში ედება.

„დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ბრალდებულის ბარგის ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: 67 გრამი მარიხუანა ელექტრო სიგარეტისთვის განკუთვნილი, ნარკოტიკული საშუალების შემცველი კარტრიჯები. ასევე, ამოღებულია რამდენიმე ათეული კანაფის თესლი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა”ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში ხუთი პარტია, ოთხი კოალიცია და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს. ისინი 101-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობის, ანუ 51 ადგილის მოპოვებას შეეცდებიან.

წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ძირითადი დაპირისპირება ორ პოლიტიკურ ძალას შორის იქნება – მოქმედი პრეზიდენტის, მაია სანდუს პროევროპულ „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიასა“ და ყოფილი პრეზიდენტის, იგორ დოდონის ხელმძღვანელობით მოქმედ პრორუსულ „პატრიოტულ ბლოკს“ შორის.

მედიის ინფორმაციით, ვარაუდობენ, რომ მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია უმრავლესობის მოპოვებას ვეღარ შეძლებს და იძულებული გახდება, კოალიცია შეკრას უფრო მცირე სუბიექტებთან, რომლებიც შესაბამის ბარიერს გადალახავენ.

საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დაიხურება, ხოლო არჩევნების ოფიციალური შედეგები 29 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 15:00 საათზე გამოქვეყნდება.

დღეს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება – დეტალურად

თბილისის მერიის ინფორმაციით, „თბილისი მარათონის“ გამო დღეს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.

„შეზღუდვა ეტაპობრივად შეეხება შემდეგ ქუჩებსა და გამზირებს: თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩა, გალაკტიონის ხიდი, კოტე მარჯანიშვილის ქუჩა, აღმაშენებლის გამზირი, ბაქოს ქუჩა, წინამძღვრიშვილის ქუჩა, ზაარბრიუკენის მოედანი და ხიდი, სკუდიერის ქუჩა, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, გორგასლის ქუჩა, 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორია, გორგასლის მოედანი, მეტეხის ხიდი და კოტე აფხაზის ქუჩა.

28 სექტემბრის 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით გადაადგილება სრულად შეიზღუდება, რა დროსაც, მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენ ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით, მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი, დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით.
გარდა ამისა, შეზღუდული იქნება მოძრაობა მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან და რევაზ თაბუკაშვილის ქუჩიდან მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის მიმართულებით. ასევე, გალაკტიონის ხიდზე, კოტე მარჯანიშვილის ქუჩასა და მოედანზე – წინამძღვრიშვილის ქუჩის კვეთამდე, ხოლო აღმაშენებლის გამზირზე გადაადგილება შეიზღუდება ბაქოს ქუჩის კვეთიდან ზაარბრიუკენის მოედნის ჩათვლით.

ავტომობილები ვერ იმოძრავებენ ბაქოს ქუჩაზეც, რა დროსაც, გადაადგილება დასაშვები იქნება მარჯანიშვილის ქუჩის კვეთიდან წინამძღვრიშვილის ქუჩაზე. ზაარბრიუკენის მოედანსა და ხიდზე საავტომობილო შეზღუდვისას, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ წინამძღვრიშვილის, ლევ ტოლსტოისა და მოსე გოგიბერიძის ქუჩების გამოყენებით. მშრალი ხიდის მხრიდან, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით ორივე ამსვლელ პანდუსზე.

მოძრაობა ასევე შეიზღუდება მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე შავთელის ქუჩის კვეთიდან გორგასლის ქუჩამდე, მეტეხის ხიდსა და კოტე აფხაზის ქუჩაზე, ორთაჭალის მხრიდან გორგასლის ქუჩაზე – 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიამდე. გორგასლის ქუჩაზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება აბანოს ქუჩიდან კრწანისის მოედნის მიმართულებით, ასევე, ფირდოუსის, იბრაჰიმ ისფაჰანლისა და გრიშაშვილის ქუჩებიდან.

28 სექტემბრის 15:00 საათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება პირველი რესპუბლიკის მოედანზე სრულად – შოთა რუსთაველის გამზირისა და პირველი რესპუბლიკის მოედნის კვეთიდან, პირველი რესპუბლიკის მოედნისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში. შეზღუდვის პერიოდში, ავტომობილები ვეღარ შეძლებენ გადაადგილებას შოთა რუსთაველის გამზირზე არსებული წრიული გზაჯვარედინიდან – პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით. ამ დროს, შოთა რუსთაველის გამზირიდან მერაბ კოსტავას ქუჩის მიმართულებით მოძრაობა შესაძლებელი იქნება მხოლოდ მიხეილ ჯავახიშვილისა და მერაბ კოსტავასა ქუჩების მიმართულებით.

მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან მომავალი ავტომობილები ვერ მოხვდებიან რესპუბლიკის მოედანზე და სვლას განაგრძობენ თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით, ხოლო მერაბ კოსტავას ქუჩიდან ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ რუსთაველის გამზირისა და თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ასევე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებს ზეთისხილის ხესთან მობრუნებისა და სახელმწიფო საკონცერტო დარბაზის მიმართულებით შეეძლებათ გადაადგილება.

შეზღუდვის პერიოდში ცვლილებები შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. კერძოდ, N301, N310, N344, N345, N350 და N371 ავტობუსები იმოძრავებენ კრწანისის მოედნამდე, ხოლო გულიას მოედნიდან სვლას განაგრძობენ დადგენილი სქემით; N301 ავტობუსი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან მგზავრებს მოემსახურება სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე და უკუმიმართულებით კოსტავას ქუჩის გავლით დაუკავშირდება გმირთა მოედანს; ავტობუსები – N362 და N368 სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილის და კლდიაშვილის ქუჩების საშუალებით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩას და მოძრაობას დადგენილი სქემით განაგრძობენ, ხოლო N328 და N353 ავტობუსები ჩიტაიას მოედნიდან სადგურის მოედნამდე მგზავრებს ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოემსახურებიან. უკუმიმართულებისას ავტობუსები სადგურის მოედნიდან გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით დაუკავშირდებიან ჩიტაიას ქუჩასა და მოედანს.
ავტობუსები – N306, N308, N314, N342, N352 და N358 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე. უკუმიმართულებით კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და იმოძრავებენ დადგენილი სქემით; ავტობუსი N320 დიღმის მასივიდან იმოძრავებს სადგურის მოედნამდე; ავტობუსები – N316, N324, N364, N374, N380, N382, N383 და N390 იმოძრავებენ ამაღლების ქ. N11-ის მიმდებარე ტერიტორიამდე. ავტობუსები – N359 და N388 იმოძრავებენ სახელმწიფო საკონცერტო დარბაზამდე, რის შემდეგ კოსტავას ქუჩით დაუკავშირდებიან გმირთა მოედანს და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ; ავტობუსი N337 იმოძრავებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბარათაშვილის ქუჩამდე და ანალოგიურად გადაადგილდება უკუმიმართულებით.

რაც შეეხება N331-ს, ავტობუსი კრწანისის ქუჩიდან გადაადგილდება მეტროსადგურ „ისნის“ მიმართულებით – გორგასლის, გულიას, ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების გავლით და უკუმიმართულებით იმოძრავებს იმავე მარშრუტით; სადგურის მოედნის მიმართულებით მოძრავი ავტობუსი N300 ჩიტაიას მოედნიდან ჩიტაიას ქუჩაზე გადავა, საიდანაც დაუკავშირდება გმირთა მოედანს და სვლას დადგენილი სქემით განაგრძობს. უკუმიმართულებითაც გამოიყენებს ანალოგიურ მარშრუტს.

N391 ავტობუსს მარშრუტი შეეცვლება და გოთუას ქუჩიდან სააკაძის მოედნის გავლით, დაუკავშირდება თამარ მეფის გამზირს, საიდანაც ნინოშვილის, კლდიაშვილის, ჩიტაიას, მაზნიაშვილის, ჯავახიშვილისა და ბუხაიძის ქუჩების გავლით მეტროსადგურ „ავლაბრამდე“ გადაადგილდება. უკუმიმართულებით ავტობუსი ბუხაიძის, ჩიქობავას ქუჩებს, ჩიტაიას მოედანს, კიტა აბაშიძის, ჯავახიშვილის, კონსტიტუციის, ჩუბინაშვილის ქუჩებს, ასევე, თამარ მეფის გამზირსა და გმირთა მოედანს გაივლის და სააკაძის მოედნიდან გოთუას ქუჩას დაუკავშირდება.

მიკროავტობუსები – N416, N417, N436, N462, N477, N507, N522 და N529 სადგურის მოედნიდან ჩიტაიას ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ გოგოლის, ფოცხვერაშვილის, ნინოშვილისა და კლდიაშვილის ქუჩების გავლით, რის შემდეგაც სვლას დადგენილი სქემით განაგრძობენ“, – წერია ინფორმაციაში

28 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დღეს მოგიწევთ რამდენიმე საქმესთან შეჭიდება, მთავარია სწორად დაგეგმოთ დრო და დაახარისხოთ პრიორიტეტები. აქტიური დღის შემდეგ სჯობს სასიამოვნო გარემოში დაისვენოთ.

კურო

ნელნელა ყველაფერი ლაგდება, თქვენც უფრო მოტივირებული და აქტიური ხართ. იფიქრეთ მატერიალური რესურსების განმტკიცებაზე.

ტყუპები

შეგიძლიათ თამამად შეუდგეთ პრობლემატური საკითხების მოგვარებას, ახლა გაქვთ შესაბამისი ძალა და ენერგია, რათა მიხედოთ და გათავისუფლდეთ ყველაფრისგან რაც აქამდე დაბრკოლებას გიქმნიდათ.

კირჩხიბი

არაკეთილმოსურნეებისა და კონკურენტების მიერ შექმნილმა შეზღუდვებმა და ინტრიგებმა შესაძლოა შეაფერხოს თქვენი ახალი იდეების განხორციელება და კარიერული წინსვლა.

ლომი

ამ პერიოდის მოვლენები, შეხვედრები თუ ცვლილებები მეტად მნიშვნელოვან როლს ითამაშებს უახლოესი დროის მონაკვეთში, მიადევნეთ თვალი მათ და შექმენით კომფორტული გარემო.

ქალწული

სიახლეების დროა, შეიძლება წამოიწყოთ ახალი საქმეც, ან ახალი ფერები და მიდგომები შეიტანოთ თქვენს ძველ გეგმებსა და სტრატეგიებში.

სასწორი

საქმიანი ურთიერთობებიც კი მეტ სასიამოვნო ემოციას გგვრით, მეტად წარმოაჩინეთ თქვენი თავი და უნარები.

მორიელი

თქვენი აზრები და ინტერესები სახლისა და ოჯახის ირგვლივ ტრიალებს, ახლა შესაფერისი დროა გადადებული საქმეებისა და პროექტების რეალიზებისთვის.

მშვილდოსანი

ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა ჯანმრთელობა, თუმცა შესაძლოა ძალების მოზღვავებაც იგრძნოთ, ამიტომ კარგი იქნება თქვენი ენერგია სამსახურს მოახმაროთ.

თხის რქა

თქვენი შეუპოვრობა კონკურენტებთან და მოწინააღმდეგეებთან წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ. კომუნიკაციებში იყავით წინდახედული.

მერწყული

ფერადი დღეა: ახალი შთაბეჭდილებები, სიყვარულის საკითხებში წარმატებები, სიახლეები შემოქმედებითი კუთხით…მიჰყევით სამყაროს მიერ ბოძებულ შემოთავაზებებს.

თევზები

პროფესიულ საკითხებში ახლა სიახლეებია მოსალოდნელი, მთავარია არ იჩქაროთ. გააფორმეთ ხელშეკრულებები, იყავით პოზიტიურად მომართული და მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს.

შსს განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმიანება ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და მისი ხელმძღვანელის შესახებ გაკეთებულ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, რომელიც მიზნად ისახავს მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს და კონკრეტულად აღნიშნული დეპარტამენტის დისკრედიტაციას.

სიუჟეტში, თითქოს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტიდან წასული ერთ-ერთი თანამშრომლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რომან ქარცივაძის მიმართ გახმოვანდა რამდენიმე აბსურდული ბრალდება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი და მიზნად  ისახავს საზოგადოების განგებ შეცდომაში შეყვანას.

კატეგორიულად მიუღებელია მედიასაშუალებისგან ღირსების შემლახავი ისეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელება, რომელიც არ გამომდინარეობს არანაირი ფაქტობრივი გარემოებიდან და რეალურად არანაირი საფუძველი არ გააჩნია. ის უბრალოდ მოგონილ ამბავს წარმოადგენს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი არის ერთიანობისა და სიმტკიცის სიმბოლო, რომელიც დაკომპლექტებულია პატრიოტი და მამაცი სპეცრაზმელებით, რომლებიც ყოველთვის მზად არიან, დაიცვან სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესები. მათზე თავდასხმას ობიექტურად განვიხილავთ, როგორც ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმას.

შესაბამისად, მოვუწოდებთ ნებისმიერ მედიასაშუალებას, რომელიც მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით ცდილობს მათი პოლიტიკური ამოცანების შესრულებას – თავი შეიკავონ ღირსების შემლახავი, ცრუ ინფორმაციის გავრცელებისა და ქართული პოლიციის წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანიის წარმოებისგან.

ისნის რაიონში ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერი გაიხსნა

🔴ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვაზისუბნის დასახლებაში, ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძის სახელობის სკვერის გახსნის ღონისძიებას დაესწრო; ლეგენდარული ქართველი მფრინავის სახელობის სკვერმა, ისნის რაიონის გამგეობის ინიციატივით, ახალი სიცოცხლე შეიძინა_ ჩაუტარდა რეაბილიტაცია, გაფართოვდა რეკრეაციული სივრცე, და დაიდგა მემორიალური დაფა.
🔴კობა კობალაძესთან ერთად, ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ მმართველი პარტიის თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები ისნის რაიონში დავით ხაბეიშვილი და ბექა მენთეშაშვილი და ვეტერანები.
✍ინფორმაციისთვის, პოლკოვნიკი ჯიმშერ (ჯიმი) მაისურაძე 1949 წლის 3 თებერვალს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ გიორგეთში დაიბადა. ავღანეთის ომის მონაწილე, უშიშარი მფრინავი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოში იბრძოდა. საომარი მოქმედებების ზონიდან მან სამშვიდობოს გამოიყვანა 1500 ადამიანზე მეტი. მისი ვერტმფრენის ჩამოგდებისთვის, აფხაზ სეპარატისტებსა და რუსებს, რომლებიც მას ”შავ პოლკოვნიკს”, უწოდებდნენ, ჯილდოდ, ათასობით მანეთი ჰქონდათ დაწესებული. 1992 წლის 26 დეკემბერს, ქართველი მფრინავის საბრძოლო ვერტმფრენი „МИ-24″ მდინარე კოდორის ხეობაში პატრულირებდა, როცა აფხაზების კონტროლირებადი ტერიტორიიდან საარტილერიო ქვემეხის ხმა გაისმა; ჯიმი მაისურაძის ვერტმფრენი, ლესელიძესა და “ვლადიმიროვკას”ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოსთან ჩამოვარდა, საიდანაც მეომრებმა პილოტი გადმოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.
🔴გმირი მფრინავის საფლავზე, დღემდე დგას ერთ-ერთი საბრძოლო ვერტმფრენი, რომელიც მეგობარმა მის საფლავზე დასვა.
🔴ჯიმი მაისურაძის სამი ვაჟიდან ორი, გმირი მამის კვალს გაჰყვა _ დღეს, ისინი, უკვე, პროფესიონალი მფრინავები არიან.
🔴ლეგენდარული ქართველი მფრინავი ჯიმი მაისურაძე, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

სოხუმის დაცემიდან 32 წელი გავიდა

დღეს, სოხუმის დაცემიდან 32 წლისთავთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა, კობა კობალაძემ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარესთან, გიორგი ჯინჭარაძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო, სამშობლოსათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგო და დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
🔴”ჯვართამაღლებას ვულოცავ ჩვენს ქვეყანას, თითოეულ თქვენგანს. 27 სექტემბერი, დღევანდელი გადასახედიდან, გაცილებით უფრო მძიმეა და დასაფიქრებელი, იმიტომ, რომ ბევრმა წელმა გაიარა და ერთი ათად უფრო მეტი შესაძლებლობა გვაქვს, რომ ანალიზი გავაკეთოთ. პირველ რიგში, 27 სექტემბერი არის დღე, რომელიც თითოეული ჩვენგანისთვის არის ერთ -ერთი უმძიმესი თარიღი, რამეთუ აღმატებული მოწინააღმდეგის დაგეგმილი ოპერაცია, გარკვეულწილად, წარმატებით დასრულდა, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი გმირობის და თავგანწირვის მაგალითი იყო. ჩვენი ქვეყანა არის გმირების სამშობლო! 32 წელია, უკვე, გასული და ჩვენ გვაქვს ხედვა და სტრატეგია, როგორ უნდა იყოს ეს ქვეყანა ერთიანი და ძლიერი!.. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ჩვენი ქვეყნისთვის ბრძოლაში დაღუპული თითოეული ადამიანის ოჯახს, ვუსამძიმრებ ჩვენს ქვეყანას და კიდევ ერთხელ გილოცავთ ჯვართამაღლებას,”-განაცხადა კობა კობალაძემ.
🔴სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მისაგებად, გმირთა მოედანზე, ასევე, იმყოფებოდნენ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, მთავრობის წევრები, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი გიორგი მათიაშვილი, თბილისის მერი, კახა კალაძე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები, მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, უწყების თანამშრომლები, ა(ა)იპ ”ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის” დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი, საქართველოს გენერალთა კლუბის აღმასრულებელი დირექტორი, მალხაზ ჩიხლაძე, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აფხაზეთის ომში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრები, მოქალაქეები.
🔴სოხუმის დაცემის 32 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, დღეს, 27 სექტემბერს, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
🔴სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზი სეპარატისტების, ჩრდილო- კავკასიელი კონფედერატების, კაზაკებისა და რუსული შენაერთების წინააღმდეგ ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. ქართული მხარის მიერ, ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი _ საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.

პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ქვეყანაში ყოფნის პირობები მკაცრდება

პოლონეთში მცხოვრები უკრაინელი ლტოლვილებისთვის, ქვეყანაში ყოფნის პირობები მკაცრდება. კანონის მიხედვით, რომელსაც ხელი ქვეყნის პრეზიდენტმა კაროლ ნავროცკიმ მოაწერა, ხანგრძლივდება დახმარების პროგრამების მოქმედების ვადა. თუმცა ცვლილებებია შემწეობის მიღების წესში.

კერძოდ, ოჯახები არასრულწლოვანი შვილებისთვის ფინანსურ დახმარებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებენ, თუ პოლონეთში დასაქმებული არიან და გადასახადებს იხდიან.

შეიზღუდება სხვა და სხვა ტიპის სამედიცინო სერვისებზე უფასო წვდომაც. ახალი გადაწყვეტილებით, მხარდაჭერის პროგრამები 2026 წლის მარტამდე გაგრძელდება.