Home Blog Page 2101

ევროპის დიდი ქალაქებიდან ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსი იქნება – ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა დასავლეთის გეგმაზე, რომ შესაძლოა, რუსეთში წვრილმანი საქონლის შეტანა აიკრძალოს, განაცხადა, რომ ევროპის დიდი ქალაქებიდან რუსეთში ბაღლინჯოების ექსპორტის უფრო მცირე შანსი იქნება.

„ალბათ რაც ნაკლები ნაგავი, მით უკეთესი. ევროპის დიდი ქალაქებიდან აქ ბაღლინჯოების შემოტანის ნაკლები შანსია“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რამდენიმე ევროპული ქალაქი, მათ შორის პარიზი, ბოლო თვეების განმავლობაში ბაღლინჯოების გამრავლების საწინააღმდეგო ზომებს იღებს. როგორც მედია წერს, პუტინის ირონიული კომენტარი სწორედ ამას უკავშირდება.

ევროკავშირმა რუსეთს შესაძლოა, სანქციების მე-12 პაკეტი დაუწესოს, რომელიც შეიძლება, მოიცავდეს ვაჭრობას როგორც ბრილიანტებით, ასევე ნემსების მსგავსი წვრილმანი საქონლით.

თბილისის მერია მუშაობს ახალი გზის პროექტზე, რომელიც ბაგების დასახლებას ქავთარაძის ქუჩასთან დააკავშირებს

დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია კიდევ ერთ ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობს.

პროექტის დეტალების შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ ახალი გზა ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდიდან მძღოლებს ქავთარაძის ქუჩისკენ გადაადგილების შესაძლებლობას მისცემს.

„უნივერსიტეტის ქუჩა ერთ-ერთი დატვირთულია, განსაკუთრებით უნივერსიტეტის ე.წ. მაღლივი კორპუსიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით. ჩვენ პარალელურად ვახორციელებთ ბაგების დასახლების უნივერსიტეტის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის პროექტს. რა თქმა უნდა, აღნიშნულ ქუჩას დამატებითი ნაკადები დაემატება, თუმცა, ასევე მინდა გითხრათ, რომ ვამუშავებთ ახალი გზის პროექტს – ბაგების ხიდიდან გამომსვლელ ავტომობილს შეეძლება ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით გადაადგილება. გაკეთდება ახალი გზა, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ აღნიშნულ ლოკაციაზე მოძრაობა განიტვირთოს, ავტომობილით მოსარგებლეს კი ექნება შესაძლებლობა, ბაგებიდან გადმოსვლის შემთხვევაში, წავიდეს უნივერსიტეტის ქუჩისკენ ქვემოთ, თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ან ქავთარაძის ქუჩისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მიმართულებით იმოძრაოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს, ასე რომ, საგანგაშო არაფერია” – კალაძე სააკაშვილის შეწყალებაზე

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს“ – ასე უპასუხა კახა კალაძემ მედიის შეკითხვას, რომელიც პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ეხებოდა.

დედაქალაქის მერის განცხადებით, თავად პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილების მიღება ყველა თვალსაზრისით მძიმე იქნება, გარდა ამისა, გამოძიება სხვა საქმეებზეც მიმდინარეობს.

„არ ვიცი, პრეზიდენტი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. თავად პრეზიდენტს უნდა ჰკითხოთ, რას ფიქრობს. ერთი რამ მინდა ვთქვა: შეიძლება მიიღოს ეს გადაწყვეტილება, რაც მისთვის პირადად ძალიან მძიმე იქნება ყველანაირი თვალსაზრისით, თუმცა არის სხვა კონკრეტული საქმეები, რაზეც მიმდინარეობს გამოძიება. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ თქმულა პროკურატურის მხრიდან. ასე რომ, საგანგაშო არაფერია. კარგი იქნება, პრეზიდენტს დაუსვათ შეკითხვა და მისგან მოვისმინოთ. ისეთ რადიკალურ განცხადებებს აკეთებს, რაც ჩვეულებრივ რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.

“ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს”

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.

ამის შესახებ მან პარტია „ლელოს“ დეპუტატის, დავით უსუფაშვილის მიერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ხელისუფლებამ პარტნიორებთან ერთად, რეალურად ყველაფერი გააკეთა და შეასრულა ის მოთხოვნები, რაც იყო დასახელებული – 12-პუნქტიანი გეგმა და დამატებითი მიმართულებები. დღეს შეიძლება ითქვას, რომ არანაირი ლოგიკა, ახსნა-განმარტება არ არსებობს იმისთვის, თუ რატომ არ უნდა მიანიჭონ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი. ჩვენ, რა თქმა უნდა, აღნიშნულ სტატუსს თავიდანვე ვიმსახურებდით, რადგან თუ რომელიმე ქვეყანას რაიმე ჰქონდა გაკეთებული და თუ შევაფასებთ იმ კრიტერიუმებით, რაზეც არის საუბარი, საქართველო იყო და არის ამ ქვეყნებს შორის მოწინავე, თუმცა გვესმის, თუ რატომ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რა იყო ამის მოტივი. ყველა ვხედავთ, რამდენი რამ გაკეთდა ევროინტეგრაციის ამ რთულ გზაზე. რეფორმები ჩვეულებრივად გრძელდება, ეს პროცესია და მჯერა, რომ თუ სამართლიანი მიდგომები იქნება, ქვეყანას კანდიდატის სტატუსს აუცილებლად მიანიჭებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველანაირად ცდილობენ, ქვეყანაში ნიჰილიზმი დანერგონ და ევროინტეგრაციის პროცესს ხელი მაქსიმალურად შეუშალონ.

„ისინი არიან ჩვეულებრივი მავნებლები, ვიცით ეს და ამაზე ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ. ეს ადამიანები ყველანაირად ეწინააღმდეგებიან ქვეყნის განვითარებას; გიჟდებიან იმაზე, რომ ქვეყანაში არის სიმშვიდე, ხდება ეკონომიკური განვითარება; ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ნიჰილიზმი გააჩინონ; როგორმე არეულობა, დაძაბულობა იყოს ქვეყანაში. არა მხოლოდ თავიანთი განცხადებებით, არამედ ქმედებებით – პირდაპირ ჩადიან ევროპარლამენტში და მუშაობენ იმაზე, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შეიძლება, არ მოგწონდეს შენი ხელისუფლება და იყო მასთან ოპოზიციაში, გქონდეს განსხვავებული მოსაზრებები კონკრეტულ საკითხებზე, მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ ევროპულ მომავალსა და ევროინტეგრაციაზე, ამ დროს კი, ამ ყველაფრისთვის ხელის შეშლა ხდება, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. სამწუხაროა, რომ სახელმწიფოს, ქვეყნის წინააღმდეგ დგამენ ასეთ მოღალატეობრივ ნაბიჯებს“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

შსს-მ ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით მძიმე დანაშაულებისთვის ძებნილი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად არაერთი მძიმე დანაშაულისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავების ორდერი მოიცავს ოთხ ბრალდებას ტეხასის შტატიდან: არასრულწლოვანი ბავშვის უწყვეტი სექსუალური შევიწროება, დამამძიმებელ გარემოებებში არასრულწლოვან ბავშვებზე (14 წელს ქვემოთ) სექსუალური ძალადობა, ოჯახის წევრზე თავდასხმა სასუნთქი გზების დახშობით (გაგუდვის მცდელობით) და დამამძიმებელ გარემოებებში სიცოცხლისთვის საშიში იარაღით თავდასხმა. დაკავების ორდერში ასევე შედის ლუიზიანას შტატის შვიდი ბრალდება: ყალბი საჯარო ჩანაწერების წარდგენის, თაღლითური გზით დოკუმენტების გაყალბებისა და ორი ქურდობის ბრალდება 5000$-დან 25000$-მდე.

„ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული საქართველოში 2023 წლის აპრილის თვეში შემოვიდა. საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდებოდა. ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნა 2023 წლის 27 ივნისიდან ინტერპოლის გენერალური სამდივნოს მიერ წითელი ცირკულარით გამოცხადდა. საქართველო, როგორც ინტერპოლის წევრი ქვეყანა, აქტიურად ჩაერთო სამძებრო ოპერაციაში.

პოლიციის მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარდა ყველა საჭირო ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მოხდა დამნაშავე პირის ადგილსამყოფლის დადგენა და მისი დაკავება.

ამ დროისთვის დაკავებული გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს“, – აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.

“ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის აბაზანებიც აღარ უშველის” – გურამ მაჭარაშვილი

ოპოზიციას ემიგრანტებში არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება კი არა, ახტალის აბაზანებიც აღარ უშველის. აბაზანები მათ იმაში უშველით, რომ არჩევნების პირწმინდად წაგებას შეაგუებს, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილის თქმით, „სჯობს, მოდუნდნენ და არჩევნების წაგებას შეაგუონ“.

„ელექტრონულ არჩევნებს ხან აგინებენ, ხან ამბობენ, რომ დემოკრატიის შუქურაა, ხან დამანგრეველია დემოკრატიისთვისო. მათი რეალური განცდაა, რომ არჩევნები წააგეს და უნდათ, ხან ემიგრანტებს ჩაებღაუჭონ, ხან რადიკალიზმის სხვა სეგმენტი შემოაგდონ. ოპოზიციას არაფერი უშველის, გარდა იმისა, რომ ტაქტიკა შეცვალოს, პირველ რიგში, საქართველოს საზოგადოებასთან. საკანონმდებლო საქმიანობის ნაცვლად, ლანძღვა-გინებით არ უნდა იყვნენ დაკავებული. ელექტრონული არჩევნები როგორიც არ უნდა იყოს – ონლაინ, პირდაპირ თუ როგორიც არის საქართველოში, რომელიც პარტნიორებმა მოიწონეს, მათ ეს არ უშველით. რაც შეეხება ემიგრანტებს, მათ შესაძლებლობა აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ. ამ საკითხზე ემიგრანტებში არანაირი პრეტენზია არ ყოფილა, რომ მონაწილეობა უნდოდათ და ვერ მიიღეს. მონაწილეობას ძალით ვერავის მივაღებინებთ. მონაწილეობა თუ სურთ, გამორიცხულია, რაიმე პრობლემა ჰქონდეთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ დღეს განაცხადა: „მზად ვართ, ნებისმიერ ძალასთან ერთად მონაწილეობა მივიღოთ ცვლილებაში და მომზადდეს კანონპროექტი, რომელიც ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობას ეხება. ინიციატივას ორი მიმართულება აქვს – ერთია არჩევნებში ელექტრონული წესით მონაწილეობა და მეორეა საარჩევნო უბნების მაქსიმალურად გაზრდა“.

“ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს” – პრემიერი

ქართული დიპლომატიის დღეს ვულოცავ თითოეულ ქართველ დიპლომატს, ყველას, ვინც საერთაშორისო ასპარეზზე დაუღალავად შრომობს ქართული სახელმწიფოს წარმატებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს საქართველო და მსოფლიო დგას.

„ამ თარიღს ჩვენ აღვნიშნავთ დიდი საზოგადო მოღვაწის, თანამედროვე ქართული დიპლომატიის ფუძემდებლის − სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთგულება ფასეულობებისადმი, რომელთაც იგი მთელი ცხოვრების განმავლობაში ემსახურებოდა.

დიპლომატია − დიალოგის, მოლაპარაკებების, თანამშრომლობის, მშვიდობის განმტკიცების ხელოვნებაა და, ამდენად, უმთავრესი ინსტრუმენტია იმ გამოწვევათა პირისპირ, რომელთა წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა და მსოფლიო დგას. ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის უმთავრესი მიზნების – საქართველოს გაერთიანება, ევროპის თავისუფალ ერთა ოჯახში სრულფასოვანი ინტეგრაციის მისაღწევად, მშვიდობისა და განვითარების უზრუნველსაყოფად თქვენი − დიპლომატთა როლი − საკვანძოა.

მადლობა მინდა გადაგიხადოთ მაღალი პროფესიონალიზმისათვის, პატრიოტიზმისათვის, თავდადებისათვის, რითაც ფასდაუდებელი წვლილი შეგაქვთ ამ მისწრაფებათა რეალიზებაში. პირადად ჩემი და მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას გპირდებით და შემდგომ წარმატებებს გისურვებთ!”, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

“28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა” – ერდოღანი

ზუსტად 28 დღეა, მსოფლიო ღაზაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მოწმეა, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ასტანაში, თურქულ სახელმწიფოთა ორგანიზაციის სახელმწიფოთა მეთაურთა საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

ერდოღანის თქმით, არ არსებობს კონცეფცია, რომელიც ამართლებს ან ახსნის იმ სისასტიკეს, რაც 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზაში ხდება.

„თურქული სამყაროს ერთიანობითა და სოლიდარობით მოქმედება ხელს შეუწყობს გზას ჯერ ცეცხლის შეწყვეტისაკენ, შემდეგ კი, მუდმივი მშვიდობისკენ. ჩვენი ძალისხმევა გრძელდება, რათა საფუძველი ჩავუყაროთ საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციას“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი გაიმართება

9 ნოემბერს,19:00 სთ-ზე, კონსერვატორიის დიდ დარბაზში თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოკლორული ფესტივალის ფარგლებში პირველი კონცერტი გაიმართება!

2022 წელს თბილისის საკრებულოსა  და მერიის თანადგომით თბილისის ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალი დაარსდა, რომელმაც 700 მდე ბავშვი ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის შესასრულებლად ქარვასლის დიდ დარბაზში გააერთიანა.

ფესტივალის  დააარსების მიზანი, თბილისში არსებული დამოუკიდებელი (კერძო და არა სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ მყოფი) შემოქმედებითი კოლექტივებს ხელშეწყობა და მათი წახალისება იყო.

წელს ფესტივალის ფარგლებში 2 კონცერტი გაიმართება, პირველი კონცერტი 9 ნოემბერს კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება, რომელშიც გასული წლის მონაწილე 10 გამორჩეული ანამბლი მიიღებს მონაწილეობას და  დაჯილდოვდება.

წლევანდელ ფესტივალზე,  ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის შემსრულებელი ანსამბლების გარდა თბილისის ისტორიისთვის დამახასიათებელი ეთნიკური ჯგუფებიც მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალის ფარგლებში თითოეულ ახალ მონაწილე მუსიკალურ ჯგუფზე  მცირე დოკუმენტური სიუჟეტი იქნება გადაღებული.

თბილისში ბავშვთა და ახალგაზრდული გუნდების ფოლკლორული ფესტივალის ფარგლებში, პირველად თბილისისა და ჩეხეთის ბავშვთა ფესტივალებს შორის გაფორმდება ურთიერთ თანამშორმლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც თბილისის ანსამბლები ჩეხეთის ფესტივალზე მიიღებენ მონაწილეობას.

ფესტივალს ჰყავს ჟიური, რომელიც საინტერესო და პროფესიულ რჩევებს აძლევს მონაწილეებს.

ფესტივალის მთავარი მედია პარტნიორია საზოგადოებრივი მაუწყებელი.

ფესტვალის მონაწილეებისთვის აპლიკაციის მიღება დაიწყო.

თიბისის სამომხმარებლო სესხის ვადა 4 წლამდე გაიზარდა

1 ნოემბრიდან თიბისის ციფრული სამომხმარებლო სესხების ვადა 4 წლამდე გაიზარდა. ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 15,5%-ით განისაზღვრა.

ახალი პირობების თანახმად, შესაძლებელია:

  • თანხის მოთხოვნა 100-დან 10 000 ლარამდე
  • თანხის დამატება ყოველთვიური შენატანის გაზრდის გარეშე
  • სესხების გაერთიანებისას, დამატებითი თანხის მოთხოვნა
  • არსებული სესხების გაერთიანება და ყოველთვიური გადასახადის შემცირება

მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, სესხზე განაცხადის შევსება და ყველა საჭირო საფეხურის გავლა ციფრულ ბანკში, ფილიალში ვიზიტის გარეშეა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ ციფრულ სამომხმარებლო სესხზე 20%-მდე ფასდაკლება მოქმედებს. წინსწრებით დაფარვისას კი, მომხმარებელი საკომისიო გადასახადისგან თავისუფლდება.

არსებული სესხების გაერთიანების მიზნით, ახალი სესხის აღების შემთხვევაში, 20%-იანი ფასდაკლებით სარგებლობა მაინც მოქმედებს, რომლის ეფექტური საპროცენტო განაკვეთიც 15,5%-დან იწყება.

სამომხმარებლო სესხით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც  ფიქსირებული შემოსავლის მქონე, ისე თვითდასაქმებულ პირებს.  გახსოვდეთ, სესხის აღება შეგიძლიათ მაშინაც  კი, თუ ხელფასი ბანკში არ გერიცხებათ.

სესხის ვადის 4 წლამდე გაზრდა ამარტივებს სესხის დამტკიცებას და საშუალებას იძლევა, სესხი აიღოთ, როცა გინდათ.

დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს.

R

ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ბლინკენი შეხვედრებს გამართავს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან და სხვა მაღალჩინოსნებთან.

როგორც გამგზავრებამდე ბლინკენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ისრაელის მთავრობასთან აპირებს, ისაუბროს „ჰამასის“ წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიის და იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უნდა გადაიდგას.

7 ოქტომბრის შემდეგ აშშ სახელწიფო მდივანი ისრაელში უკვე მესამედ ჩავიდა.

სექტემბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.6 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.8 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.4 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.1 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტრანსპორტი – ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6 პროცენტით, რაც 0.45 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.6 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.4 პროცენტი); ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.3 პროცენტიანი მატება, რაც 0.13 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ფეხსაცმლის (7.0 პროცენტი), ისე ტანსაცმლის (1.9 პროცენტი) ჯგუფებზე; ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაზრდილია 1.3 პროცენტით, რაც 0.09 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა თამბაქოს ნაწარმზე (1.4 პროცენტი) და ალკოჰოლურ სასმელებზე (1.1 პროცენტი)“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.