Home Blog Page 2049

“ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილს, მთელი ევროპა გაძარცვა” – ირაკლი ზარქუა კეზერაშვილზე

ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილ კეზერაშვილს, მთელი ევროპა გაძარცვა, – ასე გამოეხმაურა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ზარქუა იმ ფაქტს, რომ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

„ამ კვლევებს წერს ის ჯიგარი, იქით რომ არის, კეზერა, ევროპელ პენსიონერებს რომ ძარცვავს, თქვენმა კოლეგებმა რომ ამხილეს. ეტყობა, ის მათემატიკოსი არაა და გაეპარა, 102% დასვა. მერე გადააკეთეს, მაინც 101% გამოუვიდათ. საგიჟეთია რა, ერთი კალკულატორი რა გაუჭირდა იმ დალოცვილს, მთელი ევროპა გაძარცვა“, – აღნიშნა ირაკლი ზარქუამ.

ტვ „ფორმულას“ მიერ გამოქვეყნებულ Edison Research-ის კვლევაში, პოლიტიკური პარტიების რეიტინგის ჯამი ჯერ 102% იყო, ხოლო ჩასწორების შემდეგ 101% გახდა.

“რუსეთი გაზრდის პროვოკაციებს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორებზე, რაც მათთვის საქართველოზე ზეწოლის ბერკეტი, სასწრაფოდ უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების ზომები

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება საგანგაშო სიგნალია და მკაფიო მუქარა, რომელიც ნათლად გამოხატავს რუსეთის იმპერიალისტურ გეგმებს და სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარტია „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარემ, პაატა დავითაიამ განაცხადა.

მისივე განცხადებით, „ლავროვის განცხადებაში ჩანს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს“.

„ლავროვის განცხადებაში, ცალსახად ჩანს, რომ რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ პროვოკაციებს გეგმავს და აძლიერებს ზეწოლას ქართულ სახელმწიფოზე, იმ გზაზე, რაც ქვეყანამ სტატუსთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციის შემდეგ დაიწყო.

განცხადება, რომ რუსეთი რეგიონიდან გასვლას და რაიმეს დათმობას არ აპირებს, ფაქტობრივად, მუქარა და ზეწოლაა ქართულ სახელმწიფოზე, მოსალოდნელია პროვოკაციების გაძლიერება რუსეთის მხრიდან, განსაკუთრებით, დეკემბერში, სტატუსის მიღების შემდეგ.

მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, მოახდინოს მკვეთრი რეაგირება ლავროვის ღია მუქარაზე, მაქსიმალურად ითანამშრომლოს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან იმ საფრთხეებთან დაკავშირებით, რაც რუსეთიდან მოდის. საქმის კურსში უნდა იყოს ჩაყენებული ევროკავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა იმ მუქარებზე, რასაც ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეტა მინისტრი აჟღერებს.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, სასწრაფოდ მიიღოს ზომები და გააძლიეროს უსაფრთხოების ზომები ოკუპირებულ ტერიტორიებთან, რადგან რუსეთის მიერ ჩვენს ქვეყანაზე ზეწოლის ბერკეტი ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიები და იქ განხორციელებული პროვოკაციებია ოკუპანტების მხრიდან“,- აცხადებს პაატა დავითაია.

დევიდ კემერონი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრად ჯეიმს კლევერლი დაინიშნა.

ამის შესახებ Sky News-ი იტყობინება.

შს მინისტრის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც პრემიერმა რიში სუნაკმა პოლიციის კრიტიკის გამო ამ თანამდებობიდან სუელა ბრავერმანი გაათავისუფლა.

რაც შეეხება საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომელსაც ჯეიმს კლევერლი ხელმძღვანელობდა, მას ყოფილი პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი შეცვლის.

“საქართველოს პრეზიდენტის განცხადება სი ძინპინთან დაკავშირებით კატეგორიულად მიუღებელი და შემაშფოთებელია”

საქართველოში ჩინეთის ელჩთან შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეაფასა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტ სი ძინპინთან დაკავშირებით, რომელიც მან ფრანგულ სატელევიზიო არხ LCI-სთან ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ მსგავსი განცხადება კატეგორიულად მიუღებელია და შემაშფოთებელია. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

პრემიერის განცხადებით, აღნიშნული რიტორიკა ეწინააღმდეგება საქართველოს ხელისუფლების, ქართველი ხალხის დამოკიდებულებას ჩინეთთან და არ შეესაბამება ორი ქვეყნის მეგობრული, სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთებას და ის ზიანს აყენებს ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას.

პრემიერის თქმით, სამწუხაროდ, ეს არ გახლავთ პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის დარღვევით და სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ, ცალკეულ აქტივობებს ახორციელებს და საკუთარ შეფასებებს აკეთებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც თანხვედრაში არ არის ქვეყნის მთავრობის პოზიციასთან, რის გამოც უხერხულ მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საერთაშორისო იმიჯს და სწორედ მისი მხრიდან კონსტიტუციური ნორმების საჯარო და უხეში დარღვევა გახდა მმართველი გუნდის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ინიცირების მიზეზი.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, სადაც პრეზიდენტი არ ახორციელებს ქვეყნის საგარეო პოლიტიკას. საქართველოში ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ამგვარი მანდატი ქართველი ხალხისგან მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს მინიჭებული. შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება ფორმალურადაც კი არ გამოხატავს საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას ჩინეთის სახელმწიფოს და მისი ლიდერის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა სინანული გამოხატა საქართველოს პრეზიდენტის განცხადების გამო და იმედი გამოთქვა, რომ პრეზიდენტის აღნიშნული განცხადება გავლენას არ მოახდენს, არ დააზიანებს საქართველოსა და ჩინეთის ურთიერთობის უაღრესად პოზიტიურ ისტორიულ დინამიკას.

საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს LCI-სთან ინტერვიუს დროს ჰკითხეს, იმედოვნებს თუ არა, რომ პუტინი და სი ძინ პინი როდესმე გასამართლდებიან, რაზეც ზურაბიშვილმა უპასუხა: „მე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა“.

“სალომე ზურაბიშვილის ძმის განცხადება სააკაშვილზე არაფერს ნიშნავს” – ანა ბუჩუკური

[სალომე ზურაბიშვილის] ძმის განცხადება არაფერს ნიშნავს. ოფიციალური წარმომადგენელი ხომ არ არის?! – ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ანა ბუჩუკური პრეზიდენტის ძმის განცხადებას მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.

„თავად სალომე ზურაბიშვილს საჯაროდ და ძალიან მკვეთრად აქვს ნათქვამი, რომ ის არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას. არანაირი საფუძველი, რომ ახლა განსხვავებულ აზრზე გავაკეთო [კომენტარი], არ მაქვს. [სალომე ზურაბიშვილის] ძმის განცხადება არაფერს ნიშნავს. ოფიციალური წარმომადგენელი ხომ არ არის?!“ – აღნიშნა ბუჩუკურმა.

სალომე ზურაბიშვილის ძმამ ოთარ ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი გამოსავალს ეძებდა, თუმცა, ოთარ ზურაბიშვილის შეფასებით, არსებულ პოლიტიკურ გარემოში ამ გამოსავლის პოვნა რთულია.

საქართველოს მთავრობამ დააჩქარა მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით და ეს კარგია-ლატვიის პრემიერ-მინისტრი

ვფიქრობ, ძალიან ნათელია, რასაც ქართველი ხალხი ამბობს, მაგრამ ასევე საინტერესოა საქართველოს მთავრობის მოსმენა, მთავრობამ დააჩქარა მოძრაობა ევროკავშირის მიმართულებით და, ვფიქრობ, ეს კარგია, – ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ ბრიუსელში განაცხადა, სადაც  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

„მე ძლიერად ვუჭერ მხარს, რომ საქართველოს მისამართით გაიცა რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, რომ გადადგას შემდეგი ნაბიჯები“, – განაცხადა კარინშიმ.

“ევროკომისიის გადაწყვეტილება თავად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაიწყება” – ჯოზეფ ბორელი

ევროკომისიის გადაწყვეტილება თავად საუბრობს, რამდენად მნიშვნელოვანია უკრაინასთან მოლაპარაკებების დაიწყება, რაც მისცემს ბიძგს იმ ხალხს, ვინც რიგში დგას ევროკავშირში გასაწევრიანებლად, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა, წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელმა ამის შესახებ ბრიუსელში განაცხადა, სადაც  სადაც  ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.

„არსებობს დაბრკოლება სერბეთი-კოსოვოს მოლაპარაკაბებზე, მაგრამ უკრაინის მიერ გაწევრიანების გზაზე შექმნილი დინამიკა გავლენას მოახდენს მთელ პროცესებზე“, – განაცხადა ბორელი.

Technovation Girls SAKARTVELO იწყება

თიბისის განათლების პროგრამის მხარდაჭერით და ალტე უნივერსიტეტის ორგანიზებით, საერთაშორისო პროექტი Technovation Girls SAKARTVELO მეორედ ჩატარდება.

Technovation Girls საერთაშორისო პროექტია, რომელშიც უკვე 13 წელია, მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგო იღებს მონაწილეობას. პროგრამის ფარგლებში, ისინი სწავლობენ პროგრამირებასა და ტექნოლოგიური პროდუქტების შემუშავებას, მუშაობენ მათ გარშემო არსებული კონკრეტული პრობლემების გადაჭრის ტექნოლოგიურ გზებზე და გუნდურად ქმნიან მობილური აპლიკაციის ან ხელოვნური ინტელექტის პროტოტიპებს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წელს საქართველოდან წარდგენილი ფარისა და ცაგერის საჯარო სკოლების გოგოებისგან შემდგარი გუნდი – TSFE Technical Support for Earth, პროექტით: Smart Light, 2023 წელს პირველად გახდა ევროპის რეგიონის გამარჯვებული. ხოლო, საქართველომ დასრულებული პროექტების რაოდენობით, მსოფლიო მასშტაბით მე-10 ადგილი დაიკავა.

„თიბისისთვის ახალი თაობის მხარდაჭერა და განათლების ხელშეწყობა კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულებაა, რომელიც ათასობით ახალგაზრდისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობას გულისხმობს. თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, სფეროში გოგონების გაძლიერებას და ტექნოლოგიებზე წვდომის გაზრდას მთელი საქართველოს მასშტაბით“ – ალექსანდრე მაყაშვილი, თიბისის სტრატეგიული პროექტების ხელმძღვანელი.

Technovation Girls 2024-ში მონაწილეობა შეუძლიათ გოგოებს ორ ასაკობრივ ჯგუფში: 13-15 წელი და 16-18 წელი, გუნდში შესაძლოა იყოს 1-5 მონაწილე. პროექტში ასევე ვიწვევთ მოხალისე მენტორებს, საქართველოს ნებისმიერი წერტილიდან. მსურველებმა სარეგისტრაციო მარტივი ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსოთ.

Technovation Girls – საქართველოს 2024 წლის გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან სპეციალური პრიზებით. საქართველოს მასშტაბით გამარჯვებული გუნდები გააგრძელებენ მონაწილეობას გლობალურ შეჯიბრში. საუკეთესო 20 გუნდი მონაწილეობას მიიღებს ტექნოლოგიურ ბანაკში, რომელიც ზაფხულში ჩატარდება.

„ჩემთვის დიდი პატივია, რომ Total Courage-ის გუნდმა ალტე უნივერსიტეტს უკვე მეორედ მიანდო საქართველოში ამ პროგრამის მასპინძლობა. პარტნიორ ორგანიზაციებთან, მენტორებთან და მოხალისეებთან ერთად კიდევ აქტიურად ვიმუშავებთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი მოზარდი გოგო ჩაერთოს ამ პროექტში, დაინტერესდეს ტექნოლოგიებით, იმუშაოს ახალ იდეებზე და მომავალში აირჩიოს ტექნოლოგიებთან და ინჟინერიასთან დაკავშირებული კარიერა. გასულ წელს, პროექტის წარმატებულმა შედეგებმა აჩვენა, რომ ამ მიმართულებით დაინტერესება დიდია, ამიტომ, კიდევ უფრო დიდი შემართებით ვეცდები, რომ დაინტერესებულ გოგოებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მაქსიმალურად გავუზიარო ჩემი და პროფესიონალი პრაქტიკოსების გამოცდილება“ – ნანა დიხამინჯია, ალტე უნივერსიტეტის ციფრული ტრანსფორმაციის ცენტრის ხელმძღვანელი. 

Technovation Girls SAKARTVELO 2024 მონაწილეობის მსურველმა სარეგისტრაციო ფორმა 24 ნოემბრამდე უნდა შეავსონ

გოგოების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/TgyuzYoSvTyDkZy76

მენტორების სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/W9p3s158MZMrcSwf8

Technovation Girls SAKARTVELO ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის IT სკოლის ორგანიზებით, არასამთავრობო ორგანიზაციასთან „ტექდრო“ თანამშრომლობით და  თიბისის მხარდამჭერით.

 

R

“ჩვენი მონაცემებით, „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი 17 პროცენტამდეა ჩამოსული”- ირაკლი ზარქუა

კობახიძემ ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა, რომ თუ 2022 წლის დეკემბერში სტატუსს მოგვანიჭებდნენ, ბარიერს 2 პროცენტამდე დავწევდით, „ოფერი“ ჩაიშალა და რაზე აპელირებენ გაუგებარია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ბარიერის 2 პროცენტამდე შემცირების საკითხთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ნიშანდობლივია, რომ ბარიერის შემცირებაზე „ნაციონალური მოძრაობაც“ საუბრობს, რადგან, „სავარაუდოდ პრობლემა ამ კუთხით, მათაც გაუჩნდათ“.

„იციან, ხელი მოეცარათ, რევოლუცია არ გამოსდით, რადგან ევროკომისიამ სტატუსის მინიჭებით წყალში ჩაუყარათ გეგმები, სერბები ჰყავდათ დაქირავებული, იცით, რომ ქვეყანა ქაოსში და უბედურებაში შეეყვანათ. ეს ახლა არ გამოსდით და დაიწყეს. ნიშანდობლივია, „ნაციონალურმა მოძრაობამაც“ რომ დაიწყო, რადგან რეალურად გაუჩნდათ ეტყობა ბარიერის პრობლემა, შიდა კვლევები აქვთ რეალური, ის კი არა რასაც აჩვენებენ, რეალური სურათი აქვთ და ჩვენი მონაცემებით 17 პროცენტამდეა მათი რეიტინგი ჩამოსული, ჩემი „ხაბე“ იმდენს იზამს, დაიყვანს ამას 5 პროცენტამდე ან უფრო ნაკლებამდე, ამის ეშინიათ და სამართლიანადაც აქვთ ამის მიმართ შიში. 2022 წელს, როცა ქაოსი და არეულობა იყო და ჩვენ ველოდებოდით სტატუსს, მაშინ ჩვენმა ლიდერმა კობახიძემ ევროსაბჭოს, ევროკომისიას, ევროპელ პარტნიორებს შესთავაზა, რომ თუ 2022 წლის დეკემბერში სტატუსს მოგვანიჭებდნენ, ბარიერს 2 პროცენტამდე დავწევდით, რომ პოლარიზება შეგვემცირებინა, ამას სამწუხაროდ, გამოხმაურება არ მოჰყვა, არ მოგვენიჭა სტატუსი უსამართლოდ და გახსოვთ ამას ორბანიც ამბობდა. აქედან გამომდინარე, ეს „ოფერი“ ჩაიშალა და რაზე აპელირებენ გაუგებარია. ბარიერი, როგორც ევროპის უმეტეს ქვეყნებშია, 5 – პროცენტიანი დარჩება. ამ მოცემულობით ჩვენ ამაზე მსჯელობა არ გვაქვს და არ მაქვს მოლოდინი, რომ უახლოეს პერიოდში გაიმართება“, – განაცხადა ზარქუამ.

“საგარეო პოლიტიკის განხორციელებისას, დიდ ყურადღებას ვაქცევთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს” – ილია დარჩიაშვილი

ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლდ მოიტანს შედეგებს და აუცილებლდ მივაღწევთ მშიდობიან დეოკუპაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს, ხელისუფლების მხრიდან დიდი ყურადღება ექცევა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს.

„ერთ-ერთი ყველაზე რთული, მთავარი და სენსიტიური გამოწვევა არის ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, ოკუპირებული ტერიტორიები, რომლებიც არ არიან დღეს საქართველოს კონტროლის ქვეშ. შესაბამისად, საგარეო პოლიტიკის განხორციელების დროს, ჩვენი ევროინტეგრაციის პარალელურად, ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხებს. ძალას არ ვიშურებთ, რომ განვამტკიცოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. ჩვენ გვაქვს გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკა, რომელიც აუცილებლდ მოიტანს შედეგებს და აუცილებლად მივაღწევთ მშიდობიან დეოკუპაციას“, – განუცხადა ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

რაც შეეხება ევროკავშირის მხრიდან გზავნილებს, დარჩიაშვილის შეფასებით, ევროკავშირმა მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რადგან გაფართოების პოლიტიკა არის გზა, რომ ევროკავშირი იყოს კიდევ უფრო ძლიერი, უფრო განვითარებული.

„ჩვენი დამოკიდებულებაც ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით არის, რომ არა მხოლოდ ჩვენ მივიღებთ ამით სარგებელს, არამედ ჩვენ ჩვენი ღირებულებებით შევალთ ამ ოჯახში. ის სარგებელი, რომელიც უნდა მივიღოთ, ასევე გვინდა ჩვენი თანამოძმეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპაციის მიღმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი გონივრული, მშვიდობაზე ორიენტირებული პოლიტიკით აუცილებლად მივაღწევთ ქვეყნის გამთლიანებას და გაძლიერებას“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, ჩვენი ამოცანაა „ქართული ოცნების“ დამაჯერებლად დამარცხება და 5%-იანი ბარიერის პირობებშიც”

„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართული ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად – ჩვენი ამოცანა არის, რომ დამაჯერებლად დამარცხებული იქნას „ქართული ოცნება“, 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ „დამაჯერებლად დამარცხდება და ქართველი ხალხი ხელში აიღებს ძალაუფლებას“.

„ლელოს“ ამოცანა არ არის ბარიერის გადალახვა, „ლელოს“ ამოცანა არის „ქართველი ოცნების“ შეცვლა 2024 წლის არჩევნების შედეგად. ამიტომ ჩვენ გაცილებით დიდ ამოცანებს ვისახავთ წინ, ვიდრე ეს 5%-იანი ბარიერია. „ქართული ოცნება“ აჩვენებს თავის სახეს იმიტომ, რომ ის დაპირება, რომელიც გააკეთა „ქართულმა ოცნებამ“, ცხადია, ეს პირველად არ არის, როდესაც ის დაპირებას არღვევს, სიტყვას სტეხს, ეს არის მათი სტილი, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა, არაფერი გვეცვლება სამოქმედო გეგმებში, ჩვენი ამოცანა არის, რომ დამაჯერებლად დამარცხებული იქნას „ქართული ოცნება“, 5%-იანი ბარიერის პირობებშიც, რის შედეგადაც ქვეყანას ეყოლება პროევროპული კოალიციური მმართველობა და რის შედეგადაც ქვეყანა უკვე დაიწყებს რეალურად ინტეგრირებას ევროკავშირში. ამიტომ ეს რასაც აკეთებს „ქართული ოცნება“, არის მათი სტილი და სახე – სიტყვის გატეხა, პირობის გატეხვა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ეს აბსოლუტურად ვერ იქონიებს გავლენას იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ დამარცხდება, დამარცხდება დამაჯერებლად და ქართველი ხალხი აიღებს ხელში ძალაუფლებას, დაიბრუნებს თავის სახელმწიფოს.

ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ კეთილი ნების იმედი არავის უნდა ჰქონდეს, ამიტომ აუცილებელია ძალიან მნიშვნელოვანი ჩართულობა საერთაშორისო საზოგადოების, ჩვენ ვხედავთ, რომ სრული მზადყოფნა არის ევროკავშირის მხრიდან, ასევე, შეერთებული შტატების მხრიდან, იმისათვის, რომ დაიწყოს დაკვირვება პროცესის, უკვე ახლა და ეს არ იყოს მხოლოდ არჩევნების დღეს. იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“ აყალბებს არჩევნებს, არჩევნების დღემდე, როდესაც ის ახდენს ზეწოლას ამომრჩევლებზე, ხდება ხმების მოსყიდვა, მისი კოორდინატორების ინსტიტუტი არის მობილიზებული იმისათვის, რომ ადამიანები შეცდომაში შეიყვანონ, რომ მათი ხმები კონტროლდება თითქოს, ეს არის მთელი ინსტრუმენტები, რომელიც გააჩნია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც ის გამოიყენებს, თუ ამაში ხელი არ შევუშალეთ. ამიტომ ჩვენ შეთანხმებული ვართ საერთაშორისო საზოგადოებრიობასთან, შეთანხმებული ვართ ჩვენს მეგობრებთან, რომ აუცილებელია, უპრეცედენტო რაოდენობის გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა ჩვენ ქვეყანაში, ყველა დარღვევის საჯაროდ გამოტანა, მხილება „ქართული ოცნების“, ყველა შემთხვევაში, როდესაც ისინი თავიანთი ჩვეული სტილით შეეცდებიან, რომ წინასწარ განსაზღვრონ და გააყალბონ არჩევნები, ამიტომ მე ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, „ქართული ოცნება“ ვერ შეძლებს იგივე დარღვევებით ჩაატაროს არჩევნები, როგორც გასული არჩევნები იყო. შესაბამისად, ახლა ჩვენ ხელშია ჩვენი ქვეყნის მომავალი, იმ თვალსაზრისით, რომ ყველა ადამიანმა უნდა ირწმუნოს, რომ მისი ხმა იქნება გადამწყვეტი და მისი ხმა დაცული იქნება. ჩვენი მეგობრები იქნებიან ქართველ ხალხთან ერთად არ მისცემენ საშუალებას „ქართულ ოცნებას“, რომ გააყალბოს არჩევნები“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

Capture the Flag — თიბისის მასშტაბური ღონისძიება ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე

თიბისიმ შიდა ტექ-გუნდისთვის კომპანიაში კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლებისა და გაუმჯობესების მიზნით, წლის პირველი Capture the Flag გამართა. ღონისძიება კიბერუსაფრთხოებასთან ეფექტურად ბრძოლისა და თანამშრომლებში ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა. თიბისის ჯგუფთან ერთად მონაწილეობდნენ ფეიმის, თინეთისა და სფეისის გუნდის წარმომადგენლები. ღონისძიება ჰიბრიდულ ფორმატში მიმდინარეობდა, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ როგორც ონლაინ ისე ადგილზე ჩართულიყვნენ.

“დღესდღეობით, როდესაც ფაქტობრივად უკვე ნელ-ნელა უამრავი სერვისის გაციფრულება ხდება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს სისტემები იყოს დაცული. ამიტომ აუცილებელია, ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს, იქნება ეს დეველოპერი, ადმინისტრატორი თუ სხვა, გააზრებული ჰქონდეთ პროგრამისა და სისტემის უსაფრთხოება, რადგან ერთმა პატარა შეცდომამაც კი შეიძლება კომპანია ძალიან დიდი რეპუტაციული თუ ფინანსური რისკის წინაშე დააყენოს.”- გუჯა მარკოზაშვილი, თიბისის შეღწევადობის ტესტირების სპეციალისტი

თიბისი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, მაღალი პასუხისმგებლობით ეკიდება კიბერუსაფრთხოების დაცვის უზრუნველყოფას და ამაზე აქტიურად მუშაობს. კომპანია არაერთი სახის სისტემას აერთიანებს, რაც თავისთავად გულისხმობს ტექნოლოგიურ მრავალფეროვნებას. შესაბამისად, მსგავსი ტიპის ღონისძიებები თანამშრომლებს დაეხმარება იყვნენ მეტად პროდუქტიულები და აქტიურად ჩაერთონ ყოველდღღიურ საქმიანობაში.

R