Home Blog Page 2140

თურქეთში პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ბრძოლას ეთიშება

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე სამი დღით ადრე, ოთხი კანდიდატიდან ერთ-ერთმა, მუჰარემ ინჯემ, საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

მან წასვლის ერთ-ერთ მიზეზად სექსუალური ხასიათის ყალბი სურათები დაასახელა. მუჰარემ ინჯეს მტკიცებით, 45 დღის განმავლობაში ცილისწამების მსხვერპლი იყო და თურქეთის ხელისუფლებამ მისი რეპუტაცია ვერ დაიცვა.

BBC-ი წერს, რომ კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით მუჰარემ ინჯეს გადაწყვეტილება პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის უდიდეს კონკურენტს, ქემალ ქილიჩდაროღლუს დიდ ბიძგს აძლევს, რომელიც ექვსი ოპოზიციური პარტიის ალიანსს ხელმძღვანელობს და ბოლო გამოკითხვებით მას ხმას ამომრჩევლის 49%-ი აძლევს. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხვების თანახმად, მუჰარემ ინჯეს ამომრჩევლის მცირე ნაწილი აძლევს ხმას, ოპოზიციის მხარდამჭერები იმედოვნებენ, რომ მის მიერ კანდიდატურის მოხსნის შედეგად, შესაძლოა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ ხმების 50%-ზე მეტი მიიღოს.

ცნობისათვის, თურქეთში საპრეზიდენტო არჩევნები კვირას, 14 მაისს იმართება. თუ ხმების 50%-ს ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნებიდან ორი კვირის შემდეგ მეორე ტური გაიმართება. არჩევნებში, მუჰარემ ინჯეს მიერ კანდიდატურის მოხსნის შემდეგ, პრეზიდენტობის სამი კანდიდატი მონაწილეობს.

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 12 მაისისთვის

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 მაისისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5458 ლარი ეღირება, ევრო – 2.7805 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1998 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5294 ლარი ღირდა, ევრო – 2.7707 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1913 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 12 მაისს ამოქმედდება.

“ქართული ოცნების“ მიერ „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ დატოვება არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე”

„ქართული ოცნების“ მხრიდან დღევანდელი გადაწყვეტილება კიდევ ერთი დასტურია, რომ მისი ხედვა, ადგილი და მისწრაფება არის ძალიან შორს ევროპისგან, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სახალხო პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის დატოვებას შეეხებოდა.

როგორც ხათუნა სამნიძემ აღნიშნა, „ქართულმა ოცნებამ“, როგორც ორგანიზაციამ, ზურგი აქცია ევროპულ ოჯახს.

„პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების შემდეგ, „ევროპულ სოციალისტური პარტიის“ ოჯახში აქტიურად განიხილებოდა „ქართული ოცნების“ წევრობასთან დაკავშირებული საკითხი. შესაძლოა, გაერიცხათ კიდეც. როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, თავად მიიღოს გადაწყვეტილება და ევროპული ოჯახის წევრობაზე თავად თქვეს უარი. რაც კიდევ ერთო დასტურია იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არის პარტია, რომელიც არც ერთი ევროპული ოჯახის წევრი არ არის და რომელიც საქართველოს საზოგადოების უმრავლესობის არჩევანისა და კონსტიტუციის წინააღმდეგ მიდის.

როდესაც კობახიძე ამბობს, რომ ევროპულ ოჯახში ვერ იგრძნო ვერანაირი მხარდაჭერა, თურმე აბსურდულ რეზოლუციებზეა საუბარი, მას ავიწყდება, რომ ის განცხადებები, რაც გაკეთდა პრემიერის მხრიდან, არც ერთი არ იყო ევროპული ფასეულობა და ევროპული ღირებულება. სწორედ ამიტომ მათ მიიღეს ძალიან მკაცრი პასუხი საკუთარი ევროპული ოჯახიდან. დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ დატოვონ „ევროპელი სოციალისტები“, არის კიდევ ერთი დარტყმა ქვეყნის იმიჯზე და კიდევ ერთი დასტური, რომ „ქართულმა ოცნებამ “ევროპას ზურგი აქცია“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო გადაწყვეტილებ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის და პარტიასთან დაკავშირებული სხვა გაერთიანებების დატოვების შესახებ.

“რატომ აუქმებს რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და რატომ აბრუნებს პირდაპირ ავიამიმოსვლას?“ – BBC russian

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბიბისის“ რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია ვრცელი სტატია სათაურით „ორი კურდღლის მოკვლის მცდელობა: რატომ აუქმებს რუსეთი სავიზო რეჟიმს საქართველოსთან და რატომ აბრუნებს პირდაპირ ავიამიმოსვლას?“ (ავტორები – ნინა ახმეტელი, მარია კისელიოვა).

პუბლიკაციაში გადმოცემულია რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ხელმოწერილი ბრძანებულებების შინაარსი, რომლებიც საქართველოს ეხება – სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას.

ჟესტი „ქართული ოცნებისაკენ“

„საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ იანვარში განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა. იგივე საკითხზე იმსჯელეს მოსკოვში გამართულ ქართულ-რუსულ ფორუმზეც, რომელშიც ქართული და რუსული საზოგადოებების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ“, – ამბობს პოლიტოლოგი კონსტანტინ კალაჩევი, – ამიტომაც ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებებს მოულოდნელს ვერ ვუწოდებთ“.

კრემლი დაინტერესებული არ არის იმაში, რომ მომავალ არჩევნებში ქართულმა ოპოზიციამ გაიმარჯვოს. მოსკოვისათვის ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ [მეტ-ნაკლებად კომფორტულ და სასურველ] პარტნიორს წარმოადგენს. შესაბამისად, იბადება კითხვა: რა უნდა გაეკეთებინა რუსეთს ისეთი საქართველოსთვის, რომ ქართული საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს კრემლის ნაბიჯი [დადებითად] შეეფასებინა? – ამბობს „ბიბისი“-სთან საუბარში ექსპერტი.

როგორც პუბლიკაციაშია აღნიშნული, საქართველოს პრეზიდენტმა თავისი რუსი კოლეგის ბრძანებულებები ნეგატიურად შეაფასა და მათ „მორიგი რუსული პროვოკაცია“ უწოდა, თუმცა იქვე ციტირებულია პოლიტოლოგ ალექსანდრე კინევის ნათქვამი – „საქართველოს პრეზიდენტს არანაირი აღმასრულებელი უფლებამოსილება არ აქვს“.

პოლიტოლოგი თვლის, რომ ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებები რუსეთიდან წასულ მოქალაქეებს (ე.წ. რელოკანტებსაც) ეხება – „მათ სამშობლოში დაბრუნება პირდაპირი ავიარეისით შეუძლიათ… ანუ ამ შემთხვევაში კრემლი ორ კურდღლის მოკვლას ცდილობს – ერთი მხრივ, ეს არის კარგი ჟესტი ‘ქართული ოცნებისაკენ“ და მეორე მხრივ – მიწვევა რუსების მიმართ სამშობლოში დასაბრუნებლად“.

„არაფერი დადებითი“

საქართველოს მთავრობა რუსეთთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმა. ხელისუფლების მთავარი არგუმენტია ის, რომ ამით ცხოვრება უიოლდება საქართველოს იმ მილიონობით მოქალაქეს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ…

მაგრამ მოსკოვის ნაბიჯმა ქართული ოპოზიციის დიდ ნაწილში ნეგატიური ტალღა გამოიწვია და მათ საბაბი მისცა კიდევ ერთხელ დაედანაშაულებინათ „ქართული ოცნება“ პრორუსულობასა და ანტიდასავლურობაში.

სტატიაში ციტირებულია ნაცმოძრაობის წევრის ანა წითლიძის და პარტია “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებები, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებები და მათ მიმართ „ქართული ოცნების“ პოზიტიური დამოკიდებულება უარყოფითად არის შეფასებული. „მე მინდა რუსული ავიაკომპანიების წარმომადგენლებს ვუთხრა, რომ თბილისში ვერცერთი კომპანია თავის ოფისს ვერ გახსნის… თქვენ ქართველი ხალხი ფიზიკურ წინააღმდეგობას გაგიწევთ“, – განაცხადა ე.ხოშტარიამ მოსკოვის გასაგონად.

პოლიტოლოგი გიორგი ბადრიძე საქართველოს საერთაშორისო სტრატეგიული კვლევების ცენტრიდან თვლის, რომ რომ რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯები სრულიად ლოგიკურია – იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს დასავლეთის წინააღმდეგ და რუსეთის სასარგებლოდ. კრემლისა და ბიძინა ივანიშვილის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა“.

პოლიტოლოგ გია ნოდიას აზრით, რუსეთის გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებისათვის სამარცხვინოა: „იმ მორალური იზოლაციის გათვალისწინებით, როგორშიც დღეს რუსეთი იმყოფება, მოსკოვისაგან რაღაც პრივილეგიების მიღება სამარცხვინოა. მე ვფიქრობ, რომ კრემლის „საჩუქარი“ საქართველოში პრორუსული განწყობის გაძლიერებას არ გამოიწვევს“.

წყარო

“რუსების მიერ დაწესებული სასჯელი მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და ოპოზიციის წარმომადგენლები თვითსანქცირებას ითხოვენ”

საქართველოს მოქალაქეებს გუშინ მოეხსნათ სასჯელი, მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, 2012 წელს სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ცალმხრივად სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის და ბევრი ახლა ვითომ მათ „დალაგებულ“ მესიჯ ბოქსში ურევს ამ ყველაფერს ერთმანეთში.

„გუშინ იცით რა მოხდა? საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სასჯელი. მათ შორის ფრენებთან დაკავშირებით, მათივე, ანუ რუსების მიერ დაწესებული სასჯელი, რომელიც მათ დააწესეს 2019 წელს, მოეხსნათ საქართველოს მოქალაქეებს და საინტერესო ტერმინი შემოვიდა, შეგვიძლია ასე დავარქვათ, თვითსანქცირებას ითხოვენ ჩვენი ოპოზიციის წარმომადგენლები. მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ დაფიქსირებულა, რომ რომელიმე პოლიტიკოსს მოეთხოვა საკუთარი მოქალაქეების სანქცირება. ანუ თვითსანქცირება საკუთარი ქვეყნის, საკუთარი მოქალაქეების. ერთმანეთში ურევენ ახლა სპეციალურად, შეგნებულად რუსეთის მოქალაქეებს კი არ მოეხსნათ რაღაცა, საქართველოს მოქალაქეებს მოეხსნათ სანქცია, სასჯელი და ესენი ითხოვენ, რომ პირიქით მოხდეს. ერთი კითხვა მაქვს და აქედან ვეკითხები – რას იზამდნენ ისინი ხელისუფლებაში რომ იყვნენ. ანუ საკუთარ მოქალაქეებს თავად დაუწესებდნენ სანქციებს?!

საქართველოს ომი, ომი არ არის და მხოლოდ უკრაინის ომია ომი, ჩვენი მხარდაჭერა გასაგებია ჩვენს მეგობრებს, მაგრამ 2008 წლის შემდეგ სხვანაირად რომ ჭიკჭიკებდნენ ეს ადამიანები, ცალმხრივად სავიზო რეჟიმს უუქმებდნენ და ფრენებეთან დაკავშირებით, მათ შორის ჩვენი პერტნიორებიც ხომ გახსოვთ 2019-2020 წლებში რას ამბობდნენ, ჩვენი ამერიკელი პარტნიორები, რომ ეს არის არასწორი გადაწყვეტილება, უნდა მოეხსნას ეს სანქცია საქართველოს მოქალაქეებს. დღეს ჩვენი ოპონენტები, ოღონდ რაღაცით „ქართული ოცნება“ საკუთარი სახელმწიფო და საკუთარი სამშობლო დააზიანონ, თვითსანქცირებას ითხოვენ, ანუ საქართველოს მოქალაქეების სანქცირებას ითხოვენ. წარმოუდგენელი ამბავია. მაშინ, როდესაც რუსეთში ცხოვრობს მილიონამდე ქართველი და მათთვის სასჯელის მოხსნაზეა საუბარი. რა მოტივაციითაც არ უნდა იყოს, შედეგი ის არის, რომ მოუხსნათ სასჯელი და სანქცია საქართველოს მოქალაქეებს, ამაზე წუხან ჩვენი ოპონენტები და ამის შეცვლას ითხოვენ. ანუ იმას თუ მოუხნსა სასჯელი, შენვე დაუწესე საკუთარ მოქალაქეებს სასჯელიო, ამაში მდგომარეობს მათი პოლიტიკური მორალი“, – განაცხადა მდინარაძემ.

“აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა პუტინის გადაწყვეტილება გავლენას კანდიდატის სტატუსზე, ჩნდება კითხვა, რატომ აკეთებს პუტინი ამას ახლა”

აშშ ვერ იტყვის, მოახდენს თუ არა გავლენას პუტინის გადაწყვეტილება საქართველოს კანდიდატის სტატუსზე, ეს აჩენს შეკითხვას, რატომ აკეთებს პუტინი ამას საქართველოსთვის ახლა, დარწმუნებული ვარ, არავის სჯერა, რომ ის ზრუნავს ქართველი მგზავრების კომფორტზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, ვლადიმერ პუტინს თუ სურს, აჩვენოს მზრუნველობა, გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან.

„ჩვენ ვნახეთ, რომ ზოგჯერ პუტინი იყენებს ქვეყანაში რუსების ყოფნას ამ ქვეყანაში ჩარევისთვის. ვფიქრობ, უკვე ბევრი ქართველია შეშფოთებული საქართველოში რუსეთის ასობით ათასი მოქალაქის ყოფნით, რომლებიც გასულ წელს ჩამოვიდნენ. ახლა ჩვენ გვესმის რუსეთის ტურიზმის სააგენტოსგან, რომ შესაძლოა, კიდევ მილიონი ჩამოვიდეს პირდაპირი ფრენების გახსნის შემდეგ. ბატონ პუტინს თუ სურს, აჩვენოს, რომ ზრუნავს, ის გაიყვანდა რუსეთის ჯარებს აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულებდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, შეცვლიდა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარებას. ეს იქნებოდა ნიშნები, რომელსაც ქართველები დააფასებდნენ. შეგახსენებთ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, რომელმაც 1989 წელს სცადა დაენგრია საქართველოს დამოუკიდებლობა. მათ სცადეს ქართული ენის ჩაჩუმება 1978 წელს და საუკუნეების განმავალობაში შეურაცხყოფდნენ ქართულ ეკლესიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს არის ქვეყანა, რომელიც თავს ესხმის უკრაინას, ისევე როგორც ეს გააკეთა საქართველოს წინააღმდეგ 15 წლის წინ. სამიზნეში იღებს საცხოვრებელ კორპუსებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, ბავშვები აშორებს ოჯახებს. უცნაურად ჩანს ეს ჟესტი სისხლიანი რეჟიმისგან, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა“, – განაცხადა დეგნანმა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დღეს გამოსცა განკარგულებები, რომლებიც საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას და პირდაპირი ფრენების აღდგენას ითვალისწინებს.

საქართველოსთან რუსეთს სავიზო რეჟიმი ცალმხრივად ჰქონდა დაწესებული. რუსეთის ფედერაციასთან სავიზო რეჟიმი 2012 წელს მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით გაუქმდა. მანამდე კი, 2010 წლის ოქტომბერში სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ფედერაციაში შემავალი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების მცხოვრებლებს შეეხოთ.

შეიძინე „Imagine Dragons-ის“ კონცერტის ბილეთი სწრაფად და მარტივად

TKT.GE-ს და Super app-ს  სასიამოვნო სიახლე აქვთ მათთვის, ვინც საქართველოში ვარსკვლავთცვენას მოუთმენლად ელოდება! „Starring Georgia-ს“ ფარგლებში დაგეგმილი ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავის ღონისძიებაზე დასასწრებ ბილეთებს TNET-ის Super app-ის მეშვეობით სულ რამდენიმე წუთში შეიძენთ.

ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბენდი „Imagine Dragons“ თბილისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, 31 აგვისტოს ეწვევა. მილიონობით გაყიდული ალბომისა და მასშტაბური საკონცერტო ტურნეების დამსახურებით, ლას-ვეგასში დაფუძნებული ბენდი თავისი მუსიკალური ისტორიის წერას დღესაც წარმატებით განაგრძობს. ალბომ „Mercury-ის“ ტურნე, რომლის ფარგლებშიც ბენდი საქართველოს ეწვევა, ყველა იმ ჰიტს აერთიანებს, რომლის დამსახურებითაც, „Imagine Dragons“ ნამდვილი სუპერვარსკვლავების ჯგუფი გახდა, ყველა თავისი მახასიათებლით.

კონცერტის ბილეთი TNET-ის Super app-ში 11 მაისის 16:00 საათიდან იქნება ხელმისაწვდომი. უფრო ზუსტად, აპლიკაციაში Star Ring-ის კატეგორიის ბილეთი დაგხვდებთ.

ბილეთის Super App-იდან შესაძენად, საჭიროა:

ჩამოტვირთოთ აპლიკაცია;
გაიაროთ რეგისტრაცია;
მიაბათ თქვენს პროფილს საბანკო ბარათი.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც IOS, ასევე Android სისტემებისთვის. გადმოწერე Super App-ი და შეიძინე ბილეთი სწრაფად და მარტივად: bit.ly/superapp-tnet

„Starring Georgia“ ორწლიანი კამპანიაა, რომლის ფარგლებში, საქართველო მთელი „თანავარსკვლავედის“ მასპინძელი გახდება. ჩვენს ქვეყანას თანამედროვეობის ყველაზე აქტუალური არტისტები ეწვევიან, რომელთა მოსმენის საშუალება ქართველ მელომანებს აქამდე საკუთარ ქვეყანაში არ ჰქონიათ. მათ შორისაა: „Imagine Dragons“, „Nile Rodgers & Chic“, „FKJ“, „Damian Lazarus“ და „All Day I Dream“. ახალი კამპანიის ფარგლებში, „Black Sea Arena-ს“ სცენის გარდა, კონცერტები შეკვეთილში, თბილისსა და სხვა ლოკაციებზე ჩატარდება.

Starring Georgia-ს მთავარი პარტნიორები თიბისი და ვიზა გახდნენ. ამ პარტნიორობის ფარგლებში თიბისის ვიზა ბარათებით გადახდისას განსაზღვრული კატეგორიის ბილეთებზე ფასდაკლება იმოქმედებს.

 

R

დაუვიწყარი გამოცდილება თიბისის მომხმარებლებისთვის – თიბისი და VISA Imagine Dragons-ის კონცერტის მთავარი პარტნიორები არიან

თიბისის ნებისმიერი VISA ბარათის მფლობელებს უნიკალური შესაძლებლობა გაქვთ, ზაფხულის მთავარ მოვლენას, ლეგენდარული ამერიკული ჯგუფის – Imagine Dragons-ის კონცერტს, 20%-იანი ფასდაკლებით დაესწროთ. ბილეთების თიბისი კონცეპტის და თიბისი WM-ის VISA ბარათით შეძენის შემთხვევაში კი, 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ.

თიბისი და VISA Starring Georgia-ს ფარგლებში, Black Sea Arena-ზე დაგეგმილი ყველა კონცერტის მთავარი პარტნიორებიც არიან.

20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებთ ყველა, ვინც შეკვეთილში დაგეგმილ კონცერტებზე ბილეთებს თიბისის ნებისმიერი VISA ბარათით შეიძენთ. თიბისი კონცეპტისა და თიბისი WM-ის VISA ბარათით კი, VIP, Orbit A და Orbit B კატეგორიის ბილეთებზე 30%-იანი ფასდაკლება ვრცელდება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტების სერია 5 აგვისტოს აიღებს სტარტს:

  • 5 აგვისტო – NILE RODGERS & CHIC (Black Sea Arena)
  • 6 აგვისტო – FKJ (Black Sea Arena)
  • 10 აგვისტო – Damian Lazarus (The Social Space)
  • 15 აგვისტო – THE KILLERS (Black Sea Arena)
  • 18 აგვისტო – All Day I Dream (The Social Space)
  • 31 აგვისტო – Imagine Dragons (მიხეილ მესხის სტადიონი)

ბილეთების გაყიდვა დღეს – 11 მაისს დაიწყება – tkt.ge-ზე და Super app-ში.

R

“ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის კავშირი არ არის”

არავითარი კავშირი ფრენების აღდგენას, სავიზო რეჟიმის გაუქმებასა და სტრატეგიულ პარტნიორობას შორის, არ არის. ეს რომ ასე იყოს, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქამდე ექნებოდა დაწესებული პირდაპირი ფრენები ან გაუმარტივებდა ჩვენს მოქალაქეებს სავიზო რეჟიმს, თუმცა საკმაოდ მკაცრი რეჟიმი მოქმედებს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, რადგან ფრენები და სავიზო რეჟიმი არის სრულიად სხვა რამე და სტრატეგიული პარტნიორობა არის სრულიად სხვა რამე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ არაერთ ქვეყანას, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორ ქვეყანას აქვს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან.

მისივე თქმით, ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი წარმოაჩინოს ისე, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას.

„რაც შეეხება ფრენებს. საუბარი ჰქონდა ჩვენს კოლეგებს იმასთან დაკავშირებით, რომ არის არაერთი ქვეყანა სადაც არის ფრენები. მათ აქვთ პარტნიორობა დასავლეთთან, თუმცა ფრენები აქვთ რუსეთის ფედერაციასთან, მათ შორის არის ისრაელი, რომელიც არის ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორი და არის პირდაპირი ფრენები რუსეთთან. ასევე არის თურქეთი, რომელიც არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა და ნატოს წევრი ქვეყანა და იქაც ხორციელდება ფრენები. ჩვენი მეზობელი ქვეყნები: აზერბაიჯანი, სომხეთი – აქაც არის პირდაპირი ფრენები. მთლიანობაში ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სპეკულაციებშიც არ არსებობს არავითარი საფუძველი. ოპოზიცია ცდილობს, ეს ყველაფერი ისე წარმოაჩინოს, თითქოს პირდაპირი ფრენების ცალმხრივად აღდგენა რუსეთის მხრიდან ნიშნავს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარებას. ასეთი სპეკულაციებიც კი გვესმის პირდაპირი თუ ირიბი ფორმით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

თიბისის მხარდაჭერით გურჯაანის ტექნოპარკმა ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა

თიბისის მხარდაჭერით და „ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველოს“ ორგანიზებით გურჯაანის ტექნოპარკმა, მდგრადი განვითარების თემაზე ინოვაციების ბანაკს უმასპინძლა.

ინოვაციების ბანაკი ეს არის იდეების ინტენსიური გენერირების 12 საათიანი ღონისძიება, სადაც 15-დან 18-წლამდე ახალგაზრდები მუშაობენ კონკრეტული ბიზნეს გამოწვევის გარშემო, რომლის შესახებაც უნდა წარმოადგინონ იდეები და ეფექტური მეთოდებით გადაჭრან პრობლემა. მოცემული, შეზღუდული, დროის პერიოდში ახალგაზრდები იდეების განვითარებასა და ჩამოყალიბებას სწავლობენ.

ინოვაციების ბანაკის მონაწილეები არ იცნობდნენ ერთმანეთს, თუმცა მათ მალევე მოახერხეს ჯგუფში ადაპტირება და ეფექტიანი სამუშაო გეგმის შედგენა. მუშაობის პროცესში მოსწავლეებს წვდომა ჰქონდათ  საჭირო ხელსაწყოებზე, ინფორმაციასა და რესურსებზე. გუნდების ფორმირების დასრულების შემდეგ, ახალგაზრდები გაეცნენ ბიზნეს გამოწვევას, რომლის გადაჭრის გზებზეც 12 საათის განმავლობაში იმუშავეს. მონაწილე გუნდებს დაევალათ ინოვაციური პროექტის მომზადება, რომელის გრძელვადიანი მიზანი მსოფლიოს შეცვლა ან/და არსებული პრობლემის გადაჭრა იყო.

ღონისძიების ბოლოს, თითოეულმა გუნდმა წარადგინა ბიზნეს გეგმა და 4 წუთიანი პრეზენტაცია, რომლის მიხედვითაც, ჟიურის წევრებმა გამოავლინეს გამარჯვებული გუნდი.

გამარჯვებული გუნდის წევრებს თიბისისგან საჩუქრად გადაეცათ კომპიუტერული ტექნიკა. ღონისძიების ყველა მონაწილეს გადაეცა 120-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებული სერტიფიკატი „ინოვაციების ბანაკი“-ში მონაწილეობისათვის.

„ჯუნიორ ეჩივმენტ საქართველო“ 2002 წლიდან ახორციელებს სამეწარმეო განათლების პროგრამების სწავლების ხელშეწყობას საქართველოში. იგი არის JA მსოფლიოს წარმომადგენელი ქვეყანაში. ასევე, JA Europe-ის მოდელი ორგანიზაცია და მისი პროგრამები აღიარებულია European Training Foundation (ETF)-ის, ევროკომისიისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, როგორც საუკეთესო პრაქტიკა სამეწარმეო განათლებაში.

JA მსოფლიო დაფუძნდა 1919 წელს და 2023 წლის, ზედიზედ მეორედ, არის ნომინირებული ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში. იგი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მე-6 ადგილზეა და მისი პროგრამები ეფუძნება ახალგაზრდებში დასაქმებისთვის მზაობის, ფინანსური წიგნიერების და სამეწარმეო უნარების გამომუშავებას.

ინოვაციების ბანაკი განხორციელდა აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის, „სამეწარმეო განათლების მხარდაჭერა ევროპასა და ევრაზიაში” ფარგლებში, ჯუნიორ ეჩივმენტ ალუმნთან, გურჯაანის ტექნოპარკთან  და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით.

(R)

“ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას რუსეთის ავიაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები” – პეტერ სტანო

ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაიცვას რუსეთის საავიაციო ინდუსტრიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესდა.

ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიუსელში ბრიფინგზე განაცხადა.

„ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, რომელიც ცდილობს გახდეს გაერთიანების წევრობის კანდიდატი, დაიცვას მოქმედი ევროპული სანქციები, როგორც ამას ევროკავშირის სხვა პარტნიორები აკეთებენ. და ხაზს ვუსვამთ, სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის მიმართ დიდი ყურადღებაა საჭირო, განსაკუთრებით, საავიაციო სექტორში”, – თქვა მან.

სტანომ ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე, საქართველომ არ უნდა დაუშვას ქვეყანაში რუსული თვითმფრინავების ჩასვლა.

„ბოლოს და ბოლოს, სანქციების გამო, რუსული საავიაციო ფლოტის 95% ვერ მოდერნიზდება ან მისი შეკეთებაა რთული, რაც უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა მოხდეს“, – დასძინა სტანომ.

მოსკოვის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სტანომ აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ თავად უნდა გადაწყვიტოს გამოიყენონ თუ არა ახალი რეჟიმი, და ევროკავშირი ამ საკითხზე განცხადებებს არ გააკეთებს.

მილანის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა

იტალიის ქალაქ მილანის ცენტრში ძლიერი აფეთქება მოხდა.

პორტა რომანას რაიონში აფეთქების შემდეგ, ქუჩაში მდგარ რამდენიმე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

აფეთქების ადგილთან ახლოს მდებარე სკოლიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფეთქების მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა ვრცელდება ვერსია, რომ აფეთქება გაზის ავზებით დატვირთულ სატვირთო ავტომობილზე მოხდა.