ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი შეიძლება მისმა მეზობლებმა „ჩაყლაპონ“: რასაც დასთეს, იმას მოიმკი – იაპონიას, ჩინეთს, თურქეთს და უკრაინას შეუძლიათ კრემლს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ“ (ავტორი – სვეტლანა მორენეცი).
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინის მიერ რუსული არმიის მიმართ გაწეულმა წინააღმდეგობამ დაამსხვრია მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ. ყველამ დაინახა, რომ რუსეთი ის დაუმარცხებელი იმპერია არ არის, რომლის წარმოდგენასაც კრემლი ცდილობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. იმ დროს, როცა რუსეთს სურს უკრაინა თავის საკუთრებად გამოაცხადოს, სხვა ქვეყნები რუსეთის ტერიტორიის ნაწილებს უყურებენ და მის დასაკუთრებას ფიქრობენ – იმის გათვალისწინებით, რომ ომში რუსული ჯარი თავის სისუსტეს ამჟღავნებს. ყველა ამჩნევს, თუ რაოდენ დაძაბუნებულია რუსეთის არმია. ქვეყნის შიგნით მცხოვრები ხალხები ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ ხულიგანი პრეზიდენტი ჩამოაგდონ. კრემლი უნდა დაფიქრდეს, როცა მეზობლის სუვერენული ტერიტორიის მიტაცებას ცდილობს – ეს, თავის მხრივ, მეზობელ სახელმწიფოებს შანსს აძლევს, რომ რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს იმ მიწა-წყალზე, რომელსაც თავისად თვლის და რუსეთის მიერ არის დაპყრობილი.
იაპონია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც შარშან, რუსეთის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დუმილი დაარღვია: ტოკიომ მოსკოვს კურილიის არქიპელაგის სტატუსი გაახსენა და განაცხადა, რომ „სრულიად მიუღებელია, როცა იაპონიის კუთვნილი ჩრდილოეთის კუნძულები 77 წლის განმავლობაში რუსეთს უსამართლოდ აქვს ოკუპირებული“. 1945 წლიდან სსრ კავშირის მიერ კურილიის კუნძულების ანექსიის შედეგად იქიდან იაპონური მოსახლეობა განდევნილი იქნა და იმ დროიდან მოყოლებული, ტოკიო და მოსკოვი დღემდე ვერ მისულან კომპრომისამდე. მოლაპარაკება შეწყდა, როცა პუტინმა აჩვენა – რუსეთი მზად არ არის ოკუპირებული მიწა ვინმეს გაუყოს ან კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს, პირიქით, კრემლი მუდამ სხვისი კუთვნილის მიტაცებას ცდილობს.
შემდეგ ჩინეთმა დაიწყო ისეთი რუკების შედგენა, რომელთა მიხედვით, რუსეთის ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონები ჩინეთის ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენს. პეკინის ასეთ არაოფიციალურ პოზიციას თავისი საფუძველი ნამდვილად აქვს: მე-19 საუკუნეში რუსეთმა ჩინეთის კუთვნილი დიდი ტერიტორიების ანექსია მოახდინა. რადგანაც დღეს მათი მშვიდობიანი გზით დაბრუნება შეუძლებელია, პეკინი ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ბაიკალის ტბის რეგიონში, ციმბირსა და ამურისპირეთში, აქტიურად სარგებლობს ტერიტორიის იჯარით აღების წესით.
პოლონეთში სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ ვარშავას აქვს სრული კანონიერი უფლება პრეტენზია განაცხადოს კალინინგრადზე (კენისბერგზე), რომელიც საბჭოთა კავშირმა 1945 წელს მიიერთა. თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და უკრაინასაც კი შეიძლება თავიანთი ინტერესი ჰქონდეთ რუსეთის ტერიტორიის მიმართ. რუსმა „ბოევიკებმა“, რომლებიც ბელგორდის ოლქში უკრაინის დროშით მოქმედებენ, ვლადიმერ პუტინს შეახსენეს, რომ მსგავსი მოვლენა შეიძლება სხვა ადგილზეც განმეორდეს – იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან დღეს არსებულ თავიანთ საზღვრებს უსამართლოდ თვლიან.
კიევი ისწრაფვის იმისკენ, რომ ქვეყნის 1991 წლის დროინდელი საზღვარი აღდგეს და ომი ამით დაასრულოს, თუმცა, რუსეთის არმიის გაძევების პერსპექტივის გათვალისწინებით, უკრაინა რუსეთის საზღვრისპირა ოლქებში მომხდარ შეტაკებებს ერთგვარ შურისძიებად მიიჩნევს იმის სანაცვლოდ, რასაც მოსკოვი დონბასში აკეთებს.
სანამ კრემლი [უკრაინის ხარჯზე] თავისი ევროპული ტერიტორიების გაფართოებით არის დაკავებული, ეროვნული ავტონომიები და მათი ლიდერები მოსკოვისაგან გამოყოფას ნატრობენ, რაც პერსპექტივაში რუსეთის 34 „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ დაშლას ნიშნავს. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეისათვის რუსეთში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დათრგუნულია. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის შიგნით მდებარე ზოგიერთმა ავტონომიურმა რესპუბლიკამ სუვერენიტეტის გამოცხადება სცადა, მათ საწყის ეტაპზე თითქოსდა რაღაც წარმატებას მიაღწიეს (მაგალითად, თათრეთის რესპუბლიკამ), მაგრამ შემდეგ რაც ჰქონდათ, კრემლის წყალობით, დაკარგეს. მართალია, ზოგიერთი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებში ჩაწერილია, რომ მათი მოსკოვთან ურთიერთობა ცალკე შეთანხმებებით რეგულირდება, მაგრამ ეს ნორმები ჯერ კიდევ „ძილის მდგომარეობაში“ არიან და „გაიღვიძებენ“ იმ დროს, როცა კრემლს იმპერიის კონტროლი გაუჭირდება.
ამჟამად რუსეთის ხელისუფლებას სრულიად რეალური შიში აქვს იმისა, რომ შეიძლება [1990-იანი წლების დასაწყისი მოვლენები განმეორდეს და] სუვერენიტეტების გამოცხადების კასკადი მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივმა მმართველმა ელიტამ თავისი რესურსებით და ფინანსებით სარგებლობაზე პრეტენზია განაცხადოს და მოსკოვის გარეშე მათი გადანაწილება მოახდინოს. მართალია, თავის დროზე ჩეჩნეთის მაგალითმა აჩვენა რუსეთის სხვა ხალხებს, რომლებიც იძულებით იქნენ ანექსირებულები, თუ რა ბედი ელოდება „ურჩ რეგიონებს“, მაგრამ როცა კრემლი ადგილობრივ მოსახლეობას უკრაინის ომის „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს, ამას, ალბათ, ისინი ვეღარ მოითმენენ.
ყველაზე მეტად ომში სამხედრო გაწვევით რუსეთის ღარიბი რეგიონები დაზარალდნენ. ანტოსაომარი მიტინგები ჩატარდა დაღესტანში, ყალმუხეთში, ბურიატეთში, რომელთა ლიდერები „სამხედრო ბეგარის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი გრძნობენ, რომ კრემლი მათ – ადგილობრივ ეთნიკურ მოსახლეობას – მეორე ხარისხის ადამიანებად თვლის იმათთან შედარებით, ვინც მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ფრონტიდან გაგზავნილი კუბოების მზარდ რაოდენობას ცეცხლის გაჩაღება შეუძლია და თუ ის ერთხელ მაინც იფეთქებს, მერე რუსეთის სხვა რეგიონებსაც გადაედება…
უკრაინის მთავრობა თვლის, რომ რუსეთის იმპერიალისტური ამბიციებს ბოლო უნდა მოეღოს ისე, რომ ყველასათვის სამართლიანობა აღდგეს. კიევმა კურილის კუნძულები და ჩეჩნეთი „რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად“ აღიარა და მხარს უჭერს ადგილობრივ ლიდერებს, რომლებსაც კრემლი დევნის. უკრაინა ითხოვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოსკოვის ჯარი უნდა გავიდეს არამარტო ყირიმიდან და დონბასიდან, არამედ დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, [სამხრეთ ოსეთიდან] და მთიანი ყარაბაღიდან. მართალია, ეს იდეალისტური ოცნებაა, თითქმის აუსრულებელი, რადგან ვლადიმერ პუტინი უფასოდ ოკუპირებული მიწების ერთ მეტრსაც კი არ დააბრუნებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსკოვმა თავის სამომავლო უბედურების თავიდან აცილებაზეც უნდა იფიქროს. საბოლოო ჯამში, რუსეთს ის, რაც მან დათესა, უბედურებად შეუტრიალდება.