Home Blog Page 2030

“რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და ოპოზიციას არსად კანდიდატი არ ჰყავს”

„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებით უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღეს აქვს.

„რა რიგგარეშე არჩევნები, ხვალ შუალედური არჩევნებია და არსად კანდიდატი არ ჰყავთ. რომელი რიგგარეშე არჩევნები ამ სიტუაციაში ან რისთვის? ოპოზიციასაც კი რაიმე პრაგმატიზმი თუ აქვს, რიგგარეშე არჩევნები თავისთვის არაფერში სჭირდება, უარეს შედეგს მიიღებს, ვიდრე დღესაა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა.

დავითულიანს კითხვით მიმართეს, შეეფასებინა ოპოზიციის ნაწილის განცხადება, რომლის მიხედვითაც, იმ შემთხვევაში მოითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს. ბექა დავითულიანის თქმით, ეს მეტყველებს ოპოზიციის სურვილზე, ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს.

„მათი მხრიდან ეს მეტყველებს სურვილზე, რომ ამ ქვეყანამ ვერ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ეს თავიანთი მიზნებისთვის გამოიყენონ. იმედი მაქვს, ყველაფერი პირიქით მოხდება“, – აღნიშნა ბექა დავითულიანმა.

“ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდებზე გამოქვეყნებაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ნაცსექტა დასპონსორებულ პუბლიკაციებს აქვეყნებს”

„აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი FARA, რომლის საქართველოში მიღებას აგენტოკრატია გააფთრებით ეწინააღმდეგება, სააკაშვილის მორიგ ლობისტურ საქმიანობაზე გვამცნობს,“ – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ოფიციალური ლობიზმი იგივეა, რაც დაკანონებული პოლიტიკური კორუფცია, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, გარე აქტორების ღია ჩარევით, ეს თურმე რუსული აქტივობაა. თუმცა, დესტრუქციულთა მანკიერებები კანონის მიუღებლადაც ცნობილია საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის.

„აშშ-ს უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი FARA, რომლის საქართველოში მიღებას აგენტოკრატია გააფთრებით ეწინააღმდეგება, სააკაშვილის მორიგ ლობისტურ საქმიანობაზე გვამცნობს. ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდებზე გამოქვეყნებაც არაა საჭირო იმის მისახვედრად, რომ ნაცსექტა დასპონსორებულ პუბლიკაციებს აქვეყნებს უცხოურ მედიაში. ოფიციალური ლობიზმი იგივეა, რაც დაკანონებული პოლიტიკური კორუფცია, ოღონდ ჩვენს შემთხვევაში, გარე აქტორების ღია ჩარევით, ეს თურმე რუსული აქტივობაა. თუმცა, დესტრუქციულთა მანკიერებები კანონის მიუღებლადაც ცნობილია საქართველოს ფართო საზოგადოებისთვის,“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“სამი კაცი იყო დარბაზში, დავთვალე – ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს”- კალაძე

ლორდთა პალატა საოცრება იყო, დარბაზში სამი კაცი იყო. ვისმენდით განცხადებებს, რომ 2012 წლამდე საქართველოში არსებობდა დემოკრატიის შუქურა, ახლა გარკვეული პრობლემა არის ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, აბსოლუტურად სხვა ვითარებაა, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძეს კითხვით მიმართეს ბრიტანელი დეპუტატის, ადამ ჰოლოვეის ლორდთა პალატაში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური, პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის წინაშე აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს, მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.

კახა კალაძის თქმით, საქართველოს მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებსა და პროგრესს ქართველი ხალხი ხედავს და რეფორმები კვლავაც გაგრძელდება.

„ლორდთა პალატა საოცრება იყო, „გადავსებული დარბაზი“ და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც საქართველოს მიმართ მათ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. დავთვალე და დარბაზში სამი კაცი იყო, თუმცა ეს ყველაფერი გასაგებია. რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლოეს ისტორიაში. ვისმენდით მათ განცხადებებს, რომ 2012 წლამდე ქვეყანაში იყო დემოკრატიის შუქურა, ახლა არის გარკვეული პრობლემა ამ მიმართულებით, თუმცა, რეალურად, ქვეყანაში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა. 2012 წლის შემდეგ დემოკრატიის, გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით რადიკალურად განსხვავებული ვითარება გვაქვს. წინგადადგმული ნაბიჯები გვაქვს და ამას ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა საკუთარ თავზე გრძნობს. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, ჩემი ქვეყნის მოქალაქეები რას გრძნობენ საკუთარ თავზე. ძალიან მარტივია, გავაკეთოთ შედარება – რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს, რა ვითარება გვაქვს. რეფორმები უნდა გაგრძელდეს. გვაქვს წინგადადგმული ნაბიჯები, მიღწევები და, რა თქმა უნდა, ეს გზა მნიშვნელოვანია. ყველაფერს გავაკეთებთ ევროინტეგრაციის გზაზე, ამ ურთულეს გზაზე განსახორციელებელი რეფორმების თვალსაზრისით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება ევროინტეგრაციისკენ მიმავალ რთულ გზაზე სიარულს გააგრძელებს და ამ მიმართულებით ყველაფერს გააკეთებს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ერთია, ვიღაც რას ამბობს საქართველოზე და მეორეა რეალობა, თუ რა ხდებოდა 2012 წლამდე. 2012 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის წყალგამყოფი – რა ხდებოდა, რა ვითარება იყო ამ წლების განმავლობაში, როდესაც სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ წარმოადგენს და რა ხდება 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს, რა ნაბიჯები იქნა გადადგმული. შეხედეთ, დაელაპარაკეთ საზოგადოებას, ჰკითხეთ ხალხს, როგორ გრძნობენ თავს, მაშინ რა იყო, დღეს რა არის. შედარების გაკეთება ძალიან მარტივია. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმების განხორციელებას, გავაგრძელებთ იმ გზაზე სიარულს, რომელსაც ევროინტეგრაცია ჰქვია. ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნება გაკეთებული ამ რთულ გზაზე“, – აღნიშნა კალაძემ.

“სააკაშვილის “ქეისი”, მისი შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით” – კახა კალაძე

სააკაშვილის ქეისი, მისი შემოგორება საქართველოში, შემოტანა, როგორც განუბაჟებელი ტვირთვის, თავიდან ბოლომდე დაგეგმილი იყო ე.წ მეგობრების ხელით, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. მეგობრებმა სააკაშვილის თემა შემოიტანეს იმისთვის, რომ სურდათ საქართველოში დესტაბილიზაციის გამოწვევა, თუმცა ამის შესაძლებლობა ქვეყანაში მომუშავე შესაბამისმა უწყებებმა არ მისცა.

„ეს დაგეგმილი იყო იმიტომ, რომ მათი სურვილი იყო, ქვეყანაში მოეწყოთ დაპირისპირება, არეულობა, გადატრიალება, რევოლუცია სისხლისღვრა და ა.შ. მათ ეს გეგმა ჩაუვარდათ იმიტომ, რომ ჩვენმა სპეცსამსახურებმა იმუშავეს ძალიან მაღალ დონეზე. პირველივე დღიდან, როგორც კი მოხდა სააკაშვილის დაპატიმრება, მაშინვე ჩაირთო აღნიშნული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ, ცილისმწამებლური კამპანია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს შესაბამისი, რაც უნდა ჰქონდეს პატიმარს, რაც ძალიან დიდი ტყუილია. ერთადერთი ყველაზე დიდი პრობლემა არის ის, რომ პატივცემული სააკაშვილი იმყოფება თვითდაზიანების რეჟიმში და ამ ყველაფერში მას ხელს უწყობენ, პირველ რიგში, მისი ოჯახის წევრები და მისი პოლიტიკური პარტია“,- განაცხადა კალაძემ.

სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ – მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.

სარჯველაძემ კომენტარი გააკეთა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებაზე, რომ საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ.

სარჯველაძის თქმით, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს.

„საჭიროა გაკეთებული შეფასებების ახსნა, რომლებსაც კატეგორიულად ვერ დავეთანხმები. დღეს საქართველო, ისე, როგორც არასდროს, დემოკრატიულია, ეს შემიძლია, დაზუსტებით ვთქვა. გაცილებით მეტი აქვს თავისუფლების ხარისხი, ვიდრე ეს ოდესმე შეიძლება, ჰქონოდა. აქედან გამომდინარე, ეს შეფასება კატეგორიულად მიუღებელია“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მისივე თქმით, სენატორს თუ სურვილი ექნება, საქართველოს ხელისუფლების ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ინფორმაცია მიაწოდოს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე.

„ჩემი აზრით, ეს აიხსნება იმით, რომ არ არის სწორად ან სრულად ინფორმირებული. ცხადია, არ მაქვს საფუძველი, გამოვთქვა ვარაუდი იმის შესახებ, რომ შეგნებულად არასწორ ინფორმაციას ავრცელებს. აქედან გამომდინარე, სხვა ახსნა არ მექნება, თუ მას სურვილი და ინტერესი ექნება, ჩვენს ინტერესში ნამდვილად არის, რომ მეტი ვუამბოთ ჩვენ შესახებ, რა ვითარებაა საქართველოში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

“ჩვენი მოლოდინია, რომ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული”

„ჩვენი მოლოდინია, რომ პოზიტიური ტენდენცია ეკონომიკური ზრდის კუთხით გაგრძელდება მომავალ თვეებში და ჩვენ შევძლებთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის უზრუნველყოფას, ვიდრე ეს წლის დასაწყისში იყო პროგნოზირებული, მათ შორის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ”, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის მარტის ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები.

„საქსტატის” ინფორმაციით, 2023 წლის მარტში გაგრძელდა ეკონომიკური ზრდის პოზიტიური ტენდენცია და 7.3% შეადგინა, რაც აღსანიშნავია იმ ფონზეც, რომ წინა წლის მარტშიც მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა. ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკაში დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები და მაღალი ეკონომიკური ზრდა ნათლად მიანიშნებს, რომ საგარეო შოკების, გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას.

მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ეკონომიკურ ზრდაში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა მშენებლობის, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების, ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და ვაჭრობის სექტორებმა. მისი თქმით, ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო საგარეო ვაჭრობისა და ტურიზმის კუთხით დაფიქსირებული ტენდენციებიც. „მარტში ექსპორტის დაახლოებით 33-პროცენტიანი ზრდა გვაქვს, ხოლო ტურიზმის შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ველოდებით”, – განაცხადა ვახტანგ ცინცაძემ.

“საქართველოს ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა 8.5 -10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი” – გიორგი ცუცქირიძე

2023 წლის მარტში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, რეალური შიდა პროდუქტის ზრდამ 7,3 % შეადგინა და როგორც მოსალოდნელი იყო, უფრო მაღალია ვიდრე თებერვლის ზრდის 5,8 % მაჩვენებელი იყო, ეს აისახა მარტში ექსპორტის ზრდის 34 %-იან, ხოლო პირველ კვარტალში 22 %-იან ზრდის დინამიკაშიც, – ამის შესახებ ეკონომიკის ექსპერტი გიორგი ცუცქირიძე, “ჯორჯიან თაიმსის” ბლოგში  წერს.

“იანვარ-მარტის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.2%-ს გაუტოლდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ზრდის მოცემული მაჩვენებელი ისედაც მოსალოდნელი იყო, ბოლო ორი წლის ორნიშნა ზრდის ბაზისური ეფექტიდან გამომდინარე. აღსანიშნავია, რომ გასული წლის იანვარში სარეკორდო 18 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, ისევე, როგორც თებერვალში მაღალი 14.6%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა, ხოლო მარტში 10.6 %, საშუალო მაჩვენებელიც მაღალი 14.4 % იყო და შესაბამისად, საბაზო ეფექტიც საკმაოდ მაღალ ნიშნულზე იყო.

შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირველი კვარტლის ზრდის დინამიკა აღემატება იგივე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზს, რაც როგორც წესი, უფრო კონსერვანტულია (მაგალითისათვის, თუნდაც 2 წელიწადში მათივე 4-5 პროცენტიანი ზრდის პროგნოზები აშკარად ჩამორჩებოდა ეკონომიკის რეალური ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებს).

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა და 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემს 102%- ით, ანუ ორჯერ გადააჭარბა (401.7 მლნ. აშშ. დოლარით) და 795.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ამასთან, 2023 წლის პირველ კვარტალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 37.5 პროცენტით გადააჭარბა.

2023 წლის პირველ კვარტალში მნიშვნელოვნად გაიზარდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები როგორც რუსეთიდან (გაიზარდა 198.7 მლნ. აშშ. დოლარით, 293.4%-ით და 266.4 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ასევე თურქეთიდან (გაიზარდა 55.5 მლნ. აშშ. დოლარით, 136.1%-ით და 96.3 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა), ევროკავშირიდან (გაიზარდა 28.8 მლნ. აშშ. დოლარით, 64.7%-ით და 73.2 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა) და ისრაელიდან (გაიზარდა 25.7 მლნ. აშშ. დოლარით, 73.2%-ით და 60.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა.

ზოგადად კი, გლობალური შოკების და გლობალური ეკონომიკის ზრდის შენელების პირობებში, რაც ნავთობზე ფასების ვარდნაში არის ასახული, საქართველოს ეკონომიკა ინარჩუნებს მდგრადობას და ყველა საპროგნოზო მაჩვენებლით წლის მეორე ნახევარში ზრდის დონე, ბაზისური ეფექტის შემცირებასთან ერთად, შედარებით მაღალი იქნება და საშუალო წლიური ზრდა 8.5 -10 პროცენტის ფარგლებშია მოსალოდნელი.

ამას ადასტურებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიების შეფასებები. საქართველოს ეკონომიკა, სსფ-ის კონსერვატორული პროგნოზითაც კი ამერიკულ დოლარში 41 მილიარდ დოლარს მიაღწევს, რითაც გაუთანაბრდება ისლანდიის ეკონომიკის მთლიან მოცულობას, იქამდე კი 2027 წლიდან 600 მილიონი დოლარით გადააჭარბებს კვიპროსის ეკონომიკას (ეს სხვაობა 2028 წლიდან უკვე 1 მილიარდ 900 მილიონი დოლარი გახდება)”, – წერს გიორგი ცუცქირიძე.

„მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“ – ხაინდრავა ჯინ შაჰინს

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სენატორ ჯინ შაჰინის განცხადებას ტვიტერზე ეხმაურება, რომლის თანახმად შაჰინმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ავტოკრატიისაკენ მზარდად მიდის.

„საქართველოს მთავრობა მიდის ავტოკრატიისკენ – სენატორი ჯინ შაჰინი – აშშ მოახლოებულ არჩევნებს ყურადღებით დააკვირდება. აშშ საით მიდის და პრეზიდენტი საით, რომ მიგეხედათ, უკეთესი იქნებოდა მისს შახინ. მთელი მსოფლიო გაკვირდებათ! ემანდ ფეხი არ დაგიცდეთ არჩევნებზე“, – წერს გოგა ხაინდრავა ტვიტერზე.

“ასეთი რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციის კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი”

„გირჩი-მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლების დასამარცხებლად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების კონსოლიდაცია მნიშვნელოვანია.

როგორც მან პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ოპოზიციის შეხვედრამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციურმა პარტიებმა გაერთიანების კარგი მაგალითი მარტში განვითარებული მოვლენების დროს აჩვენეს.

“მგონია, რომ კონსოლიდაცია არის მნიშვნელოვანი, როცა ასეთი ტიპის რეჟიმს ებრძვი იმიტომ, რომ რესურსები არის მწირი, ყველას უჭირს, არავის ფული არ აქვს, მათ შორის კოორდინაცია, თუნდაც დეზინფორმაციასთან ბრძოლაში ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანია. თუ რაიმე წარმატების ფორმულა ვაჩვენეთ ჯამში ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, ეს იყო მარტის დასაწყისში განვითარებული მოვლენები, როცა კონსოლიდირებული იყო მთელი პოლიტიკური სპექტრი, მთელი სამოქალაქო სექტორი და ჯამში, მთელი საზოგადოება. ამაზე უკეთესი წარმატების ფორმულა ჯერჯერობით არ დაგვიდია”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

მან საქართველოში ევროპელი დიპლომატების ვიზიტებიც შეაფასა და განმარტა, რომ ქვეყანა ყურადღების ქვეშაა.

“ყურადღების ქვეშ ვართ და დასავლეთს ეს ქვეყანა მიტოვებული არ ჰყავს, მაგრამ იმის იმედი, რომ ამის გამო “ქართული ოცნების” პოლიტიკა შეიცვლება, ეს არის ილუზია, არ შეიცვლება. ხელისუფლება უნდა შეიცვალოს და მერე შეიცვლება პოლიტიკა”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

“მისი განცხადებები ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციებია” – კალაძე კეზერაშვილზე

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ პოლიტიკური და სრულად გასაგები სპეკულაციები უწოდა დავით კეზერაშვილის განცხადებას ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ საკუთარი წილის გადაფორმებასთან დაკავშირებით.

როგორც თბილისის მერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა,  კეზერაშვილის საქმიანობის შესახებ ცნობილი BBC -ის გამოძიებამდეც უნდა ყოფილიყო.

„ჩვეულებრივი სპეკულაციები იყო მისი განცხადება იმასთან დაკავშირებით, თითქოს მას არ აქვს სურვილი, ჩრდილი, ზიანი მიაყენოს ტელეკომპანია „ფორმულას“  და ასე შემდეგ. პირველი დავიწყოთ იქიდან, რომ სანამ BBC  ჩაატარებდა ჟურნალისტურ გამოძიებას, არ იცოდნენ საქართველოში კონკრეტულმა პოლიტიკურმა პარტიებმა, რომლებიც მისგან დაფინანსებას იღებდნენ, რითი იყო ეს ადამიანი დაკავებული თუ ახლა გაიგეს ამის შესახებ? შესაბამისად, ყველაფერი ცხადია. ამიტომ, ეს პოლიტიკური სპეკულაციები გასაგებია მისი მხრიდან“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კახა კალაძემ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 104 პირს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა

კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 104 პირს თბილისის მერმა კახა კალაძემ  საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა.

ღონისძიება დიდ დიღომში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე გაიმართა, სადაც აღნიშნულ პირებს საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.

ობიექტზე თავმოყრილ მოქალაქეებს კახა კალაძემ სიტყვით მიმართა.

„დღევანდელი ჩვენი შეკრების მიზანი უკავშირდება საკითხს, რომელიც 30 წლის განმავლობაში უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა. ეს იყო კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებული ოჯახები. მახსოვს 2017 წელს, როდესაც საარჩევნო კამპანიას ვატარებდით, ამ ადამიანებს, დაახლოებით, 3500 ოჯახზეა საუბარი, დავპირდი, რომ მათი პრობლემა მოგვარდებოდა. ბევრი ისტორია მოვისმინე აღნიშნულთან დაკავშირდებით, ბევრ ადამიანს მოუწია ემიგრაციაში წასვლა ამის გამო. როდესაც მათ ვუთხარით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით, არ სჯეროდათ, რადგან მთავრობები იცვლებოდა, საბოლოოდ კი არავინ დგამდა კონკრეტულ ნაბიჯს. დღეს მეც თქვენსავით ბედნიერი ვარ – მაქვს შესაძლებლობა, 104 ოჯახს გადავცეთ საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ დაბრკოლებებში ხედავენ პრობლემას. ბედნიერი ვარ, რომ მყავს თანაგუნდელები, რომლებიც დაბრკოლებებშიც, პრობლემებშიც ხედავენ გამოსავალს. ჩვენ შევძელით, ერთიანი ძალისხმევით მოგვეგვარებინა აღნიშნული პრობლემა. ეს პროგრამა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ყველა ოჯახი არ იქნება დაკმაყოფილებული. მინდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადავუხადო „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფს“, რომელიც აღნიშნულ პროექტს ახორციელებს, ასევე, ყველას, ვინც მონაწილეობს ამ ადამიანების გაბედნიერებაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დაზარალებული ოჯახების დიდი ნაწილის ფართებით დაკმაყოფილების პროცესი სხვადასხვა ეტაპზეა.

„ჩვენ გვყავდა 3 500-მდე ოჯახი. დღეის მდგომარეობით, 2 500 ოჯახი დაკმაყოფილებულია და სხვადასხვა ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები. უფრო დეტალურად კი,  ბინათმშენებლობით დაზარალებული პირებისთვის საცხოვრებელი  ფართების მშენებლობა, ამ ეტაპზე, 15 მისამართზე მიმდინარეობს, სადაც 1000-მდე ოჯახი დაკმაყოფილდება. ჩვენ მიერ გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვის ფარგლებში, 26 ობიექტზე უკვე გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია. მშენებლობა დასრულებულია 4 პროექტზე და ფართები გადაეცა 154 ოჯახს. სანებართვო ეტაპზეა  5 პროექტი, რომლის ფარგლებშიც დაკმაყოფილდება 650-მდე ოჯახი. ხელშეკრულების გაფორმების პროცესშია 3 პროექტი, გამოვლენილია გამარჯვებული ინვესტორი და, დაახლოებით, 350-მდე ოჯახის პრობლემა გადაიჭრება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

დემეტრე თავდადებულის N38-ის მიმდებარედ პროექტს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი“ ახორციელებს. დაზარალებულებს აღნიშნულ ობიექტზე ჯამში 9160 კვ. მ საცხოვრებელი ფართი გადაეცემათ.

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე.

თიბისი კონცეპტი და ისთერნ პრომოუშენსი წარმოგიდგენთ თბილისის 26-ე ჯაზფესტივალს

9-11 მაისს თბილისი რიგით 26-ე ჯაზფესტივალს უმასპინძლებს. თიბისი კონცეპტი  და ისთერნ პრომოუშენსი ჯაზის მოყვარულებს წელსაც მსოფლიოში აღიარებულ ვარსკვლავებს გააცნობენ და ტრადიციულად მრავალფეროვან ღონისძიებებს შესთავაზებენ.

ფესტივალს წელსაც „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი“ მასპინძლობს. ფესტივალის განმავლობაში სასტუმროს მისაღებში ყოველდღიურად გაიმართება სხვადასხვა აქტივობები: ირაკლი ჩიქოვანის პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით – „ჯაზის საათი“, ასევე კომპანია „აუდიო ლაბის“ ვინილების გამოფენა/გაყიდვა და კახა თოლორდავას რიგით მეორე ფილმის – „პირველ პირში – ერთი ფესტივალის ამბავი“ პრემიერა.

9 მაისს ჯაზფესტივალის კონცერტების სერიას ლუკა თოფურია და მისი ბენდი გახსნის „ჯაზ ლაბის“ დარბაზში. მოგვიანებით კი „სთარ სთეიჯზე“ JAZZ/TAKES SUPERGROUP-სა და მის ოთხ გამორჩეულ შემსრულებელს – Bill Evans-ს, Niels Lan Doky-ს, Felix Pastorius-სა და Harvey Mason-ს შეხვდებით.

10 მაისის საღამოს შესაძლებლობა გექნებათ ჩეხ შემსრულებლებს – Martin Kratochvil-სა და Jazz Q-ს მოუსმინოთ. მოგვიანებით კი გენიოსად აღიარებულ იტალიელ პიანისტსა და კომპოზიტორს Stefano Bollani-ს, რომელიც შემოგთავაზებთ საკუთარ ვარიაციებს ცნობილი როკ-ოპერიდან „Jesus Christ Superstar“.

11 მაისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ჯაზ ლაბის” დარბაზში იტალიური ბენდი – Motel Kaiju წარდგება. „სთარ სთეიჯს” კი Stanley Clarke დაიკავებს და სამდღიან ფესტივალს თავისი პერფორმანსით დახურავს.

სამივე დღის განმავლობაში კონცერტები 20:00 საათზე დაიწყება, თუმცა ფესტივალის სტუმრებისთვის კარი 19:00 საათიდან გაიღება.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს.

თიბისის კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის ბილეთებზე მოქმედებს 20%-იანი ქეშბექი, ხოლო თიბისის ვიზა ბარათის მფლობელებზე – 10%-იანი. შეთავაზება არ ვრცელდება თიბისი ერთგულის ბარათებზე.

ფესტივალს ტრადიციული წარმდგენია თიბისი კონცეპტი.

მხარდამჭერები: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, თბილისის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში, ჩეხეთის საელჩო საქართველოში და ჩეხეთის კულტურის ცენტრი.

სპონსორი: ვიზა.

საინფორმაციო მხარდაჭერა: იმედი TV, რადიო ფორტუნა, ონლაინ ჟურნალი „მარკეტერი“, ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთი“,  სარეკლამო სააგენტო „ალმა“.

ტექნიკური მხარდაჭერა: „ბეხშტაინი“, „საუნდ სითი“ და „ემ ეს ლაითსი“.