Home Blog Page 2107

2022 წელს მსოფლიოში სიკვდილით 883 ადამიანი დასაჯეს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციის – Amnesty International-ის მონაცემით, 2022 წელს სხვადასხვა ქვეყანაში 883 სასიკვდილო განაჩენი იქნა აღსრულებული.

სიკვდილით დასჯილთა შორის არ შედის “ათასობით” ადამიანი, რომელთა წინააღმდეგ განაჩენი ჩინეთში იქნა გამოტანილი, რადგან პეკინი ასეთ სტატისტიკას მკაცრად ასაიდუმლოებს.

საუდის არაბეთში მხოლოდ ერთ დღეში 81 ადამიანი იქნა სიკვდილით დასჯილი, რასაც ორგანიზაცია “გამაოგნებელ ფაქტს” უწოდებს.

როგორც აღნიშნულია, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის სტატისტიკა არ საჯაროვდება, ტრადიციულად, ბოლო წლებში ის გლობალურ “რეიტინგში ლიდერის პოზიციებს ინარჩუნებს”.

ამავდროულად, გასულ წელს ირანში სიკვდილით დასჯის 576 განაჩენი იქნა გამოტანილი; საუდის არაბეთში -196, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში;​ ეგვიპტეში – 24 და აშშ-ში – 18.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ სიკვდილით დასჯა ფართოდ არის გავრცელებული ჩრდილოეთ კორეასა და ვიეტნამში, სადაც, ჩინეთის მსგავსად, სტატისტიკა გასაიდუმლოებულია.

Amnesty International-ის ანალიტიკოსები ამბობენ, რომ, დისიდენტების წინააღმდეგ რეპრესიების ზრდასთან ერთად, სასიკვდილო განაჩენის დიდი ნაწილი მოდის ნარკოტიკებით ვაჭრობისა და ნარკოტიკებთან დაკავშირებულ სხვა დანაშაულებებზე. მაგალითად, სინგაპურში ნარკომანიასთან დაკავშირებული დანაშაულისთვის 11 პირი დასაჯეს.

ავარია ქარელში – დაიღუპა საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი

ქარელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

არსებული ცნობით, გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი შეეჯახა. საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი ადგილზე დაიღუპა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულია საპატრულო პოლიციის 2 თანამშრომელი, ვანო ბასანიძე და გურამ ქარელი.

მომხდარის შესახებ სხვა დეტალები უცნობია.

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

რუსეთ – უკრაინის ომის 448-ე დღე – ბოლო ცნობები ცხელი წერტილიდან

უკრაინის შეიარაღებული ძალები ომში რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, გასული წლის 24 თებერვლიდან ოკუპანტების პირადი შემადგენლობის დანაკარგებმა 200 590 შეადგინა. მათგან 610, გასულ დღე-ღამეშია ლიკვიდირებული.

რაც შეეხება განადგურებულ სამხედრო ტექნიკას და საბრძოლო მასალას:

◾ ტანკები – 3 771 (+9)

◾ ჯავშანმანქანები – 7 365 (+17)

◾ საარტილერიო სისტემები – 3 166 (+16)

◾ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 562 (+0)

◾ საჰაერო თავდაცვა – 318 (+2)

◾ თვითმფრინავები – 308 (+0)

◾ ვერტმფრენები – 294 (+0)

◾ უპილოტო საფრენი აპარატი – 2 748 (+16)

◾ ფრთოსანი რაკეტები – 982 (+9)

◾ გემები/კატერები 18 (+0)

◾ საავტომობილო ტექნიკა და ავტოცისტერნები – 6 067 (+19)

◾ სპეციალური ტექნიკა – 417 (+7)

რუსეთმა, წუხელ, ქალაქ მიკოლაივის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას „კალიბრის“ ტიპის ორი რაკეტით დაარტყა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გარდა ამისა, უწყებაში აცხადებენ, რომ რუსულმა ძალებმა S-300 ტიპის ორი რაკეტით დონეცკის ოლქის ქალაქ კონსტანტინოვკას სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე 57 ავიადარტყმა განახორციელეს და უკრაინის ჯარების პოზიციები და დასახლებები მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან 96-ჯერ დაბომბეს.

“რუსებმა სარაკეტო დარტყმისთვის „კინჟალის“ აერობალისტიკური 6 რაკეტა, „კალიბრის“ ფრთოსანი 13 რაკეტა და „ეს-400“ და „ისკანდერ-ემ“ ტიპის სახმელეთო ბაზირების 10 რაკეტა გამოიყენეს. „მათგან 25 ჩვენმა დამცველებმა გაანადგურეს“, – აცხადებენ გენშტაბში.

უწყების ცნობით, რუსების მიერ გასული დღის განმავლობაში განხორციელებული თავდასხმების შედეგად განადგურდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, დაიღუპნენ და დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, განადგურდა კერძო სახლები, საავადმყოფო და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა.

„უკრაინის მთელ ტერიტორიაზე სარაკეტო და საჰაერო თავდასხმების ალბათობა კვლავ მაღალია“, – აცხადებენ გენშტაბში.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 მაისს საღამოს უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. განგაშის დროს მიკოლაივში აფეთქებების ხმა გაისმა. ქალაქის მერის ინფორმაციით, თავდასხმებმა ხანძარი გამოიწვია. ერთ-ერთ ობიექტზე ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ცნობილია ერთი დაშავებულის შესახებ.

უკრაინის არმიის ადგილობრივი კონტრშეტევების ფონზე რუსული ჯარები, სავარაუდოდ, აძლიერებენ შეტევას ბახმუტის რაიონში. მაგრამ ეს, სავარაუდოდ, გავლენას მოახდენს ოკუპანტების უნარზე, მოიგერიონ უკრაინის კონტრშეტევა.  ამის შესახებ ომის შესწავლის ინსტიტუტი იუწყება.

როგორც ომის შესწავლის ინსტიტუტი აღნიშნავს, ოთხი რუსული ბატალიონის ბახმუტის მიმართულებით გადაყვანის შესახებ რამდენიმე რუდმა „ბლოგერმა“ ერთი დღით ადრე გაავრცელა ინფორმაცია.

ეს განცხადებები, ISW-ის ანგარიშის მიხედვით, შეესაბამება თავდაცვის მინისტრის მოადგილის ანა მალიარის განცხადებას, რომ რუსეთის ფედერაციას ამ ტერიტორიაზე გადაჰყავს მედესანტეების ქვედანაყოფები. 16 მაისს ოკუპანტებმა მცირე წარმატებებს მიაღწიეს თავად ბახმუტში.

„რუსებმა ძირითადი ძალისხმევა ბახმუტზე გაამახვილეს, უკრაინა კი არაერთხელ ხაზს უსვამს, რომ მიზნად ისახავს შეზღუდული ოპერაციების განხორციელებას“, – განმარტავენ ექსპერტები.

ამავდროულად, კრემლი აპირებს ბახმუტის დაკავება წარმოადგინოს, როგორც „გამარჯვება“ უკრაინის კონტრშეტევის დროს შესაძლო წარუმატებლობის ფონზე.

ამავდროულად, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ცოტა ხნის წინ მიაღწიეს შეზღუდულ წარმატებას თავად ქალაქში. 16 მაისის გეოლოკაციის კადრებში ჩანს, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მცირე წინსვლა მოახდინეს ორეხოვო-ვასილივკას აღმოსავლეთით (ბახმუტის ჩრდილო-დასავლეთით 11 კმ), თუმცა 16 მაისის მდგომარეობით ISW-ს არ დაუფიქსირებია უკრაინული ძალების შემდგომი წინსვლა ბახმუტის გარშემო.

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი და ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე საერთაშორისო კოალიციისშესაქმნელად იმუშავებენ, რათა უკრაინას, პუტინის შეჭრისთვის წინააღმდეგობის გაწევის ამ გადამწყვეტ მომენტში F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მოპოვებაში დაეხმარონ, – ამის შესახებ დაუნინგ სთრითის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრები შეთანხმდნენ, რომ უკრაინას საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყოფის მიზნით მხარდაჭერას გაუწევენ.

„პრემიერ-მინისტრები რიში სუნაკი და მარკ რუტე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ საერთაშორისო კოალიციის შექმნაზე, რათა უკრაინა საბრძოლო საჰაერო შესაძლებლობებით უზრუნველყონ, ყველაფერში მხარდაჭერის აღმოჩენით : წვრთნებიდან დაწყებული, F16 საბრძოლო თვითმფრინავების მოპოვებით დამთავრებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელიც დაუნინგ სთრითმა რიში სუნაკისა და მარკ რუტეს ისლანდიაში მიმდინარე ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის შემდეგ გაავრცელა.

“ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტისადმი ჩვენი მთავარი გზავნილია” – პრემიერი

ჩვენთვის დიდი პატივია, რომ ვმონაწილეობთ ამ ძალიან მნიშვნელოვან სამიტში. რა თქმა უნდა, ჩვენ წარვდგებით ჩვენი ქვეყნის სახელით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რეიკიავიკში განაცხადა, სადაც პრემიერი ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების სამიტში მონაწილეობს.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საუბარი იქნება იმ გამოწვევებზე, რომლებიც მთელი ევროპის კონტინენტზეა შექმნილი.

„მე მექნება პატივი, რომ ჩვენი ქვეყნის სახელით კიდევ ერთხელ აღვნიშნო ყველა იმ რეფორმის, ყველა იმ წარმატებული საქმიანობის შესახებ, რომელიც ჩვენმა მთავრობამ ბოლო 10 წლის განმავლობაში განახორციელა. ამას გარდა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვექნება კიდევ ერთხელ საუბარი იმ გამოწვევებზე, რომლებიც არის შექმნილი მთელი ევროპის კონტინენტზე. ჩვენ გვექნება შიდა გამოწვევებზე საუბარი და ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან წარმატებული შეხვედრებიც.

გარდა სიტყვით მიმართვისა, მე მექნება ძალიან ბევრი შეხვედრა, ორმხრივი შეხვედრები. ჩვენი მთავარი გზავნილი არის შემდეგი, რომ საქართველო, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქართველი ხალხი, იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. ეს არის ჩვენი არჩევანი, რომელიც არის შეუცვლელი, რომელიც არის ჩვენი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის არჩევანი. შესაბამისად, ჩემი გზავნილი კიდევ ერთხელ იქნება შემდეგი, რომ აუცილებელია ჩვენმა ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული სტატუსი, ვინაიდან ეს იქნება გზავნილი ევროპის მხრიდან, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის მისამართით, ჩვენი ქვეყნის მისამართით, და ჩვენ სხვა, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას არ ველოდებით, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვიმუშაოთ ძალიან ბევრი, დავარწმუნოთ ჩვენი ევროპელი მეგობრები, რომ სხვა ალტერნატივა უბრალოდ არ არსებობს. თუ რეალურად ჩვენს ევროპელ მეგობრებს, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს სურთ, რომ ქვეყანაში დასრულდეს პოლარიზაცია, იყოს მშვიდობა, სტაბილურობა და ქვეყანამ გააგრძელოს წინსვლა ევროპის მიმართულებით, რა თქმა უნდა, მე ველი, რომ წლის ბოლოს ჩვენ გვექნება კანდიდატის სტატუსი. ეს არის ჩემი პასუხი“,- განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილი მონაწილეობს ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტში, რომელიც რეიკიავიკში იმართება.

საკონფერენციო ცენტრ Harpa-ში, სადაც ღონისძიება ტარდება, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და სამიტის მონაწილე სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურებს ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა უმასპინძლეს.

ირაკლი ღარიბაშვილი სამიტის მონაწილე მსოფლიო ლიდერებთან ერთად გახსნით სესიას დაესწრო.

პრემიერ-მინისტრი რეიკიავიკში დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის ფარგლებში მრგვალი მაგიდის ფორმატით გამართულ დისკუსიაში თემაზე: „როგორ უზრუნველყოფთ დემოკრატიას, როცა სამყარო გამოცდას გვიწყობს რისკებზე, მედეგობასა და ერთგულებაზე”.
მთავრობის მეთაურმა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის აუცილებლობაზე ისაუბრა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, დემოკრატია საქართველოში მდგრადია, რადგან ქვეყანა იმ ღირებულებების ერთგულია, რომლებიც საფუძვლად უდევს დემოკრატიას, – თავისუფლება, თანასწორობა და კანონის უზენაესობა.
ირაკლი ღარიბაშვილმა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით მთავრობის მიერ გაწეულ ძალისხმევაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ძალისხმევა სრულად ემთხვევა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის განსაზღვრულ 12 პრიორიტეტს და განსაკუთრებული პროგრესი, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია ამ მხრივ, მოითხოვს ევროკავშირის შესაბამის რეაგირებას.

“მოლდოვის ფრთხილ პოლიტიკას, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება” – ირაკლი კობახიძე

გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა, ამიტომ ხშირად გვსაყვედურობენ რატომ ვართ ფრთხილები და პრაგმატულები. ეს ყველაფერი სინამდვილეში რომ „გადაითარგმნოს“, გულისხმობს იმას, რომ გვსაყვედურობენ, თუ რატომ არ ვსჯით საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს. ამას სხვადასხვა ფორმით გვსაყვედურობენ, თუმცა, ბუნებრივია, პირდაპირი ტექსტით ვერ ამბობენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება პრაგმატულ და ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ქვეყანა და საზოგადოება.

მისი თქმით, მოლდოვა, რომელიც საქართველოს მსგავს სიტუაციაშია, რუსეთთან მიმართებით ასევე ფრთხილ პოლიტიკას ატარებს, თუმცა, მისი მისამართით კრიტიკა არ ისმის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ „გლობალური ომის პარტია“ საქართველოსგან სხვა როლის შესრულებას ელოდება.

„ჩვენ ვაწარმოებთ პრაგმატულ პოლიტიკას, რომლის მთავარი მიზანია, არ დაზარალდეს ჩვენი ქვეყანა და მოსახლეობა.

მოლდოვა არის დაახლოებით ჩვენს მსგავს ვითარებაში, არის დღემდე დსთ-ის წევრი ქვეყანა, მოლდოვას კონსტიტუციაში უწერია, რომ არასდროს გახდება ნატო-ს წევრი, მას არ დაუწესებია სანქციები რუსეთისთვის. მოლდოვას რომ აქვს ფრთხილი პოლიტიკა, არავინ საყვედურობს, ყველა გაგებით ეკიდება. არცერთი ევროპარლამენტარი არ გამოსულა და არ უთქვამს, რომ მოქმედი ხელისუფლება მოლდოვაში არის პრორუსული. თქვენ იცით საქართველოზე რას ლაპარაკობენ- ათას სისულელეს, ათას აბსურდს და ტყუილს.

მოლდოვის სიფრთხილე და პრაგმატულობა როცა ყველას ესმის და ჩვენი ამის ნახევარიც არ ესმით, აქ საზოგადოებამ უნდა ამოიკითხოს რა არის ამის მიზეზი. მგონი, მიზეზი არის ერთი რაღაც: საქართველოსგან, სამწუხაროდ, ელოდებიან სხვა რამეს, მოლდოვისგან განსხვავებით. არსებობს გლობალური ომის პარტია, რომელსაც საქართველოსგან აქვს სხვა რამის მოლოდინი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“.

,,ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს წევრ ქვეყნებს – უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას”- ტინი კოქსი

ჩვენი ორგანიზაციის წევრების პოზიცია უცვლელი უნდა იყოს, რომ ჩვენ არ მივცემთ უფლებას აგრესორ ქვეყანას დაანგრიოს სისტემატური მულტილატერალიზმი ევროპაში, რომ ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს ჩვენს წევრ ქვეყნებს – უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას, – ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა ტინი კოქსმა რეიკიავიკის სამიტზე განაცხადა. „ვფიქრობ, კრემლში მიღებული გზავნილი მკაფიო იქნება, რომ არ არსებობს გზა, რომელიც პოზიციის ცვლილებას გვაიძულებს. რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია ევროპაში, რადგან რუსეთისთვის ეს არის მსოფლიო საზოგადოებაში ოდესმე დაბრუნების ერთადერთი გზა. ვფიქრობ, ძლიერი განცხადება გვექნება სოლიდარობაზე და იმ კუთხით, რომ ვინც დაიწყო აგრესიული ომი, ადრე თუ გვიან პასუხს აგებს თავის მოქმედებებზე და მათ შორის რუსეთის ლიდერები. მაგრამ როდესაც ომი დასრულდება, ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, როგორ ვითანამშრომლოთ რუსეთთან. რადგან რუსეთი არსად გაქრება. რუსეთში მილიონობით მოქალაქეა, რომლებიც იმსახურებენ დაცვას ევროსაბჭოს მექანიზმებით“, – განაცხადა კოქსმა.

,,სჯობს თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას” -კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ ამერიკის ვიზებთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა, რომ ანსამბლი „მართვე“, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრებოდა, დატოვეს საქართველოში. მისი თქმით, მსგავს საკითხებს უნდა აქცევდეს ყურადღებას ამერიკის ელჩი და სჯობს თვითონ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება სავიზო რეჟიმის გამარტივებას. „ანსამბლი „მართვე“ მიდიოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი შეთანხმებული იყო თავიდან ბოლომდე. მათ შორის, ბილბორდები იყო ადგილზე გამოკრული, რომელ ოჯახებში უნდა ყოფილიყვნენ გადანაწილებული. ბავშვებზეა საუბარი, 12, 11 და 14 წლის ბავშვი ამერიკაში ხომ არ დარჩება მარტო. ყველაფერი დაორგანიზებული იყო ამერიკული მოწვევით. სტანდარტულად შეავსეს ერთბაშად განაცხადები და როცა ჯგუფია მარტივად ხდება ეს ყველაფერი 2 კვირაში, მაქსიმუმ ერთ თვეში უნდა ჩაურტყან ვიზები. ივლისში უნდა ყოფილიყო ეს გასტროლები და საბოლოო ჯამში უთხრეს, რომ ერთბაშად არ მოხდებოდა ვიზების გაცემა სათითაოდ უნდა შეეტანათ, აბსურდია და ვადები უთხრეს ნოემბრის ჩათვლით, როცა ივლისში იყო გასტროლები. 50 ბავშვი, მთელი „მართვე“ დატოვეს საქართველოში. არ ვიცი ახლა, ასეთ რაღაცებს უნდა მიხედოს ამერიკის ელჩმა და არა იმას, რომ სხვა ქვეყანა კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს. მე მგონი ჯობია, რომ თვითონ გადადგან ასეთი ნაბიჯები, რაც უკავშირდება იგივე სავიზო რეჟიმის გამარტივებას, პირდაპირ ფრენებს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერას, თუმცა, გავიდა 30 წელი და ამაზე სამწუხაროდ საუბარიც არ არის,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,საქართველო მუშაობს წინსვლისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად” – ნიდერლანდების პრემიერი

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა მარკ რუტეს განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაურთან შეხვედრაზე განიხილავენ უკრაინაში მიმდინარე რუსეთის აგრესიას, ასევე საქართველოში მიმდინარე პროცესებს.

„ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული საშინელი აგრესია გავლენას ახდენს მთელს რეგიონზე, მათ შორის საქართველოზე და მოლდოვაზე. რა თქმა უნდა ჩვენ განვიხილავთ ამ საკითხებს და საქართველოში მიმდინარე პროცესებს“, – ამბობს მარკ რუტე. მედიის კითხვას – რა იქნება შეხვედრაზე მისი მთავარი გზავნილი, ნიდერლანდების პრემიერი ასე პასუხობს: „ცხადია, ყველა საკითხზე ერთ მოსაზრებაზე არ ვართ, მაგრამ მთლიანობაში რაც შეეხება საქართველოს ევროპულს ორიენტაციას, ფაქტია, რომ საქართველო მუშაობს წინსვლისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ევროკომისიაზეა დამოკიდებული რეკომენდაციის გაცემა. ცხადია, ამ თემებს განვიხილავთ“. მარკ რუტემ ასევე უპასუხა შეკითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს. „მხოლოდ ჩემზე არ არის დამოკიდებული. ყოველთვის ევროკომისია ევროპული საბჭოსთვის გასცემს რეკომენდაციას, თუ რა შემდგომი ნაბიჯი გადაიდგას. გასული წლის ივნისში მივიღეთ გადაწყვეტილება კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ მოლდოვასა და უკრაინისთვის, მაგრამ გვქონდა საქართველოზე სიღრმისეული განხილვა. საქართველომ იცის, რომ ჩვენ მივყვებით პროცესს და დიდი იმედი გვაქვს შემდეგ ეტაპზე გადასვლის“, – აცხადებს ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი.

“იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი”- ანდჟეი დუდა

“იმედი მაქვს, რომ რამდენიმე წელიწადში იქნებით ევროკავშირის წევრი,” – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ რეიკიავიკში მიმდინარე ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტის გახსნის ცერემონიაზე, მედიასთან განაცხადა.

„ქრონიკის“ კითხვას – დაუჭერს თუ არა მხარს წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხს, პოლონეთის პრეზიდენტი ასე პასუხობს:

დიახ, დიახ. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკას. 2004 წელს გაწევრიანდა პოლონეთი ევროკავშირში და ჩემი აზრით, ევროკავშირის კარი ღია უნდა იყოს ახალი წევრებისთვის, ახალი კანდიდატებისთვის და საქართველო ერთ-ერთია მათ შორის. მთლიანობაში მე მხარს ვუჭერ საქართველოს. მე წლებია საქართველოს მხარდამჭერი ვარ“, – განაცხადა ანდჟეი დუდამ.

 

რეიკიავიკში ევროპის საბჭოს სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების მე-4 სამიტი გაიხსნა. სამიტში საქართველოს პრემიერ-მინისტრიც მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.

,,ოპოზიციის წარმომადგენლები აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ” – კობახიძე

ოპოზიცია აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ამ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ვერ არჩევა, აქედან გამომდინარე, ერთი წელია, არ გვეუბნებიან, ვის დაუჭერენ მხარს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მედიასთან განაცხადა. კობახიძის თქმით, საკითხი კენჭისყრაზე დადგება და საზოგადოება კიდევ ერთხელ დაინახავს, ვის რა დამოკიდებულება აქვს პროცესის მიმართ, რასაც ჰქვია კანდიდატის სტატუსის მიღება. ოკუპანტი ქვეყნის მიერ ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი და აღდგენილი პირდაპირი ფრენები. მმართველი გუნდის პოზიცია და ხედვები. სტუმარი: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მსგავსი: ოკუპანტი ქვეყნის მიერ ცალმხრივად გაუქმებული სავიზო რეჟიმი და აღდგენილი პირდაპირი ფრენები. მმართველი გუნდის პოზიცია და ხედვები. სტუმარი: პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „დაახლოებით ერთი წელია, ვართ ამ რეჟიმში, ასარჩევი გვყავს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ხუთი წევრია ასარჩევი 90 ხმით, შესაბამისად, საჭიროა ოპოზიციის წარმომადგენელთა ხმებიც მათ ასარჩევად. ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ჩვენთვის მისაღებია 15-მდე კანდიდატი, ეს არაერთგზის ითქვა საჯაროდ ჩვენი მხრიდან. ესენი არიან ის კანდიდატები, რომლებიც, ჩვენი აზრით, აკმაყოფილებენ როგორც კომპეტენციის კრიტერიუმს, ასევე კეთილსინდისიერების კრიტერიუმებს, რომლებმაც სათანადოდ წარმოაჩინეს თავი გასაუბრებაზე. ასეთი მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი, კვალიფიციური იურისტები არიან წარმოდგენილი და მათ შორის შესაძლებელია ხუთი წევრის არჩევა. ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ ხუთ კანდიდატს. ჩვენი აზრით, ხუთზე მეტიც არის ისეთი, რომელიც იმსახურებს იუსტიციის საბჭოს წევრობას. კონსულტაციების საფუძველზე მზად ვართ, 15 –დან ხუთს დავუჭიროთ მხარი.ასევე ვთქვით, რომ არ გვინდა ამ გვარების ჩვენგან დასახელება, გამომდინარე იქიდან, რომ ოპოზიციას დარჩეს მაქსიმალური სივრცე, არ შეიზღუდოს ზედმეტად. აქედან გამომდინარე, ჩვენ თავს ვიკავებთ მათი დასახელებისგან. იმის რისკიც არის, რომ ჩვენ რომ ვიტყვით 15-ს, მაინცდამაინც ამ 15-ის მიღმა დაასახელონ სხვები და ა.შ. მართალია, არ ესწრებოდა მათი უმეტესობა გასაუბრებებს, მაგრამ არსებობს ჩანაწერები, ჩართონ, ნახონ ჩანაწერები, მათ შორის ბიოგრაფიებს გადახედონ და ნახონ, ვის ეკუთვნის მათგან იუსტიციის საბჭოს წევრობა. ისინი ხომ ამბობენ, რომ უნდა იყოს მიუკერძოებელი, კომპეტენტური ადამიანი, ვინც უნდა აირჩეს ამ თანამდებობაზე. აქედან გამომდინარე, რა აბრკოლებთ ასეთი კანდიდატების დასახელების დროს? ვფიქრობ, აბრკოლებთ ერთადერთი რამ, მათ აქვთ ერთგვარი თვითმიზანი, როგორც არ უნდა შეეძლოთ, ხელი შეუშალონ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევას და უზრუნველყონ ამ პუნქტის არშესრულება. ისინი აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ და ამ კამპანიაში ძალიან კარგად ჯდება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრების ვერ არჩევა, აქედან გამომდინარე, ერთი წელია, არ გვეუბნებიან, ვის დაუჭერენ მხარს“, – განაცხადა კობახიძემ

17 მაისი ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცემის დღეა

2014 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, 17 მაისი ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ გამოცხადდა. ,,ოჯახი სახელმწიფოს და კაცობრიობის საფუძველია, თუ ოჯახები იქნებიან მყარი, მყარი და შეუდრეკელი იქნება სახელმწიფოც”, — განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა დღესასწაულის გამოცხადების დღეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა მოქმედ ტაძარში,  აღევლინება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი, ასევე ჩოხოსანთა სადროშოს ორგანიზებით ტარდება საყოველთაო ჯვრისწერები.