თურქეთის ინგლისურენოვანი გაზეთ „დეილი საბაჰში“ (Daily Sabah) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რით განსხვავდება რეჯეფ ერდოღანის კამპანია ქემალ ქილიჩდაროღლუს კამპანიისაგან“ (ავტორი – ბურჰანეტინ დიურანი).
პრეზიდენტმა რეჯეფ ერდოღანმა, რომელმაც არჩევნების პირველ ტურში ოპონენტებზე მეტი ხმები მიიღო, მეორე ტურის წინ თავისი საარჩევნო კამპანია საყოველთაო დევიზის „თურქეთის დიდებული გამარჯვების“ ირგვლივ ააწყო. როგორც მან თქვა თავისი „ბალკონური“ („აივნური“) გამოსვლის დროს, კვირას, 28 მაისს, მთელი ქვეყანა გაიმარჯვებს (რა თქმა უნდა, ტერორისტების გარდა). სხვაგვარად თუ ვიტყვით, რეჯეფ ერდოღანი ყველა პარტიის მომხრეებს სთავაზობს მონაწილეობა მიიღონ „თურქული საუკუნის“ მშენებლობაში, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში.
რეჯეფ ერდოღანი, მოქმედი პრეზიდენტი, წარმატებით აგრძელებს პირველ ტურში დაწყებულ კამპანიას „ჭეშმარიტად ეროვნულ“ საფუძველზე, აღრმავებს კონტაქტებს ნაციონალისტური იდეების მქონე ამომრჩევლებთან, რომლის ერთ-ერთ გამოვლინებას სინან ოგანთან ნაყოფიერი თანამშრომლობა წარმოადგენს. იმავდროულად რეჯეფ ერდოღანი მიანიშნებს ოპოზიციური კანდიდატის ქემალ ქილიჩდაროღლუს კავშირებზე ტერორისტულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ და გიულენისტების ტერორისტულ დაჯგუფებასთან (FETÖ). პრეზიდენტი ხაზს უსვამს თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის პროგრესს, დიპლომატიურ მიღწევებს და აცხადებს, რომ მისთვის უპირველეს მიზანს სახელმწიფოსა და მოსახლეობის ინტერესებზე ზრუნვა წარმოადგენს.
ქემალ ქილიჩდაროღლუმ მეორე ტურის საარჩევნო კამპანია მკვეთრი განცხადებებით დაიწყო. ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც თავს აჩვენებდა მშვიდ და მტკიცე პოლიტიკოსად, მკერდზე ხელმიდებული ჟესტით მიანიშნებდა, რომ ყველა უყვარს, აქცენტს აკეთებდა “სამშობლოზე, მორალსა და სინდისზე“, ახლა ამომრჩეველს წარუდგა როგორც გაავებული პოლიტიკოსი, რომელიც იქადნება, რომ ყველანაირ ეცდება მეორე ტურში გამარჯვებას მიაღწიოს, თან ტელეკამერების წინ მაგიდას მუშტებს ურტყამს, აბრახუნებს და მოწინააღმდეგეებს თვალების ამოკაწვრით ემუქრება.
ოპოზიციის კანდიდატი შეეცადა თავის მხარეს გადაებირებინა თურქი ნაციონალისტების ლიდერი სინან ოგანი, მაგრამ არ გამოუვიდა. შემდეგ მან რეჯეფ ერდოღანი „ტერორისტებთან მოლაპარაკებაში“ დაადანაშაულა (ასე უწოდებს ქემალ ქილიჩდაროღლუ ქვეყნის მთავრობის მცდელობას ქურთებთან შერიგების მიზნით), ახლახან კი განაცხადა, რომ თუ რეჯეფ ერდოთანი ისევ პრეზიდენტად დარჩება, თურქეთში უფრო მეტი სირიელი ლტოლვილი შემოვაო. ქემალ ქილიჩდაროღლუ იქამდეც კი მივიდა, რომ თურქეთის ხელისუფლება ქალების სიძულვილში დაადანაშაულა.
შეიძლება ითქვას, რომ ოპოზიციის კანდიდატი ყველა იდეოლოგიურ ბერკეტს იყენებს, რომ 28 მაისს დაგეგმილი არჩევნებზე თავისი სასურველი შედეგები მიიღოს, არ ერიდება აშკარა პროვოკაციებს და ემოციების გამოხატვას.
შეძლებს ქემალ ქილიჩდაროღლუ თავისი შეცვლილი ტაქტიკით დარჩენილ ოთხ დღეში ამომრჩევლის გადაბირებას? მოახერხებს მოყოყმანე და იმედგაცრუებული ელექტორატის მიმხრობას?
ეს ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს. საბოლოო ჯამში, ქემალ ქილიჩდაროღლუმ შეიძლება ისიც კი დაკარგოს, რაც მას აქვს – იმიტომ, რომ ზოგიერთ მემარჯვენე ცენტრისტულ და კონსერვატიულად განწყობილ ამომრჩეველს, რომელმაც მხარი მას პირველ ტურში დაუჭირა, ახლა მისი შეცვლილი კამპანია არ მოსწონს და მის ახალ ლოზუნგებს არ ეთანხმება.
მოკლედ, თურქეთი 28 მაისს მომზადებული და დამუხტული ხვდება. ამომრჩეველმა მშვენივრად იცის, თუ ვის უნდა მისცეს თავისი ხმა – თურქეთის დიდებულ მომავალს – „თურქულ საუკუნეს“. მეორე ტურის მთავარი მიზანია ხმის მიცემის პროცესის მშვიდად ჩატარება და ზუსტი შედეგების უზრუნველყოფა.
წყარო