Home Blog Page 2111

„ჩვენებმა ჩაიარეს და თქვენები რას აპირებენ, ჩაივლიან თუ არა, ხომ არ იციო“- დიტო სამხარაძე

„დღევანდელი ამბავი რომ არ მოვყვე, გამორიცხულია. ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავმა ძალიან დიდმა მსვლელობამ ჩაიარა პარლამენტის წინ. დეპუტატების ოთახიდან ვიყურებოდით. მამუკა მდინარაძეც იქ იყო, ჩვენთან ერთად. იქვე იყო ოპოზიციიდან თეონა აქუბარდიაც. ეს მსვლელობა რომ დაინახა, მამუკა ეკითხება თეონა აქუბარდიას, ჩვენებმა ჩაიარეს და თქვენები რას აპირებენ, ჩაივლიან თუ არა, ხომ არ იციო?“ – წერს დიტო სამხარაძე სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დეპუტატი ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს

დეპუტატები ნიკა მაჭუტაძე, ნატო და როსტომ ჩხეიძეები ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობას“ ტოვებენ. ამის შესახებ მაჭუტაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ნიკა მაჭუტაძე ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მმართველ გუნდთან არანაირ გარიგებას არ ჰქონია ადგილი და ის, რაც ითქვა „უსინდისო ტყუილია“.

„ჩვენ დეპუტატები როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და მე ნიკა მაჭუტაძე, რომელიც ვართ არჩეული საქართველოს პარლამენტში მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისათვის“ პარტიული სიით და ვიყარეთ კენჭი ბლოკით, ვაცხადებთ რომ ფრაქციას ვტოვებთ, სახელწოდებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია, ძალა ერთობაშია“.

აქვე ვადასტურებთ ჩვენს დღევანდელ გადაწყვეტილებას, სრულად ვიზიარებთ… ადამიანები საუბრობდნენ დამალვაზე და გარკვეულ ბრალდებებს ჰქონდა ადგილი, რასაკვირველია უარვყოფთ და ვამბობთ, რომ ჩვენ არსად არ ვიმალებით.

მეორე საკითხი, საუბარი იყო ზოგიერთი ტელევიზიის მხრიდან გარიგებაზე, ეს არის უსინდისო ტყუილი. როსტომ ჩხეიძე, ნატო ჩხეიძე და ნიკა მაჭუტაძე არავის არ გარიგებია. ჩვენ არ გვქონია არანაირი კომუნიკაცია „ქართულ ოცნებასთან“, ჩვენ არ გვქონია არანაირი შეხვედრა „ქართულ ოცნებასთან“ და ჩვენ არ გვქონია არცერთი სატელეფონო ზარი „ქართულ ოცნებასთან“.

ჩვენ არაფერი გვაკავშირებს კლანთან, იმ კლანთან, რომელიც იუსტიციის საბჭოში ძალიან მტკიცედ არის ჩამჯდარი და იქ მათ ისედაც აქვთ უმრავლესობა“, – განაცხადა ბრიფინგზე ნიკა მაჭუტაძემ.

ცნობისთვის, 5-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრებს არჩევისას  მმართველი ძალის კანდიდატებს დაუჭირა დაუჭირა.

,,ის,რაც შეიძლება სხვისთვის, რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის?”- მდინარაძე

ის, რაც შეიძლება თურქეთისთვის, სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ისრაელისთვის და ასე შემდეგ, რატომ შეიძლება, დარტყმის საფუძველი გახდეს საქართველოს წინააღმდეგ და რატომ არ შეიძლება საქართველოსთვის? – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. „წარმოიდგინეთ, ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს – მეგობარი თუ არამეგობარი, საქართველოს ეუბნება, რომ ამას რომ აკეთებ, მე დავფიქრდები, რა გავაკეთოთ, რა ღონისძიებები გავატარო ამის საპრევენციოდ და ამ დროს ყველა მეზობელი, ქვეყანა იმავეს აკეთებს რუსეთთან მიმართებით; ანუ, არ ასანქცირებს საკუთარ მოქალაქეებს. თურქეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, სომხეთისთვის, ისრაელისთვის შეიძლება თურმე, ჩვენთვის არ შეიძლება. ეს არის საქართველოში ძნელად, მაგრამ თავის მომხრეებში გაყიდვადი მესიჯი, რომელსაც სამწუხაროდ, რიგ შემთხვევაში გარედან ეხმარებიან ხოლმე“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ეს არის პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი“ – გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია ოპოზიციის წევრების ჩართულობით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 არამოსამართლე წევრის არჩევის საკითხს გამოეხმაურა და „პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი“ უწოდა.

„რაც პარლამენტში მოხდა, ზუსტად იმ მორალური კომპრომისების კლიმატის შედეგი და გაგრძელებაა, რისი ნიშნებიც, სამწუხაროდ, პროდასავლურ ფლანგზე სულ უფრო ხშირად შეიმჩნევა. რა მიზეზითაც არ უნდა იყოს გამოწვეული ეს ქმედება, სხვა არაფერია თუ არა პოლიტიკური კორუფციის მკაფიო მაგალითი. (ვინც არ იცის, რომ კორუფცია მარტო ქრთამის აღება არ არის, გაერკვეს).

ზუსტად ასევეა პოლიტიკური კორუფცია ე.წ. „ოცნებასთან დალაგების“ თუ „ცალკეული საკითხების მოგვარების“ პოლიტიკა, რაც არ უნდა იყოს ეს საკითხები და რაც არ უნდა იყოს სანაცვლოდ დათმობები. „დამლაგებლების“ და „მომგვარებლების“ საშუალო ამოცანა არასდროსაა დემოკრატია, დასავლეთი და ხალხის ინტერესი.

ისინი ხელს უწყობენ სტატუს-კვოს შენარჩუნებას, უბრალოდ, იბრძვიან ამ სტატუს-კვოში საკუთარი ადგილის, გავლენისა და უსაფრთხოების მოპოვებისა და დამკვიდრებისთვის. „დამლაგებლების“ და „მომგვარებლების“ მეშვეობით დემოკრატიული პროცესები არ წარიმართება, დემოკრატიული აქტორები არ მოქმედებენ.

მათი მეშვეობით ინტერესთა ჯგუფები ოპერირებენ და არა პარტიები. და იმაზე მარტივი ივანიშვილისთვის არაფერია, ვიდრე ინტერესთა ჯგუფებთან დალაგება და პრობლემის განეიტრალებაა. თვითონაც მოიგებს, ინტერესთა ჯგუფიც, ჩვენ პროდასავლელი ქართველები დავრჩებით ხახამშრალი“, – აცხადებს გვარამია.

,,მტკიცდება ისეთი ნორმები, როგორიცაა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება” – მეუფე შიო

ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში არის მცდელობა ტრადიციული ღირებულებების დანგრევისა და ჩამოშლისა, როდესაც თავს ესხმიან ქალისა და მამაკაცის ქორწინებას, როგორც ქორწინების ერთადერთ ნორმალურ და ღვთივდადგენილ ფორმას, თავს ესხმიან ადამიანის სიცოცხლეს, ჩასახვის მომენტიდან, ვიდრე ბუნებრივ გარდაცვალებამდე, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ, სამების საკათედრო ტაძარში, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ქადაგების დროს განაცხადა.

როგორც მეუფე შიომ აღნიშნა, შესამჩნევია საკანონმდებლო დონეზე აბორტების, გენდერული იდეოლოგიის და სქესობრივი გარყვნილების დამტკიცება. მან ყურადღება გაამახვილა ბოლო წლების ტენდენციაზეც, რაც ბავშვებისთვის სქესის შეცვლას გულისხმობს. „ჩვენ ვხედავთ, რომ კანონმდებლობების დონეზე თუ საერთაშორისო ხელშეკრულებების, დოკუმენტების დონეზე მტკიცდება ისეთი ნორმები, რომლებიც ახალისებს ქორწინების გარეშე თანაცხოვრებას, ახალისებს სქესობრივი გარყვნილების ყოველგვარ ფორმას, აბორტებს, გენდერულ იდეოლოგიას, მშობლების ავტორიტეტის დაკარგვას და ა.შ. სამწუხაროდ, იმასაც ვხედავთ, რომ ჩვენს ქვეყანაშიც პოვა ნაწილობრივ ამ ყველაფერმა ასახვა. მინდოდა მეთქვა ასევე, რომ ბოლო წლებში კიდევ დაემატა ისეთი საშინელი რამ, რაც არის ბავშვებისათვის სქესის შეცვლა, სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება. ვინც ამ ყველაფერს ეთანხმება და აკანონებს, ისინი ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ ხედავენ ან არ უნდათ მთავარი რამის დანახვა, რომ ადამიანს აქვს მთავარი უფლება, რომ უბრალოდ, დაიბადოს და იცხოვროს ამ ქვეყანაზე. მაშინ იბადება კითხვა – რის საფუძველზე ართმევენ პატარა ბავშვს ამ უფლებას და რის საფუძველზე მიიჩნევა დედის მუცელში ასეთი ბავშვის მოკვდინება კანონიერ საქმედ?“ – აღნიშნა მეუფე შიომ.

მისივე თქმით, ახლანდელ დროში, ადამიანის უფლებებისთვის და სიკვდილის კულტურის წინააღმდეგ ბრძოლას, ოჯახის და ტრადიციული ქორწინების დაცვა წარმოადგენს. „ძვირფასო ძმებო და დებო, დღეს ოჯახის დაცვა, ტრადიციული ქორწინების დაცვა, სიცოცხლის დაცვა, ეს არის ნამდვილი ბრძოლა ნამდვილი ადამიანის უფლებებისთვის. ეს არის ბრძოლა სიცრუესთან, ბოროტებასთან და, შეიძლება ითქვას, ეს არის ბრძოლა სიკვდილის კულტურასთან. ის ყველაფერი, რაც მე ჩამოვთვალე, იწოდება სიკვდილის კულტურად და არა სიცოცხლედ. ამიტომ დღეს ყველა საღი გონების მქონე ადამიანის ვალია, დაიცვას ოჯახის სიწმინდე, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ვიცავთ ტრადიციულ ღირებულებებს, ოჯახის სიწმინდეს და ამ პრინციპებს, ჩვენ ამით ვიცავთ ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ხალხს, გადაგვარებისგან და, საერთოდ, სრული განადგურებისგან. ღმერთმა დაგლოცოთ.

კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ შესანიშნავ დღეს, ღმერთმა ინებოს ჩვენი ოჯახების გამრავლება და გაძლიერება, ღმერთმა ინებოს, რომ საქართველომ დაძლიოს ეს დიდი განსაცდელი და მიუღებელი გახდეს ჩვენთვის აი, ეს სიკვდილის კულტურა, ეს დიდი მანკიერებები, იმიტომ რომ როცა ადამიანი ლოცულობს და ღმერთს სთხოვს რამეს, ან ადამიანთა ჯგუფი, ან თუ გნებავთ, ერი, პირველი პირობა არის – ამ ლოცვასთან ერთად გამოასწოროს თუკი რაიმე აქვს მძიმე ცოდვა ღვთის წინაშე. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი თხოვნა არ შესრულდება. უფრო მეტიც, დასასჯელი იქნება მისთვის ეს. ამიტომ თუ ჩვენ არ ყველაფერს არ უარვყოფთ, თუ ჩვენ ამ მანკიერებებს დავუშვებთ ჩვენს ქვეყანაში, ასეთი კითხვა ჩნდება – ღირსი ვიქნებით, რომ ვიყოთ ერი, რომელიც იქნება ძლიერი, გამარჯვებული, გამთლიანებული და ამაღლებული?! აი, ამაზე ვფიქრობთ დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო. დაგვლოცოს ღმერთმა, ჩვენი ოჯახები ამრავლოს ღმერთმა, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მეოხებითა და მფარველობით, ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“. – განაცხადა მეუფე შიომ.

წყალდიდობა იტალიაში – დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში ხანგრძლივმა წვიმამ და უამინდობამ წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგადაც რვა ადამიანი დაიღუპა, ხოლო ერთი დაკარგულად მიიჩნევა.

ამ დროისთვის წყალდიდობამ 24 მუნიციპალიტეტი დააზარალა, დაახლოებით 13 ათას ადამიანს მოუწია სახლების დატოვება.

ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 50 ათასი ოჯახი. სამგზავრო მატარებლების მოძრაობა მთლიანად შეჩერებულია.

ამასთან, გარდა იტალიისა, ძლიერი წვიმის შედეგად წყალდიდობაა ხორვატიაშიც.

,,ჯერი ევროკავშირზეა, მიიღოს კეთილსინდისიერი და სამართლიანი გადაწყვეტილება”- პაპუაშვილი

ახლა ჯერი ევროკავშირზეა, მან უნდა მიიღოს სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება, საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება; საქართველო უნდა იყოს იქ იმავე დონეზე, სადაცაა უკრაინა და მოლდოვა, ამას ითხოვს სამართლიანობა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, თავის მხრივ, საქართველო ასრულებს თავის წილ ვალდებულებებს.

„თავისთავად, ჩვენ ჩვენ წილ პასუხისმგებლობას ვიღებთ. როგორც ბოლო წლების განმავლობაში, ვართ კეთილსინდისიერი ასოცირების შეთანხმებისა და იმ ვალდებულებების შესრულების პროცესში, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროკავშირთან ურთიერთობის ფარგლებში. ერთადერთი რასაც ველით, ველით კეთილსინდისიერ საპასუხო ნაბიჯებს, ამიტომ, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იანვარში, ევროკომისიის ანგარიშით, დადასტურდა კიდეც,  რომ საქართველო ტრიოში კვლავ ლიდერია და ის ლიდერი, რომელსაც არ მიეცა თავის დროზე კანდიდატობის სტატუსი. ასე რომ, ჯერი ევროკავშირზეა. მან ახლა უნდა მიიღოს სამართლიანი და კეთილსინდისიერი გადაწყვეტილება და საქართველოს მისცეს შემდეგ ეტაპზე გადასვლის საშუალება; საქართველო უნდა იყოს იქ იმავე დონეზე, სადაცაა უკრაინა და მოლდოვა, ამას ითხოვს სამართლიანობა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, მთავრობას ამ დრომდე არ გაუცია ნებართვა 31 მაისს ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილის ვიზიტთან დაკავშირებით.

„15 მაისს ძალში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტში სიტყვით 18 აპრილს უნდა გამოსულიყო, თუმცა, მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ევროპარლამენტში სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა გადაიდო.

ცნობისთვის, ეს პირველი შემთხვევა იქნება 2010 წლის შემდეგ, როდესაც ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას მოისმენენ.

პაპუაშვილი ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების განცხადებას პასუხობს

ხელისუფლება სრულად იცავს საერთაშორისო სანქციებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის წინააღმდეგ, უზრუნველვყოფთ, არ მოხდეს სანქციებისთვის გვერდის ავლა საქართველოს ტერიტორიების გამოყენებით, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვა დაუსვეს ოპოზიციონერი დეპუტატი ქალების განცხადებასთან დაკავშირებით, რომლებიც ხელისუფლებას მიმართავენ, გააუქმოს თანხმობა რუსეთთან პირდაპირ ფრენებზე. შალვა პაპუაშვილის თქმით, „საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“. „საქართველოს ხელისუფლება არ აწესებს ორმხრივ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, შესაბამისად, სწორედ ამ პოლიტიკის ნაწილია ეს. ფრენები რომ არ ყოფილიყო შეწყვეტილი, როგორც სახმელეთო მიმოსვლა არ შეწყდა, ვიზა არ დაწესდა, ასევე თავის დროზე არ შეწყდებოდა საქართველოს მხრიდან ფრენები. ეს საკითხი დაბლოკილი იყო რუსეთის მხრიდან. ახლა მან მოხსნა სანქცია და საქართველოს ხელისუფლება არ აპირებს, დაბლოკოს საკუთარი მოქალაქეები“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

“დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის აშკარად გარიგება იყო”

გუშინ „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე არხეინად იქცეოდნენ და ისეთი თავდაჯერებული იყვნენ, ეჭვი მაშინვე გაჩნდა, რომ რაღაცაში იყო საქმე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელმა კენჭისყრამ აჩვენა, რომ „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციის ნაწილს შორის აშკარად გარიგება იყო.

„ხუთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა მხარი ისეთ კანდიდატებს დაუჭირა, რაზეც დარწმუნებული ვარ, რომ წარმოდგენა არ ჰქონდათ. წარმოდგენა არ მაქვს, ვინ არის ვინმე ტრისტან ბენაშვილი. როგორც ჩანს, რაღაც გარიგება იყო. შემდეგ თავად შერცხვათ და სხდომიდან გაიქცნენ. ბასტი-ბუბუ დატრიალდა, როგორც ხდება ხოლმე. ფაქტია, რომ გაუგებარ კანდიდატებს მხარს ტყუილუბრალოდ არ დაუჭერდნენ. რაღაცას რომ თითს აჭერ, იმის შნოც უნდა გქონდეს, რომ გამოხვიდე და თქვა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმაც დაუჭირეს მხარი.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი, კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. პარლამენტმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად საერთო ჯამში 29 კანდიდატს უყარა კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი). იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. კენჭისყრა ფარული იყო, აქედან გამომდინარე, უცნობია, რომელმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი არჩეულ კანდიდატებს.

ამჟამად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი წევრის ვაკანტური ადგილია დარჩენილი. ოთხ კანდიდატს, რომლებმაც სხვებთან შედარებით მეტი ხმა მიიღეს, მეორე ტურში უყრიან კენჭს.

,, არცერთ ამ ადამიანს აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი“ – ნიკა მელია

ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს:

,,დღეს, 5 ოპოზიციონერი დეპუტატის მიერ გადადგმულმა მსუბუქად რომ ვთქვათ უპასუხისმგებლო, უპრინციპო და არათანმიმდევრულმა ნაბიჯმა, კიდევ ერთხელ გვაჩვენა თუ რა შედეგამდე შეიძლება მიგვიყვანოს პრინციპებისა და პოზიციების სიცხადის ნაკლებობამ. როდესაც რეჟიმი რუსულია, პარლამენტი რუსულ კანონს იღებს, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი კი ვიცესპიკერის სკამისკენ მიილტვის, ბუნებრივია იშლება მოქმედების ყველა ზღვარი და ყველა “ლაგდება” სადაც და როგორც უნდა. არცერთ იმ ადამიანს, რომელმაც დღეს დაარღვია ოპოზიციური ერთობა, აღარ აქვს მორალური უფლება ერქვას ოპოზიციონერი დეპუტატი და პარლამენტში წარმოადგენდეს ქართველი ხალხის ოპოზიციურად განწყობილ ნაწილს

ენმ-ს ფრაქციიდან შესაძლოა ის დეპუტატები გარიცხონ

პარლამენტში ენმ-ის ფრაქციის ოთახში, დახურულ კარს მიღმა შეხვედრა მიმდინარეობს. თანაფრაქციელები ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ იმ დეპუტატებისგან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს იუსტიციის უმაღლე საბჭოში, “ქართული ოცნების” ფავორიტ კანდიდატებს. არსებული ინფორმაციით, სხდომის დასრულების შემდეგ ენმ ბრიფინგს გამართავს და ცნობილი გახდება, გარიცხავენ თუ არა ფრაქციიდან დეპუტატებს. ენმ-ის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, ის რაც დღეს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა გააკეთეს, არის “თანამშრომლობა ქართულ ოცნებასთან” და ვეღარ ხედავს ამ ადამიანების ადგილს ფრაქციაში: “მე პირადად ვერ ვხედავ შესაძლებლობას იმის, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს, იმიტომ, რომ ის საკითხი, რაზეც ამ ადამიანებმა დააფიქსირეს საკუთარი თანხმობა და ხმა მისცეს კლანის წევრებს, არის ფუნდამენტური საკითხი, ეს აძლიერებს კლანის გავლენებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და შესაბამისად, სასამართლო სისტემაში” ამბობს თინა ბოკუჩავა შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი ოპოზიციასთან მოლაპარაკების გარეშე დაამტკიცა. საკითხი კენჭისყრაზე ისე გაიტანეს, რომ კანდიდატებზე პარტიებთან შეთანხმება ვერ შედგა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევას 90 დეპუტატის ხმა სჭირდებოდა, თუმცა ფარულ კენჭისყრაში კანდიდატებმა 90- ზე მეტი ხმა მიიღეს მაშინ, როდესაც “ოცნების” უმრავლესობას სულ 84 ხმა აქვს. ოპოზიციონერები ამბობენ, რომ შეთანხმებულები იყვნენ “ოცნების” ფავორიტი კანდიდატებისთვის მახარი არ დაეჭირათ. მიუხედავად ამისა, კენჭისყრის შედეგები აჩვენებს, რომ არჩეულ კანდიდატებს ხმა ოპოზიციონერმა დეპუტატებმაც მისცეს. კენჭისყრის დროს ოპოზიციის ნაწილმა დარბაზი დატოვა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. იქამდე კი მმართველმა გუნდმა 5 ვაკანტურ პოზიციაზე სამი ახალი წევრის არჩევა მოახერხა: ტრისტან ბენაშვილი (93 ხმა), გიორგი გზობავა (91 ხმა), ზურაბ გურასპაშვილი (93 ხმა). კენჭისყრა ფარული იყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეს დეპუტატები არიან: ნატო და როსტომ ჩხეიძეები, ბაჩუკი ქარდავა, ნიკა მაჭუტაძე და დილარ ხაბულიანი.