Home Blog Page 2196

“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა ევროინტეგრაციის პერსპექტივას” – გიორგი ვაშაძე

კატარის ეკონომიკურ ფორუმზე ირაკლი ღარიბაშვილმა უმძიმესი დარტყმა მიაყენა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, – ასე შეაფასა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებები.

გიორგი ვაშაძის თქმით, ამას ქართველი ხალხი არ შეეგუება.

„მსოფლიო მედიისა და ლიდერების თვალწინ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, არამედ პუტინის პირადი წარმომადგენელი. მან ფაქტობრივად მხარი დაუჭირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც. უკრაინამ თუ უნდა დათმოს, მაშინ საქართველომაც უნდა დათმოს? ჩვენ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რამე უნდა დავთმოთ? მან ერთი ერთში გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს წლების წინ დუგინის მიერ შემუშავებული იდეოლოგიაა, რომლითაც ისინი მოსახლეობას წამლავენ.

„ბლუმბერგის“ შოკირებული ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, თქვენი ნათქვამით პუტინის ნარატივს აძლიერებთო? კონსტიტუციაში რომ გიწერიათ ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია, კვლავ ეს არის თქვენი მიზანიო? ჩვენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გვესაუბრებოდა, ეს იყო პრორუსი ბოტი, რომელსაც თავიდან ბოლომდე დაუწერეს ეს გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯით საუბრობს საქართველოს სახელით. ეს არის ყველაზე დამღუპველი. ვინმე კიდევ კითხვას დასვამს, რომ ამ ხალხს სამშობლო უყვარს და საქართველოს ევროინტეგრაცია უნდა? საქმე გვაქვს საქართველოს გაყიდვასთან და ეროვნული ინტერესების ღალატთან. მსოფლიო მასშტაბით საქართველოს სახელით გამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი და თავიდან ბოლომდე პუტინის პოზიციებს იცავს ყველა კომპონენტში, უბრალოდ, შოკია. ეს არის პირდაპირი გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ თავი დაგვანებეთ, ჩვენ გვინდა რუსეთი. არ გაგივათ, ამას ჩვენ არ გავატარებთ. არც ჩვენ და არც ქართველი ხალხი არ შეეგუება. ქართველი ხალხის ნების გაყალბებას თავი დაანებეთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

“აბსოლუტურად გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით”

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებულ საპანელო დისკუსიაზე სოციალურ ქსელში განიხილავს და აღნიშნავს, რომ თვალში მოსახვედრი იყო ჟურნალისტის არაკომპეტენტურობა.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის.

„ამდენი „ჩამჭრელი“ შეკითხვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრს კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ჩატარებული საპანელო დისკუსიის დროს დაუსვეს, მე არ მახსოვს. სამწუხაროა, როდესაც ამ დონის დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა „ჭუტავიზიების“ დონის ჟურნალისტი, აბსოლუტურად მოუმზადებელი ელემენტარულ საკითხებში და ირაკლი ღარიბაშვილს მუდმივად უწევდა მისი სწორი ინფორმირებულობის დონის ამაღლება.

რა იყო ყველაზე საინტერესო – გამოაშკარავდა ის ყველა ძირითადი საკითხი, რომელიც კოლექტიურ დასავლეთს აღიზიანებს საქართველოს მიმართ:

მიუხედავად ამერიკისა და ევროკავშირის მხრიდან რუსეთთან არშემწყდარი ეკონომიკური ურთიერთობების თვალთმაქცობისა და ფარისევლობისა, საქართველოს მინიმალური ტვირთბრუნვა რუსეთთან გამადიდებელი შუშით განიხილება;

მიუხედავად აშშ-სა და EU-ს რიგი წევრი ქვეყნების რუსეთთან არშემწყდარი პირდაპირი ავიაფრენებისა, მხოლოდ საქართველოს უყენებენ ამ კუთხით გაუგებარ პრეტენზიებს;

წამყვანმა ლამის პირდაპირი ტექსტით იკითხა, რატომ არ სურს საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების, ან სულაც მასთან პირდაპირ ომში ჩაბმის საფასურად, უკრაინის მსგავსად „სტატუსის“ მიღება. პრემიერის პასუხიც იყო მარტივი: „იმიტომ, რომ მას უყვარს საკუთარი სამშობლო და ის უფრთხილდება თითოეული საკუთარი მოქალაქის სიცოცხლეს, უსაფრთხოებასა და სტაბილურობას“;

იყო პირდაპირი მცდელობა, ჩინეთთან საქართველოს მზარდი და დადებითი პოლიტიკური, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები, საქართველოს მხრიდან „ანტიდასავლური“ პოლიტიკის ჭრილში გაეტარებინათ, რასაც პრემიერ-მინისტრმა ღირსეული და პრინციპულო პასუხი გასცა: ჩინეთი საქართველოს მეგობარი და პარტნიორი სახელმწიფოა;

ცოტაღა აკლდა წამყვანს, რომ საქართველოსთვის შემოეთავაზებინა, კონსტიტუციაში ევროინტეგრაციის დათქმასთან ერთან, უკრაინის ომში ჩაბმისა და რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის ვალდებულებაც შეტანილიყო;

უკრაინის მოქალაქე სააკაშვილზე ტრადიციული შეკითხვა იმდენად ამოვარდნილი იყო რეალობის კონტექსტიდან, რომ წამყვანის მხრიდან დავიდა აბსურდული დაპირების გამოთხოვაში: „სააკაშვილი ხომ არ მოკვდება საავადმყოფოში?“.

აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად გასაგები ხდება კოლექტიური დასავლეთის ყველა ფობია საქართველოს საგარეო და შიდა პოლიტიკურ კურსთან მიმართებით, რაც მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს: ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის. კიდევ ერთი ბრავო ქვეყნის პრემიერ-მინისტრს“, – წერს დავით ქართველიშვილი.

“კატარში პრემიერის გამოსვლა სამაგალითო იყო ” – მამუკა მდინარაძე

პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო სამაგალითო იმასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, გამოხვიდე ეროვნული ინტერესებიდან, ეს იყოს პრიორიტეტი. ყველა ქვეყნის ინტერესშია, რომ ქვეყნის პირველი პირი საუბრობდეს, პირველ რიგში, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასე იყო ამ შემთხვევაშიც და გასაკვირი არაფერია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ასეთი მიდგომა მისასალმებელია.

„როდესაც საუბარია, დაასანქცირებს თუ არა, მაგალითად, რომელიმე მიმართულებას საქართველო, პირველ რიგში, მკაფიოდ ამბობს, რომ საქართველო ვერ/არ გახდება სანქციების გვერდის ავლის ადგილი, ამ მიმართულებით ჩვენი პოზიცია პრინციპული და უცვლელია. თავის მხრივ, როდესაც საუბარია სანქციების დაწესებაზე და სანქციები რომ უფრო მეტად დააზიანებს საქართველოს უსაფრთხოების რისკებს, საქართველოს ეკონომიკას, ქართულ საზოგადოებას, ქართველ მოქალაქეებს, მის ეკონომიკურ ინტერესებს, ბუნებრივია, ქართველების და საქართველოს დამაზიანებელ ნაბიჯებს ჩვენ არ გადავდგამთ. ამიტომ არ დაწესდება საქართველოს მხრიდან სანქციები. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებასაც კი ჩვენი ოპონენტები ისე წარმოჩენენ, თითქოს ამერიკა დაასანქცირებს ქვეყანას, რომელიმე აეროპორტს ან რომელიმე კომპანიას იმის გამო, რომ ეს ქვეყანა სანქციებს არ უწესებს სხვას. ალბათ ეს არის მათი მხრიდან ისეთი ყალბი მოლოდინი, რომელიც არდასანქცირების გამო დასანქცირების პრეცედენტს შეიცავს. ასეთი არ მომხდარა არასდროს. შეუძლებელია, ასეთი რამ მოხდეს და გაიმართოს მსჯელობა, რომ ქვეყანა ან მისი რომელიმე სუბიექტი შეიძლება დასანქცირდეს იმის გამო, რომ ის სხვას არ ასანქცირებს. ასეთი პრეცედენტი წარმოუდგენელია, ქართული საზოგადოების მიმართ ამგვარი ნარატივის შეპარება შეურაცხმყოფელია.

შემიძლია, ბევრი ვისაუბრო თავისუფალ ვაჭრობაზე, რა სამუშაოები მიმდინარეობს და სხვა ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტი წლიდან წლამდე როგორ იზრდება. ეს გაკეთდა, დიახ, ამაზეა საუბარი, ევროპის ქვეყნებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან რა სამუშაოებია ჩატარებული. ბუნებრივია, რომელიმე ქვეყანასთან დამოკიდებულების შემცირებაზე როდესაც არის საუბარი, მათ შორის, გასაგები ამბავია, რომ რუსეთთან ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირება საქართველოს ინტერესია. ყველა ის ნაბიჯი, რომელიც გულისხმობს ევროპულ ქვეყნებთან ექსპორტ-იმპორტს, ჩინეთთან სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებას, და გახსოვთ რამდენიმე წლის წინანდელი გადაწყვეტილება ვაჭრობის შესახებ, ყველა ეს ნაბიჯი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რომელიმე ერთ კონკრეტულ ქვეყანაზე, ამ შემთხვევაში ოკუპანტ ქვეყანაზეა საუბარი, ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირებას. ასეთი ნაბიჯებით ხდება ამ ყველაფრის პრევენცია, სახელმწიფო სხვას ვერაფერს გააკეთებს. სხვასთან უნდა გააღრმავოს ეკონომიკური ურთიერთობები, რათა ვისზეც იყო მანამდე ეკონომიკურად დამოკიდებული, იქ შემცირდეს დამოკიდებულება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

“თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც”- ზურაბ ქადაგიძე გივი თარგამაძეს

„ბოინის“ ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც“, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გივი თარგამაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ „პოლიციის ერთი მანქანის დაწვა კი არა, ევროპაში პროტესტის დროს, მილიონჯერ მეტ მანქანას და შენობებს წვავენ-მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

„აჰაა, ბაჯაღლოც გამოგორდა… ჯერ ერთი, „ბოინის“ ძაღლივით რომ გვაშინებ, თუ რამის თავი გაქვს, მიდი აბა, დაწვი პოლიციის მანქანა და უკან მოგრჩება ევროპაც და „დალნი ვასტოკიც“… მთელი ცხოვრება სხვის ხარჯზე რომ გინდა გაატარო, იმიტომაც ხარ „ლუზერი“. ვის მოუწოდებ, საზარბაზნე ხორცებად რომ გაიხადეთ აქტივისტები, იმათ?! შენზე დიდი მატრაკვეცა და ქარაქუცა ვინ არის, მიდი თუ ვაჟკაცი ხარ, გამოდი და იმოქმედე, ოღონდ მერე ლუღლუღი არ იყოს დინგში თუ მოგხვდება,“ – წერს ზურაბ ქადაგიძე.

რით განსხვავდება რეჯეფ ერდოღანის კამპანია ქემალ ქილიჩდაროღლუს კამპანიისაგან – Daily Sabah

თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთ „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რით განსხვავდება რეჯეფ ერდოღანის კამპანია ქემალ ქილიჩდაროღლუს კამპანიისაგან“ (ავტორი – ბურჰანეტინ დიურანი).

პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ოპონენტებზე მეტი ხმები მიიღო, მეორე ტურის წინ თავისი საარჩევნო კამპანია საყოველთაო დევიზის „თურქეთის დიდებული გამარჯვების“ ირგვლივ ააწყო. როგორც მან თქვა თავისი „ბალკონური“ („აივნური“) გამოსვლის დროს, კვირას, 28 მაისს, მთელი ქვეყანა გაიმარჯვებს (რა თქმა უნდა, ტერორისტების გარდა). სხვაგვარად თუ ვიტყვით, რეჯეფ ერდოღანი ყველა პარტიის მომხრეებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ „თურქული საუკუნის“ მშენებლობაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.

რეჯეფ ერდოღანი, მოქმედი პრეზიდენტი, წარმატებით აგრძელებს პირველ ტურში დაწყებულ კამპანიას „ჭეშმარიტად ეროვნულ“ საფუძველზე, აღრმავებს კონტაქტებს ნაციონალისტური იდეების მქონე ამომრჩევლებთან, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებას სინან ოგანთან ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმოადგენს. იმავდროულად რეჯეფ ერდოღანი მიანიშნებს ოპოზიციური კანდიდატის ქემალ ქილიჩდაროღლუს კავშირებზე ტერორისტულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და გიულენისტების ტერორისტულ დაჯგუფებასთან (FETÖ). პრეზიდენტი ხაზს უსვამს თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის პროგრესს, დიპლომატიურ მიღწევებს და აცხადებს, რომ მისთვის უპირველეს მიზანს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენს.

ქემალ ქილიჩდაროღლუმ მეორე ტურის საარჩევნო კამპანია მკვეთრი განცხადებებით დაიწყო. ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც თავს აჩვენებდა მშვიდ და მტკიცე პოლიტიკოსად, მკერდზე ხელმიდებული ჟესტით მიანიშნებდა, რომ ყველა უყვარს, აქცენტს აკეთებდა “სამშობლოზე, მორალსა და სინდისზე“, ახლა ამომრჩეველს წარუდგა როგორც გაავებული პოლიტიკოსი, რომელიც იქადნება, რომ ყველანაირ ეცდება მეორე ტურში გამარჯვებას მიაღწიოს, თან ტელეკამერების წინ მაგიდას მუშტებს ურტყამს, აბრახუნებს და მოწინააღმდეგეებს თვალების ამოკაწვრით ემუქრება.

ოპოზიციის კანდიდატი შეეცადა თავის მხარეს გადაებირებინა თურქი ნაციონალისტების ლიდერი სინან ოგანი, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ მან რეჯეფ ერდოღანი „ტერორისტებთან მოლაპარაკებაში“ დაადანაშაულა (ასე უწოდებს ქემალ ქილიჩდაროღლუ ქვეყნის მთავრობის მცდელობას ქურთებთან შერიგების მიზნით), ახლახან კი განაცხადა, რომ თუ რეჯეფ ერდოთანი ისევ პრეზიდენტად დარჩება, თურქეთში უფრო მეტი სირიელი ლტოლვილი შემოვაო. ქემალ ქილიჩდაროღლუ იქამდეც კი მივიდა, რომ თურქეთის ხელისუფლება ქალების სიძულვილში დაადანაშაულა.

შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის კანდიდატი ყველა იდეოლოგიურ ბერკეტს იყენებს, რომ 28 მაისს დაგეგმილი არჩევნებზე თავისი სასურველი შედეგები მიიღოს, არ ერიდება აშკარა პროვოკაციებს და ემოციების გამოხატვას.

შეძლებს ქემალ ქილიჩდაროღლუ თავისი შეცვლილი ტაქტიკით დარჩენილ ოთხ დღეში ამომრჩევლის გადაბირებას? მოახერხებს მოყოყმანე და იმედგაცრუებული ელექტორატის მიმხრობას?

ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ქემალ ქილიჩდაროღლუმ შეიძლება ისიც კი დაკარგოს, რაც მას აქვს – იმიტომ, რომ ზოგიერთ მემარჯვენე ცენტრისტულ და კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი მას პირველ ტურში დაუჭირა, ახლა მისი შეცვლილი კამპანია არ მოსწონს და მის ახალ ლოზუნგებს არ ეთანხმება.

მოკლედ, თურქეთი 28 მაისს მომზადებული და დამუხტული ხვდება. ამომრჩეველმა მშვენივრად იცის, თუ ვის უნდა მისცეს თავისი ხმა – თურქეთის დიდებულ მომავალს – „თურქულ საუკუნეს“. მეორე ტურის მთავარი მიზანია ხმის მიცემის პროცესის მშვიდად ჩატარება და ზუსტი შედეგების უზრუნველყოფა.

წყარო

“ანკარა რუსეთისა და პუტინის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება” – ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა რუსეთისა და ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებს არ შეუერთდება.

რეჯეფ თაიპ ერდოღანმა ამ განცხადებით, კონკურენტს უპასუხა. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობის კანდიდატმა თქვა, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რუსეთს მკაცრ სანქციებს დაუწესებს.

ერდოღანი კი აცხადებს, რომ თურქეთის მიზანია რუსეთთან კარგი ურთიერთობების შენარჩუნება.

ძალადობის ბრალდებით, მოზარდის მამა და ბიძა დააკავეს

იმერეთში მოზარდის ჩვენების საფუძველზე, ბავშვის მამა და ბიძა დააკავეს. არასრულწლოვანი ამტკიცებს, რომ მასზე ძალადობდნენ. არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება მშობლებს შორის კონფლიქტს უკავშირდება, რომლებიც წლებია გაშორებულები არიან.

დაკავებულები წყალტუბოს დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. დაკავებულების ადვოკატი, მცირეწლოვნების ინტერესებიდან გამომდინარე დეტალებზე არ საუბრობს. მამისთვის და ბიძისთვის ბრალი ჯერჯერობით არ წარუდგენიათ.

“ჩვენს ქვეყანაში არავითარი ომიანობის საფრთხე დაშვებული არ იქნება”- თეა წულუკიანი

ვგმობ ბატონი გივი თარგამაძის განცხადებას და ღია მოწოდებას ძალადობისაკენ, ახლა გამოსარკვევი მხოლოდ ის დარჩა, მან რატომ აირჩია ეს მომენტი ამის სათქმელად, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გივი თარგამაძის განცხადების კომენტირებისას ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანაში არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე არ არსებობს.

„როგორ მოახერხა ამის გამოთქმა, რადგან ძალიან მძიმე მოსასმენია, როდესაც ამ ქვეყნის მოქალაქე საუბრობს იარაღზე, სისხლზე, დაწვაზე, მანქანების განადგურებასა და სხვა ტიპის ძალადობრივ აქციაზე იმ ქვეყანაში, რომელსაც ეს არაერთხელ უნახავს, მათ შორის ყველაზე ბოლოს მაშინ, როდესაც თავად გივი თარგამაძე იყო ხელისუფლებაში და უპასუხისმგებლოც რბილი შეფასებაა ამგვარ განცხადებასთან მიმართებაში. ჩვენ ვართ მოწოდების სიმაღლეზე. მინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ არავითარი დესტაბილიზაციის და ომიანობის საფრთხე ჩვენს ქვეყანაში დაშვებული არ იქნება რისკის დონეზეც კი და არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმ უპასუხისმგებლო და ქვეყნისადმი მტრულ განცხადებებს, რომელსაც გივი თარგამაძის მსგავსი უსამშობლო, ომის და არეულობის მომხრე ადამიანები გააკეთებენ“, – განაცხადა წულუკიანმა.

როგორ გივი თარგამაძემ განაცხადა: „მარტის პროტესტის დროს ამბობდნენ, პოლიციის მანქანა როგორ დაწვესო, იმ დღეებში ნახევარი პარიზი გადაწვეს პენსიების გამო, ამაში არაფერია საშინელი, მატრაკვეცული მიტინგები შედეგს არ მოიტანს“.

„გამარჯობა, თბილისო!”- როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს

რუსეთის ფედერალურ სამთავრობო გაზეთ „როსიისკაია გაზეტაში“ (Российская газета) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „გამარჯობა, თბილისო! როგორ შეხვდა საქართველო რუს ტურისტებს“ (ავტორი – იგორ ელკოვი), რომელშიც გადმოცემულია ქართული შთაბეჭდილებები რუსი ჟურნალისტისა, რომელიც მოსკოვიდან თბილისში განახლებული პირველი ავიარეისით ჩამოვიდა.

სტატია იწყება საუბრით ქართველ ტაქსისტთან, რომელიც ეხება თბილისში არსებულ ფასებს საწვავზე, ქალაქის ტრანსპორტით მგზავრობაზე, კვებას კაფეებში და რესტორნებში. ავტორი თვლის, რომ „ფასები სრულიად მისაღებია… თუ თქვენ უკვე იცით მთავარი ქართული სიტყვები – „გამარჯობა“ და „მადლობა“ – პირველ ხანებში ეს საკმარისია. ასე რომ, გამარჯობა, თბილისო!“.

(…)
თბილისური კოლორიტი განსაცვიფრებელია. გახსოვდეთ, რომ ტროტუარზე სიარულისას ყურადღებით უნდა იყოთ: ძალიან ბევრ ადგილზე თბილისელი ძაღლები არიან წამოწოლილნი. დიდები, ჭკვიანი და კეთილი თვალებით. ნუ შეგეშინდებათ, მათ სტუმრის პატივისცემა იციან. მართალია ქუჩაში ცხოვრობენ, მაგრამ ადამიანის მეგობრის ყველა უფლებით სარგებლობენ, ყურში ყველას „ჩიპები“ აქვს გაკეთებული.

(…)
შენობების კედლებზე და მესრებზე ბევრი წარწერა მოჩანს. შენობები ყველანაირია – სუპერთანამედროვე, ძველი ნგრევის პირას მისული და უკვე თითქმის დანგრეულიც. ბევრ სახლს რემონტი ჭირდება, კოსმეტიკური მაინც. საერთოდ, თბილისური შენობების კედლები, შეიძლება ითქვას, უფასო გზამკვლევის როლს ასრულებს. მივდივარ ქუჩაში, გავიარე ერთი ნაკლებად შესამჩნევს სახლთან, თვალი შევცვალე ფასადს და… ჰოი, საკვირველებავ! „ამ სახლში 1916-1918 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი მხატვარი ფიროსმანი – ნიკო ფიროსმანიშვილი“.

მე კი შენობას კინაღამ გვერდი ავუარე. ისე, რატომ – „ცნობილი“ და არა „გენიალური“, ან „დიდი“? თუმცა მე ხომ პოეტებისა და მხატვრების ქვეყანაში ვარ.

მოსაღამოვდა, ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერში სკამზე ჩამოვჯექი და „ბორჯომს“ ვწრუპავ. რაღაც ხმები მესმის, მივდივარ პარლამენტისკენ (საოცარია სილამაზეა – შადრევნები, განათება…). ხალხია შეგროვილი, დაახლოებით ასი ადამიანი. პოლიციელებსაც ვხედავ. გასაგებია – პოლიტიკურ აქციაზე მოხვდი. ძველი ნაცნობებია – ჯუჯა რადიკალური პარტია და მისი მოკავშირეები – ისინი, ვინც რუსეთ-საქართველოს კავშირების წინააღმდეგ გამოდიან. რა თქმა უნდა, მიტინგი არასანქცირებულია, ძირითადად ერთი ლაპარაკობს, დანარჩენები კი უფრო მეტად ყვირიან და უსტვენენ. ზოგს ხელში უკრაინის დროშები და პლაკატები უჭირავს. ერთზე გარკვევით წერია, რომ რუსები უკან უნდა წავეთრიოთ, მეორე ქართულადაა და ვერაფერი გავიგე, მესამე ლოზუნგმა კი გამაკვირვა: მასზე ინგლისურად წერია – „ბიძინა“ და შემდეგ შეურაცხმყოფელი სიტყვა.

მდაა… ოპოზიციის პოლიტიკური კულტურის დონე ყოველგვარს საზღვრებს სცილდება.
იმის მიხვედრა, თუ რომელი ბიძინა ჰყავს მხედველობაში ოპოზიციას, ძნელი არ არის: საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ დამაარსებელი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
მომიტინგეების აზრით, სწორედ ბიძინაა დამნაშავე იმაში, რომ თბილისში რუსი ტურისტები ჩამოდიან და ფულს ხარჯავენ. ოპოზიციის მოქმედება გასაგებია – მათ არ სურთ ჩვენი ქვეყნების კავშირების განმტკიცება. აბა, რა უნდა ქნას გოგონამ, რომელსაც უკრაინის დროშა უჭირავს? ის ხომ უფულოდ დარჩება, თუ მისიას ვერ შეასრულებს“.

წყარო

“ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ- რეზიდენტი?”- ხათუნა ხოფერია

ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია, სოციალურ ქსელში, 26 მაისის ღონისძიებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც, “ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

“რამდენიმე შეკითხვა მაქვს 26 მაისის ღონისძიებებთან დაკავშირებით:

1. აღლუმი ჩატარდება?

2. ვინ ჩაიბარებს აღლუმს? საქართველოს პ-რეზიდენტი?

3. ვინ ჩაიბარებს ჯარების სარდლის პატაკს? უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტი- “ მთავარსარდალი”, რომელსაც ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ ლეგიტიმაცია ჩამოართვა 30 აპრილს?…

4. ვის წინაშე დადებენ ფიცს ქართველი ვაჟკაცი ჯარისკაცები? ფაშისტური იდეოლოგიის გამტარებელი, ჩვენი შვილების ომში ჩაბმის და დახოცვის მოსურნე სალომე ზურაბიშვილის წინაშე?

ეს ხომ ფარსი იქნება!

ეს ხომ უბრალოდ სირცხვილია!

ეს ხომ შეურაცხყოფა და დამცირებაა ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის!!!…

ეს ხომ ერთხელ უკვე გავიარეთ 2013 წელს…

ღმერთო, როგორ დაიღალა ჩვენი სამშობლო… ჩვენი გონიერი და დამთმენი ხალხი…
ღმერთო, გადმოხედე და შეიწყალე კურთხეული სამკვიდრო ქართველთა!”, – წერს ხათუნა ხოფერია.

https://www.facebook.com/xatuna.xoperia/posts/pfbid01LvWDoKMrCkzucYLf654A6inhPeCPbN7upATys9faZo4uYaAqzRJLnrZK3hkFYphl

“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დღეს ვიხილეთ არა საქართველოს პრემიერი, არამედ რუსი ტროლი”

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე სოციალურ ქსელში კატარის ეკონომიკურ ფორუმზე პერმიერ-მინისტრის, ირაკლი რარიბაშვილის გამოსვლას ეხმაურება:

“კატარის ეკონომიკურ ფორუმზე დღეს ვიხილეთ არა საქართველოს პრემიერი, არამედ რუსი ტროლი!

ირაკლი რუსმა პირდაპირ კრემლის გზავნილები და დეზინფორმაცია გააჟღერა, რომ უკრაინამ უნდა დათმოს რაღაცა, რომ დასავლეთი გვერდში არ უდგას უკრაინას, რომ საქართველო დაინგრევა რუსეთთან ვაჭრობის გარეშე, რომ რუსეთში მილიონი ქართველი ცხოვრობს, რუსული ფრენების გარეშე ქვეყანა ვერ გადარჩება. მოკლედ, პირდაპირ უთხრა ყველას, რომ პუტინის საიმედო მოკავშირეა.

ბლუმბერგის წამყვანიც კი იმდენად შოკირებული იყო ამ აშკარა რუსული გამოსვლით, რომ 4-ჯერ კითხა ირაკლი რუსს, რასაც ამბობთ ამის მერე თქვენ მართლა გინდათ ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებაო? ამ გზავნილებით ხომ არ აზიანებთ ამ.პროცესსო? ხომ არ აღიზიანებთ თქვენს დასავლელ პარტნიორებსო? ბოლოს ისიც კი კითხა, პუტინის ნარატივს ხომ არ აძლიერებთო?

ლუკაშენკოც კი უფრო თავშეკავებულია ხოლმე თავის საჯარო გზავნილებში!” – წერს სერგო ჩიხლაძე.

საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი შემცირდა – Freedom House-ი

Freedom House-ის ანგარიშის თანახმად, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი 33,93%-მდე შემცირდა.

მათივე ცნობით, ქვეყანაში დემოკრატიის ქულამ 3.07- დან 3.04-მდე დაიკლო. ორგანიზაცია საქართველოს „ტრანზიციულ ან ჰიბრიდულ რეჟიმად“ მოიხსენიებს.

როგორც Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული, დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი 3.50-დან 3.25 ქულამდე შემცირდა „ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო“. Freedom House-ს მაგალითად მოჰყავს მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელეკომპანიის დირექტორის სამართლებრივი დევნა, ისევე როგორც „სულ უფრო და უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც ძირი გამოუთხარა სარედაქციო დამოუკიდებლობას“.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოში დემოკრატიას 2022 წელს ყურადღებით აკვირდებოდნენ, როდესაც ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ ნაბიჯები გადადგა, თუმცა „სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა, მედიის თავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა, ძირითადად გადაუჭრელი დარჩა, რაც საქართველოში დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს ხელს უშლის“.

„გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო დონით, მათ შორის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ისევე როგორც პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით“, – აღნიშნულია Freedom House-ის ანგარიშში.

გარდა ამისა, Freedom House აღნიშნავს, რომ „ევროსაბჭოს მიერ ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შეფასებამ, სხვადასხვა კრიტიკული სფერო გამოვლინდა, მათ შორის ლგბტ+ თემისა და რელიგიური უმცირესობების ფართოდ გავრცელებული დისკრიმინაცია როგორც ონლაინ, ისე პირისპირ“.

Freedom House აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ ოპოზიციას „ომის პარტიად“ მოიხსენიებს, რაც ქვეყანაში არსებული პოლარიზციის კიდევ ერთი მტკიცებულებაა.

ორგანიზაცია ანგარიშში საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივ დევნაზეც, რომელმაც მათი თქმით, შეშფოთება გამოიწვია სავარაუდო პოლიტიკური ანტაგონიზმის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევისა და მართლმსაჯულების სისტემის მიერ თავისუფალი და სამართლიანი სასამართლოს შესაძლებლობის მინიჭებასთან დაკავშირებით.