Home Blog Page 2026

“რუსეთმა „სისასტიკე უნდა შეწყვიტოს“ – შალვა პაპუაშვილი

კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, რუსეთმა „სისასტიკე უნდა შეწყვიტოს“.

“დნიპროზე, კახოვკას ჰესის კაშხალის განადგურება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის კიდევ ერთი უპასუხისმგებლო აქტია კატასტროფული შედეგებით. რუსეთმა სისასტიკე უნდა შეწყვიტოს, რომელსაც საზღვრები არ გააჩნია და უარყოფითი გავლენა აქვს ყველაზე რეგიონში და მის მიღმა. მოვუწოდებთ ევროკავშირსა და სხვებს, ვისაც გავლენის ეფექტური ინსტრუმენტები გააჩნიათ, უფრო აქტიურად ჩართონ ამ კატასტროფის დასასრულებლად,” – წერს პაპუაშვილი.

“ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახს რომ რუსეთიდან მიეღო ჰონორარი, რა ამბავში იქნებოდა ხოშტარია” – ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის ოჯახის წევრს რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომ მიეღო ჰონორარები, წარმოიდგინეთ, რა ამბავში იქნებოდა თავად ხოშტარია ან სხვა „პროდასავლური“ ინტერესების გამტარებლები, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა განაცხადა, რომელსაც კითხვა დაუსვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, „ელენე ხოშტარიას ოჯახს რუსეთიდან 22 მაისს 2.5 მილიონზე მეტი რუსული რუბლი ჩაერიცხა“.

ოხანაშვილის თქმით, კიდევ ერთხელ ჩანს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისადმი დამოკიდებულება.

„ეს არის მათი მიდგომა და სტანდარტი. ეს ადამიანები მორალს უკითხავენ სხვას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. რამდენად მორალურია, სხვას უკითხავდე მორალს, აბრალებდე რუსეთუმეობას და ოკუპანტი ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ოჯახის წევრი იღებდეს ამხელა შემოსავალს. რა მორალურ სტანდარტში ჯდება ან რაზე გვაფიქრებინებს, ამას ჩვენი საზოგადოება კარგად ხვდება და ამ ყველაფერს კარგად აფასებს“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

“კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსული სისასტიკის ახალი განზომილებაა” – ევროკავშირი

„ევროკავშირი გმობს რუსეთის შეტევას კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე, რომელმაც საფრთხე შეუქმნა ასობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეს“, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელის და ევროკომისარ იანეს ლენარჩიჩის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

„ეს შეტევა წარმოადგენს რუსეთის სისასტიკის ახალ განზომილებას და შეიძლება ჩაითვალოს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევად“, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადების თანახმად, ბორელმა და ლენარჩიჩმა დასძინეს, რომ ისინი მოითხოვენ, რომ სამხედრო დანაშაულის ყველა მეთაური, დამნაშავე და თანამზრახველი პასუხისგებაში მიეცნენ.

“კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკის კაშხლის აფეთქება ხელოვნურად გამოწვეული ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „ბუქარესტის ცხრიანის“ სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ნატო-სა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებიან.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი ააფეთქა.

„სამწუხაროდ, უკვე წელიწადზე მეტია, რუსეთი აკონტროლებს კაშხალსა და კახოვკის მთელ ჰიდროელექტროსადგურს. მისი აფეთქება გარედან, დაბომბვებით, ფიზიკურად შეუძლებელია. ის დანაღმული იყო. დაინაღმა და აფეთქდა რუსი ოკუპანტების მიერ. რუსეთმა ააფეთქა მასობრივი ეკოლოგიური განადგურების ბომბი. ეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე დიდი ხელოვნური ეკოლოგიური კატასტროფაა ევროპაში“, – განაცხადა ზელენსკიმ.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6173 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6173 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6173 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6209 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7992 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8023 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0031 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

უკრაინაში შეჭრა NATO-ს გაფართოებამ განაპირობა – აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი

NATO-ს გაფართოებამ უკრაინაში შეჭრა განაპირობა – აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა ვივეკ რამასვამმა გააკეთა, რომელიც 2024 წლის არჩევნებისთვის “რესპუბლიკური პარტიიდან” ერთ-ერთ კანდიდატად დაასახელეს.

ახალგაზრდა მულტიმილიონერმა Politico-ს განუცხადა, რომ NATO-ს გაფართოება არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში შეიჭრა.

“მე ვიცი, რომ თქვენ არ უნდა თქვათ ეს, მაგრამ ეს ფაქტია” – აცხადებს რამასვამი.

მან მაგალითად მოიყვანა 2008 წელს რუსეთის საქართველოში შემოჭრა, როცა ალიანსის სამიტის შემდეგ ითქვა, რომ ქვეყანა საბოლოოდ გახდებოდა NATO-ს წევრი.

რამასვამი “პოლიტიკოს” ჟურნალისტს მას შემდეგ ესაუბრა, რაც მან ABC News-ს განუცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შეიძლება დაასრულოს რუსეთთან ბრძოლა “მნიშვნელოვანი დათმობებით”.

“სულ ველოდებით, რომ რაღაც სასწაული მოხდეს” – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მაქვს სასწაულის იმედი, იმიტომ რომ . ძალიან ცნობილი ექიმები ჩამოდიოდნენ, ჩვენივე ძალიან ცნობილი ექიმები სინჯავდნენ და ამბობდნენ, რომ სასწრაფოდ გასაყვანია. ჯერჯერობით ძლებს, მაგრამ ყოველდღე უფრო და უფრო სუსტად არის, – ამის შესახებ გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა. ექსპრეზიდენტის დედის განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა ყოველდღე უარესდება.

„სამწუხაროდ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის კარგი. ძალიან სუსტად არის ადამიანი. სულ ველოდებით, რომ რაღაც სასწაული მოხდეს. უკვე ჯანმრთელობაზე არ ვლაპარაკობთ. ჩვენ პირდაპირ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ეს ადამიანი უნდა გაათავისუფლონ, იმიტომ რომ საერთოდ უმიზეზოდ ზის, საერთოდ. [პატიმრობაში] არის იმიტომ, რომ ყველაფერს აკეთებდა რუსეთის საწინააღმდეგოდ, რომ არ ჩააბარა თავის დროზე ქვეყანა რუსეთს. აი ეს არის მიზეზი, რის გამოც დაავადდა იმ ციხეში, თორემ სრულიად ჯანმრთელი შევიდა“, – განაცხადა ალასანიამ.

“”სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, გააქტიურდეს პოლიტიკურად”- ხატია დეკანოიძე

“როგორც ვხედავ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომ 2024 წელს ისინი მართლაც გააქტიურდნენ და სააკაშვილიც გააქტიურდეს პოლიტიკურად, რათა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

დეკანოიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხერხდება მთელი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია”.

„„ნაციონალური მოძრაობის ორბიტაზე“ მყოფი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც არიან ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო, საუბრობენ „ნაციონალური მოძრაობის“ სახელით და არიან პარტიის ლიდერები: ქალბატონი ჩარკვიანი, ბატონი გუბაზ სანიკიძე, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და ა.შ. მათი ერთობა არ გამოიწვევს დამატებით ხმების მატებას „ნაციონალური მოძრაობისთვის“. ეს არის ხმები, რომელიც ეკუთვნის მიხეილ სააკაშვილს და, ჩემი აზრით, ეს ორბიტა უნდა იყოს ცალკე. აქეთა მხარეს უნდა იყოს ერთობა იმ ადამიანებისა და პოლიტიკური ძალების, ვისაც არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაერთიანება და ვისაც ესმის, რომ იმ ქვაბში ჩაყრა, როგორც ორბანმა ჩაყარა ერთ ქვაბში მთელი ოპოზიცია, არ არის გამარჯვების ფორმულა. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისი ამომრჩევლის კონსოლიდაცია გააკეთოს. ამაში ალბათ ხელს შეუწყობს მიხეილ სააკაშვილის აქტიურ პოლიტიკაში შემოსვლა. როგორც ვხედავ, მიხეილ სააკაშვილი შემოდის აქტიურ პოლიტიკაში. როგორც ვხედავ, სტრასბურგის გადაწყვეტილების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებაა, რომ 2024 წელს ისინი მართლაც გააქტიურდნენ და სააკაშვილიც გააქტიურდეს პოლიტიკურად, რათა საკუთარი ამომრჩევლის მობილიზაცია მოახდინოს, ხოლო აქეთა ფრთაზე, არ ვიცი, როგორი იქნება გადალაგება, მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენი ამომრჩევლისთვის კონკრეტულად რამდენიმე არჩევანის მიცემა მნიშვნელოვანია. იმავეს ვსაუბრობდი, როდესაც ვიყავი ამ პარტიაშიც. „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო ვერ მოხერხდება მთელი გადაუწყვეტელი ამომრჩევლის კონსოლიდაცია“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსოფლიოში ჩინეთის გავლენა იზრდება – Aljazeera

სამიტი ინდოეთში, სამხედრო წვრთნები სინგაპურსა და სამხრეთ აფრიკაში, საფრანგეთის პრეზიდენტის და გერმანიის კანცლერის ვიზიტები, ასევე, ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მოსკოვსა და საუდის არაბეთში გამგზავრება – ეს ყველაფერი ჩინეთის დიპლომატიის გააქტიურებაზე მიუთითებს. ამის შესახებ Aljazeera სტატიას აქვეყნებს.

ჩინეთი ღრმად არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში. დასავლეთის ლიდერების განცხადებების მიუხედავად, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების შემცირების ან შეწყვეტის შესახებ, ეს ქვეყანა 120 სახელმწიფოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. ახლა კი პეკინს სურს, რომ მსოფლიოს მეორე ეკონომიკის პოზიცია პოლიტიკაზეც გადაიტანოს.

“მოღალატე სააკაშვილის გამო დავკარგეთ ამდენი სოფელი და თან ისე დავკარგეთ, რომ ომის დაწყებაც ჩვენ დაგვბრალდა”- ირაკლი ლატარია

ექსპერტი ირაკლი ლატარია რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის განცხადებას აფასებს, სადაც მან აღნიშნა, რომ უმჯობესი იქნებოდა, „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს”.

ლატარიას თქმით, რუსი პოლიტიკოსის ეს განცხადება კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ 2008 წელს ტერიტორიები მიხეილ სააკაშვილის შეცდომის გამო ქვეყანამ ისე დაკარგა, რომ ომიც საქართველოს დაბრალდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც რუსეთს დაუჭირა მხარი.

„რას ვართ გადარჩენილები, ამას თუ გადარჩენა ქვია მაგრამ მაინც… მოკლედ ზატულინმა სასწაული რამ თქვა, უნდა დაგვეცადა როდის დაიწყებდა უკრაინა ომსო და სწორედ ამის შემდეგ უნდა შეგვეტიაო და ხომ ავცდებოდით ამდენ სანქციებსო? აბა კარგად დააკვირდით რა თქვაა? …. ანუ რაც საქართველოში მოხდაო და ლეშმა სააკაშვილმა დაუშვა შეცდომაო, ის გვაწყობდა უკრაინასთანაცო…. სწორედ მოღალატე სააკაშვილის გამო დავკარგეთ ამდენი სოფელი და თან ისე დავკარგეთ, რომ ომის დაწყებაც ჩვენ დაგვბრალდა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაშიც ჩვენ დავუჭირეთ მხარი რუსეთს.. ამაზე დიდი ღალატი საკუთარი ქცეყნის, სადმე წაგიკითხავთ მაინც? მე – არა… აი, რა აწყობდა რეალურად რუსეთს და როგორ დაეხმარა ამ ყველაფერში ეს სამშობლოს გამყიდველები ახლა მაინც ხვდებით?“, – წერს ირაკლი ლატარია Facebook-ზე.

“აგრესორი ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო” – გია აბაშიძე ზატულინის განცხადებაზე

„რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე რუსეთის დუმის დეპუტატის, კონსტანტინ ზატულინის იმ განცხადებასთან დაკავშირებით, წერს, სადაც ზატულინი აღნიშნავს, რომ უმჯობესი იქნებოდა „რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს“.

გია აბაშიძის თქმით, ზატულინმა დაადასტურა, რომ რუსეთისთვის უმჯობესი იქნებოდა, 2008 წლის ომის სცენარი განმეორებულიყო, სადაც, მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ, ოკუპანტ ქვეყანას მწვანე შუქი აუნთო, შემდეგ სტრატეგიული ობიექტები გადასცა და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზციაში გაწევრიანებაზეც თანხმობა განუცხადა.

„რაც დრო გადის, მით უფრო მტკიცდება სააკაშვილის მოღალატეობრივი რეჟიმის თანაოკუპანტური ქმედებები. ერთ-ერთი რაშისტი, სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, კონსტანტინე ზატულინი აცხადებს, რომ უმჯობესი იქნებოდა რუსეთი დალოდებოდა უკრაინის მხრიდან სამხედრო მოქმედებების დაწყებას და შემდეგ ეპასუხა, რაც აარიდებდა რუსეთს ფართომასშტაბიან სანქციებს. მარტივად – აგრესორი ქვეყნის დეპუტატმა თქვა, რომ მათთვის კარგი იქნებოდა უკრაინაში „საქართველოს სცენარი“ განხორციელებულიყო. 2008 წლის აგვისტოში, უᲡამშობლო სააკაშვილმა და მისმა ავაზაკებმა კრემლს მწვანე შუქი აუნთეს საქართველოს დასაპყრობად. შემდეგ იყო კაპიტულანტურ რეზოლუციაზე თანხმობა ევროპის საბჭოში, სტრატეგიული ობიექტების გადაცემა, WTO-ში შესვლაზეც მწვანე შუქი და ა. შ. მოღალატე ნაცსექტის მესვეურებს ჯერ არ უგიათ პასუხი სამშობლოს გაყიდვაზე, მაგრამ ადრე თუ გვიან მოუწევთ!“ – წერს აბაშიძე ფეისბუკზე.

“ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს” – დიმიტრი პესკოვი

კრემლი კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს იმის შესახებ, რომ რუსეთი კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე განხორციელებულ აფეთქებაზე პასუხისმგებელი რუსეთია.

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, მას ცალსახად მიაჩნია, რომ ინციდენტი უკრაინის მხრიდან ჩადენილი წინასწარგანზრახული დივერსია იყო.

„ის დაიგეგმა და განხორციელდა კიევიდან, კიევის რეჟიმისგან მიღებული ბრძანებით. კიევის რეჟიმმა უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ყველა შედეგზე“, – აღნიშნა პესკოვმა.

მისივე მტკიცებით, უკრაინას მიზანია ყირიმისთვის წყლის წართმევა და ბრძოლის ველიდან ყურადღების გადატანა.

შეგახსენებთ, უკრაინის ხელისუფლება კახოვკას ჰესის კაშხალზე განხორციელებულ აფეთქებაში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ამ ქმედებას უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ ჩადენილ ტერორისტულად აქტად განიხილავენ.