Home Blog Page 2066

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება დაიწყო. თავისუფლების მოედანზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონია შედგება. ახალწვეულები ფიცს მთელ საქართველოში, წელს პირველად, ერთდროულად 10 რეგიონსა და თბილისში დადებენ.

რუსთაველის გამზირზე მოწყობილია ღვინის სივრცე, სადაც გაიმართება სომელიეს მასტერკლასი, სხვადასხვა სახეობის ღვინის დეგუსტაცია, ქვევრის ღვინის მახასიათებლების გაცნობა.

მუსიკალურ-თეატრალურ სივრცეში განთავსებულია კაფე რადიო, სადაც რუსთაველის გამზირიდან განხორციელდება პირდაპირი მაუწყებლობა სხვადასხვა გადაცემითა და მიწვეული სტუმრებით. გარდა ამისა, კაფე „ლიტერატურა“ სცენას დაუთმობს ახალგაზრდა მწერლებს, პოეტებსა და არტისტებს. ამასთან, მოეწყობა საბავშვო და სპორტული სივრცეები, კვების ზონა.

ქართული ავიაციის 100 წელთან დაკავშირებით წარმოდგენილია პეტრე ოცხელის მფრინავი მღებავის ინტერაქტიური ინსტალაცია, ავიაციის კოსტიუმების გამოფენა, წარმოდგენილია რეალური თვითმფრინავი, სადაც მისულ სტუმრებს შესვლა და ფოტოების გადაღება შეუძლიათ.

საქართველოს მასშტაბით საზეიმო ღონისძიებები 15 ქალაქში იმართება. 26 მაისის ღონისძიებებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი დაასრულებს.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო. 26 მაისს ქვეყანა 1991 წლიდან აღნიშნავს და ამით 1918 წლის უმნიშვნელოვანეს მონაპოვარს იხსენებს – საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებას. ეროვნული საბჭოს მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას მოგვიანებით წითელი არმიის შემოჭრა და ქვეყნის ანექსია მოჰყვა. მთავრობა და დამფუძნებელი კრების წევრთა უმრავლესობა კი, ემიგრაციაში წავიდა.

“უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს” – ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელი ხალხის სახელით, საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც მისალოც წერილშია აღნიშნული, ქართველებსა და უკრაინელებს შორის ურთიერთობა ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას ეფუძნება.

„თქვენო აღმატებულებავ! უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარაღებული აგრესიის პირობებში. ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დარწმუნებული ვარ, უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში. ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას, წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია წერილში, რომელიც საქართველოში უკრაინის საელჩოს გვერდზეა გამოქვეყნებული.

“დღევანდელი დღე არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების”-ჯუანშერ ბურჭულაძე

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ აღნიშნა, ამ დღის გარშემო ყველა ერთიანი უნდა იყოს.

„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე როგორც აწმყოში, ასევე მომავალაში. რა თქმა უნდა, მინდა, მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა, ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ მინდა, ახალ თაობას შთავაგონოთ: ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

“გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით სუვერენიტეტისთვის” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს პარტნიორობას.

„ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირის, ნატო-ს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება, კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო“, – ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინელებმა კიევის თავზე რუსების მიერ გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს – ომის 457-ე დღე

რუსეთ – უკრაინის ომის 457-ე დღე

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა წუხელ, დედაქალაქ კიევის თავზე, რუსების სარაკეტო თავდასხმის დროს გაშვებული ყველა რაკეტა ჩამოაგდეს,- ინფორმაციას კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის მიმართულებით Kh-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები სტრატეგიული Tu-95MS ტიპის ბომბდამშენებიდან გაუშვეს.

“წინასწარი ინფორმაციით, კიევის საჰაერო სივრცეში ყველა სამიზნე აღმოჩენილი და განადგურებულია! ამ დროისთვის კიევში მსხვერპლი და ნგრევა არ დაფიქსირებულა”, – განაცხადეს კიევის სამხედრო ადმინისტრაციაში.

მათი ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა, მაისის დასაწყისიდან, კიევის წინააღმდეგ მეცამეტე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დღეს დილით რუსეთის ქალაქ კრასნოდარზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. ინფორმაციას ადგილობრივი ხელისუფლებაც ადასტურებს.

„ტელეგრამ“ არხის Baza-ს ცნობით, ქალაქს დილით ადრე ორი დრონით დაესხნენ თავს.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთი დრონი ჩამოაგდეს, მეორემ კი, სავარაუდოდ, სამიზნეს მიაღწია.

კრასნოდარის მერმა ევგენი ნაუმოვმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად დაზიანდა საოფისე შენობა და საცხოვრებელი კორპუსი – ჩამსხვრეულია მინები, დაზიანდა სახურავი. მისივე ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

უკრაინამ კი, რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 106 სამხედრო მოსამსახურე დააბრუნა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი „ტვიტერზე“ წერს.

“სახლში 106 ჩვენიანს ვაბრუნებთ. ესენი არიან ბახმუტის მიმართულებით მებრძოლი ჯარისკაცები – 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი”, – განაცხადა ერმაკმა.

მისი თქმით, აღნიშნული ჯარისკაცები ბახმუტისთვის იბრძოდნენ და წარმატებას მიაღწიეს, რამაც მტერს არ მისცა საშუალება, კიდევ უფრო ღრმად წაეწია წინ უკრაინის აღმოსავლეთში.

ამასთან, სამხედრო ტყვეების მოპყრობის საკითხების საკოორდინაციო შტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებული ჯარისკაცებიდან 68 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა.

საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოში გერმანიის საელჩო საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

„გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!“ – აღნიშნულია საელჩოს მილოცვაში.

 

https://www.facebook.com/DeutscheBotschaftTiflis/photos/a.185412951481429/6387369431285719/?type=3

PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

კომპანია PSP დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადა და 26 მაისი ტრადიციულად  სხვადასხვა აქტივობებით აღნიშნავს. აფთიაქები და ფარმაცევტების ბეიჯები გაფორმებულია სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ვიზუალით, მომხმარებელი კი, სპეციალური ფასდაკლებით სარგებლობს.

წელს დამოუკიდებლობის კვირეული PSP-ს სააფთიაქო ქსელში საქართველოს მასშტაბით 20 მაისს დაიწყო და 28 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. დამოუკიდებლობის კვირეულის ფარგლებში, არა მარტო სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს, არამედ, ყოველდღე, PSP-ში გარანტირებულად დაბალი ფასები დაგხვდებათ. ამ დღის აღსანიშნავად, მოხმმარებელი თავის, სხეული, თმისა და პირის ღრუს მოვლის საშუალებების ფართო ასორტიმენტზე ასევე გასაკუთრებული ფასდაკლებით ისარგებლებს.

წელს დამოუკიდებლობის დღისადმი PSP-ს თანამშრომლების მონაწილეობით გადაღებულმა რგოლმა „რა არის დამოუკიდებლობა“, სოციალურ მედიაში საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. ისევე როგორც, კომპანიის ცენტრალური ოფისის ფასადზე განთავსებულმა მასშტაბურმა საქართველოს დროშამ. მოქალაქეებს სიახლე დახვდებათ თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე არსებულ PSP აფთიაქთან, სადაც ისინი ამ დღის აღსანიშნავად, ვარდებით დასაჩუქრდებიან.

ტრადიციულად კომპანიის თანამშრომლები რუსთაველის გამზირიდან PSP-ს ოფისის ეზოში იკრიბებიან, სადაც სადღესასწაულო ღონისძიება იმართება მუსიკალური გაფორმებით, სნექებით, ცივი სასმელითა და სამახსოვრო ფოტოებით.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, PSP-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საყვარელი ტრადიციაა. ერთად ვიზეიმოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე!

#ესდღეჩვენია

 

R

“კი-კუს-კლანის საყურადღებოდ – სტატუსის მომლოდინეთა ევროს ზეიმი უევროდროშოდ ვეღარ შედგება!”- გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა ტვიტერის საკუთარ გვერდზე წერს: “კი-კუს-კლანის საყურადღებოდ! 26 მაისი ჩვენი სამშობლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეა! ფრიალებს ქართული დროშები ზეიმობს ქართველი ხალხი! ევროს პერსპექტივა მინიჭებულ კავშირის კანდიდატის სტატუსის მომლოდინეთა ევროს ზეიმი უევროდროშოდ ვეღარ შედგება!”

“რუსეთს არასდროს შეუცვლია პოზიცია ლაჩინის დერეფანთან მიმართებაში” – ვლადიმერ პუტინი

რუსეთს არასდროს შეუცვლია პოზიცია ლაჩინის დერეფანთან მიმართებაში, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„თქვენ იცით ჩვენი პოზიცია სამმხრივ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ლაჩინის დერეფანს ეხება. ჩვენ არასოდეს შეგვიცვლია პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არასოდეს“, – ასე გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი სომხეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს ლაჩინის დერეფნის მიდამოში დაძაბული სიტუაციის შესახებ, რომელიც სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზაა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ამ საკითხზე დისკუსია გაიმართა როგორც სომხურ, ისე აზერბაიჯანულ მხარეებთან.

„ჩვენ ყოველთვის ვიცავდით და ახლაც ვიცავთ ამ პოზიციას – ყველაფერი უნდა იყოს ჩვენი სამმხრივი განცხადების შესაბამისად. და ჩვენი პოზიცია აქ არ იცვლება”, – აღნიშნა პუტინმა.

სატრანსპორტო კავშირების განბლოკვასა და გზების შესაძლო მშენებლობაზე საუბრისას პუტინმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ საკითხთან მიმართებაში უცვლელია.

„ჩვენც განვაცხადეთ ამის შესახებ და აზერბაიჯანული მხარეც ადასტურებს, რომ არანაირი ცვლილება ამ საკითხთან მიმართებაში აზერბაიჯანს არ აქვს. ისინი ყოველგვარი ვარიანტების გარეშე აღიარებენ სომხეთის სრულ სუვერენიტეტს ამ ტერიტორიაზე და არანაირი ორმაგი ან სამმაგი შეხედულება, რაც დაკავშირებულია ტრანსპორტის შესაძლო განბლოკვასთან, არანაირი საფუძველი ამას არ აქვს“, – განაცხადა პუტინმა.

ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ „მიუხედავად ამისა, არის საკითხები ტერმინოლოგიასთან დაკავშირებით, რომელთა განხილვაც უფრო დეტალურად ღირს“.

“დარწმუნებული ვარ, ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში” – ანა ფოტიგა

იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია – დარწმუნებული ვარ, ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა „ტვიტერის“ გვერდზე ქართულ ენაზე წერს და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

ფოტიგა ქართველებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებასა და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას უსურვებს.

„ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში“,- აღნიშნულია ფოტიგას მილოცვაში.

“აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს” – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ქართველ ხალხს ძალიან კარგად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი, – ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში, რომელსაც სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

ბლინკენის თქმით, კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს სურთ და იმსახურებენ.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის ოცი პროცენტის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე გადაწყვეტილება, მიეღო თავისი ევროატლანტიკური მომავალი. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნელად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოში, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს, ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს, კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.ა

26 მაისი მერაბ კოსტავას დაბადების დღეა

26 მაისი საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას დაბადების დღეა.

დღეს ის 84  წლის გახდებოდა.  ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერმა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლას მიუძღვნა მთელი ცხოვრება.

ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, დისიდენტი, ეროვნული მოძრაობის ლიდერი, მერაბ კოსტავა 1939 წლის 26 მაისს თბილისში, ოლღა დემურიასა და ივანე კოსტავას ოჯახში დაიბადა. ბაბუა – ვლადიმერ დემურია ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მასწავლებელი იყო.

1946 წელს მერაბ კოსტავა შეიყვანეს თბილისის ვაჟთა პირველ სკოლაში (დღევანდელი თბილისის კლასიკური გიმნაზია). ამ სკოლაში გაიცნეს ერთმანეთი ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ. აქვე გადაწყვიტეს, ებრძოლათ სამშობლოს თავისუფლებისთვის. მეგობრებისა და მათი თანამოაზრეების ზნეობრივად ჩამოყალიბებაზე დიდი გავლენა იქონია ქართველმა კლასიკოსმა კონსტანტინე გამსახურდიამ.

მერაბ კოსტავამ – მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულმა ახალგაზრდამ – სწავლა დაიწყო ზაქარია ფალიაშვილის სახელობის მუსიკალურ ათწლედში, რომელიც 1958 წელს დაამთავრა და სწავლა გააგრძელა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიაში. კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად. იყო ჟურნალის “ქართული ენა ლიტერატურა სკოლაში” რედაქტორი.

საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ბევრჯერ იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, გადასახლებული. ბოლოს 1987 წელს დაბრუნდა გადასახლებიდან და ზვიად გამსახურდიასთან ერთად განაგრძო ბრძოლა სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის.

მერაბ კოსტავა 1989 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისიდან თბილისისკენ მიმავალი მერაბ კოსტავა სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) ტრაგიკულად, ავტოკატასტოფის შედეგად  დაიღუპა.

მერაბ კოსტავა წერდა ლექსებს, ფილოსოფიურ, თეატრალურ, ლიტერატურულ ესეებს. თარგმნიდა ცნობილი მწერლების ფილოსოფიურ ნაწარმოებებს. ლიტერატურული მოღვაწეობისთვის მინიჭებული აქვს ორი პრემია – დავით აღმაშენებლისა და მწერალთა კავშირის.

მერაბ კოსტავა დაკრძალულია მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში