Home Blog Page 2033

“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია”-ვიქტორ ორბანი

უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.

უნგრეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მან, რომელსაც წელიწადნახევრიანი სამხედრო გამოცდილება აქვს, კარგად იცის, რომ შემტევი მხარე სამჯერ მეტ ზარალს განიცდის, ვიდრე ის, ვინც თავს იცავს.

„ასეთ პირობებში დიდი სამხედრო შეტევის დაწყება ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც მოწინააღმდეგე მხარის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილია, არის სისხლიანი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა. უკრაინის კონტრშეტევის დაწყებამდე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ მხარეების დასარწმუნებლად, რომ ცეცხლის შეწყვეტა და სამშვიდობო მოლაპარაკებები აუცილებელია. საუკეთესო შემთხვევაშიც კი შეუძლებელია ფრონტის ხაზზე, ბრძოლის ველზე უკეთესი შედეგის მიღწევა, ვიდრე უკრაინის თვალსაზრისით შეიძლებოდა მიღწეულიყო ომამდე მოლაპარაკებებით“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

“სასმელი წყალი არის უსაფრთხო” – “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობას მაღალი ხარისხის სასმელი წყალი მიეწოდება. კომპანიაში განმარტავენ, რომ სასმელი წყლის ხარისხთან დაკავშირებით ადგილი აქვს უსაფუძვლო დეზინფორმაციის გავრცელების მცდელობას.

„ხარისხის კონტროლს „ჯივიპის“ ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხი თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში სრულად აკმაყოფილებს როგორც ეროვნული რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს, ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) რეკომენდაციებსა და ევრორეგულაციებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ წყალაღება ხდება სანიტარული ზონებით დაცული ტერიტორიებიდან, რომელთაც ზედამხედველობას კომპანია უწევს. მოპოვებული ნედლი წყლის დამუშავება ტექნოლოგიური პროცესის სრული დაცვით, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის მონიტორინგი წყალმომარაგების წყაროების სათავე ნაგებობებზე (არაგვის ხეობა, სამგორი, ღრმაღელე) განთავსებულ „ჯივიპის“ ლაბორატორიებში მიმდინარეობს. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლს ლაბორატორიის სპეციალისტები უწყვეტი ციკლით, 24-საათიან რეჟიმში აწარმოებენ. სასმელი წყლის ხარისხის კონტროლი ასევე ხორციელდება ქალაქის წყალსადენის გამანაწილებელი ქსელის 404 წერტილში.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ცენტრალური ქიმიურ-მიკრობიოლოგიური და სათავე ნაგებობების ლაბორატორიები აკრედიტებულია სსტ ისო/იეკ 17025:2017/2018 სტანდარტის შესაბამისად.

სასმელი წყლის ხარისხი, მისი თვისებები და შემადგენლობა განსაზღვრულია საერთაშორისო სტანდარტით დაწესებული ნორმების შესაბამისად, რასაც კომპანიის მიერ თბილისში, რუსთავსა და მცხეთაში მიწოდებული სასმელი წყალი მუდმივად აკმაყოფილებს“, – აღნიშნულია კომპანიის ინფორმაციაში.

ინფლაციის დონემ საქართველოში – 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5% შეადგინა – „საქსტატი“

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.1 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა.

როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2023 წლის მაისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.

„ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები შემცირდა 1.7 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე -0.62 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (-5.2 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-5.0 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-1.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (-1.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (4.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (1.5 პროცენტი), თევზეული (1.1 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (1.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.6 პროცენტით, რაც 0.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (2.3 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (0.9 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 6.2 პროცენტიანი მატება, რაც 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა თვის ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაიზარდა საფინანსო მომსახურების ქვეჯგუფზე (21.6 პროცენტი)”, – ნათქვამია ინფორმაციაში. რაც შეეხება წლიური ინფლაციის მონაცემებს, სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 1.19 პროცენტული პუნქტით აისახა. „ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (9.3 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (7.1 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (6.3 პროცენტი), თევზეული (6.0 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.6 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (2.2 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (1.8 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ზეთსა და ცხიმზე (-17.0 პროცენტი) და ხილსა და ყურძენზე (-12.0 პროცენტი); სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 18.4 პროცენტით, რაც 0.92 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (27.9 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (12.5 პროცენტი), სხვა სახის მომსახურება (92.0 პროცენტი); ალკოჰოლური სასმელები, თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 7.1 პროცენტით, რაც 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (9.1 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (5.0 პროცენტი) ქვეჯგუფებზე; ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 12.9 პროცენტით, რაც -1.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები შემცირებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-20.3 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-2.0 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (6.4 პროცენტი); ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 7.5 პროცენტიანი კლება, რაც -0.73 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის ქვეჯგუფზე (-18.1 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებაზე (12.0 პროცენტი) და საავადმყოფოების მომსახურებაზე (6.7 პროცენტი)“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხელვაჩაურში ძმამ ძმა მოკლა

ხელვაჩაურში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ ძმა მოკლა. მამაკაცი სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. როგორც ცნობილია, მკვლელობას წინ შელაპარაკება უძღოდა.

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ

გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებულ მდგომარეობას იტალიელი სპეციალისტები სწავლობენ. სტრუქტურული ინჟინრები ტაძარში დილიდან იმყოფებიან. ისინი საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად მონასტერში არსებული მდგომარეობის პირველად დაკვირვებას ახდენენ, რის შემდეგაც სამუშაოების მომდევნო ეტაპი დაიგეგმება.

სასულიერო პირების თქმით, მნიშვნელოვანია გელათის გადარჩენა, რის გამოც კონსერვაცია-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად გაგრძელდება.

გელათის რეაბილიტაცია საპატრიარქომ რამდენიმე თვის წინ გადაიბარა. დაგეგმილ პროცესებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პატრიარქის მოსაყდრემ გამართა, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

“ჩატარადა გელათის რეაბილიტაციის პროექტი და გაჟღერდა, რომ ჩამოდიოდნენ იტალიელი სპეციალისტები, სხვადასხვა მიმართულებით. ესენი არიან გამოცდილები. ჩვენი მიდგომაა, იყოს უმაღლესი ევროპული გამოცდილება და გელათი ამას იმსახურებს. ეს ადამიანები არ მუშაობენ ფურცლებიდან, ამათთვის მთავარია, ადგილზე გაცნობა, ამიტომ იმყოფებიან. დღეს ხდება გაცნობა, გადაეცემათ ნახაზები და ამის მიხედვით დაწერენ დასკვნას. ამ ეტაპზე ძეგლში წყლის ჩადინება შეჩერებულია. რაც შეეხება პროექტს, ძეგლი უნდა მოექცეს ერთიან გადახურვაში, მოშორდება დუღაბი რაც აქვს, დაიწყება შრობა. დღეს რაც ხდება, არის ის, რომ მდგომარეობა არის მძიმე. დაზიანებულია ფრესკის ნაწილები და საჭიროებს მიდგომებს. პრობლემებს გადავლახავთ, ჩვენ მოგვყავს ყველაზე მაღალი დონის სპეციალისტები”, – განაცხადა დავით გარეჯის მღვდელმსახურმა მამა კირიონმა.

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით წინანდლის ფესტივალი, საიუბილეო სეზონზე, მსოფლიო ვარსკვლავებითა და პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრით ბრუნდება

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით, წინანდლის ისტორიული მამული, 31 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, „წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალს“ უმასპინძლებს. წელს, ფესტივალის საიუბილეო, მეხუთე სეზონზე განსაკუთრებით საინტერესო პროგრამას და მუსიკოსების გამორჩეულ შემადგენლობას გთავაზობთ.

ფესტივალი პანკავკასიური ახალგაზრდული ორკესტრის კონცერტით გაიხსნება, რომელსაც მაესტრო ჯანანდრეა ნოზედა უდირიჟორებს. შესრულდება შუმანისა და ჩაიკოვსკის ნაწარმოებები. 11 დღიან პროგრამაში ვიხილავთ კლასიკური მუსიკის ისეთ გამოჩენილ სახეებს, როგორებიც არიან: მანფრედ ჰონეკი, ვახტანგ კახიძე და კრისტოფ კონცი, იეფიმ ბრონფმანი, ნობუიუკი ცუძი, ალექსანდრე მალოფეევი, მარკ ბუშკოვი, ზლატომირ ფანგი, ბეჰზოდ აბდურაიმოვი, აუგუსტინ ჰადელიხი, ამიჰაი გროში, ჟულიენ კანტონი, მაო ფუჯიტა, მიხაელ ბარენბოიმი, დევიდ გარეტი, ოლგა შეპსი, გოტიე კაპუსონი.

მსმენელის წინაშე ასევე წარდგებიან ქართველი ვარსკვლავები: გიორგი გიგაშვილი და 13 წლის „ვუნდერკინდი“, ცოტნე ზედგენიძე. ორ კონცერტს გამართავს ცნობილი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი. 2 სექტემბრის პროგრამა ქართველი პიანისტის, ლექსო თორაძის ხსოვნას მიეძღვნება. სცენაზე ვიხილავთ მეცო-სოპრანო ირინა შერეზადაშვილს და პიანისტ ნინო ჟვანიას. მსახიობ ნინო კასრაძის პერფორმანსი: ჟან კოქტო – „ადამიანის ხმა“ ერთ გამორჩეულ საღამოს შემატებს წინანდლის ფესტივალს. წინანდლის ფესტივალის წიაღში 2019 წელს დაბადებულ პანკავკასიურ ახალგაზრდულ ორკესტრს წელს, მუსიკოსები 7 ქვეყნიდან  – საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, უკრაინა, ყაზახეთი, თუქრმენეთი უერთდებიან.

თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, შესაძლებლობა აქვთ შეიძინოთ ფესტივალის ფარგლებში გათვალისწინებული ნაკრებები 25%-მდე ფასდაკლებით და დაესწროთ წინანდლის ფესტივალს.

ნაკრებების შესაძენად, გთხოვთ დაუკავშირდეთ კონცეპტ ასისტენტს ნომერზე  032 2 27 27 00.

*თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს, ფესტივალის ცალკეული ბილეთების შეძენა შეგიძლიათ 15%-იანი ფასდაკლებით tkt.ge-ის ვებგვერდზე.

(R)

” ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში”- ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთი უკრაინასთან ომში რუსეთის მოკავშირე არ არის. ეს განცხადება სომხეთის პრემიერიერმა ჩეხურ ტელეკომპანია CNN primanews-თან ინტერვიუში გააკეთა.

„ამის შესახებ ხმამაღლა არასდროს გვითქვამს, მაგრამ, ვფიქრობ, შესამჩნევია, რომ ჩვენ არ ვართ რუსეთის მოკავშირეები უკრაინასთან ომში. ჩვენი შეგრძნება ამ ომისა და კონფლიქტისგან არის შეშფოთება, რადგანაც ის მოქმედებს ყველა ჩვენს ურთიერთობაზე”, – აცხადებს სომხეთის პრემიერ-მინისტრი.

„დასავლეთში ამჩნევენ, რომ ჩვენ რუსეთის მოკავშირეები ვართ, უფრო მეტად ამას ამჩნევენ. რუსეთში კი ხედავენ, რომ ჩვენ არ ვართ მათი მოკავშირეები ამ ომში. გამოდის, რომ ჩვენ არავის მოკავშირეები არ ვართ და ამიტომ დაუცველები ვართ. მეჩვენება, რომ ყველა ამ შეტაკებისგან თავის არიდება შესაძლებელია, თუმცა სიმართლე ისაა, რომ რაც უფრო რთული ხდება სიტუაცია, მით უფრო ვიწროვდება ასეთი შესაძლებლობა”, – განაცხადა ფაშინიანმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

2 ივნისს ქუთაისში +29 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. უნალექო დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც გამოიდარებს. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაში იწვიმებს. დღისით +23 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა.

ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +28 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +8 გრადუსამდე დაიწევს.

იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +27, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +22 გრადუსია იქნება, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება.

გორში +28 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურში +18 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი.

გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +31 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +31 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +30 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

2024 წელს საქართველო მსოფლიო ტურიზმის დღეს უმასპინძლებს

გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ევროპის კომისიამ საქართველო მომავალ წელს მსოფლიო ტურიზმის დღის მასპინძელ ქვეყნად დაასახელა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპის კომისიის 38-მა ქვეყანამ ბულგარეთში, ქალაქ სოფიაში, ორგანიზაციის 68-ე კომისიის სხდომაზე მიიღო. სხდომაზე საქართველოს დელეგაციის ინიციატივას ევროპის კომისიის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ტურიზმის ინდუსტრიის მორიგი ძალიან დიდი აღიარება.

„გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ღირსეულად ვუმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში საერთაშორისო დონის უმაღლესი რანგის წარმომადგენლებს არა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიიდან, არამედ სხვა სექტორებიდანაც, ასევე ვუმასპინძლოთ მედიის წარმომადგენლებს“, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე შეფასებით, ეს ყველაფერი დაეხმარება საქართველოს, კიდევ უფრო მეტად გაზარდოს ცნობადობა და გაამყაროს პოზიციონირება საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე, რაც, თავისთავად, გააძლიერებს ჩვენი ტურიზმის, ასევე ავიაციის ინდუსტრიას და მნიშვნელოვანი შედეგებით აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.

კომისიის სხდომას, რომელშიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან ერთად ევროპის რეგიონის სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები და ტურიზმის სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ, ქართული მხრიდან ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული ესწრებოდნენ.

ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტოს პრესსამსახური ავრცელებს.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა

ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ავტოპარკი 23 სპეცმანქანით განახლდა.

მაღალი გამავლობის, ევროსტანდარტების შესაბამისი ავტომობილები, თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და რთულ რელიეფზე გადასაადგილებლად არის განკუთვნილი.

სასწრაფო დახმარების 23 ახალი ავტომობილი ქვეყნის მასშტაბით რეგიონებში გადანაწილდება.

განახლებული ავტოპარკი ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა, მოადგილესთან, ილია ღუდუშაურთან და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორთან, ალექსანდრე კუტიბაშვილთან ერთად დაათვალიერა.

ზურაბ აზარაშვილმა აღნიშნა, რომ გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში თბილისში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალ ოფისი გაიხსნება, თანამშრომელთა სამუშაო და სოციალური პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LSG Solutions “სილქ დეველოპმენტის” სასტუმრო „ტელეგრაფის” პროექტში ჩაერთო

მშენებლობის მენეჯმენტის, დიზაინ და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია – LSG Solutions სილქ დეველოპმენტის” 60 მილიონი ევროს ღირებულების სასტუმრო „ტელეგრაფის” მშენებლობის პროცესში ჩაერთო, რომელიც საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის – თიბისისა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Radisson Collection-ის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო, რესპუბლიკის მოედანზე, ყოფილი ფოსტის შენობაში მოეწყობა.

LSG Solutions „ტელეგრაფის” Lenders engineering-ის სერვისს უზრუნველყოფს, რაც მშენებლობის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის, ასევე მოსალოდნელი რისკების ეფექტიანად მართვასა და პროექტის გამჭვირვალობას გულისხმობს. LSG Solutions კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს თიბისისა და საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსის ეფექტიან ხარჯვას და შედეგად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

სასტუმრო „ტელეგრაფის” სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანია – DNT Construction, რომელთან ერთადაც, „სილქ როუდ ჯგუფს” ბათუმის რადისონის მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. „ტელეგრაფის” სასტუმროს დიზაინი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ კომპანიას – Neri&Hu-ს ეკუთვნის. შემუშავებული კონცეფცია ენერგოეფექტური, მწვანე სასტუმროს მოწყობას გულისხმობს, რაც თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის შენობის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. „ტელეგრაფი” რეგიონში პირველი შენობა იქნება, რომელიც LEED Gold სტანდარტების მიხედვით მოეწყობა.

LSG Solutions-მა ოპერირება 2020 წელს დაიწყო. კომპანია უძრავი ქონების, ტურიზმის, ჯანდაცვის, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ სექტორებს მშენებლობის მენეჯმენტს, პროექტირებას და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამ დროისთვის, LSG Solutions-მა პროექტები ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის განახორციელაროგორებიცაა; „თეგეტა მოტორსი”, „ბორჯომი”, „სილქ დეველოპმენტი”, „მაკდონალდსი”, „ასკანელი”, „კინორ ინვესთმენთი”, „ჯიჯ ენერჯი”, „სოდი ინვესთმენთი”, „ნენსკრა” და სხვა.

R

უკრაინულმა მხარემ გასული ღამის განმავლობაში, კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა – ომის 464-ე დღე

ომის 464-ე დღეს, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ღამის განმავლობაში, მარტო კიევის თავზე, 30-მდე დრონი და რაკეტა გაანადგურა. უკრაინის დედაქალაქი ღამით მორიგი საჰაერო იერიშის სამიზნე გახდა. კიევში საჰაერო განგაში ისევ მოქმედებს. ვრცელდება ცნობები, რომ დედაქალაქში აფეთქებების ხმა ისმოდა.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, საჰაერო თავდაცვა მუშაობს და დედაქალაქს უპილოტო საფრენი აპარატების კიდევ ერთი ტალღა უახლოვდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. თავშესაფრებია მოწყობილი მეტროსადგურებში. საჰაერო განგაში, კიევის პარალელურად, უკრაინის კიდევ რამდენიმე ოლქში გამოცხადდა.

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსული აგრესიისგან თავდასაცავად კიევმა დასავლელი პარტნიორებისგან ძლიერი მხარდაჭერის პირობა მიიღო.

კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი პოპკოს ინფორმაციით, რუსებმა გამთენიისას დედაქალაქსა და ოლქს უპილოტო საფრენი აპარატებითა და ფრთოსანი რაკეტებით შეუტიეს.

“რაკეტების გაშვება განხორციელდა Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. სავარაუდოდ X-101/555 ტიპის ფრთოსანი რაკეტები გამოიყენეს. ამასთან, კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებიდან შეუტიეს. წინასწარი მონაცემებით, გამოიყენეს Shahed-ის დრონები”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა აღმოაჩინეს და გაანადგურეს 30-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნე. ამასთან, ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.