Home Blog Page 2166

,,ახლა არის იდეალური პერიოდი იმისთვის, რომ გრიპზე ავიცრათ”- გაბუნია

„შემოდგომა ვირუსების ცირკულაციის პერიოდია. წელს უკვე ცირკულირებს რინოვირუსი, ენტეროვირუსი. შედარებით მცირეა – დაახლოებით 7-8% კორონავირუსი. მსგავსი სურათი გვქონდა გასულ წელსაც, არაფერი უჩვეულო და განსაკუთრებული წლევანდელ სეზონზე არ არის. რაც შეეხება გრიპს, ჯერ-ჯერობით გრიპის ვირუსი არ ცირკულირებს, მხოლოდ თითოეული შემთხვევა დაფიქსირდა. ახლა, მიმდინარე კვირაში გრიპის ვირუსი საერთოდ არ დაფიქსირებულა. ასევე არ აღინიშნება ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნებში, რასაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიურო ადასტურებს. აღნიშნული, ჩვენთვის იმის შესაძლებლობაა, რომ ახლა დაწყებული ვაქცინაცია, თვის ბოლომდე  შექმნის ძალიან კარგ  მოსამზადებელ პერიოდს“, – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა.

თამარ გაბუნიას თქმით, სახელმწიფომ “ებოტის” წარმოების,  200 000, მაღალი ხარისხის, ოთხ კომპონენტიანი ვაქცინა შეიძინა. მისი განმარტებით, ვაქცინა იცავს  როგორც გრიპის გადადების, ისე მძიმე ფორმების განვითარებისგან, სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია,  რისკ-ჯგუფებში შემავალი პირების ვაქცინაცია.

“ვაქცინა უფასოა და სახელმწიფო პროგრამა ამას სრულად ფარავს, საოჯახო მედიცინის ცენტრები და კლინიკების დიდი ნაწილი ჩართულია ვაქცინაციის პროცესში, 60 წლის და ზემოთ პირები არიან მაღალი რისკის მატარებლები, ასევე შაქრიანი დიაბეტის და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები. ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაცია ორსულებისთვის, მათი აცრა მოხდება პირველ ეტაპზე და აუცილებლად უნდა მიგვმართონ და აიცრან. ორსულებისთვის,  მთელი წლის განმავლობაში ვინახავთ გარკვეულ რაოდენობა ვაქცინას, იმისთვის რომ როგორც კი დადგება ორსულობა აიცრან და ამის შესახებ მას რეკომენდაციას, აუცილებლად მისცემს მეან-გინეკოლოგი“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, რისკ-ჯგუფებისთვის, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ორშაბათიდან დაიწყება.

2023-2024 წლების გრიპის სეზონისათვის ქვეყანაში გრიპის ვაქცინაციის მიზნით მაღალი რისკის ჯგუფებად განისაზღვრა: დიაბეტის მქონე პირები;   დიალიზზე მყოფი პირები; C ჰეპატიტის მქონე პირები (მხოლოდ მკურნალობაზე მყოფნი); აივ ინფექცია/შიდსის მქონე პირები; ორგანოგადანერგილი და მუკოვისციდოზის დაავადების მქონე პირები; აგრეთვე, 60 წლის და უფროსი  ასაკის ხანდაზმული პირები; ორსულები; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (სკოლები) პედაგოგები; ბავშვთა (მ.შ. მცირე საოჯახო ტიპის) და მოხუცთა თავშესაფრების ბენეფიციარები და მათი მომვლელი პერსონალი; სავალდებულო ვაქცინაციას დაქვემდებარებული მედპერსონალი და სხვ.

ევროკავშირი ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას სამჯერ გაზრდის

ევროკავშირში აცხადებენ, რომ ღაზას სექტორისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას სამჯერ გაზრდის. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება.

„ევროკავშირი უკვე არის ყველაზე დიდი უცხოელი დონორი პალესტინელი ხალხისთვის“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, გაეროსთან მჭიდრო თანამშრომლობა მიმდინარეობს, რათა ღაზას სექტორში მყოფ მშვიდობიან მოსახლეობას დახმარება გაუწიონ.

„ჰუმანიტარული დახმარების გასამმაგება ხელს შეუწყობს იმის უზრუნველყოფას, რომ ღაზაში მყოფი მშვიდობიანი მოქალაქეები უზრუნველყოფილი იყვნენ ძირითადი საჭიროებებით“, – თქვა კრიზისების მართვის კომისარმა იანეზ ლენარეიმ.

,,ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც ომის გარეშე მოგვარდება”- რომან კაკულია

ომი, რომელიც ახლა დაიწყო ისრაელ-„ჰამასის“ შორის, დიდი ხნის მომზადებული ომია, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განუცხადა.

„დღეს, მსოფლიოს დიდი ნაწილი ისრაელის მხარეს არის. ეს არ არის კონფლიქტი, რომელიც მოგვარდება ომის გარეშე, ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება უკვე გამორიცხულია. მაგრამ, მილიარდზე მეტია მოსახლეობის რაოდენობა იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ისრაელს უპირისპირდებიან. ისრაელს ამერიკის დახმარების იმედია აქვს, მაგრამ როგორც უკრაინის შემთხვევაში, ამერიკამ გამოხატა პოზიცია, რომ მისი სამიზნე, დაახლოებით 2027 წლისთვის არის ჩინეთი და მისი რესურსები მობილიზებული უნდა იყოს იქითკენ, დღეს ამას ვერ იტყვის. რომ წარმოვიდგინოთ, რომ ეს ომი 6 თვის განმავლობაში გაიწელა, რესურსების დიდი ნაწილი აღმოჩნდება იმათ სასარგებლოდ, რომლებიც მილიარდიანი ქვეყნები არიან.

თუ ეს კონფლიქტი მალე ვერ მოგვარდა, მაშინ დღის წესრიგში დგება, რომ გლობალური სამხრეთის გადაწყობა მივიდეს საბოლოო წერტილამდე. ამას დასჭირდება ბევრი დრო იმისათვის, რომ ის ძალები, რომლებიც მსოფლიოს ახალი ფორმატის შექმნაზე ლაპარაკობენ, უნდა მოახერხონ კონცენტრირება აზია-წყნარი ოკეანის ტერიტორიაზე. ამ შემთხვევაში ისრაელის პრობლემა იქნება ძალიან რთული პრობლემა. მთელი მილიარდიანი მოსახლეობა მას დაუპირისპირდება. ამერიკა ვერ შეძლებს ხანგრძლივ ვადიან პერიოდში ისეთი ტიპის მხარდაჭერა აღმოუჩინოს ისრაელს, რომელიც დღეს სახეზეა“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

,,ისრაელის თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველი შეტევისთვის ემზადება”- ისრაელის თავდაცვის ძალები

ისრაელის თავდაცვის ძალებმა განცხადება გავრცელეს, სადაც ნათქვამია რომ „ისრაელის არმია მნიშვნელოვანი სახმელეთო ოპერაციისთვის მზადებას ასრულებს“.

„ისრაელის თავდაცვის ძალები ყოვლისმომცველი შეტევისთვის ემზადება, მობილიზებულია პერსონალი“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით,  ისინი ასობით ათასი რეზერვისტის გაწვევას ასრულებენ და ახლა სახმელეთო ოპერაციისთვის საჭირო აღჭურვილობით მათ მომარაგებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ჯარისკაცებს „სახმელეთო ოპერაციაზე აქვთ ახლა აქცენტი გადატანილი“.

 

,,ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებისათვის მსოფლიო ემზადება”- რომან კაკულია

ის მენტალური მდგომარეობა, როდესაც თითქოს ომები აღარ არის პრობლემის გადაწყვეტის გზა და თითქოს ადამიანი გაიზარდა ამ მორალურ დონემდე, რომ მას შეუძლია ომების გარეშე მოაგვაროს პრობლემა, ამან შექმნა ძალიან დიდი ილუზია ისეთ საკითხებთან მიმართებაში, რომელიც როგორც აღმოჩნდა, ომების გარეშე ვერ გადაწყდება, – ამის შესახებ „ქრონიკას“ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა, რომან კაკულიამ განუცხადა.

„მიამიტური შეხედულება, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დომინირებს, ჩვენ ხელს შეგვიშლის შევაფასოთ მოვლენები, რომ თითქოს სამყარო არის ცივილიზებული და არაცივილიზებული სამყაროს ურთიერთდაპირისპირება. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ დაბრუნდა ძალთა ბალანსის ის თეორია, რომელმაც უნდა გააკეთოს და დაამყაროს ახალი ძალთა ბალანსი. გამოკვეთილია ორი რამ: ამერიკისა და ჩინეთის დაპირისპირებისათვის მსოფლიო ემზადება. ეს დაპირისპირება დაახლოებით 2027 წლისთვის არის ნავარაუდები. სწორედ ამან განაპირობა, რომ უკრაინის მიმართ გარკვეულად შემცირდა ყურადღება. ახლა ჩვენ ვხედავთ ერთ ახალ მოვლენას – როდესაც თითქოს ძალიან მნიშვნელოვანი იყო შეიარაღებისთვის მაღალი ღირებულების ტექნიკა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სამობილიზაციო რესურსი: არტილერია, ჭურვების რაოდენობა და დრონები, გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია. გაჩნდა ახალი ტერმინი – ომი გამოფიტვამდე“, – აღნიშნა რომან კაკულიამ.

,,უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას”- ბლინკენი

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენები გააფრთხილა, რომ უახლოეს კვირებში აზერბაიჯანი შესაძლოა სომხეთში შეიჭრას. ამის შესახებ Politico წყაროებზე დაყრდნობით წერს.

როგორც მათ გამოცემას უთხრეს, ენტონი ბლინკენმა ეს თემა დემოკრატი კონგრესმენების მცირე ჯგუფთან 3 ოქტომბერს, ტელეფონით განიხილა.

სახელმწიფო მდივანმა და კანონმდებლებმა განიხილეს ზომები, რომელიც აშშ-მ შეიძლება საპასუხოდ მიიღოს. კერძოდ, ბლინკენმა განაცხადა, ვაშინგტონი ბაქოს სამხედრო დახმარებას შეუწყვეტს.

როგორც Politico წერს, სახელმწიფო დეპარტამენტში ამ თემაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აშშ მხარს უჭერს სომხეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

,,თუ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას” – თალაკვაძე

თუ გვინდა გვქონდეს ევროპული სახელმწიფო, პირველ რიგში პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, პირველად ხდება როდესაც სერიოზული დისკუსია წარმოიშვა ახალ კონსტიტუციასთან დაკავშირებით და მას ნამდვილად სჭირდება საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლიანი, კომპეტენტური და ამომწურავი დასკვნა. მე იმედი მაქვს, რომ ასეთიც იქნება სასამართლოს გადაწყვეტილება“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.

სასამართლოს მსჯელობის საგანი იყო დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კონსტიტუცია, როდესაც საერთაშორისო ვიზიტებში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა.

ღაზის სექტორში 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა – UNICEF

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, გასული შაბათის შემდეგ ღაზის სექტორში 700-ზე მეტი ბავშვი დაიღუპა, 2450 კი დაშავდა.

„ბავშვების მკვლელობა უნდა შეწყდეს“, – განაცხადა UNICEF-ის პრესსპიკერმა, ჯეიმს ელდერმა.

დღეს ისრაელის თავდაცვის არმიამ („ცახალი“) ღაზას მოსახლეობას სექტორის სამხრეთისკენ ევაკუაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და უსაფრთხო საევაკუაციო მარშრუტების რუკა გამოაქვეყნა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

,,საქართველოში ერთობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება”- ირაკლი ქადაგიშვილი

მისასალმებელია ვოლოდიმირ ზელენსკის სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს მოხდეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში ერთობა მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება

„პირველ რიგში, მინდა, უკრაინას ვუსურვო, რომ იყოს წარმატებული, მშვიდობიანი და ერთიანი სახელმწიფო. ამას ვუსურვებ მთელი სულით და გულით. არც ერთი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა არ უნდა იყოს მისაღები, მაგრამ ჩვენ, საქართველო, არ ვუკავშირებთ გარკვეულ სამხედრო მოქმედებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას. აქედან გამომდინარე, მისი სურვილი, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს, მისასალმებელია, მაგრამ ჩვენ განზრახვა გვაქვს, რომ ეს აღდგეს მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი განვითარების გზით. ჩვენ საქმე გვაქვს კავკასიასთან, იმ ხალხთან, რომელიც ისტორიულად ცხოვრობს საქართველოში ქართველებთან ერთად. ომით არ აღდგება, ომით იშლება, მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობით აღდგება ეს ერთობა საქართველოში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტი მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს „ისტორიულ გზაგასაყარს უწოდებს“. ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ შავი ზღვის რეგიონთან მეზობელ სამხრეთ კავკასიაში ცვლილებების წყალობით ახალი პერსპექტივები გაჩნდება. უკრაინის პრეზიდენტი საკუთარ განცხადებაში შეეხო საქართველოსაც და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ განცხადებას ავრცელებს

ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თელ-ავივიდან დამატებითი ფრენის ჩანიშვნის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“, ისრაელში საქართველოს საელჩოსთან კოორდინაციით, განაგრძობს ყოველდღიურ რეჟიმში პირდაპირი რეისების განხორციელებას ისრაელიდან საქართველოს მიმართულებით. გაცნობებთ, რომ 16 ოქტომბერს ჩანიშნულია დამატებითი რეისი თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით. მოცემული დამატებითი რეისი გათვლილი იქნება ისრაელიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების გადმოსაყვანად, პირველ რიგში ბავშვების, ქალების და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებისთვის. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენი კომპანიის საინფორმაციო სამსახურს.“ – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

გოგა ხაინდრავა ამერიკელი სენატორის განცხადებას ეხმიანება

“USAID რევოლუციას, მიშას მავზოლეუმს და ლяკა ხოშტარიას აფინანსებს! GOD BLESS AMERICA!”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერით ეხმიანება ამერიკელი სენატორის ლინდსი გრემის ფაშისტურ განცხადებას: “babylonbee.com/news/lindsey-g… სენატორმა სამხრეთ კაროლინიდან ლინდსი გრემმა საჯაროდ განაცხადა: “აშშ-მა უნდა დაბომბოს ყველა ქვეყანა, რათა მსოფლიომ იცოდეს ვინ არის პატრონი!” ხუმრობა არ გეგონით 👇 ნახავთ წყაროს. USAID რევოლუციას, მიშას მავზოლეუმს და ლяკა ხოშტარიას აფინანსებს! GOD BLESS AMERICA!”https://x.com/KhaindravaGoga/status/1713171062135963917?t=qcJS3I5nNB2zTVHunoT8WQ&s=08

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

ლონდონში პალესტინელთა მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

დემონსტრაციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს. მათ აქვთ პალესტინის დროშები და ბანერები წარწერით – „თავისუფლება პალესტინას, ოკუპაცია დანაშაულია“.

აქციის დაწყებამდე ლონდონის პოლიციამ გაფრთხილება გამოსცა, რომ „ჰამასის“ მხარდამჭერების გამოვლენის შემთხვევაში, ისინი მათ დაკავებებს დაიწყებენ.