Home Blog Page 2050

“ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს “ქართული ოცნება” დამანგრევლად დამარცხდებოდა”- გიორგი ვაშაძე

ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა, – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე IRI-ის შედეგების შეფასებისას.

 

„IRI-ის კვლევაში უმნიშვნელოვანესი შედეგებია. პირველი – საქართველოს მოქალაქეების პასუხი „ქართული ოცნების“ პრორუსულ, ღიად ანტიდასავლურ კამპანიას, რომ ისტორიულ მაქსიმუმზეა ასული ევროკავშირში და ნატო-ში ინტეგრაციის მხარდამჭერთა რაოდენობა.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხია „ქართული ოცნების“ რეიტინგის მკვეთრი ვარდნა, რაც მიუთითებს, რომ დიაგნოზი, რომ ის რუსეთთან დაკავშირებული ძალაა მკაფიო ხდება.

მესამე – ოპოზიციურ გაერთიანებას ალტერნატივა არ აქვს. რაც უფრო დიდი იქნება ეს გაერთიანება, მით უფრო გარანტირებულია გამარჯვება. ხვალ რომ რიგგარეშე არჩევნები ტარდებოდეს „ქართული ოცნება“ დამანგრევლად დამარცხდებოდა. დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებზე „ქართული ოცნება“ დამარცხდება.

როგორც კომუნისტური პარტია, რუსეთთან დაკავშირებული ბნელეთის ძალა ჩაბარდა ისტორიულ წარსულს, ზუსტად ასე ჩაბარდება „ქართული ოცნება“ ისტორიულ წარსულს, რომელსაც არანაირი ღირებულებითი კავშირი არ აქვს საქართველოს მოქალაქეებთან“, – აღნიშნავს ვაშაძე.

„ნაციონალური მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა” – გივი მიქანაძე IRI-ის კვლევებზე

არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს, – ასე აფასებს „ქართული ოცნების“ წევრი გივი მიქანაძე IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

მისივე თქმით, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ნეიტრალური თვალსაზრისით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს გამოცლილი რეიტინგები.

„ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობას“ ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაში არის და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა ეს თვითონაც კარგად იციან. ამის ძალიან მარტივი დამადასტურებელი არის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომ ჩაეტარებინათ სხვა და სხვა სახის აქციები, რეგიონებსა და ქალაქებში. ასევე, ის მთავარი ე.წ. აქცია, რომელიც მათ 9 აპრილს დაამთხვიეს ვნახეთ, რომ ეს იყო აბსოლუტურად ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა, ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის მიმართ და იმ პოლიტიკისა და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი და საზოგადოება მიხვდა, თუ რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი. ამიტომ, IRI-კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებასთან მიმართებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით და რა თქმა უნდა, არანაირი საფუძველი, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ბრტყელ ციფრებს, არ არსებობს“- განაცხადა გივი მიქანაძემ.

IRI-ის კვლევა აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს – ლევან ხაბეიშვილი

ეს კვლევა აჩვენებს „რუსული ოცნების“ დასასრულს, – ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი IRI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს.

როგორც ხაბეიშვილი „ფეისბუქზე“ წერს, კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 7- ჯერ უსწრებს.

„გამოქვეყნდა ახალი კვლევა, რომელიც მარტის თვეში ჩატარდა. უკანასკნელ 3 თვეში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 2.5 – ჯერ გაიზარდა. ნოემბრის კვლევით – 25 % ჰქონდა “ოცნებას” და ენმ – ს 6 % .

მარტის თვის კვლევით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს 14 % და „ოცნებას“ 19 % .

კვლევის მიხედვით სხვა პარტიებს ენმ 7- ჯერ უსწრებს .

ეს კვლევა, აჩვენებს რუსული ოცნების დასასრულს!

რუსმა ივანიშვილმა, ყველაზე კარგად იცის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იზრდება და ამიტომ აბსოლუტურად ყველა ხერხით გვებრძვის !

ყველამ უნდა გავიაზროთ, რომ ასე ახლოს რუსული „ ოცნების დამარცხებასთან“ არასდროს ვყოფილვართ!

და ბოლოს … ტყვეობაში, ნაწამები, სიკვდილის პირას მიყვანილი სააკაშვილი, პირად რეიტინგში უგებს ბიძინა ივანიშვილს“, – წერს ლევან ხაბეიშვილი.

https://www.facebook.com/levan.xabeishvili/posts/pfbid02eDMEMKDSkstihtF6matw4zghHLvn1RPFwq7yjP4X3BmuHopEJkFrS3wqexKLmfehl

“საქმე ბოლომდე მივიყვანოთ” – 80 წლის ბაიდენმა მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ვადისთვის ბრძოლა ოფიციალურად გამოაცხადა. “საქმე ბოლომდე მივიყვანოთ, ვიცი ეს შეგვიძლია”, – აცხადებს ბაიდენი.

ბაიდენი ასაკით ყველაზე დიდი პრეზიდენტია და მისი ასაკი ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა დემოკრატიული პარტიისთვის, რომელსაც ახლა წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობა აქვს და 2024-ში სენატორების რთული არჩევნები აქვს წინ.

ბაიდენი მეორე ვადის ბოლოს 86 წლის იქნება, რაც ცხრა წლით აჭარბებს აშშ-ში მამაკაცის სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობას.

“დეგნანი პრეზიდენტად 100% – კეზერა პრემიერად 110% – შინ ევროპაში!” – გოგა ხაინდრავა

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის, იგივე IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგს ტვიტერით ეხმიანება:

“IRI-მა ევროკავშირის EPP-ს რიგებში სუდანზე კვლევა ჩაატარა:
კახა 52%
სალომე 48%
ირაკლი 43%
მიშა 36%
ბიძინა 35%
ოცნება 19%
ენმ 15%
არასწორი გზა 62%
არც ერთი პარტია 42%
მზის სამუდამო დაბნელება 86%
დეგნანი პრეზიდენტად 100%
კეზერა
პრემიერად 110%
შინ ევროპაში!”- წერს გოგა ხაინდრავა

გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 87% მიიჩნევს, რომ საქართველოს ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს რუსეთი უქმნის.

კითხვაზე : „ამ ქვეყნებიდან რომელი წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ პოლიტიკურ საფრთხეს“, 87%-მა რუსეთი დაასახელა, 8-8%-მა აშშ და თურქეთი, 4%-მა – ირანი, 3-3 %-მა -სომხეთი, აზერბაიჯანი და ევროკავშირი, 2-2 %-მა – უკრაინა და ჩინეთი, 1-1 %-მა – ისრაელი, უნგრეთი და გაერთიანებული სამეფო, 1 %-მა – არცერთი.

ამასთან, კითხვაზე, „თქვენი აზრით, როგორია ჩვენი მთავრობის დღევანდელი საგარეო პოლიტიკური კურსი?“ – გამოკითხულთა 17%-მა უპასუხა, რომ პროდასავლური, 25%-მა – პრორუსული, 21% მიიჩნევს, რომ უფრო პროდასავლური, ვიდრე პრორუსული და 20% უპასუხა, რომ უფრო პრორუსული ვიდრე პროდასავლური, 17%-მა განაცხადა, რომ არ იცის/არ სურს პასუხი.

ყაზახეთში “ქოლ-ცენტრებში” მომუშავე საქართველოს მოქალაქეები დააკავეს – ekhokavkaza

ყაზახეთის ქალაქ ალმათში საქართველოს 24 მოქალაქისგან შემდგარი ჯგუფი დააკავეს.

როგორც ekhokavkaza ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, ისინი „ინტერნეტ თაღლითების ქოლ-ცენტრში“ მუშაობდნენ.

ekhokavkaza-ს ცნობით, საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ ყაზახეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის კიბერდანაშაულთან ბრძოლის განყოფილების ხელმძღვანელმა ჟანდოს სუინბაიმ ონლაინ ბრიფინგზე განაცხადა. სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ამასთან, ყაზახური მედიის ცნობით, მიმდინარე წლის სამი თვის განმავლობაში ქვეყანაში სატელეფონო თაღლითურ სქემასთან დაკავშირებული 400-ზე მეტი დანაშაული გამოვლინდა. გამოცემის ცნობით, ყველა შემთხვევაში, ქოლ-ცენტრებში დასაქმებულები თავს ბანკის თანამშრომლებად წარადგენდნენ.

„ყველაზე ხშირად, ისინი ყაზახეთში ონლაინ სესხებს გასცემდნენ“, – წერს გამოცემა KURSIV.

ekhokavkaza კი აღნიშნავს, რომ მანამდე, BBC-ის მაუწყებელმა გამოძიება ჩაატარა გლობალური თაღლითური ქსელის საქმიანობასა და ევროპელი პენსიონერების დანაზოგების, ჯამში მილიარდზე მეტი დოლარის მითვისებისთვის საქმეზე.

„სქემაში ჩერთული ბიზნესმენების სიაში საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილია. საქართველოში რამდენჯერმე ჩატარდა სპეცოპერაცია თაღლითობის გლობალურ ქსელში ჩართული ქოლ-ცენტრების გამოსავლენად, მათ შორის, რამდენიმე დღის წინ თბილისში, ბიზნეს ცენტრში „ატრიუმში“, – წერს EKHOKAVKAZA.

https://kz.kursiv.media/2023-04-24/lnsh-moshenniki-georgia/

“როცა ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, კიდევ უფრო აქტუალურია გვქონდეს სწორად ჩამოყალიბებული სივრცითი გეგმა” – ლევან დავითაშვილი

საქართველოს ერთიანი სივრცითი გეგმის მომზადება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანაა და გეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ეკონომიკური, ეკოლოგიური, სოციალური ასპექტები, რათა ქვეყანას ჰქონდეს განვითარების მდგრადი და სწორი ხედვა, რომელიც არათუ შეაფერხებს, არამედ უზრუნველყოფს მდგრად განვითარებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა თბილისში გამართულ კონფერენციაზე – „სივრცის დაგეგმარება – საქართველო 2023″ განაცხადა.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული და აკადემიური სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყნის სივრცითი გეგმის მომზადების ამოცანა ჯერ კიდევ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს დაიწყო, როცა შეიქმნა შესაბამისი კომისია და წლების განმავლობაში ბევრი რამ გაკეთდა სივრცითი დაგეგმარების კუთხით, ბევრი მუნიციპალიტეტის ადგილობრივი გეგმა მომზადდა, მაგრამ გეგმა, რომელიც მოიცავს ყველა ასპექტს, ამ ეტაპზე არ არსებობს.

„სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ მუშაობა, შეიქმნა სააგენტო, რომელმაც იმუშავა საკმაოდ ინტენსიურად მთელი წლის განმავლობაში. დღეს კი ვმასპინძლობთ საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც იქნება საწყისი, მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ მოხდეს სწორი დაგეგმარება ერთიანი სივრცითი გეგმის შესამუშავებლად, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

მისივე განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანას ჰქონდეს სწორი მაღალი დონის დოკუმენტი, რომლის მომზადებაშიც მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები, ადგილობრივ სპეციალისტებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას და დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ქვეყნის ასპექტები.

„საკმაოდ ბევრი მუნიციპალიტეტი უკვე დაფარულია გენგეგმებით, თუმცა ჯერ შორს ვართ როგორც მუნიციპალიტეტთშორისი და ერთიანი გეგმის არსებობისგან. რა თქმა უნდა, ეს არ არის მარტივი პროცესი, აქ გათვალისწინებული უნდა იყოს საზოგადოების სხვადასხვა ფენისა და უწყების, დარგის ინტერესები. თუმცა, უნდა ითქვას, რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს მუნიციპალიტეტების ჩართულობით. ვფიქრობთ, რომ ამ გეგმების დამტკიცება მიმდინარე წლის განმავლობაში უნდა მოხდეს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განცხადებით, არსებობს უკვე დამტკიცებული დოკუმენტებიც, თუმცა არის მგრძნობიარე მიმართულებები, სადაც საკმაოდ დიდია კულტურული მემკვიდრეობა და ბალანსი კულტურულ მემკვიდრეობას, ბუნებრივ მემკვიდრეობას და ეკონომიკურ განვითარებას პერსპექტივებს შორის საკმაოდ რთულად მისაღწევია.

„აქ გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები, თუმცა მათი ინტერესები უნდა იყოს დაბალანსებული მათ შორის ისეთი მნიშვნელოვანი ასპექტებით, რომელიც ზემოთ აღვნიშნე. ასე რომ, ეს პროცესი მიდის დინამიურად და ქვეყნის განვითარების ამ ეტაპზე, როცა ეკონომიკა სწრაფად ვითარდება, კიდევ უფრო აქტუალურია ქვეყანას ჰქონდეს სწორედ ჩამოყალიბებული სივრცითი გეგმა“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობა თავს დაუცველად მიიჩნევს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

კითხვაზე, საქართველოს რუსეთთან ურთიერთობის ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, გრძნობენ თუ არა უსაფრთხოდ თავს საქართველოში მცხოვრებლები:

მოსახლეობის 11% 18 აპრილის მდგომარეობით თავს დაცულად გრძნობს, 37% კი თავს ძალიან დაუცველად მიიჩნევს.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა „IPM“-ის მიერ.

მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამო პასუხების მაჩვენებელი – 63%.

“როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან”- რომან გოცირიძე IRI-ის კვლევაზე

ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება, ეს აისახება არჩევნების შედეგებში – ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიების მიმართ ნდობის შემცირება, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების ფონზე, გასაკვირი არ არის, თუმცა, ახალი პარტიები მოკლე ხანში ვერ შეიქმნება, ამიტომ ოპოზიციური ფლანგი უნდა გაჯანსაღდეს.

„ყველაზე დამაიმედებელი ის არის, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა იზრდება. ეს რა თქმა უნდა აისახება შემდგომ არჩევნების შედეგებში, მოქალაქეებს სურთ გაწევრიანდნენ ევროკავშირში, ის პარტია, რომელსაც ეს არ სურს, არ იქნება მხარდაჭერილი. ეს არის მთავარი ირიბი სიგნალი. პარტიების ნდობის შემცირებას რაც შეეხება, ეს არ არის გასაკვირი, ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით როგორც ოპოზიციურ ფლანგზე, ასევე სახელისუფლებო მიმართულებით, მაგრამ როგორც არ უნდა მოგვწონდეს ეს სურათი, ერთ და ორ დღეში პარტიები ვერ გამოიჩეკებიან, ესა ვართ, რაც ვართ, ამიტომ ოპოზიციურ ფლანგზე პარტიები უნდა გაჯანსაღდნენ, თუ გვინდა, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ხმები მივიღოთ, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ შევქმნათ კოალიციური უმრავლესობა. კოალიციური უმრავლესობის და ახალი ხელისუფლების ფორმირების გარეშე საქართველოს პერსპექტივა არ აქვს, დაღუპულია ქვეყანა ხელისუფლების დარჩენის პირობებში. ეს გამოკითხვა პროევროპული პარტიების წისქვილზე ასხამს წყალს.

გამოკითხვა ყველა მნიშვნელოვან საკითხზე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ადასტურებს ერთ ფაქტს – საქართველოს ხელისუფლების პოზიციას მხარს არ უჭერს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. მარტივად არის საქმე – მიხეილ სააკაშვილი უნდა გადარჩეს, შეუძლებელია მოქალაქეებს, რომლებიც არიან ჰუმანურები თავის ბუნებით, სხვა პასუხი გაეცათ,”– განაცხადა გოცირიძემ.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ახალი საზოგადოებრივი აზრის კვლევა (Center for Insights in Survey Research) აჩვენებს, რომ გამოკითხულთა 89% სრულად ან მეტ-ნაკლებად უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მხარდაჭერა, ორგანიზაციის ცნობით, წინა კვლევასთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და ისტორიულ მაქსიმუმს აღწევს.

ამასთან, კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ არცერთი პოლიტიკური პარტია არ გამოხატავს მათ ინტერესებს. ხოლო, საზოგადოების 78% -ს პოლიტიკაში მეტი ახალგაზრდის ხილვა სურს.

გამოკითხულთა 39% ხმას არცერთ შემთხვევაში არ მისცემდა „ნაციონალურ მოძრაობას“, 34% კი – „ქართულ ოცნებას“

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 39% აცხადებს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცემდა ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“, გამოკითხულთა 34% კი არავითარ გარემოებაში არ მისცემდა ხმას „ქართულ ოცნებას“.

კითხვაზე, „რომელ პარტიებს არ დაუჭერდით ხმას არავითარ შემთხვევაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში?“, 39 %-მა „ნაციონალურ მოძრაობა“ დაასახელა, 34 % -მა – „ქართული ოცნება“, 16%-მა – „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“, 13-მა- „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“, 13%-მა- „ევროპული საქართველო, გიგა ბოკერია“, 13%-მა – „პატრიოტთა ალიანსი“, 13%-მა – „გირჩი“, 8% -მა- „ლეიბორისტული პარტია, შალვა ნათელაშვილი“, 7-7%-მა – „სტრატეგია აღმაშენებელი, გიორგი ვაშაძე“ და „დროა, ელენე ხოშტარია“, 6%-მა – „ლელო“, 5%-მა – „ხალხის ძალა“, 4%-მა – „გიორგი გახარია საქართველოსთვის“, 3%-მა – „მოქალაქეები – ალეკო ელისაშვილი“, 1%-მა – „ხალხისთვის – ანა დოლიძე“ – 1%, 1%-მა – სხვა.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

“სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება” – IRI

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)” ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 43% მტკიცედ უჭერს მხარს მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას.

კერძოდ, კითხვაზე: „მხარს უჭერთ თუ ეწინააღმდეგებით მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანას?“, 43 % – მა უპასუხა, რომ მტკიცედ უჭერს მხარს, 26% – კატეგორიულად ეწინააღმდეგება, 18 % – ნაწილობრივ უჭერს მხარს, 7% – ნაწილობრივ ეწინააღმდეგება, 6% – კითხვაზე პასუხი არ აქვს, ან არ სურს, უპასუხოს.

ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. კვლევის საველე სამუშაოები IPM-ის მიერ შესრულდა. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 63%.

“საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” ინფორმაციით, კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.