Home Blog Page 22

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ კიდევ ოთხ ქართველ ოფიციალურ პირს სანქციები დაუწესა

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმის ფარგლებში 4 პირი დაასანქცირა, – ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის ვებგვერდზეა განთავსებული.

მათი განმარტებით, სანქციების ეს პაკეტი მიმართულია საქართველოს ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების დაშვებაში 2020 წლის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეგულაციის თანახმად.

სანქციები დაუწესდათ შალვა ბედოიძეს, მირზა კეზევაძეს, კარლო კაციტაძესა და გიორგი გაბიტაშვილს.

სანქციები ითვალისწინებს აქტივების გაყინვას, დირექტორის დისკვალიფიკაციის სანქციასა და სამოგზაურო აკრძალვას.

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომებს 90 დღით აჩერებს

ევროკავშირი აშშ-ის ტარიფების საპასუხო ზომების ამოქმედებას 90 დღით აჩერებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირს სურს, შეერთებულ შტატებს მოლაპარაკებების შანსი მისცეს.

„გავითვალისწინეთ პრეზიდენტ ტრამპის განცხადება. გვსურს, მოლაპარაკებებს შანსი მივცეთ. ვასრულებთ რა ევროკავშირის საპასუხო ზომების მიღების პროცესს, რომლებსაც ჩვენი წევრი სახელმწიფოები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ, ჩვენ მათ 90 დღით შევაჩერებთ. თუ მოლაპარაკებები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, ჩვენი საპასუხო ზომები ამოქმედდება. შემდგომი საპასუხო ზომების მოსამზადებელი სამუშაოები გრძელდება. როგორც ადრე ვთქვი, ყველა ვარიანტი მაგიდაზე რჩება“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ გეოპოლიტიკური მრავალფეროვნების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ატარებს – ანდრეი ჰუნკო

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ გეოპოლიტიკური მრავალფეროვნების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ატარებს, – განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე „გაერთიანებული მემარცხენეების“ წარმომადგენელმა ანდრეი ჰუნკომ.

მისივე თქმით, უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საქართველოში შეიცვალა გეოპოლიტიკური ორიენტაცია და ეს უკავშირდება იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე ამა თუ იმ გზით.

„დღეს ჩვენ ქართული დელეგაციის გარეშე საქართველოს შესახებ ვსაუბრობთ. იანვარში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათი დელეგაციისთვის სანქციები დაგვეწესებინა, შედეგად ეს საპარლამენტო ასამბლეა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე რა ხანია ორჭოფობს.

საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს დავაკვირდი, წინასაარჩევნო პერიოდსაც, ყველაზე დიდმა ოპოზიციურმა პარტიამ 11 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. მე ბევრ არჩევნებს დავკვირვებივარ და გეტყვით, რომ ჩემს მიერ დაფიქსირებული დარღვევები არაფრით განსხვავდებოდა ჩვენს ქვეყნებში ჩატარებული არჩევნებისას აღმოჩენილი დარღვევებისგან. უკრაინაში რუსული ინტერვენციის დაწყების შემდეგ საქართველოში შეიცვალა გეოპოლიტიკური ორიენტაცია, ეს უკავშირდება იმ პოლიტიკურ ზეწოლას, რომელიც მიმდინარეობდა საქართველოს ხელისუფლებაზე ამა თუ იმ გზით და ემსახურებოდა მის ჩართვას რუსეთთან კონფრონტაციაში. საქართველოს ხელისუფლებამ ამაზე უარი განაცხადა არა იმიტომ, რომ პრორუსულია, არამედ იმიტომ, რომ მათ იცოდნენ, რომ ამას ქვეყნის განადგურება მოჰყვებოდა.

ჩვენ პატივი უნდა ვცეთ იმ გეოპოლიტიკური მრავალფეროვნების პოლიტიკას, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება, მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერით ატარებს“, – აღნიშნა ანდრეი ჰუნკომ.

ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ – ფრანკ შვაბე საქართველოს ხელისუფლებას

რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, – ასე მიმართა გერმანელმა დეპუტატმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ფრანკ შვაბემ საქართველოს ხელისუფლებას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას, სადაც საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების გზიდან გადაუხვია.

„არსებობდა გარკვეული იმედი „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებით და შემიძლია განვაცხადო როგორც “სოციალისტების, დემოკრატებისა და მწვანეთა ჯგუფის“ ლიდერმა, ისინი იყვნენ ჩვენი ჯგუფის წევრები, რომ ვცდილობდით გვემუშავა ერთად დიალოგის გზით სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ისინი სხვა მიმართულებით წავიდნენ. ევროპის საბჭოს წევრობა არის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ვალდებულება და ეს არ ეხება გეოპოლიტიკას. „ქართული ოცნების“ ზოგიერთი წევრი მეუბნებოდა : „თქვენ გსურთ გადაწყვიტოთ, რა მიმართულებით უნდა წავიდეთ“. რა თქმა უნდა, არ მომწონს, თუ ომის დამნაშავეების მეგობრები ხართ, მაგრამ თუ გსურთ, პუტინის რუსეთის მეგობრები იყოთ, შეგიძლიათ იყოთ, მაგრამ ის, რისი გაკეთებაც არ შეგიძლიათ, არის ამ ორგანიზაციის ფასეულობების და წესების ძირის გამოთხრა, თქვენ უნდა დაიცვათ ის. თუ თქვენ შეცვლით თქვენს ქვეყანას პუტინის რუსეთის მსგავსი მოდელის მიხედვით, მაშინ ჩვენ ერთად პრობლემები გვექნება და ეს არის აღწერილი ამ ანგარიშში. იანვარში ჩვენ ძალიან მკაფიო “მესიჯი” გამოგიგზავნეთ : გთხოვთ, დაბრუნდით. დაუბრუნდით ჩვენთან კონსტრუქციულ დიალოგს და მოდით, ვიაროთ სწორი მიმართულებით ერთად, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ საპირისპირო მოხდა. გთხოვთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდით ჩვენს გზას. ვფიქრობ, ახალი არჩევნები უნდა ჩაატაროთ, რადგან გჭირდებათ გარკვეული ახალი ლეგიტიმაცია, ჩვენ ვიხილეთ დარღვევები არჩევნების დროს. თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ძალადობის შესაჩერებლად და უნდა გაათავისუფლოთ პოლიტიკური პატიმრები“, – აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია 89 ხმით 3-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. ამასთან, ასამბლეის 5-მა წევრმა კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციის პროექტში აღნიშნული იყო, რომ ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, რომ მიუხედავად ასამბლეის გადაწყვეტილებისა, მოეხდინა საქართველოს დელეგაციის რწმუნებათა სიგელების რატიფიცირება, მისმა ყველა წევრმა დატოვა დელეგაცია, რითაც უარყო დიალოგი, რის შედეგადაც ამჟამად ასამბლეაში არ არის ქართული დელეგაცია.

„ასამბლეის აზრით, მის მუშაობასა და მონიტორინგის პროცედურებში დელეგაციის მონაწილეობა, რომლის რწმუნებათა სიგელები რატიფიცირებულია, არის არა არჩევანი, არამედ ვალდებულება“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

ტექსტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში ვითარება გაუარესდა.

„რეზოლუციაში 2585 (2025) ასამბლეამ განსაზღვრა რამდენიმე ძირითადი სფერო, რომლებშიც ის ელოდა შესამჩნევ და ხელშესახებ პროგრესს ქვეყანაში სიტუაციის შეფასებისას და 2025 წლის აპრილის სესიაზე ქართული დელეგაციის რწმუნებათა სიგელების გადახედვისას. ასამბლეა მწუხარებას გამოთქვამს, რომ ეს გადაუდებელი რეკომენდაციები დღემდე არ იქნა შესრულებული და ქვეყანაში ვითარებამ გაუარესება განაგრძო. რაც შეეხება მის მოწოდებას ხელისუფლებისთვის დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი, რომელშიც ჩართული იქნება ყველა დაინტერესებული მხარე და სოციალური აქტორი, მათ შორის მმართველი უმრავლესობა, ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება, სასწრაფოდ აღმოფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და ნაკლოვანებები და შექმნას საარჩევნო გარემო, რომელიც ხელსაყრელია ახალი, ჭეშმარიტად დემოკრატიული, საპარლამენტო არჩევნებისთვის, რომელიც მომდევნო თვეებში უნდა გამოცხადდეს, ასამბლეა წუხს, რომ მსგავსი ნაბიჯები არ გადადგმულა. ამასთან დაკავშირებით ასამბლეა, კერძოდ: წუხს საარჩევნო კოდექსში ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო დროს მიღებული ცვლილებების გამო, რამაც, ვენეციის კომისიის აზრით, შეიძლება გამოიწვიოს მმართველი პარტიის პოზიციის შემდგომი გამყარება, ხელი არ შეუწყოს პოლიტიკური პლურალიზმის განვითარებას და ძირი გამოუთხაროს თანაბარი საარჩევნო უფლების პრინციპს. ამ მოსაზრების შესაბამისად, ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და უზრუნველყოს, რომ საარჩევნო ოლქების დელიმიტაცია განხორციელდეს მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ორგანოს მიერ მკაფიო სამართლებრივი კრიტერიუმების საფუძველზე და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციით; შეშფოთებულია საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ბოლო დროს შეტანილი ცვლილებებით, რომელიც ამცირებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დასანიშნად საჭირო უმრავლესობას და აუქმებს დანიშვნის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან კონსულტაციის კანონიერ მოთხოვნას, რაც კიდევ უფრო უთხრის ძირს საარჩევნო ადმინისტრაციის დამოუკიდებლობას; ითვალისწინებს ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების კონგრესის მიერ 2025 წლის 26 მარტს მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ასკვნის, რომ დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასთან დაკავშირებული მრავალი ხარვეზი და გამოწვევა ხელს არ უწყობს 2025 წლის ადგილობრივი არჩევნების ნდობაზე დაფუძნებულ გარემოში ჩატარებას და, ფაქტობრივად, ვითარების გამწვავების რისკს ქმნის. ასამბლეამ კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, შემდგომი შეფერხების გარეშე აღადგინოს პირობები ჭეშმარიტად დემოკრატიული არჩევნებისთვის.

ასამბლეა შეშფოთებულია, რომ დაკავებები და სამართლებრივი პროცესების ბოროტად გამოყენება მომიტინგეების, ჟურნალისტების და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების მიმართ შურისძიების მიზნით გრძელდება. იგი აღნიშნავს, რომ გრძელდება სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის განახლება ერთი შეხედვით საეჭვო სამართლებრივი საფუძვლებით, რაც ხაზს უსვამს წინა რეზოლუციებში უკვე გამოთქმული შეშფოთების გაგრძელებას. ამ კონტექსტში, იგი შეშფოთებულია რამდენიმე ქართული სოლიდარობის ფონდის აქტივების წინააღმდეგ დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიებით და გაყინვით, რომელიც ფარავდა დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებული ან სამსახურიდან გათავისუფლებულთა იურიდიული დახმარების ხარჯებს, ჯარიმებს და შემოსავლის დაკარგვას. ასამბლეა იმეორებს თავის მოწოდებას, რომ ყველა დაკავებული მომიტინგე გათავისუფლდეს დაუყოვნებლივ და რეკომენდაციას უწევს ევროპის საბჭოს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს, მოინახულოს მათი დაკავების ადგილები.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მიესალმება დემონსტრაციების დროს პოლიციის სისასტიკის შესახებ ცნობების შემცირებას, ასამბლეა კვლავ შეშფოთებულია, რომ ეს დარღვევები დღემდე არ არის ეფექტურად გამოძიებული, რამაც გამოიწვია დაუსჯელობის კლიმატი.

„ამ კონტექსტში, ღრმად შეშფოთებულია ქართული უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ცნობებით, რომ დემონსტრაციებთან დაკავშირებით დაკავებულთა დიდი ნაწილი წამებასა და არასათანადო მოპყრობას ექვემდებარებოდა დაპატიმრების დროს და დაკავების ქვეშ ყოფნის პერიოდში. ის მოუწოდებს ხელისუფლებას, სრულად გამოიძიოს ყველა ასეთი ცნობა გამჭვირვალე და ეფექტიანი გზით. ასამბლეა გმობს ოპოზიციის ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიმართ დამამცირებელ მოპყრობას, რომელიც პოლიციელებმა იძულებით გააშიშვლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, დემონსტრაციაზე მისი დაკავების შემდეგ“, – აღნიშნულია რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული გამოწვევები გრძელდება. ასამბლეა გამოთქვამს შეშფოთებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კანონში ახლახან მიღებული ცვლილებების გამო, „რომლებიც უარყოფითად აისახება შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაზე“.

„ასამბლეა აღნიშნავს, რომ ვენეციის კომისია ამ ცვლილებებთან დაკავშირებით თავის დასკვნაში, რომელიც მოითხოვა ასამბლეის პრეზიდენტმა, მიიჩნევს, რომ ეს ცვლილებები მიღებულ იქნა ზედმეტად ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობის გარეშე და, სავარაუდოდ, შემაფერხებელ გავლენას მოახდენს შეკრების თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების განხორციელებაზე. ასამბლეა მოუწოდებს ხელისუფლებას, გააუქმოს ეს ცვლილებები და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ხელისუფლებას მიიღოს სრულიად ახალი კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ, რომელიც სრულად შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს და კანონის უზენაესობას“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, როდიონოვები, არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან -შალვა პაპუაშვილი

გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები, არიან ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა, რითაც გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს, მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

„პრობლემა არის იმ დონორებში, რომლებიც ამ ყველაფერს აფინანსებენ. ამ ორგანიზაციებს ჰყავთ კონკრეტული დონორები. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“, რომელიც არის ესტონეთში რეგისტრირებული ორგანიზაცია, მას აფინანსებს შვედეთის სახელმწიფო. ამიტომ გუშინ იქ ყვიროდა სინამდვილეში შვედეთის წარმომადგენლობა და არა რომელიღაცა ქართველი „ენჯეოს“ რომელიღაცა თანამშრომელი. გუშინ იქ ყვიროდა და ძალადობდა და თავს ესხმოდა საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეებს, რომელსაც იქ უყვიროდნენ და სხვა მოქალაქეებს, რომელსაც უნდოდა ტრადიციულად 9 აპრილის მემორიალთან მისვლა, იქ უყვიროდნენ კონკრეტული უცხო ქვეყნების ხელისუფლებების წარმომადგენლები, კონკრეტული დიპლომატები, რომლებიც შემდეგ იქ მივიდნენ თავად მემორიალთან.

ასე რომ კითხვა მიემართება შვედეთის ელჩს: ეს არის, რასაც ისინი აფინანსებენ საქართველოში, რომ დააპირისპირონ ქართველი ხალხი? შვედეთის საელჩო არის პასუხისმგებელი, რომ გუშინ თავს დაესხნენ საკრებულოს წევრს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრს, 9 აპრილის მონაწილეს თავს დაესხნენ მათ მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგები. სამწუხაროა, რომ დღესდღეობით სიძულვილი, ზიზღი, ძალადობა, ტყუილი, დეზინფორმაცია, პროპაგანდა ასოცირებული არის ევროპულ დაფინანსებასთან.

ჩვენ გუშინ ვიხილეთ რუსთაველის გამზირზე აბსოლუტურად ემოციურად დაზიანებული ადამიანების ისტერია, რომლებსაც კავშირი არ აქვთ არც რუსთაველის გამზირთან, არც 9 აპრილთან და სამწუხაროდ არც საქართველოსთან. ერთადერთი, მოქმედებენ სხვისი დაკვეთით იმისთვის, რომ რამენაირად კიდევ უფრო წაახალისონ თუ უბიძგონ დაპირისპირებას. ასე რომ სრული პასუხისმგებლობა ამ ამაზრზენ აქტზე, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, არის კონკრეტული საელჩოების და დონორების. იმიტომ, რომ გუშინდელი ამაზრზენი აქტის ორგანიზატორები, ქართულ სამოსში გადაცმული როდიონოვები, ამისი ორგანიზატორები იყვნენ ის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან კონკრეტული დონორების მხრიდან, ევროპული ქვეყნების ბიუჯეტებიდან, მათ შორის ევროკავშირის ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. არა მხოლოდ ამიტომ არიან პასუხისმგებელი, არამედ იმიტომ, რომ რაც მანამდე ხდებოდა, როდესაც სცადეს მათმა დაფინანსებულმა ადამიანებმა პარლამენტის შენობის დაწვა, როდესაც ქუჩაში ფაქტობრივად ტერორის დათესვა უნდოდათ და ფაშისტური კამპანიები აქვთ ატეხილი „მონა, მონას“ ძახილით, ამ ფაშიზმს როდესაც არ ემიჯნებიან და არა თუ ემიჯნებიან, არამედ აფინანსებენ ფაშიზმს, ტერორს, სიძულვილს, პროპაგანდას, დეზინფორმაციას, რა თქმა უნდა, ეს არის სწორედ დონორების პასუხისმგებლობა. ასე რომ, ვნახოთ, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით. მაშინ, როდესაც გუშინ შვედეთის ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციები თავდასხმებს აორგანიზებდნენ რუსთაველის გამზირზე, რამდენიმე წუთში შვედეთის ელჩი მივიდა იქ, სადაც მისი დაფინანსებული ორგანიზაციები 9 აპრილის მონაწილეებს თავს ესხმოდნენ, მივიდა რამდენიმე წუთში და ყვავილებით შეამკო 9 აპრილის მემორიალი. ეს ფარისევლობა უნდა დასრულდეს. ველით კონკრეტულ პასუხს შვედეთის საელჩოსგან – ემიჯნება თუ არა შვედეთია საელჩო მის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ ამ ტერორს, რომელიც გუშინ მათ მოაწყვეს 9 აპრილის მონაწილეების მიმართ?“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“CNN-მა ექსტრენულ გამოშვებაში დონალდ ტრამპის სამხედრო იდეა გააკრიტიკა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მოქმედებას ჰგავს”-Daily Express

„ამერიკული მასობრივი ინფორმაციის საშუალებები იუწყებიან, რომ დონალდ ტრამპი სერიოზულად ფიქრობს ვაშინგტონში სამხედრო აღლუმი ჩაატაროს“, – წერს ბრიტანული გაზეთი „დეილი ექსპრესი“ (Daily Express) სტატიაში, რომლის სათაურია „CNN-მა ექსტრენულ გამოშვებაში დონალდ ტრამპის სამხედრო იდეა გააკრიტიკა, რომელიც ვლადიმერ პუტინის მოქმედებას ჰგავს“ (ავტორი – ჯეს ფილიპსი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ორი დღის წინ ამერიკულმა ტელეარხმა CNN-მა თავისი გადაცემა ექსტრენულად შეწყვიტა და წამყვანმა ერინ ბერნეტმა მაყურებლებს დონალდ ტრამპის გეგმა გააცნო, რომელიც, მისი თქმით, „ისეთია, როგორიც პუტინის რუსეთში ხდება“.

როცა ტელეეკრანზე მორბენალი სტრიქონი გამოჩნდა – „ტრამპი ზოგიერთი ქვეყნის მიმართ ტარიფის შემოღებას აყოვნებს, რადგან საკითხი მრჩევლისადმი ნდობას ეხება“ –  წამყვანმა, თავის მხრივ, განმარტა: „იმიტომ, რომ დონალდ ტრამპი, როგორც ამბობენ, სამხედრო აღლუმის მომზადებით არის დაკავებული“.

ერინ ბერნეტმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არმიის სამხედრო აღლუმი „ძალიან ძვირი დაჯდება“. მან გაიხსენა, რომ დონალდ ტრამპი აღლუმის ჩატარებას ჯერ კიდევ პირველი ვადით პრეზიდენტობის დროს აპირებდა და იმ დროს იდეაზე უარი თქვა სწორედ იმის გამო, რომ აღლუმის ორგანიზებისათვის 100 მილიონი დოლარი დაიხარჯებოდა.

„წლევანდელი აღლუმი, თუ გამოვითვლით, დონალდ ტრამპის დაბადების დღეს – 14 ივნისს – ემთხვევა, როცა ასევე აღინიშნება აშშ-ის არმიის შექმნის 250-ე წლისთავი და სახელმწიფო დროშის დღე. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებით, აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ სამხედრო მოსამსახურეები, ჯავშანტექნიკა, სამხედრო ავტომობილები და ბევრი სხვა შეიარაღება. მსგავსი საზეიმო ღონისძიებები აშშ-სათვის ტრადიციული არ არის ისინი უფრო პოლარულია ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, რუსეთში, ჩინეთში, ჩრდილოეთ კორეაში. ანუ აღლუმებს ისეთი „ძლიერი ლიდერები აწყობენ, რომლებიც დონალდ ტრამპის აღფრთოვანებას იწვევენ, მაგალითად, ვლადიმერ პუტინი“.

შემდეგ ტელეწამყვანმა კიდევ ერთი პარალელი გაავლო დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის: „იცით, როცა რუსული მასმედია იტყობინება, თუ რამდენი შაიბა გაიტანა ვლადიმერ პუტინმა ჰოკეის მატჩში, თქვენ ეს ნაცნობ მოვლენად მოგეჩვენებათ დღევანდელი სიტუაციის ფონზე და სწორიც იქნებით. იმ დროს, როცა სავაჭრო ომის ბობოქრობს, რუსულმა მედიამ გაავრცელა პრესრელიზი რეპორტიორებისათვის, რომელშიც გამოყენებულია დონალდ ტრამპის პუტინისებური გამონათქვამი: „მე გავიმარჯვე. საერთოდ, გამარჯვება კარგია. თქვენც ხომ გაიგეთ ჩემი გამარჯვება?“. პრეზიდენტს მხედველობაში ჰქონდა გოლფში გამარჯვება, რომელიც მან მარა-ლაგოში, თავის ვილაში ითამაშა“.

თეთრ სახლში უარყვეს სამხედრო აღუმისათვის მზადება და განაცხადეს, რომ ამჯამად მსგავსი „ღონისძიება დაგეგმილი არ არის“, თუმცა არც ის არ უთქვამთ, რომ მოგვიანებით აღლუმი არ გაიმართება. სხვათა შორის, 7 აპრილს ვაშინგტონის მერს მარიელ ბაუზერს „წამოსცდა“, რომ აღლუმისათვის მზადება ჯერ კიდევ „ადრეულ სტადიაშია“.

დონალდ ტრამპის მომხრეების თვალსაზრისი ამ ახალ ამბავთან მიმართებით სხვადასხვანაირია: ერთ-ერთმა კომენტარში დაწერა; „მართალია, რომ პრეზიდენტს აღლუმის ჩატარება სურს? და ეს ხდება ვეტერანებისათვის დახმარების შემცირების ფონზე? ამერიკულმა  საზოგადოებამ სიმართლე უნდა იცოდეს“.  მეორემ კი მოითხოვა, რომ „თუ დონალდ ტრამპი  აღლუმს მართლაც ჩაატარებს, მან ფული ამისათვის საკუთარი ჯიბიდან უნდა გადაიხადოს“.

წყარო: 

მოამზადა სიმონ კილაძემ

მიხაილ გალერი “დიფ სთეითის” წარმომადგენელია, უკეთესი იქნება, თუ გაერკვევა, ვის პოლიტიკას ატარებს -კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, გერმანელი ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი „დიფ სთეითის“ წარმომადგენელია და უკეთესი იქნება, თუ გაერკვევა, ვის პოლიტიკას ატარებს.

ასე პასუხობს კახა კალაძე ჟურნალისტის კითხვას გალერის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც აღნიშნა, რომ „თუ არ ეშლება, ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეა და თუ მას აქტივები გააჩნია საფრანგეთში, შესაძლოა, ზომები იქნას მიღებული“.

„კონკრეტული ყმაწვილი არის „დიფ სთეითის“ წარმომადგენელი. პირველ რიგში, გაერკვეს ვინ ვინ არის და ვინ რით ცხოვრობს, ასევე, გადახედოს თავის წარსულს, ვის პოლიტიკას ატარებს და ვის წარმოადგენს დღეს. ჩვენ არაერთი მუქარა და შანტაჟი გვინახავს და ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ. ეს არ არის არც ევროპა და არც ევროპული ღირებულებები. ეს ადამიანები არიან კონკრეტული ძალების წარმომადგენლები, რომელთაც საერთოს არ აინტერესებთ არც საქართველო, არც დემოკრატია. მათ აქვთ მხოლოდ ერთი ინტერესი: თავიანთი პატრონები რასაც ეტყვიან, დაავალებენ, გამოვიდნენ და ის გაიმეორონ. მათ იმის საშუალებაც კი არ აქვთ, რომ თავისი მოსაზრება გააჟღერონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა უპასუხა კითხვას ბრიტანეთის პარლამენტის წევრის ჯეიმს მაკკლირის განცხადებასთან დაკავშირებითაც, რომელმაც დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უფრო მკაცრი უნდა გახდეს საქართველოს ხელისუფლების ქმედებების მიმართ.

„ჩვენთვის ეს ვერ იქნება შემაჩერებელი, რომ დაითმოს ქვეყნის ინტერესი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, რომ ჩვენ გვემუქრებიან სანქციებით, არის შანტაჟები, კიდევ არ მინდა, ყველაფერი მოვყვე, რა ხდებოდა კაბინეტებში კონკრეტული ადამიანების მხრიდან, უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოს ინტერესები არ დაითმობა. ჩვენ გავაგრძელებთ ქვეყნის გაძლიერებას, სუვერენიტეტის განმტკიცებას, დამოუკიდებლობას. ჩვენმა წინაპრებმა იბრძოლეს იმისთვის, რომ მოეპოვებინათ დამოუკიდებლობა და ეს ბრძოლა გრძელდება დღესაც. ერთი ბატონის მეორეთი ჩანაცვლება არც თავისუფლებაა და არც დამოუკიდებლობა. შესაბამისად, ჩვენ დაგვჭირდება ბრძოლა ყოველ დღე იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ დამოუკიდებლობა და განვამტკიცოთ ჩვენი სუვერენიტეტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ყველა წავიდეს და მიხედოს თავის ქვეყანას, პარლამენტს და კანონებს – ჩვენ როგორმე მივხედავთ ამ ქვეყნის მომავალს და დავიცავთ მშვიდობას -კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო წლების განმავლობაში, უცხოური ორგანიზაციების დაფინანსებით, საქართველოში რევოლუციური სცენარის მოწყობის არაერთი მცდელობა იყო.

როგორც მან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, თუ ვის რა ინტერესი და სურვილი აქვს საქართველოსთან მიმართებაში.

„მთელი ამ წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რატომ იქმნებოდა ეს ყველაფერი? თუ ვერ მოხდებოდა მათი ინტერესების გატარება, ამ ადამიანებს გამოიყვანდნენ ქუჩაში. არაერთი მცდელობა იყო სახელმწიფო გადატრიალების, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამხობის. გადავხედოთ ისტორიას – ხან იყო არასამთავრობო ორგანიზაციების რევოლუციური სცენარი; ჟურნალისტების რევოლუციური სცენარი; ე.წ. პოლიტიკოსების და ბოლოს საზოგადოებრივი დაჯგუფების; უამრავი სცენარი იყო წარმოდგენილი, რომ ის თანხები, რომლებიც ამ აგენტურულ ქსელში შემოდიოდა, იხარჯებოდა იმისთვის, რომ მოეწყოთ სახელმწიფო გადატრიალება, მაგრამ ქართველი ხალხი გონიერია და ყველაფერს ხედავს, თუ ვის რა ინტერესი აქვს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქართული სახელმწიფო და ქვეყნის მომავალი მხოლოდ და მხოლოდ ქართველებმა უნდა დაიცვან.

„ის, რაც უკრაინაში მოხდა, უკრაინელი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესში შედიოდა? სრული კატასტროფა მოხდა. ჩვენ სამწუხაროდ, გამოვიარეთ ეს უბედურება 2008 წელს. მალე დასრულდა ეს ყველაფერი და დიდი ხნის განმავლობაში არ გაგრძელებულა ის უბედურება, რაც მივიღეთ – დავკარგეთ ტერიტორიები, სოფლები. გვქონდა განადგურებული ინფრასტრუქტურა, დავკარგეთ გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა. ის, რაც 2008 წლის ომის დროს გვახსოვს ყველას, უკრაინაში იყო უფრო დიდ მასშტაბებში და რამდენიმე წელი გაგრძელდა. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესი რეგიონთან, საქართველოსთან მიმართებაში. ყველას აქვს თავისი ინტერესი. ჩვენ უნდა ვიყოთ პირველები – პოლიტიკოსები, რომელთაც გვირჩევს ხალხი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა და გავატაროთ მისი ინტერესები. არც ამერიკელი ჩამოვა აქ იმისთვის, რომ შენი ქვეყნის ინტერესები დაიცვას, არც ევროპელი, ჩვენ – ქართველებმა უნდა დავიცვათ ჩვენი სამშობლო, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღე და მისი მომავალი“, – განაცხადა თბილისის მერმა.

რაც შეეხება აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა ყველასთვის თვალსაჩინოა.

„აბსოლუტურად მესმის, რადგან ძალიან, ძალიან თვალსაჩინოა ის შემოტევები და ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში პირდაპირ ჩარევა. ყველა წავიდეს და მიხედოს თავის ქვეყანას, თავიანთ პარლამენტს და კანონებს. ჩვენ როგორმე, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობასთან ერთად, მივხედავთ ამ ქვეყნის მომავალს, დავიცავთ მშვიდობას და მოვახდენთ ქვეყნის განვითარებას“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს ჩვენ ის „ლეიკოთი“ დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ -ციცინო შავაძე მეუღლეზე, როინ შავაძეზე

2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის მიერ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მეუღლემ, ციცინო შავაძემ, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, შავაძის მკვლელობის რამდენიმე დეტალი გაიხსენა.

მისი თქმით, სერჟანტის მკვლელობა წინასწარ ჰქონდათ განზრახული და აღნიშნავდნენ, თითქოს, ბუნებრივი მოთხოვნილების გამო გაუჩერეს მანქანა, თუმცა, მათ ვერ გათვალეს, რომ როინ შავაძეს, მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა, მათ შორის, ფეხი, ხელი და თითის ფალანგები ჰქონდა მოტეხილი.

„ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და სისრულეში მოიყვანეს. ქობულეთის შემდეგ არის ქაქუთი, სადაც ბუნებრივი მოთხოვნილების გამო, გაუჩერეს მანქანა კაცს, უბრალოდ ვერ დაფიქრდნენ, რომ მას მარჯვენა ბარძაყში ჰქონდა ფეხი გადატეხილი, ხელი მოტეხილი. კაცს, რომელსაც ხელის თითები ჰქონდა გადამტვრეული. ხელის თითები იმდენად გადამტვრეული ჰქონდა, რომ ცხედარს ჩვენ ის “ლეიკოთი” დავუმაგრეთ, ტყავს ეჭირა უბრალოდ. ამის ვიდეოკადრები არის და შეგიძლიათ ნახოთ. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი იყო დადგმული და წინასწარ განზრახული.
[როინ შავაძე დახვრიტეს] ბათუმის კუდ-ის თანამშრომლებმა“, – აღნიშნა ციცინო შავაძემ.

„კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებმა, როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს, ქობულეთის გზაზე მოკლეს. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

„გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა“;

„გარდა ამისა, როინ შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული შესაძლოა ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად“.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციით წარმოდგენილი არ ვიქნებით, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს -შალვა პაპუაშვილი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზილუციაში რაც ვნახეთ, საბჭოთა სტილის აქტი იყო, როდესაც სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით PACE-მ საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროპის სხვადასხვა ქვეყანას საბჭოთა სტილის ქცევა ვირუსივით შეეპარა, სულ უფრო ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს.

„დიდი შეშფოთებით ვაკვირდებით იმ ტენდენციებს, რომელიც სხვადასხვა ფორუმზე ხდება, სადაც ძირითადად ვხედავთ, რომ გავლენა აქვთ პოსტსაბჭოთა ჯგუფებს, რომლებიც ყველაზე ადვილად მართულები აღმოჩნდნენ იმ ქსელის მიერ, რომლებიც დღეს ომის აქტივისტები არიან. ამ გავლენებზე ყველაზე მოწყვლადი ზუსტად ზოგიერთი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის წარმომადგენელი აღმოჩნდა, რომლებიც დღეს ევროკავშირს აფარებენ თავს. ქვეყნების სუვერენიტეტის, ხალხების სუვერენიტეტის უპატივცემულობის საბჭოთა მიდგომებს იმეორებენ. ის, რაც ჩვენ ვნახეთ რეზოლუციაში, იყო საბჭოთა სტილის აქტი, როცა სხვა ხალხის სუვერენიტეტს პატივს არ სცემ. ამით  ამ ორგანიზაციამ საკუთარ პრინციპებს უღალატა და გადაუხვია. ჩვენ ვთქვით კიდევაც, რომ ჩვენი დელეგაციის წევრებმა დელეგაცია დატოვეს. PACE-ში დღეს დელეგაციით წარმოდგენილი არ ვართ იქამდე, ვიდრე პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, რომ თავად აირჩიოს საკუთარი ხელისუფლება. რთულია, აქ ისაუბრო რაიმე კონსტრუქციულ დიალოგზე. PACE-ში იმავე ადამიანებს ვხედავთ, რომლებიც ევროპარლამენტში არიან, იგივე პოლიტიკური ჯგუფები არიან, რომლებიც ყვირიან და არ საუბრობენ. საბჭოთა სტილის ქცევაა, რომელიც ვირუსივით შეეპარა ევროპის სხვადასხვა ქვეყანას და სულ უფრო მეტად ემსგავსებიან საბჭოთა კავშირში არსებულ ქცევის სტილს. 9 აპრილის აღნიშვნის ფონზე, იმისთვის არ ვიბრძოდით და არ გვინდოდა დამოუკიდებლობა, რომ დღეს ესტონეთმა  გვიკარნახოს, ხან ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა და საფრანგეთის ზოგიერთმა დეპუტატმა ან შვედმა დეპუტატმა, რომელიც რუსთაველის გამზირზე „მაიდანს“ ითხოვდა, უკარნახოს ქართველ ხალხს, ვინ აირჩიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ განზრახული იყო -ციცინო შავაძე როინ შავაძის მკვლელობაზე

2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობის საქმე განიხილება, ციცინო შავაძე მეუღლის მკვლელობის დეტალების შესახებ საუბრობს.

კომისიის თავმჯდომარის თეა წულუკიანის კითხვის საპასუხოდ, თუ ვინ და სად მოკლა როინ შავაძე, ციცინო შავაძე აღნიშნავს, რომ მისი მკვლელობა წინასწარ განზრახული ჰქონდათ.

„ასე ვიცი, რომ რუსების მიმართ გზა იყო ჩაკეტილი. ის თბილისში გადმოჰყავდათ. როგორ და რანაირად არ ვიცი. მე ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული და წინასწარ განზრახული იყო. ვფიქრობ იმიტომ, რომ -გზა დაკეტილი, მიჰყავთ, სად მიჰყავთ? თუ დაიჭირეს, შემდეგ გაირკვა, ჩემს მეუღლეს არც ნარკოტიკი ჰქონია, არც არავითარი გარღვევა ჰქონია, რატომ არ შეიძლებოდა ამის ბათუმში დატოვება?! მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი წინასწარ განზრახული ჰქონდათ და განზრახვაში მოიყვანეს“, – განაცხადა ციცინო შავაძემ.