Home Blog Page 21

აშშ-ის ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ სენატორს, ბობ მენენდესს ქრთამის აღების საქმეზე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

მენენდესი პატიმრობის მოხდას 6 ივნისიდან დაიწყებს, რაც საშუალებას მისცემს, დაესწროს მისი მეუღლის, ნადინ მენენდესის კორუფციულ საქმეზე სასამართლო პროცესს, რომელიც მარტში იწყება.

მენენდესი დემოკრატიული პარტიის წევრი იყო. 18 წელზე დიდხანს წარმოადგენდა ნიუ ჯერსის შტატს სენატში, ის ასევე გახდა პირველი სენატორი აშშ-ის ისტორიაში, რომელიც დამნაშავედ ცნეს უცხო ქვეყნის აგენტად მოქმედებაში.

მენენდესმა სენატორის თანამდებობა აგვისტოში დატოვა. მენენდესის საქმეზე ასევე დამნაშავედ ცნეს ორი ნიუჯერსელი ბიზნესმენი.

ამერიკელი სენატორი ბობ მენენდესი 16 ივლისს ცნეს დამნაშავედ. სენატორ მენენდესს თაღლითობაში, უცხოურ აგენტად მოქმედებაში, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლასა და სხვა დანაშაულებში ედებოდა ბრალი. პროკურორების განცხადებით, ამერიკელი სენატორი ქრთამის აღების რამდენიმე სქემაში მონაწილეობდა, რომლის დროსაც სენატორმა და მისმა მეუღლემ, ეგვიპტის მთავრობის დახმარების სანაცვლოდ, სამი ბიზნესმენისგან ასობით ათასი დოლარის ოდენობის ნაღდი ფული, ოქროს ზოდები და ძვირადღირებული მანქანა მიიღეს.

“ქართული ოცნების” გამო ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, “ღირსებით ევროპისკენ ნაცვლად”, “ოცნებამ” დააყენა რეალობა – “კუდამოძუებული ევროპიდან”-ბადრი ჯაფარიძე

„ქართული ოცნების“ გამო ჩვენი ქვეყანა სრულად იზოლირებულია და ცრუ დევიზის, „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა – „კუდამოძუებული ევროპიდან“, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის.

„სტრასბურგში მიღებული იქნა ისტორიული გადაწყვეტილება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ. ევროპის საბჭო აერთიანებს 46 ქვეყანას და, ამავდროულად, გაერთიანებული არიან შეერთებული შტატები, კანადა და იაპონია. ასამბლეამ სრულად მხარი დაუჭირა ქართველი ხალხის ბრძოლას სამართლიანობისთვის, ევროპული მომავლისთვის, კანონის უზენაესობის დამკვიდრებისთვის საქართველოში. საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმადაც, „ქართულ ოცნების“ დელეგაციას შეეზღუდა უფლებამოსილება და ამავდროულად განისაზღვრა ის აუცილებელი პირობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს ქვეყანაში. ეს პირობებია, უპირველესად, ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები; პოლიტპატიმრების გათავისუფლება და, ამავდროულად, ყველა ძალადობრივი ფაქტის გამოძიება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ბოლო თვეების განმავლობაში მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ. ამ რეზოლუციას აქვს უდიდესი მნიშვნელობა იმის ხაზგასასმელად, რომ მთელი ცივილიზებული სამყარო მხარს უჭერს ქართველ ხალხის ბრძოლას და ეს რეზოლუცია იქნა ერთხმად მიღებული.

ნაცვლად იმისა, რომ „ქართულ ოცნებას“ გაეთვალისწინებინა ეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება, „ოცნების“ დელეგაციამ განაცხადა, რომ მონაწილეობას აღარ მიიღებს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში. ესაა ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგარი რეალობა, როდესაც „ოცნების“ გამო სრულად იზოლირებულია ჩვენი ქვეყანა და ცრუ დევიზის, „ღირსებით ევროპისკენ“ ნაცვლად, „ოცნებამ“ დააყენა რეალობა – „კუდამოძუებული ევროპიდან“. ესაა რეალობა, რაც „ოცნებამ“ შექმნა საკუთარი ძალადობრივი პოლიტიკიდან გამომდინარე. ამავდროულად, ქართველი ხალხი მიიღებს იმ აუცილებელ მხარდაჭერას ყველა ცივილიზებული ქვეყნიდან, რომელიც უზრუნველყოფს ბრძოლის წარმატებით დასრულებას. ეს წარმატება სჭირდება საზოგადოების გამთლიანებას ჩვენს ქვეყანაში, მშვიდობის დამყარებას და ქვეყნის ნორმალურ განვითარებას. სწორედ ამ მიზნით იქნა მიღებული ის უმნიშვნელოვანესი რეზოლუცია, რომელსაც ერთხმად დაუჭირა მხარი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ცნობისთვის, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა: „„ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი უფლებამოსილება დამტკიცებულია, დღეიდან ვწყვეტთ მუშაობას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, საქართველო, როგორც სახელმწიფო, რჩება წევრად“.

“დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა” -The New York Times

აშშ-ის გაზეთი „ნიუ-იორკ თაიმსი“ (The New York Times) ბეჭდავს სტატიას სათაურით „დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგი: ბევრმა უკრაინულმა ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ საქმიანობა შეწყვიტა“ (ავტორი – ქონსთანთ მეჰიუთი), რომელიც ამერიკული ფინანსური დახმარების პროგრამების შეჩერებას ეხება. „უკრაინაში თითქმის ყველა დამოუკიდებელი მასობრივი ინფორმაციის საშუალება ამერიკული ფულით არსებობდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას:

სულ ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ განკარგულება გამოსცა აშშ-ის საგარეო დახმარებისა და განვითარების პროგრამების მთლიანად შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ საომარი მოქმედებებით გაწამებულ უკრაინაში მისი შედეგები უკვე სრულად იგრძნობა. რამდენიმე ჰუმანიტარულმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ისინი იძულებულნი არიან თავიანთი საქმიანობა შეაჩერონ, ვეტერანების და შიდა გადაადგილებული პირების მომსახურების ჩათვლით.

განკარგულების მოქმედების ვადა 90-დღიანია, ანუ იმ დრომდე, სანამ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია საგარეო დახმარების აუდიტს არ დაასრულებს.

შეერთებულმა შტატებმა, რომელიც უკრაინისათვის მთავარ ფინანსურ-მატერიალურ მხარდამჭერს წარმოადგენს, ომის დაწყებიდან კიევს 37 მილიარდზე მეტი დოლარის დახმარება გაუწია. ამ თანხაში შედის მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც ქვეყნის განვითარებას ემსახურება და ბიუჯეტში მისი პირდაპირი ჩარიცხვა ხდება. დახმარება ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით.

უკრაინის საქველმოქმედო ორგანიზაციის „იმედი უკრაინისათვის“ გენერალური დირექტორის იური ბორჩკოს თქმით, დახმარების შეწყვეტის შედეგები დაუყოვნებლივ გამოვლინდება: „როგორც ჩემი ორგანიზაცია, ასევე რამდენიმე უკრაინული საქველმოქმედო გაერთიანება ფრონტის ხაზის პირას მდებარე სოფლების მოსახლეობას შეშით ამარაგებს. ახლა, შუაგულ ზამთარში, შეშის მიწოდების შეჩერებას მოსახლეობა სწრაფად იგრძნობს. ხერსონისა და ხარკოვის ოლქების ფრონტისპირა ნაწილებში ელექტროენერგიის მიწოდება დიდი ხანია აღარ ხდება და თუ ამას უშეშობაც დაემატება, ადამიანები სითბოსა და საჭმლის მომზადების წყაროს გარეშე დარჩებიან“.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მან მთავრობას დაავალა მოამზადოს ანგარიში იმ შედეგების თაობაზე, რაც ამერიკული დახმარების შეწყვეტას მოჰყვება. მისი თქმით, მთავრობა განსაზღვრავს, თუ რომელი მიმართულებაა ყველაზე კრიზისული. შესაბამისად, ხელისუფლება გარკვეულ საკომპენსაციო თანხას გამოძებნის და ამერიკულ დახმარებას როგორმე ჩაანაცვლებს – განსაკუთრებით ომის ვეტერანებთან და ბავშვებთან დაკავშირებით, ასევე ინფრასტრუქტურის მუშაობის უზრუნველსაყოფად.

USAID-ის წარმომადგენელმა დაუდასტურა „ნიუ-იორკ თაიმსს“, რომ პროგრამების მოქმედება და გრანტების გაცემა სამი თვით არის შეჩერებული, ანუ იმ ხნის განმავლობაში, სანამ აუდიტი არ დასრულდება. გამონაკლისის სახით მუშაობას გააგრძელებენ ის პროგრამები, რომლებსაც სახელმწიფო მდივნის სპეციალური ნებართვა ექნებათ. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, დახმარების გაყინვა განპირობებულია იმით, რომ აუცილებელია უპირატესობა აშშ-ის ეროვნული ინტერესების დაცვას მიენიჭოს და რომ უწყება ძველებურად ბრმად აღარ გააგრძელებს „ფულის ისეთ ფანტვას, თუ მას ამერიკელი ხალხისთვის სარგებელი არ მოაქვს“.

კიევში მოქმედი აშშ-ის საელჩოს თანამშრომლები ცდილობენ, რომ უკრაინისათვის გარკვეული გამონაკლისი იქნეს დაშვებული, რადგან საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის მოსახლეობისათვის დახმარება უკიდურესად აუცილებელია. განსაკუთრებით ეს ეხება სკოლების, საავადმყოფოების, მუნიციპალური სამსახურების მუშაობას, წყლით და გაზით უზრუნველყოფას, სასურსათო პროგრამებს: „როცა ადამიანები ადგილზე იღებენ დახმარებას, ეს მიგრაციულ პროცესებს ამცირებს“, – ამბობს იაროსლავ იურჩიშინი, უკრაინელი დეპუტატი.

ივონა კოსტინას – ვეტერანებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი საქველმოქმედო ორგანიზაცია Veteran Hub-ის ხელმძღვანელის თქმით, „სამწუხაროდ, დახმარების 90-დღიანი შეჩერება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დავკარგავთ პერსონალს, ოფისს და რაც მთავარია, ჩვენი კლიენტურის ნდობას… დაფინანსების მოულოდნელი შეწყვეტა პარტნიორობის სანდოობას ძირს უთხრის“.

რა თქმა უნდა, მსგავს არასახარბიელო მდგომარეობაში არიან სხვა არასამთავრობოებიც, მაგალითად, ACTED-ის ორგანიზაცია. მისი წარმომადგენლის თქმით, რომელმაც სახელის გამხელა არ მოისურვა, მოუწევთ თითქმის 100 თანამშრომლის გათავისუფლება ხელფასის გადახდის გარეშე, რომელიც მათ საბანკო ანგარიშებზე იანვრის ბოლოს უნდა დარიცხულიყო. „ჩვენ სპეციალურად მიგვითითეს, რომ გადაგვეხედა და გაგვეუქმებინა ის პროგრამები, რომლებიც გენდერულ თანასწორობასა და ჰომოსექსუალისტების უფლებების დაცვას ემსახურება“.

უკრაინაში ბევრი მედიაპროექტი გრანტებით არსებობს, რაც მათ დამოუკიდებელი სტატუსის შენარჩუნებას უზრუნველყოფს, მაგრამ ახლა მათ მდგომარეობას საფრთხე ექმნება, ისინი დახმარებას ითხოვენ.

ბოგდან ლოგვინენკო, მედიაპროექტ Ukrainer-ის დამფუძნებელი, რომელიც უკრაინის შესახებ უცხოურ ენაზე გამოქვეყნებულ სტატიებს უკრაინულ ენაზე თარგმნის, აცხადებს, რომ მას იმედი არ აქვს, რომ 90 დღის გასვლის შემდეგ ამერიკული დაფინანსება აღდგება: „ჩვენი საქმიანობის გაგრძელების ერთადერთი შანსი ჩვენ თვითონვე ვართ“, – აღნიშნავს იგი და საზოგადოებას საქველმოქმედო შეწირულებებისაკენ მოუწოდებს. ბოგდან ლოგვინენკოს თქმით, დღემდე უკრაინის დამოუკიდებელი მასმედიის 80%-ზე მეტი აშშ-ის მიერ ფინანსდება.

როგორც ჩანს, ყველა ორგანიზაციისათვის არ იყო ცნობილი, რომ მათ დაფინანსება შეუწყდებოდათ. მაგალითად, საქველმოქმედო ფონდის Схід SOS-ის მმართველი საბჭოს ოქსანა კიანცევას განცხადებით, მის ორგანიზაციას საქმიანობის შეჩერების შესახებ შეტყობინება წინასწარ არ მიუღია და აქედან გამომდინარე, დაფინანსების შეწყვეტა სრულიად მოულოდნელად მოხდა.

გამოკითხული ორგანიზაციების უმრავლესობა შექმნილი სიტუაციის გამო უკიდურესად არიან შეშფოთებულები: „რეალური მდგომარეობა გვაჩვენებს, თუ რამდენად ახლოს დგას ჩვენთან დიდი გეოპოლიტიკა“, – ამბობს ლესიკ იაკიმჩუკი, არასამთავრობო ჯგუფის „ლინზის“ დირექტორი, რომელიც საბავშვო ონლაინ-პროგრამებს ამუშავებს, – „გამოდის, რომ დამფინანსებელ ქვეყანაში ჩატარებულ არჩევნებს შეუძლიათ უკრაინელი ბავშვების მდგომარეობა გააუარესოს. ეს არის დიდი პოლიტიკის ნეგატიური ექო“.

მოამზადა სიმონ კილაძემ 

წყარო: 

კომპანია Meta დონალდ ტრამპს ანგარიშების დაბლოკვისთვის კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს გადაუხდის

კომპანია Meta დონალდ ტრამპს ანგარიშების დაბლოკვისთვის კომპენსაციის სახით 25 მილიონ დოლარს გადაუხდის

“Meta დათანხმდა გადაიხადოს დაახლოებით 25 მილიონი დოლარი 2021 წელს ტრამპის მიერ კომპანიისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის წინააღმდეგ მას შემდეგ შეტანილი საჩივრის მოსაგვარებლად, რაც მისი ანგარიშები პლატფორმებზე შეჩერდა კაპიტოლიუმის შტურმის შემდეგ“, – ნათქვამია განცხადებაში.

დონალდ ტრამპს ანგარიშები დაიბლოკა 2021 წლის 6 იანვარს, ტრამპის მხარდამჭერების კაპიტოლიუმზე შეტევის შემდეგ კომპანია Meta-მ გაყინა დონალდ ტრამპის ანგარიშები Facebook-სა და Instagram-ზე. მაშინ კომპანიაში მიიჩნიეს, რომ პოლიტიკოსის პოსტებმა შესაძლოა სოციალური ქსელის მომხმარებლებს არეულობასა და ძალადობისკენ მოუწოდოს.

ცნობილია, რომ კომპენსაციიდან 3 მილიონი დოლარი იურიდიულ ხარჯებს მოხმარდება, ხოლო დარჩენილი 22 მილიონი გადაეცემა ტრამპის პრეზიდენტის ბიბლიოთეკის ფონდს.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, როგორც აშშ-ში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს ბრიუსელსა და სტრასბურგში, შემდეგ შევუდგებით მუშაობას PACE-ში -ლევან მაჭავარიანი

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასთან დაკავშირებით დროებითი გადაწყვეტილებაა მიღებული, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში საღმა აზრმა გაიმარჯვა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი ბრიუსელში და სტრასბურგშიც, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას PACE-ში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება.

„საქართველო ევროსაბჭოს წევრ ქვეყნად რჩება. მათ ცნეს ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება, უბრალოდ, ამ ყველაფერს მოჰყვებოდა რაღაცა დათქმები, რომლებიც ჩვენთვის არის მიუღებელი. პირველ რიგში, წითელი ხაზი არის ის, რომ გვთხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას. ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, რა თქმა უნდა, ეროვნულ თავმოყვარეობას, რისი დეფიციტიც, სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს გააჩნიათ. არჩევნები საქართველოში ძალიან მაღალი სტანდარტებით ჩატარდა. დღემდე ვერანაირი მტკიცებულება ვერ მოიტანეს, რომ იყო 300 ათასი ხმის გაყალბება. აქ კითხვის ნიშანი არ არსებობს. იქ ვნახეთ ძალიან ბევრი გამომსვლელი, რომლებიც უაპელაციოდ, ყველანაირი მტკიცებულებისა და ფაქტის გარეშე მაინც გვადანაშაულებენ არჩევნების გაყალბებაში და ჩვენგან ახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. შესაბამისად, ჩვენ ფიზიკურად სხვა გზა არ გვქონდა დარჩენილი. ჩვენ ვართ ღირსეული და თავმოყვარე ქვეყანა და გადავდგით ეს ნაბიჯი, ჩვენი სურვილით უარი ვუთხარით. ეს არის დროებითი გადაწყვეტილება, ვინაიდან, დარწმუნებულები ვართ, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გაიმარჯვა საღმა აზრმა, ისე გაიმარჯვებს საღი აზრი, საბოლოო ჯამში, ბრიუსელშიც და სტრასბურგშიც და, შესაბამისად, მერე შეუდგება ჩვენი დელეგაცია საპარლამენტო მუშაობას  PACE-ში“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ოპოზიციის სურვილი და ნატვრა იყო, PACE-ში ქართული დელეგაციის უფლებამოსილება არ ეცნოთ, თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ.

ლევან მაჭავარიანის თქმით, ის დათქმები, რაც უფლებამოსილების ცნობას მოაყოლეს, ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობაა, რასაც ქართული მხარე უპასუხოდ ვერ დატოვებდა.

„ტექნიკური კუთხით, უარყოფითი მხარე, რომ ჩვენ რამეში უკან დავიხიეთ, ასეთი ფიზიკურად არაფერია. რა თქმა უნდა, სჯობდა, დათქმების გარეშე ყოფილიყო ცნობილი ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება და მუშაობა გაგვეგრძელებინა, ვინაიდან ჩვენ სტრასბურგში დამატებითი ტრიბუნა გვექნებოდა. გასაკვირი არ არის ოპოზიციის ზარ-ზეიმი. ისინი მოწადინებულები იყვნენ, მათი წერილიც და მათი გარე მფარველების აქტიური ჩარევა და მუშაობაც ცხადყოფს, რომ მათი სურვილი და ნატვრა იყო, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება PACE-ში არ ეცნოთ. თუმცა კოვზი ნაცარში ჩაუვარდათ, ჩვენი დელეგაციის უფლებამოსილება ცნეს, მაგრამ ის დათქმები, რაც ამას მოაყოლეს, არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის უხეში უპატივცემულობა, ამას უპასუხოდ ვერ დავტოვებდით. ეროვნული თავმოყვარეობიდან გამომდინარე ვიმოქმედეთ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

ბორჯღალოსნები იწყებენ – წლის პირველი მატჩები “ავჭალაზე”

მოემზადე და მოდი სტადიონზე საგულშემატკივროდ. 2025 წელს, ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩით იწყებენ. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე ჯგუფში შვეიცარია იქნება, რომელიც რაგბი ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტია. მატჩი 1 თებერვალს, თბილისში, „ავჭალაზე“ გაიმართება და 16:00 საათზე დაიწყება.

საქართველოს შვეიცარიასთან აქამდე მხოლოდ ერთხელ, 31 წლის წინ უთამაშია. 1994 წლის 4 ივნისს, „შონ-დე-ფონში“ ქართველებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით – 22:21 სძლიეს.

თებერვლის პირველ სამ კვირაში ბორჯღალოსნები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის სამ შეხვედრას გამართავენ.

შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ, 8 თებერვალს, რიჩარდ ქოქრილის გუნდი კვლავ მასპინძლის ამპლუაში იქნება და ამჯერად, ნიდერლანდებს უმასპინძლებს. მატჩი „ავჭალაზე“, 15:00 საათზე დაიწყება.

ჯგუფურ ეტაპს ბორჯღალოსნები 16 თებერვალს, ესპანეთთან სტუმრად მატჩით დაასრულებენ. რაგბი ევროპის ჩემპიონატების ნახევარფინალები მარტის დასაწყისში, ხოლო ფინალები ორი კვირის თავზე გაიმართება.

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატი, ამავდროულად, 2027 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ავსტრალიაში გასამართ მსოფლიო თასზე, 20-ის ნაცვლად 24 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. შედეგად, რაგბი ევროპის ჩემპიონატიდან მომავალი მსოფლიო თასის კვალიფიკაციას 4 გუნდი გაივლის (თასის ნახევარფინალში გასული გუნდები). მეხუთე კი, რეპეშაჟში ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ რაგბი ევროპის ჩემპიონატი ყველაზე ბევრჯერ – 16-ჯერ საქართველოს აქვს მოგებული და აქედან ბოლო 7 – მიყოლებით.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატებისა და ფესტივალების ხელშეწყობას.

თებერვლის საშინაო მატჩებზე დასასწრები ბილეთები შეიძინეთ tkt.ge -ზე.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

 აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას ვუჭერთ მხარს, რაც სასარგებლო იქნება, მათ შორის საქართველოსთვის, ველოდებით დადებით პასუხს აზერბაიჯანისგან-არარატ მირზოიანი

ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნას, წინადადებები, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა, ამ პოზიციას ეყრდნობა და დადებით პასუხს ველოდებით, – ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ერევანში ქართველ კოლეგასთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

მისი თქმით, აზერბაიჯანთან სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე ბლოკის მოხსნა დიდი ეკონომიკური გავლენის მქონე იქნება, არამარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის.

„სომხეთის პოზიცია ოფიციალურად არის გაცხადებული, ჩვენ მხარს ვუჭერთ აზერბაიჯანთან ბლოკის მოხსნას სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაზე. ჩვენ თვითონვე კონსტრუქციული პოზიციით გამოვდივართ და კონსტრუქციული ვიყავით ყოველთვის. წინადადებები, რომლებიც სომხეთმა აზერბაიჯანს გაუგზავნა, რა თქმა უნდა, ამ პოზიციას ეყრდნობა და ველოდებით დადებით პასუხს. აზერბაიჯანულ მხარეს შევთავაზეთ, რომ ბლოკი მოიხსნას და ეს ფაქტი ძალიან დიდი ეკონომიკური გავლენის მქონე იქნება, არამარტო ქვეყნის ფარგლებში, არამედ მთელი რეგიონისთვის, მათ შორის საქართველოსთვის. ეს გაცხადებულია ჩვენს სამშვიდობო შეთანხმებაშიც, ფუნდამენტური პოზიციებია გაცხადებული, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებითაც. ეროვნულ კანონმდებლობას რაც შეეხება და როგორ ხდება ამ საკითხის ასახვა კანონმდებლობაში, ბუნებრივია, 21-ე საუკუნეა და გვესმის, ლოჯისტიკური გადაჭრა უნდა იქნეს მონახული და გამარტივებული იყოს პროცესები, ამას ვაცნობიერებთ და აზერბაიჯანთან გვქონდა საუბარი. ბლოკის მოხსნაზე როდესაც არის საუბარი, ჩვენ გვინდა, მარტივი გზა იყოს არჩეული და გამოყენებული. აქედან სარგებელი იქნება ყველასთვის, სომხეთის, აზერბაიჯანის და სხვებისთვის. პოზიცია იგივეა ჩვენთვის. შედეგებზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა არარატ მირზოიანმა.

რაც შეეხება საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ეს ურთიერთობა ძალიან დიდი ისტორიის და დიდი მომავლის საკითხია.

საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს მდიდარი შინაარსი, რაც გამოიხატება ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაში -მაკა ბოჭორიშვილი

საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული, რასაც მდიდარი შინაარსი აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, არარატ მირზოიანთან ერთობლივი ბრიფინგისას განაცხადა.

ბოჭორიშვილის თქმით, სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში, ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პირველი ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები ერევანში. დიდ მადლობას ვუხდი ბატონ მინისტრს, არარატ მირზოიანს მასპინძლობისთვის. ზუსტად ერთი წლის წინ თბილისში ხელი მოეწერა საქართველოსა და სომხეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციას. ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, გამორჩეული ურთიერთობა და თანამშრომლობა დღეს უკვე სტრატეგიული თანამშრომლობის ჩარჩოშია მოქცეული. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას აქვს მდიდარი შინაარსი, რაც გამოიხატება ორ ქვეყანას შორის ყველა მიმართულებით არსებულ თანამშრომლობაში. სომხეთი ტრადიციულად არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში. ასევე, მაღალია ტურიზმის მაჩვენებელიც. სომხეთის მოქალაქეები ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხშირ სტუმრებს შორის მესამე ადგილზე არიან. დღეს ჩვენ განვიხილეთ ვაჭრობის, ეკონომიკის, ტრანსპორტის, ტურიზმის, განათლების და სხვა მრავალ სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები. ჩვენი თანამშრომლობა ფართოა, მაგრამ ყოველთვის არის მეტის მიღწევა შესაძლებელი. მიხარია, რომ მე და ჩემს კოლეგას გვაერთიანებს სურვილი, რომ ჩვენი წვლილი შევიტანოთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობის და პარტნიორობის გაღრმავებაში“, – განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, დღეს ერევანში გაიმართება სომხეთ-საქართველოს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის მე-14 სხდომა, რომელსაც ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრები უხელმძღვანელებენ, რაც არის კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა, უმაღლეს დონეზე იყოს განხილული ქვეყნებს შორის არსებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარების გზები.

„ჩვენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ რეგულარული პოლიტიკურ დიალოგს. დასაფასებელია ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ინტენსივობა და ვიზიტების გაცვლის მაღალი დინამიკა. დარწმუნებული ვარ, ხშირად ვიქნები თქვენი ულამაზესი ქვეყნის სტუმარი და ასევე ხშირად ვიქნები თქვენი მასპინძელი ასევე ულამაზეს ქვეყანაში. ბატონ მინისტრთან საუბრისას განვიხილეთ რეგიონში მიმდინარე პროცესები, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობა ჩვენი რეგიონისთვის. საქართველოს აქვს გულწრფელი სურვილი, ჩვენს რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, რაც ერთმნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს კავკასიის რეგიონის კეთილდღეობას და არსებული პოტენციალის სრულად გამოყენებას. ვიმედოვნებთ, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე სამშვიდობო შეთანხმების პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისათვის მისაღები შედეგით, რაც საფუძველს შექმნის რეგიონში მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. საქართველო ყოველთვის გამოთქვამდა მზაობას და ახლაც მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონული თანამშრომლობის განვითარებაში, რაც, ვფიქრობთ, ასევე ხელს შეუწყობს სტაბილურობას და ყველასთვის სასარგებლო იქნება. ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი იმ უსაფრთხოების გამოწვევაზე, რაც უკავშირდება რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციას და ოკუპაციის მძიმე შედეგებზე, რაც გამოიხატება ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ უმძიმეს ჰუმანიტარულ, ეკონომიკურ და სოციალურ ვითარებაში“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საქართველო და სომხეთი მტკიცედ უჭერენ მხარს და პატივს სცემენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამასთან, მინისტრმა სომეხი კოლეგა თბილისში ვიზიტით მიიწვია.

„დღეს დეტალურად ვისაუბრეთ რეგიონში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ გამოწვევებზე და შესაძლებლობებზე. ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაერთიანოთ სხვადასხვა გამოწვევებთან გასამკლავებლად და ურთიერთსასარგებლო პროექტების ხელშესაწყობად. საქართველო მიესალმება სომხეთის მთავრობის გაძლიერებულ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია სომხეთის ევროკავშირსა და აშშ-თან თანამშრომლობის პოლიტიკური დიალოგის განმტკიცებისკენ. ბატონო მინისტრო, ნება მომეცით, კიდევ ერთხელ მადლობა გადაგიხადოთ მასპინძლობისთვის, ბრწყინვალე თანამშრომლობისთვის. კიდევ ერთხელ, ვისარგებლებ შემთხვევით და მოგიწვევთ საქართველოში. მოხარული ვიქნები, თუ უახლოეს მომავალში მექნება თქვენი მასპინძლობის შესაძლებლობა“, – განაცხადა მინისტრმა.

PACE-ს რეზოლუციას საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაცია ქართველ ოპოზიციონერებთან ერთად ამზადებდა -უკრაინელი ჟურნალისტი

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია საქართველოს შესახებ უკრაინული დელეგაციისა და ქართველი ოპოზიციონერების მიერ იყო მომზადებული, – განაცხადა უკრაინული ტელეკომპანია Freedom-ის ჟურნალისტმა.

„ამ რეზოლუციას ამზადებდა უკრაინული დელეგაცია ქართულ ოპოზიციასთან ერთად“, – თქვა ჟურნალისტმა პირდაპირი ჩართვის დროს.

ცნობისთვის, გუშინ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

მოგვიანებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ ქართველი დეპუტატები წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, თუმცა ქვეყანა ევროპის საბჭოს წევრად რჩება.

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აქტს, რაც ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალი მიგრანტი, რომელიც ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ ჯერ ბრალი არ აქვს წაყენებული

დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ლეიკენ რაილის აქტს, რომელიც 2024 წლის 22 თებერვალს ვენესუელელმა მიგრანტმა მოკლა. აქტი ფედერალურ მთავრობას ავალდებულებს, დააკავოს არალეგალურად მცხოვრები მიგრანტები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან დანაშაულის ჩადენაში, მაშინაც კი, თუ მათ ბრალი არ აქვთ ჯერ წაყენებული.

„ჩემ მიერ ხელმოწერილი კანონის თანახმად, შინაგანი უსაფრთხოების დეპარტამენტს მოეთხოვება, დააკავოს ყველა არალეგალი უცხოელი, რომელიც ბრალდებულია ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობის, პოლიციელზე თავდასხმის, მკვლელობის ან ნებისმიერი დანაშაულისთვის, რაც იწვევს სიკვდილს ან სერიოზულ ზიანს. გარდა ამისა, პირველად ისტორიაში, ეს აქტი შტატების მთავრობებს აძლევს უფლებას, უჩივლონ ფედერალურ მთავრობას დაუყოვნებელი აღმკვეთი ზომების მისაღებად, თუ რომელიმე მომავალი ადმინისტრაცია ოდესმე კვლავ უარს იტყვის აშშ-ის იმიგრაციის კანონების აღსრულებაზე, როგორც ეს ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა“, – თქვა ტრამპმა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის 22 თებერვალს 22 წლის რაილი 26 წლის ხოსე იბარამ მოკლა, რომელიც ამერიკაში არალეგალურად შევიდა. დამნაშავე მალევე დააკავეს და მას პატიმრობა შეეფარდა სხვადასხვა ბრალდებით. თავდამსხმელი მანამდე დაკავებული იყო ქურდობისთვის.

მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის მოქმედებდა როგორც პარტიული აქტივისტი, ცდილობდა, დაეკნინებინა სახელმწიფო ინსტიტუტი -ირაკლი კობახიძე

მზია ამაღლობელის სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პოლიცია ქართველი ხალხის თვალში ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტია და მზია ამაღლობელი დემონსტრაციულად ცდილობდა, დაეკნინებინა აღნიშნული სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი.

„ეს არის სააკაშვილი 2-ის სცენარი. თქვენ იცით, როგორ დამთავრდა სააკაშვილის სცენარი თავის დროზე. შიმშილობდა თვეების განმავლობაში, ხან ასე, ხან ისე, მაგრამ სახელმწიფო, ბუნებრივია, ზრუნავდა მის ჯანმრთელობაზე, ისევე როგორც ზრუნავს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. აქაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა ეს არის. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას ვუსურვებთ ჯანმრთელობას და სახელმწიფო არის პასუხისმგებელი ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობაზე. რაც შეეხება თვითონ ფაქტს, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც მზია ამაღლობელი სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს, შემდეგ მოხდა მისი დაკავება, შემდეგ პირობით გათავისუფლება და როგორც კი გარეთ გამოვიდა, პოლიციელს მან სახეში გაარტყა ხელი. ანუ, მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, ის იქ მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია. როცა საუბარია ჰუმანურობაზე, ჰუმანურად შეიძლება, ჩაითვალოს გარკვეული აქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც ვიღაც რაღაცას მოინანიებს, იქ შეიძლება, ჰუმანურად ისაუბრო. წინააღმდეგ შემთხვევაში, რაღაც აქტი მხოლოდ და მხოლოდ არაადეკვატურობის გამოვლინებად შეიძლება იქნეს ჩათვლილი. რომ გამოსულიყვნენ ეს ადამიანები და ეთქვათ მარტივი რამ, რომ ძალიან ცუდად მოიქცა ეს ქალბატონი, არ შეიძლება, პოლიციელს მიაყენო შეურაცხყოფა, სახელმწიფოს წარმომადგენელს. თქვენ იცით, რომ პოლიცია ქართველი ხალხის თვალში არის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული სახელმწიფო ინსტიტუტი. შენ მიდიხარ და დემონსტრაციულად ცდილობ, დააკნინო ამ სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯი. სხვა არაფერს ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები „კოლექტიური ნაცმოძრაობიდან“. ასეთ დროს გესაუბრებიან იმაზე, რომ ადამიანი შიმშილობს და ამის გამო უნდა გამოუშვა საპატიმროდან“, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ის მუდმივად აფიქსირებს მზადყოფნას დიალოგისთვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორის, თუნდაც მზია ამაღლობელის თემაზე.

„ჩვენ ყოველ ჯერზე, მუდმივად ვაფიქსირებთ მზადყოფნას დიალოგისთვის. ახლაც შემიძლია, დავაფიქსირო, რომ მზად ვართ. თუ ვინმეს უნდა რამე საკითხის განხილვა საჯაროდ თუ არასაჯაროდ, კონკრეტულად მზია ამაღლობელის საკითხის განხილვა, მობრძანდნენ, ხვალვე მზად ვარ, რომ შევხვდე და განვიხილო ეს საკითხი. გახსოვთ ალბათ, რომ მანამდე, სხვადასხვა დროს, ხან კანონთან დაკავშირებით, ხან არჩევნებთან დაკავშირებით, ხან ამ აქციებთან დაკავშირებით, ყოველ ჯერზე მე პირადად ვითხოვდი შეხვედრას ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერ ფორმატში, საჯარო თუ არასაჯარო დისკუსიას. ყველაფერზე ითქვა უარი. კონკრეტულ ადამიანებსაც შევთავაზე, მათ შორის, თქვენს ეთერშიც იყო, თუ არ ვცდები, შოთა არველაძე გამოვიდა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ ელაპარაკებოდა საპროტესტოდ განწყობილ ადამიანებს. პირადად მას შევთავაზე, წამოეყვანა ნებისმიერი ადამიანი. არათუ ასეთ განხილვაზე, დღეს საფეხბურთო სტადიონის საკითხს განვიხილავდი, მეტი რაზე უნდა მოხვიდე ხომ, თუ რაღაც კითხვა გაქვს, თუ რაღაც გაინტერესებს. იქაც კი არ მოვიდნენ, არათუ პოლიტიკურ საკითხებზე სასაუბროდ. თუ ვინმე გაურბის დისკუსიას, ესენი არიან სწორედ პროტესტის მონაწილეები, იმიტომ, რომ ზუსტად იციან, არ არიან მართლები, სიმართლე არ არის მათ მხარეს. უბრალოდ ჩაბეჭდილი აქვთ ის, რომ უნდა იყვნენ „ნაცები“ და აპრიორი სწორხაზოვნად უნდა გაჰყვნენ იმ შეხედულებას, რაც აქვთ ჩამოყალიბებული. დისკუსიისთვის არ არიან მზად, იმიტომ, რომ იციან, მათ მხარეს არ არის სიმართლე. ეს არის ერთადერთი მიზეზი. თუ ვინმეს უნდა საუბარი, ნებისმიერ ფორმატში, საჯაროდ თუ არასაჯაროდ, მოვიდნენ და ვისაუბროთ. განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან – ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს-თეოდოროს რუსოპულოსი

ვწუხვარ საქართველოს დელეგაციის გადაწყვეტილების გამო, გავიდეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან მას შემდეგ, რაც ასამბლეამ კენჭი უყარა დელეგაციის უფლებამოსილების რატიფიცირებას გარკვეული პირობებით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა განაცხადა.

„ეს საფრთხეს უქმნის დიალოგს, რომელიც ხელს შეუწყობდა საქართველოში დემოკრატიული სტანდარტების გაუმჯობესებას“, – აღნიშნა თეოდოროს რუსოპულოსმა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლის თანახმად, საქართველოს დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტში მოცემულია გარკვეული პირობები, რომელთა შესრულებასაც საქართველოს ხელისუფლებას აპრილამდე სთხოვენ. მათ შორის არის „პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების გამოცხადება“.

ასამბლეის წევრები უფლებას იტოვებენ, აპრილში კიდევ ერთხელ გაასაჩივრონ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება, თუ რეზოლუციაში მოცემული პირობები არ შესრულდება. რეზოლუციის მიღების შემდეგ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო გადაწყვეტილებით, წყვეტენ მუშაობას საპარლამენტო ასამბლეაში, ხოლო საქართველო, როგორც სახელმწიფო, ცხადია, რჩება ევროპის საბჭოს წევრად.