Home Blog Page 2030

“ამ ადამიანების ამოცანა არის ის, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს”- კალაძე დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებზე

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო განხორციელებული რეფომებით ყველანაირად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, კონკრეტული ადამიანები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანამ აღნიშნული სტატუსი არ მიიღოს,“- ასე გამოეხმაურა კახა კალაძე ევროპლარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას იმასთან დაკაავშირებით, რომ ქვეყნისთვის სტატუსის მინიჭება მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება იქნება.

თბილისის მერის თქმით, კონკრეტული ადამიანების პოლიტიკური გეგმების და წინააღმდეგობების მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება მაქსიმუმს გააკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად.

„არ ვიცი, რამდენად სწორი იქნება ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ, ვინ არიან, რა არის მათი მოტივაცია, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ მათი მთავარი მიზანი, ამოცანა და მოტივაცია არის ის, რომ ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. რა თქმა უნდა, ჩვენი ხალხი, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იმსახურებს სტატუსს და იმსახურებდა მაშინ, როდესაც სხვა ქვეყნებს მისცეს აღნიშნული სტატუსი, რადგან საქართველო იყო ყველაფერში მოწინავე კონკრეტული გადადგმული ნაბიჯებით, განხორციელებული რეფორმებით. თუმცა, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ ყველაფრის მიუხედავად, ევროინტეგრაციის რთულ გზაზე, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ აღნიშნული 12 რეკომენდაცია ზედმიწევნით შესრულდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

“ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება”

დედაქალაქის მერი კახა კალაძე აბსურდულს უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებებს, თითქოს, მისი განცხადებები ანტიდასავლურ რიტორიკას შეიცავს.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა“ თავად წარმოადდგენს პოლიტიკურ ძალას, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს დემოკრატიასა და პროდასავლურობასთან.

„ერთი მაგალითი მომიყვანეთ, როცა ანტიდასავლური განცხადება გავაკეთე. ჩემს გუშინდელ კომენტარში რა იყო ანტიდასავლური?

„ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროდასავლურობაზე დაიწყებს საუბარს, ეს არის ყველაზე დიდი უბედურება. ამ ორგანიზაციას საერთოდ დემოკრატიულობასთან, პროდასავლურობასთან კავშირი არ გააჩნია. ეს არის კრიმინალური ორგანიზაცია, რომელმაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს, თავისი ქმედებებით დაადასტურა და აჩვენა მთელ მსოფლიოს და ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დემოკრატიასთან, დემოკრატიულ ღირებულებებთან და ევროპულობასთან ამ დაჯგუფებას საერთოდ კავშირი არ აქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდებიან. ჩემი განცხადებები, რა თქმა უნდა, ანტიდასავლური არ ყოფილა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

“კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიცია საერთოდ როგორ იღებს ხმას?!” – გურამ მაჭარაშვილი

კონსტიტუციისა და რეგლამენტის დარღვევაზე ოპოზიცია საერთოდ როგორ იღებს ხმას?! – ისინი კონსტიტუციასა და რეგლამენტს არჩევნების დასრულების დღიდან არღვევენ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის კენჭსაყრელ საკითხთა დღის წესრიგში არშეტანა როგორც რეგლამენტით, ასევე პოლიტიკურად სწორი და მართებული გადაწყვეტილებაა.

მისი თქმით, არ შეიძლება პოლიტიკურმა ორგანოებმა საგამოძიებო კომისიის ფარგლებში მოსამართლეების საქმიანობა შეამოწმოს.

„პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ბიურო პარლამენტის სხდომების დღის წესრიგს ყოველ ჯერზე განსაზღვრავს, სადაც განსახილველი და კენჭსაყრელი საკითხები შედის. ბიურო ამ საკითხებს ყოველ ჯერზე თავიდან განიხილავს და თავიდან ამტკიცებს. საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ოპოზიციას შარშან ორი-სამი განცხადება ჰქონდა და როცა თავიდანვე ვერ მოხერხდა კომისიის შექმნა, საკითხი ბიუროს მიერ დამტკიცებულ დღის წესრიგში აღარ შედიოდა ხოლმე. რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტის ბიუროს დღის წესრიგში ის საკითხები არ შეაქვს, რომელზეც ადრე იყო პრობლემა, ვერ გადის ან ფორმატია ისეთი, რომ საკითხი არ შედის – რეგლამენტის მიხედვით, ბიუროს ამის უფლებამოსილება გააჩნია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

სოციოლოგიური გამოკითხვით, რეჯეფ თაიფ ერდოღანს 51.4 პროცენტი უჭერს მხარს

თურქეთში ორ მთავარ კანდიდატთან დაკავშირებით ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვების თანახმად, ქვეყნის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს გამოკითხულთა 51.4 პროცენტი უჭერს მხარს. თურქული მედიის ინფორმაციით, მოსახლეობის გამოკითხვა საკვლევმა ცენტრმა, „ოპტიმარმა“ 25-28 აპრილს ჩაატარა.

გამოკითხვაში 3 000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. კითხვაზე, ორი კანდიდატიდან რომელს მისცემდით ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში, 48.6 პროცენტმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ კილიჩდაროღლუს.

„ერდოღანი, როგორც ჩანს, მიუახლოვდა იმ შედეგს, რომლითაც მან 2018 წლის არჩევნები მოიგო“, – წერს გამოცემა „ჰურიეთი“.

რაც შეეხება ოთხივე მთავარი კანდიდატის შესახებ გამოკითხვას, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: რეჯეფ თაიფ ერდოღანი – 48.6 პროცენტი, კილიჩდაროღლუ 44.1 პროცენტი, ინჯე – 4.3 პროცენტი, ოღანი – სამი პროცენტი.

თურქული მედია წერს, რომ ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალბათობა, რომ არჩევნები პირველ ტურში დასრულდება, 50 პროცენტზე ნაკლებია.

“პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და გახდეს თავად სანქცირების ობიექტი”- ხათუნა სამნიძე

პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და თავად გახდეს სანქცირების ობიექტი, – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმ მოვლენების ფონზე, რაც კომისიასთან დაკავშირებით განვითარდა, შეუძლებელია შალვა პაპუაშვილი არ განიხილებოდეს „კლანის“ ნაწილად.

„ბატონ პაპუაშვილს თავი ჰგონია, ვერ ვიტყვი რა, მაგრამ საგამოძიებო კომისია დღის წესრიგიდან გააქრო. არავითარი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ რიგში მყოფი საკითხებიდან რომელიმე გაქრეს, ასეთი რამ აქამდე არ ყოფილა. პაპუაშვილმა გადაწყვიტა საგამოძიებო კომისიაზე კენჭისყრა ერთპიროვნულად გააქროს და გახდეს თავად სანქცირების ობიექტი. შეუძლებელია სანქციების შემდეგ, რაც კონკრეტულ მოსამართლეებზე ვიხილეთ, ამ მოსამართლეებზე გადაფარებამ, მათმა დაცვამ, მთელი სახელმწიფო მანქანის ჩართვამ, პარლამენტის პარალიზებამ, ახლა უკვე საკითხის დღის წესრიგიდან გაქრობამ არ გამოიწვიოს ის, რომ კონკრეტულად ბატონი პაპუაშვილი არ განიხილებოდეს როგორც ამ „კლანის“ ნაწილი“, – განაცხადა სამნიძემ.

პარლამენტის მიმდინარე კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგში, კენჭსაყრელ საკითხთა ნუსხაში, სასამართლოს საკითხზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი შეტანილი არ არის.

ნიდერლანდების პოლიციამ ნასვამი “ბორის ჯონსონი” დააკავა

ნიდერლანდებში   გრონინგენის პოლიციამ დააკავა მძღოლი, რომელსაც ბორის ჯონსონის სახელზე გაცემული ყალბი უკრაინული მართვის მოწმობა ჰქონდა.

ინფორმაციას გამოცემა NL Times-ი  ავრცელებს.

პოლიციის თანამშრომლებმა მძღოლი შემოწმებისთვის გააჩერეს, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იყო. მისი მანქანის ჩხრეკისას კი ყალბი მართვის მოწმობა აღმოაჩინეს.

დაკავებულს უკრაინული ყალბი მართვის მოწმობა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის სახელზე ჰქონდა დამზადებული

მოწმობაზე ჯონსონის ფოტო და დაბადების თარიღი იყო დატანილი, მოქმედების ვადად კი 3000 წელი ჰქონდა მითითებული.

 

 

“გალში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებლად ყალბი საბუთის დამზადება 3000 ლარზე მეტი ჯდება” – „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“

არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალში დროებით გადაადგილებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

ვადაგასული ბინადრობის მოწმობები

გალელებს, რომლებმაც აფხაზური და რუსული პასპორტების აღებაზე უარი თქვეს, 2017-2018 წლებში ე.წ. ბინადრობის მოწმობები დაურიგდათ, რაც დროებითი გადაადგილების დოკუმენტადაც ითვლება. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მიმოსვლას გალის მაცხოვრებლები სწორედ ამ მოწმობით ახერხებდნენ. თუმცა, ვინაიდან ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადა 5 წელია, გალელების უმრავლესობა 2023 წლის დასაწყისისთვის გადაადგილებისთვის აუცილებელი დოკუმენტების გარეშე დარჩა.

„უცხო ქვეყნის მოქალაქეთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ („О правовом положении иностранных граждан“) აფხაზურ ე.წ. კანონში 2023 წლის იანვარში შეტანილმა ცვლილებებმა ბინადრობის მოწმობის მიღების პროცედურა გაართულა.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი უკვე წერდა, წერდა რომ გადაადგილების დოკუმენტის გასაცემად, გალელებს ბოლო 5 წლის განმავლობაში აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივად ყოფნის დადასტურება მოსთხოვეს.

ეს მოთხოვნა განსაკუთრებით პრობლემური აღმოჩნდა სტუდენტებისა და თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაქმებული ადგილობრივებისთვის. პრობლემის მოსაგვარებლად გალელებს კორუფციული გამოსავალი შესთავაზეს. გალში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებლად ყალბი საბუთის დამზადება ასი ათასი რუბლი (დაახლოებით 3,110 ლარი) ღირს.

2022 წლის დეკემბრიდან 2023 წლის მარტის ბოლომდე გალის მოსახლეობის დიდი ნაწილი, დოკუმენტის არ ქონის გამო გადაადგილების თავისუფლებით სარგებლობას ფაქტობრივად ვერ ახერხებდა.

ამჟამად, პრობლემის სრულად გადაწყვეტამდე და მოსახლეობის პროტესტის გასანეიტრალებლად, ფორმა #9-ის მოქმედების ვადა მარტის ბოლოდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე გახანგრძლივდა, თუმცა მოსახლეობას აფხაზეთში უწყვეტად ცხოვრების დასადასტურებელი დოკუმენტის მისაღებად, ქრთამის გადახდა, სავარაუდოდ, მაინც მოუწევს.

ენგურის ხიდზე მომუშავე სამარშრუტო ტაქსებისთვის დაწესებული გადასახადი

„დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში გალსა და ენგურის ხიდს შორის მოძრავი სამარშრუტო ტაქსის მძღოლები დე ფაქტო მილიციაში დაიბარეს და მუშაობის უფლების გასაგრძელებლად, ქრთამი მოსთხოვეს. მძღოლები დღიურად 300 რუბლს (დაახლოებით, 9.5 ლარი) იხდიან, აქედან, როგორც ამბობენ, 100-100 რუბლი მორიგე მილიციელებისთვისაა განკუთვნილი, 100 რუბლი კი ადგილობრივი დე ფაქტო სახელმწიფო ავტო-საგზაო ინსპექციის („გაი“) უფროსს ზურაბ ჯინჯოლიას ეკუთვნის.

“ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას” – მამუკა მდინარაძე

ჩვენ მხარს არ დავუჭერთ ქოლცენტრების შესახებ კომისიის შექმნას, ვიღაცებს ჰგონიათ, რომ საქართველოს პარლამენტი არის საგამოძიებო ორგანო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე ქართველი სამართალდამცველები ევროპელ კოლეგებთან ერთად წლებია მუშაობენ.

„ამ თემაზე წლების განმავლობაში მუშაობენ ქართველი სამართალდამცველები ევროპელ, განსაკუთრებით გერმანელ სამართალდამცველებთან ერთად და კონკრეტული შედეგები აქვთ, მაგრამ მათ [ოპოზიციას] თავისი აწუხებთ. ეს იყო მათი დაფინანსების მთავარი თემა და წყარო. ეს გაიშიფრა. ძალიან ავტორიტეტულმა უცხოურმა ტელევიზიამ, BBC-მ გაშიფრა და ახლა უნდათ, რომ ისრები რამენაირად სხვაგან გადაიტანონ, ამიტომ არიან ამით შეშფოთებულები“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პარტია „საქართველოსთვის“ ინიციატივას, რომელიც ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს, დეპუტატები მიმდინარე კვირაში პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

“ვინ უნდა გაასამართლოს მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?” – ირაკლი ზარქუა

გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში – ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა?- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისაც განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია და ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის.

“რადიკალური ოპოზიცია რეიტინგებში განულებულია. იმდენად აქვთ დაკარგული თვითრწმენა, რომ არჩევნებშიც აღარ მონაწილეობენ. შუალედურ არჩევნებში 30%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ხალხმა კიდევ ერთხელ ნახა, განსხვავება მმართველ პარტიასა და რადიკალებს შორის. ვინ ზრუნავს ქვეყნის ინტერესებზე, ქართველ ხალხზე, კეთილდღეობაზე. ამით არის განპირობებული, რომ გაკოტრებული ოპოზიცია ცდილობს დამატებითი შოუს ელემენტები შეიტანოს პარლამენტში. საგამოძიებო ნაწილი უსაფუძვლოა. ვინ უნდა გაასამართლოს სასამართლო და მოსამართლე? ხაბეიშვილმა, მწვალებელთა პარტიის ღირსეულმა წარმომადგენლებმა და ბუჩუკურმა? თუ რამე დარღვევა არის, შესაბამისი ინსტანციებია, სადაც ჩვენ ევროპული ყაიდის სასამართლო სისტემა გვაქვს შექმნილი. ჩვენ ამ შოუში მონაწილეობას არ მივიღებთ. გუშინ ჰქონდათ შესაძლებლობა დაეყენებინათ ეს საკითხი ბიუროზე და არ დაუყენებიათ. შეეშვან ამ სპეკულაციებს, თუ ჩამოყალიბდებიან შესაძლებლობა აქვთ, რომ დააყენონ ეს საკითხი, შემდეგ იმსჯელებს უმრავლესობა”,-აღნიშნა ზარქუამ.

გარდა ამისა მან უპასუხა კითხვას, არის თუ არა მმართველი გუნდის ინტერესში, რომ შეისწავლონ გირგვლიანის საქმის მოსამართლის საქმიანობა. ზარქუამ აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლო სისტემა წნეხისგან გათავისუფლა.

„შეგიძლიათ მიმართოთ რადიკალებს, “ენჯეოშნიკებს”, ვინც მაშინ ითხოვდა გირგვლიანის მოსამართლეები ჩვენ მუდმივად დაგვეტოვებინა სასამართლოში. აქციებს უწყობდა 2012 წელს. ამ კითხვით შეგიძლიათ რადიკალებს მიმართოთ. ჩვენ სასამართლო სისტემა გავათავისუფლეთ წნეხისგან. ჩვენ 2012 წელს ვთქვით, რომ არ დავემსგავსებით სააკაშვილის რეჟიმს, სადაც თავისიანები და სხვისიანები დაყო. ჩვენ შესაძლებლობა მივეცით ისინი თვითგამორკვევაში ყოფილიყვნენ, ნაწილი ჩამოშორდა სასამართლოს, ის ვინც მსხვერპლი იყო, გამოერკვია. საერთაშორისო კვლევები ადასტურებს, რომ დღეს სასამართლო გაცილებით თავისუფალია და ნდობით სარგებლობს საზოგადოებაში. შეგიძლიათ რადიკალებს და არასამთავრობოებს მიმართოთ კითხვით, თუ რა შეიცვალა მაშინ, როდესაც გვთხოვდნენ ეს მოსამართლეები უვადოდ დაგვეტოვებინა”,- აღნიშნავს ზარქუა.

“გამწარებულ მშობლებს სრული უფლება აქვთ უნდობლობა გამოხატონ ქვეყნის სამინისტროს მიმართ”

„საქართველოში წლებია ფუნქციონირებს გაეროსთან არსებული ორგანიზაცია UNICEF-ის წარმომადგენლობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა: ბავშვთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობა მათი განვითარების საქმეში. ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილად შეუძლია დატანჯულ და იმედგაცრუებულ მშობლებს მიაწოდოს საკუთარი კომპეტენტური დასკვნა, რა თქმა უნდა, საკითხის პროფესიონალურ დონეზე ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ“, – სოციალურ ქსელში წერს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

როგორც ის აღნიშნავს, „აქონდროპლაზიის“ სინდრომის მქონე ბავშვების თემა ძალიან სენსიტიურია და გასაგებია მშობლების პროტესტიც. რადგან ჯერ კიდევ ჯანმო-ს მიერ დამტკიცებული მედიკამენტი არ არსებობს, აუცილებელია ამ საკითხში კარგად გარკვევა და შემდეგ გადაწყვეტა.

„როდესაც საზოგადოებას და ხელისუფლებას შორის იკვეთება გარკვეული გაუგებრობა, სამოქალაქო სექტორის ჩართულობას პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა. მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ბავშვების ჯანმრთელობას.

მერამდენე დღეა სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან შიმშილობენ იშვიათი დაავადება „აქონდროპლაზიით“ სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები. საუბარი მიდის ჯერჯერობით კვლევების სტადიაზე არსებული პრეპარატ „ვოსორიტიდ“-ის საქართველოში შემოტანის შესაძლებლობაზე. გამწარებულ მშობლებს, რა თქმა უნდა, აქვთ სრული უფლება, უნდობლობა გამოხატონ ქვეყნის ჯანმრთელობის სამინისტროს მიმართ, რა ტიპის ობიექტური მიზეზებიც არ უნდა ჰქონდეს აღნიშნული პრეპარატის ამ ეტაპზე შესყიდვებისაგან თავის არიდებას.

ვინაიდან არც ჩვენ ვართ სპეციალისტები აღნიშნულ საკითხებში, შესაძლებლობა გვაქვს კონსულტაციებისა და რეკომენდაციებისთვის მივმართოთ საქართველოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელს, ბატონ სილვიუ დომენტეს, რომლის კომპეტენტური განმარტებით ამ მომენტისთვის „ვოსორიტიდი“ არ შედის ჯანმო-ს სამედიცინო პრეპარატების ოფიციალურ რეესტრში.

სილვიუ დომენტეს ინფორმაციით, ამ ეტაპზე ესპანეთი ერთადერთი ევროპული ქვეყანაა, რომელმაც დაუშვა „ვოსორიტიდის“ გამოყენება. საფრანგეთმა დაუშვა პრეპარატთან „პილოტური“, სატესტო წვდომა. იტალიამ „ვოსორიტიდის“ საცდელი გამოყენებისას, დააფიქსირა ზომიერი წინსვლა, მაშინ როდესაც გერმანიაში სასურველი შედეგი დაფიქსირებული ვერ იქნა. სილვიუ დომენტეს განმარტებით, ცალკეული „საპილოტე“ პროგრამების მიუხედავად, ჯანმო-ს არა აქვს შემუშავებული რეკომენდაციები აღნიშნული პრეპარატისთვის, რათა შესაძლებელი გახდეს მისი ჩართვა დაფინანსების სქემებში. 2020 წელს „ვოსორიტიდთან“ დაკავშირებით საექსპერტო შეფასების პროცესი შეაჩერა ინგლისმა და უელსმა, თუმცა უკვე წელს შესაძლოა ეს სამუშაოები განახლდეს. ირლანდიამ ეს პროცესი დაიწყო გასული წლის მიწურულს, თუმცა დღემდე ვერ მივიდა დასკვნების გამოტანამდე.

სილვიუ დომენტეს ინფორმაციით, ევროპის მიღმა, მაგალითად აშშ-ს-ა და იაპონიაში ამ პრეპარატის ეფექტურობის შესწავლა არც დაწყებულა და აღნიშნულ დაავადებას კურნავენ ქირურგიული ჩარევით და ზრდის ჰორმონალური თერაპიით. სავსებით შესაძლებელია, რომ ჯანმო-ს ესოდენ ამომწურავი ოფიციალური პოზიცია, ასევე უნდობლობას იწვევდეს დაავადებული ბავშვების მშობლებში. ამიტომ ალბათ ჩნდება აღნიშნულ პროცესებში სამოქალაქო სექტორიდან კიდევ ერთი ავტორიტეტული არბიტრის ჩართვის საჭიროება.

საქართველოში წლებია ფუნქციონირებს გაეროსთან არსებული ორგანიზაცია UNICEF-ის წარმომადგენლობა, რომლის ერთ-ერთი ძირითადი დანიშნულებაა: ბავშვთა კეთილდღეობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი სამსახურების ხელშეწყობა მათი განვითარების საქმეში. ამ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ნამდვილად შეუძლია დატანჯულ და იმედგაცრუებულ მშობლებს მიაწოდოს საკუთარი კომპეტენტური დასკვნა, რა თქმა უნდა, საკითხის პროფესიონალურ დონეზე ყოველმხრივი შესწავლის შემდეგ. სხვათა შორის, „ხალხის ძალის“ მიერ „უცხოური გავლენების შესახებ” კანონპროექტის შემუშავება მიზნად ისახავდა სწორედ ისეთი ტიპის გამჭვირვალობაზე ფარდის ახდას, სადაც უფრო კონკრეტული იქნებოდა სამოქალაქო სექტორის სექტორული და ფუნქციონალური დატვირთვებისადმი წვდომა. UNICEF Georgia-ს შემთხვევაში ჩვენი არჩევანი ემყარება უფრო ინტუიციას, ვიდრე ფაქტობრივ ცოდნას, რომ ჩვენი მიმართვის ადრესატი დაგვეხმარება ამ მეტად ფაქიზი და მგრძნობიარე დილემის გადაჭრაში“, – წერს ფეისბუკგვერდზე დავით ქართველიშვილი.

“რუსეთის ჯერ კიდევ დაუბადებელი თაობებიც კი გადაიხდიან იმისთვის რაც ხდება”

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის განცხადებით, რუსეთში თაობები გადაიხდიან ფასს იმ ქმედებებისთვის, რასაც მათი ქვეყანა უკრაინის წინააღმდეგ სჩადის.

„როდესაც ვსაუბრობთ ეკოლოგიურ ზიანზე, რომელსაც რუსეთი მუდმივად აყენებს უკრაინას თავდასხმების შედეგად, რუსებს გარკვევით უნდა ვუთხრათ: მათ მოუწევთ ყველაფრის გადახდა. ტერიტორიების დანაღმვისთვის, ობიექტებზე დარტყმისთვის, ასევე ადამიანების მკვლელობისა და ბავშვების გატაცებისთვის. დაუბადებელი მომავალი თაობები გადაიხდიან და მათ არჩევანი არ ექნებათ. მეტიც, ამ თაობებს სერიოზული პრობლემა შეექმნებათ, რადგან ისტორიაში შევლენ, როგორც რუსი ტერორისტების შთამომავლები, რომლებმაც ჩაიდინეს უკრაინელი ხალხის გენოციდი და ამისგან დამალვა მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ იქნება შესაძლებელი“, – დაწერა ერმაკმა „ტელეგრამზე“.

დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023-ს“ აღნიშნავენ

დღეს ქუთაისში „ქუთაისქალაქობა 2023-ს“ აღნიშნავენ. ქალაქის ცენტრში, მთელი დღის მანძილზე, გაიმართება გამოფენა-გაყიდვები, შეხვედრები, ფორუმები, პრეზენტაციები, საბავშვო და სპორტული აქტივობები, კონცერტები. აირჩევენ ქუთაისის საპატიო მოქალაქეებს.

დღესვე მოხდება ევროპის 21-წლამდე ნაკრებთა ფეხბურთის ჩემპიონატის გარდამავალი თასის წარდგენა – ქუთაისი უეფას 21-წლამდე ასაკის ნაკრებთა ჩემპიონატის ერთ-ერთი მასპინძელი ქალაქია.

დღის ბოლოს, მესხიშვილის თეატრში თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით, შეასრულებს სიმღერებს ქართული კინო-ფილმებიდან.

2 მაისის სადღესასწაულო ღონისძიებები დასრულდება გალა-კონცერტით, სადაც თბილისის ბიგ-ბენდი და პოპულარული ქართველი შემსრულებლები წარდგებიან მაყურებლის წინაშე.