Home Blog Page 21

მთავრობამ პრეზიდენტს ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე ხატია წილოსანი წარუდგინა

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე პრეზიდენტს ხატია წილოსანის კანდიდატურა წარედგინა. შესაბამისი განკარგულება მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-5 მუხლის „ღ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, 2025 წლის 10 ივლისიდან ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობაზე საქართველოს პრეზიდენტს დასანიშნად წარედგინოს ხატია წილოსანის კანდიდატურა“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს

რუსეთმა და უკრაინამ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის ტყვეები გაცვალეს. გაცვლის მორიგი ეტაპი სტამბოლში მიღწეული შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, პროცესი უახლოესი დღეების განმავლობაში ეტაპობრივად გაგრძელდება.

„სტამბოლის შეთანხმების მიხედვით, ტყვეების გაცვლის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაგრძელდება. ამ ჯერზე გავცვალეთ მძიმედ დაჭრილი და 25 წლამდე ასაკის სამხედროები. ვვარაუდობთ, რომ პროცესი ერთი დღით არ შემოიფარგლება. დეტალები საკმაოდ დელიკატურია, ამიტომაც ახლა ინფორმაცია ჩვეულებრივზე ცოტაა. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ჩვენი ხალხის რუსული ტყვეობიდან შინ დაბრუნებაზე მუშაობს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შსს-ში საკადრო ცვლილებები განხორციელდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. კერძოდ, უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კუპატაძე დაინიშნა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ;

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ამავე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დავით კიკნაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა ვაჟა სირაძე;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაისურაძე დაინიშნა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თეიმურაზ კალანდაძე დაინიშნა მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა ლევან კვიციანი;

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გურამ ნაცვლიშვილი დაინიშნა სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი რამაზ თათარაშვილი დაინიშნა იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ზაზა ცხაკაია დაინიშნა გურიის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად;

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად დაინიშნა თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ მურადაშვილი;

“შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საკადრო ცვლილებები სისტემის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებასა და განვითარებას ემსახურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც შსს ავრცელებს.

„ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა… ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს“ – გიორგი ვოლსკი

„ჩვენ ხომ ოპოზიცია აღარ გვყავს, მცირე გამონაკლისის გარდა. ეს არის ადამიანების ჯგუფი, რომელიც გაერთიანდა იმისთვის, რომ ქვეყანაში რევოლუციური პროცესი განავითაროს,“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, გიორგი ვოლსკიმ „ღამის კურიერის“ ეთერში ისაუბრა.

მისივე თქმით, ოპოზიცია ვერ სთავაზობს საზოგადოებას წინასაარჩევნო პროგრამებს აქტუალურ თემებთან დაკავშირებით.

„რეალურად, არცერთი სიტყვა არ თქმულა ისეთ თემებთან დაკავშირებით, როგორიცაა თუნდაც საბანკო სისტემის განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, – უამრავი დარგია. საპროგრამო რაიმე ხომ უნდა ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ არჩევნები გაყალბდა/არ გაყალბებულა და საგარეო კურსი შეიცვალა, – ამით უნდათ, მოიზიდონ რაც შეიძლება ბევრი რადიკალურად მოაზროვნე, მოფიქრალი და მოქმედი ადამიანი,“ – აცხადებს ვოლსკი.

10 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, მეტად დაისვენოთ. თუ გაქვთ საშუალება, სამსახურებრივი საქმეები სახლიდან მოაგვარეთ. მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა კი სამომავლოდ სჯობს, გადადოთ.

კურო

ნაყოფიერი დღეა. ნებისმიერი საქმე წარმატებით დაგვირგვინდება, ამასთან, იყავით მეტად თავდაჭერილი, შესაძლოა, დღეს სწორად ვერ გაგიგონ, მოძებნეთ კომპრომისი.

ტყუპები

შესაძლოა, ეს დღე ძალიან ნაყოფიერი იყოს ერთ რომელიმე საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, მიზანთან დასაახლოებლად დიდი ძალისხმევა, ენერგიულობა და ინტუიციური სვლა დაგჭირდებათ.

კირჩხიბი

ერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტსა და დაპირისპირებას. დიპლომატია, თავშეკავება და ზომიერება დღეს მეტად წაგადგებათ.

ლომი

თქვენი ოცნება ფრთებს ისხამს, ახლოს ხართ მიზნებთან, შეუპოვარი განწყობა და ენერგიის მოზღვავება ხელს გიწყობთ საწადელს მიაღწიოთ.

ქალწული

დაფიქრდით პრიორიტეტებზე და მთავარ საკითხზე. შეანელეთ საქმიანობის ტემპი. დამშვიდდით, დაკავდით რაიმე სიახლით. დააბალანსეთ აგრესია.

სასწორი

თქვენი სურვილების ასრულებისთვის, საჭიროა,  შეცვალოთ ტაქტიკა და იმოქმედოთ არასტანდარტული გზითა და უჩვეულო ხერხებით. გამოიყენეთ თქვენი ანალიტიკური უნარები.

მორიელი

იდეალური დროა ცხოვრებისეული სიტუაციების მოწესრიგებისა და ძველი ურთიერთობების დასალაგებლად.

მშვილდოსანი

დღის განმავლობაში, მოზღვავებულმა ემოციებმა შესაძლოა, პესიმისტურად განგაწყოთ სამყაროსა და ზოგადად ადამიანების მიმართ. ემოციები გააკონტროლეთ და ყველაფერი დალაგდება.

თხის რქა

საქმესა და ახალი პარტნიორების მოზიდვაზე ხართ ორიენტირებული. მოლაპარაკებების დროს, ეცადეთ, მეტად დაკვირვებული იყოთ. ამ დღემ შესაძლოა, მნიშვნელოვანი დადებითი ცვლილებები მოგიტანოთ.

მერწყული

ბევრი წვრილმანი პრობლემაა, კარგი იქნება, რამდენიმე დღის გეგმა წინასწარ გაწეროთ. აკონტროლეთ ემოციები და განეწყვეთ ოპტიმისტურად. ეს მტრებს ბრძოლის ხალისს დაუკარგავს.

თევზები

თქვენში გამძაფრდება შემოქმედებითი პოტენციალი. შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა მოგიწიოთ. მოვლენები პოზიტიურად ვითარდება.

,,გარანტიას გაძლევთ, კიდევ ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ”- მდინარაძე

დუმილი ყველამ ვიცით, რომ თანხმობის ნიშანია, მაგრამ, ამ შემთხვევაში, თავხედობის ნიშანია, იმიტომ, რომ ითავხედეს თავის დროზე და უმარტივესი ჭეშმარიტება გააკრიტიკეს, რომ ცუდია არაიდენტიფიცირებადი დამრღვევი, – ასე შეაფასა “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ, ქართული არასამთავრობო სექტორის დუმილი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაზე, საპროტესტო აქციებზე ნიღბების ტარების აკრძალვასთან დაკავშირებით, იმ ფონზე, რომ ანალოგიურ აკრძალვას საქართველოში ისინი მწვავედ აკრიტიკებდნენ.

მდინარაძის განცხადებით, 10 წლის წინ რომ ვინმეს ეთქვა, საქართველო აშშ-ს კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას დაასწრებდა, ამის გამო, დასცინებდნენ, თუმცა, ახლა ეს რეალობა შეცვლილია და მისივე თქმით, მომავალში კიდევ ბევრ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ აშშ-სა და ევროპაში, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო. “თუ შენ კანონდამრღვევის იდენტიფიცირებას ვერ ახდენ, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი იდენტიფიცირება გაადვილდეს. ეს არის საფუძველი საქართველოშიც, აშშ-შიც უკვე, იმისა, რომ ნიღბების ტარება აიკრძალა აქციების დროს, ისე, სხვა ადგილას და სხვა დროს, ნიღბის ტარებას არავინ არავის უკრძალავს. თქვენთვის რომ 10 წლის წინ ვინმეს ეთქვა, საქართველო კანონების და გადაწყვეტილებების მიღებას, ერთი წლით, ორი წლის, რამდენიმე თვით დაასწრებს აშშ-ს, ჯერ საქართველოში იტყვიან რაღაცას, შემდეგ იტყვიან იმავეს ამერიკაში, ჯერ საქართველოში მიიღებენ კანონს, შემდეგ ამერიკაში. 10 წლის წინ, ხომ ძალიან დასაცინები გავხდებოდით – მართლები ვიქნებოდით, ოღონდ დაგვცინებდნენ. ეს არის რეალობა, რომელიც უკვე წარსულს ჩაბარდა და კიდევ გაძლევთ გარანტიას, ბევრი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ამერიკაშიც, ევროპაშიც, რომელიც საქართველომ უკვე მიიღო და ამით, მე პირადად, ვამაყობ.” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

,,მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა”- მამუკა მდინარაძე

გვინდა, წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

მან საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე განხილულ საკითხების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდა.

„პირველი საკითხი არის, ჩვენს საზოგადოებას გავრცელებული კადრებიდან თუ არსებული რეალობიდან გამომდინარე ბოლო პერიოდში რაც ძალიან აწუხებს. ჩვენ ამ გამოწვევების ადეკვატურად, გვინდა, რომ წარმოგიდგინოთ საპარლამენტო უმრავლესობის ახალი ინიციატივა, საერთაშორისო დაცვის შესახებ საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს შემდეგს.

სისხლის სამართლის კოდექსს ემატება სასჯელის ახალი სახე – უცხოელის საქართველოდან გაძევება და განსაზღვრული ვადით საქართველოში შემოსვლის აკრძალვა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ჩაემატება ასევე ადმინისტრაციულ სახდელის ახალი სახე, უცხოელის საქართველოდან გაძევება და უცხოელის საქართველოში შემოსვლის აკრძალვა. მნიშვნელოვნად იზრდება ჯარიმები იმ უცხოელებისთვის, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესი დაარღვიეს და მნიშვნელოვნად მარტივდება ქვეყანაში არალეგალურად მყოფ უცხოელთა გაძევების პროცედურა“, – განაცხადა მდინარაძემ.

,,ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ. ამან შეიძლება მოგკლათ“- ლოს-ანჯელესის პოლიციის უფროსი

ლოს-ანჯელესის პოლიციის ხელმძღვანელმა, ჯიმ მაკდონელმა განაცხადა, რომ ძალადობის დონე ლოს-ანჯელესში, ანტი-საიმიგრაციო საპროტესტო აქციებზე ამაზრზენია.

„ძალადობა, რაც ვიხილე, ამაზრზენია. მოვლენები ახლა ესკალაციას განიცდის. ის, რაც პირველ ღამეს ვნახეთ, ცუდი იყო. ამის შემდეგ კი [სიტუაცია] სულ უფრო უარესდება და ძალადობრივი ხდება. დღეს ღამით იქ იყვნენ პირები, რომლებიც ჩვენს ოფიცრებს ფოიერვერკებს ესროდნენ. ამან შეიძლება მოგკლათ“, – აღნიშნა ჯიმ მაკდონელმა.

ლოს-ანჯელესში არეულობა გრძელდება. ათასობით ადამიანი ქუჩებში შაბათს გამოვიდა ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკის გასაკრიტიკებლად.

მოგვიანებით მიტინგი პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა. ტრამპმა კვირას ქალაქში ეროვნული გვარდიის შეყვანის ბრძანება გასცა, რამაც მომიტინგეებში უფრო დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.

მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება – ლავროვი

მოსკოვი მზად იქნება, განაახლოს მოლაპარაკებები შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სტაბილურობის შესახებ, როდესაც დისკუსია თანაბარ პირობებში წარიმართება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, სტრატეგიულ სტაბილურობაზე მოლაპარაკებების დაწყებამდე, ამ ეტაპზე, დამატებითი ძალისხმევაა საჭირო.

ლავროვის განმარტებით, რუსეთი აშშ-ის ამჟამინდელ ადმინისტრაციასთან უფრო ნორმალურ ურთიერთობაშია, ვიდრე ბაიდენის ადმინისტრაციასთან იყო. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მოსკოვმა არ იცის, როგორ არის ტრამპი ინფორმირებული უკრაინის მიერ რუსეთზე თავდასხმების შესახებ.

ლავროვმა ასევე თქვა, რომ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ამერიკელი მრჩევლების დიდი რაოდენობა ზის.

„უკრაინაში სპეცოპერაცია გაგრძელდება, თუმცა პარალელურად რუსეთი მზადაა დიპლომატიური ზომებისთვის. ადგილზე მიღწეული სპეცოპერაციის შედეგები ერთ დღეს სამართლებრივი დოკუმენტების სახით გაფორმდება“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

კეროლაინ ლევიტი – კალიფორნიის გუბერნატორს არაფერი გაუკეთებია, როდესაც ლოს ანჯელესში დღეების განმავლობაში ძალადობრივი არეულობები იყო

თეთრი სახლის პრესმდივანი კეროლაინ ლევიტი კალიფორნიის გუბერნატორს ლოს ანჯელესში ძალადობრივი არეულობების დასასრულებლად უმოქმედობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ X-ში წერს. ლევიტის განცხადებით, გუბერნატორი გევინ ნიუსომი ზედმეტად სუსტი იყო ქალაქის დასაცავად.

„გევინ ნიუსომს არაფერი გაუკეთებია, როდესაც ლოს ანჯელესში დღეების განმავლობაში ძალადობრივი არეულობები მიმდინარეობდა. ფედერალური სამართალდამცავი ორგანოების ოფიცრებს თავს დაესხნენ მოძალადე რადიკალები და არალეგალური კრიმინალები, რომლებიც აფრიალებდნენ უცხოურ დროშებს, რადგან გუბერნატორი ნიუსომი ზედმეტად სუსტი იყო ქალაქის დასაცავად. ლოს ანჯელესის პოლიციის უფროსმა კი თქვა, რომ არეულობები კონტროლიდან გადიოდა. პრეზიდენტი ტრამპი ჩაერთო კანონის და წესრიგის შესანარჩუნებლად და ფედერალური შენობების დასაცავად“, – წერს კეროლაინ ლევიტი.

ამასთან, თეთრი სახლის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ ლოს ანჯელესში არეულობები ადასტურებს, რომ საჭიროა საიმიგრაციო აღსრულებისთვის მეტი პერსონალი და რესურსი.

„ამერიკამ უნდა უკუაქციოს ჯო ბაიდენის მიერ დაწყებული მილიონობით შეუმოწმებელი არალეგალი უცხოელი დამპყრობლის შემოჭრა ჩვენს ქვეყანაში. სწორედ ამიტომ, პრეზიდენტ ტრამპის „დიდი, მშვენიერი კანონპროექტი“ აფინანსებს, სულ მცირე, ერთ მილიონ დეპორტაციას წელიწადში და ამატებს საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის ათი ათასს პერსონალს, ხუთი ათასს ახალ მებაჟე ოფიცერს და სასაზღვრო პატრულის სამი ათასს აგენტს“, – წერს თეთრი სახლის პრესმდივანი.

ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც წარმომადგენელთა პალატამ წინა თვეში დაამტკიცა და რომელსაც დონალდ ტრამპი „დიდ, მშვენიერ კანონპროექტს“ უწოდებს, ითვალისწინებს თავდაცვისა და საზღვრის უსაფრთხოებისთვის ხარჯების გაზრდას, საგადასახადო შეღავათებს, ასევე სახელმწიფო ვალის ლიმიტის გაზრდას. სწორედ ეს კანონპროექტი გახდა პრეზიდენტ ტრამპსა და „ტესლას“ დამფუძნებელ ილონ მასკს შორის უთანხმოების მიზეზი.

რა ეღირება დოლარი და ევრო 10 ივნისს

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7311 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7311 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7315 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0004 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.1186 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.1202 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0016 ლარი შეადგინა.

პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ – გაწაფულია ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში – დავით მათიკაშვილი

პირველი ზღაპარი არ არის, რომელიც ბოკუჩავასგან მოვისმინეთ – გაწაფულია ეს ქალბატონი რაღაცების შეთხზვაში, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისი თქმით, თუ ვინმეს რაიმე პრეტენზია გააჩნია, შეუძლია სამართალდამცავ ორგანოებს მიმართოს.

„ამ ქვეყანას ჰყავს თავისი სამართალდამცავი ორგანოები, სასამართლო სისტემა და თუ ვინმეს პრეტენზიები გააჩნია, შეუძლია შესაბამის ორგანოებს მიმართოს. ბოკუჩავასგან რომ არაერთი სისულელე, ტყუილი და ზღაპარი გვაქვს მოსმენილო, კარგად ახსოვს საზოგადოებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ მის მეუღლეს, კოტე იოსელიანს საცხოვრებელი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე 5 ნიღბიანი პირი ჩაუსაფრდა, თავს დაესხნენ და გაიტაცეს. ამის შესახებ ბოკუჩავამ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მისი მეუღლის მიერ ვიდეოს ჩაწერას გამოეხმაურა, სადაც ის უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის.

მისივე თქმით, გამტაცებლები, მის მეუღლეზე 8 საათის განმავლობაში ზეწოლას ახორციელებდნენ და ემუქრებოდნენ ბავშვების უსაფრთხოებით.

როგორც ბოკუჩავამ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ კოტე იოსელიანი “მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდა ე.წ მოდულის შენობაში”.

ამასთან, ბოკუჩავას თქმით, მომხდარის რეალური მიზეზი მისი დაშინება და გაჩუმებაა.

შეგახსენებთ, გუშინ კოტე იოსელიანმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ბოდიშს უხდის ბიძინა ივანიშვილის შვილს, უტა ივანიშვილის, რამდენიმე წლის წინ მისი მისამართით გაკეთებული განცხადების გამო.