19 დეკემბერს გამთენიისას, ავლაბარში სამართალდამცველები შენობაში შეიჭრნენ და მეორედ დააპატიმრეს კანონიერი ქურდი, გელა ჯოჯუა, რომელიც რამდენიმე დღით ადრე სასამართლოს განაჩენის საფუძველზე გათავისუფლდა და მას შემდეგ 5 დღის განმავლობაში ძმის, გოჩა ჯოჯუას საოჯახო სასტუმროს ნომერში ცხოვრობდა.
გოჩა ჯოჯუას:
– სამართალდამცველები ჩემს ძმას, გელა ჯოჯუას იარაღის და დიდძალი ნარკოტიკის შეძენა-შენახვას ედავებიან, თუმცა იმთავითვე ცხადია, რომ ეს ყალბი ბრალდებაა. საქმის მთავარი არსი კი, იმაში მდგომარეობს, რომ გელა ჯოჯუა კანონიერი ქურდის სტატუსის მატარებელია და არაოფიციალური საშუალებებით, სახელმწიფო ასეთი სტატუსის მქონე ადამიანებს, თუნდაც დანაშაული არაფერი ჰქონდეთ ჩადენილი – აპატიმრებს ან სამშობლოდან დევნის. საქართველოს საზღვრებში იძულებით შემოსული გელა ჯოჯუა მოსამართლემ უდანაშაულოდ ცნო და 9 თვიანი პატიმრობის შემდეგ დარბაზიდან გაათავისუფლა. ამის მიუხედავად, სამართალდამცველებმა პრინციპულად მოგვთხოვეს, გელას საქართველო დაუყოვნებლივ დაეტოვებინა. მოთხოვნის ნაჩქარევად შესრულება ვერ მოვახერხეთ. ჭერი ხომ სჭირდება?! სამართალდამცველებს შევპირდი, უცხოეთის რომელიმე ქვეყანაში ჩემი ძმის დასაბინავებლად საშუალებებს მოვიძიებდი, მანამდე კი ავლაბარში მდებარე საოჯახო სასტუმროში, ჩემს საკუთარ ოჯახში დავაბინავებდი და თავმდები ვიქნებოდი, რომ არანაირ კანონდარღვევას არ ჩაიდენდა. არ გვაცალეს. გელა გაყალბებული, ამჯერად ისეთი საზარელი ბრალდებით დააკავეს, რომელიც უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
– როდის და რა ვითარებაში გახდა გელა ჯოჯუა კანონიერი ქურდი?
– საინფორმაციო საიტი „კრაინ-პრაიმი“ იუწყება, რომ გელა ჯოჯუამ კანონიერი ქურდის სტატუსი 1992 წელს რუსეთში, ციხიდან გამოსვლის შემდეგ მიიღო. მას მერე მხოლოდ 2 წელი ცხოვრობდა საქართველოში, თუმცა აქ არასოდეს დაკისრებია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. 1995 წელს საზღვარგარეთ გაემგზავრა და თითქმის 30 წლის განმავლობაში საერთოდ არ ყოფილა სამშობლოში. ოდესმე არც უცხოეთიდან ჩარეულა საქართველოს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებში უკანონო ფორმით. ერთი თვის წინ, 13 დეკემბერს მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას მიერ გელა ჯოჯუას გათავისუფლების განაჩენს საფუძვლად სწორედ ის მოტივაცია ედო, რომ გელას არავითარი ბრალეულობა და კრიმინალური ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე არასოდეს განუხორციელებია, მეტიც – საქართველოს კრიმინალურ ცხოვრებაში მისი სახელი ან მონაწილეობა არასოდეს დაფიქსირებულა. 15 წელზე მეტია, ნარკოტიკებთან შეხება არ ჰქონია. უფრო რელიგიურად ცხოვრობს; ხშირად იმყოფება მონასტერში, მარხულობს და ეზიარება. გელასაც და მეც სხვადასხვა დროს ჩვენ-ჩვენი ტრიბუნებიდან არაერთხელ გვითქვამს, რომ კანონიერი ქურდის სტატუსის მქონე ადამიანი პოლიტიკაში არ უნდა მონაწილეობდეს.
– ხელისუფლება ასე მონდომებული რად არის, რომ თუნდაც უდანაშაულო კანონიერი ქურდი საქართველოს საზღვრებში არ იმყოფებოდეს?
– თავიდან სააკაშვილის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც შესაძლოა, სახელმწიფოებრივად, გამართლებულიც იყო, მაგრამ მეტისმეტად სასტიკი გახლდათ, რადგან კანონიერ ქურდებს დანაშაულის ჩაუდენლობის შემთხვევაშიც არ უტოვებდა თავისუფლებაზე ყოფნის შანსს – კანონიერი ქურდის სტატუსი უკვე იყო სანქცია, რის შესაბამისადაც, იგი აუცილებლად ციხეში უნდა მჯდარიყო. შეიქმნა ისეთი პარადოქსი, რომ ამ მუხლით სასჯელის მოხდის შემთხვევაშიც კი, როდესაც ქურდი უნდა გაეთავისუფლებინათ, ციხის კარში გასვლისთანავე დახვდებოდა პოლიციელი შეკითხვით – აღიარებდა თუ არა თავს კვლავაც კანონიერ ქურდად და დადებითი პასუხის შემთხვევაში იქვე განმეორებით დააპატიმრებდა. უდანაშაულობის პრეზუმფცია მოიშალა. კანონიერი ქურდის სტატუსით დაპატიმრება სინდისის თავისუფლების შებღალვას გაუტოლდა, რადგან ადამიანს კონკრეტული დანაშაულის კი არა, აზრის გამო აპატიმრებდნენ.
ახალმა ხელისუფლებამ ძველი კანონი მნიშვნელოვნად შეცვალა. ამჟამად, გარდა იმისა, რომ თავს კანონიერ ქურდად მიიჩნევს, პირი რომ დაისაჯოს, კონკრეტული ქმედებაც (ქურდული შეკრება, ქურდული საერთოს მოგროვება, ქურდული გარჩევა და ა.შ.) უნდა ჰქონდეს ჩადენილი და სამართალდამცველებს ამის დამადასტურებელი ოპერატიული ინფორმაცია უნდა მოეპოვებოდეთ. მაგრამ, დამკვიდრდა არაოფიციალური პრაქტიკა, რის მიხედვითაც, კანონიერ ქურდს საქართველოში არ დაედგომება – ან სტატუსზე უნდა თქვას უარი, ან ქვეყანა დატოვოს. გელა ჯოჯუას არც ეს პრაქტიკა დაურღვევია. მთელი ძალისხმევით შეეცადა საქართველოს დატოვებას, უბრალოდ, ვერ მოახერხა!
– ამბობთ, 30 წელი გელა ჯოჯუა საქართველოში არ ყოფილაო, მაგრამ, ამჯერად რა მიზნით ჩამოვიდა და პატიმრობაში როგორ აღმოჩნდა?
– გელას საქართველოს მოქალაქეობა არასოდეს დაუთმია, მაგრამ ჯერ მოსკოვში, მერე ძირითადად, უკრაინაში, ასევე, პოლონეთსა და თურქეთში ცხოვრობდა. უკრაინაში მოხდა ინციდენტი, რამაც ამჟამინდელ მდგომარეობაზეც მოახდინა გავლენა. ბიოგრაფიაში „მწვანე ცირკულარი“ დაუფიქსირეს. ეს არ არის წითელი ცირკულარი, რომლის ფარგლებშიც ადამიანი უნდა დაიჭირონ, მაგრამ ნიშნავს, რომ კრიმინალური წარსულის გამო მოცემულ ქვეყანაში „არასასურველ სტუმრად“ მიიჩნევა. ამგვარად, ადამიანი არაოფიციალურად დევნილი ხდება მთელ იმ სამყაროში, რომელიც ჩვენ დემოკრატიულად მიგვაჩნია…
რადგან საქართველოში არ ჩამოესვლებოდა, გადაწყვიტა შვილთან, ლიანასთან ერთად თურქეთიდან დროებით ჰოლანდიაში წასულიყო საცხოვრებლად ჩვენს მამიდაშვილებთან, რომლებიც ჰოლანდიის მოქალაქეები არიან.
შეგახსენებთ, გელას ქალიშვილი ლიანა ჯოჯუა ცნობილი სპორტსმენია – შერეულ ორთაბრძოლებში პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონი ქალი ბრძანდება. თურქეთის საემიგრაციო სამსახურმა გელა ანტალიის აეროპორტში საპასპორტო რეჟიმის დარღვევის გამო დააკავა და რადგან საქართველოს მოქალაქე იყო, დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს. ლიანამ თბილისის აეროპორტში საზღვარი შეუფერხებლად გადმოლახა, გელას კი, ამცნეს, რომ თუ საზღვარს გადმოკვეთდა, დაიჭერდნენ. ამიტომ, თბილისის აეროპორტის ნეიტრალურ ზონაში დარჩენა მოუწია. მისგან ისტერიულად ითხოვდნენ, უცხოეთისკენ ნებისმიერ რეისს გაყოლოდა. ჩინეთში ან ირანში, გაფრენილიყო, სადაც „მწვანე ცირკულარს“ ნაკლებად აქცევენ ყურადღებას, მაგრამ ამ ქვეყნებში ჩემს ძმას არანაირი დასაყრდენი არ გააჩნია – სად ან რა სახსრებით უნდა ეცხოვრა, მისი ერთადერთი შემოსავალი ხომ, შვილის სპორტულ კარიერას უკავშირდება! გაგიკვირდებათ, მაგრამ სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, გელას არასოდეს უცდია, კანონიერი ქურდის სტატუსი ქონების დაგროვების ან, შემოსავლის წყაროდ ექცია. ჩინეთსა და ირანში არ წავიდა, მაგრამ სხვაგან გასამგზავრებლად მცდელობა არ დაუკლია – 1 კვირა ცაში გაატარა, ლიანასთან ერთად ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ერთხელ კი, ემირატებშიც ჩაფრინდა, სადაც ლიანას მწვრთნელად მუშაობას სთავაზობდნენ. სადაც არ ჩავიდა, უკან, საქართველოში აბრუნებდნენ. ლიანამ 6 ათასი დოლარი მარტო ამაო ფრენებში დახარჯა და ბოლოს როცა მატერიალური საშუალება ამოეწურა, გელა იძულებული გახდა, თბილისში საქართველოს საზღვარი გადმოელახა. რა თქმა უნდა, მაშინვე 223-1 მუხლის მეორე ნაწილით დააპატიმრეს, რაც „კანონიერ ქურდობას“ გულისხმობს და ციხეში გადაიყვანეს, სადაც გამოძიებისთვის განკუთვნილი 9 თვე გაატარა. გამოძიების მსვლელობაშივე იკვეთებოდა, რომ საქმე გათავისუფლებით დასრულდებოდა, რადგან დანაშაულის ნიშნები არ იკვეთებოდა. სასამართლოზე დამსწრე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა არაერთხელ გაგვაგონეს, რომ როგორც კი გათავისუფლდებოდა, სასამართლო დარბაზიდან პირდაპირ აეროპორტში უნდა წასულიყო, საქართველოდან ნებისმიერი მიმართულებით გასაფრენად.
– ოჯახს რა პოზიცია გქონდათ?
– ვითხოვდით, მცირე ხანს ეცლიათ, რათა რომელიმე ქვეყანაში მისთვის საცხოვრებლად კერა შეგვემზადებინა. სახელდახელოდ სად უნდა წასულიყო?! სამართალდამცველებს ვპირდებოდი, სახლში წავიყვან და გამგზავრებამდე გარეთ არ გამოიხედავს მეთქი. გაგონებაც არ სურდათ, დაჟინებით იმეორებდნენ – დაუყოვნებლივ თუ არ გაფრინდება, ახალ საბაბს შევქმნით უკვე ხანგრძლივად დასაპატიმრებლადო. ისეთი გარემოება შეიქმნა, გელამ მოსამართლეს მიმართა, მირჩევნია, ფორმალურად შეურაცხყოფა მოგაყენოთ და ამ საფუძველზე გამიხანგრძლივოთ პატიმრობა, ვიდრე გათავისუფლების მერე რაიმე ჩამიდონ და განმეორებით დამიჭირონო. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სამართლიანი განაჩენი გამოიტანა – გელა ჯოჯუა სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლა, რითაც ცხადი გახდა, რომ სასამართლო სისტემა ამ ქვეყანაში ბოლომდე უსამართლო ნამდვილად არ არის! საოჯახო სასტუმროში, სადაც ოჯახთან ერთად მეც ვცხოვრობ და სადაც ძმა წავიყვანე – სათვალთვალო კამერები საკმაოდ არის. ვივარაუდე, სასტუმროში მისთვის ჩადებას ვერ გაბედავდნენ. იმედი მქონდა, შობამდე გვაცლიდნენ. ამასობაში რომელიმე ქვეყანაში გელას დასაბინავებლად პირობებს შევამზადებდით. არ დაგვცალდა!
– გათავისუფლებიდან ხუთიოდე დღეში ის თქვენივე ოჯახში იარაღის და ნარკოტიკების ბრალდებით დააპატიმრეს. როგორ მოხდა ეს ამბავი?
– თავიდანვე გითხარით, რომ ეს ბრალდება სრული აბსურდია. გელას ჩემი ოჯახური სასტუმროდან ფეხი არსად გაუდგამს. კარგად იცოდა, რომ ლუპით აკვირდებოდნენ, ნებისმიერი მიზეზით მის დაპატიმრებას აპირებდნენ და თავისი თავის მტერი უნდა ყოფილიყო, იარაღის ან 25 გრამი კოკაინის შოვნა დაეპირებინა. ნარკოტიკს ისედაც არ ეკარება. ანდა, რატომ ჩაიდებდა სპორტული შარვლის ჯიბეში ჟანგიან „ნაგანს,“ როცა სახლში კანონის დაცვით გაფორმებულ რამდენიმე საუკეთესო იარაღს ვინახავ?! მეტსაც გეტყვით. სტუმრის ამპლუაში სასტუმროში პოლიციის აგენტი რომ დასახლდა – გამოვიცანით . ვამბობდით, დაე თვალი ადევნოს, დაე, სამართალდამცველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ გელა სახლიდან ფეხს არ იცვლის და არანაირ დანაშაულს არ სჩადის თქო. არადა, აგენტი თურმე იმისთვის სჭირდებოდათ, სასტუმროში შემოსაჭრელად პოლიციისთვის კარი გაეღო ელექტრონული ტაბელით, რომელიც მხოლოდ სასტუმროს კლიენტებს გააჩნიათ.
– თქვენი ვერსიით, ნარკოტიკი და იარაღი ჩაუდეს?
– ვინმეს ხომ უნდა შემოეტანა ნარკოტიკიც და იარაღიც და, კამერებს როგორ გამოაპარებდნენ? ამიტომ, ჩადებითაც კი არ შეუწუხებიათ თავი. მე ხელი მომაწერინეს, რომ კრიმინალური პოლიციის მიერ ჩემს მფლობელობაში არსებულ სასტუმროში იქნა ადამიანი დაკავებული და კიდევ იმაზე, რომ მიაქვთ სათვალთვალო კამერების მონაცემები. სიტყვაც არ დაუძრავთ, რომ იარაღი ან ნარკოტიკი აღმოაჩინეს. ნივთმტკიცებები მხოლოდ ფურცელზეა, რეალურად არც არსებობს და არც არავის უნახავს! ფირზე მაინც ხომ უნდა დაეფიქსირებინათ „ჩხრეკა?“ მსგავსი არაფერი გვსმენია! გულისტკივილით მინდა ვურჩიო გამომძიებლებს, რომლებიც ამ მომენტში შესაძლოა, მტკიცებულებებს აყალბებენ – ამას ნუ გააკეთებენ იმ ადამიანის წინააღმდეგ, ვინც მარხვაზეა და სიგარეტსაც არ ეკარება! გამოვრიცხავ, შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ამ უკანონობის საქმის კურსში იყოს. ვფიქრობ, უფრო დაბალ რგოლებში მოხდა ჩემი ძმის დასაკავებლად ყალბი საფუძვლების მომზადება. სისხლის სამართლის კოდექსი ამჟამად საკმაოდ სრულყოფილია, რათა კანონიერი ქურდი სამართალდამცველებმა შეთითხნილი კი არა, კანონიერად მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციის და მტკიცებულებების საფუძველზე დააკავონ, როცა იგი დანაშაულს რეალურად სჩადის! მაგრამ, სახელმწიფოს მხრიდან არაოფიციალური განკარგულება – არ დაუშვას კანონიერი ქურდის თავისუფლებაზე ყოფნა – პოლიციელსაც გამოსავალს აღარ უტოვებს, იძულებულს ხდის, დარღვევაზე და „ჩადებაზე“ წავიდეს. ადამიანის დაჭერა, თუნდაც სახელმწიფოს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარეობდეს – იურიდიულად გამართული ფორმით უნდა ხდებოდეს. ჩადების პრაქტიკა თუ არ მოიშალა, სამართლიანი სახელმწიფო ვერასოდეს შედგება.
– ახლა რას აპირებთ?
– მინდა, სამართალდამცველებს ხმა მივაწვდინო, რომ არაფერს ვერჩით და ვპატიობთ უკანონობას, რაც გელასთან მიმართებაში ჩაიდინეს. ყალბი მტკიცებულებებით ისეთი საქმის შეკერვა უწევთ, რომელიც სახელმწიფოს ტვირთად დაედება და ოდესმე აუცილებლად ჩამოეშლებათ. ვიდრე შეტოპავენ, მათთვისაც ჯობს იპოვნონ ყველასთვის უწყინარი ფორმა უდანაშაულო გელა ჯოჯუას გასათავისუფლებლად. მეც და ჩემი ძმაც ანგარიშს ვუწევთ ქვეყანაში მიმდინარე მძაფრ მოვლენებს, არანაირად არ გვსურს, გელას უდანაშაულოდ დაპატიმრება მარგინალურმა ჯგუფებმა თითზე დაიხვიონ. ამით ისევ და ისევ, საქართველოს ინტერესები დაზიანდება.
ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც ძველი დრო-ჟამიდან გამომდინარე აუცილებლად ექნებოდა კანონზომიერი შეხება ქურდულ სამყაროსთან, უთუოდ კარგად მოეხსენება ამ სამყაროს პრინციპები და მინდა იცოდეს, რომ ჩემი ძმა, გელა ჯოჯუა არც პირადად მისი, არც საქართველოს სახელმწიფოს და მითუფრო, არც ქართველი ხალხის მტერი არასოდეს ყოფილა. მას ქართველი სამართალდამცველებისთვის პრობლემა და დილემა არასოდეს შეუქმნია, საქართველოში შემოსვლა იძულებით მოუწია და სამშობლოს საზღვრებს მაშინვე დატოვებს, როგორც კი, ობიექტურად საშუალება მიეცემა. ამის პირობას ვიძლევი პირადად მე, გოჩა ჯოჯუა, როგორც გელა ჯოჯუას ღვიძლი ძმა, როგორც სამგზის პარლამენტის წევრი, როგორც ჩემი სამშობლოს და სახელმწიფოს ერთგული მსახური და პატრიოტი!
ესაუბრა ზაზა დავითაია
წყარო: “ასავალ-დასავალი”