ბრიტანული გაზეთის „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „პუტინის დამხობა უკრაინის კანონიერ მიზანს წარმოადგენს, ამიტომ მოსკოვზე შეტევის გამო კიევს ნუ გავაკრიტიკებთ“ (ავტორი – ჰემიშ ბრეტონ-გორდონი).
„გარეგნული მიმზიდველობისა და დიდებულების მიუხედავად, მოსკოვი მაინცდამაინც დიდად გამაგრებული ქალაქი არ არის: მე-19 საუკუნეში, 1812 წელს, მოსკოვი ნაპოლეონმა დაიპყრო და მთლიანად გადაწვა, მოგვიანებით, უკვე მეოცე საუკუნეში, ბოლშევიკები ქალაქს იოლად დაეპატრონნენ, ხოლო 1941-1942 წლებში კინაღამ გერმანიის ვერმახტის ხელში აღმოჩნდა. მეორე მსოფლიო ომის დროს მოსკოვი იმდენად მოწყვლადი იყო, რომ გერმანელი ჯარისკაცების თქმით, ისინი უკვე შენობების მბრწყინავ შპილებს ხედავდნენ. მოსკოვი სუსტი ადგილია იმ პიროვნებისთვის, ვინც კრემლში ბინადრობს. აი, სწორედ ამიტომ არის ვლადიმერ პუტინისათვის უხერხული და დამამცირებელი დრონებით მოსკოვის მდიდრულ კვარტლებზე შეტევა, სადაც ოფიციალური სამთავრობო რეზიდენციებია განლაგებული და სადაც მაგნატების საცხოვრებელი ბინები მდებარეობს.
ისტორიულად ისე ჩამოყალიბდა, რომ იმ მმართველს, ვისაც მოსკოვის დაცვა შეუძლია, თუნდაც სხვა სფეროებში საქმე ცუდად მიდიოდეს, დამხობის საფრთხე არ ემუქრება. ეს ძალიან კარგად იცოდნენ ვლადიმერ ლენინმა და ლევ ტროცკიმ რუსეთის სამოქალაქო ომის დროს. მაგრამ ახლა, როცა ომის სუნთქვას უშუალოდ მოსკოველები გრძნობენ, ნათელი ხდება, რომ მოსკოვის დაცვის საქმე ცუდად არის. აქედან გამომდინარე, რუსულ ელიტას მოთმინების ფიალა ევსება.
ჩვენ ჯერ-ჯერობით ბევრი რამ არ ვიცით დრონებით შეტევის შესახებ: უკრაინის არმიის მიერ განხორციელდა თუ უშუალოდ თვითონ რუსების – პროუკრაინულად განწყობილი პარტიზანების – მონაწილეობით, რომლებიც კიევისაგან დამოუკიდებლად მოქმედებენ. არ არის გამორიცხული ის ვარიანტიც, რომლის მიხედვით, ოპერაციის გეგმა თვით რუსულმა დაზვერვამ შეიმუშავა მოსახლეობის პატრიოტული სულისკვეთების ასამაღლებლად: „მტერი მოსკოვთანაა, ბრძოლის დრო დგება“.
მაგრამ ყველა შემთხვევაში ის განცხადებები, რომ თუ დრონებით შეტევის უკან უკრაინა დგას, ეს მოქმედება უკანონოა და ამის დაშვება არ შეიძლება, ესკალაციას გამოიწვევსო, საკმაოდ საკვირველი და უცნაურია. კიევი თითქმის ყოველდღიურად იბომბება ბარბაროსულად, ინგრევა და ნადგურდება სამოქალაქო ობიექტები, იღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის მოხუცები, ქალები და ბავშვები.
ჩვენ ხშირად გვესმის, რომ მოსკოვს ნაკლებად აღელვებს მისგან შორს მიმდინარე ომი, რუსული ელიტა უდარდელად ცხოვრობს… ამიტომაც, თუ შეტევა მართლაც უკრაინის არმიამ განახორციელა, გასაგები იქნებოდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მოქმედების მიზანი: იქნებ რუსმა ხალხმა გააცნობიეროს, თუ როგორი შეგრძნებაა მუდმივი დაბომბვის პირობებში ყოფნა. და თუ უკრაინა მიზანშეწონილად თვლის ომის მტრის ტერიტორიაზე გადატანას, ჩვენ ვინ ვართ, რომ მას ეს ავუკრძალოთ, ან მისი მოქმედება დავგმოთ?
ამჟამად ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, საკურორტო ადგილებში უამრავი მდიდარი რუსი ისვენებს, რომელთაგან ძალიან ბევრი არმიაში გასაწვევი ასაკისაა, შამპანურებს წრუპავენ და არხეინად ტკბებიან საამური ცხოვრებით – იმის ნაცვლად, რომ ახლა ისინი დონბასში სანგრებს უნდა თხრიდნენ და ტრანშეებს უნდა აშენებდნენ. ამ ადამიანების ყოველდღიური ცხოვრებისათვის, რომლებიც ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერები არიან, ომს თითქმის არავითარი გავლენა არ მოუხდენია. მათ, „იღბლიანებს“, სრულებით არ აღელვებთ იმ „უიღბლო“ რუსები ბედი, რომლებიც ფრონტზე მძიმე სამუშაოებს ასრულებენ. ალბათ, როცა ახლა ომი მათ უშუალოდ დაემუქრებათ, როცა დრონები მათ სასახლეებსაც დაბომბავს, მაშინ ელიტის განწყობა შეიცვლება.
კიევის გათვლებით (და ეს შესაძლოა სტრატეგიულად სწორი იყოს), სანამ ომი რეალურად რუსების უმეტესობას საკუთარ ტყავზე არ უგრძნია, სანამ უკრაინის არმია კონტრშეტევისათვის ემზადება, უფრო უკეთესი იქნება სიტუაციის დესტაბილიზების მცდელობა რუსეთის შიგნით, მთავრობის დამხობის შესაძლებლობის გამოყენების ჩათვლით, ვიდრე ომის წლობით გაგრძელება, რომელიც საბოლოოდ შეიძლება ჩიხში შევიდეს.
კიევმა კარგად უწყის, რომ მას გამარჯვებისთვის დრო უსასრულოდ არ აქვს. ყოველმა გასულმა თვემ დასავლელ მოკავშირეებში შეიძლება დაღლის გრძნობა გააჩინოს. ამ მხრივ კიდევ უფრო საშიშია აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები (2024 წლის ნოემბერში): თუ რესპუბლიკელი კანდიდატი გაიმარჯვებს, ვთქვათ, განსაკუთრებით დონალდ ტრამპი, მაშინ კიევს აღარ ექნება ის სასიცოცხლოდ აუცილებელი დახმარება, რასაც ჯო ბაიდენი უწევს. დონალდ ტრამპი იმასაც კი არ იტყვის, რომ მას ამ ომში უკრაინის გამარჯვება სურს. ვოლოდიმირ ზელენსკი, ალბათ, აცნობიერებს, რომ ასეთ სიტუაციაში აუცილებელია ვლადიმერ პუტინზე ზეწოლა გააძლიეროს და რაც შეიძლება სწრაფად. [ზეწოლის ერთ-ერთ გამოხატულებას კი სწორედ მოსკოვზე საჰაერო შეტევები წარმოადგენს].
ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვლადიმერ პუტინს ვოლოდიმირ ზელენსკის მოკვლა და მისი მთავრობის დამხობა სურდა. მოსკოვზე განხორციელებული დარტყმები რუსეთის პრეზიდენტს მიახვედრებს, რომ იგი მოწყვლადი არ არის, რომ მას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ თავი ყულფში გააყოფინა და ეს ყულფი თანდათან ვიწროვდება. თვით ევგენი პრიგოჟინიც, „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, აღიარებს იმას, თუ რამდენად უსარგებლოა კრემლი: რუსეთის „უძლეველმა“ არმიამ დამარცხებები განიცადა და ვერც ნატოს გაფართოება ვერ შეაჩერა. ასეთი ფაქტები მოსახლეობაში ეჭვების შეტანისათვის კარგ ნიადაგს წარმოადგენს.
მოსკოვში, ალბათ, ბევრს კითხვა უჩნდება: თუ ვლადიმერ პუტინს მოსკოვის დაცვაც კი არ შეუძლია დრონების შეტევისაგან, მაშინ რამდენად ძლიერი და ქმედითუნარიანია პრეზიდენტი? რუსული ელიტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის ლაჟვარდოვან ნაპირზე დროს უსაქმოდ ატარებს, იქნებ ახლა მაინც დაფიქრდეს პირველად, თუ როგორი ხანგრძლივი ომის მიმართ მოუწევს შერიგება.
ტირანები ხელისუფლებაში იშვიათად რჩებიან ხოლმე მას შემდეგ, როცა მათი მართვის უნარისა და წარმატებების ელვარება ფერმკრთალდება. ვლადიმერ პუტინის ელვარება მოსკოვის ცაში ავარდნილმა კვამლმა დაჩრდილა, რაც მისი წარუმატებლობის დიდ სიმბოლოდ შეიძლება იქცეს.
წყარო