Home Blog Page 2035

“ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული ” – მეუფე შიო

ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში, – ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღესასწაულთან დაკავშირებით პარაკლისი შეასრულა და მრევლს ქადაგებით მიმართა. მღვდელმთავარმა სრულიად საქართველოს დღესასწაული მიულოცა და წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა.

„გილოცავთ დღევანდელ დღეს – წმინდა მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის, ქალწული ნინოს საქართველოში შემობრძანების დღეს. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოლოცვას, ლოცვა-კურთხევას.

ნამდვილად, ეს არის ეროვნული დღესასწაული და უდიდესი სასწაული, რომელიც მოგვამადლა ჩვენ უფალმა იესო ქრისტემ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა, ვინაიდან წმინდა ნინოს ღვაწლმა, მისმა ქადაგებამ განაპირობა ჩვენი ერის მოქცევა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე.

ჩვენს ისტორიაში მრავლად იყვნენ ასეთი მოღვაწეები, რომლებიც სათნოებებით ასე ბრწყინავდნენ და მთელი არსებით ემსახურებოდნენ ქრისტეს და მის მიერ დაარსებულ წმინდა ეკლესიას, მაგრამ მათ შორისაც კი წმინდა მოციქულთა სწორი ნინო არის განსაკუთრებით გამორჩეული. განსაკუთრებით ბრწყინავს, ვინაიდან იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გამოირჩია განსაკუთრებული, სამოციქულო ღვაწლისთვის, რომ მისი წილხვდომილი ქვეყანა, საქართველო მოაქციოს ქადაგებით და სულის გადარჩენის გზაზე დააყენოს. ამისთვის დღეს ჩვენ ვმადლობთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს – ამ დიდი სასწაულისა და მადლისთვის. ვიფხიზლოთ ჩვენც, რომ წმინდა ნინოს მსგავსად, გვქონდეს სულის ლამპრები ანთებული და გონიერ ქალწულებთან ერთად შევიდეთ სიძის სასუფეველში. ვეღირსოთ ღმერთისგან მარადიულ სიკეთეებს“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრემ.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტი მიიღო

ამერიკის შეერთებულ შტატებში წარმომადგენელთა პალატამ, ეროვნული ვალის ზღვართან დაკავშირებით კანონპროექტს მხარი დაუჭირა. ახლა აღნიშნული კანონპროექტი ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატაში, სენატში უნდა განიხილონ. ამის შემდეგ, დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

31,4 ტრილიონი დოლარის ოდენობის ეროვნული ვალის ზღვარზე შეჩერებით, ამერიკის შეერთებული შტატები დეფოლტსა და ფინანსურ კრიზისს თავიდან აირიდებს.

ჯო ბაიდენმა მიღწეულ შეთანხმება „ამერიკელი ხალხისა და ამერიკული ეკონომიკისთვის კარგი ამბავი“ უწოდა.

„სენატს მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე მიიღოს კანონი, რათა მე მისი ხელმოწერა შევძლო“, – დასძინა აშშ-ს პრეზიდენტმა.

“ევროპარლამენტში გამოსვლისას პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად – არაფერზე” – ლევან ბეჟაშვილი

საზოგადოებას ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია.

„საზოგადოებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, ჰქონდა ობიექტური მოლოდინი, რომ პრეზიდენტი გამოიყენებდა თავის კონსტიტუციურ უფლებამოსილებას და მიიღებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც აღადგენდა პოლიტიკურ ბალანსს, რომელიც „ქართული ოცნების“ სასარგებლოდაა დარღვეული. პრაქტიკულად, ქვეყანამ დღეს ანტიდასავლური კურსი აიღო და ეს ბალანსი მნიშვნელოვანი იყო, რათა განთავისუფლებულიყო მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია და კანდიდატის სტატუსის მიღების ყველა წინაპირობა ამ შემთხვევაში უფრო დაბალანსებული იქნებოდა. თუმცა, პრეზიდენტმა ისაუბრა ბევრ საკითხზე, მაგრამ იმავდროულად – არაფერზე“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

 

სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით 31 მაისს წარდგა.

“იაპონიას, ჩინეთს, თურქეთსა და უკრაინას შეუძლიათ კრემლს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ”- The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „რუსეთი შეიძლება მისმა მეზობლებმა „ჩაყლაპონ“: რასაც დასთეს, იმას მოიმკი – იაპონიას, ჩინეთს, თურქეთს და უკრაინას შეუძლიათ კრემლს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენონ“ (ავტორი – სვეტლანა მორენეცი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

უკრაინის მიერ რუსული არმიის მიმართ გაწეულმა წინააღმდეგობამ დაამსხვრია მითი რუსეთის უძლეველობის შესახებ. ყველამ დაინახა, რომ რუსეთი ის დაუმარცხებელი იმპერია არ არის, რომლის წარმოდგენასაც კრემლი ცდილობდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის საზღვრებს გარეთ. იმ დროს, როცა რუსეთს სურს უკრაინა თავის საკუთრებად გამოაცხადოს, სხვა ქვეყნები რუსეთის ტერიტორიის ნაწილებს უყურებენ და მის დასაკუთრებას ფიქრობენ – იმის გათვალისწინებით, რომ ომში რუსული ჯარი თავის სისუსტეს ამჟღავნებს. ყველა ამჩნევს, თუ რაოდენ დაძაბუნებულია რუსეთის არმია. ქვეყნის შიგნით მცხოვრები ხალხები ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან, რომ ხულიგანი პრეზიდენტი ჩამოაგდონ. კრემლი უნდა დაფიქრდეს, როცა მეზობლის სუვერენული ტერიტორიის მიტაცებას ცდილობს – ეს, თავის მხრივ, მეზობელ სახელმწიფოებს შანსს აძლევს, რომ რუსეთს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენოს იმ მიწა-წყალზე, რომელსაც თავისად თვლის და რუსეთის მიერ არის დაპყრობილი.

იაპონია პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც შარშან, რუსეთის არმიის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დუმილი დაარღვია: ტოკიომ მოსკოვს კურილიის არქიპელაგის სტატუსი გაახსენა და განაცხადა, რომ „სრულიად მიუღებელია, როცა იაპონიის კუთვნილი ჩრდილოეთის კუნძულები 77 წლის განმავლობაში რუსეთს უსამართლოდ აქვს ოკუპირებული“. 1945 წლიდან სსრ კავშირის მიერ კურილიის კუნძულების ანექსიის შედეგად იქიდან იაპონური მოსახლეობა განდევნილი იქნა და იმ დროიდან მოყოლებული, ტოკიო და მოსკოვი დღემდე ვერ მისულან კომპრომისამდე. მოლაპარაკება შეწყდა, როცა პუტინმა აჩვენა – რუსეთი მზად არ არის ოკუპირებული მიწა ვინმეს გაუყოს ან კანონიერ მფლობელს დაუბრუნოს, პირიქით, კრემლი მუდამ სხვისი კუთვნილის მიტაცებას ცდილობს.

შემდეგ ჩინეთმა დაიწყო ისეთი რუკების შედგენა, რომელთა მიხედვით, რუსეთის ციმბირის და შორეული აღმოსავლეთის რეგიონები ჩინეთის ისტორიულ მიწა-წყალს წარმოადგენს. პეკინის ასეთ არაოფიციალურ პოზიციას თავისი საფუძველი ნამდვილად აქვს: მე-19 საუკუნეში რუსეთმა ჩინეთის კუთვნილი დიდი ტერიტორიების ანექსია მოახდინა. რადგანაც დღეს მათი მშვიდობიანი გზით დაბრუნება შეუძლებელია, პეკინი ეკონომიკურ ექსპანსიას ახორციელებს ბაიკალის ტბის რეგიონში, ციმბირსა და ამურისპირეთში, აქტიურად სარგებლობს ტერიტორიის იჯარით აღების წესით.

პოლონეთში სულ უფრო მტკიცდება აზრი, რომ ვარშავას აქვს სრული კანონიერი უფლება პრეტენზია განაცხადოს კალინინგრადზე (კენისბერგზე), რომელიც საბჭოთა კავშირმა 1945 წელს მიიერთა. თურქეთს, აზერბაიჯანს, ყაზახეთს და უკრაინასაც კი შეიძლება თავიანთი ინტერესი ჰქონდეთ რუსეთის ტერიტორიის მიმართ. რუსმა „ბოევიკებმა“, რომლებიც ბელგორდის ოლქში უკრაინის დროშით მოქმედებენ, ვლადიმერ პუტინს შეახსენეს, რომ მსგავსი მოვლენა შეიძლება სხვა ადგილზეც განმეორდეს – იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებიც რუსეთთან დღეს არსებულ თავიანთ საზღვრებს უსამართლოდ თვლიან.

კიევი ისწრაფვის იმისკენ, რომ ქვეყნის 1991 წლის დროინდელი საზღვარი აღდგეს და ომი ამით დაასრულოს, თუმცა, რუსეთის არმიის გაძევების პერსპექტივის გათვალისწინებით, უკრაინა რუსეთის საზღვრისპირა ოლქებში მომხდარ შეტაკებებს ერთგვარ შურისძიებად მიიჩნევს იმის სანაცვლოდ, რასაც მოსკოვი დონბასში აკეთებს.

სანამ კრემლი [უკრაინის ხარჯზე] თავისი ევროპული ტერიტორიების გაფართოებით არის დაკავებული, ეროვნული ავტონომიები და მათი ლიდერები მოსკოვისაგან გამოყოფას ნატრობენ, რაც პერსპექტივაში რუსეთის 34 „დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ დაშლას ნიშნავს. ამასთან, ისიც უნდა ვთქვათ, რომ დღეისათვის რუსეთში ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობა დათრგუნულია. როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, რუსეთის შიგნით მდებარე ზოგიერთმა ავტონომიურმა რესპუბლიკამ სუვერენიტეტის გამოცხადება სცადა, მათ საწყის ეტაპზე თითქოსდა რაღაც წარმატებას მიაღწიეს (მაგალითად, თათრეთის რესპუბლიკამ), მაგრამ შემდეგ რაც ჰქონდათ, კრემლის წყალობით, დაკარგეს. მართალია, ზოგიერთი ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციებში ჩაწერილია, რომ მათი მოსკოვთან ურთიერთობა ცალკე შეთანხმებებით რეგულირდება, მაგრამ ეს ნორმები ჯერ კიდევ „ძილის მდგომარეობაში“ არიან და „გაიღვიძებენ“ იმ დროს, როცა კრემლს იმპერიის კონტროლი გაუჭირდება.

ამჟამად რუსეთის ხელისუფლებას სრულიად რეალური შიში აქვს იმისა, რომ შეიძლება [1990-იანი წლების დასაწყისი მოვლენები განმეორდეს და] სუვერენიტეტების გამოცხადების კასკადი მოხდეს. არ არის გამორიცხული, რომ ადგილობრივმა მმართველმა ელიტამ თავისი რესურსებით და ფინანსებით სარგებლობაზე პრეტენზია განაცხადოს და მოსკოვის გარეშე მათი გადანაწილება მოახდინოს. მართალია, თავის დროზე ჩეჩნეთის მაგალითმა აჩვენა რუსეთის სხვა ხალხებს, რომლებიც იძულებით იქნენ ანექსირებულები, თუ რა ბედი ელოდება „ურჩ რეგიონებს“, მაგრამ როცა კრემლი ადგილობრივ მოსახლეობას უკრაინის ომის „საზარბაზნე ხორცად“ იყენებს, ამას, ალბათ, ისინი ვეღარ მოითმენენ.
ყველაზე მეტად ომში სამხედრო გაწვევით რუსეთის ღარიბი რეგიონები დაზარალდნენ. ანტოსაომარი მიტინგები ჩატარდა დაღესტანში, ყალმუხეთში, ბურიატეთში, რომელთა ლიდერები „სამხედრო ბეგარის“ წინააღმდეგ გამოვიდნენ. ისინი გრძნობენ, რომ კრემლი მათ – ადგილობრივ ეთნიკურ მოსახლეობას – მეორე ხარისხის ადამიანებად თვლის იმათთან შედარებით, ვინც მოსკოვში და სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობენ. ფრონტიდან გაგზავნილი კუბოების მზარდ რაოდენობას ცეცხლის გაჩაღება შეუძლია და თუ ის ერთხელ მაინც იფეთქებს, მერე რუსეთის სხვა რეგიონებსაც გადაედება…

უკრაინის მთავრობა თვლის, რომ რუსეთის იმპერიალისტური ამბიციებს ბოლო უნდა მოეღოს ისე, რომ ყველასათვის სამართლიანობა აღდგეს. კიევმა კურილის კუნძულები და ჩეჩნეთი „რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებად“ აღიარა და მხარს უჭერს ადგილობრივ ლიდერებს, რომლებსაც კრემლი დევნის. უკრაინა ითხოვს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად მოსკოვის ჯარი უნდა გავიდეს არამარტო ყირიმიდან და დონბასიდან, არამედ დნესტრისპირეთიდან, აფხაზეთიდან, [სამხრეთ ოსეთიდან] და მთიანი ყარაბაღიდან. მართალია, ეს იდეალისტური ოცნებაა, თითქმის აუსრულებელი, რადგან ვლადიმერ პუტინი უფასოდ ოკუპირებული მიწების ერთ მეტრსაც კი არ დააბრუნებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მოსკოვმა თავის სამომავლო უბედურების თავიდან აცილებაზეც უნდა იფიქროს. საბოლოო ჯამში, რუსეთს ის, რაც მან დათესა, უბედურებად შეუტრიალდება.

წყარო

“მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა და არა ისე, როგორც ნატო-ს კარი უკრაინისთვის”-ლიეტუვის პრეზიდენტი

ალბათ, ლიეტუვა არის „აღმოსავლური პარტნიორობის“ ყველაზე ენთუზიაზმით სავსე მხარდამჭერი და ჩვენ ამას გავაგრძელებთ, მაგრამ რა თქმა უნდა გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული, რეფორმები უნდა განხორციელდეს, – ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმების განხორციელების შემდეგ, როგორც ჯილდო, ინტეგრაცია და ძალიან მკაფიო სიგნალები ევროკავშირიდან უნდა განხორციელდეს.

„მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და საქართველოსთვის ევროკავშირის კარი მართლა ღიაა და არა ისე, როგორც ნატო-ს კარი უკრაინისთვის. ჩვენ გვსურს, რომ ისინი ღია იყოს ვილნიუსშიც, მაგრამ ამავე დროს ჩვენ მკაფიო მესიჯი უნდა გავაგზავნოთ ამ კარის გახსნისა და გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, რადგან ახლა უკრაინაც ამას გვეკითხება, რომ თუ კარი ღიაა, სად არის ეს კარი“, – განაცხადა ნაუსედამ.

“პუტინის დამხობა უკრაინის კანონიერ მიზანს წარმოადგენს” – The Daily Telegraph

ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის დამხობა უკრაინის კანონიერ მიზანს წარმოადგენს, ამიტომ მოსკოვზე შეტევის გამო კიევს ნუ გავაკრიტიკებთ“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).

„გარეგნული მიმზიდველობისა და დიდებულების მიუხედავად, მოსკოვი მაინცდამაინც დიდად გამაგრებული ქალაქი არ არის: მე-19 საუკუნეში, 1812 წელს, მოსკოვი ნაპოლეონმა დაიპყრო და მთლიანად გადაწვა, მოგვიანებით, უკვე მეოცე საუკუნეში, ბოლშევიკები ქალაქს იოლად დაეპატრონნენ, ხოლო 1941-1942 წლებში კინაღამ გერმანიის ვერმახტის ხელში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვი იმდენად მოწყვლადი იყო, რომ გერმანელი ჯარისკაცების თქმით, ისინი უკვე შენობების მბრწყინავ შპილებს ხედავდნენ. მოსკოვი სუსტი ადგილია იმ პიროვნებისთვის, ვინც კრემლში ბინადრობს. აი, სწორედ ამიტომ არის ვლადიმერ პუტინისათვის უხერხული და დამამცირებელი დრონებით მოსკოვის მდიდრულ კვარტლებზე შეტევა, სადაც ოფიციალური სამთავრობო რეზიდენციებია განლაგებული და სადაც მაგნატების საცხოვრებელი ბინები მდებარეობს.

ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ იმ მმართველს, ვისაც მოსკოვის დაცვა შეუძლია, თუნდაც სხვა სფეროებში საქმე ცუდად მიდიოდეს, დამხობის საფრთხე არ ემუქრება. ეს ძალიან კარგად იცოდნენ ვლადიმერ ლენინმა და ლევ ტროცკიმ რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. მაგრამ ახლა, როცა ომის სუნთქვას უშუალოდ მოსკოველები გრძნობენ, ნათელი ხდება, რომ მოსკოვის დაცვის საქმე ცუდად არის. აქედან გამომდინარე, რუსულ ელიტას მოთმინების ფიალა ევსება.
ჩვენ ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არ ვიცით დრონებით შეტევის შესახებ: უკრაინის არმიის მიერ განხორციელდა თუ უშუალოდ თვითონ რუსების – პროუკრაინულად განწყობილი პარტიზანების – მონაწილეობით, რომლებიც კიევისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. არ არის გამორიცხული ის ვარიანტიც, რომლის მიხედვით, ოპერაციის გეგმა თვით რუსულმა დაზვერვამ შეიმუშავა მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად: „მტერი მოსკოვთანაა, ბრძოლის დრო დგება“.

მაგრამ ყველა შემთხვევაში ის განცხადებები, რომ თუ დრონებით შეტევის უკან უკრაინა დგას, ეს მოქმედება უკანონოა და ამის დაშვება არ შეიძლება, ესკალაციას გამოიწვევსო, საკმაოდ საკვირველი და უცნაურია. კიევი თითქმის ყოველდღიურად იბომბება ბარბაროსულად, ინგრევა და ნადგურდება სამოქალაქო ობიექტები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები.

ჩვენ ხშირად გვესმის, რომ მოსკოვს ნაკლებად აღელვებს მისგან შორს მიმდინარე ომი, რუსული ელიტა უდარდელად ცხოვრობს… ამიტომაც, თუ შეტევა მართლაც უკრაინის არმიამ განახორციელა, გასაგები იქნებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედების მიზანი: იქნებ რუსმა ხალხმა გააცნობიეროს, თუ როგორი შეგრძნებაა მუდმივი დაბომბვის პირობებში ყოფნა. და თუ უკრაინა მიზანშეწონილად თვლის ომის მტრის ტერიტორიაზე გადატანას, ჩვენ ვინ ვართ, რომ მას ეს ავუკრძალოთ, ან მისი მოქმედება დავგმოთ?

ამჟამად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საკურორტო ადგილებში უამრავი მდიდარი რუსი ისვენებს, რომელთაგან ძალიან ბევრი არმიაში გასაწვევი ასაკისაა, შამპანურებს წრუპავენ და არხეინად ტკბებიან საამური ცხოვრებით – იმის ნაცვლად, რომ ახლა ისინი დონბასში სანგრებს უნდა თხრიდნენ და ტრანშეებს უნდა აშენებდნენ. ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისათვის, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები არიან, ომს თითქმის არავითარი გავლენა არ მოუხდენია. მათ, „იღბლიანებს“, სრულებით არ აღელვებთ იმ „უიღბლო“ რუსები ბედი, რომლებიც ფრონტზე მძიმე სამუშაოებს ასრულებენ. ალბათ, როცა ახლა ომი მათ უშუალოდ დაემუქრებათ, როცა დრონები მათ სასახლეებსაც დაბომბავს, მაშინ ელიტის განწყობა შეიცვლება.

კიევის გათვლებით (და ეს შესაძლოა სტრატეგიულად სწორი იყოს), სანამ ომი რეალურად რუსების უმეტესობას საკუთარ ტყავზე არ უგრძნია, სანამ უკრაინის არმია კონტრშეტევისათვის ემზადება, უფრო უკეთესი იქნება სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობა რუსეთის შიგნით, მთავრობის დამხობის შესაძლებლობის გამოყენების ჩათვლით, ვიდრე ომის წლობით გაგრძელება, რომელიც საბოლოოდ შეიძლება ჩიხში შევიდეს.

კიევმა კარგად უწყის, რომ მას გამარჯვებისთვის დრო უსასრულოდ არ აქვს. ყოველმა გასულმა თვემ დასავლელ მოკავშირეებში შეიძლება დაღლის გრძნობა გააჩინოს. ამ მხრივ კიდევ უფრო საშიშია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (2024 წლის ნოემბერში): თუ რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვთქვათ, განსაკუთრებით დონალდ ტრამპი, მაშინ კიევს აღარ ექნება ის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება, რასაც ჯო ბაიდენი უწევს. დონალდ ტრამპი იმასაც კი არ იტყვის, რომ მას ამ ომში უკრაინის გამარჯვება სურს. ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, აცნობიერებს, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გააძლიეროს და რაც შეიძლება სწრაფად. [ზეწოლის ერთ-ერთ გამოხატულებას კი სწორედ მოსკოვზე საჰაერო შეტევები წარმოადგენს].

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა და მისი მთავრობის დამხობა სურდა. მოსკოვზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის პრეზიდენტს მიახვედრებს, რომ იგი მოწყვლადი არ არის, რომ მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავი ყულფში გააყოფინა და ეს ყულფი თანდათან ვიწროვდება. თვით ევგენი პრიგოჟინიც, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, აღიარებს იმას, თუ რამდენად უსარგებლოა კრემლი: რუსეთის „უძლეველმა“ არმიამ დამარცხებები განიცადა და ვერც ნატოს გაფართოება ვერ შეაჩერა. ასეთი ფაქტები მოსახლეობაში ეჭვების შეტანისათვის კარგ ნიადაგს წარმოადგენს.

მოსკოვში, ალბათ, ბევრს კითხვა უჩნდება: თუ ვლადიმერ პუტინს მოსკოვის დაცვაც კი არ შეუძლია დრონების შეტევისაგან, მაშინ რამდენად ძლიერი და ქმედითუნარიანია პრეზიდენტი? რუსული ელიტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან ნაპირზე დროს უსაქმოდ ატარებს, იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეს პირველად, თუ როგორი ხანგრძლივი ომის მიმართ მოუწევს შერიგება.

ტირანები ხელისუფლებაში იშვიათად რჩებიან ხოლმე მას შემდეგ, როცა მათი მართვის უნარისა და წარმატებების ელვარება ფერმკრთალდება. ვლადიმერ პუტინის ელვარება მოსკოვის ცაში ავარდნილმა კვამლმა დაჩრდილა, რაც მისი წარუმატებლობის დიდ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს.

წყარო

“აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია”- შარლ მიშელი

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირის ოჯახშია. სწორი გადაწყვეტილებები საქართველოს მთავრობის მისაღებია, რათა მოხდეს საჭირო რეფორმების იმპლემენტაცია, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა,

მიშელის თქმით, „ქართველმა ხალხმა იცის, რომ მათ შეუძლიათ ჰქონდეთ მისი პირადი მხარდაჭერისა და ევროკავშირის მხარდაჭერის იმედი“.

„იმედი მაქვს, რომ მომდევნო თვეებში გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა, რათა მკაფიო არჩევანი გაკეთდეს. არა რუსების გასახარად, არამედ მკაფიო არჩევანის გასაკეთებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ საქართველოს მომავალი იქნება დაფუძნებული ამ ფუნდამენტურ, ევროპულ ღირებულებებზე – მშვიდობაზე, კეთილდღეობაზე, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაზე“, – აღნიშნა შარლ მიშელმა.

კითხვაზე, ხომ არ გეგმავს საქართველოში ვიზიტს, შარლ მიშელი აცხადებს, რომ მოხარული იქნებოდა, კიდევ ერთხელ ჩამოსულიყო საქართველოში, რათა შეხვედროდა ქართველ ხალხს. „საქართველოს პრეზიდენტმა მიმიწვია და ვნახოთ, რამდენად შესაძლებელი იქნება კიდევ ერთხელ საქართველოში ვიზიტი“, – აღნიშნა მიშელმა.

რაც შეეხება საქართველოსთვის წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სატატუსის მინიჭების შესაძლებლობაზე დასმულ კითხვას, შარლ მიშელი პასუხობს:„ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოლიტიკური დღის წესრიგი. ერთი მხრივ, ევროკავშირის მხარეს გაცნობიერებული აქვს, რომ მნიშვნელოვანია, გადაიდგას ნაბიჯები ევროკავშირის გაფართოების პროცესში. ევროკომისია ზაფხულის შემდეგ გამოაქვეყნებს წერილობით დასკვნას გაფართოების თემაზე. განვმეორდები და ვიტყვი, რომ ვგეგმავ, ეს თემა დღის წესრიგში დავაყენო წლის ბოლოსთვის“.

“რუსეთმა დიპლომატიას ომი არჩია, ამერიკა კი საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგულია”- Voice of America

აშშ-ის რადიოსადგური Voice of America („ამერიკის ხმა“) თავის ვებ-გვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით „რუსეთმა დიპლომატიას ომი არჩია, ამერიკა კი საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგულია“, რომელშიც მოცემულია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსკლუზიური კომენტარი რადიოს რედაქციის თხოვნასთან დაკავშირებით.

გთავაზობთ პუბლიკაციის ტექსტს:

„ვლადიმერ პუტინი და მისი დამხმარეები თვლიან, რომ ძალა აღმართს ხნავს, მაგრამ ისინი ცდებიან“, – ასე უპასუხა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმის“ თხოვნას წერილობით კომენტარში.
„ამერიკის ხმამ“ სახელმწიფო დეპარტამენტს კომენტარი მას შემდეგ სთხოვა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი ნატო და ნატოს გაფართოება იყო. პრემიერმა ღარიბაშვილმა ეს კომენტარი ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გააკეთა (GLOBSEC). მოდერატორ ჯასტინ ვოტსა და ირაკლი ღარიბაშვილს შორის ამ საკითხზე კითხვა-პასუხი ასე წარმიმართა

ჯასტინ ვოტი: „როგორ ფიქრობთ, რატომ შეიჭრა რუსეთი უკრაინაში 2022 წელს?“

ირაკლი ღარიბაშვილი: „მგონი, რომ მიზეზი ყველამ იცის“.

ჯასტინ ვოტი: „არ ვარ დარწმუნებული, რომ მე ვიცი“.

ღარიბაშვილი: „ვფიქრობ, თქვენც კარგად იცით, დარბაზმაც იცის. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო ნატო, ნატოს გაფართოება, ასე არაა? და ბევრი სხვა მიზეზი“.

ჯასტინ ვოტი: „თქვენ თვლით, რომ ნატოს გაფართოების პოლიტიკამ მოახდინა ომის პროვოცირება?“

ირაკლი ღარიბაშვილი: „არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც რუსეთის მთავრობის ციტირება მინდა, მაგრამ ერთ-ერთ მიზეზი იყო უკრაინელების ნება და განზრახვა, რომ გამხდარიყო ნატოს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს”.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაზე რეაქციის გაკეთების მიზნით დასმულ კითხვაზე, თუ რატომ დაიწყო რუსეთმა ომი უკრაინაში, ამერიკის დიპლომატიური უწყება ამბობს, რომ „რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ 2022 წელს არ დაწყებულა. ეს ომი არის რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის, და ლუგანსკისა და დონეცკის ნაწილების უკანონოდ ხელში ჩაგდების გაგრძელება”. სახელმწიფო დეპარტამენტი მიანიშნებს, რომ ნატოს გაფართოება მხოლოდ საბაბია, რომლის გამოყენებასაც კრემლი ცდილობს.

სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ დასავლეთმა ომის დაწყებამდე რუსეთს ორი მკაფიო არჩევანი შესთავაზა — ერთი იყო რუსეთის უკმაყოფილების დიალოგისა და დიპლომატიის გზით გადაჭრა, მეორე კი ომის დაწყების შემთხვევაში რუსეთისთვის მძიმე შედეგები. რუსეთმა მეორე გზა აირჩია და მას შემდეგ მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას და აწარმოებს გავლენების ოპერაციებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ დაწყებული ომის გასამართლებლად.

„რუსეთი იყენებს დეზინფორმაციის კამპანიებს – მიზანმიმართულ სიცრუეს ან სიმართლის მიზანმიმართულად არასწორ წარმოდგენას – რათა ეცადოს ამ ომის გამართლებას და ძირი გამოუთხაროს დემოკრატიულ ინსტიტუტებს მთელ მსოფლიოში. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე სრულმასშტაბიანი შეჭრისგან პრეზიდენტ პუტინის შეკავების მცდელობის ფარგლებში, შეერთებული შტატები მუდმივად საუბრობდა ორ გზაზე, რომელთა არჩევაც რუსეთს შეეძლო: დიალოგი და დიპლომატია, ან ესკალაცია და მძიმე შედეგები. ჩვენ არ დავზოგეთ გულწრფელი და გულახდილი ძალისხმევა პირველი არჩევანისთვის, რომელსაც მნიშვნელოვნად ვამჯობინებდით, მაგრამ პუტინმა აირჩია ომი“, ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეჭრამდე ორი თვით ადრე, რუსეთმა ნატოს პირობები წაუყენა.
ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლმა იცოდა, რომ ნატოსთვის ამ პირობებზე დათანხმება წარმოუდგენელი იქნებოდა და ეს საკუთარი ზრახვების დაფარვის მცდელობა იყო. დეკემბერში მოთხოვნების წაყენების შემდეგ, თებერვალში რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.

კრემლმა ნატოს დასუსტების ნაცვლად საწინააღმდეგო შედეგი მიიღო. ისტორიულად ნეიტრალური ქვეყანა ფინეთი ნატოში დაჩქარებული წესით შევიდა და შვედეთი ალიანსის კანდიდატი გახდა, რომელიც თურქეთის თანხმობის შემდეგ, სავარაუდოდ, ასევე სწრაფი წესით გაწევრიანდება ნატოში. ფინეთის ალიანსში გაწევრიანების შედეგად, ნატო-რუსეთის საზღვარი თითქმის გაორმაგდა.

ამ ფონზე, შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ამერიკა საქართველოსთვის მიცემული პირობის ერთგული დღემდე რჩება. „ჩვენი პოზიცია უცვლელია. საქართველო არის ნატოს მტკიცე პარტნიორი, რომელიც მსახურობდა ამერიკელ და ნატოს სხვა ჯარისკაცებთან ერთად. შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოსკენ მისწრაფებას. ბაიდენის ადმინისტრაცია ერთგული რჩება უზრუნველყოს ის, რომ ნატოს კარი ღია იყოს ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების მსურველი ქვეყნებისთვის, როდესაც ისინი ამისთვის მზად იქნებიან, შეძლებენ შეასრულონ წევრობის ვალდებულებები და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის უსაფრთხოებაში“, უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა „ამერიკის ხმას“.

ალიანსი აცხადებს, რომ „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება და დასავლეთი საქართველოს ნატოსკენ სწრაფვას კვლავ აქტიურად უჭერს მხარს. „შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსთან მუშაობას ნატოსთან მისი თავსებადობის გასამყარებლად …“ ამერიკის დიპლომატიური უწყება აცხადებს, რომ შეერთებული შტატები „მოუწოდებს საქართველოს ოფიციალურ პირებს წინ წაიწიონ სასიცოცხლო მნიშვნელობის დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც აუცილებელია ნატოში გაწევრიანებისთვის“.

ნატოს გაფართოება ივლისში დანიშნულ ვილნიუსის სამიტზე ერთ-ერთი წამყვანი თემა იქნება. დისკუსია შეეხება საქართველო-ნატოს ურთიერთობის გაღრმავებასაც.

2008 წლის ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა განაცხადა, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. ნატოს ქვეყნები, მათ შორის, შეერთებული შტატები დღემდე უწყვეტად იმეორებენ პოლიტიკას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ნატოში გაწევრიანება ამ ქვეყნის სურვილსა და მზაობაზე, და ალიანსის ყველა წევრის თანხმობაზეა დამოკიდებული და რომ რუსეთს ნატოს გადაწყვეტილებებზე ვეტოს უფლება არ აქვს.

წყარო

“საქართველოს აქვს მკაფიო ევროპული პერსპექტივა, ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა”- ჯოზეფ ბორელი

საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მეორე სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

ბორელმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა ევროპის მხრიდან ნათელია.

„ვფიქრობ, ამდენი ლიდერის აქ ყოფნა, უკრაინის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ძლიერ სიგნალს გაუგზავნის ჩვენი, მრავალი სახელმწიფოს და არა მხოლოდ ევროკავშირის ერთიანობის შესახებ. საქართველოს მკაფიო ევროპული პერსპექტივა აქვს. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოს, რეფორმებზე მუშაობის გაგრძელებაა, ააგონ პოლიტიკური სტაბილურობა, საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ევროპის მხრიდან ნათელია. ახლა საქართველოზეა, გააგრძელოს მუშაობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

“ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი არ ახსენა, მარტივ რამეს ადასტურებს, ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს”

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს, ამიტომ ნებისმიერი ასეთი განმარტება ჩვეულებრივი მანიპულაცია და დეზინფორმაციაა, რაც გვესმის, ამაში ახალი არაფერია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „არის ხალხი, განსაკუთრებით ის ქართველები, ვინც ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლების დისკრედიტაცია მოახდინონ, გამოაცხადონ ანტიდასავლურად“.

„მათი უცხოელი მფარველები და პარტნიორები ზუსტად ამ მიზანში ჯდებიან. სია აიღეთ იმ ხალხის, ვინც პრემიერის განცხადებების მანიპულაცია მოახდინა. აიღეთ სია და ჩამოწერეთ უცხოელები და ქართველები, გვერდზე მიუწერეთ – ეს ადამიანი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. სხვათა შორის, ნიშანდობლივი იყო, რომ სხვადასხვა კუთხიდან გამოჩნდნენ ადამიანები, ვინც რაღაც ეტაპებზე ტალღის სახით წამოიწევენ ხოლმე და ეს არის იმის კარგი ნიშანი, როდის ირთვება პროპაგანდა. ვინ რომელი ექსპერტი წამოიწია როგორც ტალღა, ნახეთ. ყველამ ერთი და იმავე ვიდეოს გაზიარება დაიწყო, შესაბამისი კომენტარებით. რაც გუშინწინ ვნახეთ, ეს არის პროპაგანდისტული მეთოდი. ჩანს, რომ ეს არის ერთი შეკრული გუნდი – შიგნით რადიკალური ოპოზიცია და ქვეყნის გარეთ სავარძელზე წამომჯდარი ექსპერტები, ვინც საქართველოში ბოლო წლებში ნამყოფი არ არიან და წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება. არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ე.წ. მხარდამჭერი ექსპერტები. ვნახეთ, როგორ მუშაობს პროპაგანდისტული გუნდი, ქსელი, რომელიც ქვეყნის შიგნით და გარეთ არის. ის, რომ სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილი არ ახსენა, სინამდვილეში ეს მარტივ რამეს ადასტურებს – ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. შესაბამისად, მას პოლიტიკურ გამოსვლებში არ ახსენებს არც პრეზიდენტი და არც სხვა, რადგან ის პოლიტიკაში არ მონაწილეობს. ხელის გულზე ეს დევს და ეს არის სიმართლე. სხვა დანარჩენი მანიპულაციაა. არის კონსპირაციების თეორიებია, რომელსაც ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია და გარეთ უცხოელი პროპაგანდისტები ცდილობენ, დაამკვიდრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

“ეს არის სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის სახე”- ლევან ნიკოლეიშვილი გიორგი არველაძეზე

„ადამიანი როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში, ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც სხვას კადრებს!“ – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნის, გიორგი არველაძის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, სადაც მან პოლიციელებს „ძაღლობა“ უწოდა.

ნიკოლეიშვილის თქმით, მსგავსი გამონათქვამები სახელმწიფოებრივ აზროვნებას აბსოლუტურად სცილდება, არველაძე კი, პოლიციელებისთვის შეურაცხყოფის მიყენებით პოლიტიკური ხელმოცარულობას და ბოღმას ავლენს.

„ადამიანი, როცა უკადრებელს კადრულობს, პირველ რიგში ადამიანობას კარგავს, მერე ღირსებას და სწორედ იმას ემგვანება რასაც, სხვას კადრებს! ეს მხოლოდ სამწუხარო რეალობა არაა, ეს არის სახე სახედაკარგული სააკაშვილის ჩინოვნიკის, რომელმაც იცის, რომ ვერასდროს ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში, გამწარებული და დაბოღმილი კი ამბობს იმას, რაც ყველაფერს რომ თავი დავანებოთ აბსოლუტურად სცილდება, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე გინდაც ყოფილი პოლიტიკოსისა და ჩინოვნიკის, გინდაც მოქმედისა და გნებავთ მომავალში კვლავ პოლიტიკაში დაბრუნების მოსურნეს აზროვნებას.

სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტები თავდაცვა, უშიშროება და პოლიცია გახლავთ, ის რაზეც დგას ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება და მშვიდობა-დაუშვათ ერთან თუნდაც ათ პოლიციელზე პირადად ხარ გაბრაზებული, მაგრამ ყველა პოლიციელს, რომ შეურაცხყოფას აყენებ და ძაღლებს უწოდებ, ამის მიზეზი კი ბოღმა და პოლიტიკური ხელმოცარულობაა, თვითონ ხდები შეურაცხყოფილიც და შეურაცხადიც!“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი ფეისბუკზე.

https://www.facebook.com/photo.php?fbid=968832100918188&set=a.103729454095128&type=3

საქართველოს საავიაციო ბაზარზე ინდური ავიაკომპანია IndiGo შემოდის

ინდური ავიაკომპანია IndiGo აგვისტოდან საქართველოს მიმართულებით იწყებს ოპერირებას, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განაცხადის შესაბამისად, დელი – თბილისი – დელის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისები 18 აგვისტოდან, კვირაში სამი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს, პარასკევს და კვირას შესრულდება.

ფრენების განხორციელებისთვის აუცილებელი ნებართვა ავიაკომპანიას 29 მაისს მიენიჭა.