Home Blog Page 22

პრემიერ კობახიძესთან შეხვედრა ყოველთვის სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე -ვიქტორ ორბანი

პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა სასიამოვნოა, ველოდებით მის სიტყვით გამოსვლას კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე, – ამის შესახებ ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში წერს.

„ყოველთვის სასიამოვნოა პრემიერ-მინისტრ კობახიძესთან შეხვედრა. მოუთმენლად ველოდები მის სიტყვით გამოსვლას ხვალ კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე“, -წერს ვიქტორ ორბანი.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა.

 ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის -ნიკა მელია

პოლიტიკური სიცხადის გარეშე საკითხები ვერ გადაწყდება, არათუ პოლიტიკური კრიზისი. განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებს გვმართებს, ვიყოთ მკაფიოები ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც აინტერესებს საზოგადოებას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა.

როგორც პაატა ბურჭულაძესთან და ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ მელიამ აღნიშნა, ქვეყანაში ღრმა პოლიტიკური კრისიზისია.

„ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებული საკითხი ჩემთვის არის იგივე ფარსი და ფარსში მონაწილეობას თუ ვინმე გეგმავს, ეს არ არის ის, რაც ამ ქვეყანაში კრიზისს განმუხტავს. ქვეყანაში არის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც ვერ გადაწყვეტს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები თავისი ბუნებიდან გამომდინარეც კი. თუ კი, რომელიმე ოპოზიციური პარტია „ლელო“, გახარია ამას უკვე თვეების განმავლობაში საუბრობს და გუშინ „ლელომ“ მკაფიოდ ისაუბრა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში შესვლა ვერ მიანიჭებს ივანიშვილს ხელისუფლებას ლეგიტიმაციას, რა თქმა უნდა აქ არის სერიოზული აცდენა. ბევრად მარტივი იქნება ცხოვრება მათთვისაც და ყველა დანარჩენისთვის, თუ მკაფიოდ და გულწრფელად იტყვიან რაც შეიძლება მალე სიმართლეს, აპირებენ მონაწილეობას, თუ არ აპირებენ“,- განაცხადა მელიამ.

მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, ეს საკითხი დახურული უნდა იყოს.

„არათუ ხურავენ ამ საკითხს, არამედ აბუყბუყებენ პროცესს, რომელიც აზიანებს, ჩემი აზრით, ქვეყნის ინტერესს. ქალბატონი ზურაბიშვილი გამობრძანდა რუსთაველზე და მისი პლატფორმის სახელით განაცხადა, რომ არავინ არ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას და მეტიც, ამ საკითხზე საუბარი, არის შემოგდებული ივანიშვილის. მეორე დღეს გამოდის „ლელოს“ წარმომადგენელი და დისკუსიისკენ მოუწოდებს საზოგადოებას ამ საკითხთან დაკავშირებით. ქალბატონმა ზურაბიშვილმა მაშინ უნდა თქვას, ის, რაც ბრძანა რუსთაველის გამზირზე, ეს იყო მისი პოზიციის გაჟღერება, თუ საუბრობდა პლატფორმის სახელით, ესეც გაუგებარია. სიცხადე არის შემოსატანი, თუ ვინმემ ვერ გაიგო, ესეც პრობლემაა.

ადგილობრივ არჩევნებზე გასვლა არ არის უბრალოდ შეცდომა, იქ გასვლა არის უდიდესი შეურაცხყოფის მიყენება თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საზოგადოებისთვის“,- აღნიშნა მელიამ.

კითხვაზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს ზურაბიშვილის მიერ ნახსენები ორი არჩევნები, მელიამ უპასუხა:

„აქ სხვა რამეზეა საუბარი, ვისი სახელით ისაუბრა ქალბატონმა ზურაბიშვილმა, უნდა გაეცეს პასუხი მისი მხრიდან. მისი პოზიცია ოყო ეს, თუ გაყვა პარტია გახარიას, თუ პარტია „ლელოს“. ეს ყველაფერი არ იცის საზოგადოებამ და უნდა გასცეს პასუხი“.

 “ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე”-მარკო რუბიო ილჰამ ალიევს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს და და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

“ამერიკელი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე.

ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებული შტატები აგრძელებს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მცდელობებს, რომლებიც გადამწყვეტია სამხრეთ კავკასიის კეთილდღეობისთვის. ჩვენ ვზეიმობთ აზერბაიჯანისა და სომხეთის მიერ წელს მიღწეულ შეთანხმებას სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე. ჩვენ ასევე ვაღიარებთ აზერბაიჯანის, როგორც ენერგიის მიმწოდებლისა და სატრანსპორტო კვანძის მზარდ მნიშვნელობას.

ჩვენი პარტნიორობა, რომელიც ბოლო 33 წლის განმავლობაში აშენდა, აგრძელებს უსაფრთხოების, ენერგეტიკის თანამშრომლობის და ეკონომიკური ზრდის საერთო ინტერესების განვითარებას. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის მხარი დაუჭიროს აზერბაიჯანის ფუნდამენტურ თავისუფლებებს, მათ შორის, პრესის თავისუფლებას, აზერბაიჯანის კონსტიტუციის შესაბამისად. ჩვენ მოუთმენლად ველით ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებას და ერთობლივ მუშაობას აზერბაიჯანისა და რეგიონისთვის მშვიდობიანი, აყვავებული მომავლის უზრუნველსაყოფად”, – აღნიშნულია მარკო რუბიოს მისალოც წერილში.

 ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა -შალვა პაპუაშვილი

ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ეს ჩვენთვისაც განსაკუთრებული დღეა, რადგან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი იმ დროისთვის პროგრესული სახელმწიფოები იყვნენ არა მხოლოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების გამო, არამედ იმით, თუ რა ფორმით მოხდა ეს.

„ვულოცავ აზერბაიჯანს და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ეს განსაკუთრებული მნიშვნელობის დღეა ჩვენთვისაც, ვინაიდან საქართველომ და აზერბაიჯანმა ერთად გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობა. იმ მომენტში აზერბაიჯანიც და საქართველოც აღმოჩნდა პროგრესული, არა მხოლოდ იმით, რომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, არამედ იმით, რა ფორმით მოხდა ეს ყველაფერი. აზერბაიჯანი იყო პირველი მუსლიმური ქვეყანა დემოკრატიული წყობილების, საქართველო იყო პირველი ქვეყანა, სადაც მაშინ პროგრესული სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ ხელისუფლებაში. ჩვენი წინაპრები იმ მომენტში არათუ მზად აღმოჩნდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ შექმნეს სახელმწიფოები, რომლებმაც შემდეგ, თითქმის 100 წლის თავზე, უკვე მეორე რესპუბლიკები წარმოშვა და ამ მემკვიდრეობაზე დგას ჩვენი დღევანდელი დამოუკიდებლობა.

მე მინდა, განსაკუთრებით მივულოცო დამოუკიდებლობის დღე ჩემს კოლეგას, აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს. საქართველოში მისი ბოლო ვიზიტის დროს ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს და ამით პარლამენტებს შორის ისედაც ძალიან მჭიდრო ურთიერთობა მოვაქციეთ მემორანდუმის ჩარჩოში. გაწერილი გვაქვს სწორედ ამ თანამშრომლობის ინტენსივობა და მიხარია, რომ გამორჩეული მეგობრობა და თანამშრომლობა არის ჩვენს პარლამენტებს შორის“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

28 მაისი აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის დღეა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ მიღება გამართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. შეკრებილებს შალვა პაპუაშვილმა მიმართა.

ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას-ირაკლი კობახიძე

ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ „იქსში“ წერს.

მთავრობის მეთაური უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან გამართულ შეხვედრას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მხარეებმა ორი ქვეყნის მზარდი თანამშრომლობა განიხილეს.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან. განვიხილეთ საქართველო-უნგრეთს შორის მზარდი პარტნიორობა. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უნგრეთის მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი და რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობისადმი ჩვენს საერთო ერთგულებას”, – დაწერა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა კიდევ ერთი თვით გაუგრძელა

პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, 86 ხმით, 2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას უფლებამოსილების ვადა ერთი თვით, მიმდინარე წლის 5 ივლისამდე გაუგრძელა.

დადგენილების მიღებამდე, საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა, პლენარულ სხდომაზე, კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის მეორე შუალედური ანგარიში წარადგინა, რომელიც 2025 წლის 13 თებერვლიდან 2025 წლის 23 მაისამდე პერიოდს მოიცავს.

თეა წულუკიანის განცხადებით, დღეისთვის საგამოძიებო კომისიამ 30-ზე მეტი საჯარო სხდომა გამართა და 100-ზე მეტი პირი გამოჰკითხა. მისივე თქმით, კომისიაში შესული 600-მდე განცხადებიდან 500-ზე მეტი დამუშავებულია და მათი ნახევარზე მეტი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ან და ამ გზით ჩამორთმეულ საკუთრებასა და ბიზნესს ეხება.

როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კომისიისთვის უფლებამოსილების ვადის ერთი თვით გახანგრძლივება, პირველ რიგში, 2013-2025 წლების პერიოდის კვლევისთვისაა საჭირო.

„ჩვენ მიერ განსახილველი ექვსი თემა ძალიან მასშტაბურია. მათგან მეექვსე საკითხი 2013 – 2025 წლების პერიოდს ეხება. ჩვენ გვევალება შევისწავლოთ ის დამაზიანებელი მოქმედებები, რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირები ან კიდევ ის პირები, რომლებიც დღეს პოლიტიკურ პარტიებში არიან გაწევრიანებული, ჩადიან სახელმწიფოსა და ქვეყნის წინააღმდეგ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე, განსაკუთრებით, საზღვარგარეთ. ეს თემა გამოსაკვლევად მიმდინარე წლის აპრილში გადმოგვეცა და შესაბამისად, ამ კონკრეტული თემის საკვლევად, დამატებითი ვადა გვჭირდება. ვადის გაგრძელების შემთხვევაში კი, საჯარო სხდომის ფარგლებში ჩვენ არაერთი პირი გვეყოლება გამოსაკითხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

მისი თქმით, საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს პარლამენტის მიერ კომისიისთვის განსაზღვრული ხუთი თემის: მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა, ბიზნესის რეკეტი, კორუფცია, მედიის თავისუფლება და 2008 წლის აგვისტოს ომი – კვლევა.

„მომდევნო თვეში ამ საკითხებზე მუშაობის მიმართულებით, ძირითადად დრო დაეთმობა დოკუმენტებზე მუშაობას და დასკვნის პროექტის შედგენის დასრულებას. დაგეგმილია, კომისიას 4-5 ივლისს, დასამტკიცებლად შევთავაზოთ დასკვნა, თუ ჩვენი მუშაობის პერიოდში რაიმე განსაკუთრებული წინაღობა არ გამოიკვეთა და ასეთ შემთხვევაშიც, მხოლოდ ბოლო 1 თვე დაგვრჩება სამუშაოდ.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კანონმდებლობა რომ იძლეოდეს შესაძლებლობას, მრავალი თვე არ ეყოფოდა იმ ბოროტების კვლევას, რომლის შესახებაც ვიცოდით და რომელთან დაკავშირებითაც, სხდომების კვალდაკვალ, სულ ახალ-ახალი ინფორმაცია ხდება ცნობილი“, – აღნიშნა კომისიის თავმჯდომარემ.

თეა წულუკიანის განცხადებით, მომდევნო თვეში დროებითი საგამოძიებო კომისია გეგმავს ხონში ჩასვლას, სადაც სასჯელაღსრულების ყოფილი დაწესებულებაა და დღეისათვის საქართველოში ის ერთადერთი ადგილია, სადაც სააკაშვილის დროინდელი კარცერებია შემონახული.

დონალდ ტრამპმა ილჰამ ალიევს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

წერილის შინაარს აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

„ამერიკელი ხალხის სახელით, მინდა მოგილოცოთ თქვენ და აზერბაიჯანელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს ურთიერთობას აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან და ვაფასებთ თქვენს პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, ენერგეტიკული უსაფრთხოების ხელშეწყობასა და თქვენს მეზობელთან მშვიდობის მისაღწევად მუშაობაში.

დიპლომატიური ურთიერთობების ოცდაათ წელზე მეტი ხნის ისტორიის განმავლობაში, ჩვენი ურთიერთობები მნიშვნელოვნად განვითარდა და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას ჩვენს ორმხრივ პრიორიტეტებზე, მათ შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას, ეკონომიკურ პარტნიორობას და ენერგეტიკის განვითარებას.

ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც მხარს უჭერს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ხანგრძლივ მშვიდობას. კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიაში კეთილდღეობას და შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობის მეტ შესაძლებლობას შექმნის. ახლა დროა, მივაღწიოთ მშვიდობას და დავიწყოთ სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის კეთილდღეობის ახალი ერა. ჩვენ მოუთმენლად ველით უფრო ღრმა პარტნიორობას მომავალ წლებში და ათწლეულებში“, – ნათქვამია წერილში.

ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისი მასშტაბურ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლებს

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2025 წელს ლარის მიმოქცევაში შესვლიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ორგანიზებით თბილისში მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე, სახელწოდებით „ნდობიდან მჭიდრო თანამშრომლობამდე“ მსოფლიოს 30-მდე ქვეყნის 300-ზე მეტი სტუმარი მიიღებს მონაწილეობას. მათ შორის, ბელგიის, ისლანდიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, მონტენეგროს, აზერბაიჯანის, თურქეთის, სომხეთის, ისრაელის, ინდოეთის, საუდის არაბეთისა და სხვა ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები. მოწვეულ სტუმრებს შორის ასევე არიან საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების – შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის, აზიის განვითარების ბანკის, მსოფლიო ბანკის და საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ასევე მსხვილი საერთაშორისო კომპანიების – Gojo & Company, Ant International-ის, The Global Finance & Technology Network-ის, ასევე საქართველოს საფინანსო სექტორისა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ სორბონის უნივერსიტეტისა და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორები, ბრეტონ ვუდსის ახალი კომიტეტისა და სხვა ცნობილი ორგანიზაციების წარმომადგენლები და ასევე ფინანსური სექტორის მაღალი რანგის ექსპერტები.

კონფერენციას გახსნის საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა. მონაწილეებს სიტყვით მიმართავს კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფრი საქსი.

პანელური დისკუსიების ფარგლებში მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ თემებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური სისტემა და მონეტარული პოლიტიკა, რეგიონული თანამშრომლობის ინიციატივები ფინანსური სექტორის განსავითარებლად, ახალი გამოწვევები და ცენტრალური ბანკების როლი რეგიონული თანამშრომლობის განვითარებასა და სხვა.

აღსანიშნავია, რომ ლარის საიუბილეო წლის განმავლობაში ეროვნული ბანკი სხვადასხვა აქტივობებს გამართავს. დაგეგმილია ლარი 30-ის საკოლექციო ოქროს, ვერცხლისა და სპილენძ-ნიკელის მონეტების პრეზენტაცია და რეალიზაცია, საკოლექციო დანიშნულების ბანკნოტისა და მარკის გამოშვება. გარდა ამისა, გამოიცემა სებ-ის განახლებული სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი, ქართული ფულისა და ლარის კატალოგები. მთელი წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით ასევე ჩატარდება სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო აქტივობები.

ლარი ქვეყნის ეროვნულ ვალუტად 1995 წლის 25 სექტემბრიდან შემოიღეს, ხოლო ამავე წლის 2 ოქტომბრიდან ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა. სიტყვა „ლარი“ ძველი ქართული სიტყვაა და ნიშნავს განძს, ქონებას, ხოლო, „თეთრი“ XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია.

რა ეღირება დოლარი და ევრო 29 მაისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7349 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7349 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7357 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0008 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0984 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1042 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0058 ლარი შეადგინა.

პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები -შალვა პაპუაშვილი

პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა FARA-ს კანონის ძალაში შესვლაზე საუბრისას.

მავნე აღნიშნა, რომ ყველა ის ადამიანი, რომელიც ეუბნება NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს, არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და დიპლომატიური ქცევის სტანდარტს.

„პირველი ივნისიდან ამერიკული კანონი (FARA) შედის ძალაში. ვნახოთ, ამერიკულ სტანდარტს თუ მაინც დაიცავენ NGO სექტორი და მათი დონორები. აგერ არის ამერიკული სტანდარტი, ამერიკული კანონი. ვნახოთ ერთი ისინი ფარისევლობდნენ, როდესაც რაღაც ნორმები არ მოსწონდათ, თუ რაიმე რეალური შენიშვნა ჰქონდათ. ეს არის პირდაპირ ერთი-ერთში გადმოღებული კანონი, რომელიც მოქმედებს ტრამპის ამერიკაში. ახლა თქვან, რომ არ მოსწონთ ტრამპის ამერიკა, ამერიკული კანონები, სტანდარტები და ამაში ჩვენ რას გვერჩიან, წავიდნენ, იციან სადაც არის საელჩო და იქ გააპროტესტონ ან დაემორჩილონ ამ კანონს.

მეორე განზომილება აქვს ამ კანონს, ეს არის დონორები, რომლებიც აგულიანებენ თავის NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს. ესეც არის დარღვევა. ზოგიერთი ელჩი, მათ შორის, რომელიც აგულიანებს NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს და ისინი დაეხმარებიან ყველანაირად, რომ შემდეგ რაღაც თუ იყო რეაქციები, ატეხონ მერე სკანდალი და ვაი-ვიში. ამ დონორებს და ელჩებს ვეტყვი, რომ დიპლომატებმა პატივი უნდა სცენ ადგილსამყოფელი ქვეყნის კანონმდებლობას. ყველა ის ადამიანი, რომელიც ეუბნება NGO-ებს, რომ არ დაემორჩილონ კანონს, არღვევს ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და დიპლომატიური ქცევის სტანდარტსაც. ამიტომ მინდა ყველას აქედანვე მოვუწოდო, რომ არ უარყონ ამერიკული სტანდარტი“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

ამერიკული კანონის ზუსტი ასლის ამოქმედებამდე სამი დღე რჩება. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი და გამჭვირვალობა ოპოზიციას და მის მოკავშირე ენჯეოებს აშფოთებთ.

ბიძინა ივანიშვილი ყველაზე ახლო და სანდო ადამიანებს კარგავს და რჩება შიშველი, ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის – სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე წარმოგვიდგენია-სალომე ზურაბიშვილი

ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი ირაკლი კობახიძის, – ასე აფასებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვახტანგ გომელაურის მიერ შს მინისტრის თანამდებობის დატოვებას.

მისივე შეფასებით, სანქციები მოქმედებს.

„ჩვენ კიდევ უფრო ნათლად ჩამოშლის, რყევების პროცესს ვხედავთ. პრაქტიკულად, დღე არ გადის ისე, რომ [არ დავინახოთ] ახალი ნიშანი იმის, რომ ის პირველი წრე იშლება, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ მას აქამდე ამაგრებდა. ეს არის ნიშანი იმის, რომ ერთი მხრივ, სანქციები მოქმედებს და ბევრად მეტად მოქმედებს, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია. სხვათა შორის, ეს დამახასიათებელია სანქციების, რომ ის მოქმედებს ჯერ ნელ-ნელა და მერე აჩქარებული ტემპით.

მეორე ნიშანი ძალიან მნიშვნელოვანია. რეალურად, ამ ბოლო გადაადგილებებით, ბიძინა ივანიშვილი იმ ადამიანებს კარგავს, რომელიც მისთვის ყველაზე ახლო, სანდო და მისი საყრდენი იყვნენ. ის რეალურად შიშველი რჩება და ანაბარა ერთი – ირაკლი კობახიძის, რაც იმის მაჩვენებელი არ არის, რომ ეს რეჟიმი შინაგანი ძლიერებით სარგებლობდეს. ეს არის ის პოლიტიკური რეალობა, რომელსაც მათ თვალი უნდა გაუსწორონ.

ამავე დროს, ჩვენს დემოკრატიულ მეგობრებთან ყველა პარტნიორობა იკარგება, ესეც ნათელია. თუნდაც წერილები, გზავნილები ამერიკის საელჩოსთან, ადმინისტრაციასთან გაცვლა, იმის მაჩვენებელია, რომ დალაგებების იმედები სწრაფად ქრება, თუ არა ჩამქრალია. ეს არის ჩვენი დღევანდელი მდგომარეობა. მგონი, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ როგორც არასოდეს, უფრო მძლავრად უნდა ვიყოთ, ჩვენს თავში დარწმუნებული, რომ ეს ბრძოლა არის მართალი ბრძოლა და ეს არის ბრძოლა, რომელიც ბოლოს გამარჯვებას მოიტანს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში  -შალვა პაპუაშვილი

ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ დაყოფილი ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, „ბ“, „ც“ და ა.შ. ზოგიერთის თვალში სამყარო ჯერ კიდევ კატეგორიებად არის დაყოფილი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ტვინებში მე-20 საუკუნის რაღაც კუდებია შემორჩენილი. გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა, – ამის შესახებ პარლამენტის ტავმჯდომარემ, შალვა პაპაუშვილმა განაცხადა.

„ზოგიერთებს კატეგორიებად აქვთ ჩამოყალიბებული ქვეყნები, არსებობს „ა“ კლასის ქვეყნები, არსებობს „ბ“, „ც“ და ა.შ. აქედან გამომდინარე, ის, რაც მიუღებელია ბერლინში, მისაღებია თბილისში.  ამაზე ვიდეო შედარებაც გამოვაქვეყნე, ბერლინში როგორ ააფეთქეს შენობა მაშხალა და ადამიანი სისხლის სამართლებრივად დაიჭირეს და თბილისში როგორ ააფეთქეს პარლამენტის შენობა, რომელიც დაცვის უფრო მაღალი სტანდარტით სარგებლობს, ამაზე გვითხრეს, ეს არის მშვიდობიანი აქცია. ზოგიერთის თვალში სამყარო ჯერ კიდევ კატეგორიებად არის დაყოფილი, ზოგიერთი პოლიტიკური ჯგუფის ტვინებში მე-20 საუკუნის რაღაც კუდებია შემორჩენილი. გაერო-ს ქარტიისა და ადამიანის უფლებათა ევროპული დეკლარაციის არსებობის შემდეგ, ქვეყნების კატეგორიზაცია ყველას უნდა მიევიწყებინა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

მისი თქმით, კარგი მაგალითია ისიც, რომ როდესაც ელჩი ესარჩლება ადამიანს, რომელიც ფიზიკურად თავს დაესხა პოლიციელს და ამბობს, მის მიმართ არანაირი დევნა არ უნდა წარმოებდეს და მეორეს მხრივ, „ადამიანზე, რომელმაც ის ვერბალურად შეაწუხა, გვეუბნება, უნდა მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნაო“.

„ჩვენთან საელჩოები და დონორები არ გმობენ მათ მიერ დაფინანსებული ადამიანების თავდასხმას დეპუტატებზე. საუბარი როდესაც არის ადმინისტრაციულ დარღვევებზე, ამბობენ, რომ გადამეტებულია. მთელი ცინიზმია, რომ ელჩი ბათუმში ჩავიდა, რომ გამოსარჩლებოდა პოლიციელზე თავდამსხმელ ადამიანს და ეთქვა, ის არ უნდა დაისაჯოს. ამ დროს ბათუმში ჩასული ელჩი ვერბალურად რომ შეაწუხეს, ითხოვს სისხლის სამართლებრივ დევნას. აქ ხომ ჩანს ამ პროცესის ფარისევლობა“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.

მისი თქმით, ქართული სახელმწიფო ყველა საკითხზე რეაგირებს.

„ის ადამიანი შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოკითხა, რაც მათი კომპეტენციაა. ცინიზმია, რომ ჩვენ გვიკიჟინებენ, პოლიციელზე ფიზიკურად თავდამსხმელ ადამიანს გმირად აქცევენ, გერმანიის ელჩი იჯდა პლაკატის წინ, სადაც წერია – „თავისუფლება მზიას“, ანუ გმირად გვიცხადებს პოლიციელზე თავდამსხმელს და თავად ამბობს, რომ ის ვინც ვერბალურად შეაწუხა, მოხდეს სისხლის სამართლებრივი დევნა. რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაა. მინდა, ამის პოლიტიკური განზომილება გაჩვენოთ, თუ რამდენად უტიფარია ის ფარისევლობა, რომელსაც ხანდახან ვაწყდებით“, – განაცხადა შალვა პაპაუშვილმა.