Home Blog Page 2083

ვფიქრობთ, სამარცხვინო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, როცა საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი-ნაკსა ლორნიკი

ვფიქრობთ, სამარცხვინო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ჰქონდეს სტატუსი და ეს იყოს მისთვის გარანტირებული, – ამის შესახებ ნატო-ში უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, უნგრეთის პარლამენტში უნგრეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნაკსა ლორნიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება და სურთ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. უნგრეთსა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. მომავალ კვირას თბილისში ერთობლივი მთავრობათაშორისი სამიტი გვექნება. ჩვენი ურთიერთობა და კავშირები ძალიან ძლიერია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. ვფიქრობთ, რომ სამარცხვინო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ეს იყოს მისთვის გარანტირებული. რასაკვირველია, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რადგან მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას. უნგრეთი ფიქრობს, რომ გვჭირდება ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება და გვინდა საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სწორედ ამაზე და ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით“, – განუცხადა ნაკსა ლორნიკმა საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში.

გამოწვევები კვლავ რჩება, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში-ილჰამ ალიევი

ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის, ეს შეხვედრები ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და მეგობრობის გაძლირებას, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრტან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის მნიშვნელობას.

„უპირველეს ყოვლისა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, მადლობელი ვარ ამ მოწვევისთვის. მიხარია, რომ ასეთ მშვენიერ ადგილას ვიმყოფები, თბილისთან ახლოს. ბატონ პრემიერთან ჩემი საუბრის დროს აღვნიშნე, რომ საქართველოს ნებისმიერი კუთხე, ნებისმიერი ადგილი არის მშვენიერი და ლამაზი და ეს არის ყველაზე დიდი აქტივი ხალხთან ერთად. ორივე ლიდერმა, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ და ვაკეთებთ, რათა გავაძლიეროთ ჩვენი მეგობრობა, ჩვენი პარტნიორობა ერებს შორის. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ეს შეხვედრები ძალიან ხშირია და ტრადიციულია, ემსახურება ჩვენი ქვეყნების დაახლოებას და ჩვენი მეგობრობის გაძლირებას. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი ერები ძალიან კეთილმეზობლურად არსებობენ, ძალიან მეგობურლია გარემო და სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვისაც მნიშვნელოვანია. ეს არის  უპირველესი მნიშვნელობის და ვიყენებთ ამ შესაძლებლობას მე და ბატონი პრემიერი და მადლობას გიხდით ჩვენი ეროვნული  ლიდერის, ბატონი ჰეიდარ ალიევის პატივისცემისთვის. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას. როგორც უკვე იქნა ნახსენები, წლების განმავლობაში ჩვენ აღვნიშნავთ ბატონი ჰეიდარის იუბილეს და საქართველოშიც აღინიშნება ეს ღონისძიება. ამ წლის განმავლობაში გამოფენები და სხვა ღონისძიებები გაიმართება. მე ვნახე ბატონი ჰეიდარის და ბატონი ედუარდის ფოტო. ამ ორ დიდ ლიდერს ჰქონდათ ძალიან ძლიერი მეგობრობა, საბჭოთა პერიოდში ჰქონდათ ძალიან ძლიერი ურთიერთობა. საბჭოთა აზერბაიჯანის, საბჭოთა საქართველოს ლიდერებს ჰქონდათ ძალიან დიდი ძალისხმევა ჩადებული, რათა ქვეყნები დაეახლოებინათ, ერები დაეახლოებინათ. ეს ორი ლიდერი გამორჩეული იყო საბჭოთა პერიოდშიც, მათ ჰქონდათ გამბედაობა, შესაძლებლობა და ძალიან ძლიერი ბმა თავიანთ მიწასთან, თავიანთ ერებთან და ეს არის ბედისწერა, რადგან ერთდროულად იყვნენ ლიდერები დამოუკიდებელი აზერბაიჯანის და დამოუკიდებელი საქართველოსი. ეს იყო ყველაზე გამოწვევებით აღსავსე პერიოდი. ეს იყო ძალიან ბობოქარი პერიოდი, რომელსაც ვიხსენებთ და მათი ლიდერობა იყო გამორჩეული, დაეხმარა აზერბაიჯანს და საქართველოს, გაეძლიერებინათ თავიანთი დამოუკიდებლობა. მათი ძალისხმევის, მათი შრომის წყალობით, დამოუკიდებელი საქართველო, დამოუკიდებელი აზერბაიჯანი განვითარების გზას ადგანან. ჩვენ, მათი სამართალმემკვიდრეები ვაგრძელებთ მათ მიერ დაწყებულ საქმეს და კიდევ უფრო წინ გვყავს წაყვანილი ქვეყნები, ჩვენი ერები. გამოწვებები კვლავ რჩება, პრობლემები კვლავ არსებობს, მშვიდობა ჯერ ისევ სრულად არის დასამყარებელი სამხრეთ კავკასიაში, და დღეს ბატონ პრემიერთან საუბრის დროს საუბარი გვქონდა ამაზე. სამხრეთ კავკასიას სჭირდება მშვიდობა, ახლა არის სწორედ ის დრო. როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია და მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა, მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის-ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველო და აზერბაიჯანი ბევრ მნიშვნელოვან ერთობლივ პროექტს ახორციელებენ.

„ჩვენ მიმოვიხილეთ ასევე შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივები. იცით, რომ ჩვენ კოორდინირებულად ვმუშაობთ აზერბაიჯანთან და ყაზახეთთან ერთად, იმისთვის, რომ ძალიან სწრაფად მოხდეს ამ კორიდორის განვითარებას, რომელიც გულისხმობს რკინიგზის მოდერნიზაციას, პორტების გაფართოებას და მშენებლობას, გზების მოდერნიზაციას და განვითარებას. ამ მხრივ, აზერბაიჯანს ვიცი, რომ დაწყებული აქვს მასშტაბური სამუშაოები. ჩვენ, საქართველოს ასევე დაწყებული გვაქვს სამუშაოები, რომელიც ეხება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომელიც დასრულდება 2024 წლის ბოლოს და რკინიგზის გამტარუნარიანობა გაიზრდება, გაორმაგდება. ჩვენ ასევე ვიწყებთ ძალიან მალე ახალი პორტის, ანაკლიის პორტის მშენებლობას. ბოლო ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა იქნება 100 მილიონი ტონა. ასევე ძალიან მალე დასრულდება აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა. ყველა ამ პროექტში რა თქმა უნდა, ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანთან. ასევე რამდენიმე თვეში დასრულდება კიდევ ერთი ისტორიული მნიშვნელობის, სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტი, რომელიც ძალიან წარმატებით მიმდინარეობს ახლა და რამდენიმე თვეში ჩვენ ამ პროექტსაც დავასრულებთ. ასე, რომ ჩვენ პერსპექტივა გვაქვს ძალიან ნათელი, ხედვა გვაქვს შორსმჭვრეტელი. ჩვენ აზერბაიჯანთან გვინდა გვქონდეს ძალიან გრძელვადიანი პარტნიორობა და მეგობრობა. მე მჯერა ჩვენი ერთობლივი ხედვის “, – განაცხადა პრემიერმა.

“აზერბაიჯანი არის ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი საქართველოსი”- ირაკლი ღარიბაშვილი

აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ასევე, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა.

„ჩვენ ასევე გვქონდა საუბარი ვაჭრობა-ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის საკითხები მიმოვიხილეთ ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის საკითხებში. აზერბაიჯანი არის საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი სავაჭრო პარტნიორი. ტოპ ხუთეულში არის ყოველ წელს. წელს ვაჭრობა გაიზარდა 15%-ით. შარშანაც გვქონდა საკმაოდ რეკორდული წელი. ასევე, გაიზარდა ტვირთების გადაზიდვა, მოცულობა. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან წარმატებულად ვთანამშრომლობთ ყველა საკითხში, იქნება ეს ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ლოგისტიკა თუ სხვა ნებისმიერი სფერო. ჩვენს რკინიგზებს აქვთ ასევე ძალიან წარმატებული თანამშრომლობა”, – განაცხადა პრემიერმა.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედროებმა 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს

სამხედროებმა გუშინ დაწყებული ბრძოლების დროს 400-ზე მეტი პალესტინელი ტერორისტი მოკლეს სამხრეთ ისრაელსა და ღაზის სექტორში, ათობით ტერორისტი კი დაატყვევეს, – ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების უმაღლესმა სპიკერმა დენიელ ჰაგარმა განაცხადა.

„ამ საათის მდგომარეობით, ისრაელის თავდაცვის ძალები იბრძვიან, მიმდინარეობს ჩხრეკა უამრავ ქალაქში. ყველა ქალაქში არიან ისრაელის თავდაცვის ძალები, არ არსებობს ქალაქი, სადაც ისინი არ არიან“, – განაცხადა ჰაგარმა პრესკონფერენციაზე.

ჰაგარი ამბობს, რომ ისრაელის თავდაცვის ძალების მისიაა ღაზის საზღვარზე მდებარე ქალაქებიდან ყველა მცხოვრებლის ევაკუაცია, ისრაელის ტერიტორიაზე ბრძოლების დასრულება, უსაფრთხოების ბარიერის დარღვევის გაკონტროლება და ტერორისტების ზონაში დარტყმების გაგრძელება.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება ჩატარდა

პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 მსუბუქი ბატალიონის „ალფა“ ქვეითმა ასეულმა ორფოლოს პოლიგონზე საველე სწავლება საბრძოლო სროლებით დაასრულა.

სწავლება დღის და ღამის პირობებში ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. დასკვნით ფაზაში „ალფა“ ასეულს მხარი დაუჭირეს პირველი ქვეითი ბრიგადის მე-14 შერეულმა ჯავშანსატანკო ბატალიონმა, 82 მმ-იანი  ნაღმმტყორცნების ოცეულმა, სნაიპერთა ჯგუფმა და საინჟინრო ასეულმა.

გეგმური სწავლება დამკვირვებელ-მაკონტროლებლების მიერ დადებითად შეფასდა. სწავლების მიზანს მხარდამჭერ ელემენტებთან კოორდინირებული მომზადება წარმოადგენდა.

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 2000-ს გადააჭარბა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 9000-ს აღემატება.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქვეყნის დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

თუ რამე დაგვამარცხებს – არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არ გვაქვს -დავით ქართველიშვილი

„ხალხის ძალის” წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, რითაც მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება.

ქართველიშვილის თქმით, სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა უძლეველი ავტორიტეტების მსხვრევა.

„სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა ურყევი ავტორიტეტების, ხელისუფლებებისა თუ ისტორიულ-პოლიტიკური მოცემულობების სრული კრახი: სომხეთით დაიწყო თუ გაგრძელდა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ “არცახის” გარშემო დაწერილი ერის ისტორია და სახელმძღვანელოები, სომხების სულიერი სიძლიერე, მათი უძლეველობა და ამ აუღებელ ციხე-სიმაგრედ ქცეული პროვინციის ლეგენდა ერთ დღეს დაიმსხვრა სომხების მიერ ყარაბაღის მიტოვება/ჩაბარებით.

ამას წინ უსწრებდა ამერიკელების სამარცხვინო გაქცევა ავღანეთიდან, რაც მაშინ რაღაც მზაკვრულ გეგმად ჩანდა;

რუსეთის არმია, რომელიც სერიოზულად ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ უმკლავდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მის სპეცსამსახურებს “გაეპარა” ქვეყნის გადატრიალების სერიოზული მცდელობა. ასეა თუ ისე, უკრაინაში აშკარად რაღაც ისე არ მიდის , რაზეც იყო გათვლა კრემლში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე;

ბრიტანეთის სამთავრობო ციებ-ცხელება, მათი სპეცსამსახურების არადამაჯერებელი მუშაობა ქვეყნის გავლენების შესანარჩუნებლად მსოფლიოში, უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები მინისტრთა კაბინეტში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ შოტლანდიაშიც;

აფრიკაში საფრანგეთის ნეოკოლონიალური სისტემის სრული კრახი, რომელიც დაფუძნებული იყო ისეთ ფინანსურ და ლოგისტიკურ ქსელებზე, რომლებსაც თითქოს და “უვადო ვარგისიანობა” უნდა ჰქონდა;

ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკრაინასთან მიმართებით იმდენად არადამაჯერებლად იქცევა, რომ ვერც საკუთარ გამოყოფილ თანხებს აკონტროლებს, ვერც საჭირო მიზნობრიობისა და რაოდენობის იარაღს აწვდის, ვერც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციების დაგეგმარებას ახორციელებს დამაჯერებლად და შედეგიანად;

ორი კვირის წინ დაინგრა აშშ-სა და ევროპის მონოპოლია მსოფლიო ბაზარზე მიკროელექტრონიკაზე, როდესაც ჩინეთმა წარადგინა თავისი მიკროპროცესორები;

ამჟამად ისრაელი თავისი მაღალტექნოლოგიური თავდაცვის სამინისტროთი, ყველა ტიპის “უძლეველი” სპეცსამსახურებით და დაზვერვით, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პალესტინელები ვერ გაბედავდნენ სერიოზულ ქმედებებს ისრაელთან არაბულ მონარქიებთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.

ამ ყველაფერს აკვირდება ახალი გადაფორმატებისა და განახლების სტადიაზე მყოფი დანარჩენი მსოფლიო. აკვირდება და აკეთებს სათავისოდ საჭირო დასკვნებს. ამ პოზიციაზე ვართ ჩვენც. ქართველი რაგბისტების არ იყოს, თუ რამე დაგვამარცხებს – არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს“, – წერს ქართველიშვილი.

სტატუსის მისაღებად ევროკავშირმა რუსეთისთვის სანქციები და სააკაშვილის დაკავების პრობლემის მოგვარებაც უნდა მოითხოვოს -სერგი კაპანაძე

“მაშინ, როცა ბრიუსელი განიხილავს, უნდა მიენიჭოს თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, პარალელური დებატები მიმდინარეობს იმ პირობების ირგვლივ, რომლებიც მანდატი უნდა იყოს საქართველოს მომავალი ინტეგრაციისთვის”, – ამის შესახებ ქართული ანალიტიკური ცენტრის, GRASS-ის დამფუძნებელი და გამგეობის თავმჯდომარე, ყოფილი დეპუტატი სერგი კაპანაძე წერს.

კაპანაძის წერილი „ევროაქტივში“ გამოქვეყნდა.

„ევროკავშირის განაჩენი, იქნება ეს დადებითი, უარყოფითი თუ გადადებული 2024 წლამდე, უდავოდ მოიცავს იმ პირობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი წინსვლისთვის. ეს პირობები უნდა იყოს მკაფიო, მტკიცე და კონკრეტული. 2023 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველო აკმაყოფილებდა ევროკავშირის მიერ განსაზღვრული საწყისი თორმეტი პირობიდან სამს: გენდერული თანასწორობა, დამოუკიდებელი ომბუდსმენი და ECtHR-ის გადაწყვეტილებების პროაქტიული დაცვა“, – წერს კაპანაძე.

ამასთან, მისი თქმით, გარკვეული საკითხები მოუგვარებელი რჩება, განსაკუთრებით დეპოლარიზაცია და დეოლიგარქიზაცია.

„სხვა სფეროებში, მათ შორის, საარჩევნო და სასამართლო რეფორმების, მედიის თავისუფლებისა და უმცირესობების უფლებების ჩათვლით, საქართველომ ნაწილობრივ პროგრესი განიცადა. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის ბოლო ორი წელი ღირებულ გაკვეთილებს იძლევა. აშკარაა, რომ საქართველოს მთავრობა ყოყმანობს ევროკავშირის პირობების შესრულებაში, განსაკუთრებით იმ პირობების მიმართ, რომლებიც გამოწვევას წარმოადგენენ მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დომინანტური პოზიციისთვის“, – აღნიშნულია კაპანაძის წერილში.

როგორც სერგი კაპანაძე წერს, ამ მოსაზრებებიდან გამომდინარე, ევროკავშირის მიდგომა საქართველოს მიმართ უნდა მოიცავდეს ათ ძირითად პირობას.

„დეპოლარიზაცია უნდა შენარჩუნდეს, როგორც არსებითი პრიორიტეტი. დეპოლარიზაცია უნდა მოიცავდეს პოლიტიკური დევნის საკითხის მოგვარებას და დაკავებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პრობლემის მოგვარებას. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს საქართველოს სრული თანხვედრა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან. „ქართულ ოცნებაზე“ უნდა განხორციელდეს ზეწოლა, რათა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და უზრუნველყოს, რომ საქართველოს ტერიტორია არ იყოს გამოყენებული მათი გვერდის ავლისთვის. საქართველო ასევე უნდა გაუმკლავდეს რუსეთის გავლენის ზრდას, გამოავლინოს რუსეთის საგარეო საინფორმაციო მანიპულირების ჩარევა და რუსეთის გავლენის აგენტები, რომლებიც ხშირად ჩადიან დანაშაულს უმცირესობათა ჯგუფების მიმართ დაუსჯელად“, – წერს კაპანაძე.

როგორც კაპანაძე აცხადებს, ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები 2024 წელს.

„დემოკრატიული ზედამხედველობისა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობის სფეროში აქცენტი უნდა გაკეთდეს საქართველოს ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის აღდგენაზე. „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო ჯგუფებს ეფექტური ზედამხედველობის საშუალება უნდა მისცეს, მათ შორის საგამოძიებო კომისიების შექმნისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების პარლამენტში გამოძახების გზით. დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი მარცხია. ევროკავშირმა უნდა მოითხოვოს სასამართლო სისტემის გაწმენდა და უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის გამჭვირვალე და მკაცრი პროცესი. „ქართული ოცნება“ უკვე სრულად აკონტროლებს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებს, ამიტომ ხელისუფლებას შეუძლია, მარტივად არ გაითვალისწინოს ნებისმიერი ბუნდოვანება მოთხოვნებში, როგორც არარელევანტური ან უკვე განხორციელებული, ამიტომ ზუსტი ფორმულირებები იქნება მნიშვნელოვანი. ევროკავშირმა პრიორიტეტულად უნდა შეინარჩუნოს ანტიკორუფციული ზომები. ახალი ანტიკორუფციული ბიუროსა და მისი ხელმძღვანელის დამოუკიდებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შესაბამისად, ევროკავშირმა დაჟინებით უნდა მოითხოვოს, რომ ბიუროს მიენიჭოს საგამოძიებო ფუნქციები და შეძლოს მაღალი დონის კორუფციული საქმეების განხილვა“, – აღნიშნა კაპანაძემ.

გარდა ამისა, კაპანაძე აცხადებს, დეოლიგარქიზაცია არის ყველაზე საკამათო პირობა, რომელზეც საქართველოს მთავრობამ ყველაზე ნაკლებად იმუშავა.

„ევროკავშირმა უნდა გააგრძელოს დაჟინებული მოთხოვნა ოლიგარქიული გავლენის შემცირებაზე სისტემური რეფორმების გზით, როგორც ამას ვენეციის კომისია გვთავაზობს. „ქართული ოცნება“ შეეცდება, თავიდან აიცილოს ეს ვალდებულება, რათა არ განაწყენდეს პარტიის არაფორმალურად პასუხისმგებელი, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი. რაც შეეხება მედიის დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას, საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის მფლობელების პოლიტიკურად მოტივირებული დევნა. ევროკავშირს შეუძლია მიუთითოს, რომ მმართველი პარტიის პოლიტიკა კრიტიკულ მედიასაშუალებების ბოიკოტირებისა და მედიასთან დიალოგში არჩართვა, ხელს უწყობს საზოგადოების შემდგომ პოლარიზაციას. „ქართულ ოცნებას“ უნდა მოეთხოვოს, დაუშვას არასამთავრობო სექტორის შეუფერხებელი ფუნქციონირება, შეწყვიტოს მათი საქმიანობის საფრთხის ქვეშ დაყენების მცდელობა სამართლებრივი ინსტრუმენტებით ან დამამცირებელი პროპაგანდით. ევროკავშირმა უნდა მოსთხოვოს საქართველოს, აირჩიოს ადამიანის და უმცირესობათა უფლებების დაცვის მაღალი სტანდარტი, განსაკუთრებით ისეთი მოწყვლადი ჯგუფებისთვის, როგორიცაა LGBTQI+ თემი“, – წერს სერგი კაპანაძე.

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი – ილჰამ ალიევი ეწვია

საქართველოს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ეწვია.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი,
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი – ზურაბ პატარიძე და საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ფაიგ გულიევი დახვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილისა და ილჰამ ალიევის პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

ილჰამ ალიევი საქართველოს სამთავრობო დელეგაციასთან ერთად ეწვია.

ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ საელჩოში ინფორმაცია არ შემოსულა-ლაშა ჟვანია

ამ მასშტაბის ტერორისტული აქტი არ ყოფილა ქვეყანაში მრავალი წლის მანძილზე, პრაქტიკულად, ისრაელის ისტორიაში შეუძლებელია, გავიხსენოთ რომელიმე ფაქტი, რომელსაც ამდენი მსხვერპლი მოჰყვა. დილით ისრაელის არმიამ კიდევ გამოაქვეყნა 25 გარდაცვლილი ახალგაზრდის სია, რომელთა საშუალო ასაკი 20 წელია. ეს უმძიმესი პერიოდია ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში, ებრაელი ერის ცხოვრებაში, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ განაცხადა.

ელჩის თქმით, საქართველოს არცერთი მოქალაქე ისრაელში მიმდინარე მოვლენების გამო არ დაშავებულა.

„ამ წუთისთვის 250 დაღუპულზე მეტი ცხადდება, ჯერ კიდევ არ არის ყველა ადგილზე, დასახლებაზე კონტროლი აღებული ისრაელის არმიის მიერ. საქართველოს მოქალაქეების დაშავების შესახებ ინფორმაცია არ შემოსულა. მუდმივ კონტაქტზე ვართ როგორც ისრაელის თავდაცვის სამინისტროსთან, ისე საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, ასევე ისრაელის პოლიციასთან. არ არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც შეიძლებოდა, დაშავებულიყო ამ პერიოდის მანძილზე. ჩვენი რამდენიმე მოქალაქე გუშინ უსაფრთხო ადგილზე იქნა გადმოყვანილი, სამი არის ნათანიაში, ერთ არის თელ ავივში“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამასთან, ელჩის ინფორმაციით, საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს დასჭირდა საელჩოს დახმარება და ისინი ამ ეტაპზე უსაფრთხო ადგილზე იმყოფებიან.

„საერთაშორისო კომერციულმა ავიაკომპანიებმა გააუქმეს თავიანთი რეისები ისრაელის მიმართულებით და ისრაელიდან. ისრაელის აეროპორტი დაკეტილი არ არის. გუშინ შესრულდა რამდენიმე რეისი. გუშინ საღამოს საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე დაბრუნდა საქართველოში ისრაელიდან. ისინი, ვინც ვერ დაბრუნდნენ, საქართველოს საელჩოს დახმარებით, უზრუნველყოფილები არიან სასტუმროთი. ბავშვები არიან პედაგოგებთან ერთად, რომლებიც ფესტივალზე იყვნენ ჩამოსულები, ისინი უსაფრთხოდ არიან. სამი ტელეფონის ნომერია გამოცხადებული, თუ რაიმე დამატებითი ინფორმაცია იქნება საჭირო. თუ ვინმე რაიმე ინფორმაციას ფლობს საქართველოს მოქალაქეებზე, გთხოვთ, შეგვატყობინოთ“, – განაცხადა ჟვანიამ.

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა

ავღანეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 500-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დასავლეთით მდებარე ქალაქ ჰერატიდან დაახლოებით 40 კილომეტრში, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე მოხდა.

როგორც მედია წერს, დაშავებულთა რიცხვი 1000-ს აღემატება.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.