Home Blog Page 2113

“ჩვენი მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში” – პრემიერი

ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვამაყობ, რომ ვიღებ მონაწილეობას ევროსაბჭოს სახელმწიფოსა და მთავრობების მეთაურთა მეოთხე სამიტში. მინდა მადლობა გადავუხადო მასპინძელ ქვეყანას, ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის. მინდა ასევე ვთქვა, რომ ჩვენ ერთგულნი ვართ ადამიანის უფლებების, დემოკრატიის ფუძემდებლური უფლებების. დღეს ჩვენ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე ვიმყოფებით, რომელიც გულისხმობს უკრაინაში რუსეთის აგრესიას, რომელიც არღვევს გაეროს, ჰელსინკის და სხვა დეკლარაციებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ კარგად გვახსოვს, ის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც რუსეთთან გვქონდა 2008 წელს. ჩვენ ძალიან დიდი დანაკლისი გვქონდა სიცოცხლის და ტერიტორიების 20%-ის კუთხით. ჩვენ კარგად ვიცით ქართველებმა, რა ფასი აქვს ომს და რა ფასი აქვს მშვიდობას. მას შემდეგ, რაც დავიბრუნეთ დამოუკიდებლობა და რამდენიმე ომი გავიარეთ, ჩვენ ვაცნობიერებთ რა შედეგი მოაქვს ომს და ამიტომ, მეტად ვაფასებთ მშვიდობას. ჩვენი მთავრობა, რაც ხელისუფლებაში იმყოფება, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ უწყვეტი მშვიდობა არსებობდეს ქვეყანაში. დღევანდელი სამყარო იცვლება, წესრიგი იცვლება, და ამ სირთულეებიდან გამოსავალს მარტო ვერცერთი ქვეყანა ვერ იპოვის. ამიტომ, გვჭირდება ერთობლიობა და ერთად ყოფნა. ერთად ყოფნით შევძლებთ ამ მიზნების დაკმაყოფილებას. მეგობრებო, ბოლო წლებში დემოკრატიებმა ბევრი გამოწვევა იწვნიეს. ამ გამოწვევების მიუხედავად, საქართველო მტკიცე და მედეგია და ჩვენი მთავრობა ერთგულია იმ ვალდებულებებისა და ძირეული ფასეულობებისადმი, რომელიც გულისხმობს თანაბარუფლებიანობას, ადამიანის უფლებებს, სამართლის უზენაესობას, საბაზრო ეკონომიკის განვითარებას ქვეყანაში. ეს ჩვენი მრავალმიზნობრივი და მრავალასპექტიანი მიდგომა გულისხმობს სასამართლოს სისტემის, საარჩევნო სისტემის, გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფას, მდგრადობას და პტროგნოზირებადობას”, – განაცხადა პრემიერმა.

“მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიურ ქმედებაში”

მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოვედით ხელისუფლებაში, ჩვენი მთავრობა ეფექტურ პოლიტიკას ახორციელებს და ჩვენი ხედვა არის ასახული დინამიურ ქმედებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტის ფარგლებში გამართულ გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში.

„ჩვენ გავაუმჯობესეთ, როგორც სასამართლო სისტემა, ასევე საარჩევნო სისტემა. ეს არის ჩვენი განვითარების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი. სასამართლო სისტემაში და ასევე, საარჩევნო სისტემაში მოხდა საკანონმდებლო ცვლილებები, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა.

რაც შეეხება მედიის უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, ეს ყველაფერი გათვალისწინებულია ჩვენს დღის წესრიგში. გამჭვირვალობა და გახსნილობა არის ჩვენი ხელწერა. საქართველო არის ლიდერი აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ამ ასპექტების მიხედვით.

საერთო ჯამში, საქართველო იქცა სამაგალითო დემოკრატიად მთელს რეგიონში და დადებითი შეფასება გვაქვს მიღებული საერთაშორისო დონეზე ამ ასპექტების მიხედვით”, – განაცხადა პრემიერმა.

“დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში” – ალეკო ელისაშვილი

დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი „ოცნების“ სასარგებლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატს და დარბაზიდან გავიდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ თავმჯდომარე, დეპუტატი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების არჩევას ეხმაურება.

ელისაშვილის თქმით, ახლა მიმდინარეობს გარკვევა, ოპოზიციიდან ვინ დაუჭირა მხარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კანდიდატებს.

„დიდი „ბასტი-ბუბუ“ ხდება პარლამენტში. რამდენიმე ოპოზიციონერმა ჩუმად დააჭირა ხელი „ოცნების“ სასარგებლო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის რამდენიმე კანდიდატს და მერე დარბაზიდან გავიდა. მე და ქეთი თურაზაშვილს არც არავისთვის დაგვიჭერია მხარი და არც დარბაზიდან გავსულვართ. მიდის ახლა გარკვევა ვინ დააჭირა და ვინ არა. ან დაჭერა რა იყო, ან დარბაზიდან გავარდნა. „ბასტი-ბუბუა“ მართლა“, – წერს ელისაშვილი.

ცნობისთვის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატთაგან ე.წ. კვალიფიციური უმრავლესობით არჩეულია 3 არამოსამართლე წევრი – ტრისტან ბენაშვილი, გიორგი გზობავა და ზურაბ გურასპაშვილი.

კენჭისყრა ფარული იყო და მათ მხარდასაჭერად ხმები ასე დაფიქსირდა: 93-91-93.

მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ პლენარულ სხდომათა დარბაზი დატოვა, კენჭისყრა შეჩერდა.

“ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა, დახურულ კარს მიღმა, ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას”

სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა, ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

სხდომა, რომელზეც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევის კენჭისყრა იმართებოდა, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელმა, მათ შორის ანა ნაცვლიშვილმა, მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა სამ კანდიდატს მხარი დაუჭირა.

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, სხდომის დაწყებამდე ოპოზიციაში უმრავლესობა შეთანხმებული იყო და მზად იყვნენ, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შემდგარიყო და გაგრძელებულიყო საუბარი „ქართულ ოცნებასთან“.

„ორი წლის განმავლობში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფუნქციონირებდა კონსტიტუციური ლეგიტიმაციის გარეშე, ვინაიდან პარლამენტი, „ქართული ოცნება“ ხელოვნურად ბლოკავდა არამოსამართლე წევრების არჩევას. ჩვენ არაერთხელ დავსვით ეს საკითხი დღის წესრიგში და ოპოზიციის მოთხოვნის შემდეგ დაიწყო კანდიდატების შერჩევის პროცესი. გასული წლის დეკემბერში მათ ჰქონდათ მცდელობა პროცედურული ხრიკით, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან ამოეგდოთ, ჩვენ ეს შევაჩერეთ. დღეს ულტიმატუმის რეჟიმში მათ დაიწყეს საკითხის კენჭისყრაზე გამოტანა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ და დავუფიქსირეთ უმრავლესობას, რომ ეს საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო პოლიტიკური კონსენსუსით, ჩვენ მზად ვართ და მზად ვიყავით რომ იუსტიციის საბჭო დაკომპლექტებულიყო მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი კადრებით. ასევე, დავაფიქსირეთ კენჭისყრის დაწყებამდე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომ ოპოზიცია, უმრავლესობა ოპოზიციაში ვიყავით შეთანხმებული და ვიყავით მზად, რომ პოლიტიკური კონსენსუსი შემდგარიყო და გაგრძელებულიყო საუბარი „ქართულ ოცნებასთან“, დაგვესახელებინა ჩვენთვის მისაღები კანდიდატები და მათ დაესახელებინათ თავისთვის მისაღები კანდიდატები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის თემა ეს არის ერთ-ერთი მთავარი თემა 12 რეკომენდაციის შესრულების ნაწილში და ეს თემა მოითხოვს პოლიტიკურ კონსენსუსს.

ნაცვლიშვილის განცხადებით, კონსენსუსის ნაცვლად, „ქართულმა ოცნებამ“ ფარული გარიგება დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან.

„სხვა შემთხვევაში რეკომენდაცია შესრულებულად არ ჩაითვლება. ჩვენ ვთავაზობდით მათ ღია მოლაპარაკებებს და პოლიტიკურ კონსენსუსს. „ქართულმა ოცნებამ“ არ მოისურვა პოლიტიკური კონსენსუსი, მათ მოისურვეს დახურულ კარს მიღმა დალაგება და გარიგება რამდენიმე ოპოზიციონერთან. სამწუხაროდ, ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი გაიყიდა და დახურულ კარს მიღმა, მალულად, ფარულად გაურიგდა „ქართულ ოცნებას“, რომ იუსტიციის საბჭოში კლანის მფარველობისთვის შეეყვანათ ადამიანები და არა იმისთვის, რომ საჯარო ინტერესი იყოს დაცული სასამართლო სისტემაში. ამიტომ, ეს არ არის პოლიტიკური კონსენსუსი, ეს არის ფარული გარიგება, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ დადო რამდენიმე ოპოზიციონერთან. ვინაიდან კენჭისყრა რეგლამენტით იყო ფარული, შუა კენჭისყრის დროს, გაცხადდა რა, რომ ეს იყო ფარული, რეგლამენტის და კონსტიტუციის სულისკვეთების და 12 რეკომენდაციის სულისკვეთების საწინააღმდეგო ფარული გარიგება და მოსყიდვა, ოპოზიციის უდიდესმა ნაწილმა განვაცხადეთ, რომ ჩვენ ვტოვებდით დარბაზს იმისთვის, რომ გაცხადებულიყო, ვინ გაიყიდა ოპოზიციიდან. მათ შეწყვიტეს კენჭისყრა. შესაბამისად, ნათელია რომ „ქართულ ოცნებას“ 12 რეკომენდაციის შესრულება და პოლიტიკური კონსენსუსის გზით სიარული არ შეუძლია. ისინი გარბიან პოლიტიკური პროცესიდან მათთვის ხელსაყრელი და გასაგებია მხოლოდ ფარული, ბოროტი ზრახვებით ნაკარნახევი გარიგებები, ვაჭრობა და არა პოლიტიკური კონსენსუსი. სამარცხვინოა, რომ ოპოზიციის რამდენიმე წევრი მათ ამ ძალიან ბინძურ თამაშში შეჰყვა. ჩვენ დავტოვეთ დარბაზი და ყველასთვის გასაგები გახდა, ვინ არ მონაწილეობდა ამ პროცესში“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. საერთო ჯამში, კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. კენჭისყრები ტექნიკური შესვენების შემდეგ განახლდება.

პარლამენტმა ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია

პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე კენჭისყრის შედეგად, ხმების საჭირო რაოდენობა მოაგროვეს ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე – ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

საერთო ჯამში კენჭი უნდა ეყაროს 29 კანდიდატურას. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმაა საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები.

ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა, რის გამოც კენჭისყრები შეწყდა და ტექნიკური შესვენების შემდეგ გაგრძელდება. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ საბოტაჟია ოპოზიციის მოქმედება, ჩააგდოს კანდიდატები.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ხუთი წევრის ადგილია ვაკანტური.

ანდრეი კასიანოვი საქართველოს ტოვებს

საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი  ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ საქართველოს ტოვებს.

ამის შესახებ კასიანოვი სოციალურ ქსელში წერს.

„მთელი ამ წლების განმავლობაში თქვენთან ერთად ვცდილობდი მაქსიმალური ძალისხმევა გამეწია საქართველოსთან უკრაინის მეგობრული და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობების განმტკიცებისა და განვითარებისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ბრუტალურმა ომმა კიდევ უფრო გააძლიერა ჩვენი ხალხების მეგობრობა და კიდევ უფრო გაგვაერთიანა საერთო მტრისა და ოკუპანტის – ფაშისტური რუსეთის წინააღმდეგ.

მთელი ცხოვრება განმავლობაში მემახსოვრება ქართველი მოხალისეების მამაცური და სულიერი სწრაფვანი, შემართება და შეუპოვრობა, რომლებიც იარაღით ხელში იბრძვიან ჩვენი ქვეყნების თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.

ხოლო ათიათასობით უკრაინელის მეხსიერებაში, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დაეტოვებინათ სახლები რუსი ოკუპანტების ზეწოლის ქვეშ, სამუდამოდ დარჩება ქართველი ხალხის სითბო და სტუმართმოყვარეობა, რომელმაც მათ მისცა თავშესაფარი, უზიარებდა ყველაფერს, რომ უკრაინელი ბავშვებისთვის ყოფნისა და განათლების ღირსეული პირობები უზრუნველეყო“, – წერს კასიანოვი.

კასიანოვი მშვიდობას და წარმატებას უსურვებს საქართველოს.

„საქართველოდან მივდივარ, მინდა, ყველას გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჰარმონია, ერთიანობა, წარმატება, ბედნიერება და კეთილდღეობა. მტკიცედ ვარ დარწმუნებული, რომ უკრაინასა და საქართველოს არა მხოლოდ საერთო ისტორია, არამედ ნათელი საერთო მომავალი აქვთ ევროპელი ერების ერთიან მეგობრულ ოჯახში. ჩვენი ქვეყნების ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიული მიზანი ძალიან ახლო მომავლის საკითხია“, – წერს კასიანოვი.

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=pfbid0SdW6RYY2CvBf6eguJWmwU5eFRCbiDZxJT2ZnU74r6m2acnHxhohB3agsi8WK5Gzyl&id=100068681860471

“ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ქართველ ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა”

რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავის სახე ბოლომდე აჩვენეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც იუსტიციის საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრის მიმდინარეობისას, ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა.

მისი თქმით, უერთდება მამუკა მდინარაძის მოწოდებას, ტექნიკური შესვენების გადმოცხადებასთან დაკავშირებით.

„მეც შევუერთდები მამუკა მდინარაძის მოწოდებას, კარგი იქნება ტექნიკური შესვენება გამოვაცხადოთ. იმავეს გავიმეორებ პრინციპში – ერთი ეს არის 12 პუნქტის შესრულების საბოტაჟი და მეორე, ხშირად საუბრობენ ხოლმე ცალკეული წარმომადგენლები კონსტიტუციასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, მათ არ ახსოვთ, რას ნიშნავს თავისუფალი მანდატის პრინციპი და ჩვენმა ევროპელმა კოლეგებმა შეხედონ, როგორ ესმით ოპოზიციონერ კოლეგებს 12 პუნქტის მიმართ პასუხისმგებლობა და როგორ ესმით კონსტიტუციით, საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი თავისუფალი მანდატის პრინციპი. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავის სახე ბოლომდე აჩვენეს. გთხოვთ, კიდევ ერთხელ რომ ტექნიკური შესვენება გამოცხადდეს, რათა შემდეგ მოხერხდეს სხდომის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტმა ამ დროისთვის იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, ოპოზიციის ნაწილმა კენჭისყრის დროს დარბაზი დატოვა.

“იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევისას ოპოზიციის მხრიდან რაც დარბაზში ვიხილეთ, არის პირდაპირი საბოტაჟი”

ის, რაც ახლა დარბაზში ვიხილეთ, ეს არის პირდაპირი საბოტაჟი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, „დოკუმენტაციებს რომ თავი დავანებოთ, ეს არის საქართველოს კონსტიტუციური ინსტიტუციების საბოტაჟი“.

„ეს არის სახე იმ უპატივცემულობისა, რომელიც გამოიჩინა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისუფალი მანდატის მიმართ და პირდაპირ ეთერში გამოჩნდა, როგორ ხდება ჩაშლა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესისა, პირდაპირ სახელებით, გვარებით, სახეებით დავინახეთ ადამიანები, რომლებიც შეეცადნენ, რომ საბოტაჟი მოეწყოთ. ამიტომ ტექნიკური შესვენება იქნება და მე ოპოზიციას მოვუწოდებ, დაფიქრდეს, რას აკეთებენ. ტექნიკურ შესვენებას მოგცემთ იმისთვის, რომ დაფიქრდეთ. სამი კანდიდატი არჩეული არის, ორი ვაკანსია არის კიდევ დარჩენილი და ყველას მოგიწოდებთ, დაფიქრდეთ იმ მაღალ პასუხისმგებლობაზე, რომელსაც თქვენი მანდატი ითვალისწინებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტში დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ასარჩევად კენჭისყრები იმართება, ამ დროისთვის არჩეულია სამი წევრი, რომლებმაც მხარდაჭერა ოპოზიციის წარმომადგენელთა ნაწილისგანაც მიიღეს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად სულ მცირე 90 ხმაა საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭიროა როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. სამი წევრის არჩევის შემდეგ, ოპოზიციის ნაწილმა სხდომათა დარბაზი დატოვა.

რუსთავი-თბილისის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე, კერძოდ რუსთავი-ფონიჭალის მონაკვეთზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, ქალს, რომელიც ველოსიპედით გადაადგილდებოდა, ტრაილერი შეეჯახა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა.

ავტობანის ამ მონაკვეთზე არსებულ ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც ავტომობილები მის გვერდით არსებული ალტერნატიული გზებით გადაადგილდებიან. ავარია სწორედ ამ მონაკვეთზე მოხდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო და სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები.

მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, “დიდუბესა” და “ვარკეთილში” ახალი ტურნიკეტები დამონტაჟდება

თბილისის ვიცე – მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“, დიდუბესა და ვარკეთილში ახალი ტურნიკეტები სექტემბრის ბოლომდე დამონტაჟდება.

„არსებული ტურნიკეტები ვერ აუდიოდა ხალხის გატარებას ამიტომ, შესყიდვა დავიწყეთ და ახალი ტექნოლოგიით დამზადებული, უფრო მცირეგაბარიტიანი ტურნიკეტები შევისყიდეთ, რომლებსაც სექტემბრის ბოლომდე დაგვიმონტაჟებენ. ყოველწლიურად ველოდებით, რომ მგზავრთა ნაკადები უფრო გაიზრდება, ამიტომ მუნიციპალიტეტი ამისთვის მზად უნდა იყოს. „აზიის განვითარების ბანკის“ დაფინანსებით მეტროს ხელმისაწვდომობის გაფართოების პროგრამა დაწყებულია, რომელზეც ჯერ საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის პროცედურა მიმდინარეობს. ვვარაუდობთ, რომ წლის ბოლოს ან მომდევნო წლის პირველ კვარტალში ტენდერი გამოცხადდება, სადაც შესაძლებელი იქნება ის სამუშაოები ჩატარდეს, რომელიც მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრში“ ალტერნატიული ჩასასვლელის მოწყობას ითვალისწინებს. მარჯანიშვილის მეტროსაც აქვს მეორე ამოსასვლელის ალტერნატივა, ამ თემაზეც საკონსულტაციო მომსახურება მიმდინარეობს“,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

ამასთან, ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში ფასიანი, დაჩქარებული სერვისების შემოღების შესახებ თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს მიმართულებით უფასო მომსახურების ალტერნატივის პარალელურად, ფასიან სერვისებში პერსონალური ასისტენტის მომსახურება იქნება გათვალისწინებული.

როგორც ხმალაძემ განაცხადა, აღნიშნული სერვისი ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებისთვის იქნება საინტერესო და მათ „საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს“.

„ცხადია სტანდარტულ ვადაში მომსახურების ალტერნატივა უნდა დარჩეს უფასო, მაგრამ ვისაც რამე ეჩქარება ან უღირს საფასურის სანაცვლოდ ურბანული ტრანსპორტის სამსახური უფრო მალე მოემსახუროს, მათთვის ეს შესაძლებლობაც შემოვიღოთ.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, ეს პერსონალური ასისტენტის მიმართულებაა, რომელიც ბიზნეს სექტორისთვის უფრო საინტერესო იქნება. ხშირად მათ დამატებითი კონსულტაცია, სამსახურის პოზიციებთან დაკავშირებით ახსნა-განმარტება და დაკვალიანება სჭირდებათ. მიმღებში და ქოლცენტრში წვალობენ. ამიტომ გვინდა, პერსონალური ასისტენტის ფასიანი მომსახურება შემოვიღოთ, რომელიც მათ საკონსულტაციო ხასიათის მომსახურებას გაუწევს და მერიისგან სხვადასხვა მიმართულების სერვისების მიღებას გაუმარტივებს. ამ თემაზე ვიმუშავებთ, დრო დაგვჭირდება, მარტივი ნამდვილად არ არის. ელექტრონული პროგრამული მიმართულების საკადრო რესურსის მომზადებისა და ნორმატიულ კანონმდებლობაში ცვლილებების მიმართულებითაც დაგვჭირდება გარკვეული მუშაობა. ვეცდებით, რომ ეს ორივე სიახლე მოქალაქეებს და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებს უმოკლეს ვადებში შევთავაზოთ”,- განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

“არაფერი არ იქნება ვიდრე მოქალაქე არ მიხვდება, ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს”

არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ პარტიის წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვიდრე ქართველი პოლიტიკოსები არ ისწავლიან, რომ დემოკრატია, პირველ რიგში, კომპრომისია, არაფერი არ იქნება.

„არაფერი არ იქნება ვიდრე ქართული პარტიები არ ისწავლიან, რომ შენი გამარჯვება სხვის განადგურებას არ ნიშნავს, ვიდრე საქართველოს მოქალაქე არ მიხვდება, რომ ვიღაცას ხმას რომ აძლევს, ის ღმერთი არ უნდა გახადოს. ერთხელ გახადეს, მეორედ გახადეს, მესამედ გახადეს… და მერე ზემოდან რომ ჩამოვარდება, დაენარცხება, მერე ეზიზღებათ თავისივე შექმნილი კერპი. მერე ამ ზიზღით და თავგანწირვით ანადგურებენ და ანადგურებენ. აგერ, ერთი საავადმყოფოშია, მეორე – დამალულია”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

“Fix Tbilisi-ს აპლიკაციაში უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული” – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, აპლიკაცია Fix Tbilisi-ზე მოქალაქეები საკმაოდ აქტიურობენ.

როგორც მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ დროისთვის,  აპლიკაციაზე  უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული.

„გუშინ ამოქმედდა ახალი აპლიკაცია Fix Tbilisi, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, იდენტიფიცირება გავუკეთოთ სხვადასხვა პრობლემურ საკითხს. პირველ ეტაპზე ოთხი მიმართულებაა შერჩეული. საკმაოდ დიდი აქტიურობაა, უკვე 180-ზე მეტი შეტყობინებაა შემოსული, რაც ძალიან კარგია. მინდა, ყველა იმ ადამიანს მადლობა გავუხადო, ვინც ზრუნავს, რომ ჩვენი ქალაქი იყოს მოწესრიგებული, გამართული ინფრასტრუქტურით. ერთად უნდა ვებრძოლოთ ქალაქში ვანდალიზმს. თქვენი მხარდაჭერითა და თანადგომით შესაძლებელი იქნება ყველაფრის გამოსწორება. ძალიან საინტერესო პროგრამაა და დარწმუნებული ვარ, წარმატებით იფუნქციონირებს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აპლიკაციის გადმოწერა google play store-დან ან app store-დან არის შესაძლებელი.