აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთმა დიპლომატიას ომი არჩია, ამერიკა კი საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგულია“, რომელშიც მოცემულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რადიოს რედაქციის თხოვნასთან დაკავშირებით.
გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:
„ვლადიმერ პუტინი და მისი დამხმარეები თვლიან, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ისინი ცდებიან“, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის“ თხოვნას წერილობით კომენტარში.
„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი მას შემდეგ სთხოვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო და ნატოს გაფართოება იყო. პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს კომენტარი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა (GLOBSEC). მოდერატორ ჯასტინ ვოტსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ამ საკითხზე კითხვა-პასუხი ასე წარმიმართა
ჯასტინ ვოტი: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“
ირაკლი ღარიბაშვილი: „მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.
ჯასტინ ვოტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.
ღარიბაშვილი: „ვფიქრობ, თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ასე არაა? და ბევრი სხვა მიზეზი“.
ჯასტინ ვოტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“
ირაკლი ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს”.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე რეაქციის გაკეთების მიზნით დასმულ კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში, ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა. ეს ომი არის რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის, და ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილების უკანონოდ ხელში ჩაგდების გაგრძელება”. სახელმწიფო დეპარტამენტი მიანიშნებს, რომ ნატოს გაფართოება მხოლოდ საბაბია, რომლის გამოყენებასაც კრემლი ცდილობს.
სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დასავლეთმა ომის დაწყებამდე რუსეთს ორი მკაფიო არჩევანი შესთავაზა — ერთი იყო რუსეთის უკმაყოფილების დიალოგისა და დიპლომატიის გზით გადაჭრა, მეორე კი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთისთვის მძიმე შედეგები. რუსეთმა მეორე გზა აირჩია და მას შემდეგ მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას და აწარმოებს გავლენების ოპერაციებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული ომის გასამართლებლად.
„რუსეთი იყენებს დეზინფორმაციის კამპანიებს – მიზანმიმართულ სიცრუეს ან სიმართლის მიზანმიმართულად არასწორ წარმოდგენას – რათა ეცადოს ამ ომის გამართლებას და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისგან პრეზიდენტ პუტინის შეკავების მცდელობის ფარგლებში, შეერთებული შტატები მუდმივად საუბრობდა ორ გზაზე, რომელთა არჩევაც რუსეთს შეეძლო: დიალოგი და დიპლომატია, ან ესკალაცია და მძიმე შედეგები. ჩვენ არ დავზოგეთ გულწრფელი და გულახდილი ძალისხმევა პირველი არჩევანისთვის, რომელსაც მნიშვნელოვნად ვამჯობინებდით, მაგრამ პუტინმა აირჩია ომი“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე, რუსეთმა ნატოს პირობები წაუყენა.
ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლმა იცოდა, რომ ნატოსთვის ამ პირობებზე დათანხმება წარმოუდგენელი იქნებოდა და ეს საკუთარი ზრახვების დაფარვის მცდელობა იყო. დეკემბერში მოთხოვნების წაყენების შემდეგ, თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
კრემლმა ნატოს დასუსტების ნაცვლად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. ისტორიულად ნეიტრალური ქვეყანა ფინეთი ნატოში დაჩქარებული წესით შევიდა და შვედეთი ალიანსის კანდიდატი გახდა, რომელიც თურქეთის თანხმობის შემდეგ, სავარაუდოდ, ასევე სწრაფი წესით გაწევრიანდება ნატოში. ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შედეგად, ნატო-რუსეთის საზღვარი თითქმის გაორმაგდა.
ამ ფონზე, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგული დღემდე რჩება. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველო არის ნატოს მტკიცე პარტნიორი, რომელიც მსახურობდა ამერიკელ და ნატოს სხვა ჯარისკაცებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას. ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგული რჩება უზრუნველყოს ის, რომ ნატოს კარი ღია იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან, შეძლებენ შეასრულონ წევრობის ვალდებულებები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის უსაფრთხოებაში“, უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“.
ალიანსი აცხადებს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება და დასავლეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. „შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად …“ ამერიკის დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს წინ წაიწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“.
ნატოს გაფართოება ივლისში დანიშნულ ვილნიუსის სამიტზე ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება. დისკუსია შეეხება საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებასაც.
2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. ნატოს ქვეყნები, მათ შორის, შეერთებული შტატები დღემდე უწყვეტად იმეორებენ პოლიტიკას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ამ ქვეყნის სურვილსა და მზაობაზე, და ალიანსის ყველა წევრის თანხმობაზეა დამოკიდებული და რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება არ აქვს.