Home Blog Page 22

13 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა, სწორედ დღეს მოიძიოთ თქვენთვის სასურველი ინფორმაცია უძრავ ქონებასთან დაკავშირებით. ოჯახი თქვენი მთავარი საყრდენი და ძირითადი ძალაა. წინ უქმეებია და აუცილებლად დაგეგმეთ დასვენება.

კურო

კარგი იქნება, თუ თქვენს სურვილებსა და პრობლემებს ახლობელ ადამიანებს გაუზიარებთ. შეეცადეთ, ირგვლივ მშვიდი მყუდრო და კომფორტული გარემო შეიქმნათ და მეტად იურთიერთოთ პოზიტიურ ადამიანებთან.

ტყუპები

ყველა მიზანი და გეგმა მიღწევადია იმ პირობით, თუ არ დაარღვევთ მიღებულ და დადგენილ ნორმებს. იმოქმედეთ კანონით მიღებულ საზღვრებსა და ზომიერების ფარგლებში.

კირჩხიბი

ყურადღებით მიადევნეთ თვალი მიმდინარე მოვლენებს. შესაძლოა, გაიუმჯობესოთ მდგომარეობა, როგორც საქმიან, ასევე პირად ურთიერთობებში. მოაწესრიგეთ და სისტემაში მოიყვანეთ ინფორმაციები და საქმიანი ქაღალდები.

ლომი

პირად ურთიერთობებში, ნუ იქნებით ძალიან პრეტენზიული და ზედმეტად მომთხოვნი, შეეცადეთ, აკონტროლოთ ემოციები. კარგია ქალაქგარეთ გასვლა.

ქალწული

სასურველია, გადახედოთ უახლესი დღეების გეგმებს, არის შენაძენის ალბათობაც. ელოდეთ, დიდი ხნის უნახავ ნათესავ – მეგობართა მოულოდნელ სტუმრობას. დაგეგმეთ უქმეებზე დასვენება.

სასწორი

სასურველია, დროულად მოაგვაროთ საქმეში დაშვებული ხარვეზები და კორექტივებიც შეიტანოთ სამომავლო გეგმებში. ყურადღება გამოიჩინეთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან. ძალიან ნუ გადაიღლებით.

მორიელი

გაგახარებთ ინფორმაცია, რომელსაც ელოდებოდით. აუცილებლად გამონახეთ დრო მეგობრებისა და დასვენებისთვის.

მშვილდოსანი

შესაძლოა, სასიყვარულო სამკუთხედში აღმოჩნდეთ, გამოიჩინეთ წინდახედულობა და შეეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ. ემოციები მაქსიმალურად გააკონტროლეთ.

თხის რქა

შესაძლოა, თქვენს გარემოში სიახლეები აღმოაჩინოთ და ყველაფერი უფრო სხვა, საინტერესო კუთხით დაინახოთ. არის ახალი ფინანსური პერსპექტივების ალბათობაც.

მერწყული

შეეცადეთ, ახლებურად დაალაგოთ პრიორიტეტები, ეს დაგეხმარებათ სწორად და გონივრულად გადაჭრათ პრობლემები, მთავარია, ყველაფერი ხმაურისა და კონფლიქტების გარეშე მოაგვაროთ.

თევზები

შესაძლოა, რაიმე დაუსრულებელმა საქმემ თქვენგან ახლებური მიდგომა და ხედვა მოითხოვოს, რათა დადოთ ხარისხიანი შედეგი. მოიძიეთ მხარდამჭერები და გაბედულად შეუდექით საქმიანობას, საბოლოოდ, ყველაფრით კმაყოფილი დარჩებით. ნუ დაივიწყებთ, რომ დასვენება აუცილებელია.

გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები – არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, მივლინებაში ვიმყოფებოდი – გივი მიქანაძე

გასული დღეების განმავლობაში და დღეს განსაკუთრებით, გახარიას პარტიის წარმომადგენლების მხრიდან გაჟღერდა გარკვეული ბრალდებები, რომელიც, რა თქმა უნდა, დეზინფორმაციულ ხასიათს ატარებს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, რითაც გამოეხმაურა ბრალდებებს იმის შესახებ, თითქოს ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო და „ციხის ბუნტის” თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა.

როგორც მიქანაძემ აღნიშნა, სურს საზოგადოებას განუმარტოს, რომ გახარიას პარტიის წარმომადგენლების განცხადება, თითქოს, ის ზურაბ ადეიშვილის მოადგილე იყო, სრული სიცრუეა. მისი თქმით, ამ ინფორმაციის გავრცელება იმ დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტია, რომლითაც ოპონენტები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ აბსოლუტურად არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან, კომენტარი გავაკეთო ჭორიკანა პოლიტიკოსებზე, რომლებიც მოღალატე გახარიას მიეკედლნენ და ცდილობენ სრულიად აბსურდული ინფორმაციის გავრცელებას. მაგრამ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი საზოგადოების მიმართ მაქვს უდიდესი პატივისცემა და არ მინდა რომ საზოგადოება შეცდომაში იყოს შეყვანილი, მინდა გავაკეთო საზოგადოებისთვის განცხადება იმის თაობაზე, რომ პირველ რიგში, მე არასოდეს დამიმალავს, რომ 2005 წლის ოქტომბრიდან 2008 წლის იანვრამდე ვიყავი იუსტიციის მინისტრის მოადგილე, თუმცა, სრულიად დეზინფორმაციულია და სიმართლეს არ შეესაბამება არაერთი განცხადება, რომლებიც წლების განმავლობაში ისმის სხვადასხვა დროს, რომ თითქოს, მე ვიყავი ზურაბ ადეიშვილის მოადგილე. არასოდეს ზურაბ ადეიშვილის მოადგილე მე არ ვყოფილვარ და ეს მარტივი გადასამოწმებელია. აქაც ჩანს ამ ადამიანების დესტრუქციული და მიზანმიმართული კამპანიის კომპონენტი, რომელსაც ცდილობენ, რომ საზოგადოებაში მიზანმიმართულად გაავრცელონ.“ – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ციხის ბუნტზე ინფორმაციას არ ფლობდა და ამ პერიოდში მივლინებაში იმყოფებოდა, რაც მარტივად გადამოწმებადია. როგორც დეპუტატი აღნიშნავს, მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელების მიზანი მმართველი გუნდისთვის ტალახის სროლა და პირადად მისი დისკრედიტაციის მცდელობაა. ამასთან, გივი მიქანაძემ, საჭიროების შემთხვევაში, სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატა.

„მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ არასოდეს ვყოფილვარ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი. როდესაც შემომთავაზეს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოზიცია, მაგ დროს ვმუშაობდი საერთაშორისო ორგანიზაციაში, იქიდან გადავედი და ჩემი ერთ-ერთი მიმართულება და საქმიანობა უკავშირდებოდა პენიტენციურ სისტემაში პატიმართა რესოციალიზაციას – ეს მინდა ხაზგასმით აღვნიშნო. რაც შეეხება ბრალდებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ბუნტთან დაკავშირებით თურმე მე ვიღებდი რაღაც გადაწყვეტილებებს, აბსურდულია, მარტო იმიტომ, რომ ბუნტის დაწყების დღეს, ელემენტარულად მე ვიყავი მივლინებაში და ამის შესახებ არსებობს მინისტრის მიერ ოფიციალურად გამოცემული ბრძანება. ამიტომ, ამ ჭორიკანა პოლიტიკოსებს მოვუწოდებ, აუცილებლად შეიტანონ რაც მოფიქრებული აქვთ, უსაფუძვლო და სრულიად აბსურდული დოკუმენტი პროკურატურაში. თვითონვე იციან, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს, მაგრამ, მათი ერთადერთი მიზანია, რომ მმართველ გუნდს როგორღაც ტალახი ესროლონ. შესაბამისად, ამ შემთხვევაში, იმდენად დისკრედიტირებული არიან, იმდენად არაფერი აქვთ სათქმელი საზოგადოებისთვის, რომ ცდილობენ, რაღაც აბსურდული თეორიების შექმნას და ამით საზოგადოების მოტყუებას. მე მზად ვარ სამართალდამცავ ორგანოებთან ვითანამშრომლო, აბსოლუტურად პასუხისმგებელი ვარ ნებისმიერი ჩემს გადაწყვეტილებაზე და ნაბიჯზე.

კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ჭორიკანა პოლიტიკოსების განცხადებას არ ვეხმაურები, მე უბრალოდ პატივს ვცემ ჩვენს საზოგადოებას და არ მინდა, რომ საზოგადოებაში ცრუ ინფორმაცია იყოს გავრცელებული. არანაირი ინფორმაცია ბუნტთან დაკავშირებით არ მქონდა, ამის შესახებ შემდგომში გამოძიებაც ჩატარდა, შესაბამისად, მასალები არსებობს და კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ ამ დეზინფორმაციის გავრცელების მიზანია ჩვენი გუნდისთვის ტალახის სროლა, პირადად ჩემი დისკრედიტაციის მცდელობა, მაგრამ, მზად ვარ, ნებისმიერ ფორმატში თუკი საჭიროება იქნება, სამართალდამცავ ორგანოებთან შესაბამისი თანამშრომლობისთვის, გამომდინარე იქიდან რომ არსებობს ყველა მტკიცებულება იმისა, რომ მე ბუნტის დაწყების დღეს მივლინებაში ვიმყოფებოდი.“ – განაცხადა გივი მიქანაძემ.

რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში – კახა კალაძე

ჯერ ერთი – რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში, მე არ ვიცი მსგავსი ტიპის კანონი, არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის რუსული კანონი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა, როდესაც მას აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის განცხადების შეფასება სთხოვეს იმასთან დაკავშირებით, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი რუსული კანონის ანალოგს წარმოადგენს.

„გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები, ვისი ინტერესია, რა ინტერესია, ეს ყველაფერი ცხადი უნდა იყოს, თუმცა აქ ერთი რამ არის მთავარი – ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს და ამ ეჭვს ის კონკრეტული დაფინანსებები ადასტურებს, რომელიც ხელშემწყობი იყო რევოლუციური სცენარებისთვის, ექსტრემისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ დასაფინანსებლად და საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეტალურად, ვინ დგას ამის უკან, რომელი სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ ამ ერთ რამეს ითხოვს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული უცხო ქვეყნების წარმომადგენლების პოლიტიკური გზავნილების მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაპირისპირების გაჩენაა.

„როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, იგივე მესიჯები იყო, აი, თქვენ კარგი ხართ, ქართველები, იმსახურებთ ევროპას, თუმცა ხელისუფლება გყავთ ცუდი, ეს ბრიყვული მესიჯი ჰქონდათ მაშინაც. მცდელობა იყო, რომ საზოგადოება დაეპირისპირებინათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი კაცი არის გონიერი და რეალურად ხედავს, რა მოცემულობა გვაქვს დღეს და ყველა ის ადამიანი, რიგითი მოქალაქე, ვისაც უყვარს ქვეყანა და უნდა მშვიდობის შენარჩუნება, არავის არ მისცემს იმის ფუფუნებას და უფლებას, საკუთარი ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა, შვილები, შვილიშვილები ჰყავს, გამოაყენებინოს ვიღაცას ვიღაცის ინტერესების გასატარებლად, რომ მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ გვაქვს უკრაინაში. არავის მივცემთ იმის უფლებას, საქართველოში მივიღოთ იგივე მდგომარეობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თურქეთიდან საქართველოში ბესიკ ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულის, ფარიდ გურბანოვის ექსტრადირება განხორციელდა

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს, 12 სექტემბერს, ბესარიონ ხარძიანის შეკვეთით განზრახ მკვლელობაში მსჯავრდადებულის ფარიდ გურბანოვის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადირება განხორციელდა.

ამის შესახებ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

„ფარიდ გურბანოვი საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ინტერპოლის საერთაშორისო არხებით 2015 წლის 28 აპრილიდან იძებნებოდა. დადგენილია, რომ ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის მიზნით, 2015 წლის 13 იანვარს, ფარიდ გურბანოვი, ოლექსანდრ დამეტოვის სახელზე შედგენილი უკრაინის რესპუბლიკის მოქალაქის ყალბი პასპორტის გამოყენებით, თანამზრახველთან ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ჩამოსვლისთანავე დამნაშავეებმა მკვლელობისთვის მომზადება დაიწყეს და ამ მიზნით თბილისში, პეკინის გამზირზე ხანგრძლივი ვადით, საცხოვრებელი ბინა იქირავეს. მათ სპეციალურად შეიძინეს „ჰონდას“ მარკის ისეთი მოპედი (სკუტერი), რომელსაც რეგისტრაცია არ ესაჭიროებოდა, გადაადგილდებოდნენ ჩაფხუტით და ორმხრივი ქურთუკით. მკვლელობისთვის ხელსაყრელი დროის შესარჩევად, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა მორიგეობით დაიწყეს ბესარიონ ხარძიანის გადაადგილების კონტროლი.

დამნაშავეები თვალთვალისას და ნაქირავებ ბინაში ცხოვრებისას მაქსიმალურად ინარჩუნებდნენ კონსპირაციას. ისინი სისტემატიურად იცვლიდნენ ტანისამოსს, ცვლიდნენ გადაადგილებისას მარშრუტის გზებს და საშუალებებს. 2015 წლის 28 მარტს, შუადღის საათებში, ბესარიონ ხარძიანი, რომელსაც ფარიდ გურბანოვი უთვალთვალებდა, ქალაქ თბილისში, მარაბდის ქუჩაზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლთან მივიდა. სადარბაზოში შესვლისას მას შეჰყვა ფარიდ გურბანოვი და „მაკაროვის“ სისტემის მაყუჩიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან ბესარიონ ხარძიანის მიმართულებით სამი გასროლა, მათ შორის თავის არეში ერთი საკონტროლო გასროლა განახორციელა. აღნიშნულის შედეგად, ბესარიონ ხარძიანი ადგილზე გარდაიცვალა.

იმავე დღეს, ფარიდ გურბანოვმა და მისმა თანამზრახველმა სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველო დატოვეს. ფარიდ გურბანოვი სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულია შეკვეთით განზრახ მკვლელობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტებზე და მისჯილი აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა.

რაც შეეხება ფარიდ გურბანოვის თანამზრახველს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს, მას მკვლელობაში დახმარებისთვის მისჯილი აქვს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა და მისი დაკავებისა და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა გრძელდება. გვსურს მადლობა გადავუხადოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ერთობლივ საგამოძიებო ჯგუფში გაწეული ეფექტიანი მუშაობისთვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა განსაკუთრებული მძიმე დანაშაულის გახსნა.

ასევე, მადლობას ვუხდით იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, მათი კომპეტენციის ფარგლებში ექსტრადირებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარებისთვის. აქვე გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ უწყებებს წარმატებული თანამშრომლობისთვის. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გრძელდება გამოძიება ბესარიონ ხარძიანის განზრახ მკვლელობის შემკვეთის და დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების დადგენის მიზნით“,- განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.

ოლიმპიელებსა და პარალიმპიელების დაჯილოდების ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია – პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი

ორბელიანების სასახლის წინ, 13 სექტემბერს, საღამოს, 19:00 საათზე სახალხო ზეიმი გაიმართება, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტი ოლიმპიელებსა და პარალიმპიელებს დააჯილდოებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა ვლადიმერ ონოფრიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე დაპატიჟებულია ყველა, მათ შორის, პრემიერი ირაკლი კობახიძეც, თუმცა, როგორც ონოფრიშვილმა აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაციას მთავრობის მეთაურისგან არც დასტური და არც უარყოფა მიუღია.

„საღამოს, სასახლის წინ შეკრებილი საზოგადოება დახვდება ოლიმპიელებს, ამას ექნება ნამდვილად, სახალხო ზეიმის სახე, თავისი ყველა ატრიბუტიკით – თავისი მუსიკალური გაფორმებით, მუსიკალური ორკესტრით.

ასევე, ღონისძიების შემდეგ გაიმართება ლელა წურწუმიას და „ჩვენი ბენდის“ კონცერტი და ვფიქრობთ, მართლაც შედგება სახალხო ზეიმი- შეკრებილ საზოგადოებას ექნება საშუალება, შეხვდეს მათ კუმირ სპორტსმენებს, გადაიღონ სამახსოვრო ფოტოები და ყველამ ერთად მიულოცოს ჩვენს სპორტსმენებს გამარჯვება!

ჩვენ, ღონისძიებაზე დავპატიჟეთ ყველა, მათ შორის, პრემიერი, არც დასტური და არც უარყოფა არ მიგვიღია“ , – განაცხადა ონოფრიშვილმა.

რა სამწუხარო სანახავია, გვარით ქართველი ეკა გიგაური ამერიკაში დაკითხვაზე ზის და საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას – ლევან ნიკოლეიშვილი

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე ეკა გიგაურის გამოსვლას ეხმიანება, სადაც გიგაური ითხოვს საქართველოს და ხალხის არჩეული ხელისუფლების დასანქცირებას.

„რა სამწუხარო სანახავია, გვარით ქართველი ეკა გიგაური ამერიკაში დაკითხვაზე ზის და საქართველოს წინააღმდეგ აძლევს ჩვენებას… აგენტობის და უსამშობლოობის საუკეთესო გამოხატულება, ქალბატონი კაპიტანი.” – წერს ნიკოლეიშვილი.

გორში, პროექტის ”აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება გაიმართა 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და „საქართველოს ახალგაზრდული მედიაკავშირის” ინიციატივითა და ორგანიზებით, სასტუმრო „გორი ინნ”-ისა და „აჭარაბეთის” მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 12 სექტემბერს, გორში, სასტუმრო ”გორი ინნში”, სოციალური პროექტის_ “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” ფარგლებში, გაიმართა გრანდიოზული სპორტულ-კულტურული ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულმა პარასპორტსმენებმა – ვახტანგ ახობაძემ, ლევან მახათაძემ, ირმა ზვერიაშვილმა, ნინო საბაშვილმა და გიორგი სვინტრაძემ; ასევე, ომის ვეტერანებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა, საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილმა სამხედრო მოსამსახურეებმა, ონკოსაზოგადოების წევრებმა. მათთან ერთად, ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ოლიმპიური, მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატების ტიტულოვანი ქართველი სპორტსმენები_ გენო პეტრიაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვაჟა მარგველაშვილი, ლაშა გურული და მკლავჭიდში მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი, ომის ვეტერანი ზვიად ხაჩიძე. 

ღონისძიების ფარგლებში, გუნდური პრინციპით, ჩატარდა შშმ ვეტერანების, პარამკლავჭიდელებისა და ტიტულოვანი სპორტსმენების ინტეგრირებული შეჯიბრი მშვილდოსნობაში; ერთმანეთს დაუპირისპირდა 5 გუნდი, რომელთა შემადგენლობაში, პარასპორტსმენებთან და ვეტერანებთან ერთად, ასპარეზობდნენ ჩვენი ქვეყნის ტიტულოვანი სპორტსმენები, ასევე, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, ომის ვეტერანი ლევან ხარაბაძე, მისი მოადგილე, მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი, 1980 წლის ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორი, საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში, თემურ ხუბულური, გორის მუნიციპალიტეტის მერი, 2016 წლის რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 3-გზის და მსოფლიოს ჩემპიონი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი თავისუფალ ჭიდაობაში, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და სასტუმრო ”გორი-ინნ”-ის წარმომადგენლები. 

ასპარეზობა, თითოეული მონაწილისთვის, ხალისიანი და საინტერესო გამოდგა. გუნდურ ორთაბრძოლაში, გამარჯვება მოიპოვა პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორის, ირმა ზვერიაშვილის გუნდმა, ხოლო ინდივიდუალურ ასპარეზობაში, პირველობა არავის დაუთმო სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში, ლევან ხარაბაძემ.  

როგორც გამარჯვებულებს, ასევე, ასპარეზობის თითოეულ მონაწილეს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული მედლები, სიგელები და საჩუქრები გადაეცათ. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის “აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა” 5 მონაწილეს, პარამკლავჭიდში მსოფლიო ჩემპიონატის წლევანდელ გამარჯვებულებსა და პრიზიორებს ვახტანგ ახობაძეს, ლევან მახათაძეს, ირმა ზვერიაშვილს, ნინო საბაშვილს და გიორგი სვინტრაძეს პროექტის გენერალურმა სპონსორმა „აჭარაბეთმა”, სოლიდური ფულადი პრიზები გადასცა. 

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, მოადგილეები მირონ ჩიგოგიძე და ჯანდრი უბირია, დირექტორის მრჩეველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის წარმომადგენლები, ჭიდაობის ფედერაციის ხელმძღვანელი პირები და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე. 

პროექტი ხელს უწყობს გაეროს 2006 წლის კონვენციის 30-მუხლის იმპლემენტაციას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სრულ თანასწორუფლებრივი მდგომარეობის დამკვიდრებასა და საზოგადოებაში მათ სრულფასოვან ინტეგრაციას. 

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ვეტერანები, ”ახალგაზრდული მედიაკავშირის” ხელმძღვანელი, ხატია გავაშელი გულწრფელ მადლობას უხდიან პროექტის” აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა”და დღევანდელი ღონისძიების ყველა სპონსორსა და მხარდამჭერს, განსაკუთრებით, ღონისძიების მასპინძელს, სასტუმრო ”გორი ინნ”-ს.

მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დიდი წარმატებები, პირადი შედეგის გაუმჯობესება და წინსვლა – კახა კალაძე პარასპორტსმენებს 

სამშობლოში დაბრუნებული პარალიმპიელებისთვის სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში დახვედრის ცერემონია გაიმართა.

პარიზის ზაფხულის XVII პარალიმპიურ თამაშებზე მოასპარეზე პარასპორტსმენებმა ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალი ჩამოიტანეს, რაც ქართული პარასპორტის ისტორიაში უპრეცედენტო მაჩვენებელია.

ღონისძიებაზე პარალიმპიელებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.

„გვახსოვს, რამხელა იმედით გაგაცილეთ და მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად, მთელ საქართველოსთან ერთად ვიზიარებთ ამ უდიდეს, შეიძლება ითქვას, უპრეცედენტო წარმატებას, რაც კი აქამდე მოგვიპოვებია პარალიმპიადაზე. ბედნიერებაა, როდესაც შეგიძლია ასე გაახარო და გააერთიანო მთელი საქართველო. თქვენი წარმატება ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და მე იმედი მაქვს, კიდევ ბევრი გამარჯვების მოწმენი გავხდებით. ამ გამარჯვებების უკან ვხედავთ თქვენს უდიდეს ძალისხმევას. წლების განმავლობაში სპორტით ვიყავი დაკავებული და მესმის, რამხელა შრომა, ნებისყოფა და სულისკვეთებაა საჭირო იმისათვის, რომ მიაღწიო წარმატებას. ამისთვის მინდა თითოეულ თქვენგანს გადავუხადო ძალიან დიდი მადლობა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს მხარდაჭერას სპორტის მიმართ.

„ამავე დროს, ვხედავთ და გვეამაყება სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგიც. მინდა, მადლობა გადავუხადო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის, რაც გამოიჩინა თქვენ მიმართ და ზოგადად, რა დამოკიდებულებაც არის სპორტის მიმართ. მინდა იყოთ დარწმუნებულები იმაში, რომ ჩვენი მხრიდან ყოველთვის იქნება მხარდაჭერა, ეს იქნება ახალი ინფრასტრუქტურის შექმნა, სპორტსმენების წახალისება თუ მადლიერების გამოხატვა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ და გისურვოთ დიდი წარმატებები, პირადი შედეგის გაუმჯობესება და წინსვლა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, გვქონდა საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია – პრემიერი

2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში, 2024 წლის პარიზის თამაშებში კი უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა და აქედან 9 პარასპორტსმენი სამშობლოში პარალიმპიური მედლით დაბრუნდა, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პარალიმპიელებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც წვლილი შეიტანა ამ უნიკალური შედეგის მიღწევაში.

„ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადაგიხადოთ იმ უდიდესი წარმატებისთვის, რომელიც თქვენ გვაჩუქეთ. ჩვენ ჯერ ოლიმპიელებმა გვაჩუქეს რამდენიმე კვირიანი ზეიმი და ეს ზეიმი ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელეს ჩვენმა პარალიმპიელებმა, რომლებმაც უდიდეს წარმატებას მიაღწიეს. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში პარასპორტი ძალიან დიდი წარმატებით ვითარდება. 2012 წლის ჩათვლით, მხოლოდ 3 სპორტსმენს ჰქონდა მიღებული მონაწილეობა პარალიმპიურ თამაშებში და 2024 წლის პარიზის თამაშებში უკვე 14-მა პარალიმპიელმა მიიღო მონაწილეობა, რაც, რა თქმა უნდა, იმ ძალისხმევის შედეგია, რომელიც პარალიმპიურმა კომიტეტმა და თითოეულმა იმ ადამიანმა გასწია, რომელიც ამ წამოწყების გულშემატკივარია. განსაკუთრებული მადლობა კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომელიც ძალიან დიდ ყურადღებას უთმობს პარასპორტს, ყველა იმ ადამიანს მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო, ვინც დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში.

ცალკე აღნიშვნის ღირსია ის, რომ 14 მონაწილიდან 9 პარასპორტსმენი დაბრუნდა სამშობლოში პარალიმპიური მედლით, რაც ნამდვილად უნიკალური შედეგია. ჩვენ გვქონდა ამ შემთხვევაშიც საუკეთესო შედეგი გუნდურ ჩათვლაში, ისევე როგორც ოლიმპიური თამაშების შემთხვევაში, აქაც ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია საქართველოს გუნდმა, რაც ჩვენი განსაკუთრებული სიამაყის საგანია. მინდა, მადლობა გადავუხადო თითოეულ მედალოსანს, მადლობა მინდა, გადავუხადო ანა ჯაფარიძეს, რომელმაც პირველმა მოიგო მედალი და პირველ მედალს ყოველთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივია გუნდის სულისკვეთების გაძლიერებისთვის. მადლობა პარალიმპიურ ჩემპიონს, გიგა ოჩხიკიძეს, რაც იყო რა თქმა უნდა განსაკუთრებული და გამორჩეული მიღწევა. ყველა ძალიან გგულშემატკივრობდით თქვენ, ცოტა გვანერვიულეს, მაგრამ საბოლოო ჯამში, სიმართლემ გაიმარჯვა. მადლობა გიგა ოჩხიკიძეს პარალიმპიური ოქროს მედლისთვის. მადლობა მინდა გადავუხადო ვიცე-ჩემპიონებს – ლადო ჭინჭარაულს, ზურაბ ზურაბიანს, რევაზ ჩიკოიძეს და გიორგი ქალდანს და ასევე, ძალიან დიდი მადლობა ბრინჯაოს პრიზიორებს – ნინო თიბილაშვილს, ინა ქალდანს და აკაკი ჯინჭარაძეს,“ – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ასევე მადლობა გადაუხადა იმ პარალიმპიელებს, რომლებმაც ამ შემთხვევაში მედალი ვერ მოიპოვეს და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანის წვლილი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო საერთო წარმატებაში.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პარალიმპიური თამაშების იმ მონაწილეებს, რომლებსაც ამ შემთხვევაში არ გაუმართლათ, ვერ მოიგეს მედალი. პირველ რიგში, მადლობა ირმა ხეცურიანს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის პარასპორტის განვითარებაში ჩვენს ქვეყანაში. მადლობა ლია ჩაჩიბაიას, დავით ქავთარაძეს, გიორგი ნიკოლაძეს, ლაშა ხიზილაშვილს, თითოეული თქვენგანის წვლილი იყო განსაკუთრებული იმ საერთო წარმატებაში, რომელსაც ჩვენმა გუნდმა მიაღწია“, – განაცხადა პრემიერმა.

ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდეოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება – პრემიერი

ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, პარალიმპიელებზე იგივე ოდენობის ჯილდეოები გაიცემა, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარალიმპიელების დახვედრის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და ორდენები პარალიმპიელებს ხვალ გადაეცემათ.

„ჩვენ პარალიმპიურ თამაშებამდე გავაკეთეთ განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ოლიმპიური თამაშების ანალოგიურად, იგივე ოდენობის ჯილდოები იქნებოდა დაწესებული მედალოსნებისთვის და რა თქმა უნდა, ეს ჯილდეოები სათანადოდ გაიცემა უმოკლეს ვადებში. ამ შემთხვევაშიც მინდა აღვნიშნო, ყველა ის პარასპორტსმენი, რომელსაც არ აქვს მოგებული მედალი, ასევე 50 000 ლარის ოდენობის ჯილდოთი დაფასდება. თქვენი წარმატების დაფასება ჩვენი განსაკუთრებული ვალია. ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, მივიღეთ გადაწყვეტილება ყველა მედალოსნის დაჯილდოების თაობაზე, ისინი არიან წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ასევე ირმა ხეცურიანი არის წარდგენილი უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე და მწვრთნელები არიან წარდგენილი შესაბამის ჯილდოებზე. ორდენებზე წარდგენის შესახებ გადაწყვეტილება არის უკვე მიღებული და ეს ორდენები, უმაღლესი ჯილდოები ხვალ გადმოგეცემათ და წინასწარ მინდა მოგილოცოთ. მადლობა მინდა გადავუხადო პარალიმპიურ კომიტეტს, პირადად ბატონ რატის, განსაკუთრებული ძალისხმევისა და გულითადად მუშაობისთვის, მთელი სული და გული აქვს მას ჩადებული პარასპორტის განვითარებაში და მადლობა მას მის მიერ გაწეული საქმიანობისთვის. განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის, ბუნებრივია, ყველა შესაბამის ფედერაციას, მადლობა მინდა გადავუხადო კულტურისა და სპორტის მინისტრ ქალბატონ თეა წულუკიანს და მთლიანად სამინისტროს, ძალიან ბევრი ადამიანი იყო ჩართული იმ წარმატების მიღწევაში, რომელიც აქვს ჩვენს პარასპორტს ზოგადად და პარალიმპიურ გუნდს და მადლობა თითოეულ თანამშრომელს იმ განსაკუთრებული წვლილისთვის, რომელიც მათ აქვთ შეტანილი ჩვენს წარმატებაში. მადლობა მინდა გადავუხადო მწვრთნელებს, ექიმებს, ტექნიკურ ჯგუფს და კიდევ ერთხელ, განსაკუთრებული მადლობა პარალიმპიელებს, თქვენი გამარჯვება იყო თითოეული ქართველის, თითოეული გულშემატკივრის განსაკუთრებული სიამაყის საგანი და მადლობა იმ სიამაყისა და სიხარულისთვის, რომელიც განგვაცდევინეთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს არჩევნების მზადების პროცესზე ინფორმაცია მიაწოდა

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობები იყო დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისის წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის მთავარი თემა. ინფორმაციას ამის შესახებ ცესკო ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესის, საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების ინტერვენციის, ამომრჩეველთა ინფორმირების, აღნიშნულ არჩევნებზე სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციების და უწყების წინაშე დეზინფორმაციის გავრცელების კუთხით არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მიაწოდა. როგორც გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიესალმება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ჩართულობას 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებში. ცესკო-ს თავმჯდომარემ ასევე ისაუბრა საარჩევნო პროცესში ნეიტრალური და ობიექტური დაკვირვების მნიშვნელობის შესახებ.

„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიასთან, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას. შეხვედრის ფარგლებში ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ, რომელიც არჩევნების ადმინისტრირებას უკავშირდება. ვფიქრობ, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა და მათი რეკომენდაციებისა და შეფასებების გაზიარება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას უწყობს ხელს. 26 ოქტომბრის არჩევნებამდე ცოტა დრო რჩება, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაცია ცდილობს, არჩევნებში ჩართულ მხარეებს მიაწოდოს ინფორმაცია ყველა იმ აქტივობის შესახებ, რომელსაც ადმინისტრაცია საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისი არჩევნების ადმინისტრირებისთვის ახორციელებს“, – განაცხადა კალანდარიშვილმა.

„თავის მხრივ, ეუთო/ოდირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ ცესკო-ს თავმჯდომარეს დეტალური ინფორმაცია მიწოდა იმ დამკვირვებლების შესახებ, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნებს მთელი საქართველოს მასშტაბით დააკვირდებიან. მან ასევე ისაუბრა სადამკვირვებლო მისიის ანგარიშებზე, რომლებსაც ორგანიზაცია როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე არჩევნების შემდეგ გამოაქვეყნებს.

ეუთო/ოდირის მისიას, რომელიც დღეს ოფიციალურად შეუდგა მუშაობას, ოუენ მერფი ხელმძღვანელობს. მასთან ერთად დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ მისიის უფროსის მოადგილე მარსელ ნაჯი, საარჩევნო საკითხების ანალიტიკოსი მარცელა მაშკოვა, ანალიტიკოსი ანა მელიქიანი და ODIHR-ის საარჩევნო მრჩეველი/ოფიცერი საქართველოში ქსენია დაშუცინა.

შეხვედრა დღეს ცესკო-ში გაიმართა და მას ასევე დაესწრნენ ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, იურიდიული დეპარტამენტის უფროსი გიორგი სანტურიანი, ცესკო-ს სწავლების ცენტრის დირექტორი ნათია ზაალიშვილი და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე“, – ნათქვამია ცესკო-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

“ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის- რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად”-BBC

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბი-ბი-სი“-ს (BBC) რუსულენოვანი სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით: “ხაფანგი დონალდ ტრამპისათვის: რატომ თვლიან კამალა ჰარისს ტელედებატებში გამარჯვებულად“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატებს – დემოკრატ კამალა ჰარისსა და რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს შორის ფილადელფიაში გამართული პირდაპირი სატელევიზიო დებატების დროს, 90 წუთის განმავლობაში, მოქმედ ვიცე-პრეზიდენტს ყოფილი პრეზიდენტი წონასწორობიდან გამოჰყავდა. თუმცა ზოგადად ორივე ერთმანეთს აკრიტიკებდა და ნაკლებად ლაპარაკობდნენ თავიანთ შეცდომებზე და პოლიტიკურ პროგრამებზე.

ყველაფერზე, მაგრამ მთავარის გარეშე

მიუხედავად დაუსრულებელი შეხლა-შემოხლისა, კანდიდატებს, ფაქტობრივად არაფერი ისეთი არ უთქვამთ, რომელიც მემად, სამომავლო იდეად და სიმბოლოდ იქცეოდა, გარდა იმისა, რაც დონალდ ტრამპმა თქვა – მიგრანტები ისეთი უცნაური ხალხია, რომ ოჰაიოს შტატში მათ ამერიკელთა შინაური ცხოველების ჭამა დაიწყესო..
წინასწარი სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ტელემაყურებლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ და თვით კონსერვატორი კომენტატორებიც აღიარებენ, რომ ვიცე-პრეზიდენტი ექს-პრეზიდენტზე უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა. მაგრამ კამალა ჰარისის შტაბმა მთავარი კოზირი მოგვიანებით გაამჟღავნა: დებატების შემდეგ მომღერალ ტეილორ სვიფტს თურმე უთქვამს, რომ იგი თავის ხმას დემოკრატ კანდიდატს მისცემს.

სოციოლოგების თქმით, რომლებიც ეროვნული გამოკითხვების შედეგებს ეყრდნობიან, რომ 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგს პრაქტიკულად ვერავინ ვერ იწინასწარმეტყველებს, ამიტომაც დებატები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – მაყურებელთა შორის ჯერ კიდევ არიან ისეთები, რომლებსაც თავიანთი პოზიცია არ განუსაზღვრავთ.

დებატები პრეზიდენტობის ორი კანდიდატის პირველი პირადი შეხვედრაც გახლდათ – ისინი ერთმანეთს ადრე არ შეხვედრიან, თუ არ ჩავთვლით სენატორ კამალა ჰარისის დასწრებას დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, 2017 წლის 20 იანვარს.

რბოლა, რომლის შედეგი უცნობია

დონალდ ტრამპმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აშშ-ის ისტორიაში ყველაზე უარესიაო. ამერიკელთა უმეტესობას შეუძლია არ დაეთანხმოს ამგვარ მკაცრ შეფასებას, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ სანამ დემოკრატებმა კანდიდატი არ შეცვალეს, სოც გამოკითხვებით ტრამპს ნოემბრის არჩევნებში პრეზიდენტობას უწინასწარმეტყველებდნენ. ბაიდენის ჰარისით ჩანაცვლებამ რესპუბლიკელებს პრობლემები შეუქმნა. ამჟამად მათი მთავარი ამოცანაა მიმართონ კამალა ჰარისისაკენ ის უკმაყოფილება, რაც ამერიკელებს ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო აქვთ, განსაკუთრებით ეკონომიკაში. „კამალა ჰარისი იგივე ჯო ბაიდენია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა დებატების დროს, – თუ მას ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორება სურს, რატომ აქამდე არ გამოასწორა?“.

და მაინც, გამოკითხულთა 63%-მა ამ დებატების შემდეგ გამარჯვება კამალა ჰარისს მიაკუთვნა. „კამალა ჰარისმა დებატებში გაიმარჯვა, – წერს გაზეთ „უოლ სთრით ჯორნელის“ „თვალსაზრისის“ განყოფილება, რომელიც ტრადიციულად მხარს რესპუბლიკელებს უჭერს, – „მაგრამ გაიმარჯვა არა თავისი პროგრამის დამაჯერებელი გადმოცემით, არამედ დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ხაფანგის სწორი დაგებით“.

რასაკვირველია, დებატებში გამარჯვება სულაც არ ნიშნავს არჩევნებშიც გამარჯვებას: 2016 წელს ჰილარი კლინტონის ითვლებოდა ტელედებატებში გამარჯვებულად, მაგრამ დონალდ ტრამპმა იგი უშუალოდ არჩევნებში დაამარცხა.
საგულისხმოა ისიც, რომ „ნიუ-იორკ თაიმსში“ გამოქვეყნებული სოც გამოკითხვის შედეგები მიუთითებს, რომ კამალა ჰარისზე ამერიკელების ეიფორია თანდათან სუსტდება. დონალდ ტრამპი კვლავ წინ გაიჭრა, თუმცა მხოლოდ 1%-ით.

სხვა სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობენ, რომ ამომრჩევლები უპირატესობას კამალა ჰარისს აძლევენ, თუმცა სხვაობა ძალიან მცირეა. აქედან გამომდინარე, ვინ იქნება ნოემბრის არჩევნებში გამარჯვებული, ამის წინასწარმეტყველება არავის არ შეუძლია.
მაგრამ, დებატებში წარმატებული გამოსვლის გარდა, კამალა ჰარისმა 11 სექტემბერს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა არჩევნებში პოტენციური გამარჯვებისაკენ. ვიცე-პრეზიდენტმა გვერდით ამოიყენა მსოფლიოში პოპულარული მომღერალი, ამერიკელი პოპ-ვარსკვლავი ტეილორ სვიფტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: