Home Blog Page 21

არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების კრიტერიუმი რეგისტრაცია არ არის, იქნება სტანდარტული მოთრხოვნები – კომპეტენცია და კეთილსინდისიერება”- პრემიერი

რეგისტრაცია არ არის კრიტერიუმი არასამთავრობოებზე დაფინანსების გაცემისთვის, დაფინანსების გაცემისთვის იქნება კონკრეტული კრიტერიუმები – გამოცდილება, კეთილსინდისიერება და კომპეტენცია, – ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც კონკურსი ცხადდება, ზოგადად არის ხოლმე ძირითადად ორი კრიტერიუმი – კომპეტენცია და კეთილსინდისიერება და ასე იქნება არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შემთხვევაშიც.

„არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებისთვის რეგისტრაცია არ არის კრიტერიუმი. მეტიც, ეს შეიძლება იყოს ორგანიზაცია, რომელიც საერთოდ არ ფინანსდება უცხოეთიდან, შესაბამისად არც ეკუთვნის რეგისტრაცია რეესტრში და მასაც შეუძლია, რა თქმა უნდა, განაცხადის შემოტანა. დაფინანსების გაცემისთვის იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, ეს არის ორგანიზაციის გამოცდილება, კეთილსინდისიერება და კომპეტენცია, რაც არის სტანდარტული კრიტერიუმები. ყველა მიმართულებით, როცა კონკურსები ცხადდება, ძირითადად ორი კრიტერიუმია, ესენია კომპეტენცია და კეთილსინდისიერება,”- აღნიშნა პრემიერმა.

,,მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ეროვნული ინტერესების დასაცავად”-პრემიერი

ბორდერიზაცია არის სწორედ 2012 წლამდე ჩადენილი დანაშაულის მემკვიდრეობა, მაშინ იქნა ჩადენილი კონკრეტული დანაშაული „ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ, როცა ჩააბარეს ჩვენი ტერიტორიების 20% და ბორდერიზაცია არის ამ ყველაფრის მემკვიდრეობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ამ მძიმე მემკვიდრეობის მიუხედავად, სახელმწიფო მაქსიმუმს აკეთებს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

„შეგახსენებთ, რომ გამსახურდიას დროს გაუქმებული საზღვრები თავიდან, კანონის დონეზე შემოხაზა „ნაცმოძრაობის რეჟიმმა. მათ თავიდან აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ძველი ოლქის საზღვრები და პირდაპირ შექმნეს იმ საზღვრებში ადმინისტრაციული ერთეული. დღევანდელი ბორდერიზაცია მიყვება სწორედ „ნაცმოძრაობის” მიერ აღდგენილ საზღვრებს, პირდაპირ იმ რუკებით მოქმედებენ, რომელიც დააკანონა „ნაცმოძრაობამ”. არ არსებობდა ეს საზღვრები 2006 წლამდე და 2006 წელს სწორედ „ნაცმოძრაობამ” დააკანონა ის საზღვრები, რასაც მიყვება დღეს ეს ბორდერიზაციის პროცესი. ეს ჩვენთვის არის შემაშფოთებელი, თუმცა ამ ყველაფერმა შეუქმნა რეალურად რუსეთის ფედერაციას ბორდერიზაციის საფუძველი. პირდაპირ დაუკანონეს საზღვრები საკუთარი კანონით”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, დღეს სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტიანად მუშაობს, რაც გამოიხატება იმაში, რომ არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის” მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს.

„თუ არ ჩავთვლით გახარიას ერთ-ერთ დავალებას, რამაც გამოიწვია ის, რომ ბორდერიზაცია განხორციელდა იმ ძველი საზღვრების მიღმა, სხვა შემთხვევაში არსებითად არ ყოფილა არც ერთი ასეთი შემთხვევა, როცა ბორდერიზაცია სცდება „ნაცმოძრაობის” მიერ დაკანონებული საზღვრების ფარგლებს. ეს არის ეფექტური მუშაობა. მაქსიმუმი კეთდება ამისთვის. რაც შეეხება გატაცება-მკვლელობას, იყო ძალიან მძიმე ფაქტები ამ კუთხით, თუმცა აქაც რაოდენობა თვისებრივად შემცირებულია. რომ ავიღოთ მკვლელობა-გატაცება, წინა ხელისუფლების პერიოდში რამდენჯერმე აღემატებოდა მაჩვენებელი ჩვენი ხელისუფლების პერიოდს, უბრალოდ მალავდნენ ამ ინფორმაციას, სამივე ტელევიზია იყო ერთ ხელში, მაშინდელი რეჟიმის ხელში და ეს ინფორმაცია იმალებოდა. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, მონაცემები რადიკალურად შემცირებულია და სწორედ ეს უკავშირდება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიან მუშაობას”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

,,თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება”- პრემიერი

ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება, სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი – ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე, –  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება.

„რუსეთის დაზვერვის ინფორმაციით, ეუთო-ოდირი წინასწარ დასკვნას დადებს არჩევნების არაკონკურენტულ გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით. მე არ მგონია, რომ ეს პროგნოზი იყოს სწორი. იმისათვის, რომ ეუთო-ოდირმა დადოს დასკვნა არაკონკურენტული არჩევნების შესახებ, ამისთვის ელემენტარული ხელჩასაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, რა, რომ ვიღაცეებს არ ჰქონდათ ბილბორდების განთავსების საშუალება, ან დაუბლოკეს რეგისტრაცია, ან საერთო გარემო არ იყო კონკურენტული. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა იყოს. დღეს ყველა ხედავთ, რომ რეგისტრირებულია უამრავი პარტია. ყველას შეუძლია რეკლამის განთავსება, შეუფერხებლად აგიტაციის წარმოება – სრული თავისუფლება არის უზრუნველყოფილი. ასეთ პირობებში როგორ უნდა დადოს ეუთო-ოდირმა დასკვნა არჩევნების არაკონკურენტულობის თაობაზე. ან იგივე, როდესაც საუბარია თავისუფალ არჩევნებზე. რაღაც ხელმოსაჭიდი ხომ უნდა ჰქონდეს. თქვენ ხედავთ, როგორ წარიმართება საარჩევნო პროცესები საქართველოში, როგორია საარჩევნო გარემო. როცა არაფერია ხელმოსაჭიდი, რა უნდა დაწეროს ეუთო-ოდირმა. ამიტომ, მე რუსეთის დაზვერვის ამ განცხადებას ვერ დავეთანხმებოდი. თუ ასეთ საარჩევნო გარემოს პირობებში ეუთო-ოდირი სხვა რამეს დაწერს, ამას ფასი ვერ ექნება. მთავარი შემფასებელი ამ არჩევნების იქნება ქართული საზოგადოება და ქართველი ხალხი. ეს არის ჩვენთვის მთავარი “, – განაცხადა პრემიერმა.

 ,,არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა”- ირაკლი კობახიძე 

წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა და რაც ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ხელისუფლება ისმენს ათასგვარ მუქარას, შანტაჟს და ამას  აქვს ერთადერთი მიზეზი – ის, რომ საქართველოში არ გაიხსნა მეორე ფრონტი.

„რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს საარჩევნო პროცესებზე საქართველოში. რაც შეეხება ზოგადად სურათს, ძალიან სამწუხაროა, რომ წლევანდელი არჩევნები წარიმართება უპრეცედეტო გარე ჩარევის ფონზე, რაც არის საარჩევნო პრინციპების უხეში დარღვევა, რაც ძალიან სამწუხაროა. ვისმენთ ათასგვარ მუქარას, შანტაჟს. ყველაფერს აქვს ერთადერთი მიზეზი – ის, რომ ჩვენ საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი. ამის გამო არიან გულდაწყვეტილი კონკრეტული ადამიანები და მათ აქვთ იმედი, რომ ამ არჩევნების შემდეგ მაინც მოახერხებენ საკუთარი აგენტურის დაბრუნებას ხელისუფლებაში, რათა გახსნან მეორე ფრონტი, რასაც ვერ ეღირსებიან, იმიტომ, რომ ქართული საზოგადოება ასეთ ძალას, სისხლიანი რეჟიმის ავტორებს არასდროს არ მოაბრუნებს ხელისუფლებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად რომ მუშაობს, იმიტომ არის მყარად დაცული საქართველოში მშვიდობა და უსაფრთხოება უწყვეტად, 12 წლის განმავლობაში.  როცა წინა რეჟიმს არ ჰქონდა არავითარი სისტემები და პირიქით, ავანტიურებს აწარმოებდა, მაშინ მოხდა სწორედ ომი, რამაც შეიწირა 400-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე, 30 000-ზე მეტი დევნილად იქცა”, – განაცხადა პრემიერმა.

„ნაცმოძრაობის” პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, რაც არის ტყუილი ”- ირაკლი კობახიძე

ვრცელდება ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის” პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში ყურძენზე ფასი იყო უფრო მაღალი, არის ტყუილი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, 2008-2011 წლის მონაცემებით, რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს და მერყეობდა 45-იდან 65 თეთრამდე, რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე.

„ჩვენი ოპონენტების მხრიდან ვრცელდება ყალბი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს ყურძენზე ფასი, მათი რეჟიმის პირობებში იყო უფრო მაღალი. რაც შეეხება რეალურ სურათს და მონაცემებს, მათი რეჟიმის პირობებში, 2008-2011 წლის მონაცემებით, რქაწითელზე ყურძნის ფასი არ აღემატებოდა 65 თეთრს, მერყეობდა 45-იდან 65 თეთრამდე, ანუ ტყუილია, რასაც ისინი ამბობენ. რაც შეეხება საფერავის ჯიშის ყურძენს, მათი რეჟიმის პირობებში ფასი მერყეობდა 65 თეთრიდან 75 თეთრამდე. სოცმედიაში არის ასევე ვიდეორგოლები, სადაც „ნაცმოძრაობის” პოლიტიკოსები ამტკიცებენ, თითქოს მათი რეჟიმის პირობებში საფერავის ფასი იყო 1 ლარი და 80 თეთრი, რაც არის ტყუილი. ერთ ლარს შეადგენდა ფასი მხოლოდ 2012 წელს, იმ პირობებში, როდესაც ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განახორციელა ყურძნის სუბსიდირება. ყველა სხვა შემთხვევაში მათ რქაწითელზე მაქსიმალური ფასი მათ ჰქონდათ 65 თეთრი, ხოლო საფერავზე 75 თეთრი.  რაც შეეხება შემდგომ წლებს, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, იყო რამდენიმე წელი, როდესაც საფერავზე ფასი შეადგენდა 1 ლარს და 80 თეთრს, ზოგ შემთხვევაში 2 ლარზე მეტსაც კი, თუმცა ეს ფასი განისაზღვრებოდა საბაზრო ურთიერთობების შესაბამისად. იმ პირობებში, როდესაც მოსავალი იყო ნაკლები, ფასი იზრდებოდა, როდესაც მოსავალი იზრდებოდა, ეს განაპირობებდა ფასის შემცირებას. როგორც უკვე აღინიშნა, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სუბსიდირების თაობაზე, 1 ლარით და 50 თეთრით განისაზღვრება საფერავზე ფასი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კახელი გლეხებისთვის, რომლებიც რთველის პერიოდში არიან და მათი ინტერესია მოსავლის სრულად დაბინავება, – განაცხადა პრემიერმა.

,,მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ” – ირაკლი კობახიძე

როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობის ოპონენტებს არაფერი აქვთ სათქმელი და დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ.   

„რეალურად, მთავრობის ოპონენტების დღის წესრიგი არის სწორედ ასეთი, მათ არაფერი აქვთ სათქმელი ხალხის წინაშე და ისინი, სინამდვილეში, კამპანიას აწარმოებენ ქვეყნის გარეთ, რაც, რა თქმა უნდა, დამატებით ხელს შეუწყობს მათ წარუმატებლობას  ამ არჩევნებზე. როცა გაქვს არჩევნები, უნდა ელაპარაკო საკუთარ ხალხს და არა უცხოელ მფარველებს, ეს არის აქსიომა ნებისმიერი არჩევნებისთვის.  მათ, რეალურად, არაფერი აქვთ სათქმელი, დაპირებებსაც კი ვერ გასცემენ თუ არ ჩავთვლით აბსოლუტურ სიყალბეს, რაც ვრცელდება ხოლმე, მაგალითად 14 მლრდ დოლარი, რაც არის ჩვეულებრივი ტყუილი, არსად არ არსებობს ეს 14 მლრდ, ჩვეულებრივი ტყუილის თქმა გადაწყვიტეს და დადეს ეს ტყუილი მაგიდაზე. უბრალოდ, სამარცხვინოა ეს ყველაფერი, თუმცა საზოგადოება იმდენად გამოცდილია, რომ ასეთ ტყუილებს არ იყიდის. 

14 მლრდ მართლა არსად არ არსებობს. რეალურად,  თუ ავიღებთ ჩვენი ზომის, ეკონომიკის კუთხით, ევროკავშირის წევრ ქვეყანას, დაახლოებით 500 მლნ დოლარამდე შეადგენს ყოველწლიური მხარდაჭერა. 14 მლრდ დოლარი არ არსებობს არსად, ასეთი დახმარება არავის არ მიუღია, ასეთი მხარდაჭერა არავის არ მიუღია. შესაბამისად, ეს არის მორიგი ტყუილი, რომელსაც ისინი ავრცელებენ. თავიდან ავრცელებდნენ კიდევ ერთ ტყუილ დაპირებას – 500 ევრო პენსია, რაც იყო ასევე ჩვეულებრივი ტყუილი და იმდენად უხეში ტყუილი იყო, რომ თვითონვე წაიღეს უკან ეს დაპირება რამდენიმე დღეში. პენსიის ზრდა არის თავიდან ბოლომდე დამოკიდებული ეკონომიკის ზრდაზე და ვინც ოდნავს ერკვევა ეკონომიკაში, შეიძლება დაბეჯითებით დაგვეთანხმოს იმაში, რომ 500 ევრო პენსია არის ჩვეულებრივი ტყუილი, რასაც ისინი აწვდიდნენ საზოგადოებას. ასეთი ტყუილებით, ეს ადამიანები ფონს ვერ გავლენ. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი პოლიტიკური ძალა ამ არჩევნებზე, რომელიც შესთავაზებს საზოგადოებას ერთდროულად თან ამბიციურ და თან განხორციელებად დაპირებებს და გეგმებს, ამას იხილავს საზოგადოება პირველ ოქტომბერს, როდესაც ჩვენი პოლიტიკური ძალა წარადგენს საარჩევნო პროგრამას”, –  განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,სიღარიბის დაძლევა ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანაა” – პრემიერი

სიღარიბის დაძლევა არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა – ორიდან ერთ-ერთი უმთავრესი; ერთი არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მეორე – სიღარიბის განულება, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც „ქართული ოცნება” მოვიდა ხელისუფლებაში, სიღარიბის მაჩვენებელი 30%-ს შეადგენდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 120 000 ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა.

„უკვე შარშანდელი მონაცემებით, სიღარიბის ზღვარს  მიღმა ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების 11,8%, რაც ნიშნავს იმას, რომ 440 ათასი არის მაჩვენებელი. თავის მხრივ, ეს იმას ნიშნავს, რომ 2012 წლიდან დღემდე 680 ათასმა ადამიანმა დაძლია სიღარიბე. თუმცა, ჩვენთვის რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელიც ვერ იქნება დამაკმაყოფილებელი. როცა ჩვენი 440 ათასი თანამოქალაქე ცხოვრობს სიღარიბის ზღვარს მიღმა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. თუმცა, უკვე წელს ველოდებით სიღარიბის მაჩვენებლის სერიოზულ კლებას. იმედი გვაქვს, წლის ბოლოს ერთნიშნამდე შემცირდება სიღარიბის მაჩვენებელი და ამ ტემპით უნდა გავაგრძელოთ”, – განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი კობახიძის თქმით, როდესაც საუბარია სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, სწორედ ამას მოაქვს სიღარიბის და უმუშევრობის შემცირება, დასაქმება და ყველა მიმართულებით არის ძალიან კარგი ტემპები.

„მთავარია, ეს ტემპები შევინარჩუნოთ. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ 2030 წლისთვის უკვე შევძლებთ როგორც უმუშევრობის, ისე სიღარიბის მიმართულებით მონაცემების განულებას. ეს არის აბსოლუტურად რეალური. 2028 წლისთვის ეს მონაცემები უკვე მინიმუმამდე დავა და ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საარჩევნო დაპირება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

,,სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს”- პრემიერი

ირაკლი კობახიძე – სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას

მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის. 

„ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ საქართველო ღვინის სამშობლოა, ხოლო ქართული ღვინო ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი. შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ საქართველოს ხელისუფლების ძალისხმევის შედეგია, რომ 2012 წლის შემდეგ საქართველოში 70 პროცენტით გაიზარდა ვენახების ფართობი, 5-ჯერ გაიზარდა ყურძნის გადამუშავების მაჩვენებელი და 4-ჯერ გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი. შარშან საქართველომ ღვინის ექსპორტიდან 259 მილიონი დოლარის რეკორდული შემოსავალი მიიღო, როცა 2012 წელს შემოსავალი მხოლოდ 71,5 მილიონ დოლარს შეადგენდა. 35 მილიონი ლარიდან 300 მილიონ ლარამდე გაიზარდა მევენახეების შემოსავალი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, ყურძნის წლევანდელი საპროგნოზო მოსავალი რეკორდულია და 300 ათას ტონას შეადგენს.

„საქართველოს მთავრობა წელსაც ახორციელებს დარგის სუბსიდირებას, რათა 20 ათასზე მეტმა მევენახემ მოსავლის დროულად რეალიზება შეძლოს. დღევანდელი მდგომარეობით, უკვე გადამუშავებულია 80 ათასი ტონა ყურძენი. წელს რეკორდულია საფერავის ჯიშის ყურძნის მოსავალიც. ინტენსიურად მიმდინარეობს ყურძნის ჩაბარება და უკვე გადამუშავებულია 35 ათასი ტონა ყურძენი. თუმცა, კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, გახდა საჭირო, მოსავალი მაქსიმალურად სწრაფად დაბინავდეს, რათა ყურძენი არ გაფუჭდეს და მისი გადამუშავება დროულად მოხდეს. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად მზარდია ყურძნის ჩაბარებაზე მოთხოვნა მევენახეების მხრიდან.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამოვყოთ დამატებითი რესურსი და სახელმწიფო კომპანია საფერავის ჯიშის ყურძენს ათამდე ლოკაციაზე ლარნახევრად ჩაიბარებს. ამასთან, მევენახეებს, რომლებსაც დღემდე ლარნახევარზე ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავის ჯიშის ყურძენი, საქართველოს მთავრობა დაუკომპენსირებს სხვაობას ლარნახევარსა და მიღებულ საფასურს შორის.

მადლობა მინდა გადავუხადო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ოთარ შამუგიას აგრეთვე საქართველოს ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ამ გადაწყვეტილების მხარდაჭერისთვის. საქართველოს მთავრობა მომავალშიც განაგრძობს სოფლის მეურნეობის განვითარებას და კონკრეტულად, მევენახეობა-მეღვინეობის მხარდაჭერას, რადგან ძლიერი სოფლის მეურნეობა ძლიერ გლეხს, ძლიერ ფერმერს და ძლიერ სოფელს ნიშნავს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

,,ეკა გიგაურის მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ინტერესს ემსახურებოდა”- გივი მიქანაძე

ამერიკის შეერთებულ შტატებში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს საკითხზე ეკა გიგაურის გამოსვლას მმართველ გუნდში კრიტიკა მოჰყვა.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” ხელმძღვანელის მოხსენება რადიკალური ოპოზიციის ინტერესს ემსახურებოდა.

“ხელისუფლება ანტიამერიკულ რელსებზე არ გადასულა. ეკა გიგაური, როგორც ოდიოზური პიროვნება, საზოგადოებაში ჩამოყალიბდა, როგორც ადამიანი, რომელიც ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ მის პატრონებს და ეწევა იმ პოლიტიკას, რომელიც რადიკალური ფრთის მხარდაჭერას გულისხმობს”, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

,,რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა” – პენტაგონი

რუსული ჯარი კურსკის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა, თუმცა ის ჯერ უმნიშვნელოა, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის სპიკერმა, გენერალ-მაიორმა პეტ რაიდერმა.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ვხედავთ, რომ რუსულმა ქვედანაყოფებმა კურსკის ოლქში კონტრშეტევა წამოიწყეს. მოცემულ ეტაპზე ვიტყოდი, რომ ის უმნიშვნელოა, თუმცა ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მას“, – თქვა რაიდერმა.

მისი თქმით, კიევი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ უკრაინას აშშ-ის დახმარების იმედი უნდა ჰქონდეს პოტენციური ან რეალური რუსული თავდასხმების მოგერიების დროს.

რაიდერმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ამერიკის პოზიცია უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე ამერიკული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით არ შეცვლილა.

,,რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს”- კირ სტარმერი

რუსეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და შეუძლია, ახლავე დაასრულოს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა. ინფორმაციას „ბიბისი” ავრცელებს.

„რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია, დაუყოვნებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რუსეთმა დაიწყო ეს. ისინი არიან კონფლიქტის გამომწვევი“, – განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმა.

ეს განცხადება სტარმერმა პუტინის განცხადების საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე შორ მანძილზე მოქმედი იარაღით დარტყმის უფლებას მისცემენ, ეს გადაწყვეტილება კონფლიქტში დასავლეთის უშუალო მონაწილეობის მანიშნებელი იქნება.

სტარმერი ამჟამად ვაშინგტონში იმყოფება, სადაც დღეს აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს შეხვდება.

სტარმერმა განაცხადა, რომ ვიზიტის დროს არ შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტსა და საპრეზიდენტო კანდიდატს, კამალა ჰარისს.

ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში კიდევ ერთ ჯილდოზეა წარდგენილი

7 ოქტომბერს ავსტრიის ბუნდესლიგის ტრადიციული ღონისძიება „ბრუნო“ (ცნობილი ავსტრიელი ფეხბურთელის, ბრუნო პეცაის სახელობის დაჯილდოება) გაიმართება, სადაც სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე ოთარ კიტეიშვილია წარდგენილი – ღონისძიების ორგანიზატორია ავსტრიის პროფესიონალ ფეხბურთელთა კავშირი.

სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოზე, კიტეიშვილის გარდა, გრაცის „შტურმის“ კიდევ ორი მოთამაშეა წარდგენილი – ჯონ გორენც-სტანკოვიჩი და ალექსანდრ პრასი, რომელიც ზაფხულში „ჰოფენჰაიმში“ გადავიდა.

გამოკითხვა ავსტრიის ფეხბურთელთა ასოციაციამ (VDF) ჩაატარა, „ბრუნოს“ გამარჯვებულები 7 ოქტომბერს ვენის „მარქს ჰოლში“ გამოვლინდებიან. სეზონის საუკეთესო ლეგიონერის ჯილდოზე კონრად ლეიმერი, მარსელ ზაბიცერი და ქსავერ შლაგერი არიან წარდგენილი.

შეგახსენებთ, რომ ოთარ კიტეიშვილი უკვე დაასახელეს ავსტრიის ბუნდესლიგის გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშედ, ხოლო „ტრანსფერმარკტმა“ ქართველი ნახევარმცველის ფასი სამიდან ხუთ მილიონამდე გაზარდა.

ოთარ კიტეიშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრებში, რომელმაც ჩეხეთი (4:1) და ალბანეთი (1:0) დაამარცხა და ჯგუფში პირველ ადგილზეა.