Home Blog Page 22

“ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში”- Financial Times

ბრიტანული „ფაინენშელ თაიმსი“ (Financial Times) რუბრიკით „წერილები“ აქვეყნებს პუბლიკაციას სათაურით: “ვაშინგტონის როლი უკრაინის კრიზისის ისტორიაში: რომლის ავტორია რობერტ ჰანტერი – აშშ-ის ყოფილი ელჩი ნატოში. რედაქციისადმი მიწერილ წერილში იგი კომენტარს უკეთებს და თავის თვალსაზრისს გამოხატავს „ფაინენშელ თაიმსის“ 23 აგვისტოს ნომერში გამოქვეყნებული მასალის თაობაზე, სათაურით „მითები, რომლებმაც პუტინის ომი გამოიწვიეს“, ტიმოთი სნაიდერის ავტორობით.

გთავაზობთ ამერიკელი დიპლომატის კომენტარს:

ტიმოთი სნაიდერი საქმის ცოდნით წერს ვლადიმერ პუტინისა და უკრაინის შესახებ, მაგრამ იგი რატომღაც არ ახსენებს „ისტორიის მეორე მხარეს“ – იმ როლს, რომელიც აშშ-მა შეასრულა ამჟამინდელი ტრაგედიის წარმოქმნაში.

რუსეთ-უკრაინის ომის წინაპირობების შექმნისათვის საკვანძო მომენტად იქცა 2008 წელი, როცა აშშ-ის ზეწოლით ნატოელმა მოკავშირეებმა ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა და საქართველო „ნატოს წევრები გახდებიან“. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო მათი ალიანსში „მიღების“ მომენტი იმდენად, რამდენადაც ამგვარი განცხადება ნიშნავდა გარკვეული სტრატეგიული ვალდებულების აღებას ნატოს მიერ. ბევრი ჩვენთაგანი ამას სწრაფად მიხვდა და ამიტომ ყურადღება გავამახვილეთ იმ საფრთხეზე, რომელსაც ამგვარი დეკლარაცია მომავალში გამოიწვევდა.

მას შემდეგ მოკავშირეები, რომლებიც ისევ აღმოჩნდნენ აშშ-ის ზეწოლის ქვეშ, ერთი და იგივე განცხადების გაჟღერებას აგრძელებდნენ [რომ უკრაინა და ნატო დღეს თუ არა ხვალ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გახდებიან ალიანსის წევრები] მანამდე, სანამ დონალდ ტრამპმა საბოლოოდ არ გამორიცხა უკრაინის წევრობა ნატოში, უახლოეს წლებში მაინც. ოფიციალურად გაირკვა, რომ უკრაინის ალიანსში მიღების საკითხში ნატოს 32 წევრის კონსენსუსი შეუძლებელი იქნება. გარდა ამისა, 1997 წლიდან არსებობდა არაოფიციალური შეთანხმება, რომ ალიანსის აღმოსავლეთი საზღვრები რუსეთს არ მიუახლოვდებოდა (ბალტიისპირა ქვეყნების მიღებას, უკრაინასთან შედარებით, რუსეთისათვის ნაკლები მნიშვნელობა ჰქონდა).
რა თქმა უნდა, ეს არ ამართლებს იმას, რაც ვლადიმერ პუტინმა გააკეთა, მაგრამ ეს გარემოება სიტუაციას ფართო პოლიტიკურ და სტრატეგიულ კონტექსტს აძლევს და ხაზს უსვამს ის ზიანს, რაც ამერიკელმა ნეოკონსერვატორებმა და ნეოლიბერალებმა თავიანთი მოქმედებით გამოიწვიეს: ისინი რუსეთს დამარცხებულ ქვეყნად განიხილავდნენ, რომელსაც არაფრის გაკეთება აღარ შეუძლია (ეს არ ეხება ჯორჯ ბუშ-უფროსს და ბილ კლინტონს, რომლებიც საკითხს სწორად აცნობიერებდნენ).
ისტორია მკაცრი დამრიგებელია და ის, ვინც მას უარყოფს და ყურადღებას არ აქცევს, ხელს უწყობს უკრაინის დღევანდელ ტანჯვას და სიტუაციის შესვლას დიპლომატიურ ჩიხში.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო

26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ 26 ქვეყანა მზად არის, გაგზავნოს უკრაინაში ძალები ან უზრუნველყოს დახმარება ხმელეთზე, ზღვასა და ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უსაფრთხოების გარანტიების ფარგლებში.

ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა პარიზში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის, ასევე ევროპელი ლიდერების და ვოლოდიმირ ზელენსკის დონალდ ტრამპთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე მაკრონმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო კონტინგენტი არ განთავსდება შეხების ხაზებზე.

მისი თქმით, ძალების განთავსების ზუსტი ზონა ამჟამად განისაზღვრება.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, „მსურველთა კოალიციის“ მიდგომა უსაფრთხოების გარანტიებისადმი ორი ელემენტისგან შედგება. მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, საუბარია უკრაინის არმიის შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა მან შეძლოს ნებისმიერი პოტენციური აგრესიის შეკავება.

„მეორე ელემენტი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფის ძალები. დღეს 26-მა ქვეყანამ ფორმალურად გამოხატა ინტერესი, ან გაგზავნოს უკრაინაში კონტინგენტი, ან უზრუნველყოს გარკვეული საშუალებები ამ კოალიციის მხარდასაჭერად ზღვასა და ჰაერში უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა მაკრონმა.

თავის მხრივ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამარჯვება უწოდა იმ ქვეყნების რაოდენობას, რომლებმაც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში მონაწილეობის მზადყოფნა დაადასტურეს.

„ჩვენ გვაქვს აშშ-ის მხარდაჭერის იმედი. ამერიკის ზუსტი წვლილი უახლოეს დღეებში დაკონკრეტდება“, -აღნიშნა ზელენსკიმ.

რა ეღირება დოლარი და ევრო 5 აგვისტოს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6936 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6936 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6971 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0035 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1394 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1397 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0003 ლარი შეადგინა.

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონოდ შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და შეინახეს 61,9877 გრ. ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ და 55,5996 გრ. ფსიქოტროპული ნივთიერება „გაბაპენტინი“, რაც რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით დააფასოვეს.

ორ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე კვარტა მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა), ხოლო ერთ პირს კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, 260-ე კვარტა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ , მე-5 ნაწილის „ე“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვა და რეალიზაციის ხელშეწყობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს – გრიგოლ გეგელია

CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია,- ამის შესახებ „ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

მან ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვაზე ისაუბრა, რომელიც CRRC- საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა.

გეგელიას თქმით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ რეჟიმს აკისრებს.

„ე.წ. ხელისუფლება, რომელმაც მიიღო რუსული კანონი, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები, ასამართლებს არასამთავრობო სექტორს, თავს ესხმის ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივას, ბრალს დებს ევროპულ კავშირს შეთქმულების თეორიებში, თავს ესხმის სხვადასხვა სახელმწიფოების წამყვან პოლიტიკოსებს და სახელმწიფო მეთაურებს, ამავე დროს, ამბობს: „მტკიცედ არის ევროპული ინტეგრაციის ერთგული“.

ხელისუფლება, რომლის „ტიტუშკებიც” თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს დღისით, მზისით, ქუჩებში ესხმიან თავს, ეს ე.წ. ხელისუფლება ამბობს, რომ ის იცავს ჟურნალისტებს. ხელისუფლება, რომელიც ჩართულია კორუფციაში, ამბობს რომ მოწინავეა კორუფციასთან ბრძოლაში.

CRRC-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევა, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქოცური“ პარანოიული გაორების პარალელურად ნამდვილი ქართველი ხალხის ჯანსაღ ეროვნულ და პროევროპულ აზრს. ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც არის ძალიან მაღალი, 78%. ასევე ვხედავთ, უმრავლესობა თვლის, რომ უვიზო რეჟიმის დაკარგვა იქნება ძალიან საზიანო სახელმწიფოსთვის. ასევე, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი უვიზო რეჟიმის შესაძლო დაკარგვაზე პასუხისმგებლობას „ქართული ოცნების“ რეჟიმს აკისრებს.

ეს მნიშვნელოვანი განაცხადია ქართველი ხალხის მხრიდან. ხალხი კარგად ხედავს, რა შანსები გვაქვს ახლა მოცემული, ისტორიული რეალობების ფონზე როგორ გვაკარგვინებს ამას ხელაღებით კრიმინალური ბანდფორმირება „ქართული ოცნება“, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება.

„ქართული ოცნება“ რამდენიმე ასეულ “რობოკოპზეა” ჩამოკიდებული და გადაწყვიტა, მილიონობით ქართველს წაართვას ევროპული პერსპექტივა, უვიზოდ სიარულის შანსი, ეკონომიკური და სოციალური შესაძლებლობები.

განსაკუთრებით თვალშისაცემი: ეს სტატისტიკა არის დედაქალაქის მასშტაბით. ეს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ქალაქის 70% ოპოზიციურია, ეს ხალხი გამოვა და დაასრულებს რუს მერს ამ ქალაქში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოვა ქართველი ხალხი და დაასრულებს „რუსული ოცნების“ ანტიქართული რეჟიმის ბოგინს.

ჩვენი ბრძოლა გრძელდება, ეს პრინციპული და მნიშვნელოვანი ბრძოლაა, რომელიც უნდა დასრულდეს ყველა იმ კრიტიკული წერილის დაბრუნებით, სადაც „ქართული ოცნება“ გამორჩეულად სუსტია და უნდა დასრულდეს ქართული სახელმწიფოს ქართული ხალხისთვის და ევროპული გზისთვის“,- აღნიშნა გეგელიამ.

შეგახსენებთ, ევროკავშირისა და ვიზალიბერალიზაციის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულებების შესასწავლად საქართველოს მოსახლეობის სატელეფონო გამოკითხვა CRRC-საქართველომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდის დაკვეთითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (78%) მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება საზიანო იქნება საქართველოს მოქალაქეებისთვის. ამასთან, კვლევაში აღნიშნულია, რომ თუკი ევროკავშირი მართლაც შეაჩერებს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლას, გამოკითხულთა ნახევარზე ოდნავ მეტი (51%) პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ და მის ლიდერს აკისრებს. კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობაში კვლავ მაღალია ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა. ევროკავშირის წევრობას გამოკითხულთა 78% ემხრობა.

გამოკითხვა 2025 წლის 8-12 აგვისტოს მიმდინარეობდა კომპიუტერით მხარდაჭერილი სატელეფონო ინტერვიუს (CATI) მეთოდით. შემთხვევით გენერირებული ტელეფონის ნომრების შერჩევის საფუძველზე სულ 1,333 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგები საქართველოს ქართულენოვანი ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობითია. გამოკითხვის საშუალო ცდომილება 1.56%-ს შეადგენს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ორი ახალი მოადგილე წარადგინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა თანამშრომლებს ორი ახალი მოადგილე – ლაშა ავალიანი და ზურაბ ეზუგბაია წარუდგინა. მინისტრმა გუნდის ახალ წევრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მათი გამოცდილება და ხედვები სამინისტროს საქმიანობას კიდევ უფრო გაააქტიურებს.

ლაშა ავალიანს დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინის ფაკულტეტი, ფლობს დოქტორის ხარისხს პარაზიტოლოგიის მიმართულებით. მინისტრის ახალ მოადგილეს სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. ლაშა ავალიანი 2015-2019 წლებში ხელმძღვანელობდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტს; შემდგომ იკავებდა უფროსის მოადგილის პოზიციას აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პროექტში „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“. მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას ლაშა ავალიანი 22 სექტემბრიდან შეუდგება.

ზურაბ ეზუგბაიამ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა. მას აქვს მრავალწლიანი გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორში. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო კანცელარიაში, საქართველოს პარლამენტში, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა და ნავთობისა და გაზის კორპორაციაში; იუსტიციის სამინისტროში იკავებდა სხვადასხვა წამყვან პოზიციას, მათ შორის, 2001–2003 წლებში იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას. ზურაბ ეზუგბაია მინისტრის მოადგილის მოვალეობის შესრულებას სამი სექტემბრიდან შეუდგა.

ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, ფსიქიკაზე მოქმედებს, როცა 10 მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს – გია ვოლსკი

მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს – შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ აქციაზე ახალგაზრდების მხრიდან „ვიხილეთ გინება, ადამიანების წყევლა, რაც არა ემოციური გამოვლინება, არამედ განზრახ დაგეგმილი ქმედებაა“.

ვოლსკის განცხადებით, „აბსოლუტური უცოდინარობა და ათ-სართულიანი გინების ცოდნა არის განზრახ დაგეგმილი ბოროტება საქართველოს წინააღმდეგ“.

„ჩვენმა ე.წ. ოპონენტებმა წესად შემოიღეს, რომ უნდა აგინო ადამიანს, დაწყევლო, უნდა უთხრა, რომ იგი მალე მოკვდება, უკიდურესი მძიმე სიტყვები უნდა გამოიყენო. მით უმეტეს, გოგონები არიან სპეციალურად ამისთვის ორგანიზებული და არავინ არაფერი პასუხი არ უნდა გასცეს. ასეთ ვითარებაში ადამიანი შეიძლება გამოვიდეს მწყობრიდან და პასუხი გასცეს და ამას ჰქონდა ადგილი. ეს არ არის ემოციური გამოვლინება, ეს არის განზრახ დაგეგმილი ქმედებები, რომელიც ემსახურება კონკრეტულ მიზანს, რომ შექმნან ატმოსფერო, სადაც ფასეულობა აღარ არსებობს, არც ტრადიცია, არც გულწრფელობა. აბსოლუტური უცოდინარობა და ათ-სართულიანი გინების ცოდნა არის განზრახ დაგეგმილი ბოროტება საქართველოს წინააღმდეგ. ეს ვიხილეთ გუშინ.

მე ვერ დავგმობ ბექა ოდიშარიას გინებას, იმიტომ რომ ადამიანის ფსიქიკაზე მოქმედებს, როდესაც ათი მოლაპარაკე ტურა შემოგესევა და ასეთი ინტენსიური ბულინგით, უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ შენს ოჯახს, შენი ოჯახის წევრებს, გარდაცვლილებს, ცოცხლებს, ბავშვებს, უფროსებს. შეიძლება ასეთ ვითარებაში ადამიანმა თავი ვერ შეიკავოს. რასაკვირველია, თავი უნდა შეიკავოს ბექამაც, მეც, ყველამ, მაგრამ ხანდახან ეს რთულია,” – განაცხადა ვოლსკიმ.

ჩინეთის ანტიამერიკული ალიანსი – ავთანდილ წულაძე

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის (შთო) სამიტი და სამხედრო აღლუმი პეკინში დიდ გეოპოლიტიკურ მოვლენად იქცა. ჩინეთმა გამოაცხადა თავისი პრეტენზიები გლობალურ ლიდერობაზე და განზრახვა წინააღმდეგობა გაუწიოს დასავლეთის „ჰეგემონიას“.

შეერთებულ შტატებში შთო-ის სამიტი და სამხედრო აღლუმი გამოწვევად აღიქვეს. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთის, რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების დემონსტრაციულ ერთიანობას „შეთქმულება“ უწოდა. წამყვანი ამერიკული მედია აკრიტიკებს ტრამპს იმის გამო, რომ მისმა სატარიფო პოლიტიკამ ძლიერი ანტიამერიკული ალიანსის შექმნა გამოიწვია. მაგალითად, ტელეარხის CNN-ის სტატიაში ნათქვამია: „პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, შეერთებული შტატები არყევს თავის ალიანსებს და ეკონომიკურ ზიანს აყენებს მსოფლიოს ქვეყნებს, მათ შორის მეგობრებსა და მოკავშირეებს, გლობალური სავაჭრო ომის გაჩაღებით. სი ძინპინი ხედავს ხელსაყრელ მომენტს, რათა, შესაძლოა, ყველაზე დრამატული გზით, წარმოაჩინოს თავისი გამოწვევა დასავლურ წესებსა და მენტალიტეტზე დაფუძნებული სამყაროსთვის“. (ბმული)

თუმცა, ავტოკრატიული სახელმწიფოების დემონსტრაციული ერთიანობა არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ „შეთქმულების“ მონაწილეებს ჰქონდეს საკუთარი მიზნები.

სი ძინპინი რამდენიმე პრობლემას წყვეტს.

პირველ რიგში, ჩინეთის ლიდერი ტრამპს აჩვენებს, რომ ჩინეთს სატარიფო ომში არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური და სამხედრო არგუმენტებიც აქვს. სამხედრო აღლუმზე ჩინეთის უახლესი იარაღის, მათ შორის ბირთვულის, დემონსტრირება მოხდა. სი ძინპინის გვერდით ბირთვული სახელმწიფოების ორი ლიდერი იდგა – პუტინი და კიმ ჩენ ინი.

მეორეც, სი ძინპინი შიდა პოლიტიკურ პრობლემებს წყვეტს. 2027 წელს მისი მესამე ვადა იწურება და სი ძინპინი ჩინეთის მეოთხე ვადით ხელმძღვანელობას გეგმავს. ჩინეთში, ისევე როგორც სსრკ-ში, სახელმწიფოს მეთაურის პირდაპირი არჩევნები არ ტარდება. საკითხს მმართველი პარტიის უმაღლესი რანგის წარმომადგენლები წყვეტენ. ჩინეთის პოლიტიკა ძალიან დახურულია, მაგრამ სი ძინპინის ჯანმრთელობის მდგომარეობის, ჩინეთის კომუნისტურ პარტიაში მისი პოლიტიკისადმი ძლიერი ოპოზიციის შესახებ ჭორები ეკონომიკაში მზარდი პრობლემების ფონზე საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ჩინეთის ხელმძღვანელობაში პოლიტიკური ბრძოლის ინტენსივობა. ფაქტიურად, სი ძინპინმა დაიწყო საარჩევნო კამპანია თავისი პოზიციების გასამყარებლად და ჩინეთის კიდევ ხუთი წლით სათავეში ჩასადგომად.

მესამე, სი ძინპინი ღიად აცხადებს ჩინეთის ხელმძღვანელობით ანტიდასავლური ალიანსის შექმნას. ის ცდილობს გაიმეოროს საბჭოთა კავშირის გამოცდილება, რომელმაც შექმნა ე.წ. „სოციალისტური ბანაკი“. თუმცა, განსხვავება ისაა, რომ საბჭოთა კავშირი მკაცრად აკონტროლებდა „მეგობრული“ სოციალისტური ქვეყნების პოლიტიკასა და იდეოლოგიას, მაგრამ  მათ ეკონომიკურ მხარდაჭერაში ბევრ რესურსებს ხარჯავდა. ჩინეთი, ძირითადად, მეგობარ ქვეყნებში ეკონომიკურ გავლენას ეყრდნობა და მიზნების მიღწევის შემდეგ, ცდილობს ამ გავლენის პოლიტიკურ გავლენად გარდაქმნას. სი ძინპინი ჩქარობს მეგობარ ქვეყნებში ეკონომიკური გავლენის პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ფორმალიზებას.

რუსეთის პრეზიდენტისთვის, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტზე შეხვედრები და აღლუმზე დასწრება ქვეყანაში მისი ძალაუფლების გაძლიერების ინსტრუმენტია. რუსეთის ეკონომიკური პრობლემები უარესდება. ინფლაციას, ტექნოლოგიურ ჩამორჩენილობას და აღჭურვილობის ცვეთას კიდევ უფრო ამძიმებს ბენზინის კრიზისი, რომელიც გამოწვეულია უკრაინის დრონებით რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმებით. თუმცა, პუტინი ნათლად აცხადებს, რომ ომის დასრულებას არ აპირებს. ჩინეთში ვიზიტი აძლიერებს მის ავტორიტეტს ქვეყანაში და საშუალებას აძლევს მას მოიპოვოს სი ძინპინის მხარდაჭერა ომის გასაგრძელებლად.

ჩინეთში გამართული სამიტი ძლიერი დარტყმა იყო ტრამპის საგარეო პოლიტიკისთვის. რუსეთი კიდევ უფრო დაუახლოვდა ჩინეთს, თუმცა ტრამპმა დიდი ძალისხმევა გასწია რუსეთის ჩინეთისგან გამოსაყოფად. ინდოეთი, რომელიც დიდი ხანია პროამერიკულ ქვეყნად ითვლება, ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერას ეძებს. ჩინეთი აძლიერებს ალიანსებს მოკავშირეებთან და იზიდავს ახლებს, ტრამპი აწესებს ტარიფებს აშშ-ს ტრადიციულ მოკავშირეებზე და მათ ტერიტორიებზეც კი აცხადებს პრეტენზიას (როგორც ეს გრენლანდიისა და კანადის შემთხვევაშია).

ჩინეთსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების შუაგულში, სი ძინპინმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ტრამპის საგარეო პოლიტიკას და გააძლიერა თავისი მოლაპარაკების პოზიცია. შესაძლოა, სი ძინპინმა აშშ-ს ზედმეტად დიდი დარტყმა მიაყენა. ტრამპს ახალ გეოპოლიტიკურ რეალობებში საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა მოუწევს. ჩინეთი არსებითად ბიპოლარულ სისტემას აშენებს და ამ პროცესში ინიციატივას ფლობს. ტრამპს ჩინეთის ამ ნაბიჯზე აშშ-ის მოკავშირეებთან კავშირების გაძლიერებით მოუწევს რეაგირება. ბიპოლარული სამყაროს ჩამოყალიბებას თან ახლავს საერთაშორისო კონფლიქტების ესკალაციის ახალი ტალღები ორ მსოფლიო ლიდერს – ჩინეთსა და აშშ-ს – შორის გავლენის სფეროების გაყოფის ბრძოლაში.

ავთანდილ წულაძე – პოლიტიკის ანალიტიკოსი

კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, როგორც დედაქალაქის მერი, გვაქვს სრული მზადობა, რომ აშშ-სთან ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან – კახა კალაძე

თბილისის მერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრული ურთიერთობა და სტრატეგიული პარტნიორობა მნიშვნელოვანია.

როგორც კახა კალაძემ ჟურნალისტებს ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილისა და პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისთვის გამოქვეყნებულ ღია წერილებთან დაკავშირებით დასმული კითხვების პასუხად განუცხადა, ხელისუფლება გულშემატკივრობს ტრამპს მისი მთავარი დაპირებების შესრულებაში.

„ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ მზადება და კიდევ ერთხელ ვადასტურებ, როგორც პარტიის გენერალური მდივანი, დედაქალაქის მერი, გვაქვს სრული მზადება იმისა, რომ ურთიერთობები დავიწყოთ ახალი ფურცლიდან, გავაღრმავოთ, მეგობრული გავხადოთ. წერილშიც რცლად იყო ნახსენები, რამდენად დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან მეგობრულ ურთიერთობას, სტრატეგიულ პარტნიორობას. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამ ყველაფრისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მსოფლიოში საკმაოდ მძიმე მოვლენები ვითარდება და საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით დაკვირვებისა და მოლოდინის რეჟიმშია.

„დაველოდოთ. მესმის, რომ ძალიან მძიმე პროცესები არის მსოფლიოში, ვხედავთ, რა მდგომარეობაა. ორი მთავარი დაპირება იყო, რომელიც მოვისმინეთ პრეზიდენტ ტრამპისგან – ომის დასრულება, რომელიც ჯერ შესრულებული არ არის, პროცესი მიმდინარეობს და „დიფსთეიტის“ დამარცხება, რომელიც დაკავებული იყო სხვადასხვა სახელმწიფოში ხელისუფლების დამხობით, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობით, რისთვისაც იყენებდა სხვადასხვა გზას – დაფინანსებებს არასამთავრობო ორგანიზაციების გავლით. ეს ყველაფერი ცხადი გახდა ყველასთვის, რა ემსახურებოდა ქვეყანაში ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. პირველი დაპირება, რომელიც გულისხმობს ომის დასრულებას, ძალიან მნიშვნელოვანია, მშვიდობა გვინდა ვუსურვოთ უკრაინას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია „დიფსთეიტის“ დამარცხებაც. ეს ყველაფერი უნდა აისახოს ჩვენს ქვეყანაზე და ურთიერთობებზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას ხელისუფლების მოლოდინთან დაკავშირებით, რომელიც აშშ-ის ხელისუფლებაში ტრამპის ადმინისტრაციის მოსვლას და ურთიერთობების გადატვირთვას უკავშირდებოდა, მერის თქმით, დღეს რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა, ვიდრე 20 იანვრამდე იყო.

„თქვენ ხედავთ, დღეს რა მდგომარეობაა – აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული მდგომარეობაა იმასთან შედარებით, რაც იყო 20 იანვრამდე. ვერ ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში? ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, პრეზიდენტი ტრამპი გამოვიდა და პირდაპირ ყველაფერს თავის სახელით დაარქვა. როდესაც გლობალურ ომის პარტიაზე ვსუბრობდით, არ გახსოვთ კი, რომ ეს არ არის მართალი და რაღაცას ვიგონებთ. როდესაც ვსაუბრობდით, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყანაში რევოლუციას აანონსებდნენ და სახელმწიფო გადატრიალებაშიც ფულს ხარჯავდნენ, გვეუბნებოდნენ, რომ მხოლოდ კეთილი საქმეებით არიან დაკავებული, მაგრამ ამხელა ქვეყნის პრეზიდენტი გამოვიდა და პირდაპირ დაასახელა ორგანიზაციები, სოცმედიაში უამრავი მასალა ვრცელდა, მათ შორის, საქართველოსთან დაკავშირებით, რომ ამ ორგანიზაციების გავლით, თანხები შემოდიოდა ქვეყანაში, რომ სახელმწიფო გადატრიალებები მოეწყოთ. ეს არის სამწუხარო რეალობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პროტური ფოთი 2025 – თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

6-7 სექტემბერს, ფოთში, მალთაყვას წყალსათხილამურო სპორტის ისტორიულ ბაზაზე, საერთაშორისო ტურნირი – პროტური ფოთი 2025“ გაიმართება.

ტურნირი ჩატარდება საერთაშორისო წყალსათხილამურო ფედერაციის (IWWF), საქართველოს წყალსათხილამურო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდითა და „ფოთის ტბის კლუბის“ ორგანიზებით. ღონისძიების მხარდამჭერია თიბისი.

აგვისტოს ბოლოს, იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, ახლა სპორტსმენები თავს უკვე ფოთში მოიყრიან. შეჯიბრება ორ ეტაპად – ხტომასა და სლალომში ჩატარდება.

საერთაშორისო ტურნირის მასპინძლობის გამოცდილება ფოთმა პირველად 1991 წელს მიიღო, როცა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. 34 წლის შემდეგ, როცა ინფრასტრუქტურაც და სპორტის სახეობაც ვითარდება, კვლავ გაჩნდა კონტინენტის პირველობის მასპინძლობის ამბიცია. „პროტური ფოთი 2025“ კი, ამ განაცხადისთვის კარგი საფუძველი იქნება.

თიბისისთვის, რეგიონების სპორტული ცხოვრების განვითარების ხელშეწყობა უცვლელ პრიორიტეტად რჩება; მითუმეტეს, როცა საქმე მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირს ეხება, რომელიც არაერთი მიმართულებით შეუწყობს ხელს რეგიონის ცნობადობის გაზრდასა და განვითარებას.

ტურნირის მიმდინარეობისას, მალთაყვაში თიბისი საკუთარი სივრცით იქნება წარმოდგენილი, სადაც შეძლებთ დასვენებას და ტურნირისთვის თვალის კომფორტულად მიდევნებას.

(R)

თიბისი კაპიტალმა ყოველთვიური მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა ზრდა – ნორმალიზდება, თუმცა კვლავ ძლიერია

საქსტატის წინასწარი შეფასებით, ივლისში ეკონომიკურმა ზრდამ 6.5% შეადგინა, ხოლო იანვარი-ივლისის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 8%-ია. ამავდროულად, აგვისტოში გაუმჯობესება იკვეთება უახლეს ინდიკატორებში. საკუთრივ, ივლისთან შედარებით გაზრდილია ჯამური უნაღდო დანახარჯები, ისევე როგორც არარეზიდენტების უნაღდო ხარჯვა, რომელიც ტურისტული შემოსავლების შეფასებისთვის გამოიყენება. მიგრანტების დანახარჯები კი, ბოლო რამდენიმე თვეა, მეტნაკლებად ერთ დონეზე ნარჩუნდება.

 მიმდინარე წელს, განსაკუთრებით მეორე კვარტლიდან, გააქტიურებულია ლარის გამყარების მიმართულებით კონვერტაციები. აღნიშნულში იგულისხმება როგორც უცხოური ვალუტის დეპოზიტების უკან ლარში გადახურდავება, ასევე სესხებში, პირიქით, უცხოური ვალუტის წილის ზრდა. თიბისი კაპიტალის მკითხველისთვის ცნობილია, რომ გასული წლის შემოდგომაზე, ლარის გაუფასურების მოლოდინებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად გაიზარდა ფიზიკური და იურიდიული პირების მხრიდან უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვა. ამავდროულად, როგორც ჩვენს არაერთ პუბლიკაციაში იყო განხილული, ეს ერთგვარი დაგროვილი ბუფერის როლსაც ასრულებდა, რომელიც სენტიმენტების ცვლილებისას უკვე ლარის გამყარების მიმართულებით იმოქმედებდა. ჩვენი შეფასებით, ამ ბუფერის ჯამური მოცულობა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, საიდანაც, სხვადასხვა ანალიტიკური შეფასების გამოყენებით, შეიძლება ითქვას, რომ ნახევარზე მცირედით ნაკლები უკან კონვერტაციების კუთხით ჯერ კიდევ ასათვისებელია. შესაბამისად, გაცვლითი კურსის მხრივ, ეს კვლავ ლარის მნიშვნელოვან მხარდამჭერ ფაქტორად რჩება, თუმცა სენტიმენტების ცვლილება, როგორც ყოველთვის, გამორიცხული არაა.

 უახლესი მონაცემების მხრივ, ივლისში სესხებისა და დეპოზიტების სავალუტო კომპოზიცია საპირისპირო მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა დეპოზიტების დოლარიზაცია და სესხების ლარიზაცია. რაც შეეხება ლარზე მოქმედ სხვა ძირითად ფაქტორებს, აშშ დოლარი გლობალურ ბაზრებზე კვლავ სუსტი რჩება, თუმცა ივლისში თვიურად გაუფასურების მასშტაბი საკმაოდ შემცირდა, ხოლო წმინდა სავალუტო შემოდინებები ივლისში მცირედით ისევ გაუმჯობესდა. ამის ფონზე, თიბისი კაპიტალის მოკლევადიანი და გრძელვადიანი წონასწორობის მოდელები კვლავ მიუთითებს, რომ ლარი წონასწორულ დონესთან შედარებით მცირედით, მაგრამ მაინც უფრო სუსტია. ლარის გამყარების მიმართულებით ზეწოლაზე მიანიშნებს საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მხრიდან განგრძობითი სავალუტო ინტერვენციებიც, რაც ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. მხოლოდ ივლისში სებ-მა 417 მილიონი აშშ დოლარი შეიძინა, მარტიდან აგვისტოს ჩათვლით პერიოდში კი – ჩვენი შეფასებით, ჯამურად, დაახლოებით, 1.5 მილიარდი აშშ დოლარი.

 საპირისპიროდ, მცირედი გაუარესება შეინიშნება შრომის ბაზარზე. მიმდინარე წლის ორივე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაზრდილია უმუშევრობის დონე და შემცირებულია დასაქმება. წლიურ ჭრილში დასაქმების კლება თვითდასაქმებულთა რაოდენობის შეკვეცითაა განპირობებული, დაქირავებულთა რაოდენობა კი, პირიქით, მცირედით გაზრდილია. მიუხედავად ამისა, წინა კვარტალთან შედარებით, კლებაა როგორც თვითდასაქმებულთა, ასევე დაქირავებულთა რიცხვში, სეზონური ფაქტორების გამორიცხვით. 

 გასული თვეების დინამიკის მსგავსად, ინფლაცია კვლავ მზარდია და ივლისის მდგომარეობით წლიურად 4.3%-ს გაუტოლდა, ხოლო აგვისტოში – 4.6%-ს. ინფლაციის ტრაექტორია ჩვენს მოლოდინებთან თანხვედრაშია. თიბისი კაპიტალის პროგნოზით, მომდევნო თვეებში ინფლაცია კვლავ გაიზრდება, წლის ბოლოსთვის კი, საბაზო ეფექტის გათვალისწინებით, მცირედით შენელდება და, დაახლოებით, 4.5%-ს მიაღწევს.

 წლიური ინფლაციის აჩქარების საპირისპიროდ, თვიურ ჭრილში ინფლაციური ზეწოლის კლებაზე მიუთითებს ანალიტიკური საზომები, როგორებიცაა სეზონურად შესწორებული ყოველთვიური ინფლაცია და სხვადასხვა მეთოდით გაანგარიშებული საბაზო ინფლაცია. მომსახურების ინფლაცია, რომელიც ინფლაციური მოლოდინებისა და გრძელვადიანი ტენდენციის შეფასებისთვის ყველაზე შესაფერისია, რადგან ნაკლები მერყეობითა და იმპორტული კომპონენტის შედარებით მცირე წილით ხასიათდება, მიმდინარე წელს ჯამური მაჩვენებლის ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ამასთან, საყურადღებოა, რომ მომსახურების ფასების ზომიერი ზრდა, თუნდაც მიზნობრივ მაჩვენებელზე მეტად, აუცილებლად ინფლაციურ ზეწოლაზე არ მიუთითებს, რადგან განვითარებად ეკონომიკებში მწარმოებლურობის დონის ზრდას არავაჭრობად სექტორებში ფასების ზრდა კანონზომიერად მოსდევს. მომსახურებასთან ერთად, გაზრდილია საქონლის ინფლაციაც, დიდწილად სურსათის ფასების მნიშვნელოვანი მატების გამო. ამავდროულად, ინფლაციის ზრდა ადგილობრივად წარმოებული  და შერეული პროდუქტებით არის განპირობებული,  იმპორტული პროდუქციის მხრივ კი დეფლაცია ფიქსირდება. ამდენად, სურათი განსხვავებულია 2021-2022 წლების ეპიზოდისგან, როდესაც ინფლაციის ზრდის მთავარი წყარო იმპორტული საქონელი იყო. როგორც არაერთხელ აღინიშნა, ინფლაციური ზეწოლის დამატებით მნიშვნელოვანი გაძლიერების შემთხვევაში, რაც, ვფიქრობთ, რომ სადღეისოდ საბაზო სცენარი არაა, უცხოური ვალუტის არსებული სიჭარბე, სავარაუდოდ, ლარის უფრო მეტ სიმყარეში აისახება.

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია ბმულზე: https://tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30007095-monthly-macro-update-georgia

(R)

უახლოეს პერიოდში უფრო მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან და არა მხოლოდ, ფრთხილად უნდა ვიყოთ, ხელისუფლებამ მაქსიმალურად უნდა გაიძლიეროს პოზიციები-ზაზა შათირიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილმა დონალდ ტრამპის მიმართ, პარალელურად კი ბოლო დღეებში განვითარებულმა პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს საზოგადოებას სასიცოცხლოდ ესაჭიროება ფსევდოლიბერალური პროპაგანდის ფასადს მიღმა დამალული ინფორმაციის მიწოდება, რადგან სიმართლით აღჭურვილი მოქალაქე ძლიერი სახელმწიფოს საკვანძო რგოლია სიმშვიდის და სტაბილურობის ჯაჭვში, ხოლო პირიქით – დაბნეული და სიცრუით გაბრუებული ადამიანი უმთავრესი იარაღია „დიფ სთეითის“ ხელში, – ამის შესახებ ფილოსოფოსი ზაზა შათირიშვილი აცხადებს.

შათირიშვილის თქმით, „ოლიგარქიული ოჯახები, მათივე ხელწერის თანახმად, სწორედ საკუთარ მოქალაქეებს უპირისპირებენ მათ მიერ არაკონტროლირებად, არასასურველ მთავრობებს, ხალხის ხელითვე ამხობენ მათ და შემდეგ ამ ყველაფერს რევოლუციებად, „დემოკრატიის“ გამარჯვებად ასაღებენ“.

„მათთვის სასურველ, თითქოსდა ხალხის არჩეულ მთავრობას როდესაც მოიყვანენ, რა თქმა უნდა, იგი არა ხალხს, არამედ „დიფ სთეითს“ ემსახურება. სწორედ ესაა სახელმწიფოების დაპყრობის უახლესი მეთოდი, რომელიც რამდენიმე ოლიგარქიულმა ოჯახმა შეიმუშავა (თუ ვინ არიან ოჯახები, რომლებიც ამ პროცესების უკან დგანან, ამაზე უფრო დეტალურად მოგვიანებით ვისაუბრებ). დაპყრობის ეს ახალი, უნივერსალური იარაღი შემდეგში მდგომარეობს: ხალხმა არ იცის, რომ დაპრყობილია. მონოპოლიზებული მედიის, მოქრთამული და ნაყიდი პოლიტიკური ისტებლიშმენტის პირობებში, „დიფ სთეითს“ ამგვარი ქმედება არ უჭირს და ერთ მარიონეტს მეორეთი მარტივად ანაცვლებს. რეალურად კი არაფერი იცვლება. ამის საუკეთესო მაგალითია დიდი ბრიტანეთი, სადაც ბოლო წლებში ოთხჯერ შეიცვალა პრემიერ-მინისტრი: ბორის ჯონსონი, ლიზ ტრასი, რიში სუნაკი და კირ სტარმერი – ერთი შეხედვით, ოთხი განსხვავებული პოლიტიკოსი, თუმცა კი, ყველა მათგანი „დიფ სთეითის“ გავლენის ქვეშ მყოფი. ბრიტანეთის მსგავს, სუვერენიტეტდაკარგულ ქვეყნებში, როგორებიც ევროკავშირში 90%-ს წარმოადგენენ, არსებულ ვითარებას მთელი სიცხადით წარმოგვიდგენს დოსტოევსკის ცნობილი ციტატა: „საუკეთესო გზა, რათა პატიმარს გაქცევა არასოდეს მოუნდეს – მან არ უნდა იფიქროს, რომ ციხეშია“. „დიფ სთეითს“ სხვადასხვა ქვეყანაში, საკუთარი გეგმების შესრულებაში ეხმარება პოლიტიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ჩვენ აგენტურას სრულიად დამსახურებულად ვუწოდებთ, თუმცა, ამ პროცესებში, აგენტების გარდა, მონაწილეობს მასა, რომელიც „სასარგებლო იდიოტებისგან“ შედგება. დღეს, რუსთაველზე მდგარი ადამიანები, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას სუვერენიტეტი დააკარგვინონ, ამის ნათელი მაგალითია. საბედნიეროდ, სასარგებლო იდიოტების რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც დიდწილად დაკავშირებულია ქართველი ხალხის სიბრძნესთან, თუმცა, ასევე აღსანიშნავია ხელისუფლების მუდმივი მუშაობა, აქტიურობა, რათა საზოგადოება ფხიზლად იყოს, ეს პროცესი კი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს.

ბოლო დღეებში განსაკუთრებით გამძაფრდა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების, მათ შორის პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან „დიფ სთეითის“ და ფონდების, USAID-ისა და NED-ის მწვავე კრიტიკა. მარტო ბოლო ერთ კვირაში: პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაქვეყნა სტატია „დიფ სთეითთან“ ბრძოლის შვიდი თვე“, სადაც აღნიშნავს, რომ აშშ-სთვის სახელმწიფოებრივი ინტერესია მისი დამარცხება. მარკო რუბიომ USAID-ს კიდევ ერთხელ უწოდა ანტიამერიკული, რევოლუციების დამფინანსებელი კორუფციული ფონდი, ხოლო ჯეი დი ვენსმა NED-ზე განაცხადა, რომ „გზას აცდენილი“ ორგანიზაციის დახურვა ამერიკელ ხალხს დაუბრუნებს კონტროლს მათ გადასახადებზე. მაშინ, როდესაც აშშ-ში ასე ღიად ამხელენ და აკრიტიკებენ კორუმპირებულ NGO ორგანიზაციებს, ნახეთ, როგორი კონტრასტია ევროპაში ამ კუთხით – საქართველოს პროკურატურის მიერ, ძალადობრივი აქციების ორგანიზებაში მხილებული NGO-ების ანგარიშების დაყადაღებამ „დიფ სთეითის“ მიერ ღიად მართული ევროკავშირის და ცალკეული ქვეყნების აღშფოთება გამოიწვია. ფაქტობრივად, ევროპამ უთხრა საქართველოს მთავრობას – როგორ გაბედეთ და შეეხეთ იმ ორგანიზაციებს, რომლის ხელით რევოლუციებს გიწყობთო… კიდევ ერთხელ, მოკლედ რომ შევაჯამოთ ერთი შეხედვით უცნაური კონტრასტი – აშშ აღიარებს არასამთავრობოთა დესტრუქციულ როლს, მათ მონაწილეობას რევოლუციებსა და არეულობებში, ხოლო „დიფ სთეითის“ მორჩილი ევროპა კბილებით იცავს აშშ-ის მიერ კორუმპირებულად შერაცხულ NGO-ებს.

რა ხდება? ნუთუ ტრამპის პოლიტიკასა და ევროპელთა მოსაზრებებს შორის ასეთი კარდინალური სხვაობაა? ნუთუ ეს დაპირისპირება და კონტრასტი რეალურია? სწორედ ეს არის მთავარი კითხვები და ვეცდები, მარტივად და გასაგებად ავხსნა რეალობა. ცხადია, არანაირი კონტრასტი და აზრთა სხვაობა არ არსებობს, ყველაფერი ერთი ხელით მართული პროცესია, რის უკანაც „დიფ სთეითი“ დგას. ოლიგარქიული ოჯახები ახლა გამალებით ცდილობენ, რომ მათი მმართველობის რებრენდინგი მოახდინონ და ის, რაც საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რაც გაცხადებულია მათ შესახებ – საერთოდ გააქრონ მოქმედებათა არეალიდან. ოჯახების მთელი ენერგია ახლა მიმართულია სწორედ იმისკენ, რომ ამერიკა გაწმინდონ „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მოახდინონ მისი რებრენდინგი და ძველი, აპრობირებული მეთოდები მთლიანად ევროპაში ჩატოვონ, თანაც უფრო აგრესიულად და ღიად. ასე აიხსნება ის კონტრასტი NGO-ების მიმართ, რაც აშშ-სა და ევროპას შორის არის. რაც შეეხება „დიფ სთეითის“ რებრენდინგს და ამ ფარულ პროცესში ტრამპის მართლაც შესაშურ სამსახიობო ოსტატობას, მისი ხელით ოლიგარქიულმა ოჯახებმა თითქმის დაასრულეს ევროპის ძარცვა აშშ-ის სასარგებლოდ. რუსეთ-უკრაინის ომი მთლიანად ევროპას ჩამოჰკიდეს „კისერზე“, ამერიკული იარაღის ყიდვა ევროპის ვალდებულება გახადეს, ცალმხრივი, 15%-იანი სავაჭრო ტარიფები დაუწესეს, 600 მილიარდის ნავთობის შეძენასა და 750 მილიარდი დოლარის ინვესტიციებზე მათივე აგენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს ხელი მოაწერინეს და საბოლოოდ დააყენეს ევროკავშირი მუხლებზე. ახლა ლოგიკური კვანძი გავხსნათ – აშშ-ის ოფიციალური პირების მიერ აღიარებულია, რომ ევროკავშირს, უნგრეთის, სერბეთისა და სლოვაკეთის გამოკლებით სწორედ „დიფ სთეითი“ მართავს, რასაც დიდი მიხვედრა და მტკიცება არ სჭირდება. როგორ ფიქრობთ, „დიფ სთეითის“ მიერ მართულმა ევროპამ იმ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ გააკეთა ყველაფერი, რომელიც თითქოს „დიფ სთეითს“ ებრძვის? როგორ ფიქრობთ, ოლიგარქიულმა ოჯახებმა საკუთარი თავის წინააღმდეგ ტრამპს გამარჯვების ქულები ჩაუწერეს? არა, ცხადია. ტრამპიც, რუბიოც და ვენსიც ამ დიდ გადალაგებაში მონაწილეობენ, რასაც „დიფ სთეითის“ ნამოქმედარისგან, მათი ღიად დაშავებულისგან აშშ-ს გაწმენდა ჰქვია. ისინი ყველაფერს წინა ადმინისტრაციას აბრალებენ და თავად სუფთა ფურცლიდან, ახალი მეთოდებით ასრულებენ პატრონების დავალებებს. ოლიგარქიულმა ოჯახებმა ევროპაში საკუთარი გეგმები 110%-ით შეასრულეს. დაანგრიეს ევროპის ეკონომიკა, დაასუსტეს რუსეთი, ჩაუჭრეს მას შუა აზია, ცხვირწინ ააცალეს სომხეთი და აზერბაიჯანი, აზიური ტვირთებისთვის გააკეთეს ალტერნატიული დერეფანი ზანგეზურზე და ეს დერეფანი 100 წლით იყიდეს… ახლა, როდესაც ყველაფერი სათავისოდ დაალაგეს, ოლიგარქიულ ოჯახებს, იგივე „დიფ სთეითს“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში შელახული რეპუტაციის აღდგენა და იმ მეთოდების ცვლილება სჭირდება, რაც ხალხმა უკვე იცის და საყოველთაოდ გაუვრცელდათ. სწორედ ამას ვგულისხმობ „დიფ სთეითის“ რებრენდინგში“, – აღნიშნავს შათირიშვილი.

როგორც შათირიშვილი აცხადებს, მიხეილ ყაველაშვილის ღია წერილში, რომელიც მან დონალდ ტრამპის გაუგზავნა, სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა.

„პრეზიდენტ ყაველაშვილის წერილს რაც შეეხება, რომელიც თავში ვახსენე, იმედი მაქვს, ეს წერილი, რომელშიც სწორად არის გადმოცემული ყველა წუხილი თუ გარკვეული წყენა, მანიშნებელია, რომ სამთავრობო ვერტიკალში აცნობიერებენ პროცესების სინამდვილეს და აცნობიერებენ იმას, რომ არანაირი „დიფ სთეითთან“ მებრძოლი ტრამპი არ არსებობს. ის უზარმაზარი ვაკუუმი, რაც აშშ-მა ხელოვნურად შექმნა საქართველოსთან ურთიერთობაში და რაზეც ბატონი ყაველაშვილი მიანიშნებს, სწორედ რომ ამის დასტურია. როდესაც საქართველოს პრეზიდენტი წერს ტრამპს – თუ მთელი მსოფლიო დაალაგეთ, როგორც ამბობთ, საქართველოსთან ურთიერთობის დალაგება რა გაგიხდათო – სწორედ აქ არის ძაღლის თავი დამარხული. ტრამპი, ანუ „დიფ სთეითი“ არ ჩქარობს, მას უნდა, რომ ნაბიჯის გადადგმამდე მაქსიმალურად დაასუსტოს, პრობლემები შეუქმნას მის მიერ არაკონტროლირებად საქართველოს მთავრობას და როდესაც საუბრის დრო მოვა, მათ სურთ, მაგიდასთან საქართველო მაქსიმალურად „გალახული“ იჯდეს. ამიტომ, უახლოეს პერიოდში კიდევ უფრო ბევრი და მძაფრი პროვოკაციაა მოსალოდნელი „დიფ სთეითის“ მართული ევროკავშირისგან, და არა მხოლოდ. ფრთხილად უნდა ვიყოთ ნებისმიერი მიმართულებით! მიუხედავად სიტუაციის სიმძიმისა, მაინც ვფიქრობ, რომ, ერთი მხრივ, არსებული ვაკუუმის, მეორე მხრივ, „დიფ სთეითის“ რებრენდინგის პროცესი და ვადები ხელისუფლებამ სათავისოდ უნდა გამოიყენოს, მაქსიმალურად გაიძლიეროს პოზიციები ქვეყანაში და საბოლოოდ ჩახსნას პოლიტიკური პროცესიდან კრიმინალების ბანდა, რასაც დღეს „ოპოზიცია“ ეწოდება. შედეგად კი, როდესაც „ლაპარაკის დრო“ დადგება, ჩვენი ქვეყანა ნებისმიერ ოპონენტთან არათუ სუსტად, არამედ მტკიცედ და მყარად წარდგება“, – აღნიშნავს შათირიშვილი.