Home Blog Page 2023

როდის გამოიდარებს საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 – 7 ივნისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება წვიმიანი ამინდი, ზოგან ელჭექით, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +22, +27 გრადუსი იქნება.

მათივე ცნობით, 8-9 ივნისს დასავლეთ საქართველოში გამოიდარებს და +31, + 33 გრადუსამდე დაცხება.
აღმოსავლეთ საქართველოში იწვიმებს მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

ქ. თბილისში დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +26, +28 გრადუსი

რას ამბობს სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი

ყოფილი მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ლევან მარსაგიშვილი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

მისივე თქმით, დაკავებული რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მკურნალობდა.

„ამ ადამიანს აქვს საკმაოდ მძიმე ფსიქიკური პრობლემები. რამდენიმე წლის წინ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იყო მოთავსებული დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში და გადიოდა მკურნალობას. ის ფსიქოტროპულ წამლებსაც იღებდა.. ამ ეტაპზე ბრალის აღიარება, არ აღიარებასთან დაკავშირებით კომენტარს არ ვაკეთებთ“, – განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, ადვოკატის დაცვის ქვეშ მყოფმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლე საკუთარ ავტომობილში თოკით გაგუდა, შემდეგ კი 27 წლის ქალის ცხედარი ნაქირავები ავტომობილის საბარგულში მოათავსა და გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე ხევში გადააგდო. დაკავებულს 16-იდან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

,,ეს არის ქვეყნის ტრაგედია”- ვოლსკი ოპოზიციაზე

ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-პიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.

„როდესაც ქვეყანაში საერთაშორისო, თუნდაც სპორტული ღონისძიება ტარდება, ევროპის ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში, რაიმე შენდება ან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის გახსნილია ევროპული ფორმატების კარები, მაღალი დონის სტუმრები გვყავს, ვიზიტი იგეგმება გერმანიაში თუ სხვა რომელიმე ქვეყანაში, ეს არის უშველებელი ტრაგედიის წინაპირობა, რასაც რასაკვირველია, ბინძური პიარით უნდა უპასუხონ, თითქოს ირაკლი ღარიბაშვილს ოლაფ შოლცმა გამოუცხადოს გარკვეული პრეტენზიები და საჩხუბრად დაიბაროს. ეს არის ქვეყნის ტრაგედია, როდესაც ნებისმიერი მიმართულებით რაიმე პოზიტიური ხდება და ამ დროს ადამიანების უშველებელი ჯგუფი ირაზმება, რათა ქვეყნის დისკრედიტაცია მოახდინონ. ეს არის უდიდესი ტრაგედია, რომელიც ახასიათებს, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას. ამის შემქმნელები არიან კონკრეტული ადამიანები, რევოლუციური კომიტეტი, რომელიც ცდილობს, დესტაბილიზაციას გაუხსნას გზა. რასაკვირველია, შოლცთან პრემიერ-მინისტრის ვიზიტი უნდა დაახასიათონ სწორედ ასე, სხვანაირად არ ძალუძთ, სხვა რაიმე ინტელექტუალური რესურსი პოლიტიკური პარტიისა არ გააჩნიათ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

თბილისი, რიგით მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს

თბილის, რიგით მერვე საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს მასპინძლობს. მწერალთა სახლში 16 ქვეყნის 22 ავტორია შეკრებილი, მათ შორისაა ამერიკელი პოეტი ბობ ჰოლმანი.

ჰოლმანმა სახელი არა მხოლოდ ლექსების წერით, არამედ უძველესი ენების შესწავლითაც გაითქვა, საქართველოში მისი სტუმრობის ძირითადი მიზეზი სწორედ ქართული ენის სიყვარული და მისი შესწავლაა.

ლიტერატურული ფესტივალის ფარგლებში, უცხოელ მწერლებს თბილისის უძველესი უბნებიც დაათვალიერებინეს და ქალაქის ისტორია გააცნეს.

მწერალთა სახლში ქართველი და უცხოელი ავტორების ნაწარმოებების განხილვები და პრეზენტაციებიც მიმდინარეობს. თბილისის ფესტივალი ხვალ დასრულდება.

ვაზიანის აეროპორტის აშენების შემთხვევაში, თბილისიდან აეროპორტამდე გზა 16 კმ-ით დაგრძელდება

თბილისს ახალი საერთაშორისო აეროპორტი ექნება – ამას ითვალისწინებს მთავრობის მიერ გაცხადებული გეგმა, რომლის მიხედვითაც, ახალი საერთაშორისო აეროპორტი სავარაუდოდ, ვაზიანის აეროდრომის ბაზაზე აშენდება. ამჟამად ვაზიანის აეროპორტი თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაშია და მას სამხედრო დანიშნულება აქვს.

აღსანიშნავია, რომ თბილისის და მისი შემოგარენის ტერიტორიაზე 3 ძირითადი აეროდრომი/ასაფრენი ზოლი მდებარეობს – ესენია თბილისის საერთაშორისო აეროპორტი; ვაზიანის სამხედრო აეროპორტი და თბილისის საავიაციო ქარხნის ასაფრენი ზოლი.

თბილისის აეროპორტსა და ვაზიანის სამხედრო აეროდრომის ასაფრენ ბილიკებს შორის დაშორება 8 კილომეტრს შეადგენს (სწორი ხაზი). თუმცა, საავტომობილო გზა ამაზე ორჯერ მეტად დაგრძელდება. კახეთის გზატკეცილზე თბილისის აეროპორტის გადასახვევიდან ვაზიანის გადასახვევამდე მანძილი 8 კილომეტრს შეადგენს, ხოლო ვაზიანის გადასახვევიდან, სამხედრო აეროდრომამდე მანძილი 8.5 კილომეტრია. შესაბამისად, მთლიანობაში აეროპორტამდე მისვლა 16,5 კილომეტრით დაგრძელდება. ამ მანძილის გავლა ავტომობილით Google-ის შეფასებით, 24 წუთში არის შესაძლებელი.

პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს მაიკლ როთს შეხვდა. ინფორმაციას ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე ავრცელებს.

“შეხვედრა მქონდა მაიკლ როთთან. განვიხილეთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი და ამ გზაზე გერმანიის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა”, – წერს ზურაბიშვილი.

ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს ლომისობის დღესასწაულზე ე.წ. საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა ექნებათ

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ახალგორის რაიონის მცხოვრებლებს რელიგიურ დღესასწაულთან „ლომისობასთან“ დაკავშირებით, დე ფაქტო საქართველო-სამხრეთ ოსეთის „საზღვრის“ გამარტივებული წესით გადაკვეთის უფლება ექნებათ. ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო „რესი“ ავრცელებს.

ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს, ე.წ. უშიშროების საბჭოს ოპერატიული სხდომაზე მიიღეს.

დე ფაქტო საზღვრის გადაკვეთა რაზდახანის გამშვები პუნქტით, გამარტივებული წესით, 7 ივნისის 8:00 საათიდან 8 ივნისის 20:00 საათამდე იქნება შესაძლებელი.

გადაწყვეტილების შესრულებაზე კონტროლი დაევალა „რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს“ ანატოლი პლიევს , – ნათქვამია ინფორმაციაში.

,,რისი გასაღებიც აქვს „ნაცმოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია”- არჩილ თალაკვაძე

რისი გასაღებიც აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, ის საკეტი უკვე დიდი ხანია გამოცვლილია. ამიტომაც ცდილობენ წლებია, უშედეგოდ, ხან პარლამენტის, ხან ცესკოს ღობეზე გადაძრომას, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ „ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს“.

„ოპოზიციური პარტიები ამ სატყუარას თუ წამოეგებიან, „ნაცმოძრაობასთან“ ერთად გარეთ დარჩებიან“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა?”- ელისაშვილი

ლევან ხაბეიშვილს უთქვამს „ნაციონალურ მოძრაობას“ გვაქვს „ოცნების“ დამარცხების გასაღებიო და თუ სხვები ბოდიში და თუ „შეგვეტენებით” თქვენც გახეირებთო. სინამდვილეში „ნაციონალური მოძრაობა“ არის „ქართული ოცნების“ მთავარი საყრდენი და მასულდგმულებელი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„ხო შემოიკრიბეთ არაერთხელ თქვენი ფრთის ქვეშ სხვა პარტიები, რა ქენით მერე დადეთ ბეჭებზე ბიძინა? თუ პირიქით, მორიგ ჯერზე გაამარჯვებინეთ? სინამდვილეში რეალური ცვლილებების გასაღები „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე ოპოზიციის გამარჯვებაშია. „ოცნება“ უნდა წავიდეს – ნაციონალები არ უნდა მოვიდნენ! ესაა ახლა მთავარი ეროვნული ამოცანა და ამისთვის ყველა უნდა გავისარჯოთ რამდენადაც შეგვიძლია იმაზე მეტად“, – აღნიშნავს ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მთავარი დამარცხების გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს. „ეს გასაღები „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს, ჩვენთან უნდა ისაუბროს ყველამ. ენის მოჩლექით არ უნდა ველაპარაკოთ ვინმეს, მოვიდნენ და თუ უნდათ, მივეხმარებით ამ გასაღების გადამრავლებაში, რომ 5-7% მიიღონ, რომ ხვალ-ზეგ კოალიციური მთავრობა იყოს“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

,,გერმანიაში პრემიერის ვიზიტი აპრილში დაიგეგმა”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის ბერლინში დაგეგმილ ვიზიტს და ამის შესახებ ოპოზიციის მიერ გაკეთებულ შეფასებებს გამოეხმაურა.

„მინდა გამოვეხმაურო ბოლო ორი დღის განმავლობაში ოპოზიციურ ტელეარხებზე მიმდინარე ისტერიას, რომელიც უკავშირდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტს ბერლინში. საკითხი არის შემდეგნაირად: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ძალიან აქტიურად არის ჩართული გერმანიასთან ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და მე მინდა შევახსენო ჩვენს მოსახლეობას, რომ სწორედ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრძანდებოდა ოფიციალური ვიზიტით ბერლინში. ჩვენ გვახსოვს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და დინამიკა, რომელიც შეიქმნა ამ ურთიერთობებიდან. ამ დინამიკის გაგრძელებაა ის, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიემგზავრება ბერლინში სამუშაო ვიზიტით. მე მგონია, რომ ასეთი გაუგებარი და მავნებლური რეაქცია, რომელიც აქვთ ჩვენს ოპონენტებს ამ ვიზიტთან დაკავშირებით გამომდინარეობს იქიდან, რომ სწორედ გერმანია იქცა ჩვენი ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერ ქვეყნად, რომელიც ხმამაღლა საუბრობს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელობაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

მინისტრის თქმით, ის ფაქტი, რომ გერმანია – ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანა ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით, აქტიურობს საქართველოსთან მიმართებით, წარმოადგენს ოპოზიციის გაღიზიანების მთავარ მიზეზს.

„ეს არის მათი გაღიზიანების და მსგავსი მავნებლური დეზინფორმაციის გავრცელების მიზეზი. თუმცა მე მინდა დავამშვიდო ისინი და მოვუწოდო, კონსტრუქციულად შეაფასონ საქართველოს საგარეო პოლიტიკა. საქართველოს პრემიერ-მინისტრს აუცილებლად შედეგიანი ვიზიტი ექნება ბერლინში, სადაც საუბარი იქნება ჩვენს ევროპულ მომავალზე, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცების თემაზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე და ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე“, – აღნიშნა დარჩიაშვილმა.

მინისტრმა ასევე განმარტა, რომ აღნიშნული ვიზიტი ორმხრივი კონსულტაციების საფუძველზე დაიგეგმა აპრილის ბოლოს, 28 აპრილს ორ საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის მჭიდრო კონსულტაციების შემდეგ.

„მე მოვუწოდებ ყველას, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის და ჩვენი ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით გაკეთებული შეფასებებისას ნუ შეჰყავთ ჩვენი მოსახლეობა შეცდომაში და ნუ აზიანებენ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა და დასძინა, რომ გერმანიის მხრიდან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა, საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია.

„რას ნიშნავს თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი?- ქართველიშვილი არესტოვიჩის შესახებ (ვიდეო)

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში უკრაინელი სამხედრო ანალიტიკოსის, პოლიტოლოგისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ყოფილი მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის 2019 წელს ჩაწერილ ვიდეოინტერვიუს ავრცელებს, სადაც ის საუბრობს, რომ თუ უკრაინა NATO-ს წევრობისთვის MAP-ს მიიღებს, რუსეთი ომს დაიწყებს.

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ოთხ წელიწადში ამაზე უფრო რბილი, ჰუმანური, კეთილშობილური ფორმით – NATO-ს ფაქტორზე, როგორც უკრაინის ომის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო ტრიგერზე – ისაუბრებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომის პაპი… მაგრამ პოლიტიკური კანიბალიზმის პარტიის წარმომადგენლები მათ ამის გამო „ჯვარს აცვამენ“:

„რას ნიშნავს თანამედროვე პოლიტიკური კანიბალიზმი? როდესაც იმყოფები კომფორტულ, მსუყე გარემოში, კმაყოფილი ხარ შენი ბისექსუალური იდენტობით, ბედნიერი ბრძანდები შენი სოციალურ-ფინანსური მდგომარეობის გამო და აუზის შემდეგ, ელიტარულ ღამის კლუბში გამგზავრების წინ, აუღელვებლად საუბრობ შენთვის უკვე საზარბაზნე ხორცად ქცეულ ადამიანებზე, ბავშვებზე, ერზე… წყნარად საუბრობ, რომ NATO-ს მხრიდან უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება აუცილებლად გამოიწვევს რუსეთის მხრიდან ამ მეზობელი ქვეყნის ფართომასშტაბური განადგურების მცდელობას: ავიადარტყმებით, ჰიდროელექტროსადგურებისა და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის განადგურებას, კიევის ალყაში აყვანას, უკრაინის ერთ გადამწვარ ტერიტორიად გადაქცევას… მაგრამ, რა გაეწყობაო – ასეთია ქვეყნის NATO-ში მიღების საფასური. მიუხედავად ამ გამანადგურებელი ომისა, რუსეთზე საბოლოო გამარჯვების შემდეგ, უკრაინას აუცილებლად მიიღებენ ჩრდილო-ატლანტიკური ბლოკის სრულფასოვან წევრად. მხოლოდ ასე და არანაირად – სხვა გზით. და ამ ომის ალბათობა არის მაღალი – 99%. და ეს ომი დაიწყება 2021, მაქსიმუმ – 2022 წელსო (ალექსი არესტოვიჩი, კიევი, 2019 წელი). ოთხ წელიწადში ამაზე უფრო რბილი, ჰუმანური, კეთილშობილური ფორმით – NATO-ს ფაქტორზე, როგორც უკრაინის ომის გამომწვევ ერთ-ერთ სავარაუდო ტრიგერზე – ისაუბრებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომის პაპი… მაგრამ პოლიტიკური კანიბალიზმის პარტიის წარმომადგენლები მათ ამის გამო „ჯვარს აცვამენ“, რამეთუ, არ შეიძლება კანიბალის კანიბალიზმში საჯაროდ დადანაშაულება. ეს მათ სასტიკად არ სიამოვნებს, რამეთუ – დისკრიმინაციის ნიშნებს მოიცავს…“ – წერს დავით ქართველიშვილი.

 

https://www.facebook.com/david.kartvelishvili.90/videos/562436262731984

გელათის სამონასტრო კომპლექსის აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად ახალი გენერალური გეგმა შემუშავდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანესთან და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებთან ერთად გელათის მონასტერი დაათვალიერა.

მთავრობის მეთაურმა მონასტერში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და ამ კუთხით არსებულ ვითარებას გაეცნო.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სამონასტრო კომპლექსში აღდგენითი სამუშაოების ჩასატარებლად საჭიროა შემუშავდეს ახალი ერთიანი გენერალური გეგმა, რომლის მიხედვითაც კვლევების საფუძველზე აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, მთავრობა სამონასტრო კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში საქართველოს საპატრიარქოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

გელათის მონასტერში პრემიერ-მინისტრთან ერთად აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.