Home Blog Page 22

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქარტიის თემაზე ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქარტიის თემაზე ევროპელ პოლიტიკოსებს შეხვდა და თუ ამ იდეას განახორციელებს, ისინი დახმარებას შეჰპირდნენ.

“მე ამ ქარტიით წავედი ევროპაში, შევხდი ყველა პასუხისმგებელ პირს და მათგან მივიღე პირობა, რომ ეს თუ შესრულდა რაღაც დონეზე, მთლიანობაში პოლიტიკური ნება და ამ ქარტიით მსვლელობა თუ იქნება, ჩვენ დაგვაბრუნებენ სასწრაფო ტემპით იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავით, ანუ მოლაპარაკებების გახსნის კარებთან,“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„ვაპირებ, რომ არჩევნებამდე წარვადგინო ტექნიკური მთავრობა”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ტექნიკურ მთავრობას არჩევნებამდე დაასახელებს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა განცხადება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გააკეთა.

„ვაპირებ, რომ წარვადგინო ტექნიკური მთავრობა, ამ გარდავალ ეტაპზე შევქმნა ტექნიკური, ადმინისტრაციული მთავრობა, რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ პასუხისმგებელი იმაზე, რომ აღმასრულებელის მხრიდან შეასრულოს ის, რაც წერია ქარტიაში და ამ თვეებში მიგვიყვანოს იქ, სადაც უნდა მივიდეთ, ანუ ევროპის კარებთან.

რადგან ჩემი წარსადგენია, ვთვლი, რომ უნდა იყოს წარდგენილი ადრე, არჩევნებამდე, რათა საზოგადოებამ იცოდეს, ვინ იქნება პასუხისმგებელი მთავრობაში და პარლამენტის კონტროლის ქვეშ ვინ წაიყვანს ამ ქვეყანას ქარტიის გზაზე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, დროა, რომ ქარტიაზე ხელმომწერმა ოთხმა პარტიამ მიიღოს გადაწყვეტილება, რამდენად არიან ბოლომდე ქარტიის სულისკვეთებისა და მისი ყოველივე სიტყვის ერთგულნი.

„იმ დროს, როცა ამ ოთხ პარტიას შორის ჯერ არ არის ურთიერთნდობა, გარკვეული იყოს, ვინ დგას ერთგულად ბოლომდე ამ ქარტიის უკან. მე ველოდები, რომ პარტიებმა კიდევ ერთხელ დაადასტურონ, რომ ამ ყველაფერს ეთანხმებიან, თუ არადა, ვინც არ ეთანხმება, უკან წაიღონ ხელმოწერა. საჭიროა, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი პარტია არის ბოლომდე თანმიმდევრობით ამ ქარტიის უკან“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

,,ოპოზიცია თავად ამხელს”- შალვა პაპუაშვილი

ჩვენ ახლა განსაკუთრებული მდგომარეობა გვაქვს, რომ არც კი გვიწევს ფაქტობრივად ამ ე.წ. კვლევებზე საუბარი და მათი უარყოფა, თავად ოპოზიცია ამხელს ერთმანეთს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „მთავარი არხის“ კვლევებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ოპოზიცია თავად ამხელს ერთმანეთს, როდესაც მათ მიერ ჩატარებულ კვლევებს ვხედავთ.

„აქ ჩვენს სამუშაოს თავად ოპოზიცია აკეთებს და ამხელს ერთმანეთს. ვხედავთ, რომ როცა ეს არის კეზერაშვილის მართულ ტელევიზიაში, მაშინ „ნაციონალური მოძრაობაა“ წინ, როცა ეს არის ნიკა გვარამიას მართულ ტელევიზიაში, მაშინ ნიკა გვარამია არის წინ. სასაცილოა, ასე არასერიოზულადაც ხომ არ უნდა მოექცნენ საკუთარ საზოგადოებას. ასე რომ, ჩვენზე კარგად ამ კვლევებზე საუბრობენ თავად ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ ეს არის ხან კეზერაშვილის ოცნებები, ხან გვარამიას ოცნებები, ხან სააკაშვილი, ხან ხაზარაძის ოცნებები. ეს ოცნებები დარჩებათ მათ უკან 26 ოქტომბერს, როდესაც ქართველი ხალხი უკვე მერამდენეჯერ რეალობის სარკეში ჩაახედებს მთლიანად ოპოზიციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

რატომ ვერ გაიხსნა სტრასბურგში საარჩევნო უბნები – გიორგი კალანდარიშვილის განმარტება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განმარტა, რატომ ვერ გაიხსნა სტრასბურგში საარჩევნო უბნები.

„უცხოეთში, საარჩევნო უბნების შექმნის საფუძველს წარმოადგენს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, ლოკაციები და ამომრჩეველთა რაოდენობა, იქ, ამის შესახებ ინფორმაცია არ იყო. მეორე – გასულია ყველანაირი ვადები, მესამე – ცესკო, კენჭისყრის დღემდე რაც იქმნება, იმის მიღმა დამატებით სხვა ლოკაციაზე, თუნდაც ასეთ მომართვიანობას ჰქონდეს ადგილი, ფიზიკურად ვერ შექმნის საარჩევნო უბანს.

ეს საკითხი გამოყენებულია იმისთვის, რომ ერთი მხრივ, ჩვენი უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეცდომაში შეიყვანონ და ამ საკითხზე არასწორი აღქმები შეუქმნან. მეორე მხრივ – როდესაც საკითხის მოგვარება შეუძლებელია, რადგან შესაბამისი ვადები, შესაბამისი პროცედურები ამოწურულია. როდესაც ამ ყველაფრის შესახებ ცნობილია სხვადასხვა ჩართული მხარისთვის, რომ რაღაც პროცედურა არის შეუსრულებელი და წარმოუდგენელი, ცხადია, ამ დროს ხდება ამ საკითხზე პედალირება და იმდაგვარად წარმოჩენა, რომ თითქოს ცესკოს რაიმე მოქმედების გაკეთება შეუძლია და თითქოს ის ამას არ აკეთებს. ეს არის სამართლებრივიდან პოლიტიკურ სივრცეში გადატანის მცდელობა, რომელიც მიზნად ისახავს ინსტიტუციის იმდაგვარად წარმოჩენას,რომ თითქოს ის რაღაცას არ აკეთებს და ამით მეტი პოლიტიკის შემოტანა ამ პროცესში“, – აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.

კახა კალაძე ცესკო-ს თავმჯდომარის განცხადებაზე: რა ხდება ცუდი ქვეყანაში? – ის, რომ მშვიდობა გვაქვს და ბომბები არ ცვივა?

„ეს იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელებაა, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ“, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მიერ  გაკეთებული იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც თანამშრომლებს შეტყობინებები ეგზავნებათ, სადაც მათ სამსახურის დატოვებას სთხოვენ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვეყნის განადგურების სურვილი აქვთ, თუმცა მათ ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.

„ეს არის იმ ბინძური, ფაშისტური კამპანიის გაგრძელება, რასაც რადიკალური ოპოზიცია და თავიანთი პატრონები ახორციელებენ სხვადასხვა გზით ქვეყანაში. რატომ უნდა დატოვოს თანამშრომელმა თანამდებობა, რა არის საპროტესტო? რა ხდება ცუდი ქვეყანაში? ის, რომ მშვიდობა გვაქვს? ის, რომ ბომბები არ ცვივა და ქალაქები და სოფლები არ ნადგურდება? ამის გამო?

ეს არის მათი მთავარი ამოცანა, რომ ქვეყანაში იყოს ისეთი მდგომარეობა, ისეთი კრიზისული ვითარება, საომარი მოქმედებები, ქალაქები და სოფლები ცეცხლის ალში იყოს გახვეული, იყოს გაუბედურებული ოჯახები, იყოს დაღუპული ახალგაზრდობა, ქვეყნის გაქცეული მოსახლეობა – ეს არის მათი მთავარი ამოცანა, მაგრამ არ მოგცემთ ამის შესაძლებლობას. ქვეყანაში იქნება მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური განვითარება”, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ აქვე შეაფასა ქვეყანაში არეულობის მცდელობასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება და აღნიშნა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფრის მკადრებლები არიან.

”მერწმუნეთ, ისეთ ბოროტ ძალასთან გვაქვს საქმე, ყველაფრის მკადრებლები და ყველაფერზე წამსვლელები არიან. შესაბამისად, გვმართებს ძალიან დიდი ყურადღება – შესაბამის სტრუქტურებს და, რა თქმა უნდა, საზოგადოებასაც. იციან, რომ არჩევნები წაგებული აქვთ. არანაირი რესურსი და შესაძლებლობა არ გააჩნიათ, რომ არჩევნები დემოკრატიული გზით, ხალხის მხარდაჭერით მოიგონ და ამგვარი ქმედებებით, პროვოკაციებით, აქვთ სურვილი, ქვეყანაში სიტუაცია დაძაბონ. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა მიმართულებით”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

პრემიერი-მინისტრი გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად გურჯაანის ღვინის ფესტივალზე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური ესტუმრა მეწარმეთა და მეღვინეთა სივრცეებს, “აისის” პროფესიული სასწავლებლისა და მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების სტენდს გაეცნო, ასევე დაათვალიერა “საქპატენტის” გამოფენა ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით და მოსახლეობას გაესაუბრა.

გურჯაანის ღვინის ფესტივალის ფარგლებში ირაკლი კობახიძე დაესწრო სომელიეთა შოუს, სადაც გაიმართა ღვინის დეგუსტაცია, ასევე მონაწილეობა მიიღო ჩურჩხელის ამოვლებაში.

გურჯაანის ღვინის ფესტივალი მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით დასრულდება.

 ,,მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს” – ვოლსკი

მთავარია პოლარიზება არ გადაიზარდოს იმ სცენარში, რომელსაც რადიკალური ოპოზიცია დიდი ხანია გეგმავს. სიტყვა, რადიკალური ოპოზიცია გაცვდა და ვფიქრობ, ეს არის არა რადიკალური ოპოზიცია, არამედ შეთქმულთა ჯგუფი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ, – განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკი.

„საზოგადოება ხედავს, რომ დესტრუქცია, საბოტაჟი არის თემა, რომელიც სამწუხაროდ საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში ყოველთვის დღის წესრიგში იდგა“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

გიორგი ვოლსკი ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ შეფასებები საკმაოდ პოზიტიურია.

გროზნოში, ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

რუსეთის ქალაქ გროზნოში ბენზინგასამართ სადგურზე აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი გარდაიცვალა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბენზინგასამართ სადგურთან ბუნებრივი აირით სავსე ცისტერნა აფეთქდა. აფეთქებას ძლიერი ხანძარი მოყვა, რომელიც უკვე ლიკვიდირებულია.

აფეთქება იმდენად მძლავრი იყო, რომ გარშემო განლაგებული ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსი და რამდენიმე გაჩერებული ავტომობილი დააზიანა. მომხდარს იძიებს პოლიცია.

სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით?! – სასაცილოა ეს ყველაფერი -კახა კალაძე

სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები სასაცილოა.

„სალომე ზურაბიშვილი სადაც არის იქ არ უქნია ღმერთს და რა პრემიერობაზე მელაპარაკებით? სამპროცენტიანმა პარტიებმა რა მოლაპარაკებები უნდა აწარმოონ? უბრალოდ, სასაცილოა ეს ყველაფერი. ილაპარაკონ ერთმანეთში და იყო. არ გინახავთ ასეთი მოლაპარაკებები? შალიკოს ფანჩატურში შეიკრიბებოდნენ, მერე გამოდიოდნენ და ხელებს უწევდნენ ერთმანეთს, ვითომ ვიღაცამ რაღაცაში გაიმარჯვა. იგივე ხდება დღეს და ხვალ და ზეგაც იგივე მოხდება. ეს არის მოცემულობა“, – განაცხადა კალაძემ.

 ოპოზიციამ რაც არ უნდა სცადოს, რომ გაზვიადებულად წარმოაჩინოს საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში -შალვა პაპუაშვილი

ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რაც არ უნდა სცადონ, რომ გაზვიადებულად წარმოაჩინონ საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გურჯაანში განუცხადა.

მისი თქმით, ეუთო/ოდირის შუალედურ დასკვნაში მმართველი პარტიის მხრიდან არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებაზე, ძალადობასა, თუ სხვა პრეტენზიებზე არ არის საუბარი, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, არამედ პირიქით, აღნიშნულია, რომ საარჩევნო პროცესი მშვიდ გარემოში მიდის.

„მნიშვნელოვანია ეუთო/ოდირის მიერ გამოქვეყნებული შუალედური დასკვნა. ფაქტია და ყველამ ნახა, რომ რაც არ უნდა სცადონ ოპოზიციამ და მიკერძოებულმა ადგილობრივმა დამკვირვებლებმა, რომ წარმოაჩინონ გაზვიადებულად საკითხები, ეუთო/ოდირის დასკვნაში ყველაფერი ეს აისახა. აისახა, რომ წინასაარჩევნო კამპანია არის მშვიდ გარემოში, რომ შეიძლება, არის მხოლოდ ცალკეული ექსცესები; სხვათა შორის, ესეც აღნიშნული აქვს ეუთო/ოდირს, როდესაც საუბარია დარღვევებზე, მაგალითად, პლაკატების ჩამოხევა და ა.შ, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგაც იყო ეს დარღვევები. აღნიშნული აქვს მთავარ პრობლემად პოლარიზაცია და განსაკუთრებით პოლარიზაცია მედიაში, მათ შორის, იქ საუბარი არის სარეკლამო რგოლებთან დაკავშირებით, ხედავთ რთული მდგომარეობაა. ჩვენ მივაწოდეთ დათვლილი დეტალური ინფორმაცია, რამდენი წამი მოგვპარა „მთავარმა”, „ტვ პირველმა”, „ფორმულამ” „ქართულ ოცნებას“ და ჩაგვაყენა არათანაბარ მდგომარეობაში. სხვა პარტიებთან შედარებით, ჯამში ხუთ საათზე მეტი. ხუთ საათზე მეტი სარეკლამო დრო მოიპარა ამ სამმა ტელევიზიამ საკუთარი პარტიული ბოსების სასარგებლოდ. ჩვენ მივაწოდეთ ეს დეტალური ინფორმაცია და იმედი გვაქვს, რომ უკვე შემდეგ ანგარიშში ასახული იქნება ეს დეტალები. ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე, ორ კვირამდე პერიოდი შეჯამებულია. დაჯამებულია, რომ მშვიდი გარემოა, სადაც არც ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ძალადობა, თუ სხვა პრეტენზიები არ არის, რომლებიც კლასიკურად აქვს ხოლმე ოპოზიციას, ამ მხრივ არანაირი განსაკუთრებული მდგომარეობა არ არის. პირიქით, აღნიშნულია, რომ მშვიდ გარემოში მიდის მთელი ეს პროცესი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოში წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით შუალედურ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 11 სექტემბრიდან 9 ოქტომბრამდე პერიოდია მიმოხილული.

„ვაი, თქვენს პატრონს! – მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული “პროკურატურისგან”-მიხეილ სააკაშვილი

გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე მსჯავრდებულ დარჩო ხეჩუაშვილის ჩვენებას და პროკურატურის განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება.

სააკაშვილი პროკურატურის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, თარგამაძის კონტროლის და თვალთვალის ბრძანება ყოფილმა პრეზიდენტმა გასცა, ამაზრზენს უწოდებს.

„ვაი, თქვენს პატრონს! მორიგი ამაზრზენი ტყუილი ივანიშვილის რუსული „პროკურატურისგან“. აი, ამ აბსურდულმა და ამორალურმა ბრალდებამ უნდა დაგანახოთ, რომ ყველა სხვა საქმე ჩემს მიმართ, შეთითხნილი და თითიდანაა გამოწოვილი და რომ საპატიმროში აბსოლუტურად ტყუილად მამყოფებენ”, – წერს სააკაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გივი თარგამაძის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ძებნილმა პირმა, რომელიც სამართალდამცავებმა 20 სექტემბერს დააკავეს, გამოძიებას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც, გივი თარგამაძის კონტროლისა და თვალთვალის დავალება მიხეილ სააკაშვილმა გასცა. ის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად ასახელებს ამჟამად უკრაინაში მყოფი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახელსა და გვარსაც.

დარჩო ხერჩუაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

 ყველა მხარე საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება – ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა საქართველო სანიმუშო მაგალითად გამოდგეს-იან ვან დაიკი

ვფიქრობ, საერთო ჯამში აღმოვაჩინეთ, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, მოსამართლეები თუ მოსახლეობა, საკმაოდ დადებითად არის განწყობილი, როდესაც საკითხი მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას ეხება, ეს კი შთამბეჭდავი შედეგია, – ამის შესახებ ფრანგული კომპანია IPSOS-ის კვლევის ავტორმა, პროფესორმა იან ვან დაიკმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის შესაძლოა მაგალითად გამოდგეს, ვინაიდან, ამ ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით.

„რადგან საქართველო ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, ყოფილი საბჭოთა ქვეყნების უმრავლესობას სერიოზული პრობლემები აქვს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კუთხით, შესაძლოა, საქართველო ამ ქვეყნებისთვის სანიმუშო მაგალითად გამოდგეს.

მოსამართლეებიც და სხვებიც, კარგად აცნობიერებენ გატარებულ რეფორმებს, თუმცა, საინტერესოა ის ფაქტიც, რომ თავად მოსახლეობაზეც აისახა ეს ყველაფერი, რადგან ხალხიც უფრო დადებითად არის დღეს განწყობილი სასამართლოების მიმართ, ვიდრე 8 წლის წინ“, – განაცხადა პროფესორმა ვან დაიკმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.