Home Blog Page 21

რა ეღირება დოლარი და ევრო 30 სექტემბერს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7088 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7088 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7077 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0011 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1739 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1593 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0146 ლარი შეადგინა.

თიბისის მხარდაჭერით, კახეთში შატო „ვაინ ერა“ გაიხსნა 

თიბისის მხარდაჭერით, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანში, შატო “ვაინ ერა” გაიხსნა. მულტიფუნქციური კომპლექსი 14-ნომრიან სასტუმროს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ ღვინის საწარმოსა და ქართული და ევროპული ჯიშის ვენახებს აერთიანებს.

პროექტის ჯამური ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს, საიდანაც 5 მილიონამდე ლარი თიბისის დაფინანსებაა. ბანკის მხარდაჭერით, “ვაინ ერა” ასევე ჩართულია სახელმწიფო სააგენტოს “აწარმოე საქართველოში” და “სოფლის განვითრების სააგენტოს” სესხის თანადაფინანსების პროგრამებში.

რესტორნები, საკონფერენციო და მოსასვენებელი სივრცეები სტუმრებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს.

16 ჰექტარზე გაშენებულ ვენახში კომპანიას მოჰყავს საფერავი, მერლო, სირა, კაბერნე სოვინიონი და სოვინიონ ბლანი. ვენახები სრულად წვეთოვანი სისტემით ირწყვება ტერიტორიაზე მოწყობილი ხელოვნური ტბის მეშვეობით. ტექნოლოგია ვაზს იცავს ზედმეტი დატენიანებისა და გამოშრობისგან, რაც პროდუქტის ხარისხზეც აისახება.

„ვაინ ერას“ ღვინის საწარმო 400 ტონაზე მეტი ყურძნის მიღებასა და გადამუშავებას შეძლებს. ქარხანა აღჭურვილიათანამედროვე ტექნოლოგიით წარმოებული იტალიური მანქანა-დანადგარებითა და ყურძნის გადამამუშავებელი ხაზით. სამომავლოდ კომპანია დამატებით 17 ჰა-ზე ვენახების გაშენებასა და წარმოების გაზრდას გეგმავს.

“ვაინ ერა” GD ჯგუფში შემავალი კომპანიაა, რომელთანაც თიბისის 10-წლიანი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებს. ჯგუფთან ერთად ბანკს არაერთი მნიშვნელოვანი და მსხვილი პროექტი აქვს დაფინანსებული.

თიბისისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისა და საქართველოს რეგიონების განვითარებას, ასევე, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას. “ვაინ ერას” კომპლექსის დაფინანსებით, ბანკი სტუმარმასპინძლობის სექტორთან ერთად, სოფლის მეურნეობისა და მეღვინეობის განვითარებას უწყობს ხელს. აგრორსექტორში თიბისის პორტფელი 1,2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით 38%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება მეღვინეობას, 2022-2025 წლებში თიბისის ამ სექტორში 260 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

R

კალოუბნის ქუჩაზე იყო სამსართულიანი, გაუბედურებული შენობა-ნაგებობა, დღეიდან კი ოჯახები ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ – კახა კალაძე

თბილისის განვითარების ფონდმა, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩის N18-ში საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დაასრულა. აღნიშნულ მისამართზე არსებული 3-სართულიანი ავარიული შენობა 10-სართულიანი, მრავალბინიანი კორპუსით ჩანაცვლდა.

კალოუბნის ქუჩაზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე ვიცე-მერ გიორგი ტყემალაძესთან ერთად იმყოფებოდა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

„ვარკეთილის დასახლებაში, კალოუბნის ქ. N18-ში ძალიან კარგი პროექტის განხორციელება დავასრულეთ, რომლითაც 29 ოჯახი დაკმაყოფილდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე იყო სამსართულიანი გაუბედურებული, ცუდ მდგომარეობაში არსებული შენობა-ნაგებობა, რომლის დემონტაჟი ორი წლის წინ განვახორციელეთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი აქ მცხოვრებ ოჯახებს თანამშრომლობისთვის. შედეგიც სახეზეა – ისინი დღეიდან ახალ, თანამედროვე საცხოვრებელ კორპუსში იცხოვრებენ. მათ გადაეცემათ გარემონტებული, ყველანაირად მოწესრიგებული ფართები. 29 ოჯახიდან დღეს 12 ოჯახს გადავცემთ ფართებს. შესაბამისი სამუშაოები დეკემბრამდე დასრულდება და გარემონტებული ფართები დანარჩენებსაც გადაეცემათ.  

კიდევ ერთხელ მივმართავ თბილისელებს, მათ, რომლებიც ანალოგიური პრობლემის წინაშე დგანან, გამოიყენეთ ეს პროგრამა. ჩვენთან, გამგეობასთან თანამშრომლობით, გექნებათ შესაძლებლობა, ავარიული შენობა-ნაგებობა ახალი საცხოვრებელი კორპუსებით ჩანაცვლდეს. მადლობა თბილისის განვითარების ფონდს და მის ხელმძღვანელს. მადლობა სამშენებლო კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“ თანამშრომლობისთვის. მათი უშუალო ჩართულობოთ შედგა ეს წარმატებული პროექტი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ვარკეთილის დასახლებაში მდებარე ავარიული კორპუსის დემონტაჟი 2023 წელს განხორციელდა და მის ნაცვლად ახალი, მრავალბინიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოების საერთო ღირებულებამ 7 764 844 ლარი შეადგინა.

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის მიზანია ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული საცხოვრებელი პირობების შექმნა, ქალაქის განაშენიანების გაუმჯობესება და სივრცითი განვითარების ხელშეწყობა.

კალოუბნის ქუჩაზე კახა კალაძესთან ერთად მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი თამაზ ალიბეგაშვილი და სამგორის გამგებელი კახა სამხარაძე და პარლამენტის დელეგატი ვარლამ ლიპარტელიანი იმყოფებოდნენ.

ვინმე პერსონალურად თვითონ თუ რაღაცას გადარიცხავს, რადგან ძალიან ბევრი სტუდენტი გვყავს, ამაზე ჩვენ პასუხს ვერც ვაგებთ და ვერც ვაკონტროლებთ – გიული ალასანია მისი უნივერსიტეტის გავლით თანხის გადარიცხვაზე

„იმედის კვირაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით „ქრონიკა“ მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ესაუბრა. ჟურნალისტის კითხვაზე, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია High School of Georgia- ს შესახებ, გიული ალასანიამ აღნიშნა, რომ კლუბის ორგანიზატორებისგან მიიღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას.

აქციების მხარდასაჭერად მისი უნივერსიტეტის გავლით თანხის გადარიცხვაზე კი თქვა, რომ თუ ვინმე პერსონალურად რიცხავს თანხას, ამაზე პასუხს ვერ აგებენ.

„ვინმე პერსონალურად თვითონ თუ რაღაცას გადარიცხავს, რადგან ძალიან ბევრი სტუდენტი გვყავს, ამაზე ჩვენ პასუხს ვერც ვაგებთ და ვერც ვაკონტროლებთ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.

„ფრანკლინის კლუბისთვის“ უნივერსიტეტის სივრცის დათმობაზე კი განმარტა, რომ უნივერსიტეტში ძალიან ბევრი სხვა კლუბია, რომელიც ემსახურება ღირსეული მოქალაქეების აღზრდას.

„მე არ ვიცი კონკრეტულად, თითოეული ადამიანი მერე რა საქმიანობას ეწევა“, – განაცხადა ალასანიამ.

„იმედის კვირამ“ მოიპოვა ინფორმაცია, თუ როგორ რთავენ ტრენინგებში ახალგაზრდებს, მათ შორის სკოლის მოსწავლეებს. ხელოვნური პროტესტის ორგანიზების სქემის მიხედვით, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ლექტორ-მასწავლებლები ღიად ასწავლიან ახალგაზრდებს, რომ ტერორისტი თავისუფლებისთვის მებრძოლია. მიხეილ სააკაშვილის დედის უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილია ფრანკლინის კლუბის ანალოგი – იმავე მიზნებითა და იმავე ლექტორებით. დაფინანსების წყარო კი სხვადასხვაა. მათ შორის არის „ჰორაიზონ ეუროფი“ USADI-ის ევროპული ანალოგი. „ევრო დე კონსპირატორი“ და ბანგკოკში მოქმედი ამერიკის საელჩო.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დიდი ოდენობით თაღლითობის, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების საქმეზე ორი პირი დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს „გურია ენერჯის“ დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე, საზედამხედველო კომპანიის კიდევ ერთ თანამშრომელს ტ.მ-ს წარედგინება ბრალდება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება დიდი ოდენობით თაღლითობას, დიდი ოდენობით თაღლითობაში დახმარებას და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას.

„კერძოდ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტს.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2022 წლის სექტემბრიდან 2023 წლის იანვრის ჩათვლით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი 3.52 კმ სიგრძის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების პროცესში, შპს ,,გურია ენერჯის“ 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი მ.ჟ. ტენდერის შესრულების კონტროლსა და ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი პირის პ.რ-ს დახმარებით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ 403 095 ლარს, რითაც სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი. ექსპერტიზის დასკვნით, შპს „გურია ენერჯის“ მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად მიღებული/ჩაბარებული საავტომობილო გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 25, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

ბრიფინგის დაწყებამდე მედიასაშუალებებს მივაწოდეთ ფოტომასალა, სადაც ასახულია რა შედეგები მოჰყვება მსგავსი დანაშაულების ჩადენას, რაც არ შეიძლება სახელმწიფოს მხრიდან ვინმეს ეპატიოს.

შესაბამისად, ხსენებულ და სხვა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გრძელდება ინტენსიური გამოძიება დანაშაულებში თანამონაწილე სხვა პირთა გამოვლენისა და კორუფციული ფაქტების პრევენციის მიზნით.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციასთან ბრძოლას და ამ მიმართულებით დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლინებას მომავალ პერიოდში ექნება შეუქცევადი ხასიათი, რასთან დაკავშირებითაც პერმანენტულად მოვახდენთ საზოგადოების ინფორმირებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება -კახა კალაძე

ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და გაძლევთ სიმშვიდის გარანტიას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა მოლოდინი აქვს 4 ოქტომბრისთვის იმის ფონზე, რომ გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაატა ბურჭულაძე და მურთაზ ზოდელავა ბაჩო ახალაიას შეხვდნენ, კახა კალაძის თქმით, ქვეყანაში არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება.

„4 ოქტომბერს არჩევნებში გაიმარჯვებს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“, როგორც დედაქალაქში, ასევე ყველა მუნიციპალიტეტში ვიზეიმებთ გამარჯვებას. არანაირი რევოლუცია და სახელმწიფო გადატრიალება არ და ვერ მოხდება. თუკი ვინმე გაბედავს, კანონის წინააღმდეგ წასვლას, ამას კანონის ფარგლებშივე ძალიან მკაცრი რეაგირება მოჰყვება. ვისაც ვის უნდა, იმას შეხვდეს. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა საინტერესო ინფორმაცია, თუმცა, ჩვენი შესაბამისი უწყებები მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ვაძლევ გარანტიას, რომ ქვეყანაში იქნება სიმშვიდე. რაც შეეხება პაატა ბურჭულაძეს, მასზე სერიოზული საუბარი შეუძლებელია. დააკვირდით, რა ტიპის განცხადებებს აკეთებს. საერთოდ არალოგიკურია მისი მხრიდან გაჟღერებული მესიჯები. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ მედიაში შემთხვევით ვნახე მისი ინტერვიუ ინგა გრიგოლიასთან. უყუროს ნორმალურმა ადამიანმა ამას და ყველაფერი ცხადი გახდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ისარგებლე 20%-იანი ქეშბექით უნივერსიტეტის კაფეტერიაში- თიბისი ახალი თაობისთვის

თიბისი, როგორც მომხმარებლებზე ორიენტირებული კომპანია, მუდმივად ზრუნავს მათ საჭიროებებზე და მრავალფეროვან შეთავაზებებს სთავაზობს. განსაკუთრებით კი, ახალ თაობას, რომელთა მხარდაჭერაც მათთვის პრიორიტეტულია.

კომპანიის მიმდინარე, განსაკუთრებული შეთავაზებაც, სწორედ ახალი თაობისთვისაა. დეკემბრის ბოლომდე, 18-23 წლის სტუდენტები, შერჩეული უნივერსიტეტების კაფეტერიებში ახალი თიბისი ბარათით გადახდისას, 20%-იანი ქეშბექ შეთავაზებით ისარგებლებენ.

შეთავაზება მოქმედებს შემდეგ შერჩეულ უნივერსიტეტებში:

  • საქართველოს უნივერსიტეტი
  • ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი | KIU
  • ევროპის უნივერსიტეტი
  • კავკასიის უნივერსიტეტი | CU
  • კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
  • საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი | GIPA
  • თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კაფეტერიის შერჩეულ ობიექტებში- Meama, ნუში, მსუნაგი ფისო.
  • შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი | IBSU
  • ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტი
  • თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი | TSMU

შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია ყოველდღე, თუმცა აუცილებელია თიბისის პოს-ტერმინალზე გადახდა. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ერთი მომხმარებელი თვის მანძილზე, ჯამში მაქსიმუმ 20 ლარს დაიბრუნებს.

აიღეთ, ახალი თიბისი ბარათი და ისარგებლეთ თქვენზე მორგებული შეთავაზებებით.

სტუდენტების შეთავაზების დეტალური პირობები იხილეთ ბმულზე.

“რატომ იგებს ომს უკრაინა” – Financial Times

„რუსეთმა ვერ შეძლო თავისი მთავარი მიზნის მიღწევა – უკრანელი ერი ვერ გაანადგურა“, – ნათქვამია ბრიტანულ გაზეთ „ფაინენშელ თაიმსის“ (Financial Times) 27 სექტემბერის ნომერში გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით: „რატომ იგებს ომს უკრაინა“ (ავტორი – იუვალ ნოე ჰარისი – სამხედრო ისტორიკოსი ისრაელიდან, იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი). „უკვე შეიძლება ითქვას, რომ რუსული პროპაგანდის მიუხედავად, უკრაინა მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევს. თვით დონალდ ტრამპიც კი, რომელიც თებერვალში ვოლოდიმირ ზელენსკის ნოტაციებს უკითხავდა, ახლა აცხადებს, რომ უკრაინა, ევროკავშირის დახმარებით, გამარჯვების გზაზე დგას, იბრძვის და გაიმარჯვებს“, – წერს ავტორი.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

2014 წელს უკრაინა სრულიად დაუცველი აღმოჩნდა, რის გამოც რუსეთმა მოახერხა ყირიმისა და დონბასის ნაწილის მიტაცება. 2022 წელს კი, რუსეთის არმიის შეჭრის შედეგად, უკრაინის სუვერენულ სახელმწიფოს განადგურების საფრთხე დაემუქრა.

რუსეთის ხელისუფლება და საერთაშორისო დამკვირვებლები თვლიდნენ, რომ უკრაინის ჯარი მალე დამარცხდებოდა და რუსეთის არმია კიევს რამდენიმე დღის განმავლობაში დაიკავებდა. დასავლელ პოლიტიკოსებს და ლიდერებს იმდენად ეჭვი ეპარებოდათ უკრაინის წინააღმდეგობის გაწევაში, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის კიევიდან ევაკუირებას და დევნილი მთავრობის შექმნას სთავაზობდნენ.

მაგრამ პრეზიდენტი კიევში დარჩა. მალე მსოფლიომ გასაოცარი ამბავი შეიტყო – უკრაინის არმიამ რუსეთის ჯარებს კიევიდან უკან დაახევინა, რამდენიმე თვის შემდეგ კი, 2022 წლის ზაფხულის დამლევს, კონტრშეტევაზე გადავიდა და ოკუპირებული ტერიტორიები ნაწილობრივ უკან დაიბრუნა. უკვე ომის მესამე წელია და ორივე დაპირისპირებული მხარის მოკრძალებული წარმატებების ფონზე, ფრონტის ხაზი თითქმის არ შეცვლილა. ყოველ შემთხვევაში, 2022 წლის გაზაფხულიდან კრემლმა ვერ შეძლო უკრაინის ვერცერთი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საოლქო ცენტრის დაკავება – ვერც კიევის, ვერც ხარკოვის, და ვერც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ხელში ჩაგდება.

2025 წლისათვის, უდიდესი სამხედრო დანაკარგების მიუხედავად (200-300 ათასი მოკლული და დაჭრილი), კრემლმა უკრაინაში შეჭრის დღიდან, ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 0,6%-ის ოკუპირება შეძლო და თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს წინსვლას, უკრაინას მთლიანად მხოლოდ 100 წლის შემდეგ თუ დაიკავებს.

სიტუაცია ჰგავს პირველი მსოფლიო ომის დასავლეთის ფრონტს, როცა ულმობელი გენერლები ათასობით ჯარისკაცს ერეკებოდნენ რამდენიმე კილომეტრში მდებარე ნანგრევების დასაკავებლად. იმდროინდელი „პატრიოტულად“ განწყობილი პრესა სინამდვილეს მალავდა და ადგილობრივი მნიშვნელობის ოპერაციებს „სტრატეგიულ“ შეტევად ნათლავდა, ხოლო უმნიშვნელო სოფლების დაკავებას დიდ სამხედრო წარმატებად თვლიდა. სხვათა შორის, იგივეს აკეთებს დღეს რუსეთიც.
უკრაინისათვის, სამხედრო თვალსაზრისით, აქვს აზრი ტაქტიკურ უკან დახევას მცირე მანძილზე, რომ თავისი ჯარისკაცების სიცოცხლე შეინარჩუნოს და ძალები დაზოგოს, სამაგიეროდ, რუსეთი უამრავი სამხედრო მოსამსახურის სისხლს ღვრის და მოკრძალებულ წარმატებებს აზვიადებს. არადა, სინამდვილეში რუსეთი ჩიხშია შეყვანილი.

ამას წინათ ავსტრალიელმა სამხედრო ექსპერტმა, გადამდგარმა გენერალ მაიორმა მიკ რაიანმა ასეთი შედარება გააკეთა: აშშ-ის არმიას რომ ერაყში შეჭრის შემდეგ, 2003 წელს, 2006 წლისათვის მხოლოდ ქვეყნის 20% გაეკონტროლებინა და ამ დროს მილიონამდე ჯარისკაცი დაღუპულ-დასახიჩრებულიყო, ვინმე ამას გამარჯვებას უწოდებდა?

თუ ომის ისტორიას გადავხედავთ, უკრაინის წარმატებები შთამბეჭდავია:

ა)  რუსეთის შავი ზღვის სამხედრო ფლოტი, რომელსაც 2022 წლამდე უკრაინის ფლოტზე დიდი უპირატესობა ჰქონდა, დიდი დანაკარგების გამო ამჟამად პარალიზებულია. ჯერ მარტო კუნძულ ზმეინის ოპერაცია მოწმობს უკრაინელთა გამბედაობას, რომ არაფერი ვთქვათ რუსების ფლოტის საფლაგმანო ხომალდის – რაკეტული კრეისერის „მოსკოვის“ განადგურებაზე, რომელიც შავი ზღვის ფსკერზე განისვენებს. უკრაინულმა საზღვაო დრონებმა რუსეთის ფლოტი აიძულეს თავისი მთავარი ბაზა ყირიმში – სევასტოპოლი – დაეტოვებინა და სადღაც მოშორებით ეპოვა თავშესაფარი;

ბ) რუსეთმა უპირატესობა ჰაერშიც დაკარგა: რუსული ავიაცია ვერ ბედავს უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ფრენას, შესაბამისად, რაკეტებს და „პლანირებად ბომბებს“ ფრონტის ხაზიდან მოშორებით უშვებს. შევადაროთ: ისრაელის ავიაციამ როცა ირანი დაბომბა, ქვეყნის საჰაერო სივრცეს 36 საათი აკონტროლებდა და ამ დროს არცერთი თვითმფრინავი არ დაუკარგავს, უკრაინამ კი, ივნისში განხორციელებული ოპერაციით, რუსეთს ერთბაშად ათზე მეტი სტრატეგიული ბომბდამშენი გაუნადგურა. რასაკვირველია, გამძვინვარებული კრემლი სულ უფრო მეტად აქტიურობს დრონებითა და რაკეტებით უკრაინის დაბომბვაში, არ ერიდება მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელი სახლების დანგრევა-აფეთქებას, უკრაინის ხელისუფლება კი მსგავსი მოქმედებისაგან თავს იკავებს და შეტევებს მხოლოდ სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე ახორციელებს (მაგ.: აეროდრომებზე, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე…).

გ) საყურადღებოა, რომ უკრაინელებმა ამ ყველაფერს უცხოეთის პირდაპირი სამხედრო ჩარევის (ცოცხალი ძალის მონაწილეობის) გარეშე მიაღწიეს, რუსების მხარეს კი ომში უშუალოდ და პირდაპირ მონაწილეობს ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებული ძალები. მართალია, ნატოს ქვეყნები უკრაინას შეიარაღებაში დახმარებას უწევენ (ხშირად გარკვეული შეზღუდვებით), მაგრამ ფაქტია, რომ ნატოს წევრი ქვეყნების არცერთი ჯარისკაცი კიევის მხარეს საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს.

ამრიგად, დასავლეთს რომ დროულად მიეწოდებინა უკრაინელებისათვის 2022 წლის განმავლობაში იარაღი, როცა მათ გამარჯვება მოიპოვეს კიევთან, ხერსონთან და ხარკოვთან ბრძოლებში, უკრაინას რუსეთი 2023 წლისათვის უკვე დამარცხებული ეყოლებოდა, ანუ მანამდე, სანამ კრემლი თავის მრეწველობას სამხედრო რელსებზე გადაიყვანდა..

დღეს კრემლი გამალებით ეწევა პროპაგანდას, რომ „რუსეთის გამარჯვება, ანუ უკრაინის დამარცხება, გარდაუვალია და რომ მალე დადგება დრო – ამერიკელები და უკრაინელები სულით დაეცემიან, შეწყვეტენ უკრაინისადმი დახმარებას და კიევს იძულებულს გახდიან კაპიტულაციაზე ხელი მოაწეროს“. თუ ასე მოხდება, ეს იქნება კატასტროფა არა მარტო უკრაინისათვის, არამედ ნატოს წევრებისთვისაც, რომლებიც ავტორიტეტსაც დაკარგავენ და რუსეთის მხრიდან მუდმივად მუქარა-საფრთხის ქვეშ იქნებიან.

ევროპისათვის უკრაინის სამხედრო ძლევამოსილებას და მის გამარჯვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს: დღეს უკრაინის არმია ევროპის მასშტაბით ყველაზე მრავალრიცხოვან და ბრძოლისუნარიან, ბრძოლაში გამოწრთობილ არმიას წარმოადგენს (თითქმის მილიონი სამხედრო მოსამსახურით), ნატოს ევროპელი წევრი-ქვეყნების – პოლონეთის, გერმანიის, საფრანგეთის – 200 ათასი ჯარისკაციდან კი უმრავლესობას „ომის სუნი“ ჯერ არ უყნოსია, რეალურად არ უბრძოლია.
ორი კვირის წინ რუსულმა თვითმფრინავებმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვიეს, უფრო ადრე კი რუსული დრონები პოლონეთისა და რუმინეთის ტერიტორიაზე შეფრინდნენ, სულ ახლახან კი – არსებობს ამის დიდი ეჭვი – დრონები დანიის ტერიტორიაზეც შეიჭრნენ. დროა ევროპელები დაფიქრდნენ: თუ მათ ხვალ რუსული თვითმფრინავები დაბომბვას დაუწყებენ და აშშ გვერდიდან ყურებას ამჯობინებს, ამ დროს ევროპისათვის ყველაზე დიდი დამხმარე და მოკავშირე-მაშველი სწორედ უკრაინის არმია იქნება. ამერიკელ სამხედროებსაც მოუწევთ კიევისაგან რაღაც-რაღაცები ისწავლონ: ომმა უკრაინა იარაღის მწარმოებელ მოწინავე ქვეყნად გადააქცია, განსაკუთრებით უპილოტო საფრენი აპარატების წარმოების თვალსაზრისით. როგორც ჩანს, სწორედ ეს არის იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ დონალდ ტრამპი ბოლო დროს უკრაინისაკენ ლმობიერად იყურება – მას ძალიან „მოსწონს“ გამარჯვებულისადმი მხარდაჭერა.

რასაკვირველია, ამ ეტაპზე შეუძლებელია იმის განჭვრეტა, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი და საით გადაიხრება საბოლოოდ ომის სასწორი – იმიტომ, რომ მოვლენების მსვლელობა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზეც არის დამოკიდებული, თუმცა ერთი რამ ახლავე შეიძლება ითქვას: უკრაინამ ნამდვილად მოიპოვა გადამწყვეტი და შეუქცევადი გამარჯვება და აი, რატომ: საომარი მოქმედებები ხომ პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა საშუალებებით? ანუ იგებს არა ის, ვინც მეტ ტერიტორიას ჩაიგდებს ხელში, არამედ ის, ვინც თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწევს. უკრაინაში კი სრულიად ნათელია, რომ ვლადიმერ პუტინმა თავის მთავარ სამხედრო მიზანს ვერ მიაღწია – ვერ მოსპო უკრაინელი ხალხი, უკრაინელი ერი.
რუსეთის პრეზიდენტი თავის მრავალრიცხოვან გამოსვლებში და სტატიებში ამტკიცებდა, რომ უკრაინა ნამდვილი სახელმწიფო არ არის და არც არასოდეს არ ყოფილა. 2021 წელს თავის ძირითად პუბლიკაციაში სათაურით „რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ“ ვლადიმერ პუტინი წერდა, რომ უკრაინა ხელოვნური წარმონაქმნია და რომ დასავლეთი კიევს მხარს მოსკოვის დასუსტების მიზნით უჭერს. კრემლის ბინადარი ამტკიცებდა, რომ უკრაინელები პირველი შესაძლებლობისთანავე სიხარულით გაერთიანდებიან „დედა-რუსეთთან“.
ვერავინ იკისრებს იმის წინასწარმეტყველებას, თუ კიდევ რამდენი ადამიანი დაიღუპება ომში ვლადიმერ პუტინის ილუზიებისა და ამბიციების გამო, მაგრამ მთელი მსოფლიოსათვის კრისტალურად ნათელი გახდა, რომ უკრაინელი ერი დიახაც არსებობს და რომ მილიონობით უკრაინელი მზადაა იბრძოლოს არა მხოლოდ სიცოცხლისათვის, არამედ სიკვდილისთვისაც, თავისი ქვეყნის რუსეთისაგან დამოუკიდებლობის დასაცავად.

ერები შედგებიან არამარტო ტერიტორიისაგან და მოსახლეობისაგან, არამედ ადამიანთა ხსოვნისაგანაც. როგორც არ უნდა განვითარდეს კონფლიქტი უახლოეს თვეებში, უკრაინელთა ცნობიერებაში მუდმივად იქნება ახლობლების დაღუპვის ფაქტები, რუსების შეტევები, რუსი ჯარისკაცების მიერ ჩადენილი მხეცობები… შესაბამისად, უკრაინელთა პატრიოტიზმს მუდმივად ექნება მკვებავი წყარო მომავალი თაობებიდან.

წყარო:

29 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

უალოეს დღეებში ახლობელ ადამიანებთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლეები გელით. ფინანსური საკითხების გადასაწყვეტად არახელსაყრელი დროა. თუ ასეთი საკითხები არსებობს, ეცადეთ, მცირე ნაბიჯებით დაიწყოთ და ეტაპობრივად მოაგვაროთ. სამსახურში ყურადღება ხშირად გეფანტებათ, რაც უარყოფითად მოქმედებს როგორც სამუშაო პროცესზე, ისე კოლეგებთან ურთიერთობაზეც.

კურო

დილიდან ენერგიის ძლიერ მოზღვავებას იგრძნობთ, რაც საღამომდე გაგყვებათ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას ფრთხილად იყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფინანსური დანაკარგები გელით. სჯობს, ამ დღეს ხალხმრავალ ადგილებს და ხმაურიან წვეულებებს მოერიდოთ. უკეთესი იქნება, თუ საღამოს სახლთან ახლოს, ბუნებაში გაისეირნებთ და მზის ჩასვლით დატკბებით. სუფთა ჰაერი ჯანმრთელობაზე სასარგებლოდ მოქმედებს და ტვინის მუშაობას აუმჯობესებს. გირჩევთ, ურთიერთობაში სიფრთხილე გამოიჩინეთ – დიდია ალბათობა, რომ არაკეთილსინდისიერ ადამიანებს გადაეყაროთ.

ტყუპები

ემოციურად მძიმე დღეა. ამის გამო ჩვეული მოვალეობების შესრულება ძალიან გიჭირთ. შესაძლოა, უბრალოდ გადაიღალეთ და დასვენება გჭირდებათ. დაღლილობა და უძილობა საქმეში ცუდი დამხმარეა, ამიტომ ეცადეთ, კარგად გამოიძინოთ და ძალები აღიდგინოთ. ამ დღეს ცდუნებას უნდა შეებრძოლოთ, რადგან მან შეიძლება მოულოდნელი პრობლემები შეგიქმნათ. ოჯახში წარმოშობილი უთანხმოებები მშვიდად მოაგვარეთ – ყვირილი და დაპირისპირება უფრო მეტ პრობლემას შეგიქმნით, ვიდრე დაგეხმარებათ. შესაძლებელია, მალე თქვენს ოჯახში შინაური ცხოველი გაჩნდეს და ის თქვენი საუკეთესო მეგობარი გახდება.

კირჩხიბი

თქვენი ბედი თქვენს ხელშია! არაკეთილსინდისიერი ადამიანები ცდილობენ არასწორი გადაწყვეტილებისკენ გიბიძგონ და ამას უნდა შეეწინააღმდეგოთ. ფრთხილად იყავით – არსებობს ტრავმის მიღების რისკი. მოიკრიბეთ ძალა, ყოველდღიურ ცხოვრებას დაუბრუნდით და ყველაფერი აუცილებლად დალაგდება. საქმის ხვალისთვის გადადების ჩვევამ შეიძლება სამსახურში პრობლემები შეგიქმნათ და ფინანსურად დაგაზარალოთ. სამუშაოს შინაარსი თქვენთვის საინტერესო აღარ არის, ამიტომ სამუშაო დრო ყავის სმაში და ინტერნეტში გაგყავთ. დროა, ღრუბლებიდან დაეშვათ და რეალობას დაუბრუნდეთ, რათა ის მაინც შეინარჩუნოთ, რაც გაქვთ.

ლომი

ამ დღეს მიზნად დაისახავთ საქმის იდეალურად შესრულებას და განახორციელებთ კიდეც. ამ დღეს სესხის აღებას და თაღლითებთან ურთიერთობას მოერიდეთ. ლომებო, ნუ მიიზიდავთ საკუთარ ცხოვრებაში ზედმეტ პრობლემებს. უცხოებს რჩევით არ დაეხმაროთ და სხვის საქმეებში არ ჩაერიოთ. ასევე ეცადეთ, ფული დაზოგოთ და დიდი შენაძენებისგან თავი შეიკავოთ, თუნდაც ფასდაკლება იგეგმებოდეს.

ქალწული

ემოციური დატვირთვის შემდეგ სამსახურში აუცილებლად დასვენების დღე გჭირდებათ. ბოლო დროს ბევრი ნეგატივის გადატანა მოგიწიათ, რაც შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე ცუდად აისახოს. დასვენება და სრულფასოვანი ძილი დაგეხმარებათ, რომ ძალები აღიდგინოთ. დღეს იღბალი თქვენს მხარესაა, თუმცა მაინც ჯობს, რომ აზარტი შეიკავოთ და სარისკო მოქმედებებს ერიდოთ. ემოციების კონტროლი დაგეხმარებათ, რომ მკვეთრი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

სასწორი

სასწორებს შეუძლიათ ძლიერი ფიზიკური ჯანმრთელობით იამაყონ, მაგრამ შინაგანი მდგომარეობა არასახარბიელოა. დამშვიდებაში სხვადასხვა მედიტაცია და იოგა დაგეხმარებათ. დისტანციურად თქვენი ჩივილების მიზეზის დადგენა შეუძლებელია. ნუ უგულებელყოფთ სიმპტომებს, რომლებიც გაწუხებთ. რატომღაც ამ დღეს თქვენს რჩევებს მნიშვნელობას არ ანიჭებენ, ამიტომ არ ღირს სხვისი არჩევანის კრიტიკა მხოლოდ თქვენი მოსაზრების საფუძველზე. გადადეთ დიდი ხარჯები, დღეს ამისთვის შეუფერებელი დღეა.

მორიელი

მორიელებისთვის ხელსაყრელი დღეა. სავარაუდოდ, ახლობლებისგან სასიამოვნო სიახლეებს მიიღებთ. დღეს ადამიანები თავიანთი სიკეთითა და გულწრფელობით გაგახარებენ. სამსახურშიც ყველა საქმეს დროულად და წარმატებით გაუმკლავდებით, თუმცა ეს დღე რისკისა და ექსპერიმენტებისთვის არ გამოდგება. ეცადეთ თქვენი შესაძლებლობები პროფესიულ სფეროში სწორად გაანაწილოთ. კონკურენტების ინტრიგებს ფრთხილად და ეჭვით მოეკიდეთ. ნუ აჰყვებით თითქმის უცნობი ადამიანების ავანტიურებს – აქედან კარგი არაფერი გამოვა.

მშვილდოსანი

შესაფერისი დღეა გარემოს შესაცვლელად – კარგი დასვენება უამრავ დადებით ემოციას მოგიტანთ. თუ ამის საშუალება არის, ოჯახის წევრებთან ერთად მოგზაურობა საუკეთესო ვარიანტი იქნება. დღეს თქვენ ენერგიას ასხივებთ და სხვებსაც უნაწილებთ. საქმიანი მოლაპარაკებები და ხელშეკრულებებზე ხელის მოწერა სჯობს სხვა დღისთვის გადადოთ. ამ დღეს საყვარელი ადამიანის მიმართ ნუ დაიშურებთ ემოციებს, აჩვენეთ, რომ მისი მოსმენა და გაგება შეგიძლიათ. საღამოს, სუფთა ჰაერზე სეირნობა დადებითად აისახება თქვენს მდგომარეობაზე.

თხის რქა

გადაღლილობა და ძალების ნაკლებობა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ცუდად აისახება. ეს გაღიზიანებთ და მოსვენებას არ გაძლევთ. დაგროვილი სტრესი არც თქვენთვის და არც გარშემომყოფებისთვის შეუმჩნევლად არ ჩაივლის და განწყობას სულ უფრო მეტად გიფუჭებთ. თავი ხელში უნდა აიყვანოთ. კონფლიქტების აგრესიით გადაწყვეტა ცუდი იდეაა. დაისვენეთ და საყვარელი საქმეებით დაკავდით, საყოფაცხოვრებო პრობლემები და სამსახური ცოტა ხნით დაიცდის.

მერწყული

ვარსკვლავების განლაგება თქვენს განწყობასა უარყოფითად იმოქმედებს. თავს დაღლილად იგრძნობთ. ეცადეთ, ზედმეტად არ გადაიტვირთოთ და დახმარება კოლეგებს სთხოვოთ. დღეს შეგიძლიათ, დაფიქრდეთ იმაზე, რაც გასულ კვირას მოხდა. შესაძლოა, ზოგი სიტუაციის გამოსწორება ჯერ კიდევ დაგვიანებული არ იყოს. ქალ მერწყულებს სასიამოვნო და მოულოდნელი შეხვედრა ელით, რომელიც შესაძლოა უფრო სერიოზულ ურთიერთობაში გადაიზარდოს. გახსოვდეთ, რომ პრობლემებისა და კონფლიქტების გადაწყვეტა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ სიტუაციას ობიექტურად შეხედავთ.

თევზები

ამ დღეს ვარსკვლავები თევზების სურვილების მიმართ კეთილგანწყობილნი არიან. თუ დიდი ხანია შეხვედრაზე ან ფასეული ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, შეიძლება ოცნება აისრულოთ. ერთადერთი, რაზედაც უარი უნდა თქვათ, ეს ხალხმრავალ ადგილებში ყოფნაა – დღეს ქურდობის დიდი რისკი არსებობს. უარს ნუ იტყვით დახმარებაზე და ნუ აწყენინებთ მას, ვისაც თქვენი დახმარება სურს. ფრთხილად იყავით ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ ადამიანებთან – შესაძლოა არასასიამოვნო კონფლიქტში აღმოჩნდეთ, რომელიც ნამდვილად არ გჭირდებათ.

გიორგი ახობაძე: 4 ოქტომბერს უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც უკრაინელებმა ჩაუტარეს რუსებს „აბლაბუდას“ სახით

„რეალურად ახლა ჩვენც იგივე დაბომბვის ქვეშ ვიმყოფებით, როგორი დაბომბვის ქვეშაც იმყოფება უკრაინა. მინდა ყველას გავახსენო, რომ ცოტა ხნის წინ უკრაინამ რუსებს სერიოზული სიურპრიზი შესთავაზა „აბლაბუდას“ სახით და მგონია, რომ ჩვენც რაღაც მსგავსი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ. განსხვავებული, რომელსაც არ ელოდებიან და აქამდე არასდროს გვიქნია“- ამის შესახებ ოპოზიციის აქტივისტმა გიორგი ახობაძემ „დღის ამბებში“ განაცხადა.

„ისეთი რამე, რომ გარდატეხა შევიტანოთ. უკრაინამაც ამის შემდეგ ისეთი გარდატეხა შეიტანა, მოტივაციის თვალსაზრისით იმხელა ნახტომი იყო უკრაინელი მებრძოლებისთვის ის ოპერაცია, რაც ჩატარდა და დღემდე ვუყურებთ წერტილოვან დარტყმებს იმ არტერიებზე, რომლებიც ასაზრდოვებს რუსულ სამხედრო მანქანას, იქნება ეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სამხედრო ინფრასტრუქტურა, თუ ასე შემდეგ. ჩვენც რაღაც „აბლაბუდას“ მსგავსი უნდა გამოგვივიდეს. 4-ში ყველა ერთად უნდა შევიკრიბოთ, თუ არ შევიკრიბეთ, ვერაფერს დავიწყებთ. 4 რიცხვი ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ უნდა შევიკრიბოთ და ისეთი სიურპრიზი უნდა შევთავაზოთ რუსული გავლენების გამტარებელ ე.წ. ხელისუფლებას, როგორიც ჩაუტარეს უკრაინელებმა რუსებს „აბლაბუდას“ სახით. ისეთი რაღაც უნდა ვქნათ, რაც აქამდე არ გვიქნია და ეგ რაღაც ჩემი გადმოსახედიდან არის პერმანენტული პროცესი, რომელიც იქნება ქუჩაში და დილით, მოქალაქეები რომ გაიღვიძებენ და სამსახურში წასვლას რომ დააპირებენ დახვდებათ ქუჩაში“- განაცხადა გიორგი ახობაძემ.

ილონ მასკი Telegram-ის გენერალურ დირექტორს, პაველ დუროვს მას შემდეგ გამოეხმაურა, რაც დუროვმა მოლდოვის არჩევნებში საფრანგეთის დაზვერვის ჩარევის შესახებ მოხსენება გამოაქვეყნა

SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი X-ზე Telegram-ის გენერალური დირექტორის, პაველ დუროვის სტატიას აზიარებს, სადაც დუროვი მოლდოვის არჩევნებში საფრანგეთის დაზვერვის ჩარევის შესახებ საუბრობს და წერს: „WOW“.

„დაახლოებით ერთი წლის წინ, როდესაც პარიზში ვიყავი ჩარჩენილი, საფრანგეთის სადაზვერვო სამსახურები შუამავლის მეშვეობით დამიკავშირდნენ და მთხოვეს, მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებამდე მოლდოვის მთავრობისთვის Telegram-ის გარკვეული არხების ცენზურაში დავხმარებოდი.

საფრანგეთის (და მოლდოვის) ხელისუფლების მიერ მონიშნული არხების განხილვის შემდეგ, გამოვავლინეთ რამდენიმე, რომლებიც აშკარად არღვევდნენ ჩვენს წესებს და წავშალეთ ისინი. შემდეგ შუამავალმა მაცნობა, რომ ამ თანამშრომლობის სანაცვლოდ, საფრანგეთის დაზვერვა „კარგ რამეს“ ეტყოდა ჩემს შესახებ იმ მოსამართლეს, რომელმაც გასული წლის აგვისტოში ჩემი დაპატიმრების ბრძანება გასცა. ეს რამდენიმე დონეზე მიუღებელი იყო. თუ სააგენტომ მართლაც მიმართა მოსამართლეს – ეს სასამართლო პროცესში ჩარევის მცდელობა იქნებოდა. თუ ეს ასე არ მოხდა და უბრალოდ განაცხადა, რომ ეს გააკეთა, მაშინ ეს ნიშნავდა ჩემი სამართლებრივი მდგომარეობის გამოყენებას საფრანგეთში, რათა გავლენა მოეხდინათ აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ პროცესებზე – ეს ტენდენცია შეინიშნებოდა რუმინეთშიც“, – წერს დუროვი.

ასევე, დუროვი აცხადებს, რომ ცოტა ხნის შემდეგ, Telegram-ის გუნდმა მიიღო ე.წ. „პრობლემური“ მოლდოვური არხების მეორე სია. გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ Telegram-ი მოწოდებულია სიტყვის თავისუფლების დაცვაზე და არ მოახდენს კონტენტის წაშლას პოლიტიკური მიზეზების გამო.

„პირველი სიისგან განსხვავებით, ამ არხებიდან თითქმის ყველა სრულად შეესაბამებოდა ჩვენს წესებს. მათი ერთადერთი საერთო ის იყო, რომ ისინი გამოხატავდნენ პოლიტიკურ პოზიციებს, რომლებიც არ მოსწონდათ საფრანგეთისა და მოლდოვის მთავრობებს. ჩვენ უარი ვთქვით ამ მოთხოვნის შესრულებაზე. Telegram-ი სიტყვის თავისუფლების ერთგულია და პოლიტიკური მიზეზების გამო არ წაშლის კონტენტს. მე გავაგრძელებ Telegram-ზე ზეწოლის ყველა მცდელობის გამოაშკარავებას, რათა ჩვენი პლატფორმა არ ცენზურირდეს. დარჩით ჩვენთან, არ გამოტოვოთ სიახლეები“, – აღნიშნავს დუროვი.

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შედგა

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნები შედგა, ხმა ადგილობრივი დროით 15:00 საათისთვის ამომრჩეველთა 33%-მა მისცა. ცესკო-ს მონაცემებით, საკუთარი არჩევანი გააკეთა მოლდოვაში მცხოვრებმა 834 ათასმა ადამიანმა და 132 ათასზე მეტმა მოლდოველმა, რომელიც საზღვარგარეთ იმყოფება. ყველა აქტიურად ხმას 36-დან 55 წლამდე ასაკის მოქალაქეები აძლევენ.

მოლდოვის დედაქალაქში ამომრჩეველთა აქტივობამ 33,8%-ი შეადგინა.

ცნობისთვის მოლდოვაში დღეს საპარლამენტო არჩევნები იმართება, რომელშიც 23 სუბიექტი მონაწილეობს, მათ შორის 15 პარტია, ოთხი საარჩევნო ბლოკი და ოთხი დამოუკიდებელი კანდიდატი.

მოლდოვის კანონმდებლობით, არჩევნები შემდგარია, თუ კენჭისყრაში მოქალაქეთა 30%-ზე მეტი მიიღებს მონაწილეობას. პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი, ბლოკებმა 7%-იანი, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 2%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.