Home Blog Page 2026

სმენადაქვეითებული გოგონების სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით ერთი პირი დააკავეს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტრო სმენადაქვეითებული არასრულწლოვანი გოგონების სავარაუდო სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით გამოძიების მიმდინარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში, მუქარის ბრალდებით დაკავებულია ერთი პირი. მათივე ინფორმაციით, გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი პირები.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე წლის 6 ივნისს თბილისის, აჭარისა და იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალური ძალადობისა და მუქარის ფაქტებზე გამოძიება განხორციელებული მომართვების საფუძველზე დაუყოვნებლივ დაიწყო.

თბილისისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტებში გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით, გამოძიების ფარგლებში უკვე გამოიკითხა მომართვის ინიციატორი და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა არაერთი პირი, ასევე გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს არსებული საქმის მასალების შესწავლა.

რაც შეეხება, იმერეთის რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში მუქარის ფაქტზე – სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით მიმდინარე გამოძიებას, დგინდება, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ შესაძლო სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების გამო 1985 წელს დაბადებული ე.მ. სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ლ.მ.-ს. ჩატარებული გამოძიების ფარგლებში მყისიერად ჩატარდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის გამოიკითხნენ საქმესთან შემხებლობაში მყოფი რელევანტური პირები. გამოძიების პირველად ეტაპზე მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე, მუქარის ბრალდებით დაკავებული იქნა ე.მ.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარემოებების ყოველმხრივი შესწავლის მიმართულებით”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ხვალ ბრიუსელში საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რა გააკეთა და რას აკეთებს 12- პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად”

ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, ევროკავშირი – საქართველოს ასოცირების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს, რა გააკეთა და რას აკეთებს 12- პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად,- ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ამასთან, როგორც წითლიძე აცხადებს, როგორი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ქვეყანას, კანდიდატის სტატუსის მიღებას ქართველი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს.

„ხვალ ბრიუსელში, ევროპარლამენტში, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომა არის.

საქართველოს ხელისუფლებამ უნდა წარმოადგინოს რა გააკეთა და რას აკეთებს 12- პუნქტიანი ვალდებულების შესასრულებლად.

ჩემი სათქმელი, როგორც ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის, არის იგივე, რაც არაერთხელ გაგვიჟღერებია – როგორი ცუდი ხელისუფლებაც არ უნდა ჰყავდეს ჩემს ქვეყანას, ჩემი ხალხი და ქვეყანა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.

პოლიტიკური პატიმრები უნდა იყვნენ თავისუფლები. პერსონალური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ოლიგარქს და „ქართული ოცნების“ ლიდერებს.

თავისუფალი საარჩევნო გარემო არის ის, რაშიც გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების დახმარება.

საქართველოს მოქალაქეები დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს რუსული ხელისუფლებისგან!

ჩვენ ვიმსახურებთ კანდიდატის სტატუსს!“- განაცხადა ანა წითლიძემ.

“კანონი, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო, ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის დამატებას”

„ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დაძლიოს ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა „ეროვნული ბანკის“ შესახებ კანონთან დაკავშირებით. ეს ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებითი, მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას. ეს ფაქტობრივად, იმიტომ კეთდებოდა, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის ახლა სასამართლო სისტემაში, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომან გოცირიძემ განაცხადა.

გოცირიძე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს განცხადებას, რომლის თანახმად, „სალომე ზურაბიშვილის ქმედებები პრობლემებს უქმნის ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.“

„ერთი კვირაც არ გასულა, რაც „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ ისინი წყვეტენ სალომე ზურაბიშვილის თავდასხმას, მის კრიტიკას და ფაქტობრივად პრეზიდენტობის ბოლო ვადამდე აცხადებდნენ მორატორიუმს. სინამდვილეში, მათ ეშინოდათ, რომ ევროპარლამენტში გამოსვლისას სალომე ზურაბიშვილი არ ყოფილიყო ისეთივე კრიტიკული, როგორიც აქ, 26 მაისს იყო და ასევე ეშინოდათ, რომ არ შეეწყალებინა ნიკა გვარამია.

როგორც კი ეს პროცესი მორჩა, მათი თვალთმაქცობა გამოჩნდა რამდენიმე დღეში და აგერ, მორიგი თავდასხმა სალომე ზურაბიშვილზე და კვლავ მათი ცნობილი ლანძღვა და აუგად მოხსენიება“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, კანონის მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლასი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში.

„მთავარი მიზანი არის, რომ ეროვნულ ბანკში ჩამოყალიბდეს ისეთივე კლასი, როგორიც არის სასამართლო სისტემაში. „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, რომ პარლამენტში დაიძლიოს ვეტო, რომელიც სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენა ეროვნული ბანკის კანონთან დაკავშირებით. ეს ითვალისწინებდა ეროვნულ ბანკში დამატებითი მეოთხე ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღებას. ფაქტობრივად, იმიტომ კეთდებოდა ეს, რომ საბოლოოდ ჩაბეტონებულიყო ფინანსურ სისტემაში ისეთივე კლანი, როგორიც არის ახლა სასამართლო სისტემაში. მათ უნდოდათ შეევსოთ ეროვნული ბანკის საბჭო მხოლოდ იმ ადამიანებით, რომლებიც გამოცდილი იყო უკვე აღმასრულებელ ხელისუფლებაში მუშაობით და რომლებიც იყო დაკავშირებული „ქართული ოცნების“ მმართველობასთან, ფაქტობრივად, ექნებოდა გაცილებით მეტი პოლიტიკური გავლენა ეროვნულ ბანკზე, ვიდრე მათ ჰქონდათ დღემდე. თუმცა დღემდე ეროვნული ბანკი, რომ თავისუფალი არ არის ესეც ნათელია.

ვეტო დაედო იმის გამო, რომ ფაქტობრივად, უქმდებოდა ეროვნული ბანკის საბჭოს როლი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ცხრა წევრიდან თუ იქნებოდა ხუთი აღმასრულებელი წევრი ანუ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პლუს ოთხი ვიცე პრეზიდენტი, ეს იმას ნიშნავს, რომ ეროვნული ბანკი კარგავდა ფუნქციებს, ვინაიდან ოთხ არააღმასრულებელ წევრს არავითარი გავლენა არ ექნებოდა რაიმე გადაწყვეტილების მიღებაში. მეორეც, შემოდის ახალი პოსტი ვიცე-პრეზიდენტისა, ეს იმის გამო კეთდებოდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა უარი უთხრა ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის წარდგენაზე და მათ უნდოდათ, რომ ვიდრე სალომე ზურაბიშვილს დაიყოლიებდნენ, ან ვიდრე სალომე ზურაბიშვილი იქნებოდა პრეზიდენტი, დეკემბრამდე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის როლს ასრულებს არჩილ მესტვირიშვილი, ამის შემდეგ, ერთ-ერთი მათთვის სასურველი საბჭოს წევრი გამხდარიყო ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც შემდგომ ადგილს შეუნახავდა ლაშა ხუციშვილს. ანუ, ან რაღაცნაირად მოარჯულებდნენ სალომე ზურაბიშვილს ან ბოლოს და ბოლოს იქნებოდა მოვალეობის შემსრულებელი, ვიდრე სალომე ზურაბიშვილი პოსტს არ დატოვებამდე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მისივე თქმით, ამავე დროს, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ ორი კანდიდატი, რომელიც კონსტიტუციით უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა ამ პარლამენტში, ფაქტობრივად, იქნება დაწუნებული „ქართული ოცნების“ მიერ.

„ვინც არ უნდა წარადგინოს სალომე ზურაბიშვილმა „ქართული ოცნება“ მას არ დაამტკიცებს, დაამტკიცებს მხოლოდ იმას, ვინც აწყობს მმართველ კლანს. რა თქმა უნდა, მას აქვს საერთაშორისო დატვირთვაც და ძალიან უარყოფითი, ვინაიდან ეროვნული ბანკის საბჭოს ფუნქციების შეცვლა, მმართველი ფუნქციების შეცვლა, გააკრიტიკა სავალუტო ფონდმა, სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი კი, ისეთი ორგანიზაციები არიან, რომლებიც განსაზღვრავენ ქვეყნის საინვესტიციო იმიჯს და ლარის სტაბილურობა წლების განმავლობაში მათზე იყო დამოკიდებული“, – განაცხადა გოცირიძემ.

ოკუპანტებმა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახმაჯის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სუს-ის ცნობით, საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული „ცხელი ხაზი“.

„ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პირველკლასელთა რეგისტრაციის მესამე ეტაპი იწყება – იხილეთ ინსტრუქცია

2023-2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველკლასელთა რეგისტრაციის III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია 8 ივნისს, 09:00 საათზე დაიწყება და 23 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა 26 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

მოსწავლეები, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა, სკოლებში რეგისტრაციას IV ეტაპზე – 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით, დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან წინა ეტაპებზე გამოთავისუფლებულ ადგილებზე გაივლიან.

მოსწავლის რეგისტრაციას მეოთხე ეტაპზე უზრუნველყოფს საჯარო სკოლა მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე.

პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები:

• მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

• მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ რეგისტრაციის ვადებსა და პირობებს, რათა ბავშვის სკოლაში შეყვანა დროულად და შეუფერხებლად შეძლონ.

“პოლიტიკური რეალობა ასეთია – ამომრჩევლის უმრავლესობა მომავლის არჩევანს ითხოვს” – გია ხუხაშვილი

პოლიტიკური რეალობა ასეთია: ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან “ქართული ოცნება” სტაბილურად ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო “ნაც.მოძრაობა” ასევე სტაბილურად მანკიერ წარსულთან, არც ერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი წერს.

მისი თქმით, მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება.

“ელექტორალური, მათ შორის ნახტომისებური ზრდის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული ორივე პოლუსისგან, შეიმუშავებს პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და შეძლებს გარკვეული ძალის დემონსტრირებას.

განაცხადი უნდა იყოს მკვეთრი და ყველასთვის გასაგები – წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ არც წარსულთან(ნაცები) და არც აწმყოსთან(ქოცები).

იქნებიან თანმიმდევრული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ სისტემას, რომელზეც იდგა და დგას ქოციც და ნაციც, პირობითი “კოლექტიურ მურუსიძის” სახით…”– წერს გია ხუხაშვილი.

“ვიმედოვნებთ, გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას ქართული მედიის თავისუფლება”

მედიისა და სიტყვის თავისუფლება ერთ-ერთი მთავარი საყრდენია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის, მედიის თავისუფლება არის 12 პრიორიტეტის ერთ-ერთი პუნქტი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ელჩის თქმით, ის იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი იქნება მედიის თავისუფლება.

„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რათა უზრუნველყოფილი იქნას, რომ ქართული საზოგადოება და ქართულია მედია იყოს თავისუფალი. რაც შეეხება კითხვას რა უნდა გააკეთოს ან არ უნდა გააკეთოს პრეზიდენტმა, ეს საქართველოს პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თავისუფლად შეკრებისა და სიტყვის თავისუფლება არის ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ეს უფლებები საქართველოშიც იქნება აღსრულებული. ჩვენ ვაკვირდებით ვითარებას და ხაზს ვუსვამთ ამ უფლებების შენარჩუნების საჭიროებას“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.

სპეციალური დეველოპერული შეთავაზება თიბისი კონცეპტის მომხმარებლებისათვის

თიბისი კონცეპტი, თიბისის პერსონალურ საბანკო მომსახურებაა, რომლის მიზანია ინდივიდუალურად, უფრო მეტი ადამიანისთვის შექმნას დახვეწილი, მაღალი ხარისხის მომსახურება, რომელიც მათ სურვილებთან, საჭიროებებთან და ცხოვრების წესთან იქნება თანხვედრაში.

ამჯერად, თიბისი კონცეპტის შეთავაზების ფარგლებში, შეგიძლიათ შეიძინოთ ბინა და ისარგებლოთ სპეციალური პირობებით დეველოპერულ პროექტში „კრწანისი რესორტ რეზიდენსი“.

კონცეპტის მომხმარებლებისთვის სპეციალური შეთავაზება მოიცავს:

  • 7 %-იან ფასდაკლებას ნებისმიერ ბინაზე;
  • 8 %-იან ფასდაკლებას სპეციალური პირობით;
  • 18 %-იანი ფასნამატით შეძენილი ბინის გამოსყიდვას მშენებლობის დასრულების შემდეგ;

8 %-იან ფასდაკლებას მიიღებთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენთან ერთად ბინას შეიძენს თქვენს მიერ რეკომენდირებული პირი, რომელზეც ავტომატურად გავრცელდება ასევე 8 % – იანი ფასდაკლება.

„კრწანისი რესორტ რეზიდენსი“ მრავალი უპირატესებით გამოირჩევა, მათ შორისაა მულტიფუნქციური ცენტრი, 45 მეტრიანი ქვიშის აუზი ზღვის ტალღების იმიტაციით, ჩოგბურთის, კალათბურთისა და ფეხბურთის მოედნები, სპორტ დარბაზი და სპა ცენტრი, ბოულინგის კლუბი, მინი გოლფის მოედანი, იპოდრომი, ამფითეატრი, ღვინის სადეგუსტაციო სივრცე და სხვ.

პროექტის მშენებლობის მე-4 ფაზა დასრულებულია, მიმდინარეობს მე-5 ფაზის მშენებლობა.

არ გამოტოვოთ სპეციალური შეთავაზება, რომელიც 2023 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება.

დეტალური ინფორმაციისა და დახმარებისთვის კი შესაძლებლობა გაქვთ, დაუკავშირდეთ თქვენს პირად ბანკირს ან კონცეპტ ცენტრს.

R

“პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს თუ მის კომპეტენციაშია რაიმე პრობლემა?!” – ირაკლი ზარქუა

პრეზიდენტს ლაშა ხუციშვილის სახელი და გვარი არ მოსწონს, მის კომპეტენციაშია რაიმე პრობლემა?! – “კომპეტენტურია, გამოცდილია, მაგრამ არ მომწონს” – ჰოდა, ამას არ გავუტარებთ! – ეს განცხადება პარლამენტში “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუას თქმით, მომავალ სასესიო კვირას პარლამენტი “ეროვნული ბანკის შესახებ” კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს გადალახავს და “ეროვნულ ბანკს ქალბატონი სალომეს საბოტაჟისგან იხსნის”.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, პრეზიდენტისთვის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად შეთავაზებული ლაშა ხუციშვილი არის კვალიფიციური ადამიანი, რომლის ფინანსთა მინისტრობის დროს საქართველოს ბიუჯეტი ყველაზე გამჭვირვალე და ღია ბიუჯეტად აღიარეს.

“ჩვენი გაცხადებული პოლიტიკაა, რომ ყველა ინსტიტუციას პატივი ვცეთ, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტს. არაერთგზის დავამტკიცეთ, რომ პატივს ვცემთ არა იმიტომ, რომ სალომე გვიყვარს – პირადად მე არ მიყვარს – უბრალოდ პრეზიდენტის ინსტიტუციას ვცემთ პატივს, რადგან მნიშვნელოვანია ამ ქვეყანაში ყველამ ინსტიტუციის პატივისცემა ვისწავლოთ.

ვაკვირდებით და, საბოტაჟს უწყობს ქვეყანას! პირველი, ეს იყო ელჩების დანიშვნა. მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება იყო, რომ წარდგენილი კანდიდატებისთვის ხელი მოეწერა. ვიდრე არ ვთქვით, რომ საკითხი საკონსტიტუციო სასამართლოს განეხილა, მანამდე ხელი არ მოაწერა – მერე მოაწერა და ჩვენც სარჩელი გამოვიტანეთ.

მეორე თემა ცესკოს თავმჯდომარის დანიშვნის საკითხი იყო. ვეუბნებით, კანდიდატი არის იდეალური, რომ პარლამენტს წარუდგინოს, მაგრამ არ წარადგინა და მოგვწერა, რომ სამართლებრივი არგუმენტები არ აქვს, მაგრამ მისი პოლიტიკური გადაწყვეტილება ასეთია ანუ ალბათ, სახეზე არ მოსწონს …

ბოლო გვირგვინი ეროვნული ბანკია. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვადა ეწურება – მერე რა უნდა ვქნათ?! ქვეყანა რთულ რეგიონალურ სივრცეშია და კბილებით გვიჭირავს, რომ ინფლაცია არ გაიქცეს – ეს უნდა?! იყო პრეზიდენტთან შეთანხმება, რომ „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტოს არ დავძლევდით და ის ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატებს წარადგენდა – მან ესეც დაარღვია!“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, „იკვეთება აშკარა ნიშნები იმისა, რომ საქართველოს პრეზიდენტი თავისი ქმედებებით ეროვნული ბანკის ჯეროვან საქმიანობას მიზანმიმართულად უქმნის დაბრკოლებას“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კონსულტაციები მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარედგინა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ კონსულტაციების დროს, გაჟღერდა კონკრეტული თარიღებიც – თებერვალი, 8 მარტი და სხვა“, თუმცა პრეზიდენტმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია“.

მმართველი გუნდი „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში მიღებულ ცვლილებების პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას გეგმავს.

“ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს სტატუსს”- პაველ ჰერჩინსკი

ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ წლის ბოლომდე საქართველომ უნდა გამოიყენოს დრო და მიაღწიოს მაქსიმალურ პროგრესს რეკომენდაციებთან დაკავშირებით.

„როგორც იცით, ევროკომისია ადგენს ანგარიშს. ეს იქნება საქართველოსთვის გაფართოების საკითხზე პირველი ანგარიში ან ოქტომბერში გამოქვეყნდება მოხსენება, რომელიც მოიცავს რეკომენდაციებს. შემდეგ წლის ბოლოს 27 წევრი ქვეყნის ლიდერი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე გამართავს შეხვედრას და გადაწყვეტენ, შემდგომი რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რაც ეხება საქართველოს განაცხადს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, მაგრამ უკიდურესად მნიშვნელოვანია, წლის ბოლომდე დარჩენილი დრო გამოყენებული იყოს მაქსიმალური პროგრესისთვის 12 პრიორიტეტთან დაკავშირებით. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოდან კარგი ამბები მოდის“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

“სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი” – გია აბაშიძე

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი – არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით. მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები. ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობა არის კლასიკური პოლიტიკური ზიგზაგი – არამდგრადობა, არაადეკვატურობა ახირებების თანხლებით.

მისი მავნებლური განცხადებები იქეთ იყოს და თავის დროზე, ელჩების დანიშვნაზეც და მისთვის მინიჭებული შეზღუდული მანდატის ფარგლებშიც გამოავლინა დროებითი, სხვა ბავშვური კაპრიზები.
ამჯერად საქმე ეხება კონსტიტუციურ ინსტიტუტს – საქართველოს ეროვნული ბანკის გამართულ ფუნქციონირებას.
კონსტიტუციის თანახმად, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს ირჩევს პარლამენტი პრეზიდენტის წარდგინებით. მმართველ გუნდსა და პრეზიდენტს შორის შესაბამისი კონსულტაციები უკვე შედგა, რის შემდეგაც საქართველოს პრეზიდენტმა დაადასტურა მზაობა, ეროვნული ბანკის საბჭოს ერთ-ერთ წევრად ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა წარმოედგინა. საბჭოს შემადგენლობის სულ მცირე ერთი წევრით შევსების შემდეგ, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის დანიშვნაც გახდებოდა შესაძლებელი.

კონსულტაციების დროს, კონკრეტული თარიღებიც დაფიქსირდა – თებერვალი, 8 მარტი და სხვ. თუმცა, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ყველა შეთანხმებული ვადა დაარღვია და მას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატი პარლამენტისთვის დღემდე არ წარუდგენია. ერთ-ერთი შეთანხმების თანახმად, ქალბატონი ზურაბიშვილი პარლამენტს ლაშა ხუციშვილის კანდიდატურას წარუდგენდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი პრეზიდენტის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონზე დადებულ ვეტოს არ დაძლევდა. პარლამენტმა შეთანხმება შეასრულა და ვეტო არ დაძლია, თუმცა, სამწუხაროდ, პრეზიდენტმა პირობა ამ შემთხვევაშიც დაარღვია. საბჭოს წევრების არჩევის საკითხზე პრეზიდენტთან ბოლო კომუნიკაცია მმართველი გუნდის ინიციატივით გუშინ შედგა, თუმცა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ის პარლამენტს არცერთ კანდიდატურას არ წარუდგენს.

ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტის მიმართ პრეზიდენტის ამგვარი უდიერი დამოკიდებულება მის კონსტიტუციურ პასუხისმგებლობასთან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის. მისგან განსხვავებით, “ქართული ოცნების” გუნდი ვერ დაუშვებს ინსტიტუციურ კრიზისს ვერცერთ სახელმწიფო ინსტიტუტში და იზრუნებს თითოეული კონსტიტუციური ორგანოს გამართულ ფუნქციონირებაზე. ეს არის მმართველი გუნდის პასუხისმგებლობა ჩვენი სახელმწიფოსა და ხალხის წინაშე.

ბუნებრივია, პარლამენტს მოუწევს ვეტოს დაძლევა და „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი იმ ცვლილებების საბოლოოდ მიღება, რომლის მიზანი ეროვნული ბანკის შეუფერხებელი საქმიანობის უზრუნველყოფა იყო.

აშშ-ში, მადამ ვიცე-პრეზიდენტზე, კამალა ჰარისზე ხშირად ამბობენ, რომ საქმის კეთების ნაცვლად, ის ხუმრობს და იცინის. ჩვენს შემთხვევაში, პრეზიდენტ ზურაბიშვილზე ასე ვიტყოდი – დაკისრებული მოვალეობების შესრულების ნაცვლად, ბავშვივით ჭირვეულობს და ვერ გაუცნობიერებია საკუთარი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ერის წინაშე!” – წერს აბაშიძე.

საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის ტაქსებმა როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, სპეციალური მანიშნობელი უნდა გამოიყენონ

თბილისის მერი კახა კალაძე მიმართავს A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელთაც 10 წლამდე ასაკის ავტომობილი ჰყავთ, საავტობუსო ზოლში მოძრაობისთვის გამოიყენონ როგორც მაიდენტიფიცირებელი სტიკერი, ასევე, მერიის მიერ გაცემული სპეციალური მანიშნობელი, რათა არ დაჯარიმდნენ.

საავტობუსო ზოლში მოძრაობის პირობები და წესები თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.

„ჩვენ დავიწყეთ მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელება. როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს, რომელსაც ყავთ 10 წლამდე ასაკის ავტომობილი, მივეცით საავტობუსო ზოლებში გადაადგილების უფლება. მათ უნდა აიღონ სპეციალური სტიკერი, რომელიც უნდა განათავსონ წინა საქარე მინაზე, ზედა მარჯვენა კუთხეში. ასევე, აუცილებელია სპეციალური ტაქსის მანიშნობელი, რომელიც ჩვენ დავურიგეთ. იყო შემთხვევები, როდესაც საავტობუსო ზოლში ისე გადაადგილდებოდნენ, რომ არ ჰქონდათ ტაქსის მანიშნობელი, ან სტიკერი – ეს იწვევს დაჯარიმებას. მანიშნობელიც და სტიკერიც ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია და გაითვალისწინეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოწერილი იქნება ჯარიმა. ჯარიმების გამოწერა არავის სიამოვნებს, უბრალოდ დავიცვათ წესრიგი და ის რეგულაციები, რომელიც არის გაწერილი და რომელთან დაკავშირებით, თქვენ სრული ინფორმაცია გაქვთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება სტიკერების გაცემის პროცესს, მერის ინფორმაციით, დღეისთვის გაცემულია 1 600-ზე მეტი სტიკერი, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რაოდენობის ავტომანქანა უკვე დაშვებულია საავტობუსო ზოლში.

თბილისის მერმა ასევე აღნიშნა, რომ A კატეგორიის ტაქსის იმ მძღოლებისთვის, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს აღემატება, რეგულაცია არ იცვლება – ისინი საავტობუსო ზოლში მხოლოდ მგზავრის აყვანისა და ჩამოსმით უფლებით სარგებლობენ.

ამასთან, თბილისის მერმა სხდომაზე QR კოდებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ამ დროისთვის, 200-ზე მეტი QR კოდია გაცემული, რომლის საშუალებით, მგზავრს  შეუძლია ელექტრონულად გადაიხადოს, ხოლო მძღოლს თანხა მომენტალურად აესახება ანგარიშზე.