Home Blog Page 2031

“ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს, რასაც სჭირდება შენარჩუნება” – პრემიერი

ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი, განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდაა. იანვარ-აპრილის მონაცემებით, ის 7,3%-ია, რაც სამაგალითოა. ღარიბაშვილმა დაასახელა ის სექტორები, სადაც მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

„ეკონომიკური ზრდა გვაქვს საკმაოდ მაღალი. აპრილში გვქონდა 7,5%, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელი, კარგი და პოზიტიურია. იანვარ-აპრილში ჩვენი ეკონომიკური ზრდა 7,3% გამოდის, რაც მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითოა. ასევე მინდა გითხრათ, რომ აპრილში 20%-ით არის გაზრდილი ექსპორტის მოცულობაც და წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100%-ს გადააჭარბა.

ზრდა ფიქსირდება მშენებლობის სექტორშიც, საფინანსო, სადაზღვევო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორებში. ზოგადად, ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შენარჩუნება. მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს. მშვიდობაა ამის მთავარი საფუძველი და ჩვენი სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი მთავრობა ახორციელებს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.

სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა.

ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს.

პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან.

სამი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.

“თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება” – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტი ვაზიანის ყოფილი აეროპორტის ადგილას აშენდება.

„ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი: ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება. მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა და აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია თბილისში არის ვაზიანი ყოფილი აეროპორტი. ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, – განაცხადა პრემიერმა.

“ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულადაა შემცირებული”-რომან გოცირიძე

ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში უმუშევრობა არნახულად არის შემცირებული, მარტივი მანიპულაციაა – სამუშაო ძალა თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში, – ასე აფასებს  ოპოზიციონერი დეპუტატი,  რომან გოცირიძე მთავრობის ანგარიშს, რომლის თანახმად,  საქართველოში 2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა

როგორც გოცირიძე აცხადებს, მთავრობას ტრადიციულად სურს, შეცდომაში შეიყვანოს მოქალაქეები და წარუმატებლობა წარმატებად წარმოაჩინოს.

“ფაქტია, ქვეყანაში ძალიან მძიმე მდგომარეობაა როგორც ეკონომიკურად, ისე პოლიტიკურად, გაიზარდა ფასები, 15 – პროცენტიანი ზრდა იყო 2021- ში, 10 – პროცენტიანი 2022- ში და წელსაც გრძელდება ინფლაცია. ხალხი გარბის და თვალში ნაცარს აყრიან, თითქოს ქვეყანაში არის არნახულად უმუშევრობა შემცირებული, ძალიან მარტივი მანიპულაციაა – უმუშევრობა განისაზღვრება სამუშაო ძალასთან მიმართებით, სამუშაო ძალა შემცირდა და თავის ძალას და ენერგიას ხარჯავს უცხოეთში. თუ სამუშაო ძალა შემცირდება 100 ათასით მაშინ, იდეალური სურათი იქნება. თუ საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის ნახევარი უცხოეთში წავა, ბუნებრივია, უმუშევრობა გამოვა ნული,”- განაცხადა გოცირიძემ.

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის თანახმად, 2022 წელს უმუშევრობის დონზე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა.

„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით -3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

 

“საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულმა დახმარებამ დაახლოებით 38 მილიონი ლარი შეადგინა” – მთავრობის ანგარიში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ უკრაინისადმი სოლიდარობა საქართველომ საერთაშორისო პლატფორმების ფარგლებში მტკიცე პოზიციებითაც გამოხატა რეზოლუციების თანაავტორობის, თანასპონსორობისა თუ განცხადებებზე მიერთების გზით.

„ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში.

აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც.

„2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, – ნათქვამია ანგარიშში.

“ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა”

მიმდინარეობდა მუშაობა გაეროს დღის წესრიგში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხების, მათ შორის კი, უპირველეს ყოვლისა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული თემატიკის აქტიურად დაყენებისა და შენარჩუნების უზრუნველყოფის, რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობისა და მიმდინარე უხეში დარღვევების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების, ასევე საერთაშორისო არენაზე ოკუპირებული რეგიონების ე. წ. დამოუკიდებლობის არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცების მიმართულებით, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

აქვე აღნიშნულია, რომ აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს უშიშროების საბჭოს, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირების მიზნით. აღნიშნულ ფორმატებში 2022 წელს გაკეთდა 90-მდე ეროვნული განცხადება, ხოლო 2023 წლის მაისის ჩათვლით − 30-მდე განცხადება.

2023 წლის დასაწყისში, საერთაშორისო ორგანიზაციებში გავრცელდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიში.

საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 2008 წლის ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი განიხილეს გაეროს უშიშროების საბჭოში 2022 წლის 15 აგვისტოს გამართულ დახურულ სხდომაზე, სადაც საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ალბანეთის, აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, გაბონის, განის, ირლანდიის, კენიის, ნორვეგიის და საფრანგეთის წარმომადგენლებმა. 2023 წლის 26 აპრილს, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 77-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია „გაეროსა და ევროპის საბჭოს შორის თანამშრომლობის შესახებ“. ქართული მხარის ძალისხმევის შედეგად, პირველად მოხდა გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის ტექსტში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული აგრესიის ასახვა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ყოველწლიურ მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) 6 შეხვედრა (2022 წლის 7 ივნისი, 23 სექტემბერი, 10 ნოემბერი და 2023 წლის 17 იანვარი, 2 მარტი, 27 აპრილი), სადაც განხილულ იქნა ყველა საკითხი, რაც დღესდღეობით მწვავედ დგას.

„ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (იპრმ) უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის დონეზე.

მუდმივ რეჟიმში ხდებოდა პარტნიორი სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკის, ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილ მდგომარეობაზე. გრძელდება საქართველოს ინტერესების დაცვა სახელმწიფოთაშორის დავაზე − „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავებების, თავდასხმებისა და მკვლელობების ადმინისტრაციულ პრაქტიკას.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში, ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2023 წლის 7 მარტის გადაწყვეტილების საქმეზე – „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლის ქვეშ 2008 წლის აგვისტოს ომამდეც იყო და რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ასევე, 2023 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, სტრასბურგის სასამართლომ რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა ომის დროს დაზარალებული 24 000-ამდე საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრაზე, პოლიტიკური კონსულტაციებისა და მაღალი დონის ორმხრივი დიალოგების, ასევე საქართველო-ბრიტანეთის „უორდროპის სტრატეგიული დიალოგის“ მერვე რაუნდის,

ქართულ-გერმანულ-ფრანგული სამკუთხედის სამმხრივი კონსულტაციების ფარგლებში და ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე დიალოგის ფორმატებში, როგორიცაა: უსაფრთხოების საკითხებზე საქართველო-ევროკავშირის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის მეხუთე შეხვედრა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე საქართველო- ევროკავშირის დიალოგის მეთხუთმეტე შეხვედრა, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების საბჭოს სხდომა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა, საქართველო ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომები, საქართველო-ევროკავშირი-აშშ-ის სამმხრივი შეხვედრა. ამავე მიზნით, აქტიური მუშაობა წარიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატების გამოყენებისათვის“,- ნათქვამია ანგარიშში.

მათივე ინფორმაციით, ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის მობილიზებისა და ინდივიდუალური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესაძლო შემზღუდავი ზომების დაწესების მიზნით.

„შესაბამისად, სიისადმი მხარდაჭერა და სანქციების დაწესების მოწოდება ასახულია მათ არაერთ დოკუმენტში.საანგარიშო პერიოდში ქართული მხარე ყველა შესაძლო დონეზე მუდმივად უსვამდა ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შემდგომი გაძლიერებისა და მანდატის სრულად განხორციელების აუცილებლობას. ინტენსიური იყო თანამშრომლობა მისიის წარმომადგენლებთან საოკუპაციო ხაზთან ვითარების ესკალაციის პრევენციის მიზნით.

ქართული მხარე აგრძელებდა ინტენსიურ ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით.

მიმდინარეობდა მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში გრძელდებოდა ინტენსიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებსა და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან“,- ნათქვამია ანგარიშში.

“2022 წელს დანაშაულის რაოდენობა შემცირდა, შემცირებულია მკვლელობის შემთხვევებიც” – მთავრობის ანგარიში

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დანაშაულის რაოდენობა შემცირებულია 3,39%-ით (-1908 ფაქტი), მათ შორის, შემცირებულია ისეთი მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, როგორიცაა: მკვლელობა, მკვლელობის მცდელობა, ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, ყაჩაღობა, ქურდობა, მათ შორის, ბინიდან ქურდობა, თაღლითობა და სხვა. უპრეცედენტოდ მაღალია დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი, რომელიც 62%-ს აღემატება, – ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს.

ამავე ანგარიშში ნათქვამია, რომ საგრძნობია საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით გაუმჯობესებული მდგომარეობაც. კერძოდ, 2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, აღინიშნება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა და მის შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის კლების ტენდენცია.

„2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევათა რაოდენობა შემცირებულია 7%-ით, დაღუპულთა რაოდენობა 4%-ით, ხოლო დაშავებულთა რაოდენობა კი − 2%-ით.

დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, დამონტაჟდა 1 309 ვიდეოკამერა: 969 − ზოგადი ხედვის, ხოლო 340 − ნომრის ამომცნობი. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟებულია 6 765 ვიდეოკამერა: 4 572 − ზოგადი ხედვის, ხოლო − 2 193 ნომრის ამომცნობი. საშუალო სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის ადმინისტრირების მიზნით, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ამოქმედდა საშუალო სიჩქარის კონტროლის 81 სექცია, რომელიც ფარავს 238 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით, ჯამურად ამოქმედებულია 441 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 1 672,83 კმ სიგრძის საგზაო მონაკვეთს“, – ნათქვამია ანგარიშში.

 Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია  

თიბისის პარტნიორობით, Forbes საქართველომ 2023 წლის 30 წლამდელთა სია წარადგინა. უკვე მეხუთე წელია Forbes Georgia ახალგაზრდა ლიდერებს აჯილდოებს, რომლებიც ამ განსაკუთრებულ აღიარებას სხვადასხვა სფეროში მიღწევებისა და წარმატების პოტენციალის საფუძველზე იღებენ. ახალგაზრდებს შორის თიბისი კაპიტალის ვიცე პრეზიდენტი ეთერ ხინჩაგიშვილია, რომელმაც გამარჯვება ფინანსების კატეგორიაში მოიპოვა.

Forbes Georgia-მ ახალგაზრდების გაძლიერებისთვის  სფეროს პროფესიონალები და ლიდერები გააერთიანა  – სწორედ ჟიურის წევრების დახმარებით გამოარჩიეს 30 წლამდე ასაკის ის ნოვატორები,  რომლებიც არ უშინდებიან გამოწვევებს და მუდმივად დინების საწინააღმდეგოდ მიდიან, პოზიტიური ცვლილებებისა და დიდი შედეგების იმედით.

„ეს პროექტი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვან პროექტებსა და ინიციატივებს შორის, რომლებიც ამ სამი ათწლეულის განმავლობაში ახალი თაობს მხარდასაჭერად განვახორციელეთ. მე ძალიან ვამაყობ ყველა ამ წამოწყებით, რომელიც ახალგაზრდებს აძლიერებს და წაახალისებს. ეს ადამიანები არიან 30 წლამდე ასაკის პროფესიონალები, წარმატებული ლიდერები, რომლებმაც თავიანთი საქმით მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს თავიანთ სფეროში და მჯერა, რომ Forbes-ს ეს აღიარება ახალგაზრდებს გზას გაუხსნის და კიდევ მეტის გაკეთების სტიმულსა და შესაძლებლობას მისცემს.”-  ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისის გენერალური დირექტორი.

30 Under 30 – ის გამარჯვებულები 2 ივნისს გამართულ დაჯილდოებაზე გამოვლინდნენ. თიბისი პროექტის მთავარ პარტნიორია  და გალფთან ერთად იმ ახალგაზრდებს უჭერს მხარს, რომლებიც ახალი იდეებით, პროექტებით, სტარტაპებით თუ შემოქმედებით საზოგადოების მომავალ ლიდერებად ყალიბდებიან.

პროექტის ორგანიზატორი – კონსიერჟ თბილისი

გაიცანი და გაიგე მეტი გამარჯვებულების შესახებ- https://helloblog.ge/story/Forbes-Under-30-Winners .

R

 

“საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის “30 ვერცხლს” იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან”- გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე “კურიერის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება იმის შესახებ, რომ “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2 მილიონ ნახევარზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა.

ანალიტიკოსის თქმით, ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში.

“რუსეთის სასარგებლო იდიოტმა იელენა გეორგიევნა ხოშტარიამ მორიგი “პადაჩკა” მიიღო მოსკოველი დამკვეთებისგან – 22 მაისს 2,5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი (დაახლოებით $31 ათასი) ჩაერიცხა.
ლяკა ხოშტარიას ამორალურობასა და ფსევდოპატრიოტიზმზე საუბარი უაზრობაა, რადგან მას დიდი ხანია სინდისი გაცვლილი აქვს რუბლებში. საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისთვის “30 ვერცხლს” იღებს ოკუპანტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ჰყავს მიმდევრების რაღაც მარგინალური ჯგუფი, რომელიც მიბმულია მასთან ან ტოტალური უვიცობით ან ანგარებით.
5 მლნ რუბლი რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან – “კურიერის” ინფორმაციით, ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მლნ-ზე მეტი ჩაერიცხა”- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„მოძალადეები ევროპარლამენტში? – როგორია დაშინება-ძალადობის ფარული მასშტაბები ევროპული დემოკრატიის გულში”

EMPL Constitutive meeting - Election of Chair and Vice-Chairs

ამერიკული გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (იბეჭდება ბრიუსელში) აქვეყნებს სტატიას სათაურით „მოძალადეები ევროპარლამენტში: პოლიტიკური გამოძიება აჩვენებს, თუ როგორია დაშინება-ძალადობის ფარული მასშტაბები ევროპული დემოკრატიის გულში“ (ავტორები – ბარბარა მოენსი და ედი ვაქსი), რომელშიც გადმოცემულია ოთხთვიანი ჟურნალისტური გამოძიების მასალები ევროპარლამენტში და მის აპარატში დასაქმებული თანამშრომლების უფლებებისა დარღვევის შესახებ.

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

„ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო – ევროპარლამენტი ისეთი ტოქსიკურ ადგილს წარმოადგენს, სადაც უმცროსი მომსახურე პერსონალი გავლენიანი ევროდეპუტატების მხრიდან წლების განმავლობაში განიცდიდნენ და გარკვეულწილად, ამჟამადაც განიცდიან დამცირებასა და შევიწროვებას (ბულინგს). რასაკვირველია, პარლამენტის ხელმძღვანელობამ კარგად უწყიდა იმ აუტანელ დამოკიდებულებაზე, მაგრამ მრავალჯერადი გაფრთხილებისა და სიგნალების მიუხედავად, თვალს ხუჭავდა და ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს შექმნილი სისტემური კრიზისის გამოსასწორებლად“, – ნათქვამია სტატიაში.

გაზეთის ჟურნალისტების მიერ გამოკითხული მოსამსახურეები და ბულინგისაგან დაზარალებული თანამშრომლები ჰყვებიან, რომ ევროდეპუტატების შევიწროვების გამო ისინი თავს „ფიზიკურად და ფსიქიურად მკვდრად თვლიდნენ“. ზოგიერთები იმასაც კი ამბობდა, რომ დამცირებისა და მეძიებლობის (შეურაცხყოფის) შედეგად „თავის მოკვლაც სურდათ“.

ბევრი ნერვიულობდა და ღამ-ღამობით არ ეძინებოდა იმის მოლოდინში, თუ როდის იქნებოდა მათი საჩივარი განხილული, თანაც შიშში იყვნენ, ვაითუ სამსახურიდან დაეკარგათ. ერთ-ერთმა გამოკითხულმა ასეთი სიტუაცია „ციხის სასიკვდილო საკანში“ ყოფნას შეადარა, როცა ადამიანი სასჯელს ელოდება და და ეს მოლოდინი გაურკევევლი ვადით გრძელდება.

ავტორების აზრით, გამოკითხვების შედეგები ადასტურებს, რომ  ევროპარლამენტში უმცროსი რანგის თანამშრომელთა აბუჩად აგდება,  ქირდვა და დაცინვა „კონტროლიდან გამოვიდა“.

ჟურნალისტური გამოკვლევის თანახმად, 2019-2021 წლებში ევროპარლამენტში სექსუალური და ფსიქოლოგიური ძალადობის 34 ფაქტი დაფიქსირდა, თუმცა, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ დიდი პრობლემის მცირე ნაწილს წარმოადგენს – სიტუაციის ამსახველი ზუსტი მონაცემები არ არსებობს: ან აღრიცხული არ არის, ან სპეციალურად საიდუმლოდ მალავენ. ყოველ შემთხვევაში, ჟურნალისტების არაერთგზის თხოვნას ევროპარლამენტი დუმილით პასუხობს.

როგორც ირკვევა, დაზარალებულ თანამშრომელთა საჩივრების განხილვას ევროპის პარლამენტი ხელმძღვანელობა წლების განმავლობაში აჭიანურებს და „თუ განხილვა ბოლოსდაბოლოს იწყება, პროცედურა ნამდვილი წამებაა“, – ამბობს Politico-ს ჟურნალისტებთან საუბრისას ლუქსემბურგელი დეპუტატის ყოფილი თანაშემწე მონიკა სემედო. მისი თქმით, განხილვის დროს დაზარალებულს „ყველაფრის ხელახლა გადატანა უწევს, შემდეგ კი უსასრულო ლოდინი“.

ევროპარლამენტის თავმჯდომარემ რობერტა მეცოლა (იგი მალტელმა პოლიტიკოსი ქალბატონია), მიმდინარე წელს ორი დეპუტატის წინააღმდეგ დაიწყო საქმის წარმოება, განზრახულია კიდევ ორის მიმართაც, „მაგრამ ეს მხოლოდ აისბერგის ხილული ნაწილია“ – სიტუაცია სინამდვილეში ბევრად უარესია.

პრობლემის საფუძველია ურთიერთობა პოლიტიკოსებსა და იმ პერსონალს შორის, რომლებიც დაქირავებულები არიან დეპუტატების პროფესიული მოთხოვნების მომსახურებისათვის. დაზარალებულების თქმით, ევროპარლამენტში თანამშრომელთა უფლებების დაცვის ბალანსი ევროდეპუატებისაკენ არის გადახრილი.

„[ევროპარლამენტარები] თავიანთ სამეფოში მეფეები არიან“, – ამბობს ერთ-ერთი დეპუტატის ერთ-ერთი ყოფილი თანაშემწე, – ბევრი ჩემნაირისათვის ევროპარლამენტი პოლიტიკაში კარიერის შექმნის ადგილს წარმოადგენს, ოცნების რეალიზების სამსახურს, მაგრამ თუ დეპუტატები – „ხელმწიფეები ან დედოფლები“ არასწორად ეპყრობიან თანამშრომლებს, მაშინ ყოველდღიური სამსახური ჯოჯოხეთად სწრაფად გადაიქცევა“.

მუშაობდა რა ჭირვეული ევროდეპუტატის თანაშემწედ, ერთ-ერთმა ქალმა დახმარების მიზნით ევროპარლამენტის სტრუქტურებს მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. პირიქით, ყველა ურჩევდა, რომ სამსახური ნებაყოფლობით დატოვებინა. მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი კარგავდა უმუშევრობის სოციალურ დახმარებას, ანუ გამოდიოდა, რომ დეპუტატის მოქმედების გამო თვითონ ზარალდებოდა. „რატომ უნდა დამეტოვებინა სამუშაო, როცა მე არანაირი ბრალი არ მიმიძღვის? გამოდის, რომ მე, სიტუაციის მსხვერპლი, საკუთარი თავის მტერი ვარ“, – ამბობს ქალი, რომლის ვინაობას ჯერ-ჯერობით სტატიის ავტორები არ ამხელენ.

ევროპარლამენტარების მოქმედების გამო დაზარალებული მომსახურე პერონალისაგან საჩივრის წარდგენისა და მისი განხილვის წესიც აშკარად სრულყოფას მოითხოვს: შესაბამისი კომიტეტი, რომელიც საჩივრებს განიხილავს, ევროდეპუტატებისაგან შედგება. ბუნებრივია, ისინი უფრო მეტად ევროპარლამენტარის, ანუ საკუთარ ინტერესებს დაიცავენ და არა აპარატის ჩინოვნიკების უფლებებს.

ამიტომაც საკმაოდ ბევრი შედარებით დაბალი რანგის თანამშრომლები „ენას კბილს აჭერენ“ ან უბრალოდ, სამსახურს ჩუმად ტოვებენ. „ყველამ ყველაფერი კარგად იცის, რაც ხდება, მაგრამ არავინ არაფერს აკეთებს ამ სიტუაციის შესაცვლელად“, – ამბობს ერთ-ერთი მოსაუბრე, – „მსხვერპლი სახით არავის არ ჭირდები. ევროპარლამენტის მთელი სისტემა კორუმპირებულია, განხილვები მხოლოდ ფიქტიურად ტარდება. კომიტეტს დაზარალებულები დამნაშავეებად გამოჰყავს. ევროდეპუტატებს მეტი გავლენა აქვთ, მათ ადვოკატებს ჩვეულებრივი მოსამსახურე ვერ მოუგებს. მე დავასკვენი, რომ ევროპარლამენტში ასეთი მუშაობა არ მიღირს, მირჩევნია საკუთარ თავს გავუფრთხილდე“.

წყარო

2022 წელს უმუშევრობის დონე ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა -მთავრობის ანგარიში

სამთავრობო პროგრამის შესრულების ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ქვეყანაში უმუშევრობამ 17,3% შეადგინა, რაც ისტორიული მინიმუმია.

„2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა აისახა შრომის ბაზრის პოზიტიურ ტენდენციებზე. 2022 წელს უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით, 3.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და ისტორიული მინიმუმს − 17.3%-ს გაუტოლდა. უმუშევართა რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 48.3 ათასი ადამიანით შემცირდა და 267.9 ათასი შეადგინა. დასაქმებულთა რაოდენობა 2022 წელს მნიშვნელოვნად − 66.3 ათასით გაიზარდა და 1,283.7 ათასი შეადგინა. დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დასაქმების ხელშეწყობის სხვადასხვა აქტივობის განხორციელების შედეგად, 2022 წელს დასაქმდა 12 645 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 8811 პირი სოციალურად დაუცველია. ხოლო 2023 წლის პირველი კვარტლის მონაცემებით -3 815, საიდანაც 3600 სოციალურად დაუცველი მოსარგებლეა. პროფესიული გადამზადება აირჩია 609 პირმა”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში.

სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან – 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. პრემიერი პარლამენტს ანგარიშს 30 ივნისს პირადად გააცნობს.

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

რეკორდულად მაღალი სავალუტო შესყიდვების შემდეგ, წინა კვირაში სებ-მა 17.1 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. რა შეიძლება ითქვას ლარის კურსის შესახებ ამ და სხვა უახლეს მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე დაყრდნობით? აპრილის 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდა თიბისი კაპიტალის მოლოდინებთან შედარებითუფრო მაღალია, რაც ცალკე აღებული, ფასების ზრდისა და მოკლევადიან პერსპექტივაში ლარის გამყარების არგუმენტია. ინფლაციის მხრივ, მართალია მაისის სამომხმარებლო ფასების ინდექსის ჯამური დინამიკა პროგნოზთან სრულ შესაბამისობაშია, თუმცა, მომსახურების სფეროში ფასების ყოველთვიური მატება შედარებით მაღალია. ეს ინდიკატორი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს რეალობაში, თიბისი კაპიტალის აზრით, შინაარსობრივად საბაზო ინფლაციის საზომთან ყველაზე ახლოა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ წინა თვეებში ნორმალიზების შემდეგ, მომსახურების ფასების შედარებით მატება მაინც უფრო ერთჯერადი ფაქტორებით იყო გამოწვეული. ამაზე მიუთითებს მომსახურების ყველაზე მეტად გაძვირებული და გაიაფებული კომპონენტების გამორიცხვის შედეგად მიღებული ტენდენცია.

ამავდროულად, 2 ივნისის მდგომარეობით, ლარის ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებითსაშუალო კურსი თავის გრძელვადიან ტენდენციასთან უფრო მეტად დაახლოებას აჩვენებს. თუმცა, სხვადასხვა მკვლევარის მიერ ამ ინდიკატორის შეფასება სულ მცირე შესაძლებელია განსხვავებული იყოს.

მთლიანობაში, როგორც ყოველთვის, ლარის კურსის პროგნოზი არაერთ ახალ ინფორმაციაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, თუ რა იქნება თუნდაც ევრო/დოლარის წყვილის სამომავლო მიმართულება და სხვა. ამასთან, სადღეისოდ არსებულ შეფასებასა და ლარის მიმდინარე კურსზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ახლო პერსპექტივაში თიბისი კაპიტალის მოლოდინები, ადრინდელთან შედარებით, მართალია მცირე, მაგრამ მაინც გაუფასურებიდან ამჟამად უფრო ნეიტრალურისაკენ შეიცვალა.

გაეცანით თიბისი კაპიტალის პუბლიკაციას ბმულზე.

R