Home Blog Page 2174

9 აპრილს დაზარალებულებს შესაძლოა, კომპენსაცია გაეზარდოთ

9 აპრილს დაზარალებულებს შესაძლოა, კომპენსაცია გაეზარდოთ. ამის შესახებ პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტებთან“ შეხვედრისას ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით, უცნობია რა ოდენობით გაიზრდება კომპენსაცია, თუმცა თანხა, სავარაუდოდ, ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაში დაზუსტდება.

„კონკრეტულ რიცხვს ვერ გეტყვით, ჯერჯერობით, თუმცა გადამუშავებული ვერსია როცა შემოვა, უკვე ზუსტი პასუხი გვექნება ამასთან დაკავშირებით რა მოცულობით და როგორ გაიზრდება. [კომპენსაცია] შესაძლებელია გაიზარდოს, დიდი ალბათობით…“- განაცხადა კაკაურიძემ.

ამასთან, პოლიტიკურ ჯგუფ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის ინფორმაციით, 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის დარბევის დროს დაზარალებული პირების ყოველთვიური კომპენსაცია 22 ლარს შეადგეს.

აშშ-ის ახალ ელჩთან თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც პოზიტიური გვაქვს- მიხეილ სარჯველაძე

მოლოდინსაც და ჩემს სურვილსაც გავაერთიანებ, რომ ეს იყოს კარგი თანამშრომლობა, რადგან განსაკუთრებულია მნიშვნელობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან საქართველოს თანამშრომლობის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

სარჯველაძის თქმით, საქართველოს აშშ-სთან ურთიერთობა სტრატეგიული მნიშვნელობისაა.

„განსაკუთრებული როლი აქვს ამ ყველაფერში დიპლომატიურ წარმომადგენლობებს როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლობას შეერთებულ შტატებში. ამიტომ თანამშრომლობის სურვილიც და მოლოდინიც გვაქვს პოზიტიური“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოში ჩამოვიდა.

ისრაელი ღაზას სექტორის ბლოკადას არ მოხსნის, ვიდრე „ჰამასი“ მძევლებს არ გაათავისუფლებს – ისრაელის ენერგეტიკის მინისტრი

ისრაელის ენერგეტიკის მინისტრმა ისრაეილ კაცმა განაცხადა, რომ ვიდრე „ჰამასის“ მებრძოლები მძევლებს არ გაათავისუფლებენ, ღაზას სექტორის ბლოკადა არ მოიხსნება.

„ჰუმანიტრაული დახმარება ღაზას? არც ერთი ელეტქროჩამრთველი არ ჩაირთვება, წყალგაყვანილობის არც ერთი ჰიდრანტი არ გაიხსნება, არც ერთი საწვავმზიდი არ შევა მანამადე, ვიდრე გატაცებული ისრაელელები სახლებში არ დაბრუნდებიან“, – წერს კაცი სოციალურ ქსელში.

ღაზას 2,2 მილიონზე მეტი მცხოვრები სურსათის, საწვავის, ელექტროენერგიისა და წყლის დეფიციტს განიცდის მას შემდეგ, რაც ისრაელის ხელისუფლებამ ღაზას სექტორი სრულ ბლოკადაში მოაქცია ტერორისტების სასტიკი თავდასხმის საპასუხოდ.

დაახლოებით 150 მძევლის ბედი კვლავ უცნობია. მშვიდობიანი მოქალაქეები „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე თავდასხმის პირველ დღეს დაატყვევეს. ისრაელის ხელისუფლება ფიქრობს, რომ მძევლები მიწისქვეშა გვირაბებში ჰყავთ გამომწყვდეული.

„ჰამასი“ ისრაელს თავს 7 ოქტომბერს, გამთენიისას დაესხა. ამ დროის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულია 1 200 ადამიანი.

„ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“

ამერიკული ტელეკომპანიის „სი-ენ-ენ“-ის (CNN) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ისრაელის ისტორია მოწმობს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის, „ჰამასის“ შეტევის გამო, საათმა დროის ათვლა დაიწყო“ (ავტორი – ელიოტ გოტკინი), რომელშიც გაანალიზებულია ისრაელის პრემიერ-მინისტრის პოლიტიკური საქმიანობის სპეციფიკა და მისი სახელისუფლო პერსპექტივა „ჰამასის“ შეტევასთან დაკავშირებით: დარჩება თუ არა იგი ომის შემდეგ ისრაელის მთავრობის ხელმძღვანელად?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ბენიამინ ნეთანიაჰუს მისი 30-წლიანი პოლიტიკური კარიერის განმავლობაში იმდენი მეტსახელი დაარქვეს, რამდენჯერაც მან არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა.

მას უწოდებენ „ჯადოქარს“ – იმიტომ, რომ ზებუნებრივ უნარს ფლობს ხელიდან გამოგლიჯოს ოპონენტს გამარჯვება სწორედ მაშინ, როცა იგი საბოლოოდ დამარცხებული ჰგონიათ. მას უწოდებენ „მეფე ბიბის“ – იმიტომ, რომ იგი ისრაელის პოლიტიკის მწვერვალზეა ყველაზე უფრო დიდხანს, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა. მას ხშირად უბრალოდ „ბიბი“-საც უძახიან – ისე, შინაურულად… მაგრამ არის კიდევ ერთი მეტსახელი, რომელიც მას პირადად ძალიან მოსწონს და რომელიც დღეს „ნაკუწებად არის ქცეული“ – „მისტერ უსაფრთხოება“.

რატომ წაუვიდა საქმე ასე ცუდად „მისტერ უსაფრთხოებას“?

ჯერ კიდევ გაუგებარია, თუ როგორ მოახერხა ათასზე მეტმა „ჰამასელმა“ მებრძოლმა მთელი ისრაელის ანაზდეულად ჩაგდება შოკურ მდგომარეობაში, როგორ მოახერხა ებრაული სახელმწიფოსათვის სიკვდილისმთესველი დარტყმის მიყენება. როგორც პრეზიდენტმა იცხაკ ჰერცოგმა თქვა, ჩვენს დროში, ერთი დღის განმავლობაში, იმაზე მეტი ებრაელი დაიღუპა, ვიდრე ჰოლოკოსტის დროს ყოველდღიურად იღუპებოდნენო.

მაგრამ ბენიამინ ნეთანიაჰუს მოწინააღმდეგები, ჯერ-ჯერობით, მის გადადგომას არ ითხოვენ: „მე არ ვაპირებ იმის გარკვევას, თუ ვინ არის დამნასავე და რატომ ჩავვარდით უეცრად ასეთ მდგომარეობაში, – ამბობს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ამჟამად კი ოპოზიციის ლიდერი იაირ ლაპიდი, – ახლა არც ამის დროა და არც ადგილი“.

მაგრამ პასუხისმგებლობის დრო აუცილებლად დადგება და ბრალის წაყენების ადგილიც გამოინახება. ისრაელის ტელეკომპანიის „ჰევრათ ჰა-ჰადაშოთის“ მთავარი პოლიტიკური მიმომხილველის ამიტ სეგალის თქმით, გასაკვირი იქნება, თუ ბიბი ომის დასრულების შემდეგაც დარჩება პრემიერ-მინისტრის სავარძელში. „ეს შექმნის ეროვნულ პრეცედენტს, – აღნიშნა ამიტ სეგალმა „სი-ენ-ენ“-თან საუბარში, – „ისრაელის ისტორია გვასწავლის, რომ ყოველი მოულოდნელობა და ყოველი ღრმა კრიზისი გარდაუვლად იწვევს მთავრობის კრახს. ასე იყო 1973 წელს („განკითხვის დღის“ – „იომ-ქიფურის“ ომის შემდეგ) პრემიერ-მინისტრ გოლდა მეირის მიმართ, ასე მოხდა 1982 წელს ლიბანთან პირველი ომის შემდეგ, როცა პრემიერი ეხუდ ოლმერტი გადადგა. ბენიამინ ნეთანიაჰუსთვისაც საათი უკვე დროს ითვლის…“.

ისტორია ბევრ სასარგებლო მაგალითს გვაძლევს შედარებისათვის. სულ ბოლოს ისრაელის სპეცსამსახურებმა ასეთი მასშტაბის ფიასკო ასეთი დანაკარგებით მხოლოდ ნახევარი საუკუნის წინათ განიცადეს, როცა ეგვიპტე და სირია ისრაელს მოულოდნელად თავს დაესხნენ და „განკითხვის დღის“ ომი დაიწყეს.

„მაგრამ ის ომი დღევანდელისაგან განსხვავდება თავისი ლოგიკით და წესებით“, – ამბობს ისრაელის დემოკრატიის შემსწავლელი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი იოჰანან პლეიშნერი, – 1973 წლის ომის შემდეგ ჩვენ მოვილაპარაკეთ ეგვიპტის პრეზიდენტ ანვარ სადათთან და სამშვიდობო შეთანხმება დავდეთ, რომელიც ქნესეთის უმრავლესობამ მოიწონა. ახლა კი ჩვენ „ჰამასთან“ მოლაპარაკებას არ ვაპირებთ. ეს სრულიად განსხვავებული ისტორიაა“.

თუმცა, რაღაც გარკვეული მოლაპარაკებითი პროცესი, ვთქვათ, შუამავლების მეშვეობით, მაგალითად, ეგვიპტის ჩარევით, ალბათ, გარდაუვალია. მართალია, ისრაელი ულმობლად ბომბავს ღაზას სექტორს, ახდენს ანკლავის სრულ ბლოკადას და სავარაუდო შეჭრისათვის ემზადება „ჰამასის“ გასანადგურებლად, ბენიამინ ნეთანიაჰუს მაინც დაჭირდება იპოვოს და ისარგებლოს რაღაც საშუალებით იმ ასობით მძევლის გასათავისუფლებლად, რომლებიც „ჰამასელ“ ტერორისტებს ღაზას სექტორში ჰყავთ წაყვანილი.

ბენიამინ ნეთანიუაჰუსათვის ასეთი საკიტხის მოგვარება საკმაოდ ზნელი იქნებოდა იმ დროსაც კი, როცა იგი საუკეთესო ფორმაში იმყოფებოდა. დღეს კი მისი სკანდალური რეფორმის წინააღმდეგ მიმართულმა ათთვიანმა პროტესტებმა საზოგადოება ორად გაჰყო. მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღზრული, იგი ბევრჯერ იდგა პოლიტიკური „კლინიკური“ სიკვდილის წინ… „ბიბის“ რეპუტაცია შეირყა, იგი გაწამებულია დიდი პრობლემებით. ამასთან, საეჭვოა იგი დამშვიდდეს იმ ფაქტით, რომ „ჰამასის“ შეტევამ ისრაელი გააერთიანა. „ისრაელი დღეს ყველაზე ნაკლებად ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკურ კარიერაზე ფიქრობს“, – ამბობს იოჰანან პლეიშნერი, რომელიც ადრე ისრაელის არმიაში მსახურობდა და ახლა სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის რეზერვშია მაიორის წოდებით.

გავიხსენოთ ის მომენტები, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ უთვალავჯერ „ჩამოწერეს უტილში“ უპერსპექტივო პოლიტიკოსის სახით, მაგრამ იგი, ფანტასტიკური ტერმინატორის მსგავსად, ბრუნდებოდა და ოპონენტებს ანადგურებდა. მაგრამ დღეს სიტუაცია სხვაგვარადაა – ახლა იგი იძულებულია ომი რთულ პოლიტიკურ სიტუაციაში აწარმოოს, თანაც მრავალრიცხოვანი  პრობლემების ფონზე.

„სასამართლო რეფორმის განხორციელებაზე აქცენტის გადატანა ბიბის ვერ დაეხმარა. საზოგადოებამ რეფორმა არ მიიღო“, – ამბობს ამიტ სეგალი, – ამასთან, ზოგიერთები ფიქრობენ, რომ სწორედ რეფორმაზე ყურადღების გადატანამ გამოიწვია მთავრობის მოდუნება უსაფრთხოების საკითხების მიმართ, მაგრამ ეს ასე არ არის. „ჰამასმა“ შეჭრისათვის მზადება, როგორც ჩანს, სულ მცირე, წელიწადნახევრის წინ მაინც დაიწყო, როცა ბენიამინ ნეთანიაჰუ ოპოზციაში იყო. შეცდომა იმაში გამოიხატება, რომ დღევანდელ ხელისუფლებაში ბევრს ეგონა – „ჰამასი“ დამშვიდდა და ახლა ეკონომიკურ დათმობებზე და ბლოკადის შერბილებაზე ფიქრობსო. არადა, ადრე ახლანდელი პრემიერი პირდაპირ და დაუფარავად ამბობდა: „ჰამასს“ ღაზაში ნაცისტური რეჟიმი აქვს დამყარებული, მას ჩვენი სიკვდილი სურს. არ შეიძლება მონსტრთან ერთად ეზოში ცხოვრება, ის უნდა განადგურდეს“.

შეძლებს თუ არა ბენიამინ ნეთანიაჰუ და ისრაელის თავდაცვის არმია მონსტრის მოკვლას? ეს უახლოეს დღეებში ან კვირეებში გახდება ცნობილი. ამჟამად მას წარმატებით შეუძლია ეროვნული ერთიანობის „საგანგებო“ მთავრობის ჩამოყალიბება, რომელიც, თავის მხრივ, საკუთარ პრემიერს გადადგომის საფრთხისაგან დაიცავს. ახლო პერსპექტივაში ასეთ ნაბიჯს შეუძლია ნეთანიაჰუს მთავრობაში „ექსტრემისტები“ და „უუნაროები“ გამოავლინოს და გარიყოს. ისინი მარგინალები გახდებიან, მაგრამ მათი იდეები იცოცხლებენ.

„ჰამასის“ შეტევის ეფექტით გამოწვეული სულიერი რყევა და მრისხანება იმდენად დიდია, რომ ისრაელის ამომრჩევლებს შეიძლება რადიკალური იდეები გაუჩნდეთ. „მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლებამ ტერორისტებს ძალიან მკაცრი პასუხი უნდა გასცეს, – ამბობს იოჰანამ პლეიშნერი, – ეს ადამიანები გამოდიან იქიდან, რომ ბრძოლა შეურიგებელი და დაუნდობელი უნდა იყოს: ან ჩვენ, ან ისინი“. ამ ფონზე, შესაძლოა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ „მშვიდობიანად“ გადაიტანოს ძნელი პერიოდი, მაგრამ რა მოხდება ომის დასრულების შემდეგ? „მისტერ უსაფრთხოებამ“ შეიძლება წარუმატებლობა განიცადოს და სიტუაციიდან  თავი ძველებურად ვეღარ დაიძვრინოს.

წყარო

“ამ თავდასხმისთვის წლების განმავლობაში ვემზადებოდით” – ჰამასი

„ჰამასი“ აცხადებს, რომ ისრაელის ეროვნული ერთიანობის მთავრობა, რომლის შექმნის შესახებაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გუშინ განაცხადა, ისრაელის წინააღმდეგ მათ ბრძოლას ვერ შეაკავებს.

„ეს ვერ დაგვაშინებს და შეგვაკავებს. ჩვენ წლების განმავლობაში ვემზადებოდით ამ თავდასხმისთვის. წინააღმდეგობის მებრძოლები მრავალი თვის განმავლობაში ემზადებიან ყველაზე სასტიკი ბრძოლებისთვის“, – განაცხადა „ჰამასის“ მაღალჩინოსანმა, მუჰამედ ნაზალმა.

შეგახსენებთ, შაბათს „ჰამასმა“ ისრაელზე თავდასხმა დაიწყო, რასაც ისრაელმა ღაზას სექტორზე საჰაერო იერიშებით უპასუხა. ბოლო მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაღუპულია ისრაელის 1 300-მდე მოქალაქე და 1 200-ზე მეტი პალესტინელი.

გუშინ, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და “ეროვნული ერთიანობის” ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ბენი განცმა განაცხადეს, რომ ისრაელის მთავრობა და ოპოზიცია საგანგებო მთავრობისა და ომის კაბინეტის შექმნაზე შეთანხმდნენ.

“რუსეთის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მედიაცია არავის სჭირდება” – სალომე სამადაშვილი

არავის სჭირდება რუსეთის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მედიაცია – ამის პასუხი იყო, მათ შორის, სომხეთის განაცხადი, რომ მხოლოდ ბრიუსელის და ევროკავშირის თანამონაწილეობით წარიმართება შესაბამისი მოლაპარაკებები,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ის, რაზეც ღარიბაშვილი საუბრობს, კრემლშია მომზადებული და ამას ყველა ხვდება.

„დღეს ყველასთვის, ჩვენი მეზობლებისთვის, სტრატეგიული მოკავშირეებისთვის, გასაგებია, რომ საქართველოს ჰყავს რუსული ხელისუფლება. როცა რუსული ხელისუფლების წარმომადგენელი გამოდის რაიმე ინიციატივით, ჩვენს მეზობლებთან დაკავშირებით არსებული საკითხების გადაჭრის მიმართულებით, ყველა ხვდება, რომ საუბრობს ღარიბაშვილი, მაგრამ მისი აზრები მომზადებულია კრემლში. ამის პასუხი იყო მათ შორის, სომხეთის განაცხადი, რომ მხოლოდ ბრიუსელის და ევროკავშირის თანამონაწილეობით წარიმართება შესაბამისი მოლაპარაკებები, რადგან არავის სჭირდება რუსეთის წარმომადგენელი ღარიბაშვილის მედიაცია. ჩვენს სამეზობლოში ეს უკვე ყველასთვის გასაგებია”, – განაცხადა სამადაშვილმა.

ინფორმაციისთვის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის ორმხრივი და სამმხრივი მოლაპარაკებების საქართველოში ჩატარების შესახებ წინადადება შეიძლება აღქმულ იქნას, როგორც მცდელობა ძირი გამოეთხაროს უკვე შეთანხმებულ პრინციპებს.

“გქონდათ თუ არა კომუნიკაცია ვიქტორ ორბანთან, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას და გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით” -ანა ბუჩუკური პრემიერს

პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრემიერ-მინისტრს სადეპუტატო კითხვით მიმართავს, ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების: ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით.

ანა ბუჩუკური მთავრობის ხელმძღვანელს მიმართავს, მიაწოდოს საქართველოში ძებნილ იმ პირთა სრული ჩამონათვალი, რომელთაც 2012 წლის პოლიტიკური ცვლილებების შემდგომ უნგრეთის მთავრობის მიერ მიენიჭათ პოლიტიკური თავშესაფარი.

„მომაწოდეთ ინფორმაცია, გქონდათ თუ არა პირადად თქვენ კომუნიკაცია თქვენს კოლეგასთან, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, ვიქტორ ორბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თანამდებობის პირების, ზურაბ ადეიშვილის, ერეკლე კოდუას, გია უდესიანის საქართველოსთვის გადმოცემასთან დაკავშირებით, ამ პირთა მიმართ სასჯელის აღსრულების მიზნით?“ – აღნიშნავს ბუჩუკური.

“ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა”

პარტია „დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ოჩამჩირეში რუსული მუდმივი სამხედრო ბაზის შექმნა, რუსეთის მხრიდან „საქართველოს ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა“.

მისივე თქმით, შავ ზღვაში უნდა იყოს ანაკლიის პორტი და არა რუსეთის სამხედრო ბაზა.

„ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ბაზა, ეს რუსეთის მხრიდან, პრაქტიკულად, საქართველოს ტერიტორიის ომში შეთრევის პირდაპირი გეგმაა. იმიტომ, რომ ვხედავთ, შავ ზღვაში ბევრი ცვლილებაა. რუსეთი უთუოდ დამარცხება, მათ შორის, შავ ზღვაში, უკრაინის მხრიდან. შესაბამისად, ასეთი მოლაპარაკებები დიდი საფრთხის შემცველია ჩვენი ტერიტორიებისთვის. პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნება” უნისონში უმეტეს საკითხებზე, რუსეთთან ერთად საუბრობს, ოკუპირებული რეგიონის რეჟიმებთან ერთად. ერთია, რომ რუსეთმა წამოიწყო ეს, მაგრამ მეორეა, რომ პროცესს ხელს უწყობს „ქართული ოცნების” პოლიტიკა. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ შავ ზღვაში იყოს ანაკლია და არა რუსეთის პორტი”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ამასთან, მან პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა ევროპულ დღის წესრიგს ზიანი მიაყენა, რადგან მისი შინაარსი ევროპული ვიზიტები იყო.

„ძალიან მიჭირს ხოლმე რაღაც, ფარულ დღის წესრიგებზე მსჯელობა. ფაქტია, რომ ამ პროცესმა ევროპულ დღის წესრიგს ზიანი მიაყენა, იმიტომ, რომ მისი შინაარსი ევროპაში ვიზიტები იყო, ქვეყნისთვის სასარგებლო ვიზიტები. მეორე, ურთიერთობები და ზოგადად, სისტემა იმდენად არაგამჭვირვალეა, რომ არ ვიცი ამის უკან რა დგას. მესამე, იმედს ვიტოვებ, რომ პარლამენტში ეს არ მოხდება, თუმცა ამ უკანონო სისტემაში გამორიცხული არაფერია. ამიტომ, თვალყური უნდა მივადევნოთ. ფაქტია, რომ „ქართული ოცნება” ცდილობს, საინფორმაციო სივრცეც, ზოგადად, ევროპული დღის წესრიგიც, ისეთი საკითხებით შეავსოს, რომლებიც ქვეყანას აზიანებს. ხან იმპიჩმენტი, ხან მოსამართლეებზე არასწორი გადაწყვეტილებები. ამიტომ, ჩვენი დღის წესრიგისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რასაც Mona.ge-ს რეესტრის ჩაშვება ემსახურება – სისტემა თავის მართლების პროცესში იყოს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა.

მცირეხნიანი ვიზიტის განმავლობაში ამერიკელი მაღალჩინოსანი ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და პალესტინის პრეზიდენტთან, მაჰმუდ აბასსთან შეხვედრას გეგმავს.

შეგახსენებთ, 10 ოქტომბერს სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდოდა იმის გასარკვევად, როგორ შეუძლია აშშ-ს, განაგრძოს მათი მხარდაჭერა.

„მდივანი მოუთმენლად ელოდება ისრაელის მთავრობის ლიდერებთან შეხვედრას და დისკუსიების გაგრძელებას, რომლებიც მას და პრეზიდენტს ჰქონდათ მათთან თავდასხმების დაწყებიდან“, – განაცხადა მაშინ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში „ჰამასის“ გვირაბებს ბომბავს

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზას სექტორში ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ გვირაბების ქსელის წინააღმდეგ დარტყმებს ახორციელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერის ჯონათან კონრიკუსის განცხადებით, გვირაბების ქსელი, რომელი 2007 წელს ღაზაში „ჰამასის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ აშენდა, იყენებენ ტვირთის ტრანსპორტირებისა და ისრაელის წინააღმდეგ თავდასხმების დაგეგმისთვის.

„აქ გაცილებით ბევრია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ისრაელის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ დარტყმებს ღაზას უმეტეს რაიონზე. ჩვენ უპირველეს ყოვლისა, იერიშები მიგვაქვს მეთაურებზე, „ჰამასის“ უმაღლეს ხემძღვანელობაზე, ხელისუფლების ყველა ეშელონზე“, – განაცხადა კონრიკუსმა.

„რაც {ობიექტი} არ უნდა იყოს, თუ ის ეკუთვნის „ჰამასს“, ჩვენ ვახორციელებთ დარტყმებს“, – აღნიშნა ჯონათან კონრიკუსმა.

გარდა ამისა, ისრაელის არმია ამ დროისათვის ღაზაში „ჰამასის“ პოზიციებზე მასშტაბურ დარტყმებს ახორციელებს.

ამავე დროს, პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ღაზას სექტორში დაღუპულთა რაოდენობა 1200-მდე გაიზარდა, დაშავებულია 5 600 ადამიანი.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, ქუთაისში, რიგით მესამე საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, 20-25 ოქტომბერს ქუთაისი, რიგით მესამე, საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალს მასპინძლობს.

ექვსი დღის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში, ფესტივალი მაყურებელს მრავალფეროვან პროგრამას შესთავაზებს. კინოჩვენებებთან და რეტროსპექტივებთან ერთად, ფესტივალი მოიცავს საგანმანათლებლო პროგრამებს კინემატოგრაფისტებისათვის მასტერკლასებს, დისკუსიებსა და პრეზენტაციებს.

ფესტივალის ფარგლებში, სპეციალური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულებს სამ კატეგორიაში: საუკეთესო ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო ოპერატორი და ფესტივალის პრიზს – ოქროს დინოზავრს გადასცემს.

ფესტივალის ჟიურის წევრები არიან: მარი ამაშუკელი, ოლივიე პელისონი, კარმენ გრეი, ფარაზ ფეშარაკი, ნიკ ვოიგთი,კეკო ჭელიძე,შალვა სოყურაშვილი.

ქართველ კინოკრიტიკოსთა ჟიური ქეთი ჯაფარიძე, დიანა მაღლაკელიძე და ბექა მაისურაძე, კი რჩეულ ფილმს მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს გადასცემენ.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანაა ჩეხეთი. „ჩეხეთის ცენტრი თბილისის” მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება ჩეხური ახალი ტალღის ფილმები.

ცნობილი ბელგიელი რეჟისორის, სცენარისტის, ხელოვანისა და კინოს პროფესორის – შანტალ აკერმანის ფილმების სპეციალური ჩვენებით, ფესტივალი კიდევ ერთხელ მიაგებს პატივს ქალ კინემატოგრაფისტთა ღვაწლს.

წელს, ფესტივალის სტუმარია „ბაქოს საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი“.

აღსანიშნავია, რომ 2023 წელი გამორჩეულია ქართული კინოსათვის, რადგან მისი არსებობის საიუბილეო, 115-ე წელი შესრულდა.

ტრადიციულად ფესტივალზე ნაჩვენები იქნება თანამედროვე ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმების პანორამა. ქუთაისში შედგება ქართული ახალი ტალღის დოკუმენტალისტების ფილმების პრემიერები, ნაჩვენები იქნება: ანნა ძიაფშიპას ავტოპორტრეტი ზღვარზე, მარიამ ჭაჭიასა და ნიკ ვოიგთის ჯადოსნური მთა, ლუკა ბერაძის ღიმილიანი საქართველო და გიორგი ვარსიმაშვილის სასტუმრო მეტალურგი.

ანიმატორთა ასოციაცია საქართველოში „საქანიმა“, ფესტივალზე წარმოგიდგენთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმებს.

ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება რეზო გაბრიაძის სახელობის სცენარის განვითარების სახელოსნო, რომელსაც რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ინეკე სმიტსი (ნიდერლანდები)  და პროდიუსერი თეკლა მაჭავარიანი (საქართველო) გაუძღვებიან.

კინოკრიტიკის სახელოსნოს  გაუძღვება კინოკრიტიკოსი, ფილოსოფოსი და ავტორი დანა ლინსენი (ნიდერლანდები);

კინოოპერატორობის საერთაშორისო სახელოსნოს  გაუძღვებიან გამოცდილი კინოოპერატორები საქართველოდან, ევროპიდან და ამერიკიდან. სახელოსნო ტარდება კინოოპერატორთა საერთაშორისო ფედერაციის – IMAGO-სა და Dedo Weigert Film GmbH-ის მხარდაჭერით. მსგავსი ტიპის სახელოსნო პირველად ტარდება არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ფესტივალი 20 ოქტომბერს, 19:00 საათზე გაიხსნება და დასრულდება დაჯილდოების ცერემონიით, რომელიც 25 ოქტომბერს 19:00 საათზე კინოთეატრ საქართველოში ჩატარდება.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: ქუთაისის მერია, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრი, თიბისი კონცეპტი და „თეგეტა ჰოლდინგი”.

ფესტივალის პარტნიორები არიან: საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, „ფრანგული ინსტიტუტი”, „ჩეხეთის ცენტრი თბილისი”, „მეღვინეობა ვაზიანი”, „სარაჯიშვილი” და „ბორჯომი”. ფესტივალის მასპინძელია სასტუმრო Kutaisi Inn.

R

გაერო-ს უშიშროების საბჭო, 13 ოქტომბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება

გაერო-ს უშიშროების საბჭო, 13 ოქტომბერს, ისრაელსა და „ჰამასს“ შორის კონფლიქტის განსახილველად შეიკრიბება.

ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბრაზილიამ, რომელიც გაერო-ს უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეა, „ღაზას სექტორში არსებული სიტუაციის განსახილველად“ სხდომა დანიშნა.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მაურუ ვიერამ აზიაში მოგზაურობა შეწყვიტა, რათა ნიუ-იორკში შეხვედრას დაესწროს.

შექმნილი სიტუაციის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ლუის ინასიო ლულა და სილვამ განაცხადა, რომ აუცილებელია „ჰამასმა“ ოჯახებიდან გატაცებული ბავშვები დააბრუნოს და ისრაელს ღაზას დაბომბვის შეწყვეტისკენ მოუწოდა