Home Blog Page 2035

“ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, წლები რომ გადის და მათი რეიტინგი მცირდება”

ჩვენს ოპოზიციას ალაპარაკებს ბარიერის ვერგადალახვის შიში, პარტია, რომელიც ფიქრობს, რომ ვერ გადალახავს ხუთპროცენტიან ბარიერს, პრაქტიკულად, პარტიად არ იწოდება, ასეთი შეიძლება, იყოს ახალი შექმნილი პარტია, მაგალითად ერთი წლის პარტია და მერე შეიძლება, იყოს მზარდი, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, იმ პარტიებმა, რომლებსაც ეშინიათ, რომ შესაძლოა, ხუთპროცენტიანი ბარიერი ვერ გადალახონ, საკუთარ ქმედებებს უნდა გადახედონ.

„წლები რომ გადის და მათი რეიტინგი გაზრდის ნაცვლად მცირდება, უნდა მიხვდნენ, ბარიერზე კი არ უნდა იწვალონ და თხოვნებით იყვნენ წარმოდგენილი, არამედ რაღაცები შეცვალონ, ან მესიჯბოქსში, ან ქმედებაში, ან სულ მცირე თავისი ქვეყანა არ უნდა დააზიანონ მხოლოდ იმიტომ, რომ იქნებ, ამით დაზიანდეს ხელისუფლება. თუ ამას ვერ ხვდებიან და 90 ათასი ხმის მოგროვების შანსიც არ აქვთ, უნდა გადააფასონ თავისი პერსპექტივები, მოვლენები, მესიჯები და ა.შ. ვფიქრობ, მხოლოდ ამით არის გამოწვეული, რომ რამდენიმე ადამიანს უნდა პარლამენტარის მანდატი და არ აქვთ ის ამბიციები, რომელზეც თავად საუბრობენ ხოლმე. რაც შეეხება იძულებას, როგორ წარმოგიდგენიათ, მაგალითად ევროკომისიის წარმომადგენლებმა გვითხრან, რომ რაც არის ევროკავშირის ქვეყნების ნახევარზე მეტში, ის არ გააკეთოთ არავითარ შემთხვევაშიო. ევროპაში რაც არის მიჩნეული კარგად, ის როგორ შეიძლება, საქართველოში იყოს ცუდი. ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ამასთან დაკავშირებით რაიმე ხისტი პოზიცია ექნებათ ჩვენს  ევროპელ პარტნიორებს“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ბარიერის დაწევის საკითხზე ირაკლი კობახიძის მიერ 2022 წელს გაკეთებული განცხადება ისე წარმოაჩინოს, თითქოს მიმდინარე წელს იყო ნათქვამი მსგავსი რამ.

„ნაცმოძრაობას“ და მის კლასტერს თუ რაიმე რესურსი გააჩნია სოციალურ ქსელში, ცდილობენ 2022 წელი მოაშორონ ირაკლი კობახიძის ნათქვამს და სოციალურ ქსელში დასპონსორებული სტატუსები გვხდება, სადაც საუბარია, თითქოს წელს მოხდა ეს ამბავი. ასეთი მარტივი ტყუილის ტირაჟირებას ცდილობენ. არეკლამებენ ისეთ პოსტებს, სადაც საუბარია, თითქოს 2023 წლის დეკემბერზე იყო საუბარი, როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა კანდიდატის სტატუსზე და შესაბამის დათქმაზე ბარიერის შემცირებასთან დაკავშირებით. დღეს მოცემულობა აღარ გვთავაზობს, რომ ბარიერის დაწევაზე ვისაუბროთ“, – განაცხადა მდინარაძემ.

“მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად” – ვახტანგ მეგრელიშვილი

რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ „ტაქსისტებს“ – მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად, – ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების ხელფასების მომატების შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც მეგრელიშვილმა აღნიშნა, დეპუტატებს უნდა მიეცეთ ლობისტური საქმიანობის უფლება.

“თქვენ რომ დააფუძნოთ ნებისმიერი კომპანია, საწარმო, სახაჭაპურე მაგალითად, მენეჯმენტი რომ დაიქირაოთ, თქვენი აზრით, როგორი იქნება ხელფასის დაახლოებითი პროცენტი, წილი, ამ კაცს რასაც ანდობ, ქონებას, კაპიტალს იმაზე?! ჩვენ თუ მართლა პარლამენტი და ჩვენ თუ მართლა ამ ქვეყნის მმართველი ორგანო ვართ, ჩვენ თუ 25-მილიარდიან ბიუჯეტს ვმართავთ, ჩვენ გვაქვს 0.04%, 6 ათას ლარზე დავთვალე საშუალო ხელფასები. რომელი ჭკუათმყოფელი ანდობს თავის კომპანიას, თავის სიკეთეს ღატაკ ადამიანებს, რომლის ხელფასებზე უფრო მეტი აქვთ „ტაქსისტებს“? კარგად მომუშავე „ტაქსისტებს“ უფრო მეტი აქვთ ანუ ყველაზე დაბალკვალიფიციურ სამუშაოზე ადამიანებს შეუძლიათ მეტი გამოიმუშაონ ანუ მათხოვრების პარლამენტი გვაქვს რეალურად. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე, დაუჭერთ თუ არა მხარს იმას, რომ პარლამენტარებს ჰქონდეთ ლობისტური საქმიანობის საშუალება?“, – მიმართა ვახტანგ მეგრელიშვილმა შალვა პაპუაშვილს.

“ფარცხალაძეს ნაძარცვი რუსეთში მზითვივით გაატანეს – რა დასჯაზეა საუბარი?” – პაატა მანჯგალაძე

ფარცხალაძეს ნაძარცვი რუსეთში მზითვივით გაატანეს – რა დასჯაზეა საუბარი? – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მანჯგალაძეს არ აქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება ფარცხალაძის საქმეს გამოიძიებს და მას დასჯის.

„მარტივი „ქეისი“ გვაქვს ე.წ. ფარცხალაძის საქმის სახით. ჯაშუშზე არათუ გამოძიება დაიწყეს და სისხლის სამართლის საქმე აღძრეს, არამედ დააწინაურეს, საბანკო რეგულაცია შეცვალეს და ნაძარცვი მზითვივით გაატანეს რუსეთში. ეს არის “ქართული ოცნების” სახე. რა დასჯა, პირიქით აწინაურებენ რუსეთთან დაკავშირებულ ადამიანებს”,- განაცხადა მანჯგალაძემ.

ინფორმაციისთვის, ფარცხალაძის სანქცირებასთან დაკავშირებით, აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ სანქცირება მთავრობებისთვის არის მინიშნება გამოძიებაზე.

„როცა სანქციებს მივმართავთ, ქვეყნებისგან არა მხოლოდ მათ დაცვას მოველით, არამედ, როცა ეს ადამიანები ცალკეული ქვეყნის მოქალაქეები არიან, ეს არის სასარგებლო ინფორმაცია მთავრობებისთვის მათ მიერ კორუფციის შესაძლო შემთხვევების გამოსაძიებლად, ანდა, ფარცხალაძის შემთხვევაში, „ეფესბესთან” ძალიან მჭიდრო შესაძლო ურთიერთქმედების შემთხვევისა. ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომელიც შეუძლიათ გამოიძიონ“, – ამბობს ელჩი.

“თუ ვინმე ფიქრობს, რომ დეპუტატთა ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არასწორია, მაშინ პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს” – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციას

თუკი ვინმე ფიქრობს, რომ დეპუტატთა ანაზღაურების შესაბამისობაში მოყვანა არასწორად ხდება და საკითხს მხარს არ უჭერს, მაშინ ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს – მომავალ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში, ანაზღაურება არ აიღოს და ქველმოქმედებას მოახმაროს! – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე ოპოზიციის მისამართით გააკეთა.

პაპუაშვილმა ოპოზიციონერ კოლეგებს პარლამენტის წევრთა ხელფასების ზრდასთან დაკავშირებული კანონის პროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

„ოპოზიციიდან ბევრი გამოსვლა მოვისმინე. ვნახოთ, რეგლამენტში ცვლილებას მხარს დაუჭერთ თუ არა, რადგან სწორედ ეს არის პასუხისმგებლობა. ასეთ თემებზე პოპულისტური საუბარია ადვილია. თქვენი უნარი აიღოთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, კენჭისყრაზე გამოჩნდება მხარს დაუჭერთ თუ არა პროექტს.

ყველანაირი უხერხულობა მოხსნილი იმით, რომ ხელფასების ზრდა მომავალი მოწვევის პარლამენტს ეხება და თუ ფიქრობთ, რომ გადაწყვეტილება სწორია, გთხოვთ მხარი დაუჭიროთ. სხვა შემთხვევაში, არ ვიცით, მომავალ მოწვევის პარლამენტში ვინ იქნება, მაგრამ ის, ვინც მხარს არ დაუჭრეს და მომავალ პარლამენტში იქნება, მორალური წნეხი ექნება და არ უნდა გაუკვირდეს, თუ მას ამას შეახსენებენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა რეგლამენტში ცვლილებები, რომლის მიხედვით, 2025 წლის 1-ელი იანვრიდან – მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირების ხელფასების ოდენობა იზრდება.

“პირობა და საფუძველი, რისთვისაც ბარიერის დაწევა იყო საჭირო, თვითონ ოპოზიციამ გააუქმა”

პირობა და საფუძველი, რისთვისაც ბარიერის დაწევა იყო საჭირო, თვითონ ოპოზიციამ გააუქმა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე- სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის 5-პროცენტიანი ბარიერის პირობებში.

„სისტემა, რომლითაც ჩატარდება 2024 წლის არჩევნები, არის დაფუძნებული ევროპულ სტანდარტებზე და ევროპულ გამოცდილებაზე. კალენდარს მეც და თქვენც ისე ვხედავთ და ისე ვკითხულობთ, როგორც არის, ერთი კალენდარი გვაქვს. კობახიძემ განცხადება წინა წელს გააკეთა და თქვა, რომ თუ სტატუსს მიიღებდა დეკემბერში საქართველო, მზად ვიყავით ამ კომპრომისისთვის. მაშინ საქართველომ ვერ მიიღო სტატუსი და საფუძვლები, რითაც ეს კომპრომისი უნდა მიეღო ოპოზიციას, ამოიწურა, ოპოზიციამ გააგრძელა პოლარიზაცია, საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟი, სტატუსის წინააღმდეგ ყველაფერი გააკეთა დაწყებული ლობისტებში ფულის გადახდით და პირადი მოლაპარაკებებით და ამის შემდეგ კიდევ მოდიხართ და ამბობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ კიდევ რჩება ვალდებულება, განიხილოს რაიმე შეღავათის გაკეთება ოპოზიციისთვის?! სამაგიეროდ, არ გახსოვთ ამ ოპოზიციის მუქარები, რომ შეცვლიან ხელისუფლებას. 80 ათასი თუ არ ჰყავთ მთელს ქვეყანაში, რეგიონში ათასი მოქალაქეც თუ არ უჭერს მხარს პოლიტიკურ პარტიას, რომელიც იმუქრება, რომ მომავალზე მე ვარ პასუხისმგებელი და მე გავიმარჯვებ არჩევნებშიო, მაშინ რაღაზეა საუბარი? მე შეგახსენებთ, რა განცხადებაც იყო გაკეთებული, ჩვენ ვთქვით, რომ ოპოზიციას შეიძლება შეღავათი მივცეთ და ბარიერი დავწიოთ, თუ ეს დაეხმარება პოლარიზაციის შემცირებას, ბარიერი არათუ დავწიეთ, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ნულოვანი ბარიერი გამოვიყენეთ. ამის შემდეგ პოლარიზაცია არათუ შემცირდა, ეს ოპოზიცია საერთოდ არ შემოვიდა პარლამენტში 8 თვის განმავლობაში და მას შემდეგ უკიდურესი კონფრონტაციის რეჟიმშია ხელისუფლებასთან და საკუთარ ქვეყანასთან. შესაბამისად, პირობა და საფუძველი, რისთვისაც ეს იყო საჭირო, თვითონ ოპოზიციამ გააუქმა. დღეს უკვე ერთი წელი რჩება არჩევნებამდე, ეს სისტემა ასახულია კონსტიტუციაში, წინასწარ განხილული, მიღებული და ოპოზიცია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის იმ პირობებში, რაც კონსტიტუციაში წერია. დღეს პოლიტიკური წუწუნი ბარიერზე მიუთითებს ერთადერთზე, რომ ეს რადიკალური ოპოზიცია გაკოტრებულია და მინიმალური მხარდაჭერაც კი არ აქვს, რომ პარლამენტში შევიდეს და რაიმე გააკეთოს,“ – განაცხადა თალაკვაძემ.

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი

პარლამენტის წევრების გაზრდილი ხელფასები რიცხვების ნაცვლად, კოეფიციენტებით იქნება წარმოდგენილი. ამ მიმართულებით დაკორექტირდა რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელსაც პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით იხილავს.

როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა რეგლამენტი ამ მიმართულებითაც იცვლება და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდება.

დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი.

როგორც ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სესიაზე განმარტა, კანონით დადგენილი კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. კერძოდ, პაპუაშვილის თქმით, კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღართან მიახლოება 85%-ით ხდება.

რეგლამენტის პროექტის შეცვლილი ვარიანტის თანახმად, პარლამენტის წევრის გასამრჯელო შესაბამისი წლის “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრულ კოეფიციენტზე ნამრავლით განისაზღვრება. პარლამენტის წევრებისთვის შემდეგი სახელფასო კოეფიციენტები განისაზღვრება:

პარლამენტის თავმჯდომარე – 8,5;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 8,0;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 7,8;

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 7,6;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე – 7,4;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 7,2;

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 7,0.

პარლამენტის წევრებისა და თანამდებობის პირებისთვის ხელფასი 2025 წლის 1-ელი იანვრიდან იზრდება.

რეგლამენტში ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით, დეპუტატების გასამრჯელო შემდეგნაირად იყო განსაზღვრული:

პარლამენტის თავმჯდომარე – 10 000 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე – 9 500 ლარი;

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 9 250 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე – 9 000 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის პირველი

მოადგილე – 8 750 ლარი;

კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – 8 500 ლარი;

პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი, – 8 250 ლარი;

გარდა ამისა, რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 5 000 ლარის ოდენობით იზრდება დახმარების ოდენობა პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას ან მისი, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად აღიარებისას.

კერძოდ, რეგლამენტში ცვლილებების პროექტით, თავდასხმის შედეგად პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 20 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრის გარდაცვალებისას, გარდაცვლილის ოჯახს ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით. პარლამენტის წევრს, რომელიც უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში აღიარებულ იქნა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად, ეძლევა ერთჯერადი დახმარება 15 000 ლარის ოდენობით.

თიბისი კონცეპტი ვერა ფაღავას გამოფენის „მდუმარე ქალაქები“-ს ტურებზე გეპატიჟებათ

თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, საფრანგეთში მოღვაწე, ქართველი მხატვრის ვერა ფაღავას (1907-1988) გამოფენას სახელწოდებით „მდუმარე ქალაქები“ მასპინძლობს.  გამოფენაზე თავმოყრილია ვერა ფაღავას ფერწერული ტილოები, აკვარელები და ჩანახატები, იმ ნამუშევართა ნაკრებიდან, რომელთა მთავარი თემაა ქალაქები და არქიტექტურა.

გამოფენის ფარგლებში, საშუალება გაქვთ დაესწროთ გამოფენის ტურებს და ტურის ხელმძღვანელებთან ერთად დაათვალიეროთ ექსპოზიცია, გაეცნოთ ვერა ფაღავას შემოქმედებას და  მისი ბიოგრაფიის მნიშვნელოვან ფაქტებს.

დასწრების მსურველებმა გთხოვთ, რეგისტრაცია გაიაროთ www.conceptevents.ge-ზე, რის შემდეგაც კონცეპტ ასისტენტი დაგიდასტურებთ ტურზე დასწრებას.

გამოფენის ტურები გაიმართება თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცეში კ. მარჯანიშვილის  ქ. #7

  • 18 ნოემბერი, 17:00 საათი – გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 28 ნოემბერი, 19:00 საათი – გამოფენის კურატორის, ნინა ახვლედიანის ტური
  • 2 დეკემბერი, 17:00 საათი – ხელოვანის, ნინო ქვრივიშვილის ტური
  • 9 დეკემბერი, 17:00 საათი – ხელოვნებათმცოდნე, მარიამ დვალის ტური

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ტურებზე დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.

გამოფენა თიბისისა და ვერა ფაღავას კულტურული ასოციაციის (AC/VP) თანამშრომლობით ხორციელდება და 2024 წლის 30 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. კურატორი ნინა ახვლედიანი.

R

 

პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ „ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და ,,კანონიერი ქურდისთვის ან ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტებზე, 19 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის ინფორმაციი, შინაგან საქმეთა სამინისტროში, ორ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური გამოძიებით დადგინდა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრები, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ პირებთან ერთად, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. ,,კანონიერი ქურდების“ დავალებით, საქართველოში ,,ქურდულ გარჩევებს“ სისტემატურად აწყობდნენ და მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს იხილავდნენ. ასევე, რვა ბრალდებულმა დავის მათ სასარგებლოდ გადასაწყვეტად ,,ქურდული სამყაროს“ წარმომადგენლებს მიმართა.

„6 პირს ბრალდება 223 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს; 5 პირს ბრალდება 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, მათგან 1 პირს დაუსწრებლად) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს, ხოლო 8 პირს – 223 კვარტა მუხლის პირველი ნაწილით (,,კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა), რაც სასჯელად 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებენ პროკურატურაში.

“სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში არ უნდა” – ალეკო ელისაშვილი

სააკაშვილს არაფერი სჭირს, გარდა იმისა, რომ ციხეში ჯდომა არ უნდა, ბოდიში, ამაზე მაშინ ეფიქრა, საქართველოში რომ შემოიპარა და მაწონში, თუ სადღაც ჯანდაბაში იჯდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილს კითხვა დაუსვეს ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პოლიტიკური ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე, სადაც ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხეში იმყოფებოდა პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, ასევე, რეზოლუცია მოუწოდებს ხელისუფლებას სააკაშვილის ჯანმრთელობის დასაცავად სწრაფი ზომების მიღებისა და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ.

„სახალხო პარტიასთან დიდ ბოდიშს ვიხდი და მათ მიმართ პატივისცემას ვადასტურებ, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი არც პოლიტიკური პატიმარია და თავსაც ძალიან ჯანმრთელად გრძნობს. ყოველ შემთხვევაში, სტრასბურგიდან მთელი დელეგაცია იყო ჩამოსული, შეამოწმეს და ნახეს, რომ მშვენიერ პირობებშია, მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს და ამბობს, ვისაც დავრდომილი გგონივართ, პუტინის ხალხი ხართო. გეგონება, ერთი წელი თავად არ გაჰკიოდა, მკლავენო“, – განაცხადა ელისაშვილმა.

2022 წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობამ 72 მილიარდ ლარს გადააჭარბა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის დაზუსტებული მონაცემებით, 2022 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 72 265.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, რაც 20.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 2022 წელს, წინა წელთან შედარებით 10.4 პროცენტი შეადგინა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2022 წელს 9.1 პროცენტით განისაზღვრა.

უწყების ცნობით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი და დამამუშავებელი მრეწველობა. შემდგომ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, მშენებლობა, სოფლის სატყეო და თევზის მეურნეობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები და განათლება.

ამასთან, როგორც საქსტატის ანგარიშში წერია, 2022 წელს წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა როგორიცაა ინფორმაცია და კომუნიკაცია – 59.1 პროცენტიანი წილით, საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი – 10.8 პროცენტი; ტრანსპორტი და დასაწყობება – 24.7 პროცენტი; მშენებლობა – 16.5 პროცენტი; დამამუშავებელი მრეწველობა – 10.5 პროცენტი; ელექტროენერგიის აირის ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება – 29.3 პროცენტი; განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები – 14.6 პროცენტი. კლება კი აღინიშნა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (-16.3 პროცენტი), უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-3.7 პროცენტი).

ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა – დეტალები

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართა.ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საბჭოს სხდომაზე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს საელჩოს მისიის უფროსის მოადგილე კლერ ოლბლესი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) რეგიონული დირექტორი კავკასიაში ალკისვრენიოს დრაკინოსი.

სხდომის მონაწილეებს ინვესტორთა საბჭოს მდივანმა გიორგი ჩერქეზიშვილმა როგორც წინა სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების, ისე, ზოგადად, საბჭოს საქმიანობის დინამიკის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკომისიის დადებითრეკომენდაციაზე. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება ისტორიულია და ქვეყანას ახალ შესაძლებლობებს აძლევს. სხდომის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის გზაზე მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობაზე იმსჯელეს.

სხდომის მონაწილეებმა ასევე განიხილეს მეწარმეთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები, მათ შორის ბიზნესის ხელახალი რეგისტრაციის გადავადების საკითხი. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ხელახალი რეგისტრაცია გადავადდება და აღნიშნულ საკითხზე მთავრობა დაპარლამენტი აქტიურად იმუშავებს. სხდომაზე ასევე განიხილეს ქართული პროდუქციის ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და იმსჯელეს ახალი ფინანსური ინსტრუმენტების ხელმისაწვდომობის საკითხებზე.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო, ეკონომიკური მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერმიღწეული პროგრესი და ის მსხვილი ეკონომიკური პროექტები, რომლებზეც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით მთავრობისეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს.

“სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას”

ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ, ეკონომიკურ განვითარებასა და ტერიტორიულ მთლიანობას, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ განაცხადა.

„პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს იმ მასპინძლობისთვის, რომელიც მათ ჩვენს მიმართ გამოიჩინეს. მე და ჩემი გუნდი საქართველოში დილით ჩამოვედით და როგორც იცით, ჩვენ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ტური გვაქვს. ჩვენ გავატარეთ ორი დღე აზერბაიჯანში და ახლა ორ დღეს საქართველოში დავყოფთ და შემდეგ ტურს სომხეთში გავაგრძელებთ, რათა გვქონდეს სრული სურათი აღნიშნული რეგიონის შესახებ, თუ რეალურად როგორია სხვადასხვა ჯგუფების ხედვა და რა სიტუაციაა ამ დროისთვის“, – განაცხადა პია კაუმამ.

პია კაუმამ შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან გამართა და საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის რეკომენდაციის მიღება მიულოცა.

„რა თქმა უნდა, მინდა მივულოცო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესახებ პოზიტიული ახალი ამბის მიღება. ჩვენ ყველამ ამის შესახებ გასულ კვირას გავიგეთ და გვსურს მივულოცოთ და მოვუწოდოთ საქართველოს, რომ აუცილებელი ნაბიჯები გადადგას, რათა საბოლოოდ გახდეს ევროკავშირის წევრი. ჩვენ ამას მივესალმებით, როგორც ევროკავშირი და როგორც ჩემი ქვეყანა ფინეთი. ასევე, მსურს ვისარგებლო შესაძლებლობით და დავაფასო თქვენი პარლამენტის მუშაობა და იმ რეფორმების მართვა, რომლებიც თქვენ ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე განახორციელეთ“, – აღნიშნა კაუმამ.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა.

„მაგრამ ასევე, როდესაც საქმე ეხება არჩევნებზე დაკვირვებას, თქვენ შეიძლება იცოდეთ, რომ ჩემი ორგანიზაცია OSCEPA არის ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს საარჩევნო, სადამკვირვებლო მისიებს. ბოლოს ეს საქართველოში სამი წლის წინ გავაკეთეთ და იმედია, რომ მომავალ წელსაც მოგვიწვევენ. საქართველო არის OSCE-სა და OSCPA-ს ხანგრძლივი წევრი და ყოველთვის ძალიან აქტიური პარტნიორია, როცა საქმე ეხება დემოკრატიას, განვითარებასა და კანონმდებლობასთან დაკავშირებული დემოკრატიული ნაბიჯების გადადგმას“, – განაცხადა პია კაუმამ.

„ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს დემოკრატიულ და ეკონომიკურ განვითარებასა და თქვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე, ის ფაქტი, რომ ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ადგილას იმყოფებით, როგორიც სამხრეთ კავკასიაა და თქვენ რეგიონულ სტაბილურობაში კონსტრუქციულ და ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებთ. ჩვენ ამას ძალიან ვაფასებთ. კიდევ ერთხელ, მინდა მოგილოცოთ თქვენს მიერ გატარებული რეფორმები და ევროკავშირში გაწევრიანების ახალი გზა, რომელიც უახლოეს მომავალში გექნებათ“, – დასძინა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.