Home Blog Page 2045

“შეშფოთებული ვართ ბელგოროდში არსებული სიტუაციით” – დიმიტრი პესკოვი

კრემლი შეშფოთებულია ბელგოროდში არსებული სიტუაციით, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა CNN-ს განუცხადა.

„ჩვენ ნამდვილად შეშფოთებული ვართ ამ სიტუაციის გამო, სამოქალაქო ობიექტების დაბომბვა იქ გრძელდება“, – განაცხადა პესკოვმა.

კრემლის პრეს-სპიკერის თქმითვე, მათ ვინმესგან, „კოლექტიური დასავლეთიდან“ დაგმობის არცერთი სიტყვა ჯერ-ჯერობით არ სმენიათ.

“ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია” – პრეზიდენტი

მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმისთვის, რომ მომეცა შესაძლებლობა მივმართო ამ ასამბლეას. ეს ჩემთვის დიდი პატივი და დიდი პასუხისმგებლობაა. ქალბატონი პრეზიდენტო, 13 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი იდგა აქ და სიმბოლურია, რომ მე გამოვდივარ იმავე მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს, რომ საქართველოს სურს, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცა, ქართველმა ერმა უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია, რადგან ის ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს ბრძოლას, შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისთვის, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ არ, როგორც ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას გავაკეთებ უწყვეტად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს”

რუსეთის მოქალაქეების ინციდენტების გარეშე მიღება ქართველების ტოლერანტობაზე მეტყველებს, მაგრამ ამას ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები უნდა ახლდეს თან,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

“როდესაც პოლიტიკურმა პოლარიზაციამ გავლენა იქონია ქართული ტოლერანტობის წარმოსახვაზე, ბოლო მოვლენებმა აჩვენა, რომ იგი ცოცხალია. საქართველომ მიიღო და წელიწად ნახევრის განმავლობაში მასპინძლობს 80 000-ზე მეტ რუსს.

მოდით, დავფიქრდეთ, რას ნიშნავს იმ ქვეყნიდან მოქალაქეების მიღება, რომელსაც შენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული და მართავს ყველაზე სასტიკ ომს შენი მეგობრის, უკრაინის – წინააღმდეგ. ის, რომ ეს რამე სერიოზული ინციდენტების გარეშე მოხდა, საქართველოს ტოლერანტობაზე მეტყველებს. ამაყები შეგვიძლია და უნდა ვიყოთ, მაგრამ ამას თან უნდა ახლდეს ნათელი და მკაცრი სახელმწიფო რეგულაციები, რათა ტოლერანტობამ გზა არ გაუხსნას ფრუსტრაციასა და ესკალაციას”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

“მთავრობა, ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდნენ საქართველოს ხვალინდელ დღეს” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს სურს, გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართვლოს ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ აქვს.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონო რობერტა, პატივცემულო ევროპარლამენტის წევრებო, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს და თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს იმ საშუალებისთვის, რომელიც მომეცით მე, რომ მივმართო ამ ასამბლეას. ეს არის ძალიან სერიოზული გზაგასაყარი ჩემი ქვეყნისთვის, ეს არის პატივისცემა. ქალბატონო პრეზიდენტო, 13 წლის წინ, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოვიდა ამ ორგანიზაციის წინაშე და მე გამოვდივარ იმ მისწრაფებით, რომელსაც საქართველოს ყველა მოქალაქე იზიარებს იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს სურს, გახდეს წევრი ევროპული ოჯახის. ეს არის ისტორიული არჩევანი. ეს განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, ჩვენ ასეთ მომენტს ვაწყდებით საქართველოს ისტორიაში, სადაც საქართველოს მთავრობა, სადაც მისი ხალხი და 27 ქვეყანა ერთად უნდა წყვეტდეს საქართველოს ხვალინდელ დღეს. თუმცაღა საქართველოს მოსახლეობამ უკვე გადაწყვიტა ეს საკითხი. მე თქვენ წინაშე ვარ და გამოვდივარ ამ გზავნილით – ჩვენი ევროპული არჩევანი არა მხოლოდ ლეგიტიმურია, მას ალტერნატივა არ გააჩნია. ემყარება ჩვენს ღირებულებას, ჩვენს ისტორიას, ჩვენს შემართებას, ჩვენს ხედვას ევროპული მომავლისა, საქართველო კვლავ შეუერთდეს თავის ევროპულ ოჯახს. მე ვარ ქვეყნის ხელმძღვანელი, იმ ქვეყნისა, რომლის კონსტიტუცია ავალდებულებს ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, გადადგას ყველა საჭირო ნაბიჯი, რათა მხარი დაუჭიროს ევროინტეგრაციას. მე ამას ვაკეთებ დაუღალავად და ამას გავაკეთებ არა მხოლოდ იმისთვის, რომ შევასრულო კონსტიტუციის მოთხოვნები, არამედ მორალური პოზიციიდან გამომდინარე.

გენდერული თანასწორობა – სწორედ ეს მთავარი ცნება იდგა ეროვნული ეპოსის საფუძველში, როდესაც შოთა რუსთაველმა მე-12 საუკუნეში თქვა, რომ “ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია”. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ როლს, რომელსაც ქალები ასრულებდნენ ჩვენი ისტორიის განმავლობაში, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“მყარი პოზიცია გვიკავია, როცა საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ” – გია ვოლსკი

ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია, როდესაც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

გია ვოლსკის კითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სადაც პრემიერმა აღნიშნა: „ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა, გამხდარიყო ნატო-ს წევრი“.

გია ვოლსკის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას საკმაოდ უკმეხი ინტერპრეტაცია მოჰყვა.

„არა მარტო პრემიერი, უამრავი მსოფლიო დონის ექსპერტი საუბრობდა, დაწყებული რომის პაპიდან, ნატო-ს გენერალური მდივნით დამთავრებული, რომ რუსეთის აგრესიის მიზანი სწორედ ეს იყო, ისევე, როგორც 2008 წელში განაცხადა რუსეთმა, რომ აგრესია მიმართული იყო საქართველოს წინააღმდეგ, ნატო-ს გაფართოების წინააღმდეგ და მაშინ არავის ხმა არ ამოუღია. ეს არ არის თემა, რითაც ჩვენ ვეწინააღმდეგებით სტრატეგიას, რომელიც უკვე გვაქვს კონსტიტუციაში ჩაწერილი. გარდა ამისა, სულ ახლახან ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლაიენმა გააკეთა განცხადება, რომ მიზეზი იყო ევროპულ ოჯახთან უკრაინის დაახლოების პროცესი. თუკი ისეთ ინტერპრეტაციას გავაკეთებთ, როგორც ნაცრევკომმა გააკეთა, გამოდის, რომ ევროკომისიის თავმჯდომარე ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისკენ არ მოგვიწოდებს და რუსეთი თავს არ დაგესხათო გვაფრთხილებს? ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და არა მარტო, საკმაოდ მყარი პოზიცია გვიკავია, როდესაც საქართველოს და ნატო-ს ურთიერთობაზე ვლაპარაკობთ. ნებისმიერი ადამიანი თუ პოლიტიკოსი, ვინც ამ თანამშრომლობის ხარისხს ვერ ხედავს, თვალთმაქცობს ან საქართველოს დაზიანება განუზრახავს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

“ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის” – რობერტა მეცოლა

უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ განაცხადა.

შესავალ სიტყვაში, რომლითაც რობერტა მეცოლამ სესია გახსნა, მადლობა გადაუხადა ევროპარლამენტში მყოფ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს.

„დღეს ჩვენთან ერთად იმყოფება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ძვირფასო ქალბატონო სალომე, მოგესალმებით ევროპარლამენტში. ქალბატონო პრეზიდენტო, ნება მომეცით, დავიწყო მადლობით თქვენი პირადი წვლილისთვის, რომ ევროპულ გზაზე საქართველოს საზოგადოებას უჭერთ მხარს. ჩვენ გვჭირდება ევროკავშირის მომავალი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვდგავართ თქვენ გვერდით, ამის გამეორება მინდა, მზად ვართ, დაგეხმაროთ თქვენს მოგზაურობაში, რომ გახდეთ ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მეტად და უფრო მჭიდროდ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს საქართველოს და უზრუნველვყოთ, რომ საქართველოს მოსახლეობამ არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის უნდა დავინახოთ კონკრეტული ნაბიჯები სხვადასხვა ეტაპის მისაღწევად – დემოკრატიის მხარდაჭერა, მასმედიის თავისუფლება, სასამართლოს რეფორმა, დაკავებულისთვის პირადი ღირსების პატივისცემა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ვაცხადებთ ჩვენს შეშფოთებას“, – აღნიშნა რობერტა მეცოლამ.

მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, დაეხმაროს საქართველოს ევროპულ გზაზე იმით, რომ უზრუნველყოს ყველა საჭირო მხარდსაჭერა ამ რთული მოგზაურობის დროს.

„საქართველოს გასავლელია ეს გზა და საკუთარი მომავლის არჩევანი საქართველოს გასაკეთებელია. ქალბატონო პრეზიდენტო, მე იმ ძლიერ პოზიციას ვაძლევ მაღალ შეფასებას, რომლითაც უძღვებით თქვენს ქვეყნას. ერთად უნდა ვიმუშაოთ, რათა პოლარიზაცია შევამცროთ საქართველოს საზოგადოებაში და უზრუნველვყოთ ჩვენი საზოგადოების მომავალი“, – განაცხადა რობერტა მეცოლამ.

“ნატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია”

15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე 2022-ში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე განაცხადა.

მაკრონის თქმით, უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ამასთან, მაკრონი აღნიშნავს, რომ ნატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია.

„ფსონები მაღალია, რადგან ომი ჩვენს საზღვრებთანაა. უკრაინაში აგრესია ყველაზე ბოლო და უკიდურესი გამოვლენაა რუსეთის მცდელობის, შეარყიოს ევროპული ერთიანობა. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობს, 15 წელია, რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რათა შეარყიოს ევროპის უსაფრთხოება და შეცვალოს ის საკუთარი პირობების მიხედვით. ეს ეტაპები ცნობილია. ვლადიმერ პუტინის მიუნხენში სიტყვით გამოსვლა 2007 წელს, აგრესია საქართველოს წინააღმდეგ 2008-ში, შემდეგ მოვლენები უკრაინაში 2014 წელს და მორიგ ჯერზე 2022-ში. ის, რასაც რუსეთი ომის დაწყების წინა დღეს ითხოვდა და გაწერილი იყო ხელშეკრულებების პროექტებში, მიუღებელი იყო. ეს იყო ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც შეუძლებელი იქნებოდა. ნატო-მ შესთავაზა პერსპექტივა უკრაინასა და საქართველოს მათი დაცვის გარეშე, რამაც ეს ორი ქვეყანა რუსეთის შურისძიების სამიზნედ აქცია. თითოეულ ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება, თავად აირჩიოს მოკავშირეები. როდესაც ქვეყანა ირჩევს დემოკრატიას, გამჭვირვალობასა და თავისუფლებას, ის არასდროს წარმოადგენს საფრთხეს მისი მეზობლისთვის“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.5972 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური 2.5972 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5972 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5919 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0053 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7733 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7824 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0091 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

“2008 წლის ომი თურმე არაფერი ყოფილა, ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!”

თბილისის მერი, კახა კალაძე მედიასთან გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას, რომ ისტორიაში პირველად, უკრაინა, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.

მისი შეფასებით, ასეთი განცხადება აღმაშფოთებელია, მაშინ, როდესაც იმავე მიზეზით საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომი.

„ყველაზე ცუდი და აღმაშფოთებელია ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაში ის, რომ თურმე, ისტორიაში პირველად, ევროკავშირში გაწევრიანების სურვილის გამო, რუსეთმა უკრაინაში საომარი მოქმედებები დაიწყო. 2008 წელი თურმე არაფერი ყოფილა. ჩვენი გმირი ბიჭები ტყუილად დახოცილან, რისთვის იბრძოდნენ?!“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ასეთი განცხადებები კატეგორიულად მიუღებელია.

„ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენი თავის, ქვეყნის ფასი უნდა ვიცოდეთ. ის გზა, რომელიც ჩვენმა ხალხმა აირჩია, არაერთხელ გაგვიჟღერებია – ეს არის ევროპული მომავალი. მაგრამ, ამ რთულ გზაზე, ასეთი განცხადებების მოსმენა დიდ ბრაზს იწვევს პირადად ჩემში, ადამიანში, რომელიც ამ ქვეყანაში დაიბადა, გაიზარდა და ეამაყება, რომ არის ქართველი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ლატვიის პრეზიდენტად ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს

ლატვიის სეიმის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტად საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი აირჩიეს.

100-წევრიან სეიმში გამართული კენჭისყრის შედეგად ედგარს რინკევიჩსის კანდიდატურას 52-მა დეპუტატმა მისცა ხმა.

მოქმედი პრეზიდენტი ეგილს ლევიტსი, რომელიც ამ თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს, მეორე ვადით კენჭს არ იყრიდა.

რინკევიჩსის მთავარი მეტოქე, ბიზნესმენი ულდის პილენსი იყო, რომელმაც 25 ხმა მოიპოვა.

49 წლის ედგარს რინკევიჩსი ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს 2011 წლიდან იკავებდა. მანამდე, ის მუშაობდა თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნად, ასევე იყო ლატვიის რადიოს ჟურნალისტი. როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი ის პოპულარული იყო ლატვიაში მეზობელი რუსეთის მიმართ ხისტი პოზიციის და უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერის გამო.

კაფეში მომხდარი მკვლელობის მცდელობისთვის ერთ პირს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ თბილისში, კაფე ,,სტრადაში” მომხდარი მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 მაისს, ქ. თბილისში, მოსაშვილის ქუჩაზე მდებარე კაფეში, ბრალდებულმა, შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ერთ პირს დაზიანებები მიაყენა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად, დაზარალებულის გადარჩენა მოხერხდა. ინციდენტის დროს, ასევე საფრთხე შეექმნა კაფეში მყოფი სხვა პირების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.

ვინაიდან, ბრალდებული თავს არიდებს საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას და იმყოფება მიმალვაში, 30 მაისს, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის ,,ბ” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) და 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს, რის შემდეგაც მის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის” – გიორგი გახარია

ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და იმის დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს.

როგორც გახარია აღნიშნავს, ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატო-ს წევრობაზე უარისთვის.

„ნატო-ს წევრობის სურვილის დასახელება რუსული აგრესიის მიზეზად არის რუსული ნარატივი და კიდევ ერთი დასტური, რომ საქართველოს მთავრობა ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ხელისუფლება ნიადაგს ამზადებს ნატოს წევრობაზე უარისთვის “მეორე ფრონტის” და „ნეიტრალიტეტის“ ყალბი ნარატივის ქვეშ. ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობა არის მშვიდობის, საქართველოს სახელმწიფოებრიობის და ტერიტორიული მთლიანობის გარანტი“, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.