Home Blog Page 22

 ,,მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს” – ვოლსკი

მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს. სიტყვა, რადიკალური ოპოზიცია გაცვდა და ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი.

„საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეფასებები საკმაოდ პოზიტიურია.

გროზნოში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ქალაქ გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბენზინგასამართ სადგურთან ბუნებრივი აირით სავსე ცისტერნა აფეთქდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოყვა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ გარშემო განლაგებული ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე გაჩერებული ავტომობილი დააზიანა. მომხდარს იძიებს პოლიცია.

სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?! – სასაცილოა ეს ყველაფერი -კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სასაცილოა.

„სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი. ილაპარაკონ ერთმანეთში და იყო. არ გინახავთ ასეთი მოლაპარაკებები? შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბებოდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება დღეს და ხვალ და ზეგაც იგივე მოხდება. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კალაძემ.

 ოპოზიციამ რაც არ უნდა სცადოს, რომ გაზვიადებულად წარმოაჩინოს საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რაც არ უნდა სცადონ, რომ გაზვიადებულად წარმოაჩინონ საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში მმართველი პარტიის მხრიდან არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ძალადობასა, თუ სხვა პრეტენზიებზე არ არის საუბარი, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, არამედ პირიქით, აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიდის.

„მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნა. ფაქტია და ყველამ ნახა, რომ რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა. აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში, რომ შეიძლება, არის მხოლოდ ცალკეული ექსცესები; სხვათა შორის, ესეც აღნიშნული აქვს ეუთო/ოდირს, როდესაც საუბარია დარღვევებზე, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევა და ა.შ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც იყო ეს დარღვევები. აღნიშნული აქვს მთავარ პრობლემად პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში, მათ შორის, იქ საუბარი არის სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით, ხედავთ რთული მდგომარეობაა. ჩვენ მივაწოდეთ დათვლილი დეტალური ინფორმაცია, რამდენი წამი მოგვპარა „მთავარმა”, „ტვ პირველმა”, „ფორმულამ” „ქართულ ოცნებას“ და ჩაგვაყენა არათანაბარ მდგომარეობაში. სხვა პარტიებთან შედარებით, ჯამში ხუთ საათზე მეტი. ხუთ საათზე მეტი სარეკლამო დრო მოიპარა ამ სამმა ტელევიზიამ საკუთარი პარტიული ბოსების სასარგებლოდ. ჩვენ მივაწოდეთ ეს დეტალური ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემდეგ ანგარიშში ასახული იქნება ეს დეტალები. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია. დაჯამებულია, რომ მშვიდი გარემოა, სადაც არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალადობა, თუ სხვა პრეტენზიები არ არის, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, ამ მხრივ არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის. პირიქით, აღნიშნულია, რომ მშვიდ გარემოში მიდის მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული.

„ვაი, თქვენს პატრონს! – მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული “პროკურატურისგან”-მიხეილ სააკაშვილი

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სააკაშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თარგამაძის კონტროლის და თვალთვალის ბრძანება ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა, ამაზრზენს უწოდებს.

„ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ, შეთითხნილი და თითიდანაა გამოწოვილი და რომ საპატიმროში აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ”, – წერს სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა, რომელიც სამართალდამცავებმა 20 სექტემბერს დააკავეს, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

დარჩო ხერჩუაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს-იან ვან დაიკი

ვფიქრობ, საერთო ჯამში აღმოვაჩინეთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, მოსამართლეები თუ მოსახლეობა, საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, – ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა მაგალითად გამოდგეს, ვინაიდან, ამ ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით.

„რადგან საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს.

მოსამართლეებიც და სხვებიც, კარგად აცნობიერებენ გატარებულ რეფორმებს, თუმცა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად მოსახლეობაზეც აისახა ეს ყველაფერი, რადგან ხალხიც უფრო დადებითად არის დღეს განწყობილი სასამართლოების მიმართ, ვიდრე 8 წლის წინ“, – განაცხადა პროფესორმა ვან დაიკმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს -ირაკლი კობახიძე

საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი პატარა რგოლი იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“

როგორც კობახიძემ აღნიშნა, როგორც საქართველოს კონსტიტუციის, ისე ზოგადად, საპარლამენტო სისტემებში, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული.

„ამ ადამიანებს ჰყავთ ერთი პატრონი, სალომე ზურაბიშვილი არის ერთ-ერთი პატარა რგოლი იმ პოლიტიკურ ძალაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა.“ რა თქმა უნდა, მის ჩართულობას ვერავითარი გავლენა ვერ ექნება არჩევნების შედეგებზე, მაგრამ აუცილებლად საერთაშორისო დამკვირვებლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ფაქტს, რომ სალომე ზურაბიშვილის ჩართულობა წინასაარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ პირდაპირ და უხეშად ეწინააღმდეგება დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს. ჩვენი კონსტიტუციის თანახმად, ზოგადად, საპარლამენტო სისტემაშიც, პრეზიდენტი უნდა იყოს ზეპარტიული, არის ეუთო/ოდირის არაერთი დასკვნა, სადაც გაკრიტიკებულია პრეზიდენტის ჩართულობა საარჩევნო პროცესებში კონკრეტული პოლიტიკური ძალების სასარგებლოდ, სხვა ქვეყნების მაგალითებზე მაქვს საუბარი. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, თუ ამაზეც გამახვილდება ყურადღება, მით უმეტეს, რომ სალომე ზურაბიშვილმა დააანონსა 26 ოქტომბერს რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბის გახსნა საქართველოს პრეზიდენტის ოფისში. წარმოიდგინეთ, სახელმწიფო ინსტიტუტის შენობას იყენებს, რათა გაიხსნას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საარჩევნო შტაბი; ერთად ვიზეიმოთ გამარჯვებაო – ასეთი განცხადება გააკეთა, სინამდვილეში, ერთად მოუწევთ, იზეიმონ ძალიან მძიმე, მორიგი მეცხრე მარცხი, რასაც განიცდის აუცილებლად კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ და წინასწარ ვულოცავ ამ მორიგ მარცხს სალომე ზურაბიშვილს და მის მეგობარ პარტიას“, – განაცხადა კობახიძემ.

შეიძლება, “საკუთარი ხალხი” ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ -ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელის და მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, ლორა თორნტონის ანგარიშს ეხმიანება, სადაც აღნიშნავს, რომ რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ქართველი ხალხისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების მომხრეა.

როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, არასამთავრობოების აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდება, შემდეგ აღშფოთებული ხალხი გარეთ გამოვა და მათ შეუერთდება რევოლუციისა განხორციელების „დიად“ საქმეში. იმაზე არავის უფიქრია, აღშფოთებულმა ხალხმა რომ ჯერ ის იკითხოს, ვისი ინიციატივით შეჩერდა ვიზალიბერალიზაცია?

„მითხარით, სხვას რას ჰქვია მტრობა საკუთარი ხალხის მიმართ? შეიძლება სიტყვები „საკუთარი ხალხი“, ცოტა გადაჭარბებულად მოგეჩვენოთ, როდესაც არასამთავრობო სექტორის იმ წარმომადგენლებზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართველი ხალხისთვის, ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შეჩერებას ითხოვენ. არასამთავროებმა, თითქოს მარტივი, მაგრამ უკიდურესად მუხანათური გეგმა მოიფიქრეს, რომელიც აგერ მათმა მეგობარმა ლორა თორტონმა გაამჟღავნა. ე.ი. მათი აზრით, თუ უვიზო მიმოსვლა შეჩერდება, ეს ყველაფერი ხელისუფლებას დაჰბრალდება, შემდეგ აღშფოთებული ხალხი გარეთ გამოვა და მათ შეუერთდება რევოლუციისა განხორციელების „დიად“ საქმეში. იმაზე არავის უფიქრია, რომ აღშფოთებულმა ხალხმა, რომ ჯერ ის იკითხოს ვისი ინიციატივით შეჩერდა ვიზალიბერალიზაცია? მანამდეც, ხომ იგივე ხალხი დარბოდა ევროსტრუქტურების კაბინეტებსა თუ კორიდორებში და საქართველოსათვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას იხვეწებოდა?! ხალხს, რომ მტრობენ ეგ ხომ ისედაც ვიცოდით, უბრალოდ უკვე ძალიან მალ-მალე უსკდებათ ბოროტი საქმეები“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ქარიშხალმა მილტონმა შესაძლოა შეცვალოს აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნების სცენარი – ავთანდილ წულაძე

ქარიშხალი მილტონი, რომელიც ფლორიდის შტატს დაატყდა თავს, აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა გახდა. დონალდ ტრამპმა გადაწყვიტა გამოეყენებინა ქარიშხალი ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის დისკრედიტაციისთვის. მან ეს გააკეთა ჩვეული წესით, სიცრუისა და შეთქმულების თეორიების გავრცელებით. კამალა ჰარისისა და დემოკრატიული პარტიისთვის ტრამპის საქციელი ნამდვილი საჩუქარი გახდა.

ფაქტია, რომ კამალა ჰარისის საპრეზიდენტო კამპანიის წარმატებული დაწყების შემდეგ, მის შტაბში კრიზისი გაჩნდა. ჰარისი რეიტინგში ტრამპს უსწრებს რამდენიმე პროცენტული პუნქტით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის არჩევნებში დამაჯერებლად მოსაგებად. CNN-ის თანახმად, ჰარისის გუნდში მზარდი შეშფოთება იყო, რომ მისი კამპანია ჭაობში გაეხვია. ჰარისის მრჩევლები კამათობდნენ იმაზე, თუ რომელ თემაზე უნდა გაემახვილებინათ ყურადღება არჩევნებში გასამაჯვებლად.

https://edition.cnn.com/2024/10/09/politics/democratic-anxiety-kamala-harris-2024-election/index.html

ტელეკომპანიის NBC-ის ცნობით, კამალა ჰარისის მრჩევლებმა გადაწყვიტეს ეკონომიკურ პრობლემებზე ფსონი დაედოთ. ჰარისი იქნება პოზიციონირებული, როგორც საშუალო კლასის ინტერესების დამცველი, ხოლო ტრამპი, როგორც სუპერ მდიდარი ამერიკელებისთვის გადასახადების შემცირების მხარდამჭერი.

https://www.nbcnews.com/politics/2024-election/kamala-harris-final-push-economy-donald-trump-polling-rcna174277

მაგრამ ქარიშხალმა მილტონმა შეცვალა არჩევნების სცენარი. ტრამპი ფსონს დებს დოქტორ გებელსის „დიდი ტყუილის“ თეორიაზე. მაგრამ ეს თეორია მუშაობს დახურულ, ტოტალიტარულ პოლიტიკურ სისტემებში. ხოლო შეერთებულ შტატებში წამყვანი მედია-ჰოლდინგები მხარს უჭერენ კამალა ჰარისს. ამიტომ, ტრამპის სიცრუის გამოვლენა დემოკრატების თავდასხმის მთავარ ხაზად იქცა. კამალა ჰარისის გარდა, დონალდ ტრამპის ტყუილი უარყო აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ასევე ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა გამოვიდა სიტყვით, რომელშიც დასცინოდა ტრამპის შეთქმულების თეორიებს.

CNN-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც შეაგროვა დონალდ ტრამპის 40 ცრუ განცხადება, რომელიც მან ორი აქციის დროს გააკეთა. https://edition.cnn.com/2024/10/10/politics/fact-check-trump-pennsylvania-speeches/index.html

მაგალითად, ტრამპი ამტკიცებდა, რომ FEMA, საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ამერიკული ეკვივალენტი, დარჩა ფულის გარეშე, რადგან ის დარიგდა არალეგალურ მიგრანტებზე. CNN-ის ცნობით, სტატიის გამოქვეყნების დროს FEMA-ს ჰქონდა 11 მილიარდი დოლარი საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ფონდში.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ პატიმრების რაოდენობა მთელს მსოფლიოში მცირდება, რადგან ისინი ამერიკაში არალეგალურად მიჰყავთ. სინამდვილეში, მსოფლიოში პატიმართა რიცხვი იზრდება.

ტრამპი ამტკიცებდა, რომ ვენესუელაში ადგილობრივი პოლიცია კრიმინალებს აგროვებს და შემდეგ ავტობუსით აგზავნის მექსიკა-ამერიკის საზღვარზე.

ტრამპის მხარდამჭერები ასევე მონაწილეობენ შეთქმულების თეორიების გავრცელებაში. მაგალითად, ცნობილმა ტრამპისტმა მარჯორი ტეილორ გრინმა თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აკონტროლებს ამინდს და სპეციალურად არჩევნების წინ მოახდინა ქარიშხლის პროვოცირება.

ყალბმა ამბებმა შეიძლება მოკლევადიანი გავლენა მოახდინოს აუდიტორიაზე. მაგრამ სიყალბის გამოვლენა დიდი ხანია გახდა მედიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა.  დემოკრატები ასევე ამტკიცებენ, რომ ტრამპის მიზანმიმართული დეზინფორმაცია სტიქიური უბედურების დროს იწვევს პანიკას და იმ ადამიანების გაღიზიანებას, რომლებსაც მიადგათ ზიანი ქარიშხლის დროს.

აღსანიშნავია ჯო ბაიდენის აქტიურობა კამალა ჰარისის საარჩევნო კამპანიაში. 13 ოქტომბერს ბაიდენი ეწვევა ფლორიდის შტატს, რათა პირადად გაეცნოს ქარიშხლის შედეგებს და გადაწყვიტოს რა დამატებითი ზომების მიღებაა საჭირო. კამალა ჰარისი ყავს ჩართული ყველა საგანგებო შეხვედრებში, რომელსაც ჯო ბაიდენი იწვევს ქარიშხლის შედეგებთან დაკავშირებით.

როგორც გვაცნობს ტელეარხი ABC, ბაიდენმა კონგრესში რესპუბლიკური ფრაქციის წინააღმდეგ შეტევაც დაიწყო. მან თქვა, რომ ზოგიერთ რესპუბლიკელთან ისაუბრა დამატებითი დაფინანსების აუცილებლობის შესახებ, რათა დაეხმაროს მცირე ბიზნესს ქარიშხლის ზარალთან გამკლავებაში. ბაიდენმა პალატის სპიკერს მაიკ ჯონსონს მოუწოდა, დააბრუნოს კონგრესმენები ვაშინგტონში, რათა მიიღონ საჭირო გადაწყვეტილებები.

https://abcnews.go.com/Politics/biden-visit-florida-after-hurricane-milton-calls-johnson/story?id=114725792  ბაიდენის ეს ნაბიჯი არის დახმარება კამალა ჰარისისთვის, რომელიც ცდილობს დაეყრდნოს ამერიკელ საშუალო ფენას.

ქარიშხალი მილტონი ჯერ მძვინვარებს. მაგრამ მან უკვე მოახდინა გავლენა საარჩევნო კამპანიის სცენარზე და მისმა პოლიტიკურმა შედეგებმა შეიძლება გადამწყვეტი როლი ითამაშოს 5 ნოემბრის არჩევნების შედეგებში.

ავთანდილ წულაძე, პოლიტოლოგიის დოქტორი

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება

საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე ზეწოლა ხორციელდება, – აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ განაცხადა, ადმინისტრაციის ზოგიერთმა თანამშრომელმა მიიღო სატელეფონო შეტყობინებები, რომლითაც მათ მოუწოდებენ, უარი თქვან არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობაზე, დატოვონ სამსახური და ამის შესახებ საჯარო განცხადება გააკეთონ.

„სატელეფონო შეტყობინება თანამშრომლებმა ერთი და იმავე ნომრიდან მიიღეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ყველა შეტყობინებაში მითითებულია ადრესატის სახელი, რაც ადასტურებს, რომ შეტყობინების ავტორისთვის ცნობილია ჩვენი კოლეგების შესახებ პერსონალური ინფორმაცია და მათი ვინაობა ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია თანამშრომლებზე მსგავსი ტიპის ზეწოლა, მაშინ, როდესაც საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები თავდაუზოგავად მუშაობენ არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩასატარებლად. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ მათ ინტერესებს და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას მათი კანონიერი უფლებების დასაცავად. შეტყობინების ადრესატი ჩვენი კოლეგები საარჩევნო ადმინისტრაციის გუნდთან ერთად აგრძელებენ მუშაობას და მსგავსი ზეწოლა ხელს ვერ შეუშლის ინსტიტუციის გამართულ ფუნქციონირებას“, – განაცხადა კალანდარაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, აქამდეც იყო მსგავსი ფაქტები, როდესაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მოსყიდვის, მათ მიმართ მუქარის თუ ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენების მცდელობებს.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ზემოთ ხსენებული ფაქტიც წარმოადგენს ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და მისი დისკრედიტაციის კამპანიების ნაწილს, რომლებიც წლებია, მიზანმიმართულად ხორციელდება და საზოგადოებას ამის შესახებ კარგად მოეხსენება. ბუნებრივია, ასეთი ტენდენციები, უკვე არსებულ პოლარიზებულ გარემოს მეტად ამძიმებს, უფრო რთულს ხდის და არჩევნების მთლიანობას აზიანებს.

მინდა, მოვუწოდო საარჩევნო ადმინისტრაციის – საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიის თანამშრომლებს, არ აჰყვეთ მსგავს პროვოკაციებს. ჩვენ არავის მივცემთ საშუალებას, ხელი შეუშალონ თქვენს პროფესიულ საქმიანობას. აქვე, მივმართავ იმ პირებს თუ ჯგუფებს, ვინც გეგმავს და ახორციელებს მსგავს პროვოკაციებს. პროცესის დაზიანება არცერთი დაინტერესებული მხარისთვის არ იქნება სასარგებლო და შედეგის მომტანი“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

მისივე თქმით, მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას.

„ჩვენი მხრივ კი, კიდევ ერთხელ გვინდა დავადასტუროთ, რომ მიუხედავად ნებისმიერი დესტრუქციული მცდელობებისა, საარჩევნო ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს მაღალპროფესიულ დონეზე, კანონმდებლობასთან სრულ შესაბამისობაში და უზრუნველყოფს არჩევნების საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებას. საარჩევნო ადმინისტრაცია ტრადიციულად იქნება თავისი თანამშრომლების კანონიერი ინტერესების დამცველი და არ დაუშვებს თანამშრომლებზე ზეწოლას მათთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლისა ან სხვაგვარი ზემოქმედების მოხდენის მიზნით. ამ ინტერესების შელახვის ყოველ ფაქტთან დაკავშირებით კი მიღებული იქნება კანონით გათვალისწინებული ყველა ზომა, მათ შორის ინფორმირებული იქნება ყველა საერთაშორისო პარტნიორი“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

“ქართული ოცნების” განცხადება, რომ ოპოზიცია საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრი გზავნილია -მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიში

მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის თანახმად, „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ ოპოზიცია საქართველოს კონფლიქტში ჩაითრევს, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრი გზავნილია.

„მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორის, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელის, ლორა თორნტონის მიერ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ მომზადებული ანგარიში მაკკეინის ინსტიტუტის ვებგვერდზე 17 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ანგარიშის თანახმად, ეს დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მისიას თბილისში, რომელიც 2-8 სექტემბერს შედგა.

„„ქართულ ოცნებას“ აქვს რამდენიმე საარჩევნო ტაქტიკა და ნარატივი, რომელთაგან ბევრი მხარდაჭერილია ან გაძლიერებულია რუსეთის მიერ. უპირველეს ყოვლისა, „ქართული ოცნება“ არჩევნებს წარმოადგენს როგორც არჩევანს ომსა და მშვიდობას შორის. ისინი ამტკიცებენ, რომ ოპოზიცია (რომელსაც ისინი აღნიშნავენ როგორც „კოლექტიური ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“) საქართვლოს კონფლიქტში ჩაითრევს. შიშზე დაფუძნებული ეს გზავნილი, პრაქტიკულად ყველა გამოკითხულის აზრით, მძლავრია. რამდენიმე სამოქალაქო ლიდერმა განმარტა, რომ ქართველები მართებულად იყვნენ შეშფოთებული კონფლიქტით, რადგან მათ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიები არ უნახავთ“, – ნათქვამია ანგარიშში.

როგორც ამავე ანგარიშშია ნათქვამი, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია ასევე ცდილობს, გაყიდოს გზავნილი, რომ პარტია კვლავ პროევროპულია, „ევროკავშირის მიმართ პარტიის მხრიდან კრიტიკული და შეურაცხმყოფელი რიტორიკისა და კანდიდატობის სტატუსისთვის გათვალისწინებული რეფორმების გაგრძელებაზე უარის თქმით მიუხედავად.“ დოკუმენტის თანახმად, ამის ნაწილია მათ ბილბორდებზე ევროკავშირის დროშის გამოსახულებები.

„„ქართული ოცნების“ ლიდერები ამტკიცებენ, რომ მათ შეუძლიათ, ევროკავშირში „საკუთარი პირობებით“ და „ღირსებით“ შესვლა, რაშიც გულისხმობენ, რომ მათ შეუძლიათ, გვერდი აუარონ ევროკავშირის მოთხოვნებს და გაიტანონ ადამიანის უფლებების შემზღუდავი კანონმდებლობა, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება. „ქართული ოცნების“ ლიდერები მიუთითებენ, რომ ევროკავშირში არიან სხვა არალიბერალი წევრები და საქართველოს შეუძლია, უნგრეთის რიგს შეუერთდეს. ამიტომ, ევროკავშირის ზომების დაკმაყოფილების ნაცვლად, „ქართული ოცნება“ ატარებს „ტრადიციული ღირებულებების“ მხარდამჭერ კამპანიას, იღებს ანტი-LGBTQ კანონმდებლობას, რომელიც არამხოლოდ შეზღუდავს უფლებებს, არამედ შეზღუდავს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას და წარადგენს ზომებს, რაც ქართული მართლმადიდებელი ეკლესიას სახელმწიფო რელიგიად განსაზღვრავს. როგორც ბიძინა ივანიშვილმა შეაჯამა, ეს არჩევნები არის არჩევანი „ომსა და მშვიდობას“, „მონობას და დამოუკიდებლობას“ და „მორალურ დეგრადაციასა და ქრისტიანულ ღირებულებებს“ შორის“, – ნათქვამია ლორა თორნტონის ანგარიშში.

 ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის ფონზე, მოვუწოდებ სამართალდამცავ უწყებებს, პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ -პრემიერი

რადიკალურ ოპოზიციაში ძალიან კარგად იციან რეალური პარტიული რეიტინგები. ყველამ იცის, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაახლოებით 60 პროცენტს შეადგენს და კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ ერთი, უმძიმესი, მეცხრე საარჩევნო მარცხისთვის არის განწირული. ამ ფონზე, მათ პარტიულ ოფისებში არ წყდება საუბარი პროვოკაციების მოწყობასთან დაკავშირებით, რამაც, მათი გათვლით, არჩევნების მიმდინარეობაში კორექტივები უნდა შეიტანოს, – განაცხადა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

ირაკლი კობახიძე სამართალდამცავ უწყებას მოუწოდებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს, რათა საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება.

„ბრალდებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში უკანონოდ შემოსვლის საეჭვო მცდელობის და რადიკალური ოპოზიციის პარტიულ ოფისებში მიმდინარე საუბრების ფონზე, მოვუწოდებ ყველა სამართალდამცავ უწყებას, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ და პროვოკაციების აღკვეთაზე განსაკუთრებული ყურადღებით იმუშაონ. ყველა ხედავთ, რომ საარჩევნო კამპანია წარიმართება უპრეცედენტოდ მშვიდ გარემოში, რაც რადიკალიზაციაზე ორიენტირებული კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობის“ წარმატების შანსებს კიდევ უფრო ამცირებს. საარჩევნო გარემო არის თავისუფალი და კონკურენტული, რაც ეუთო-ოდირის მიერ გუშინ გამოქვეყნებულმა ანგარიშმაც დაადასტურა. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რომ რადიკალური ოპოზიციის ფიქრი ახლა მთლიანად პროვოკაციებისკენ არიან მიმართული. სახელმწიფო დგას მოწოდების სიმაღლეზე და არავის მივცემთ ქვეყანაში არეულობის შემოტანის შესაძლებლობას. მმართველი გუნდი გააკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ საარჩევნო პროცესები მშვიდ გარემოში გაგრძელდეს და ამომრჩეველმა 26 ოქტომბერს მშვიდ ვითარებაში შეძლოს საკუთარი არჩევანის გაკეთება. მოვუწოდებთ რადიკალურ ოპოზიციას, თავი შეიკავონ პროვოკაციების დაგეგმვისგან. ნებისმიერ პროვოკაციას სახელმწიფოსგან უმკაცრესი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.