Home Blog Page 2169

“ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს” – პაატა მანჯგალაძე

„ქართულმა ოცნებამ“ პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება უნდა შეცვალოს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

„თუ ვინმემ აღქმები და პოლიტიკა უნდა შეცვალოს, ეს „ქართული ოცნებაა“. თქვენ იცით, მათი განცხადებები და წერილები, რომ თურმე რომელ ქვეყანაშიც ამერიკა შევიდა, ამერიკა ყოფილა არეულობის შემტანი და ამ თვალსაზრისით ჩამოთვლილი აქვთ იემენი, ლიბია, სირია. მინდა, „ქართულ ოცნებას“ ვკითხო: შემთხვევით, „ჰამასს“და „ჰეზბოლას“ ხომ არ უჭერენ მხარს, რადგან ასეთ განცხადებებს „ჰამასი“ და „ჰეზბოლა“ აკეთებენ. ჩვენი პარტნიორის მიმართ დამოკიდებულება მათ უნდა შეცვალონ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

“ქართველი ხალხი მხარდაჭერას, სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში ისრაელის ელჩთან, ჰადას მეიცადთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, მსურს, შეშფოთება და მწუხარება გამოვხატო ისრაელის სახელმწიფოში განვითარებული მოვლენების გამო. ამ რთულ დროს ქართველი ხალხი მხარდაჭერასა და სოლიდარობას უცხადებს ისრაელს და მის ხალხთან ერთად დგას!“ – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

თავდაცვის ძალების რაოდენობა არა უმეტეს, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს, 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა. „პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა სხდომაზე თავდაცვის ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ მთავრობის წარდგინება განიხილა.

საკითხი პარლამენტის წევრებს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ გააცნო.

2024 წელს თავდაცვის ძალების რაოდენობა (სამხედრო მოსამსახურეთა შტატი) არა უმეტეს 37 ათასი სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრება.

კომიტეტმა საკითხის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა“,-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ევროსაბჭომ რუსეთი დიქტატურად გამოაცხადა და საერთაშორისო თანამეგობრობას პუტინის არალეგიტიმურად აღიარებისკენ მოუწოდა

ევროპის საბჭოს ასამბლეა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, „აღიარონ ვლადიმერ პუტინი არალეგიტიმურად მისი ამჟამინდელი საპრეზიდენტო ვადის დასრულების შემდეგ და შეწყვიტონ მასთან ყოველგვარი კონტაქტი, ჰუმანიტარული კონტაქტის გარდა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

ერთხმად მიღებულ რეზოლუციაში ასამბლეა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი ხელისუფლებაში პრეზიდენტის ან პრემიერ-მინისტრის პოსტზე 2000 წლიდანაა.

2020 წლის ივლისში რუსეთის კონსტიტუციაში შეტანილმა ცვლილებებმა მისი პოტენციური პრეზიდენტობა 2036 წლამდე გაახანგრძლივა, რამაც გამოიწვია შეშფოთება კონტროლისა და ბალანსის სისტემის არარსებობის გამო.

„ეს, შიდა ოპონენტების წინააღმდეგ მზარდ რეპრესიებსა და უკრაინაში რუსეთის ქმედებებთან ერთად, ხაზს უსვამს პრეზიდენტის უკონტროლო ძალაუფლების ფასს“, – აღნიშნულია ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრესრელიზში.

„პრეზიდენტის აბსოლუტურმა ძალაუფლებამ, რომელიც გამოწვეულია ხელისუფლების უკიდურესად ხანგრძლივი ვადით, ყოველგვარი კონტროლისა და ბალანსის სისტემის გარეშე, როგორიცაა ძლიერი პარლამენტი, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა, თავისუფალი მედია და აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, რუსეთის ფედერაცია დე ფაქტო დიქტატურად გადააქცია “, – აცხადებენ პარლამენტარები.

ასამბლეის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მისი შედეგები მეტყველებს იმაზე, რომ დიქტატურები საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებას, მათი მეზობლების ტერიტორიულ მთლიანობასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნიან. შესაბამისად, პარლამენტარებმა განაცხადეს, რომ რუსეთში დემოკრატიის აღდგენა არა მხოლოდ რუსი ხალხის, არამედ ევროპისა და მთელი მსოფლიოს ინტერესებშია.

ამასთან, ასამბლეამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მხარს უჭერს სისხლის სამართლის საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნას, რომელიც პასუხს აგებინებს რუსეთის ხელმძღვანელობას, მათ შორის ვლადიმერ პუტინს, მათი ქმედებების გამო, მათ შორის ყირიმის უკანონო ანექსიისთვის და MH17 ავიარეისის ჩამოგდებისთვის.

“თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე” – თეონა აქუბარდია

„ქართული ოცნება“ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ეროვნულ ინტერესს დღითი დღე აუარესებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე.

„ოჩამჩირეში რუსეთის სამხედრო ფლოტის მუდმივი ბაზირება საფრთხეს უქმნის როგორც საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე ქვეყნის გაცხადებულ ეროვნულ ინტერესებს. ხელისუფლების უარი იმის თაობაზე, რომ ეს ყველაფერი ერთად დავგმოთ და პარტნიორ ქვეყნებს საქართველოს გვერდით დგომისკენ მოვუწოდოთ, კიდევ ერთ ლუსტრაციას წარმოადგენს, თუ რამხელა გავლენა აქვს რუსეთს „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე. მაშინ, როდესაც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე აქტიურად უნდა მუშაობდეს გაზრდილი საფრთხეების შეფასებაზე, დღეს მისგან ჩვეულებრივი სადღეგრძელო მოვისმინეთ, რასაც აკლდა მხოლოდ ყანწი. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის სავარძელი აბსოლუტურად არათავსებადი იყო ფრაზებთან, რაც მისგან კომიტეტის სხდომაზე მოვისმინეთ“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

“ალიევთან შეხვედრაზე ყარაბაღის კრიზისი დეტალურად განვიხილეთ” – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე ყარაბაღის კრიზისი დეტალურად განიხილა.

„დასავლეთის აქტივობის კიდევ ერთ ახალ მაგალითად მათგან შორს, მაგრამ ჩვენთან ძალიან ახლოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონებში, შეგვიძლია, რა თქმა უნდა, მოვიყვანოთ სიტუაცია ყარაბაღის კრიზისში, რომელიც გუშინ დეტალურად განვიხილეთ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან,“ – განაცხადა პუტინმა ბიშკეკში დსთ-ს სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე.

“ქართულ ოცნებას” უნდა ახსოვდეს, რომ ასეთივე მონდომებით ემეგობრებოდა ვიქტორ ორბანი „ნაციონალურ მოძრაობას” – ალეკო ელისაშვილი

„ქართულ ოცნებას” უნდა ახსოვდეს, რომ ასეთივე მონდომებით ემეგობრებოდა ვიქტორ ორბანი “ნაციონალურ მოძრაობას”, ის სიტყვით “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზეც კი გამოვიდა – ამდენად, მთლად ორბანის გულწრფელი მეგობრობის იმედად ნუ იქნებიან! – ეს განცხადება პარლამენტში ოპოზიციონერმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა გააკეთა.

ელისაშვილის თქმით, ცუდია, რომ ვიქტორ ორბანის გარდა, “ქართულ ოცნებას” არც ერთი სხვა რეალური მხარდამჭერი არ ჰყავს.

„ქართულ ოცნებას“ უნდა ახსოვდეს, რომ ასეთივე მონდომებით ემეგობრებოდა ვიქტორ ორბანი „ნაციონალურ მოძრაობას, ის „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზეც კი გამოვიდა, შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” გაქცეული და ძებნილი ლიდერები შეიფარა. ცუდია, რომ ევროკავშირში მოკავშირედ მხოლოდ ორბანი ჰყავთ მიჩნეული. ევროკავშირში კიდევ 26 ქვეყანაა, რომელთა ლიდერები „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ასე გულითადად განწყობილნი არ არიან. ცალკე საკითხია, რამდენად დასაჯერებელია ორბანის გულითადობა – იმ კაცის, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე სიტყვით არის გამოსული“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„აბრეშუმის გზის ფორუმი ზრდის დაკავშირებადობას და ხელს უწყობს ქვეყნების მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის” ინიციატივაში” – გენადი არველაძე

„აბრეშუმის გზის ფორუმის მთავარი იდეა არის ის, რომ უფრო მეტად გავზარდოთ დაკავშირებადობა და საქართველოს როლი, როგორც ჰაბის, ამ შემთხვევაში არის ძალიან მნიშვნელოვანი. შესაბამისად, ფორუმი, რომელიც საქართველოში უკვე მეოთხედ იმართება, ხელს შეუწყობს ქვეყნების უფრო მეტად ჩართულობას „შუა დერეფნის” ინიციატივაში” – განაცხადა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ სასტუმრო „ბილტმორში,” სადაც დღეს აბრეშუმის გზის ფორუმის საორგანიზაციო შტაბი გაიხსნა. ფორუმი 26-27 ოქტომბერს თბილისში გაიმართება და მასში მსოფლიოს 60-მდე ქვეყნის 2000-მდე სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

გენადი არველაძის შეფასებით, ფორუმი აგრეთვე ხელს უწყობს ზოგადად ქვეყნის ცნობადობის და ასევე საქართველოს, როგორც მთავარი დამაკავშირებელი ქვეყნის როლის გაზრდას.

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ოფიციალურად გაიხსნება. ორდღიან მასშტაბულ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბიზნესის წარმომადგენლები. ფორუმის ფარგლებში დაგეგმილია თემატური სესიები ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, ციფრული და ფინანსური ტექნოლოგიების საკითხებზე, ასევე გაიმართება სესიები საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების შესახებ და შედგება ორმხრივი ბიზნესშეხვედრები.

აბრეშუმის გზის ფორუმი საქართველოში მეოთხედ იმართება.

“ოპოზიცია ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს თავს დაესხა” – ირაკლი კობახიძე

ოპოზიცია ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს თავს დაესხა. ისინი ნებისმიერი ევროპელი ლიდერის მიმართ მუდმივად აგრესიას ავლენენ, რომელიც საქართველოსადმი ღია მხარდაჭერას გამოხატავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად უნგრეთის ხმა სჭირდება. „ოპოზიცია ვიქტორ ორბანს, ევროპელ ლიდერს თავს დაესხა. ამას მთავარი, ერთადერთი მიზეზი აქვს, რომ ვიქტორ ორბანი ჩვენი ქვეყნის და მისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ერთ-ერთი უმთავრესი მხარდამჭერია. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ოპოზიციას საპირისპირო ინტერესი აქვს, როგორმე არ მიიღოს ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი, ისინი აგრესიას ნებისმიერი ევროპელი ლიდერის მიმართ მუდმივად ავლენენ, რომელიც გამოხატავს ღია მხარდაჭერას საქართველოს მიმართ. ადრე, გახსოვთ, იგივე ოლივერ ვარჰეისზე უხეში თავდასხმები, ახლა ვიქტორ ორბანია. ბუნებრივია, გვჭირდება უნგრეთის ხმა კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ასეთ პირობებში, როდესაც ღიად ესხმით თავს ამ ევროპული ქვეყნის ლიდერს, ეს ყველაფერზე მიანიშნებს.

კიდევ ერთხელ მინდა ვისაუბრო თვითონ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით. ერთ- ერთი ადამიანი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ვიქტორ ორბანი ავტორიტარული რეჟიმის ხელმძღვანელია, რაც უბრალოდ „ფეიკია“. მე შეგახსენთ, თან ამას კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ ვიქტორ ორბანს არც ადამიანები უწამებია, არც ბიზნესი დაურეკეტებია, არც ტელევიზიები მიუტაცებია ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობისგან“ განსხვავებით. ამიტომ ეს “ფეიკი“ შეუძლიათ, შეასაღონ იმას, ვისაც შეასაღებენ, მაგრამ ვიქტორ ორბანი ევროპელი ლიდერია, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას უჭერს მხარს, ჩვენს ქვეყანას, რომელსაც სათანადო ფასეულობები აქვს და ეს არის ის, რაც რადიკალურ ოპოზიციას აღიზიანებს“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საკუთარ მოლოდინებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს სურათი გაუმჯობესებული აქვს და შანსები დადებითი პასუხისკენ არის გადახრილი“.

„ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს სურათი გაუმჯობესებული აქვს. იმის თქმის საფუძველი გვაქვს, რომ ადრე თუ 50/50-ზე იყო შანსები იმისა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიეღოთ, ახლა შანსები დადებითი პასუხისკენ არის გადახრილი. ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას შეხვედრები გვაძლევს, რომლებიც ჩვენი მონაწილეობით ევროპელ ლიდერებთან შედგა. მეტი ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს ახლა, ვიდრე, შარშან ან რამდენიმე თვის წინ გვქონდა“, – განაცხადა კობახიძემ.

ლოიდ ოსტინი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი, ლოიდ ოსტინი თელ-ავივში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ისრაელელ კოლეგას, იოავ გალანტსა და პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

პენტაგონის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შეხვედრებზე განიხილავენ ისრაელის ოპერატიულ დაგეგმარებასა და ამოცანებს, ასევე ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას.

“მოსამართლეებმა უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად” – ანრი ოხანაშვილი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე

ხელის გულზე დევს კონსტიტუციის დარღვევა. ამის არდადგენა სამართლებრივად გააჩენს კითხვას არამხოლოდ ჩვენი, ნებისმიერი იურისტის მხრიდან – მათ (მოსამართლეებმა) უნდა იხელმძღვანელონ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, თუ ასე იხელმძღვანელებენ, სახეზეა კონსტიტუციის დარღვევა, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ოხანაშვილის თქმით, ყურადღება მისაქცევია, რომ პრეზიდენტს სასამართლოზე არ წარმოადგენდნენ კონსტიტუციონალისტები და თუ სამართლებრივად სწორი იყო პრეზიდენტის პოზიცია, ოხანაშვილისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლებოდა კარგ კონსტიტუციონალისტს მისი ინტერესები არ დაეცვა. რაც შეეხება პრეზიდენტის წარმომადგენლებს, „იქ გამოჩნდა, რომ არც ერთი იყო კონსტიტუციონალისტი და არც მეორე“.

„არავითარი არგუმენტი არ ჰქონდათ, საკითხის მნიშვნელობა რომ დაეკნინებინათ. ის, რაც განხილვას არ უნდა დაქვემდებარებოდა, იმ საკითხებზე გადაჰქონდათ ყურადღება. ეს იყო მარტივი სამართლებრივი კაზუსი, თუმცა, კი ბატონო, საჭირო იყო განხილვა, ჩვენ დავრჩით ბოლომდე, ყველა შეკითხვას ვუპასუხეთ – მათ შეკითხვებს, საკონსტიტუციო სასამართლოს შეკითხვებს. რა თქმა უნდა, მოლოდინი არის, რომ ადგილი ჰქონდა კონსტიტუციის დარღვევას და ეს უნდა დადგინდეს,“ – განაცხადა ოხანაშვილმა.

“მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის პოზიციაზე ლევან ხაბეიშვილის დიდხანს დარჩენას” – ირაკლი კობახიძე

კეზერაშვილის ფაქტორი ოპოზიციაში ყველასთვის მნიშვნელოვანია, ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძეს კითხვა დაუსვეს ლევან ხაბეიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც კეზერაშვილთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობასთან დაკავშირებით არაფერი იცვლება.

„ხაბეიშვილს რაც შეეხება, ჩვენ მივესალმებით მის დიდხანს დარჩენას თავმჯდომარის პოზიციაზე. რაც შეეხება ზოგადად ოპოზიციას, კეზერაშვილის ფაქტორი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მნიშვნელოვანია, გამომდინარე იქიდან, რომ ის არის რადიკალური ოპოზიციის დამფინანსებელი, მთავარი დონორი და ეს არის ფაქტი. ახლა, როგორც არ უნდა ისაუბრონ განსხვავებული ფორმით, ეს არის ფაქტი, რადიკალური ოპოზიციის მთავარი დონორი არის კეზერაშვილი და ისინი მთლიანად დამოკიდებული არიან ბუნებრივია, კეზერაშვილზე, ის თავის სისხლიან ფულს, კორუფციით ნაშოვნ ფულს აბანდებს ქართულ პოლიტიკაში, წარუმატებლად, მაგრამ ეს მაინც ასეა. შესაბამისად, საუბრები იმაზე, რომ ვიღაცას მოსწონს კეზერაშვილი და ვიღაცას არა, არის ცარიელი ფარსი. ისინი იღებენ დაფინანსებას კეზერაშვილისგან“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.