Home Blog Page 2048

“თუ მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება მტრის ცრუ არგუმენტს იმეორებდე?”- გიგა ბოკერია

თუ შენი ქვეყნის მოღალატე არ ხარ, რატომ შეიძლება შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას?,”- ასე ეხმაურება “ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია, საქართველოს  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას.

ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას შეფასებით,განცხადებები მისი მხრიდან საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატის კიდევ ერთი დემონსტრაციაა.

ბოკერიას თქმით, იმის ნაცვლად, რომ ირაკლი ღარიბაშვილს ეს ტრიბუნა მკვეთრი გზავნილისთვის გამოეყენებინა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობას იმსახურებს, მან პუტინის რეჟიმისთვის დამახასიათებელი მცდარი განცხადებები გაახმოვანა.

„ანუ, რუსეთი აპრიორი კი არ იყო აგრესიული, კი არ ერჩოდა ჩვენს სახელმწიფოებრიობას და არ ცდილობდა ჩვენს განადგურებას, არამედ ჩვენ გავაღიზიანეთ, რადგან გვინდოდა ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გავმხდარიყავით, ეს არის ყველაზე დიდი სიცრუე.

ჩვენივე ისტორია და ყველა სხვა რუსეთის მეზობელი ქვეყნის ისტორია არის დასტური, პირველი აგრესიის დროს ცხინვალსა და აფხაზეთში საერთოდ არ იდგა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი, მაშინ რამ გამოიწვია რუსეთის აგრესია საქართველოს წინააღმდეგ? მოლდოვაში, რომელმაც ნეიტრალიტეტი ჩაწერა კონსტიტუციაში, რატომ განხორციელდა აგრესია დნესტრისპირეთში და რატომაა ჯერ კიდევ ოკუპაციის პრობლემა ამ რეგიონში? ასევე უკრაინის მთავრობამაც გამოაცხადა ნეიტრალიტეტი, თუმცა პუტინის რეჟიმმა ზეწოლა მოახდინა იანუკოვიჩზე და ევროპასთან უვიზო მიმოსვლასა და ვაჭრობაზე ათქმევინა უარი”,- განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, პრემიერის ამ ქცევას ადეკვატური შეფასება უნდა მიეცეს, რადგან ეს არის საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი.

„ეს ფაქტებიც კი საკმარისია იმის დემონსტრირებისთვის, თუ რამხელა სიცრუეა ეს და რატომ შეიძლება, თუ მოღალატე არ ხარ, რომ შენი მტრის ცრუ არგუმენტებს იმეორებდე ასეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო ტრიბუნაზე გამოსვლისას. რატომ შეიძლება, რომ დასავლეთის მიერ წარსულში დაშვებულ მძიმე შეცდომებს იყენებდე არა იმისთვის, რომ იგივე შეცდომა აღარ დაუშვან და სწრაფად მიგვიღონ ნატო-სა და ევროკავშირში, არამედ ამის ნაცვლად იძახდე, რომ მაშინ თქვენ ცუდად მოიქეცით და დღეს ნუ გვთხოვთ, რომ მკაფიო პოზიცია გვქონდეს რუსეთის წინააღმდეგო. რატომ უნდა ამბობდე იმაზე, რაც რუსეთის აგრესიის გამო ხდება, რომ ვერცერთი მხრიდან, ვერც რუსეთის და ვერც დასავლეთის მხრიდან ვერ ვხედავთ ნაბიჯებს მშვიდობისთვისო, ანუ ბოროტება და სიკეთე ერთ ქვაბში მოხარშა. ეს არის სწორედ ღალატის მაგალითი, ეს არ არის უბრალო სიტყვა და როცა ასე იქცევა შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ამას უნდა მიეცეს ადეკვატური შეფასება”,- განაცხადა გიგა ბოკერიამ.

 

“ლეგიტიმაციის არმქონე პრეზიდენტი, რევოლუციური სცენარის ავანგარდში დამკვიდრდა” – ლევან მამალაძე

ლეგიტიმაციის არმქონე პრეზიდენტი, რევოლუციური სცენარის ავანგარდში დამკვიდრდა! – ამის შესახებ სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი, ლევან მამალაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმიაცია არც არჩევნების დროს ჰქონდა და არც ახლა აქვს.

“ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს ლეგიტიმაცია არც არჩევნების დროს ჰქონდა და არც ახლა აქვს. ყველას კარგად ახსოვს, რომ ის ბიძინა ივანიშვილის თხოვნითა და “ქართული ოცნების” მხარდამჭერთა მობილიზაციის შედეგად იქნა არჩეული.

როგორც ჩანს, მადლიერების განცდა, პრეზიდენტ ზურაბაშვილს არ გააჩნია და მხოლოდ პირადი ამბიციებით ხელმძღვანელობს. მას კონსტიტუციით მინიჭებული უფლებები, საქართველოს სასარგებლოდ არ გამოუყენებია და ყველგან სახელმწიფოს მაკრიტიკებელის როლშია. რევოლუციისა და მოლოტოვის კოქტეილების მხარდამჭერი, თვითონ გახდა პოლარიზაციის წყარო და ევროინტეგრაციის ხელშემშლელი, რაც სფრთხის შემცველია ჩვენი ქვეყნისთვის.

მე ვერ ვიხსენებ, ღვინისა და სასმელების პრეზენტაციებში მონაწილეობის გარდა, თუ რა საასრგებლო, ან სასიკეთო გააკეთა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის, რომლის პრეზიდენტი, მთავარსარდალი და უმაღლესი წარმომადგენელია!

ამ კითხვას ყველამ არგუმენტირებულად უნდა გასცეს პასუხი!”, – წერს ლევან მამალაძე.

“ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ისეთი პოლიტიკა აირჩია, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია” – ვაჟა ბერიძე

ევროკავშირის ქვეყნების ელჩები, გუშინ, ვიცე-პრემიერს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საფრანგეთის, ლიეტუვის, იტალიის, ხორვატიის, პოლონეთისა და ჩეხეთის ელჩები იმყოფებოდნენ.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ელჩებმა მინისტრს რუსეთთან ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით დემარში გადასცეს.

როგორც ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკი ლევან დავითაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მან საქართველოს მთავრობის წარმომადგენელს გადასცა ევროკავშირის ქვეყნების პოზიცია რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის საკითხზე.

„შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან. ჩვენ გადავეცით, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან, არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ჩვენ ასევე გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან. სწორედ ამიტომ, მე დამავალეს გადამეცა გზავნილი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

ლევან დავითაშვილის თქმით კი, შეხვედრაზე ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი იყო იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია.

„თქვენ იცით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი. თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ. ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა და ვითარება არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს. ჩვენს ქვეყანას აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტი არის ოკუპირებული, ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან და ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან, ელჩებთან. ვფიქრობ, ბევრი ელჩისთვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია,”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შესაძლოა თუ არა რუსეთთან ფრენების აღდგენამ კანდიდატის სტატუსზე იმოქმედოს? ელჩებისა და ლევან დავითაშვილის შეხვედრა “ჯორჯიან თაიმსთან” საუბარში პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ შეაფასა.

მისი თქმით, კარგად უნდა გვქონდეს გააზრებული, რომ მიზანი, რომელიც ქვეყანამ დაისახა ძალიან მნიშვნელოვანია.

“როდესაც მიზანს ისახავ, იქ გარემოებებს უნდა გაუწიო ანგარიში. ასე, “მე ვარ და ჩემი ნაბადი” – ეს ქართული ამპარტავნება ხშირ შემთხვევაში არ ამართლებს. ეს ეხება, როგორც წინა, ისე დღევანდელ ხელისუფლებას. აქ საუბარია იმაზე, რომ ჩვენი მიზნის მისაღწევად საჭიროა სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობა და შეთანხმებულად მოქმედება. შენ თუ ამ პარტნიორობაზე უარს ამბობ, რა თქმა უნდა, ამ მიზნის მიღწევა გაჭირდება. თანამედროვე მსოფლიო საერთაშორისო თვალსაზრისით ამ მხრივ ძალიან მკაცრია. არ მოგცემს საშუალებას შენს ჭკუაზე იყო, ბევრ გარემოებას უნდა გაუწიო ანგარიში. შესაბამისად, როდესაც აშშ და ევროკავშირი რაღაცას გეუბნება, ამ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინო ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, რაც ამ ქვეყნების პოზიციაზე ბევრად არის დამოკიდებული. შესაბამისად, მათ შეძლებისდაგვარად ანგარიში უნდა გაუწიო, ეს კი შედეგებს მოიტანს და ამისთვისაც მზად უნდა იყო. არ მგონია ბიძინა ივანიშვილმა, რომელიც ქვეყნის არაფორმალური მმართველია ეს არ იცოდეს,”– აღნიშნა ვაჟა ბერიძემ.

როგორც პოლიტოლოგი ჩვენთან საუბარში განმარტავს, ბიძინა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა ისეთი პოლიტიკა აირჩია, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელია.

“ივანიშვილის ეს ტაქტიკა, რომ „მე რასაც მინდა იმას გავაკეთებ, ვიქნები თანმიმდევრული“ – ამის გამართლება ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, მთლად მისაღები არაა. არც ის არის ქვეყნისთვის სასარგებლო, როდესაც ბოლო 10 წელია, ივანიშვილი გვთავაზობს დილემას – ან მე, ან სააკაშვილი. მან კარგად იცის, რომ ქართველი საზოგადოებისთვის მიუღებელია „ნაციონალების“ ნებისმიერი ვარიაციით დაბრუნება. მეორე მხრივ ქართული საზოგადოება და პოლიტიკური კლასი მიიჩნევს, რომ არც ის ვარგა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ერთი და იგივე პერსონა და მისი პოლიტიკური ძალა ქვეყანას 10-20 წელი მართავდეს.

მაშინ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ მივდივართ არა ევროპული დემოკრატიის გზით, არამედ დაახლოებით, ისეთი დემოკრატიისკენ როგორიც თურქეთშია, აზერბაიჯანსა და რუსეთშია, რაც ამ ქვეყანას არ წაადგება. ეს კი ივანიშვილმა, როგორც გონიერმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ ქვეყანასა და საზოგადოებას დაეკითხოს აზრი. მარტო პარტიული აქტივის მიერ მისი ლოზუნგების გადამღერება გამოსავალი არ არის,”– განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

/ ნინო ოთარაშვილი /

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. სალომე ზურაბიშვილი უკვე შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს.

დაგეგმილია შეხვედრა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან. ხვალ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს სიტყვით მიმართავს.

“2010 წელს სააკაშვილი პუტინთან იხვეწებოდა რუსეთთან ფრენების აღდგენას და აღდგა”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ელჩების დემარში მისი აზრით, არაობიექტურია.

„ჩვენ ასეთი დემარში გვახსოვს მიხეილ სააკაშვილის პატიმრობასთან დაკავშირებით. გახსოვთ ალბათ ეს თქვენ და მაშინ აღმოჩნდა, რომ ეს დემარში იყო უსაფუძვლო და ამას პირდაპირი და მკაფიო პასუხი გასცა სტრასბურგის სასამართლომ. ამ დემარშზე, რომელიც უსაფუძვლო შიშებით, თუ წუხილებით არის გამოწვეული, ალბათ მომავალი გაგვცემს პასუხს, რადგან ასეთი ქეისები სტრასბურგში არ განიხილება. ეს [დემარში] არის არასწორი შეფასება მოვლენების და ერთი სამწუხარო ამბავი, ევროკავშირის ელჩმა თავისი განცხადების პირველ ნაწილში თქვა, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება, მაგრამ მეორე ნაწილში არასწორი იყო ინფორმაცია, რომ ამას სჭირდებოდა საქართველოს მთავრობის თანხმობა. თუ საუბარია იმ დეტალებზე, იმ ტექნიკურ საკითხებზე, რომელიც საქაერონავიგაციამ, აეროპორტების გაერთიანებამ უნდა გასცეს, მათი არგაცემა იქნებოდა სანქციები და სანქციები დააზარალებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. კიდევ უფრო სიღრმეში თუ შევალთ, გაგახსენებთ, რომ ფრენები რუსეთთან საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის უშუალო ინიციატივით აღდგა. მაშინ მოლაპარაკების შუამავლად გამოიყენა ბატონი თამაზ გაიაშვილი.

პუტინისა და სააკაშვილის უშუალო კომუნიკაციის შედეგად 2010 წელს, ოღონდ მაშინ [სააკაშვილი] იხვეწებოდა, ამ სიტყვების პირდაპირი გაგებით, ფრენების აღდგენას და აღდგა. ცალმხრივი სანქცია დააწესა რუსეთმა 2019 წელს. მაშინ ჩვენი ამერიკელი, ევროპელი პარტნიორები მოუწოდებდნენ რუსეთს, ეს სანქცია მოეხსნა, ახლა მოიხსნა და ამ მოხსნას პასუხობენ დემარშით. ჯერ უპრეცედენტოა, როდესაც სხვა ქვეყნის გადაწყვეტილებას სხვა ქვეყანაში დემარშით პასუხობ, ეს ჩემი აზრით, არ არის ობიექტური, მეორეც, არ დაგვავიწყდეს რომ საქართველო არის დღეს რუსეთის ოკუპაციასთან მიმართებაში, უკრაინის შემდეგ რისკის შემცველი ნომერ პირველი ქვეყანა და ახლა საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესება და მსგავსი საკითხების იმგვარად გადაწყვეტა, რომელიც გლობალური ომის პარტიას, თუ მათი დავალებებით საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას უნდათ, რისკებს შეიცავს და მეორე – ეკონომიკური თვალსაზრისით დააზიანებს ქვეყანას და მის მოქალაქეებს. მარტივი კითხვა, ყველაზე სახალხო ენაზე რომ ვთქვათ არის ის, რომ ლარსით შემოვა, ბაქოდან, ერევნიდან, ჩამოფრინდება, თუ შემდეგ მანქანით გადმოკვეთს საზღვარს, საქართველოს მოქალაქე, ჩვენი თანამემამულე, თუ რუსი ტურისტი, ამას რა მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა მდინარაძემ.

“სააკაშვილს არ უთქვამს, გირგვლიანი წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო”- თაკო ჩარკვიანი

რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ, ვინც ბედავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. გამორიცხულია, რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ, – ამის შესახებ პარტია „კანონი და სამართლის“ ხელმძღვანელმა, დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„თქვენ ხომ რადიკალიზმი გგონიათ, როცა მე კონსტიტუციას ვიცავ, არა, რადიკალები ხართ თქვენ, ვინც კონსტიტუციას არღვევთ, ვინც ბდავს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის სანაცვლოდ შესთავაზოთ რუსეთის ორბიტაზე დაბრუნება. რატომ ვარ ახლა მშვიდად? იმიტომ, რომ გამორიცხულია, რევოლუცია იქნება, თუ რაც იქნება, მიიღებთ, აბა რას იზამთ. ვინ გითხრათ, რომ ამ სიტყვის მეშინია, რას ქვია, ქვეყანას მართმევთ და რუსეთის ორბიტაზე გინდათ გადაყვანა. დაგიჩემებიათ  ეს 11 წელი, მოსულები ხართ აქ, რა გირგვლიანი, სად იყო ოხანაშვილი, მე რომ გირგვლიანის გამო ვიდექი ქუჩაში. უკვე საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეხება ეს. რევოლუცია მინდა? აბა, მანდ გაგაჩერებთ თქვენ? აბა დამოუკიდებლობას წაგართმევინებთ? როგორ გეკადრებათ, ქუჩაში დავდგებით და უბედურება თქვენ კისერზე იქნება, სისხლს დაღვრის ქათველი ხალხი და დამოუკიდებლობას არ დატოვებს. არ იცით ეს? თუ სუბარის ჭკუაზე უნდა იყოთ? ინდაური რომ გვყავს თავის დროზე გაშვებული მის ეზოში, იმიტომ, რომ ვერ იყო კარგი უფლების დამცველი, ზუსტად იმ გირგვლიანის დროს, ვიდრე ჭკუაზე მოვიდოდა“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ჩარკვიანმა გირგვლიანის თემაზე და მიხეილ სააკაშვილის შესახებაც ისაუბრა.

„ჩვენ თვალწინ გაიარა გირვლიანის თემამ, მე არ მესწავლება, მაგრამ სააკაშვილს არ უთქვამს, წაიყვანეთ ოქროყანაში და მოკალითო, ბრმები არ ვართ, კარგად ვიცით, იქ, სტრასბურგში რაც ხდებოდა და რაც წერია. დიახ, შეწყალების დროს, როცა შეუტანეს სია, იმის გამო სთხოვენ პასუხს. მან უთხრა, მოკალით გირგვლიანიო? მართლა არანორმალურებად ხომ არ იქეცით იმიტომ, რომ რუსეთის მონები ხართ აქ. შემირცხვენია თქვენი ქართველობა, რას ქვია, სიტყვა რევოლუციის მეშინია, აბა დამოუკიდებლობაზე რომ იქნება ლაპარაკი, თქვენმა მზემ, მანდ გაგაჩერებთ ზუსტად, აბა, დამოუკიდებლობას დაგაკარგვინებთ?“, – აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.

“დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა”- ირაკლი ღარიბაშვილი

დასავლელი ლიდერები ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატოს-კენ სწრაფვა. დასავლელი ლიდერების არაერთი განცხადებაა. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებული განცხადებების შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, ნატო-ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიცია კონსტიტუციაში წერია.

„დასავლელი ლიდერები ამბობენ ამას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას ნატო-სკენ სწრაფვა. არაერთი განცხადებაა. არის ეს პოზიცია, დამოკიდებულება და შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა ნატოში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომელიც არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც. საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა ნატოს-კენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. [ნატო-ში გაწევრიანებაზე] ჩვენი პოზიცია წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ჩემი ხელით დავწერე ეს პუნქტი. რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი“, – განაცხადა კობახიძემ.

“ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება” – კახა ოქრიაშვილი

პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „ჯორჯიან თაიმსი” უცვლელად გთავაზობთ:

„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ჩვენს საზოგადოებას და საერთაშორისო პარტნიორებს ახალი გზავნილი შესთავაზა: თურმე, უკრაინაში ომის მიზეზი არის ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გახდეს ნატოს წევრი და რომ არა ეს სურვილი, ომი არ მოხდებოდა. ეს ასე არ არის!

საქართველოშიც და უკრაინაშიც რუსეთის შეჭრის მთავარი მიზეზია პუტინის სურვილი, აღადგინოს რუსეთის იმპერია და ქართველებსა და უკრაინელებს მოუსპოს ისტორიული სწრაფვა, ააშენონ თავისუფალი, დემოკრატიული, სუვერენული სახელმწიფოები და იზრუნონ თავიანთი ხალხის განვითარებაზე.

ამავე პერიოდში, ბატონმა ივანიშვილმა „შემოაგდო“ ნეიტრალიტეტის თემა – რომ თუ ნეიტრალურები ვიქნებით, საქართველოში ომი არ დაიწყება. ზუსტად ვიცი, რა იქნება შემდგომი ნაბიჯები: გაიმართება თეატრალური წარმოდგენა, როგორიც უკვე ვიხილეთ, მაგალითად, „გარეჯი საქართველოა“, „2017 წელს ზღაპრულად ვიცხოვრებთ“ და სხვა ამდაგვარი. შემდეგ დაიწყება საუბარი, რომ რუსეთთან მოლაპარაკების გზით შესაძლებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ. „ქოცების“ პროპაგანდა შემოგვთავაზებს, რომ რუსეთი ამაში არც ისე ბევრს ითხოვს – მაგალითად, პატარა სამხედრო ნაწილის განლაგებას საქართველოში, ან ერთობლივი კონტრტერორისტული ცენტრის დაფუძნებას ჩვენს ტერიტორიაზე.

ეს სცენარი, ფაქტობრივად, საქართველოს სრული ოკუპაციაა და ბატონი ივანიშვილი ამაზე წავა, რათა შეინარჩუნოს საკუთარი ხელისუფლება და საქართველო რუსეთს მიჰყიდოს. ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, საქართველოში ომი გარდაუვალია და თუ ომი გაჩაღდა, მეც ქართველი ხალხის რიგებში ვიქნები.

ვის შორის იქნება ომი?! რუსეთის მიერ მხარდაჭერილ „ქოც-ბანდას“ (ვგულისხმობ „ქოცლიდერებს“ და მათ „ზონდერებს“ და არა „ოცნების“ ამომრჩეველს) და ქართველ ხალხს შორის. ვფიქრობ, ივანიშვილი თავს გაქცევით უშველის, „ქოცბანდა“ და მათი „ზონდებრიგადები“ კი განადგურდებიან.

ამ ანალიზს ვაქვეყნებ იმედით, რომ ზემოაღნიშნული სცენარი არ განვითარდება და ივანიშვილის, თავისი არალეგიტიმური „რუსული ოცნებით“, ჭკუა ეყოფა, შეეშვას ოკუპანტთან კეკლუცს. რუსეთი არაფერს დაგვითმობს და ამ კეკლუც-კეკლუცში გადაგვყლაპავს, რისი სურვილიც ქართველი ხალხის 90 %-ს არ გააჩნია.

ჩვენ 30 წელია მივდივართ ევროპისა და ნატო-სკენ და ჩვენი ხალხი ამ გზიდან არ გადაუხვევს, ხოლო ვინც ამ სურვილს შეეწინააღმდეგება, ქართულ პოლიტიკას ჩამოშორდება!“ – აცხადებს ოქრიაშვილი.

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში“ – ზურაბ ქადაგიძე

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრის, ანალიტიკოსისს ზურაბ ქადაგიძე, პრემიერ-მინისტრის გამოსვლას გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაში.

როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა იყო მკაფიო გზავნილი მთელი მსოფლიოსთვის, რომ საქართველო ღირსეულად იმსახურებს ევროკავშირის წევრობის სტატუსს და ახლა ჯერი ევროკავშირზეა შეასრულებს თუ არა დაპირებას.

„კიდევ ერთი მაგარი გამოსვლა ჰქონდა პრემიერ-მინისტრს ევროპაში.

„საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმიცემა იყო დაუსაბუთებელი, არამიზანშეწონილი ნაბიჯი. რა გზავნილია რუსეთისთვის ეს? ევროპა ტოვებს საქართველოს, რომელიც მოლდოვასა და უკრაინას 2-3-ჯერ სჯობს. თუ დამსახურებაზეა საუბარი საქართველოსთვის, მუშაობის საფუძველზე, უნდა მიენიჭებინათ“, – ირაკლი ღარიბაშვილის ეს მიმართვა ევროპას, კიდევ ერთხელ ახსენებს იმ ინსინუაციურ კამპანიას, როდესაც გეოპოლიტიკური კატასტროფის დროს საქართველოს მხარდაჭერა, მხოლოდ სიტყვით შემოიფარგლება და საქმით საპირისპიროს მეტყველებს.

როდესაც ყველა მონაცემითა და შეფასებით, საქართველო პირველ ადგილზეა ასოცირებულ ტრიოში.

როდესაც რუსული ოკუპაცია წლებია გრძელდება საქართველოში.

როდესაც საერთაშორისო სამხედრო მისიებში, საქართველო პირველ ადგილზეა კონტრიბუციების თვალსაზრისით,
და ეს „როდესაც“ უსასრულოდ შეიძლება გააგრძელო…

იმის მაგივრად, რომ 2008 წლის ომის შემდგომი შეცდომები და 2022 წლის აბსურდით გამართლებული კანდიდატის სტატუსის მიუნიჭებლობას აღიქვამდნენ ადეკვატურად, კვლავ აგრძელებენ ინსინუაციურ კამპანიას, რაც ძალიან სამწუხაროა.

საქართველოს დასამტკიცებელი არავისთან არაფერი აქვს.

სისხლით, საქმით, ერთგულებით დაამტკიცა და ახლა ჯერი ევროკავშირზეა – მზად არის შეასრულოს არამხოლოდ დაპირება, არამედ ვალდებულებაც კი?

წლის ბოლოს ვნახავთ“!, – წერს სოციალურ ქსელში ზურაბ ქადაგიძე.

“აამუშავეს გეგმა B – გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში -კობახიძე

პირველი გეგმა ჩაიშალა და აამუშავეს გეგმა B – გეგმა B არის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და დაბრუნდეს პოლიტიკაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

თელავში გამართულ, „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უყურადღებობას უჩიოდა და როგორც ჩანს, მის მიმართ ყურადღება ასე გამოხატეს.

„სააკაშვილი უჩიოდა უყურადღებობას და როგორც ჩანს, ამით გამოხატეს ყურადღება მის მიმართ. მის სახლში ჩავიდნენ და იქ გამართეს პოლიტსაბჭოს სხდომა. ჩაიშალა პირველი გეგმა. ეს ადამიანები 500-600 დღის განმავლობაში ამტკიცებდნენ, რომ სააკაშვილი ყოველდღე კვდებოდა, მას კლავდა ქართული ხელისუფლება, სასამართლო, ის ხან იწამლებოდა, ხან აწამებდნენ, ათასი რამ მოიგონეს. სტრასბურგის სასამართლომ ამ ყველაფერს ცივი წყალი გადაასხა, აქედან გამომდინარე ამუშავეს გეგმა B. გეგმა B არის ის, რომ სააკაშვილმა უნდა განაახლოს სათანადო კალორაჟით საკვების მიღება და უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში. როგორც ჩანს, ეს არის ახალი გეგმა და ამის გამოხატულება შეიძლება იყოს მის სახლში პოლიტსაბჭოს სხდომის გამართვა,“ – განაცხადა კობახიძემ.

“მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ?”- ალექსანდრე ელისაშვილი უმრავლესობას

„დღეს დილით უკრაინელებმა რამდენიმე ათეული დრონით დაბომბეს მოსკოვი, ამ ჯოჯოხეთური სახელმწიფოს დედაქალაქი. უკრაინელებს ჩვენი დახმარება არ სჭირდება, უჩვენოდაც გადაამტვრევენ ცოტა ხანში ხერხემალში და ჩვენ სად ვიქნებით მაშინ, აი ეს მაინტერესებს. ან უკრაინულებს ან დანარჩენ მსოფლიოს თვალი როგორ უნდა გავუსწოროთ”, – ამის შესახებ დეპუტატმა ალექსანდრე ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან სხდომაზე უმრავლესობის წევრს ანრი ოხანაშვილს მიმართა.

„როგორ შეწყდა ის ფრენები აბა კარგად გავიხსენოთ, ნახირივით რომ გამოყარეს ჩვენი ხალხი, საქონლის გადასატან თვითმფრინავში რომ შეყარეს, მაშინაც ვაპროტესტებდი ბატონო ანრი. მაშინაც ვაპროტესტებდი სააკაშვილმა ომიდან რამდენიმე თვეში რომ მოუხსნა სავიზო რეჟიმი. რამდენ ხანს უნდა ილაპარაკოთ სააკაშვილზე. 11 წელია ხელისუფლებაში ხართ. ახლა ამ ფონზე, თვითონ რუსებს მაინც ადევნეთ თვალი რას ლაპარაკობენ. იძირება რუსეთის საქმე, უკან-უკან მიდის. მანამდე კრემლს მოარტყეს დრონი, ახლა ორგანიზებულად დაბომბეს მოსკოვი. მარცხდება რუსეთი და ვის მხარეს ხართ თქვენ”? – განაცხადა  ალექსანდრე ელისაშვილმა.

“დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში” – თინა ბოკუჩავა

დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში და განუმარტოს საზოგადოებას, რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარე, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან “მოღალატეობრივად და მალულად აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს”.

„მთელი მსოფლიო ხედავს, რომ „რუსული ოცნების“ ხელით საქართველომ იცვალა საგარეო კურსი და მიმდინარეობს ქვეყნის რუსიფიკაცია. ვლადიმერ პუტინმა პირადად დაადასტურა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ზურგს უკან მოღალატეობრივად, მალულად აწარმოებდა რუსეთის ფედერაციასთან მოლაპარაკებებს და რომ სწორედ ქართული მხარის დაჟინებული თხოვნის საპასუხოდ მიიღო მან ფრენების აღდგენის და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილება. ვინ აწარმოებდა მტერთან ფარულ მოლაპარაკებებს, ვინ არის ეს პირი ან პირთა წრე, ვინც ქართველი ხალხის ზურგს უკან მტერთან მოლაპარაკებებს აწარმოებს? რა დათმო საქართველოს ხელისუფლებამ სანაცვლოდ? რა სხვა საკითხები განიხილებოდა ფარულ მოლაპარაკებებზე ოკუპანტთან? მაგალითად, განიხილებოდა თუ არა სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა? ამ საკითხებზე ვითხოვთ ირაკლი ღარიბაშვილისგან პასუხს. დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში და განუმარტოს საზოგადოებას, რა პირობებით საუბრობს მტერთან ქართველი ხალხის ზურგს უკან მისი მთავრობა. ღარიბაშვილთან ერთად ქვეყნის რუსიფიკაციის, მოღალატეობრივ საქმეში წვლილი მიუძღვის პარლამენტის თითოეულ წევრსაც, რომელიც ტოტალურ პოლიტიკურ მორჩილებას ირჩევს ქვეყნის ინტერესის ნაცვლად. გუშინდელ ბიუროს სხდომაზე დავაყენე საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც აკრძალავდა რუსი სანქცირებული პირების საქართველოში შემოსვლას, რომლებიც აკრძალავდა ეკონომიკურ საქმიანობას იმ მოქალაქეებისთვის, რომელსაც დარღვეული აქვთ „ოკუპაციის შესახებ კანონი“. საქართველოში ჩამოსული რუსეთის მოქალაქეებისთვის სასათბურე პირობები შექმენით, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით. იზრდება მათი დეპოზიტები მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეებისთვის ბანკებში მხოლოდ სესხები იზრდება და არა დეპოზიტები“,-განაცხადა ბოკუჩავამ.