Home Blog Page 2080

თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა

სოლიდარობა ისრაელს! – ისრაელის მხარდაჭერის ნიშნად, თბილისის ანძა ისრაელის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.

„ვგმობთ იმ სასტიკ ძალადობას, რაც მშვიდობიან მოსახლეობას დაატყდა თავს. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს, მთელს ისრაელს!“- აღნიშნული გზავნილებით თბილისი თანადგომას უცხადებს ისრაელის სახელმწიფოს და ისრაელელ ხალხს.

დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

დევდორაკის გვირაბში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ132-კმ135 მონაკვეთზე მდებარე დევდორაკის საავტომობილო გვირაბში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

“ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს, პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს” – ბადრი ჯაფარიძე

„ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ამ ისტორიულ მომენტში, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო პოლიტიკას.

„სასამართლო სამწუხაროდ, დიდი გავლენის ქვეშ არის „ქართული ოცნების“ მხრიდან და მართვადიც არის, როცა მათ ეს სჭირდებათ, ამიტომ დიდი იმედები საკონსტიტუციო სასამართლოს ობიექტურობასთან დაკავშირებით მე არ გამაჩნია. დაველოდოთ რა გადაწყვეტილებას გამოაცხადებენ. აქ ამოცანა ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ სურს პრეზიდენტი მაქსიმალურად შეზღუდოს, რომ მან ვეღარ შეძლოს ვიზიტების განხორციელება ევროპულ დედაქალაქებში, რომ საქართველოს მხარდაჭერა გაუწიოს ისტორიულ მომენტში. ალბათ, თუ დაინახავენ, რომ იმპიჩმენტი შესაძლებელია, მე ვფიქრობ, რომ ამისთვისაც მაქსიმალურად იზრუნებენ.

„ქართული ოცნების“ როგორც მმართველი ძალის მიმართ მაქვს უკიდურესად უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან ის ატარებს რუსული პოლიტიკისთვის მოსაწონ პოლიტიკას ჩვენ ქვეყანაში.

მე ვფიქრობ, სალომე ზურაბიშვილი ატარებს ქვეყნისთვის სასიკეთო და სასარგებლო პოლიტიკას, რადგან ის უწევს ქვეყანას ლობირებას ევროპულ დედაქალაქებში“, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

“საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში, როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს” – ლევან ხაბეიშვილი

ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო დღეს დგას ისტორიული არჩევანის წინაშე.

„ჩვენდა სამწუხაროდ, არ არსებობს დღეს ობიექტური შესაძლებლობა იმის, რომ მოვიწვიოთ მაგალითად უსაფრთხოების საბჭო, ვინ დააკომპლექტებს? ივანიშვილს ბანკირები, ღარიბაშვილი, სუს-ის უფროსი ლილუაშვილი, რომელიც ასევე, „ფეესბესთან“ თანამშრომლობს. „ფეესბეს“ აგენტ ფარცხალაძეს, რომ იცავს სუს-ის უფროსი, ჩემთვის ან საზოგადოებისთვის დამაჯერებელი იქნება ამ ადამიანების შეკრება? და ეს ჩვენი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი შეკრება იქნება, როცა რუსეთის „ეფესბეს“ გავლენის აგენტები შეიკრიბებიან? ჩვენი პრობლემა არის ის, რომ დღეს ჩვენ სახელმწიფოს წარმოადგენს რუსული პარტია და ერთადერთი უსაფრთხოების გარანტი, რაც შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის არის ამ რუსების მოშორება. საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე და ჩვენდა სამწუხაროდ, ამ დროს გვყავს რუსული ხელისუფლება, საფრთხეა ის, რომ საქართველო განიცდის რუსიფიკაციას და ნაცვლად იმისა, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებაზე ვიფიქროთ, ევროპულ მომავალზე და საბოლოო ჯამში გადაწყდეს პრობლემა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის უსაფრთხოების, რუსეთი, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის დიდ ტერორისტულ დაჯგუფებად გადაიქცა და მათ შორის, სამხედრო დამნაშავედ არის პუტინი გამოცხადებული, იმასთან თანამშრომლობს ბიძინა ივანიშვილი და საქართველოს ხელისუფლება, ამ ხალხთან აღადგინეს ფრენები, ამ ახლახან მეგობრობს ღარიბაშვილი და ივანიშვილი. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული საფრთხე რასაც ისინი აკეთებენ, ამიტომ ამ საფრთხის განეიტრალება შეიძლება ერთადერთ შემთხვევაში – როცა რუსული პარტია ჩამოშორდება მართვის სადავეებს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და გაჟღერებული გზავნილები მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ნდობა”

აზერბაიჯანის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი და გაჟღერებული გზავნილები კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მიმართ არის ძალიან დიდი ნდობა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ფაქტობრივად, რეგიონში საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ორივე ქვეყანას, აზერბაიჯანსა და სომხრეთს აქვს სრული ნდობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო მაქსიმალურად ცდილობს, ითამაშოს მედიატორის როლი სამშვიდობო მოლაპარაკებების და სამშვიდობო პოლიტიკის განვითარების კუთხით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რეგიონში მშვიდობამ დაიმსახუროს, რომ არ იყოს საომარი მოქმედებები და კონფლიქტები. ამ მხრივ, გვაქვს სრული მზაობა, რომ ჩავერთოთ ნებისმიერ პროცესებში მედიატორის როლში. ამის გამოცდილებაც ახლო წარსულმა დაადასტურა, როდესაც პირველი შეხვედრა სწორედ საქართველოს ინიციატივით, საგარეო საქმეთა მინისტრების, ჩატარდა თბილისში. ამის შემდეგ, ყველას ძალიან კარგად ახსოვს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით,როგორ მოხდა სომეხი ტყვეების გაცვლა დანაღმული ტერიტორიების რეალურ რუკებზე, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველო სანდოობის კუთხით არის ის ქვეყანა, რომელიც ორივე მხარისთვის არის მისაღები. შესაბამისად, დღევანდელი ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებებიც ამაზე მეტყველებს. საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ამ მიმართულებით ჩვენი მზაობა, რადგანაც ეს ყველა ჩვენგანის ინტერესებში შედის, იმიტომ, რომ მხოლოდ მშვიდობაზე დაფუძნებული პოლიტიკით არის შესაძლებელი ეკონომიკური განვითარებაც, ჩვენი თითოეული მოქალქის კეთილდღეობაც და, რა თქმა უნდა, სამეზობლოში მშვიდობიანი თანაარსებობა არის ძალიან ბევრ პერსპექტივაზე ორიენტირებული პროექტის განხორციელების საწინადარი“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება

„ჰამასის“ თავდასხმის შედეგად ისრაელში დაღუპულთა რაოდენობა 600-ს აღემატება. ამის შესახებ ისრაელის მთავრობის პრესსამსახური სოციალურ ქსელში წერს.

მათივე ცნობით, დაშავებულია 2 000-ზე მეტი ადამიანი, 100-ზე მეტი პირი კი გატაცებულია და ტყვეობაში იმყოფება.

რაც შეეხება პალესტინის მხარეს არსებულ დანაკარგებს, გავრცელებული ინფორმაციით, ღაზის სექტორზე მიტანილი საპასუხო ავიაიერიშის შედეგად დაღუპულია 370-მდე ადამიანი.

“ნატო არის რეალური მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის” – თინა ბოკუჩავა

ნატო არის რეალური მშვიდობის გარანტი საქართველოსთვის, მაგრამ სამწუხაროდ, „ოცნება“ ცდილობს, პროპაგანდის გამოყენებით ქართული საზოგადოება დაარწმუნოს ყალბი მშვიდობის იდეაში, რაც არ არსებობს ნატო-ს მშვიდობის გარანტიების გარეშე საქართველოსთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინა ბოკუჩავამ კოპენჰაგენში განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ნატო-ს წევრობა გახდება ნამდვილი მშვიდობის გარანტი.

„ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიმუშაოთ, რომ თითოეულ მსგავს საერთაშორისო შეხვედრაზე საქართველოს საკითხის აქტუალიზება მოხდეს და მათ შორის, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა არამხოლოდ უკრაინის მიმართ გამოხატონ მხარდაჭერა და სურვილი, რ ომ დაჩქარებული წესით გახდეს უკრაინა ნატო-ს წევრი, არამედ საქართველოც დაჩქარებული გზით მიიწევდეს ნატო-ში სრულფასოვანი წევრობისთვის, რაც გახდება ნამდვილი მშვიდობის და არა იმ ყალბი მშვიდობის გარანტი, რომელზეც რუსული ოცნება საუბრობს“, – განაცხადა ბოკუჩავამ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ შტაბბინები გაანადგურეს

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ავიაიერიშების შედეგად ღაზის სექტორში „ჰამასისა“ და „ისლამური ჯიჰადის“ შტაბბინები გაანადგურეს, რომელთაც ტერორისტული დაჯგუფებები თავდასხმების კოორდინირებისთვის იყენებდნენ.

სარაკეტო თავდასხმების სამიზნე გახდა ასევე დაჯგუფებების საკუთრებაში არსებული სხვა ობიექტებიც.

ისრაელის საპასუხო საჰაერო იერიშების შედეგად ღაზის სექტორში დაღუპულთა რიცხვი 300-ს, დაშავებულთა ოდენობა კი 2000-ს აჭარბებს.

მადლობას ვუხდი ირაკლი ღარიბაშვილს, რომ გვთავაზობს ფასილიტატორის როლს, თუ სომხეთის თანხმობა იქნება, მყისიერად დავიწყებთ შეხვედრებს აქ, საქართველოში -ილჰამ ალიევი

დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და შევქმნით პოლიტიკურ გარემოს სამხრეთ კავკასიაში, სადაც წარიმართება სამხრივი თანამშრომლობა საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, მყისიერად დაიწყება ორმხრივი და სამხრივი შეხვედრები საქართველოში.

„დღეს საუბარი გვქონდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მდგომარეობის ნორმალიზების შესახებ. მეორე ომი, რომელიც მთიან ყარაბაღში მოხდა, ამან გამოიწვია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, აღვადგინეთ სუვერენიტეტი მთელი ქვეყნის და დღეს ჩვენ უნდა ვიმუშაოთ აქტიურად სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმებაზე. იმედი მაქვს, ამას მივაღწევთ და ასე ჩვენ შევქმნით პოლიტიკურ გარემოს და სიტუაციას სამხრეთ კავკასიაში, სადაც სამხრივი თანამშრომლობა წარიმართება საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ჩართულობით. ეს იქნება წარმატებული თანამშრომლობა ენერგეტიკის, ვაჭრობის, საინვესტიციო და ბევრი სხვა მიმართულებით. ეს შესაძლებელია. ეს შესაძლებლობა გვაკლდა, მეგობრებო, რადგან აზერბაიჯანი იყო ოკუპირებული წლების განმავლობაში და, რა თქმა უნდა, ეს სიტუაცია არ გვაძლევდა საშუალებას, გადაგვედგა ნაბიჯები ნორმალიზებისკენ, მაგრამ დადგა დრო, მოგვეცა მომენტი, რომ არ დავკარგოთ ეს შესაძლებლობა. როგორც მოგეხსენებათ, დღეს რამდენიმე ქვეყანაა და საერთაშორისო ორგანიზაციაც არიან ფასილიტატორების როლში, ნორმალიზაციის პროცესში საქართველოსა და აზერბაიჯანს აქვთ მიმღებლობის პოზიცია, ეს მიუკერძოებელი პოზიციაა ჩვენი  ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობის მიმართებით. ნებისმიერ დახმარებას ვიღებთ, მაგრამ ჩემი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ყველაზე სწორი არჩევანი, იქნება ეს ისტორიული ასპექტები თუ ნებისმიერი სხვა, გეოგრაფიული თვალსაზრისითაც, ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში და მადლობას ვუხდი ბატონ პრემიერს, რომ მზად არის, დახმარება აღმოგვიჩინოს ამ საკითხთან მიმართებით და გვთავაზობს თავის როლს, როგორც ფასილიტატორის როლს, ეს არის ქვეყანა, რომელიც მზად არის და ჩვენ ველოდებით იმავეს სომხეთისგანაც. თუ სომხეთი თანხმობას განაცხადებს, ჩვენ მყისიერად დავიწყებთ შესაბამისი უწყებების საშუალებით ორმხრივ და სამხრივ შეხვედრებს აქ, საქართველოში“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ანაკლიის პორტი იქნება, თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება – ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ენერგეტიკული, სატრანსპორტო მიმართულებით ერთობლივ პროექტებზეც ისაუბრა.

ალიევმა ამ კუთხით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაამახვილა ყურადღება.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, ბატონმა პრემიერ-მინისტრმა უკვე ბრძანა, რომ ენერგეტიკა, ტრანსპორტი და სხვა მიმართულებები – დიდი გეგმები გვაქვს, უკვე შევქმენით წარმატებული პროექტები და ინიციატივები. მიმაჩნია, რომ არ არის საჭირო მათი დასახელება, ყველამ იცის ეს წარმატებული პროექტი, ერთობლივად გვაქვს განხორციელებული ენერგეტიკული, სატრანსპორტო პროექტები. დღეს ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სხვადასხვა ქვეყანაში მოხდეს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფა. აქაც ჩვენ ვთანამშრომლობთ და ვაღრმავებთ თანამშრომლობას, ეს ჩვენი დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილია და დიდი სიამოვნებით მივიღებთ მონაწილეობას და გვაქვს სურვილი, მივიღოთ მონაწილეობა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებზეც საუბარი იყო, ანაკლიის პორტი იქნება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება. ჩვენ ვფლობთ ყულევის პორტს შავი ზღვის სანაპიროზე, საქართველოში, შეგვიძლია ეს პორტიც გავაფართოოთ, ეს გააძლიერებს და კიდევ უფრო განამტკიცებს ჩვენს თანამშრომლობას. ბაქო-თბილისის რკინიგზის მიმართულებით ჩვენ გავზრდით წარმადობას ხუთმაგად და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ეს იქნება უმსხვილესი კომპონენტი ჩვენი „შუა დერეფნის“ განვითარების მიმართულებით. ენერგეტიკის მიმართულებით, რომელიც ტრადიციული მიმართულება და სფეროა, ჩვენ საუბარი უკვე გვქონდა მწვანე ენერგიის დერეფანზე. აქაც საქართველო და აზერბაიჯანი, ორი მოძმე ერი შეთანხმებულად მუშაობენ ევროპულ ერებთან და მომდევნო თვეებში დავასრულებთ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას ამ პროექტთან მიმართებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევძლებთ, ხელშესახები შედეგები დავდოთ ინვესტიციების სახით, რომელიც უკვე დაგეგმილია და ეს იქნება ენერგეტიკული, მწვანე სადენის, დერეფნის მიმართულებით, რომელიც განამტკიცებს ჩვენი, საქართველოს, აზერბაიჯანის და პარტნიორი ქვეყნების ენერგოუსაფრთხოებას. ყველა ეს პროქტი, რომელიც ხორციელდება საქართველოში, აზერბაიჯანში და ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში, დიდი მნიშვნელობისაა, არა მარტო სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ ევროაზიული კონტინენტისთვის და მზად ვართ, ძალისხმევა ამ მიმართულებით წარვმართოთ. ძალიან დიდია ჩვენი პოლიტიკური ნება და არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით და გაფართოებით, ჩვენი მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებით ჩვენ ამას მოვახერხებთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

გვინდა, რომ ერთ დღეს საქართველო ნატო-ს წევრად ვიხილოთ -კონგრესმენი ჯო ვილსონი

არაერთხელ ვწვევივარ საქართველოს, რომელიც შესანიშნავი ქვეყანაა და რომლის შესანიშნავი ხალხისთვის საუკეთესო გვსურს. გვინდა, რომ ერთ დღეს ქვეყანა ვიხილოთ ნატო-ს წევრად და საქართველოსთვისაც ხელმისაწვდომი იყოს ეს სარგებელი, რომელიც ახლა რეალური გახდა ფინეთისთვის, შვედეთისთვის, – ამის შესახებ კონგრესმენმა სამხრეთ კაროლინის შტატიდან, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო ვილსონმა საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

„ერთი რამ ცხადია, რომ ნატო თავდაცვითი ორგანიზაციაა და ის არ არის საფრთხე არცერთი ერისთვის, არც რუსი ხალხისთვის. აი, მსოფლიო დამნაშავე პუტინი კი საფრთხეს წარმოადგენს თანამედროვე ცივილიზაციისთვის. საქართველოში ჩემი ვიზიტი ძალიან შთამბეჭდავი იყო, ძალიან ნიჭიერი ხალხია, რომელსაც საუკეთესოს ვუსურვებთ.

სიახლე, რომ რუსეთი სამხედრო ბაზის გახსნას აპირებს აფხაზეთში, მიუღებელია. შავი ზღვა უნდა იყოს სტაბილურობის სივრცე, პროგრესი, რომელსაც რუმინეთმა და ბულგარეთმა მიაღწიეს, თურქეთის ფაქტორი. შავი ზღვის რეგიონი უნდა იყოს შეიარაღებისგან თავისუფალი ადგილი, სადაც მსოფლიო კეთილდღეობისთვის იქმნება ბიზნესი. ყველაფერი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ გავამხნეოთ ქართველი ხალხი, მათი დამოუკიდებლობა და აღვადგინოთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა ჯო ვილსონმა.

ვფიქრობთ, სამარცხვინო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, როცა საქართველოს არ მიანიჭა კანდიდატის სტატუსი-ნაკსა ლორნიკი

ვფიქრობთ, სამარცხვინო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ჰქონდეს სტატუსი და ეს იყოს მისთვის გარანტირებული, – ამის შესახებ ნატო-ში უნგრეთის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, უნგრეთის პარლამენტში უნგრეთი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ნაკსა ლორნიკმა განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება და სურთ საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში.

„ძალიან კარგი შეხვედრა გვქონდა ქართულ დელეგაციასთან. უნგრეთსა და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა აქვთ. მომავალ კვირას თბილისში ერთობლივი მთავრობათაშორისი სამიტი გვექნება. ჩვენი ურთიერთობა და კავშირები ძალიან ძლიერია. მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროატლანტიკურ გზას. ვფიქრობთ, რომ სამარცხვინო იყო ევროკავშირის გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიანიჭა, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ეს იყოს მისთვის გარანტირებული. რასაკვირველია, ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, რადგან მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობას. უნგრეთი ფიქრობს, რომ გვჭირდება ნატო-სა და ევროკავშირის გაფართოება და გვინდა საქართველო ევროატლანტიკურ საზოგადოებაში. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ სწორედ ამაზე და ჩვენს სამომავლო თანამშრომლობაზე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ეგიდით“, – განუცხადა ნაკსა ლორნიკმა საქართველოს პირველ არხს კოპენჰაგენში.