პრემიერ-მინისტრი „ბლუმბერგ მედიის“ აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ვლადიმირ პუტინს დავაკავებთ, თუ ის მოლდოვაში ჩამოვა – მაია სანდუ
მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა, რომ მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს დააკავებენ. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა Euronews Romania-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
„მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას და პატივს სცემს სასამართლოს გადაწყვეტილებას“, – უპასუხა მარია სანდუმ ჟურნალისტის შეკითხვას, დააკავებენ თუ არა პუტინს, თუ ის მოლდოვაში ჩავა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი 17 მარტს გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეების გადაწყვეტილებით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.
თბილისის მერი გრიშაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა
თბილისის მერმა, კახა კალაძემ გრიშაშვილის ქუჩა #23-ში, ახლად მოწყობილი გრუნტის დამჭერი კედელი და მოსასვენებელი სივრცე დაათვალიერა.
თბილისის მერმა, კრწანისის გამგებელთან, ბექა მიქაუტაძესთან ერთად, გრიშაშვილის ქუჩის მოსახლეობას დაგეგმილი პროექტები გააცნო და მოისმინა მათი მოსაზრებები.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ისტორიულ უბნებში ავარიული შენობების ჩანაცვლების პროგრამის მნიშვნელობას.
„ვისაუბრეთ პროექტებზე, რომელთა განხორციელებას კონკრეტულ მისამართზე ვაპირებთ. მნიშვნელოვანია ის სამუშაოები, რასაც მუნიციპალიტეტი და გამგეობები ახორციელებენ. შესაბამისად, გვინდა უფრო მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას. შეიძლება მათაც ჰქონდეთ მოსაზრებები, რა არის შესაცვლელი, გამოსასწორებელი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, სხვადასხვა რაიონში, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან შეხვედრები გაგრძელდება.
„მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება ყველა რაიონში, უბანში, სადაც სხვადასხვა ტიპის სამუშაო მიმდინარეობს. მოვისმენთ ადგილობრივი მოსახლეობის აზრს სხვადასხვა საკითხზე და კონკრეტულ პროექტებზე, რასაც ვახორციელებთ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
,,არცერთ ნაბიჯს ვდგამთ, რომელიც წინააღმდეგობაშია საქართველოს ევროპულ მომავალთან“- თალაკვაძე
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, რომლებსაც სურთ, რომ მომავალში ქვეყანა ნახონ განვითარებული, სტაბილური და დემოკრატიული, უნდათ, რომ საქართველომ შეინარჩუნოს თავისი მშვიდობა, უსაფრთხოება და მიიღოს დამსახურებული სტატუსი ევროკავშირის მხრიდან, – ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ მედიასთან განაცხადა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის თქმით, ძირითადი ყურადღება ამაზე უნდა იყოს გამახვილებული და მოსკოვის გადაწყვეტილება საქართველოს ევროპულ არჩევანს არ შეცვლის. „რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა თუ სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ვერ შეცვლის საქართველოს არჩევანს. საქართველოს თავისი არჩევანი აქვს დაფიქსირებული, როგორც კონსტიტუციაში, ისევე პარტნიორებთან და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევასრულოთ ევრო-რეკომენდაციები. არცერთ ნაბიჯს არ ვდგამთ, რომელიც წინააღმდეგობაში შედის საქართველოს ევროპულ მომავალთან“, – განაცხადა თალაკვაძემ.
,,უკრაინა ევროკავშირის წევრი ომის შემდეგ გახდება”- შოლცი
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი დარწმუნებულია, რომ რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ ომს ვერ მოიგებს, ხოლო გამარჯვების შემდეგ, უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება.
„ჩვენი კონტინენტის ისტორიის მწარე თავი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა შექმნა თავისი იმპერიალისტური სიგიჟით, დასრულდება თავისუფალი უკრაინის ევროკავშირში სრულუფლებიან წევრად შესვლით“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ „სოციალ-დემოკრატიული პარტია“ მკაფიოდ უნდა დადგეს უკრაინის მხარეს, რადგან ყოფილი კანცლერის, ვილი ბრანდტის პოლიტიკის დამსახურებაა ის, რომ ევროპაში დღეს მოქმედებს ძალის გამოუყენებლობის, საზღვრების ხელშეუხებლობის, სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და ხალხთა თვითგამორკვევის უფლების პრინციპები.
სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულები შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა.
9 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო 4 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა.
შეწყალებულთა შორის 4 მსჯავრდებული ქალია.
საერთოდ არ არის ნახსენები რუსული ოკუპაცია, სწორედ ეს არის გარუსების პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების ღალატი – გიგა ბოკერია „აფხაზეთობის“ შესახებ მთავრობის განცხადებაზე
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით, საქართველოს მთავრობა „აფხაზეთობასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში რუსულ ნარატივს აჟღერებს.
როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, განცხადებაში საერთოდ არ არის ნახსენები რუსული ოკუპაცია, “სწორედ ეს არის გარუსების პოლიტიკა და ეროვნული ინტერესების ღალატი”.
მისი თქმით, განცხადებაში მთავარი აქცენტი გაკეთებულია აფხაზ ძმებთან დიალოგზე და ეს გზავნილი ზუსტად ერთი-ერთში ჯდება იმ ნარატივში, რაც წლებია პუტინის რუსეთს აქვს.
„ამას ნებისმიერი ნორმალური მთავრობა ეწინააღმდეგებოდა წარსულში და უნდა ეწინააღმდეგებოდეს კიდეც მომავალში. აფხაზეთში მომხდარი ამბავი იყო არა ეთნიკური კონფლიქტი, არამედ სხვადასხვა თემებს შორის ადგილზე არსებული გარკვეული სერიოზული პრობლემების გამოყენება ჩვენი მტრის მხრიდან, რომელმაც დააორგანიზა სამხედრო ინტერვენცია რუსული შეიარაღებული ძალებისა და მათ მიერ შექმნილი კრიმინალური სტრუქტურების დახმარებით, ვინც შემდგომში მოაწყო გენოციდი აფხაზეთში.
როდესაც ჩვენივე მთავრობა დღესაც კი, როცა დაგვიანებით, მაგრამ ძლივს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრი სწორი მიმართულებით შეიცვალა რუსეთთან დაკავშირებით, ისევ იმეორებს იმ ნარატივს, რომელიც მტერმა მოგვახვია თავზე 90-იან წლებში, ამას ჰქვია სწორედ ჩვენი ეროვნული ინტერესების ღალატი“,-განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მისი თქმით, რამდენიმე დღის წინ უკრაინისა და მისი მოკავშირეების ინიციატივით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის მხრიდან უკრაინაში ჩადენილი გენოციდი აღიარა.
ის აღნიშნავს, რომ ნორმალური მთავრობის პირობებში, დღეს ამ თემაზე უნდა მიმდინარეობდეს კამპანია ქვეყნის გარეთაც და ქვეყნის შიგნით იმისთვის, რომ ყველას შეახსენოს, “რა ჩაიდინა საქართველოში რუსეთმა პუტინამდეც, ვითომ დემოკრატი ელცინის დროს”.
„ეს არის საჭირო პრაგმატულად და მორალურად, რათა წინ წაიწიოს საქართველოს ინტერესი ტერიტორიული მთლიანობისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენის შესახებ იმ დანაშაულებთან მიმართებით, რომლებიც აფხაზეთში ჩაიდინეს რუსებმა. ამის მაგივრად აქცენტი კეთდება აფხაზ თანამოქალაქეებთან დიალოგზე და პირდაპირი ტექსტით წერია, რომ ამაშია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის გასაღები.
ეს არის სიცრუე, არა ერთადერთი, თუმცა მთავარი პრობლემა იყო, არის და იქნება რუსეთის ფაქტორი, სანამ ის არ განეიტრალდება. გენოციდი მოაწყო რუსეთმა, იქ სხვა სახელმწიფო არ არსებობდა, ვინც ამას დააორგანიზებდა მისი სპეცსამსახურების თუ რეგულარული არმიის ნაწილების მხრიდან. დღეს ეს ტერიტორია ოკუპირებული აქვს რუსეთს, ის რეჟიმიც სოხუმშია, არის მარიონეტული.
ყველა ვინც, ამის საწინააღმდეგო აქცენტს აკეთებს პირდაპირ ან ირიბად, საქართველოს ინტერესებს მტრობს და ეს განცხადება არის ამის საბუთი. სწორედ ის იგულისხმება გარუსების პოლიტიკაში, როდესაც მტრის ნარატივს, რაც მას აწყობს, იმას იმეორებ. ამის საპასუხოდ, ყველას მოგიწოდებთ, 28 მაისს „ევროპული საქართველოსა“ და მისი პარტნიორების მიერ გარუსების პოლიტიკის წინააღმდეგ დაგეგმილ აქციაზე მოხვიდეთ“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ინფორმაციას „ევროპული საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა
გმირთა მოედანზე საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გენო ადამიას ბიუსტი დაიდგა.
ღონისძიებას დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე დაესწრო.
კალაძემ ყვავილებით შეამკო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს შვილებს, მომავალ თაობას ჰქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია გმირების შესახებ. გენო ადამია იყო ღირსეული კაცი, გენერალ-მაიორი, რომელიც სოხუმის დაცემის შემდეგაც აგრძელებდა ბრძოლას 23-ე ბრიგადასთან ერთად. ის გმირულად დაეცა ამ ბრძოლაში. კიდევ ერთხელ, ქედს ვიხდი გმირების წინაშე. ჩვენს შვილებს კარგად უნდა ავუხსნათ, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული. როგორი ადამიანები იყვნენ ისინი და როგორ იცავდნენ სამშობლოს ღირსებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
გენო ადამიამ 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის შემდეგაც უარი თქვა დანებებაზე და განაგრძო აფხაზი სეპარატისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ის, 28 სექტემბერს გმირულად დაეცა კელასურის ხიდზე.