Home Blog Page 2096

“გაგდებამდე უნდა წერო საჯაროდ სიმართლე”- თამარ ჩერგოლეიშვილი სალომე სამადაშვილს მიმართავს

“გაგდებამდე უნდა წერო
საჯაროდ სიმართლე, თორემ ჭორაობას რომ გამოგიქვეყნებენ, გაგაგდებენ და აცოცების შანსი გერთმევა – ამის შესახებ “ტაბულას დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“თავი სულელი არასოდეს მგონებია, მაგრამ 2012-მდე, მეგონა რომ არსებობდნენ ჩემზე მცოდნე და ჭკვიანი ადამიანები, რომლებსაც ჩემზე უკეთ ესმით პოლიტიკა – მეტი ნდობა მქონდა პოლიტიკური ელიტის მიმართ

2012 წლის მერე ნანახით მივხვდი, რომ ასეთი ადამიანები არ არსებობენ.

ამიტომ ავიღე და 2013 წელს ევროსაბჭოსთან კონტრაქტი გავწყვიტე – ჩავთვალე, რომ გიგას უნდა დავეხმარო (დავინახე რამხელა პრობლემების წინაშე დგას, ფაქტობრივად –  მარტო)  და აქ უფრო საჭირო ვარ, ვიდრე სტრასბურგში.

ამის მერე დაიწყო რაც დაიწყო …

მე ისე ვმოქმედებდი, როგორც მე ვთვლიდი სწორად.

ვთვლიდი, რომ მზის სხივი საუკეთესო დიზინფექტორია და პრობლემებზე ხმამაღლა უნდა ვილაპარაკო, რომ მოვაგვარო.

მიმაჩნდა რომ თუ წესებს დავიცავდი (არ მოვიტყუებოდი,  ცილს არ დავწამებდი, არ ვიბოზებდი …) და დაუღალავად ვაკაკუნებდი – გამეღებოდა, თუ დაუღალავად მოვითხოვდი – მომეცემოდა.

(ეს ლოგიკა სულ მუშაობს ჩემთვის, ასე ვიღებ – რაც მინდა).

როცა ჩემს წვეტიან აზრებს საჯაროდ ვწერდი, ჩემი მაშინდელი გარემოცვა (🤢) ძალიან წუხდა – საჯაროდ ნუ წერო, თორემ კერძო საუბრებში თავად უარესებს იძახდნენ (ამიტომ ამერია გული და უკანმოუხედავად შემზიზღდნენ ოდისევსოს ბღავილი რომ დაიწყეს – მე ხომ ვიცი, რას ლაპარაკობდნენ მანამდე).

ხოდა სასაცილო ის იყო, რომ ვინც მე პატიოსნად მოქცევისთვის და სიმართლის საჯარო თქმისთვის მლანძღავდა – იმას კერძო საუბრებს უქვეყნებნენ ქოცები და უარეს შარებში ეხვეოდნენ.

სალომე სამადაშვილი ამის მაგალითია  – გაგდებამდე უნდა წერო
საჯაროდ სიმართლე, თორემ ჭორაობას რომ გამოგიქვეყნებენ, გაგაგდებენ და აცოცების შანსი გერთმევა, მერე რა უნდა”- წერს ჩერგოლეიშვილი.

“გუშინ პარლამენტში მომხდარი ნიშნავდა ლუსტრაციას” – გია ვოლსკი

გუშინ იყო აბსოლუტურად უტიფარი, ყოველგვარ ზღვარს გადასული განცხადებები და შეტევა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩათვალა, რომ ხმა მიეცა კანდიდატებისთვის და შესრულებულიყო ევროკომისიის პრინციპული რეკომენდაცია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, შეტევა და იმ ადამიანების ლანძღვა, ვინც ხმა მისცა და ასევე ვისაც ხმა მისცეს, დაუმსახურებელი და უსაფუძვლო იყო.

„ეს ყველაფერი ლუსტრაციას ნიშნავდა, რომ რეკომენდაციის შესრულება არ არის იმ ინტერესში, რომელიც გააჩნია „ნაცმოძრაობის“ „მებრძოლ კოალიციას“. მათი მიზანია, რეკომენდაციები არ შესრულდეს და არ დაკომპლექტდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. ეს იმდენად ნათელი გახდა, რომ არ ვიცი, გუშინდელი სკანდალიდან როგორ შეიძლება გამოვიდნენ. თქვეს, რომ იყო გარიგება, ფული გადაიხადეს, ფული ჯოჯოხეთს ანათებს და ა.შ. სრულიად უნამუსო და უტიფარი განცხადებები გააკეთეს. არ შეიძლება, ასეთი გარიგება შემდგარიყო. ასეთი გარიგება არ ყოფილა, ეს არ არის „ნაცმოძრაობა“, რომელიც აღზევებული იყო და დაკავებული გარიგებებით და ხალხის დაშინებით, ინტრიგებით. მათ სხვა რესურსი არ ჰქონდათ. თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველოსთვის ასე უკეთესია, რომ რეკომენდაცია შესრულდეს, რატომ შეიძლება იმ იდეას უპირისპირდებოდეს, რაც აქვთ ხაბეიშვილსა და კეზერაშვილს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

პარლამენტმა იუსტიციის საბჭოს სამი არამოსამართლე წევრი აირჩია, დარჩენილ ორ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად კი კენჭისყრა ხელახლა გაიმართება. დღევანდელ პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ხუთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად, საერთო ჯამში, 29 კანდიდატს უყარეს კენჭი. ხმათა საჭირო რაოდენობა მიიღო ტრისტან ბენაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი), გიორგი გზობავამ (91 მომხრე, ნული წინააღმდეგი) და ზურაბ გურასპაშვილმა (93 მომხრე, ნული წინააღმდეგი).

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად, სულ მცირე, 90 ხმა იყო საჭირო. შესაბამისად, საბჭოს წევრების ასარჩევად საჭირო იყო როგორც უმრავლესობის, ისე ოპოზიციის ხმები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას ოპოზიციიდან როსტომ და ნატო ჩხეიძეებმა, ნიკა მაჭუტაძემ, ბაჩუკი ქარდავამ და დილარ ხაბულიანმა დაუჭირეს მხარი.

“არ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ” – ჯანმო

არ გამოიყენოთ შაქრის შემცვლელი, თუ წონის დაკლებას ცდილობთ, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ახალ გაიდლაინში. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

ჯანდაცვის გლობალურმა ორგანიზაციამ განაცხადა, რომ არსებული მტკიცებულებების სისტემატური მიმოხილვა ცხადყოფს, რომ უშაქრო დამატკბობლების გამოყენებას „არავითარი გრძელვადიანი სარგებელი არ მოაქვს სხეულის ცხიმის შესამცირებლად მოზრდილებში ან ბავშვებში“.

მიმოხილვამ ასევე ცხადყო, რომ შესაძლოა პოტენციური არასასურველი ეფექტი დადგეს შაქრის შემცვლელების ხანგრძლივი გამოყენების გამო, როგორიცაა მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაზრდილი რისკი.

„ადამიანებმა უნდა განიხილონ სხვა გზები, რათა შეამცირონ თავისუფალი შაქრის მიღება. კერძოდ, მიიღონ საკვები, რომელიც ბუნებრივად შეიცავს შაქარს, როგორიცაა ხილი, ან უშაქრო საკვები და სასმელები. უშაქრო დამატკბობელი არ არის აუცილებელი დიეტური ფაქტორი და არ გააჩნია საკვები ღირებულება. ადამიანებმა უნდა შეამცირონ თავიანთ რაციონში სიტკბოობა, ცხოვრების ადრეულ ასაკში, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად“, – აღნიშნა ჯანმოს დირექტორმა კვებისა და სურსათის უვნებლობის საკითხებში, ფრანჩესკო ბრანკამ.

ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ რეკომენდაცია ვრცელდება ყველა ადამიანზე, გარდა იმ ადამიანებისა, რომლებსაც დიაბეტი ჰქონდათ.

„ეს ახალი გაიდლაინი ეფუძნება უახლესი სამეცნიერო ლიტერატურის საფუძვლიან შეფასებას და ის ხაზს უსვამს იმას, რომ ხელოვნური დამატკბობლების გამოყენება არ არის კარგი სტრატეგია წონის დაკლებისთვის“, – აღნიშნა მკვლევარმა, იან ჯონსონმა.

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები ცნობილია

საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის საქმიანობის აუდიტორული შემოწმების შედეგები ცნობილია.

„საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის – „საქპატენტის“ უფლებამოსილებას, კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქცია მოვალეობებთან ერთად, საავტორო და მომიჯნავე უფლებათა სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის გატარება წარმოადგენს. საქპატენტს კანონით აქვს მინიჭებული უფლება შეისწავლოს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია.

ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ავტორთა უფლებებს კოლექტიურ საფუძველზე მართავს ა(ა)იპ საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაა (შემდგომ – ასოციაცია), რომლის გამგეობის თავმჯდომარე 2011 წლიდან დღემდე გიგა კობალაძეა.

ასოციაციის უმთავრესი ამოცანაა შეაგროვოს და სამართლიანად გაანაწილოს ავტორებზე მათი კუთვნილი უფლებების მართვიდან მიღებული ჰონორარები.კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულების მიზნით, საქპატენტმა 2023 წლის 3 თებერვალს გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი, რომლის მიზანი 2021-2022 წლების განმავლობაში ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის ეფექტიანობის შესამოწმებლად აუდიტორული მომსახურების შესყიდვა იყო.

დავაზუსტებთ, რომ აუდიტორული შემოწმების შესახებ საქპატენტმა ოფიციალურად აცნობა ასოციაციას 2022 წლის 19 დეკემბერს და ამ საკითხზე საქპატენტში შეხვედრისა თუ სხვა არაერთი, მათ შორის, წერილობითი კომუნიკაციის შემდეგ, ასოციაციამ 2023 წლის 12 იანვარს წერილობით გამოხატა თანხმობა ეთანამშრომლა აუდიტორულ კომპანიასთან და მიეწოდებინა მისთვის ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტები. გადაწყვეტილებას აუდიტორული შემოწმების შესახებ წინ უძღოდა არაერთი, მათ შორის, საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოში ავტორთა ქონებრივი უფლებების სფეროში შესაძლო დარღვევების შესახებ.

განსაკუთრებით საყურადღებო იყო USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამასთან თანამშრომლობით აღნიშნულ საკითხზე განხორციელებული რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის შედეგები, რომლებიც მიუთითებდნენ ავტორთა ქონებრივი უფლებების მმართველი ორგანიზაციების, მათ შორის, ასოციაციის მხრიდან, სავარაუდო გადაცდომების შესახებ, განსაკუთრებით კი ჰონორარების შეგროვებისა და განაწილების პროცესში გაუმჭვირვალობის, თუ სხვა მნიშვნელოვანი დარღვევების თაობაზე.

მიმდინარე წლის 28 აპრილს ელექტრონული ტენდერის გზით შერჩეულმა აუდიტორულმა კომპანიამ საქპატენტს, როგორც დამკვეთს, წარმოუდგინა ასოციაციის საქმიანობის შემოწმების ანგარიში, რომლის თანახმად, ასოციაციის საქმიანობაში არაერთი ხარვეზი გამოვლინდა. იმის გათვალისწინებით, რომ აუდიტის ანგარიში 140 გვერდისგან შედგება და ასახავს ასოციაციის საქმიანობის მრავალ ნაკლოვანებას, ამ განცხადებაში არსებული დარღვევებიდან მხოლოდ რამდენიმე მაგალითზე გავამახვილებთ ყურადღებას.როგორც ირკვევა, ასოციაციას დარღვეული აქვს შემოსავლების და ხარჯების აღრიცხვის მეთოდი, კერძოდ, ასოციაცია დარიცხვის მეთოდის ნაცვლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ, ე.წ. საკასო მეთოდს იყენებს. სათანადო ინფორმაციის ასოციაციაში არ არსებობის გამო კი აუდიტმა ვერ დაადგინა თუ რა თანხის გადახდის ვალდებულება გააჩნდა/გააჩნია ასოციაციას სახელმწიფო ბიუჯეტის წინაშე.

ასოციაციის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების შესწავლის საფუძველზე, აუდიტის ანგარიშში მითითებულია, რომ 2021 წელს ასოციაციის მიერ ავტორთა ქონებრივი უფლებების განკარგვის გზით შეგროვებული ჰონორარების ჯამმა შეადგინა 3 822 063 ლარი. ასოციაციის წესდების მიხედვით დამტკიცებული წესის თანახმად, შეგროვებული ჰონორარიდან ადმინისტრაციული ხარჯისათვის ასოციაციას შეუძლია გამოიყენოს არაუმეტეს 20 %. ანუ ასოციაციას, იმ სამუშაოსთვის, რომელსაც იგი ავტორთა ჰონორარების შეგროვებისა და განაწილებისათვის ეწევა, უფლება აქვს შეგროვებული თანხის არაუმეტეს 20 % მიიღოს. თუმცა აუდიტმა დაადგინა, რომ ადმინისტრირებისათვის არა 20 % არამედ 47 % გაიხარჯა. უფრო ზუსტად კი ასოციაციის მართვის ხარჯმა შეადგინა 1 791 597 ლარი.

გასათვალისწინებელია, რომ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს 2014 წლის 26 თებერვლის 2014/26/EU დირექტივის მიხედვით, მართვის საფასური უნდა იყოს გონივრული და არ უნდა აღემატებოდეს საავტორო და მომიჯნავე უფლებების მართვის დოკუმენტირებულ ხარჯებს. საინტერესოა, რომ აუდიტის ანგარიშში, ამ მიგნებასთან ერთად ასოციაციის განმარტებაცაა მითითებული, სადაც აღნიშნულია, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ასეთი დიდი მოცულობა პანდემიის პერიოდში შემოსავლების შემცირებითა და არსებული ფიქსირებული ხარჯით იყო განპირობებული, მათ განმარტებაზე უფრო საინტერესო კი ის „ფიქსირებული“ ხარჯია, რომელიც ასოციაციამ პანდემიის პერიოდში ავტორთა ჰონორარებიდან გახარჯა.

ირკვევა, რომ ადმინისტრაციული ხარჯის ძირითადი ნაწილი თანამშრომლებზე გაცემული შეუსაბამოდ მაღალი სარგებელია. მაგალითად, ასოციაციაში ერთ-ერთ ხელმძღვანელ პოზიციაზე დასაქმებულმა პირმა 2021 წელს სარგებლის სახით 233 062 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 150 000 ლარი; პრემია 6 250 ლარი; ბონუსი 25 000 ლარი და სარგებელი 51 812 ლარი, რომელიც, თავის მხრივ, უცხოეთში სწავლის ღირებულებას – 28 086 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 19 417 ლარს, დაზღვევის საფასურს – 2 921 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს მოიცავს).

დამატებით აღნიშვნის ღირსია, რომ ასოციაციამ 2021 წელს ავტორთა ქონებრივი უფლებების მართვის, მათი კუთვნილი ჰონორარების შეგროვებით მიღებული თანხიდან 42 316 ლარის ღირებულების ავტომობილი შეიძინა. აუდიტის ანგარიშით დგინდება, რომ გასული 2021 წლის მსგავსი მდგომარეობა დაფიქსირდა 2022 წელსაც, კერძოდ, ასოციაციის ავტორთა უფლებების მართვის შედეგად შეგროვებული 5 412 250 ლარიდან ასოციაციის მართვის ხარჯმა, ნაცვლად 20%-ის შეადგინა 40%, კერძოდ, 2 158 279 ლარი.გასულ წელთან შედარებით გაზრდილი შემოსავლებიდან 2022 წელსაც მნიშვნელოვანი თანხები ქონებრივი უფლებების მფლობელ ავტორთა ნაცვლად, ადმინისტრაციასა და მაღალ პოზიციებზე დასაქმებულ პირებს მოხმარდა.

მენეჯერულ პოზიციაზე დასაქმებულმა იგივე პირმა კი 2022 წელს სარგებლის სახით 336 569 ლარი მიიღო (მათ შორის: ხელფასი 143 750 ლარი; პრემია 27 500 ლარი; ბონუსი 37 500 ლარი და სარგებელი 127 819 ლარი, რომელიც მოიცავს სწავლის ღირებულებას – 77 957 ლარს, ნორმის ზემოთ მივლინების თანხას – 42 516 ლარს, დაზღვევის ღირებულებას – 5 959 ლარს, სასაჩუქრე ვაუჩერის ღირებულებას – 188 ლარს და ავტომანქანით სარგებლობის ღირებულებას – 1 200 ლარს).

ამავდროულად, ასოციაციამ 2021 წელს თუ ავტომობილი შეიძინა, 2022 წელს შეისყიდა უძრავი ქონება ქალაქ ბათუმში, რომლის ღირებულებამ 146 669 ლარი შეადგინა.ზემოთ აღწერილ ხარვეზებთან ერთად, ვფიქრობთ, აღნიშვნის ღირსია აუდიტის ანგარიშში მითითებული კიდევ ერთი ნაკლოვანება, კერძოდ დგინდება, რომ ასოციაცია სადეპოზიტო ანაბარზე დარიცხულ თანხას (2021 წ – 2 804 ლარი, 2022 წ – 9 599 ლარი) არამიზნობრივად იყენებდა ადმინისტრაციული ხარჯებისთვის ავტორებზე განაწილების ნაცვლად.

დამატებით გვინდა აღვნიშნოთ, რომ 2023 წლის 7 აპრილს, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ წერილობით მიმართა საქპატენტს და აცნობა, რომ 2023 წლის 23 აპრილს ტარდებოდა ასოციაციის საერთო კრება, რომელზეც განიხილებოდა 2022 წლის საქმიანობის შეჯამება და ანგარიშის დამტკიცება, ასოციაციის წესდებასა და ავტორთა საბჭოს დებულებების ახალი რედაქციების მიღება, ავტორთა საბჭოს, გამგეობისა და თავმჯდომარის არჩევა, ასევე, ასოციაციის საქმიანობის მომავალი სტრატეგიული გეგმების წევრებისთვის გაცნობა.

საქპატენტმა წერილობით მიმართა ასოციაციას საერთო კრების გადადებასთან დაკავშირებით (ვინაიდან მიმდინარეობდა ზემოხსენებული აუდიტორული შემოწმება და არსებობდა შესაძლებლობა, რომ შემოწმების დასრულების შემდგომ აუდიტის ანგარიშში აისახებოდა ასოციაციის საქმიანობის შესახებ რიგი მიგნებები და გაიცემოდა შესაბამისი რეკომენდაციები), რათა შესაძლებელი ყოფილიყო აუდიტის შედეგების სრულყოფილი გაცნობა და ასოციაციის სტრატეგიული გეგმებისა და მომავალი საქმიანობის აღნიშნულ ინფორმაციაზე დაყრდნობით განსაზღვრა. მიუხედავად საქპატენტის დასაბუთებული მოთხოვნისა, საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციამ არ გადადო საერთო კრება, უფრო მეტიც, კიდევ ერთხელ აირჩიეს მოქმედი გამგეობის თავმჯდომარე, თუმცა, როგორც ირკვევა, საერთო კრების კანონმდებლობის მოთხოვნათა შეუსაბამოდ ჩატარებისა და პროცედურული დარღვევების გამო, ასოციაციის საერთო კრების შედეგები საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა. აღნიშნულ საკითხზე საჯარო რეესტრის მიერ დადგენილი ხარვეზი საჯაროა და გამოქვეყნებულია მის ოფიციალურ ვებგვერდზე, დარღვევებს შორის კი ისეთი მნიშვნელოვანი გადაცდომებია მითითებული, როგორიცაა:

• წევრთა საერთო კრების ოქმი არ შეიცავს მოქმედი კანონმდებლობით კრების ოქმისთვის განსაზღვრულ მონაცემებს; მითითებას საერთო კრების მოწვევის პროცედურის დაცვასა და ამ კრების გადაწყვეტილებაუნარიანობაზე;

• წევრთა საერთო კრების ოქმით მიღებული გადაწყვეტილება არ შეესაბამება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხებს, ამასთან, დღის წესრიგის 2 საკითხს წარმოადგენდა წესდების ახალი რედაქციის დამტკიცება, თუმცა კრების ოქმით არ დგინდება კრების მიერ წესდების ახალი რედაქციის დამტკიცების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ფაქტი;

• წესდებით არ დგინდება საზოგადოების წევრის მიღებაზე უფლებამოსილი პირი/ორგანო; ასევე წესდებით სრულყოფილად არ დგინდება გამგეობის სხდომის მოწვევის წესი და პროცედურა;

• სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია წესდების ახალი რედაქცია და შესაძლოა განხორციელდეს სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის რეგისტრაცია, რასთან დაკავშირებითაც წარმოდგენილი უნდა იყოს სრულყოფილად შედგენილი სადამფუძნებლო შეთანხმება ან წესდება.

აუდიტის ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ, ავტორთა ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნით, აუცილებელია ეფექტიანი ზომების დროულად მიღება. ამ ეტაპზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საავტორო და მომიჯნავე უფლებების კოლექტიურ მართვასთან დაკავშირებით მოქმედ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გასწორება. ამ მიზნით უცხოელი პარტნიორების (CLDP, USAID) ჩართულობითა და, ასევე, მოწვეული უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტთან ერთად, მომზადებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლის განხილვას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს“, – აღნიშნულია საქპატენტის განცხადებაში.

“ორნიშნა ეკონომიკა და წარმატება კი არა, ფიზიკურად ისე დავიცალეთ, უსისხლო ქვეყანა გავხდით და ერის განადგურების წინაშე ვდგავართ”- დავით ჭიჭინაძე

„ორნიშნა ეკონომიკა და წარმატება კი არა, ფიზიკურად ისე დავიცალეთ, უსისხლო ქვეყანა გავხდით და ერის განადგურების წინაშე ვდგავართ“, – ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს. როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ერთ წელიწადში საქართველოში გაცილებით მეტი რუსი შემოვიდა, ვიდრე ქართველი დაიბადა.

„ჯერჯერობით შემოსულია 100 ათასზე მეტი ადამიანი ჩრდილოეთ სამეზობლოდან, რასაც მათი 2 მილიარდზე მეტი გადმორიცხვა მოყვა.

სანამ ესენი შემოდიან და ყიდულობენ ტერიტორიებს, საქართველოში, ერთ წელიწადში მხოლოდ 41 ათასი ადამიანი დაიბადა, რაც ისტორიულად კატასტროფული მინიმუმია! 49 ათასი კი გარდაიცვალა.

ამას დავუმატოთ ემიგრაციაში წასული ათიათასობით ქართველი და სულ მალე დავდგებით ფაქტის წინაშე, როდესაც ქართველი აღარ დაიბადება ქვეყანაში.

აი ასეთ რეალობაში გვესაუბრება ღარიბაშვილი ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე და აყვავებულ ცხოვრებაზე.

სინამდვილეში კი ამათ აშკარად გეგმა აქვთ მოსახლეობის ნახევარზე მეტი გაუშვან სამშობლოდან, შობადობა ისედაც შემცირებულია და დარჩენილებზე კიდე იმხელა შემოსავალი ექნებათ, გამოდგებიან მერე და იყვირებენ შვეიცარია ვართო”,– აცხადებს  დავით ჭიჭინაძე.

“რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რადგან ვიცით, რომ ის არაფერს იძლევა საფასურის გარეშე”

მნიშვნელოვანი კითხვებია, რატომ უკეთებს პუტინი შეთავაზებებს საქართველოს ახლა, რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს პირდაპირი ფრენების, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

დეგნანის თქმით, ეს კითხვები მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე.

„ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და მისი რვა მოქალაქე ჰყავს დაკავებული რუსეთის მიერ მხარდაჭერილ ძალებს სამხრეთ ოსეთში, განაგრძობს რუსეთის ზეწოლის ქვეშ ყოფნას, ფრთხილად უნდა იყოს იმასთან დაკავშირებით, რაც ჰგავს რუსეთის მიერ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობას.

ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ? რატომ ახლა? რატომ უკეთებს პუტინი ახლა ამ დათმობებსა და შეთავაზებებს საქართველოს. რა საფასურის გადახდა მოუწევს საქართველოს ამისთვის, პირდაპირი ფრენებისთვის, სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის, იმ სარკინიგზო ხაზის პოტენციური აღდგენით, რომელიც დააკავშირებს საქართველოს რუსეთთან, აფხაზეთის საშუალებით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვებია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ პუტინი არაფერს იძლევა საფასურის დაკისრების გარეშე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

დავით კეზერაშვილმა BBC-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა

დავით კეზერაშვილმა ბიბისის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, რომელიც ბრიტანულმა მაუწყებელმა თაღლითურ სქემაში ამხილა, სასამართლოში ჩივის. კეზერაშვილმა ბიბისის წინააღმდეგ სარჩელი უკვე შეიტანა. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამტკიცებს, რომ „მილტონ გრუპთან“ და „ქოლცენტრებთან“ კავშირი არ აქვს და მის წინააღმდეგ შევიწროების, მუქარისა და დევნის კამპანია გრძელდება.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე. ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

“ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველი Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია” – ქართველიშვილი

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თურქეთის რესპუბლიკაში ჩატარებულ არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ამ არჩევნებთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო გზავნილები გამოაქვეყნა ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ.

„არ დამიწერია არაფერი თურქეთის არჩევნებზე. რაღაც საინტერესო დეტალების გამზეურებას ველოდებოდი, ანუ მსხვილი გეოპოლიტიკური მოთამაშეების განცხადებებს. ამასობაში CNN Türk-თან გუშინწინ მიცემულ ინტერვიუში რეჯეფ ერდოღანმა ბრძანა: „ჩვენ გავაგრძელებთ იმავე პოლიტიკას, რასაც წინასაარჩევნოდ ვახორციელებდით. ჩვენ არ ვაპირებთ მის შეცვლას რუსეთთან, აშშ-თან, ჩინეთთან და არც ზოგადად დასავლეთთან მიმართებაში. ჩვენ ყველაფერს იგივე სულისკვეთებით გავაგრძელებთ“.

ამავდროულად, ვაშინგტონის პოზიციის გამომხატველმა გამომცემლობა Politico-მ გამოთქვა რამდენიმე „საკამათო“ და საინტერესო მოსაზრება, საიდანაც ზოგიერთი უკრაინასა და საქართველოსაც ეხება. Politico-ს აზრით, ქილიჩდაროღლუს გამარჯვება არასასურველია, ვინაიდან შეაჩერებს უკრაინის EU-ში გაწევრიანების პერსპექტივებს. პირადად მე უკრაინის პერსპექტივებზე ვაშინგტონის ამ მოსაზრებას სკეპტიკურად ვუყურებ, მაგრამ გავყვეთ Politico-ს ლოგიკას: გამარჯვებული ქილიჩდაროღლუ მოახდენს თურქეთის წლობით შეჩერებული EU-ს წევრობის კანდიდატის სტატუსის პროცესის რეანიმირებას;

თურქეთის ეს აქტიურობა შეუქმნის უხერხულობას უკრაინასაც და ევროკავშირსაც, ვინაიდან მათ შორის სავარაუდოდ, დეკემბერში გამართულ მოლაპარაკებებზე დიდი ალბათობით, გაჟღერდება განცხადება, რომ EU-ს გაფართოების პოლიტიკაში უკრაინა და დასავლეთ ბალკანეთი იქნებიან უკანასკნელი წევრები

Politico-ს ანალიზით, უკრაინასა და თურქეთს ერთობლივად ევროკავშირის „ბაზარი“ ვერ გაუძლებს, ასე რომ, როდესაც მეორე ტურში გაიმარჯვებს ერდოღანი, ევროკავშირის მესვეურები შვებით ამოისუნთქებენ.

EU-ს გაფართოების ნაწილში Politico-ს ამ ანალიზით, საქართველო არ იგულისხმება არანაირ კონტექსტში, ვინაიდან შავით თეთრზე წერია: უკრაინასა და დასავლეთ ბალკანეთზე ამ გაფართოებას წერტილი უნდა დაესვას (!)

რაც შეეხება ერდოღანის სავარაუდო გამარჯვებას მეორე ტურში, ამაში ფაქტობრივად დარწმუნებულია ყველა, საგარეო თუ შიდა მოთამაშე. კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: დიასპორულ ელექტორატში ერდოღანს მხარი დაუჭირა საფრანგეთისა და გერმანიის თურქების უმეტესობამ. ქილიჩდაროღლუმ კი შვედეთის დიასპორაში გაიმარჯვა, რაც მომავალში ამ ორ ქვეყანას შორის ისედაც დაძაბულ ურთიერთობებს მხოლოდ გაართულებს“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

“ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე ღონისძიების შედეგად დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი” – თეიმურაზ კუპატაძე

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს საპოლიციო ღონისძიება და სასამართლო განჩინების საფუძველზე დაკავებულია 20-ზე მეტი ნაკორეალიზატორი.

მისივე ინფორმაციით, ფონიჭალაში დაკავებულია ექვსი რეალიზატორი.

„სხვადასხვა დიდ ქალაქში გრძელდება ღონისძიებები და დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა ნარკოტიკული საშუალება, დიდი და განსაკუთრებულად დიდი ოდენობით. ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი საკონტროლო შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია აუდიო და ვიდეოს სახით. დაკავებულებს შორის არიან როგორც მამაკაცები, ისე ქალები, არასრულწლოვნები ამ ეტაპზე არ არიან დაკავებულებს შორის. როგორც ყოველთვის, ფიგურირებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეები. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, – განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

“ნაცმოძრაობა” და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში”-ირაკლი ჩიქოვანი

„საზოგადოებამ დაინახა, რომ დღეს ნაციონალური მოძრაობა და ოპოზიცია არის ბოლშევიკური მართვის პირობებში. ვგულისხმობ იმას, რომ თუ ჩემსას არ ითვალისწინებ შემდეგ, ადამიანებს არ მისცეს თავისუფლად საკუთარი ნების გამოხატვის საშუალება, ეს არის ობიექტური რეალობა“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გადაცემაში „ღამის კურიერი“ განაცხადა.

ირაკლი ჩიქოვანმა ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ პარლამენტის პლენარული სხდომის დატოვებაზე ისაუბრა, სადაც მათი ქმედება რეკომენდაციების ჩაშლის მცდელობად შეაფასა.
მისივე თქმით, ბულინგი ხორციელდება იმ ადამიანებზე, რომლებმაც ხმა მისცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს.

„დღეს, რაც გააკეთა ნაციონალურმა მოძრაობამ არის პირდაპირი საბოტაჟი – ჩაშლა რეკომენდაციების შესრულების, ეს არის ობიექტური რეალობა. როდესაც კონსულტაციებზე ვსაუბრობთ, ხომ კარგად გვესმის, რომ ეს კონსულტაციები მარტო ერთ დღიანი პროცესი არ ყოფილა, ორ თვეზე მეტია გასული მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ ინტერვიუები ამ კანდიდატებთან. ჩვენ რაღაც ეტაპზე უნდა მივსულიყავით ეს და გადაწყვეტილება მიგვეღო. თქვენ კარგად იცით, ჩვენ გამოცხადებული გვაქვს, რომ ივნისამდე გვინდა ყველა რეკომენდაციის შესრულება, მაგრამ რაც მათ გააკეთეს ეს არის სრული საბოტაჟი და პირდაპირი შეჩერება რეკომენდაციების შესრულების, მაგრამ კარგია, რომ სამი კანდიდატი უკვე არჩეულია და ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს ეს რეკომენდაცია.
ამ ადამიანებს მანდატი აქვთ, არიან პარლამენტის წევრები და საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალებას არ აძლევენ და ამიტომაც მიდის მათი ბულინგი. ფრაქცია დატოვეს, მაგრამ ჯერ ეს დასაწყისია. ამ ადამიანებზე დაიქოქება მთელი მათი მედია საშუალებები და ამ ადამიანების მოღალატეებად გამოცხადებას დაიწყებენ.“

ირაკლი ჩიქოვანის თქმით, მნიშვნელოვანია 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება და იმედს გამოთქვამს, რომ მათ, ვისაც ხმა არ მიუცია, შემდეგში ღიად დაუჭერენ მხარს მათთვის სასურველ კანდიდატს.

„ვინც საქართველოს კარგად იცნობს, ძალიან ძნელია, ჩვენგან ითხოვდეს ვანო მერაბიშვილის იდეოლოგიასთან დაკავშირებას და რაიმე კონსენსუსის მიღწევას დავით კეზერაშვილის ფულთან. ეს ობიექტური რეალობა და ჩვენთვის ძალიან რთული, უძნელესი და შეუძლებელიც კია, გულწრფელად გეუბნებით, წარმოუდგენელი რამ არის. თუმცა, არიან ადამიანები, რომლებსაც ცოტა საღი აზროვნება, საღი გონება აქვთ შემორჩენილი და რაღაცა პოზიციონირება (შეუძლიათ) და უფრო დიდი მიზანს ხედავენ, ვიდრე საკუთარ პოლიტიკურ ინტერესს და აქედან გამომდინარე რაღაც გადაწყვეტილებებს იღებენ. მე იმედი მაქვს, რომ მათ შორის ვისაც ხმა არ მიუცია, ყველა ამ დეპუტატში საღი გადაწყვეტილება მომწიფდება და ისინი ღიად დაუჭერენ მხარს ამა თუ იმ კანდიდატს, ვინც მათთვის იქნება მისაღები იმიტომ, რომ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ დევს პინაზე- ეს არის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციის შესრულება. ჩვენ შეგვაფასებენ იმით, ეს რეკომენდაცია შევასრულეთ თუ არ შევასრულეთ და ყველა, ვინც მიიღებს მონაწილეობას ამ რეკომენდაციების შესრულებაში რა თქმა უნდა მიიღებს მონაწილეობას და აგურს დადებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციაში.“- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

პოზიტიური მშვიდობის ხანგრძლივი პროგრესით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულშია

2023 წლის პოზიტიური მშვიდობის ინდექსის მსოფლიო რეიტინგში საქართველომ პოზიცია 14 ერთეულით გაიუმჯობესა, 53 ადგილზე გავიდა და პოზიტიური მშვიდობის მაღალი დონის სტატუსი დაიმკვიდრა. ამასთან, პოზიტიური მშვიდობის გრძელვადიანი და ათწლოვანი გაუმჯობესებით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულში დასახელდა.

პოზიტიური მშვიდობის ინდექსს, ისევე როგორც გლობალური მშვიდობის ინდექსს აწარმოებს მსოფლიოს მოწინავე საერთაშორისო შემფასებელი ორგანიზაცია და ანალიტიკური ცენტრი ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტი (IEP). გლობალური მშვიდობის ინდექსისაგან განსხვავებით, პოზიტიური მშვიდობის ინდექსი განიხილავს არა ომისა და ძალადობის ნეგატიურ ასპექტებს, არამედ ეძღვნება პოზიტიურ მახასიათებლებს, ქვეყნის საშინაო და საგარეო კეთილსინდისიერი პოლიტიკის, რეფორმების, ურთიერთობების, ინსტიტუციების პოზიტიური საქმიანობების შეფასებას.

“ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა” – ვაჟა შუბითიძე

ნათქვამია, თაგვმა თხარა, თხარაო-კატა გამოთხარაო. ხელისუფლებამ თავად გამონახა თავის დასაკლავი დანა. აღარაფერს ვამბობ სხვა სოციალურ პრობლემებზე (დაბალი ხელფასები და პენსია, უმუშევრობა, სიღარიბე, ემიგრაციაში მუდმივად მიმავალი ხალხი და სხვ.), – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ვაჟა შუბითიძე წერს.

მისი თქმით, მარტო თბილისში 400 ათასამდე მანქანაა აღრიცხული, რომელთა პატრონების ნახევარს ისინი ბანკის ვალით ჰყავს ნაყიდი და ძალიან უჭირთ მისი გასტუმრება.

“ამ გაჭირვებას მერიამ გაცილებით დიდი უბედურება დაურთო – პარკინგის სრულიად უსამართლო და მოუწესრიგებელი სისტემა, რომლის მეშვეობით ხალხს პირდაპირ ატყავებენ – ყოველთვიურად არასწორი პარკინგისათვის ხალხს საშუალოდ 200-300 ლარით აჯარიმებენ, მათ შორის თავიანთი საცხოვრებელი სახლის წინ. საცობებით გაწამებულ ხალხს უარესი ჭირი დაატეხეს თავს- სახლის წინ ხალხს მანქანა ვეღარ გაუჩერებია- უცებ მიწიდან ამოძვრებიან კონტროლიორები და მძღოლებს ჩუმად აჯარიმებენ.

თუ ასე გაგრძელდა, მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მარტო თბილისში ხელისუფლება მასზე გაბრაზებული მძღოლების სახით 350 ათას ხმას დაკარგავს და ეს უეჭველია- ისეა ხალხი გამწარებული. სასწრაფოდ გააუქმეთ ქუჩებში დახაზულ ადგილებში ფასიანი პარკინგი(თუ მაინცდამაინც დააბრუნეთ 1 ლარიანი “სტაიანშიკები”- ხალხი მაინც დასაქმდება), შეწყვიტეთ მძღოლების დაჯარიმება საცხოვრებელი სახლების წინ და ახლო მიდამოებში, და ცოტა ჭკუაზე მოდით, თორემ ეს უკმაყოფილო ხალხი საპარლამენტო არჩევნებს აღარ დაელოდება- სექტემბერში 2-ჯერ მეტი ხალხი გამოვა მანქანებით, ვიდრე 7-8 მარტს და მერე ნახავთ ხალხის ძალას მართლაც. 2 თვეს გაძლევთ ამ ყველაფრის გასაუქმებლად და მოსაწესრიგებლად – ნუ ამოუყვანთ ხალხს ყელში… “- წერს ვაჟა შუბითიძე.