Home Blog Page 2068

“სანამ საქართველო არ იქნება ერთიანი, 26 მაისი ვერ იქნება სრულყოფილი, როგორც საზეიმო თარიღი”

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე თანამოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია.

დღევანდელი დღე თითოეულ ჩვენგანს სიამაყით აღავსებს, მაგრამ ეს დღე ამავდროულად სევდიანი და ტკივილიანია.

სანამ საქართველო არ იქნება ერთიანი, სანამ არ გადავდგამთ ნაბიჯებს დიდი სახალხო შერიგებისკენ ჩვენს აფხაზ და ოს თანამემამულეებთან, 26 მაისი ვერ იქნება სრულყოფილი, როგორც საზეიმო თარიღი.

ძალიან დასანანია, რომ დღესაც იგივე პრობლემებით ვხვდებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, როგორც ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ვულოცავ სრულიად საქართველოს დღევანდელ დღეს და თითოეულ თანამოქალაქეს ვუსურვებ, რომ მომავალი 26 მაისს საქართველო იყოს ერთიანი, ნამდვილად სუვერენული, წარმატებული და განვითარებული, სადაც ყველა მოქალაქე თავს იგრძნობს ღირსეული ქვეყნის ღირსეულ შვილად“, – ნათქვამია „ერთიანი საქართველოს” ლიდერის ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.

“26 მაისი ყველას გვახსენებს, რამდენად ღირებული, გასაფრთხილებელია დამოუკიდებლობა” – ლევან დავითაშვილი

დღევანდელი დღე გამორჩეულია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 26 მაისი თითოეულ ჩვენგანს გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, ღირებულია დამოუკიდებლობა, რამდენად გასაფრთხილებელია, სათუთია და რამდენად პასუხისმგებლობით უნდა მოვეპყროთ ამ მონაპოვარს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რომ ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს.

„ჩვენ 30 წლის განმავლობაში ვცდილობთ, დავამკვიდროთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა. რეალური დამოუკიდებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ქვეყანა არის ძლიერი, მათ შორის, ეკონომიკურად. ამ შემთხვევაში ქვეყანას ექნება რეალური აღიარება. ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ ქვეყანა, მათ შორის, ეკონომიურად ძლიერი და ეკონომიკურად დამოუკიდებელი იყოს, რეალურად მივიღოთ ის სიკეთე, რასაც თავისუფლების სიკეთე ჰქვია. ამ შემთხვევაში ჩვენი სამინისტროს როლი ძალიან მნიშვნელოვანია. აქ ხედავთ ძალიან ბევრ ბენეფიციარს –  წარმოდგენილია „აწარმოე საქართველოში“. მათთვის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ ქვეყანაში შეიქმნას ახალი პროდუქცია, არამედ ამ პროდუქციის შესახებ საქართველოს მოსახლეობამ, ასევე უცხოელმა მომხმარებლებმა გაიგონ. ამიტომ ყველანაირად ვცდილობთ, კომპანიებს მივეხმაროთ პრეზენტაციებში, გამოფენებში, მათ შორის ასეთ ღონისძიებებში მონაწილეობაში, რათა მათი პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს და ქართული პროდუქცია მეტად მოთხოვნადი, დაფასებული იყოს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებში“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

“ვულოცავთ დამოუკიდებლობის დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ჩვენს კოლეგებს, ქვეყნის მოსახლეობას”

ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს ჩვენს კოლეგებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში და საქართველოს მოსახლეობას. გისურვებთ კეთილდღეობას და წარმატებებს. მოუთმენლად ველოდებით ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაღრმავებას“, – აღნიშნულია ალბანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მშვიდობის ხიდზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

„ნაციონალური მოძრაობის“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ მშვიდობის ხიდზე საქართველოს და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ჩვენ ვნახეთ საკმაოდ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიდასავლური აქტი „ქართული ოცნების“ მხრიდან, როდესაც მათ დამოუკიდებლობის დღეს არ გამოკიდეს ევროკავშირის დროშა. ეს არის მათი სიმბოლური ქმედება, რომ ისინი ახდენენ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟს, რასაც ჩვენ არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში. ჩვენთვის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის, ახალგაზრდებისთვის ძალიან პრიორიტეტულია ევროკავშირის და მისი სიმბოლიკა, მითუმეტეს „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რადგან მე წარმოვადგენ იმ პარტიას, რომელმაც პირველად მიხეილ სააკაშვილის თაოსნობით აღმართა ქართულ უწყებებზე ევროკავშირის დროშა. ამიტომ მნიშვნელოვანია ის ევროპული მომავლის მემკვიდრეობა, რაც დაგვიტოვა წინა ხელისუფლებამ და ჩვენ აუცილებლად ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირის ნაწილი, საქართველოში იყოს ევროპის სიმბოლიკები და „ქართული ოცნების“ ის ქმედება, რომ მოსპოს ევროპული მომავალი, არ დავუშვებთ ამას“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ბორდის თავმჯდომარემ, ტიტე გედენიძემ.

“დღეს პრეზიდენტმა თქვა საქართველოს ათასობით მოქალაქის სათქმელი”

დღეს პრეზიდენტმა თქვა საქართველოს ათასობით მოქალაქის სათქმელი, რომელსაც ხელისუფლება არ ამბობს და გაგონებაც არ უნდა, – ასე შეაფასა პარტია “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა.

მისივე თქმით, დღეს პასუხისმგებლიანი ლიდერი სიმართლეს უნდა ამბობდეს და პრეზიდენტმა ეს სიმართლე თქვა.

“ვნახე გამოხმაურებები, გარკვეული კრიტიკა ისმოდა, მათ შორის აბსოლუტურად მიუღებელი სამთავრობო ტრიბუნიდანაც. მე ამ ღონისძიებაზე არ ვყოფილვარ და არც საღამოს ვაპირებ ფუნიკულიორზე ღონისძიებაზე წასვლას. 26 მაისი ჩემთვის ეს არის პასუხისმგებლობის დღე. დიახ, პრეზიდენტს ჰქონდა კრიტიკული და მწვავე გზავნილები, მაგრამ ეს არის რეალობა და პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რომელიც ნიშნავს იმას, რომ რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, კი არ უნდა დავუხუჭოთ, შევფუთოთ და შევეცადოთ, რომ ის შევალამაზოთ ან თვალს მოვარიდოთ. დამოუკიდებელი სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გულისხმობს, რომ თვალი გაუსწოროს იმ პრობლემებს, რაც დღეს აქვს. ვთქვათ, რა გვჭირს, საით გვინდა, რომ ვიაროთ და იქითკენ ვიაროთ. დღეს პრეზიდენტმა თქვა საქართველოს ათასობით მოქალაქის სათქმელი, რომელსაც ხელისუფლება არ ამბობს და გაგონებაც არ უნდა. დიახ, პასუხისმგებლიანი ლიდერი დღეს სიმართლეს უნდა ამბობდეს და პრეზიდენტმა ეს სიმართლე თქვა. ვისურვებდი, მისი ეს დღევანდელი გზავნილები ასევე მალე გადაიზარდოს კონკრეტულ ქმედებებში და კიდევ უფრო აქტიურ ქმედებებში, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია ანიჭებს”, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

“ჯანსაღი პოლიტიკური ძალები აუცილებლად ჩაანაცვლებენ თქვენნაირ კოლექტიურ „კუბილიუსებს“ – დავით ქართველიშვილი პრეზიდენტს

„მინდა მადამ „პღეზიდანს“ მოლოდინები გავუცრუო – ევროპა მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან (ვისი რეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით) არ იმართება და ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს, თქვენზე უკეთესად ესმით იმ საქართველოს ადგილი და არსი თანამედროვე მსოფლიოში, რომლის აზრზეც არ ხართ და არც არანაირი სურვილი გაქვთ – აზრზე იყოთ“, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ქართველიშვილის თქმით, დღეს საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის წარმომადგენლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს მძღოლებად ემსახურებოდნენ რუს სამხედროებს.

„მადამ „პღეზიდანი“: „ახლა, ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო, გიორგი ანწუხელიძისა და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს, მე როგორ ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი, ბოდიშს ვიხდი იმ შეურაცხყოფისთვის, რომელიც არამხოლოდ თქვენ, არამედ მთელი ქვეყნის შეურაცხყოფაა“.

აქ რომ გაჩუმებულიყო, კიდევ იფიქრებდა ადამიანი, რომ ეს რეზიდენტ-„პღეზიდანი“ იმაში უხდის მათ ბოდიშს, რომ ანწუხელიძის წამებით მოკვლაზე ბრძანების მიმცემი ორი რუსი გენერლის პირად მძღოლებად, 2008 წლის აგვისტოში იმ ძალების წარმომადგენლები მუშაობდნენ, რა ძალებსაც დღეს თავად წარმოადგენს.

ანწუხელიძის მკვლელებს სამეგრელოში ემსახურებოდა – გუბერნატორი გოროზია, ის გენერალ ჩაბანის პირადი ლაქია იყო. ხოლო შიდა ქართლის გუბერნატორი ვარძელაშვილი – გენერალ ბორისოვის მძღოლი იყო. ასე რომ, მათი სამარცხვინო თანამონაწილეობა ანწუხელიძის წამებაში, ჩემთვის არანაირ ეჭვს არ იწვევს. ამ ორ მოღალატეს ჰქონდა უნიკალური შესაძლებლობა – იქვე, საკუთარ ჯიპებში, ამ ორი გენერლისთვის სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოეყვანათ, თუნდაც საკუთარი მსხვერპლშეწირვის ფასად, მაგრამ ვისზე ან რაზე ვსაუბრობთ საერთოდ…

მოკლედ, ჩემი მოლოდინი არ გამართლდა. „პღეზიდანმა“ გააგრძელა თავისი სამარცხვინო სიტყვა და ევროპის წინაშე მოქმედი ხელისუფლების გამო მოიხადა ბოდიშები. თურმე, აი ვინ ყოფილა მის თვალში „სამარცხვინო“. მან სიტყვა „შეურაცხყოფაც“ ახსენა და მისი ჭეშმარიტი არსი ჩვენ უნდა გვკითხოს, ვინც დღეს გავუძელით მისი ბაგეებიდან სახელმწიფო ღალატის შემცვლელი მორიგი „არიის“ მოსმენას.

მინდა მადამ „პღეზიდანს“ მოლოდინები გავუცრუო – ევროპა მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლების მხრიდან (ვისი რეზიდენტიც თქვენ ბრძანდებით) არ იმართება და ჯანსაღ ევროპულ პოლიტიკურ ძალებს, თქვენზე უკეთესად ესმით იმ საქართველოს ადგილი და არსი თანამედროვე მსოფლიოში, რომლის აზრზეც არ ხართ და არც არანაირი სურვილი გაქვთ – აზრზე იყოთ.

ეს ძალები აუცილებლად ჩაანაცვლებენ თქვენნაირ კოლექტიურ „კუბილიუსებს“, როდესაც საქართველოსთან თანამშრომლობის პერსპექტივებს მიუდგებიან პრაგმატულ და სამართლიან ჭრილში. თქვენ კი არ აგცდებათ პოლიტიკურ სანაგვეზე დამსახურებული ადგილი, გოროზიასთან და „ჩაბანებთან“ ერთად. სულ ცოტა ხანში, არა „ოღევუაღ“-ს, არამედ – „ადიო“-ს ადგილს მიგიჩენთ, თქვენთვის უცხო და ამოუცნობი ქართველი ერი“, – წერს ქართველიშვილი.

“მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა”

მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ გამოსვლას “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

მან სამარცხვინო უწოდა სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლას და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლაში დღესაც არ ყოფილა მთავარი თემა – საქართველოს გამთლიანება.

„ისტორიულად სამარცხვინო იყო დღეს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. დღეს მთელი მსოფლიო გვიყურებს და სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ ლაფი დაასხა თავზე საქართველოს, იმ სამხედროებს, რომლებიც სამშობლოს სიყვარულით გულანთებულნი მის წინ იდგნენ. მჯერა, ყველა სამხედროს სტკიოდა ის, რომ ასეთი მთავარსარდალი ჰყავთ. უკვე მერამდენედ ეს პიროვნება ჩვენი ქვეყნის ღირსებას ლახავს.

პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა ანწუხელიძის და ოთხოზორიას ოჯახებს იმისათვის, რაც საქართველოში ხდება. მე კი შევახსენებ მას, რომ გიორგი ანწუხელიძემ, შინდისის გმირებმა, გზირიშვილიმა და სხვებმაც საქართველოს ერთიანობისთვის გაწირეს თავი. ამ გმირების ხსოვნისადმი პატივისცემა კი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაა. საქართველოს პრეზიდენტი კი არაფერს აკეთებს ჩვენი ქვეყნის ერთიანობისთვის. არც დღეს ყოფილა მის სიტყვაში მთავარი თემა საქართველოს გამთლიანება. როგორც ჩანს, ზურაბიშვილს ავიწყდება, რომ პრეზიდენტია და უპირველეს ყოვლისა, ამაზე უნდა ზრუნავდეს.

მრჩება განცდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა დაივიწყა, ან დაავიწყებინეს ტერიტორიული მთლიანობის იდეა. აშკარაა, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ვიღაცისთვის თავის ტკივილია და სურთ დაგვავიწყონ ან უარი გვათქმევინონ ამაზე. სწორედ ამას აკეთებს დღეს სამწუხაროდ, ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილმა დღეს წითელი ხაზი გადაკვეთა ქართველ ხალხთან. თუკი მას ჰგონია, რომ რომელიმე ქართველი, გაყიდული სულების გარდა, აფხაზეთს და სამაჩაბლოს რამეზე გაცვლის, ძალიან ცდება. ამაზე მკაცრ პასუხს მიიღებს ხალხისგან“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

Credit Suisse-ს ბიძინა ივანიშვილისთვის $926 მილიონის გადახდა დაეკისრა

სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ დაასრულა ბიძინა ივანიშვილის სარჩელის განხილვა. ინფორმაციას  Reuters-ი ავრცელებს.

Reuters-ის ინფორმაციით, შვეიცარულ ბანკ Credit Suisse-ს ყოფილი პრემიერისთვის მიყენებული ზარალის გამო, 926 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა.

საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული.

აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

248-გვერდიან ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.

თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

“სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ამის შესახებ „არმენპრესი“ იუწყება.

„გილოცავთ სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს! საქართველოსთან ურთიერთხელსაყრელი და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ერთობლივი ძალისხმევით სომხეთი და საქართველო განვითარებას გააგრძელებენ ჩვენი მოსახლეობის ინტერესებისთვის.

სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასეთად დარჩება,“ – წერს ნიკოლ ფაშინიანი.

“ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ – ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები” – პაპუაშვილი

ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ის კრიტიკას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტის შენობაზე, დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა არ არის გამოფენილი და აღნიშნა, რომ „ვისაც არ უნდა, რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს“.

„ეს არის ხალხი, რომელსაც არ აქვს აღქმა, რა არის დამოუკიდებლობა, რა არის თავისუფლება, რა არის სამშობლო, რა არის იყო პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, პოლიტიკოსი. ეს არის პასუხისმგებლობისგან და სამშობლოს განცდისგან დაცლილი ადამიანები. ამიტომ, არც კი ღირს ამ ადამიანებთან კამათში შესვლა. დღეს ჩვენი ქალაქი სავსეა ქართული დროშებით. ეს უხარია ქართველ ხალხს. რაც შეეხება ევროკავშირის დროშას, ევროკავშირის დროშა კიდია საქართველოს პარლამენტის წინ. ვისაც უნდა, რომ დაინახოს, დაე, გაახილოს თვალები. ვისაც არ უნდა რომ დაინახოს, მას რაც არ უნდა დროშები უფრიალო წინ, მაინც ვერ დაინახავს. მთავარი საკითხია, რომ მათ უნდათ რამენაირად ეს დღე ჩააშხამონ ქართულ საზოგადოებას. კიდევ ერთხელ, ყველას ვულოცავ ამ დღეს. ბოლომდე ვიზეიმოთ, ეს დღე ჩვენია, არავის წავართმევინებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“სრული დამოუკიდებლობის მიღწევა ადვილი არ არის იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ”

ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ, – ამ სიტყვებით ულოცავს ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

„გილოცავთ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდი მეგობარი და დიდი გულშემატკივარი, ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას სრული დამოუკიდებლობის მიღწევამდე გასავლელ გზაზე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებენ. მაგრამ თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებულები იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე. გილოცავთ!” – აცხადებს ვიოლა ფონ კრამონი.

1 დაღუპული, 15 დაშავებული – რუსული რაკეტა უკრაინაში სამედიცინო ცენტრს მოხვდა

უკრაინის აღმოსავლეთში, დნიპროს საავადმყოფოზე სარაკეტო დარტყმის შედეგად სულ მცირე 1 ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდასხმის შესახებ გავრცელებული დაადასტურა.

მისი თქმით, სამაშველო მისიაში ყველა საჭირო ორგანოა ჩართული.

მანამდე რეგიონის გუბერნატორმა სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ ქალაქს თავს რაკეტებითა და დრონებით დაესხნენ.