Home Blog Page 2042

“გაყალბებული რეიტინგებიდან ჩანს, რომ ამერიკელები ნაცმოძრაობის გამაგრებას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალით შეეცდებიან”-ზაზა შათირიშვილი

როგორც ცნობილია, სოციოლოგიური კვლევები არა იმდენად საზოგადოებრივი აზრის შესწავლის, რამდენადაც მისი ფორმირების ინსტრუმენტია. აქედან გამომდინარე, ამერიკის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის გაყალბებული კვლევის შედეგები სწორედ ამ პრიზმაში უნდა გაანალიზდეს, – ამის შესახებ ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა აცხადებს.

ფილოსოფოსის მოსაზრებით,  “მორიგი გაყალბებული კვლევა გვაძლევს იმის დადგენის საშუალებას, თუ რა მიზნები ამოძრავებთ ამერიკელებს საქართველოს მიმართ მომდევნო ორი წლის განმავლობაში”.

„ამ თვალსაზრისით, რამდენიმე დასკვნაა ყველაზე საინტერესო:

– პარტიების გაყალბებული რეიტინგებიდან ნათლად ჩანს, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ამერიკელები არჩევნების დელეგიტიმაციის ისეთივე აქტიურ კამპანიას ააგორებენ, როგორც ეს 2020 წელს გააკეთეს. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ 2024 წელს ამერიკელები კოლექტიური ნაცმოძრაობის მორიგ მარცხთან შეგუებას არ აპირებენ და ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების ცვლილებას კიდევ ერთხელ ეცდებიან;

– პოლიტიკოსების გაყალბებული რეიტინგებიდან ჩანს, რომ ამერიკელები ნაცმოძრაობის გამაგრებას ფსევდოშუაშისტური პოლიტიკური ძალით შეეცდებიან. ხოშტარიას, გახარიას, ვაშაძის და სხვა ურეიტინგო პოლიტიკოსების რეიტინგების გაყალბება სწორედ ამას ემსახურება;

– ამერიკელებმა ეკლესიის რეიტინგიც გააყალბეს და მეორე ადგილზე გაიყვანეს. აქედან ჩანს, რომ ანტიეკლესიური კამპანია, რომელსაც ამერიკელები ძირითადად ენჯეოებისა და ნაცმოძრაობის პარტიული ტელევიზიების მეშვეობით აწარმოებენ, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება;

– რუსეთის მოქალაქეების საქართველოში ყოფნასთან დაკავშირებული შედეგების გაყალბება იმის მაუწყებელია, რომ წინა სამივე ქსენოფობიური კამპანიის ავტორები სწორედ ამერიკელები იყვნენ და ამგვარ ქსენოფობიურ კამპანიებს ისინი სამომავლოდაც დაგეგმავენ;

– სააკაშვილის განთავისუფლების შესახებ გაყალბებული მონაცემები იმის მაუწყებელია, რომ „ფრიმიშას“ კამპანიას ამერიკელები მალე განაახლებენ და ამ გზით ქვეყანაში ვითარების არევას კიდევ ერთხელ ეცდებიან;

– ბოლოს, აგენტების კანონთან დაკავშირებული მონაცემების გაყალბება ერთ რამეს მოწმობს – ამერიკელებს ძალზე აღიზიანებთ ხელისუფლების მესიჯი იმის შესახებ, რომ ამ კანონმა თავის მიზანს უკვე მიაღწია. არადა, ფაქტია, რომ კანონპროექტმა უცხოელ აგენტებს თავისი სახელი დაარქვა და ამერიკელების მიერ 2024 წლისთვის მომზადებულ რევოლუციურ სცენარს წინასწარ საკმაოდ სერიოზული დარტყმა მიაყენა.

მადლობას ვუხდი ამერიკელებს იმისათვის, რომ სოციოლოგიური კვლევის გაყალბებით მათ საკუთარი გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია გაგვიზიარეს. საზოგადოებას ვურჩევ, ყველაფერს ამ თვალით შეხედონ და კვლევის მორიგ გაყალბებაზე ნურც ისინი გაბრაზდებიან“, – აცხადებს შათირიშვილი.

პროკურატურამ ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი სექსუალური ხასიათის ქმედების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ფიზიკური ძალადობით და ძალადობის მუქარით ბებიის მიმართ სისტემატურად ახორციელებდა სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებებს. აღნიშნული დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი დაზარალებულს, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით საძინებელ ოთახში კეტავდა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 22 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 138 -ე მუხლის მე- 2 -ე ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობით და ძალადობის მუქარით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) და 11 პრიმა, 143-ე მუხლის მე-2-ე ნაწილის ,,გ” და მე-3-ე ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ბრალდებულის ფსიქიკური ჯანმრთელობის შეფასების მიზნით, დაინიშნა სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტერორისტ სახელმწიფოს შანსი არ მივცეთ”

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩერნობილის კატასტროფის 37-ე წლისთავზე რუსეთის მხრიდან ბირთვული შანტაჟის დაუშვებლობაზე საუბრობს.

როგორც ზელენსკი სოციალურ ქსელებში გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, აუცილებელია, გაკეთდეს ყველაფერი, რომ რუსეთმა ვერ შეძლოს ატომური ობიექტების მსოფლიოს შანტაჟისთვის გამოყენება.

„37 წლის წინ ჩერნობილის ატომურ სადგურზე ავარიამ დიდი იარა დაუტოვა მთელ მსოფლიოს. რადიაციის გაჟონვამ ოდესღაც მყუდრო და განვითარებული ტერიტორია, აკრძალულ ზონად აქცია. დღეს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის გარშემო 30-კილომეტრიანი ზონა რჩება საშიშ ადგილად რადიაციის მაღალი კონცენტრაციით. გასულ წელს ოკუპანტმა არა მხოლოდ დაიკავა ატომური სადგური, არამედ მთელი მსოფლიო კვლავ საფრთხის წინაშე დააყენა. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ტერორისტ სახელმწიფოს არც ერთი შანსი არ მივცეთ, გამოიყენოს ატომური ენერგეტიკის ობიექტები უკრაინისა და მთელი მსოფლიოს შანტაჟისთვის“, – წერს ზელენსკი.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ და მთელმა მსოფლიომ მისი საფასური გადაიხადეს ჩერნობილის კატასტროფის შედეგების ლიკვიდაციისთვის, რაც დღესაც გრძელდება. როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, ჩერნობილის ატომური სადგურის ოკუპანტებისგან გათავისუფლებიდან ერთი წლის შემდეგ, ჩერნობილის ზონაში სამეცნიერო და უსაფრთხო ობიექტები მუშაობის ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდნენ.

“ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ”- მირდატ ქამადაძე ლევან ხაბეიშვილს

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, მირდატ ქამადაძე, პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, ტყუილების გავრცელებაში ადანაშაულებს.

როგორც ქამადაძე სოციალურ ქსელში წერს, თუ ხაბეიშვილი იმის დამადასტურებელ მტკიცებულებას არ წარადგენს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ კონკრეტული წევრები პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ, ის „უკანასკნელი მატყუარა“ იქნება.

„Levan Khabeishvili, ამ ტყუილების წერას, რომ ვიღაცამ ენმ-ს აგინა, იქნებ მტკიცებულება დაგედო ჯერ.
თუ არ დადებ მტკიცებულებას (სატელევიზიო კომენტარი, ფეისბუქ პოსტი, ბოლო ბოლო მოწმესაც ჩაგითვლით) იცოდე, რომ ჩვეულებრივი, უკანასკნელი მატყუარა ხარ.
დაიდოს მტკიცებულება, რომ ლევან გორგილაძე, როინ დვალი, ელიზა ეფაძე, შორენა აბაშიძე, პარტიის საწინააღმდეგოდ მოქმედებდნენ (პაარტიას აგინებდნენ)!“ – წერს მირდატ ქამადაძე Facebook-ზე.

“საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს”

„ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ევროპაში ქართული სახელისუფლებო დელეგაციის წარმატებული ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

როგორც თამარ ჩიბურდანიძე აცხადებს, აღნიშნული აჩვენებს, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს.

„ევროპაში ქართული სახელისუფლებო დელეგაციის წარმატებული ვიზიტის შედეგად, ოპოზიციას შანსი აღარ რჩება თავიანთი მავნებლური საქმიანობის გაგრძელების, რათა ხელი შეგვიშალონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებაზე.

ევროპის მაღალი პოლიტიკური ტრიბუნიდან ბოლო დღეებში საქართველოს პრემიერის თუ საპარლამენტო ლიდერების მიერ გაკეთებული განცხადებები, მკვეთრი მესიჯებია ევროპისთვისაც და ქართული ოპოზიციისთვისაც. არა ხვეწნა, არა მუდარა და მორჩილება, არამედ თავაწეული, თანასწორუფლებიანი პარტნიორობის შეთავაზება ყველა სახელმწიფოსთან – ეს იყო ქართული სახელისუფლებო დელეგაციის მიერ საქართველოს ღირსეულად წარმოჩინება.

მართალია, ჩვენი ოპოზიცია ფიქრობს, რომ მხოლოდ ცალ ფეხზე დგომით და მუხლებში ჩავარდნით გვაქვს შანსი მივიღოთ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, მაგრამ სინამდვილეში ეს მათი მონური ყოფის სახეა. ქართველი ხალხი და ხელისუფლება კი ფიქრობს, რომ მონობა შეუთავსებელია ქართველისთვის და ასეთი დამოკიდებულებით არც ერთ თანამეგობრობაში არ გვსურს ყოფნა.

თუკი ვინმეს კიდევ ჰქონდა კითხვები საქართველოს არა მხოლოდ სატრანზიტო, არამედ, პოლიტიკური პოტენციალის შესახებ, ქართული დელეგაციის თამამი განცხადებების და ევროპელების მხრიდან მათდამი დამოკიდებულების შედეგად, ალბათ რეალობაში დარწმუნდა.

რაც შეეხება გივი მიქანაძის არჩევას ძალზედ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, ეს არის იმის აღიარება, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა და სასამართლო რეფორმაც მაღალ დონეზეა.

ამ დღეებმა გვითხრა ის, რომ საქართველო აუცილებლად მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, თუნდაც მთელი ოპოზიცია, მათი უცხოელი მხარდამჭერებითურთ, ევროკავშირის კარებში ჩადგეს“, – წერს თამარ ჩიბურდანიძე.

“ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ, როგორც სრული პოლიტიკური კრახი”

ხელისუფლების წარმომადგენელთა ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ როგორც სრული პოლიტიკური კრახი – ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ საჭიროა სასამართლოსთან დაკავშირებული საგამოძიებო კომისიის შექმნა და 12 პუნქტთან დაკავშირებით ოპოზიციის წარმოდგენილი ხედვების გაზიარება.

„საზოგადოებრივი აზრის კვლევამ გუშინ დაადასტურა, რომ რუსეთის და მათი მოკავშირე „ქართული ოცნების“ ანტიდასავლურმა პროპაგანდამ არ იმუშავა და ქართველმა ხალხმა მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მისი ქვეყნის მომავალი არის დაკავშირებული ევროკავშირთან. ამ ფონზე მინდა განსაკუთრებული განგაშით აღვნიშნო ის ვიზიტები, რომელიც მიმდინარე კვირას განხორციელდა ევროპულ დედაქალაქებში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან და ამ ვიზიტების შედეგები შეგვიძლია აღვწეროთ მხოლოდ ერთი სიტყვით – სრული პოლიტიკური კრახი. ვერცერთი შეხვედრის შემდეგ ვერ მოვისმინეთ ვერც ერთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, რომელიც ამ ქვეყანას სჭირდება, ასეთი განცხადება უნდა ყოფილიყო, რომ დიდწილად ქვეყანამ ყველა მოთხოვნა შეასრულა და ამიტომ მოლოდინი აქვთ პოზიტიური, რომ ჩვენ მივიღებთ ყველა პასუხს, ამის ნაცვლად მოვისმინეთ შეფასებები, რომ ბურთი საქართველოს ხელისუფლების მოედანზეა, რომ დღემდე შეუსრულებელი რჩება მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რაც უკავშირდება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს და ა.შ. მეტიც, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ერთობლივი პრესკონფერენცია გაემართა პრემიერ-მინისტრთან, რადგან როგორც ჩანს პოზიტიური სათქმელი არაფერი ჰქონდა. ერთადერთი შეფასება რაც კეთდება, არის მოწოდება, რომ საქართველომ გაატაროს რეფორმები. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეწყვიტეთ საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი“, -განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

“ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი – „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!”-კახა ოქრიაშვილი

“სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი – კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.”- წერს სოციალურ ქსელში  პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერი, კახა ოქრიაშვილი

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2023 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი დაახლოებით 4 %-ია და მსოფლიოში 62-ე ადგილზე ვართ. იმ მაჩვენებლით კი, რომელიც განსაზღვრავს შემოსავალს ერთ სულ მოსახლეზე, სამარცხვინო 92-ე ადგილს ვიკავებთ. სომხეთი, რომელიც ეკონომიკის ზრდის ტემპებით 2003 წლიდან ყოველთვის ჩამოგვრჩებოდა, ეკონომიკური ზრდის ტემპით 24-ე ადგილზეა. სომხეთს, რომელიც ბოლო ორი წელია, მისთვის წარუმატებელ ომშია ჩართული, ჩვენზე გაცილებით მაღალი ეკონომიკური ზრდა აქვს!

რატომ, რა ხდება? იმიტომ, რომ ჩვენ გვჭირს უარესი, ვიდრე ომი – „ქოციზმი“, „ბიძინიზმი“, მონოოლიგარქია, ონკოლოგიური დაავადება თავისი მეტასტაზებით!

შეგახსენებთ, გოლდა მეირის, ისრაელის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელმაც უდაბნოში სახელმწიფო შექმნა: „კორუფცია გამოაცხადეთ სამშობლოს ღალატის ტოლფასად, ხოლო კორუმპირებული თანამდებობის პირები შერაცხეთ ქვეყნის მოღალატეებად მეშვიდე თაობამდე!“

სადაც არ არის სამართალი, იქ არ არის პროგრესი, სამაგიეროდ, ყვავის ეკონომიკის ყველა მუხრუჭი – კორუფცია, ტოტალური ქურდობა, ნეპოტიზმი, უვიცობა, უსამართლო ბიუროკრატიული წნეხი და ა.შ.

ზუსტად ვიცი, საქართველოში მოიძებნება მაღალკვალიფიციურ ლიდერთა ჯგუფი, ვინც გაცილებით უკეთესად გაუმკლავდება ჩვენი ქვეყნის სვლას პროგრესული მომავლისკენ“, – აცხადებს ოქრიაშვილი.

https://www.facebook.com/kakhaberokriashvili/posts/pfbid02ZSHQB9TDUtHKQivEUQ7nDf5xXSqYuGwe3uQSeUuhvLYni6bEzYBjAiBhT9YGbz4Hl

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე ქართველი მაშველები დააჯილდოვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს, სამოქალაქო უსაფრთხოების პოლკოვნიკს მამუკა სეფიაშვილს, რომელიც თურქეთის ქალაქებში – ადიამანსა და ანთაქიაში მომხდარი მიწისძვრის სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ქართულ სამაშველო ჯგუფს ხელმძღვანელობდა, სპეციალური ჯილდო – „უმაღლესი თავდადების ორდენი“ გადასცა.

ქალაქ ანკარაში, პრეზიდენტის სასახლეში, თურქეთის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (AFAD) მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში ჩართულ ყველა ქვეყნის სამაშველო ჯგუფის ლიდერს სპეციალური ორდენი და მადლობის სიგელი გადასცა. პრეზიდენტმა ერდოღანმა სამაშველო ოპერაციაში ჩართულ მაშველებს გაწეული დახმარებისა და თავდადებისთვის მადლობა პირადად გადაუხადა.

ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კატასტროფის პირველივე დღეს გაემგზავრა და ჯამში 200-მდე მაშველმა სამაშველო მისია 18 დღის განმავლობაში ორ ქალაქში შეასრულა.

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სირიის მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ტერაქტის მომზადების ბრალდებით სირიელი დააკავეს. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

გამოძიების ცნობით, 28 წლის მამაკაცი „შაჰიდის ქამრის“ გამოყენებით გეგმავდა თავდასხმას.

ბრალდებული ჰამბურგში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმა, რომელიც დანაშაულის ხელშეწყობაშია ეჭვმიტანილი.

როგორც გერმანული მედია წერს, გამოძიებას აქვს ინფორმაცია, რომ სირიელი მამაკაცი რამდენიმე კვირის განმავლობაში ყიდულობდა ინტერნეტით ასაფეთქებელ ნივთიერებებს, ხოლო მისი ძმა დანაშაულის გეგმას ადგენდა. კონკრეტულად რა იყო ტერორიზმში ეჭვმიტანილების სამიზნე არ სახელდება.

სპეცოპერაციაში 250 სამართალდამცველი მონაწილეობდა. სამძებრო ოპერაციაში ჩართული იყო სპეციალური დანიშნულების ძალებიც.

ვარკეთილის დასახლებაში 4-სართულიანი ავარიული შენობა ახალი, 10-სართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება

ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ვარკეთილის დასახლებაში, მე-3 მასივის მე-10 კვარტალში მდებარე N9 კორპუსი, რომელიც ოთხსართულიანი ავარიული შენობაა, ახალი, ათსართულიანი შენობა-ნაგებობით ჩანაცვლდება.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნული საცხოვრებელი სახლის ავარიული მდგომარეობის ამსახველი, ასევე, ახალი პროექტის ფოტომასალა წარმოადგინა.

მისი თქმით, შენობის მწვავე ავარიულობიდან გამომდინარე არსებული საფრთხეების გამო, ადგილობრივი მცხოვრებლები მერიას ქირით ჰყავს გაყვანილი.

„წინაასარჩევნოდ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება ავარიული სახლების  ჩანაცვლება იყო. ამ მიმართულებით უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა მორიგი პროექტი გაგაცნოთ – ეს არის საცხოვრებლად უვარგისი შენობა, რომლის ავარიულობის ხარისხი მიეკუთვნება მეოთხე კატეგორიას. 45 ოჯახი ქირით გვყავდა გაყვანილი, რადგან იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენდა. გვაქვს შესაძლებლობა, აღნიშნული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდეს და ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს. უკვე დაწყებულია კონცეპტუალური დიზაინ-პროექტისა და დეტალური საინჟინრო, საპროექტო და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, გამოვაცხადებთ ტენდერს მშენებლობაზე და გვექნება შესაძლებლობა, მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ, რათა აღნიშნული პროექტის მიმართ, რაც შეიძლება მეტი ინტერესი გამოვლინდეს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, იმ სირთულეებზე ისაუბრა, რომელიც პროექტის განხორციელების შემაფერხებელ ფაქტორებს წარმოადგენს.

„გვაქვს სურვილი და შესაძლებლობა, უფრო მეტი საცხოვრებელი კორპუსის ჩანაცვლება განხორციელდეს, თუმცა არის შემთხვევები, როცა ადგილობრივი მოსახლეობა დამატებით ფართებს ითხოვს. მაგალითად, 100 კვადრატულში ცხოვრობენ,  თუმცა 5-20-30 კვადრატული მეტრით მეტ ფართს ითხოვენ, რისი უფლებაც არ გვაქვს. ეს კი პროექტის განხორციელებას აბრკოლებს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მზად ვართ, ჩავანაცვლოთ საცხოვრებელი სახლი და ავარიული შენობის ნაცვლად, ახალი კორპუსი აგიშენოთ – სანამ მშენებლობა მიმდინარეობს, გაგიყვანოთ ქირით, იჯარით, რომ არცერთი თეთრის გადახდა არ მოგიწიოთ, ორი წლის თავზე კი, სრულიად ახალი, გარემონტებული და ყველანაირად მოწესრიგებული საცხოვრებელი კორპუსი გადმოგეცემათ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ემანუელ მაკრონს ქალაქ ვენდომში, აქციაზე ქვაბებით და ტაფებით დახვდნენ

საპენსიო რეფორმის მოწინააღმდეგეები საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ლუარ და შერის რეგიონში ტაფებითა და ქვაბებით დახვდნენ.

საფრანგეთის პრეზიდენტი ერთ-ერთი სამედიცინო ცენტრის მოსანახულებლად ქალაქ ვენდომში იყო ჩასული.

ადგილობრივი მედიის ცნობით, რეგიონულმა ხელისუფლებამ მაკრონის ვიზიტის წინ საპროტესტო აქციებისა და დემონსტრაციების გამართვა აკრძალა.

იმ სამედიცინო ცენტრთან, რომელსაც საფრანგეთის პრეზიდენტი სტუმრობდა, მობილიზებული იყო პოლიცია. მიუხედავად ამისა, მოქალაქეთა ნაწილი ქუჩაში მაინც შეიკრიბა და ტაფებსა და ქვაბებს ახმაურებდა.

საფრანგეთის მოქალაქეთა დიდი ნაწილი არ ეთანხმება მაკრონის მთავრობის გეგმას, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში საპენსიო ასაკი 62-დან 64 წლამდე იზრდება.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი პირდაპირ ეთერში შეუძლოდ გახდა, რის გამოც რამდენიმე წუთით ეთერი შეწყდა.

თურქული მედიის ცნობით, სამშაბათს ქვეყნის პირველ პირს სამი სიტყვით გამოსვლა ჰქონდა საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების წინ, რომლებიც 14 მაისს არის დანიშნული.

მას სამუშაო დღე უნდა დაესრულებინა ინტერვიუთი, თუმცა მჭიდრო გრაფიკის გამო, ინტერვიუ საათნახევრით გვიან დაიწყო, შემდეგ კი პირდაპირი ეთერის დაწყებიდან 10 წუთში გაწყდა იმის გამო, რომ პრეზიდენტმა თავი შეუძლოდ იგრძნო. ეთერი განახლდა, რა დროსაც ერდოღანმა ბოდიში მოუხადა მაყურებლებს და განმარტა, რომ შეუძლოდ გახდა.

„გუშინ და დღეს წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით მძიმე სამუშაო იყო, ამ კამპანიის სამუშაოების გამო კი შეუძლოდ გავხდი. ამ პროცესში ისიც ვიფიქრე, არასწორად იქნებოდა თუ არა გაგებული ჩვენი დღევანდელი გეგმა რომ გამეუქმებინა, თუმცა პირობა რადგან მოგეცით, მოვედი. რა თქმა უნდა, ამ გზაზე ჩვენ დროდადრო ასეთ ვითარებასაც ვაწყდებით“,- განაცხადა ერდოღანმა.