Home Blog Page 2023

რა ხდება უკრაინაში ომის 431-ე დღეს

გასული დღე ღამის განმავლობაში უკრაინის თავდაცვითმა ძალებმა მტრის 60-მდე იერიში მოიგერიეს.

საოკუპაციო ძალებმა შეტევა გააძლიერეს ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკისა და მარინკის მიმართულებებზე. უკრაინა დონაბასიში კონტრ შეტევისთვის ემზადება. ვრცელდება ცნობები, რომ ბახმუტთან ახლოს დისლოცირებული სამხედროები საბრძოლო მოქმედებებისთვის უკვე მზად არიან.

თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.

,,IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელის გულზეა”- მდინარაძე

IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის.

„არანაირი რესურსი არ დაზოგეს, ზუსტად იცოდნენ, რომ რაღაც კამპანიის ფარგლებში, როდესაც მაგალითად IRI-ის რაღაც საოცრება უნდა დაედო და ეთქვა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგები დრამატულადაა შემცირებული, ამ დროს აღმოჩნდებოდა, რომ დრამატულად არის გაზრდილი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მათთვის, ეს არაფერში არ აწყობდათ. ამიტომ, მათი მხრიდან შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრაგმატული გათვლა იყო, იმიტომ, რომ არჩევნების შედეგები, პროცენტებში ასახული, იქნებოდა მათთვის ძალიან დამაზიანებელი და IRI-ის კვლევა კიდევ უფრო სასაცილო გახდებოდა. ჩვენ შეგვიძლია დღესაც, ამის გარეშეც დავამტკიცოთ ციფრებით და ფაქტებით, რომ IRI-ის კვლევა, რაც იყო კონკრეტული მიზნისთვის, იყო არა მხოლოდ სასაცილო, არამედ ძალიან დიდი პრობლემა თავად ამ ორგანიზაციისთვის. მე ვურჩევდი მის ხელმძღვანელებს, მათ შორის, მქონია ურთიერთობა ქართული წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან, რომ გადახედონ იმ გეგმებს, რა გეგმებსაც ისინი მიყვებიან, რომლის მიხედვითაც კაბინეტებში იწერება რაღაც კვლევები და არანაირ კვლევასთან ამას საერთო არ აქვს. ამის დასტურად მე შემიძლია მოგიტანოთ კონკრეტული მაგალითი დღევანდელი დღიდან. როდესაც ისინი წერენ, რომ 19 % აქვს „ქართულ ოცნებას“, ვთქვათ, თავის მართლება რომ მოუწიოთ, შეიძლება თქვან, რომ ეს არის ალოკაციის გარეშე პირდაპირი გამოკითხვის შედეგები.

ჩვენს მხარდასაჭერად დღეს საერთო ამომრჩევლების სიით, (იცით აქტივობა რამდენია ხოლმე – 50-55 %-ის ფარგლებში), ჩვენს მხარდაჭერად სიით ამომრჩევლის 30% მივიდა საარჩევნო ურნებთან იმ ოლქებში და უბნებში, სადაც არჩევნები ტარდებოდა. აბსოლუტური უმრავლესობა პრაქტიკულად იყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი და ამომრჩეველი. ამ ასე დავარქვათ, უმოტივაციო არჩევნებში, სადაც არ იყო კონკურენტი და მოტივაციის შექმნა იყო ძალიან რთული, რატომ უნდა მისულიყო მხარდამჭერი საარჩევნო ყუთთან, როდესაც 20 მხარდამჭერიც რომ მისულიყო თითოეულ უბანში, მაინც გამარჯვებული იყო ჩვენი კანდიდატი. ამ ვითარებაში, ამომრჩევლის 30%-მდე მივიდა. ამიტომ, IRI-ის მხრიდან გაყალბება ხელისგულზეა და რეალურად დღეს მოხდა ამ ყველაფრის ლუსტრაცია, მათ შორის, ამ ქვეყნის არაკეთილმოსურნეების გეგმების ლუსტრაციაც“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გზებზე არსებული ვითარება – სად არის გადაადგილება აკრძალული?

საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზებზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარს საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, გუდაური (ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

ფრედი მერკურის ქონება სექტემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გაიყიდება

ლეგენდარული მომღერლისა და ბრიტანული როკ-ჯგუფ Queen-ის სოლისტის, ფრედი მერკურის ქონება, მათ შორის ტანსაცმელი, მხატვრული ნამუშევრები, ავეჯი და ცნობილი გვირგვინი სექტემბერში Sotheby’s-ის აუქციონზე გამოჩნდება. როგორც ირკვევა, აუქციონზე მთლიანობაში დაახლოებით 1,500 ნივთს გაიტანენ.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აუქციონი ექვს ნაწილად გაიმართება. მოსალოდნელია, რომ ნივთების გაყიდვით საერთო ჯამში 6 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი თანხა შეგროვდეს. თუმცა, ვინაიდან საბოლოო შეფასებები გაკეთებული არ არის, შესაძლოა ეს მაჩვენებელი შეიცვალოს.

როგორც ცნობილია, აუქციონზე ყველა ნივთს წაიღებენ ფრედი მერკურის ლონდონის სახლიდან, Garden Lodge-იდან, რომელიც მან, 1991 წელს შიდსთან დაკავშირებული გართულებების შედეგად გარდაცვალებამდე, თავის მეგობარს, მერი ოსტინს უანდერძა.

მერკურის გვირგვინი და მოსასხამი, რომელიც მას God Save the Queen-ის სახელწოდებით ცნობილი ბოლო ტურნეს დროს ეცვა, 60,000-დან 80,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. აუქციონზე ასევე გაიტანენ “სამხედრო სტილის” პიჯაკს, რომელიც მას 39-ე დაბადების დღის წვეულებაზე მიუნხენში ეცვა. ეს უკანასკნელი 10,000-დან 15,000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული. მერკურის თაყვანისმცემლებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, შეიძინონ მისი ჟილეტი 1991 წელს გადაღებული უკანასკნელი ვიდეოდან “These Are the Days of Our Lives”. ჟილეტი 5000-დან 7000 გირვანქა სტერლინგამდეა შეფასებული.

17 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ახალი ვაქცინა დაამტკიცეს

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სააგენტომ (FDA) კომპანია Pfizer-ის ვაქცინა დაამტკიცა, რომელიც პნევმოკოკით გამოწვეული დაავადების წინააღმდეგ არის მიმართული. მწარმოებლის განცხადებით, პრეპარატი ექვსი კვირიდან 17 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციისთვის შეიქმნა.

Pfizer-ის ინფორმაციით, ახალი ვაქცინა, სახელწოდებით Prevnar 20, უფრო ეფექტიან დაცვას გვთავაზობს, ვიდრე კომპანიის ფართოდ გამოყენებული პრეპარატი Prevnar 13. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, Prevnar 20 პნევმოკოკის ბაქტერიის დამატებით შვიდი სეროტიპის წინააღმდეგ ბრძოლას უზრუნველყოფს.

ცნობისთვის, პნევმოკოკურმა დაავადებამ შესაძლოა გამოიწვიოს ინფექცია სხეულის რამდენიმე ნაწილში, მათ შორის ფილტვებში, რაც ხშირად პნევმონიის განვითარების მიზეზი ხდება.

30 აპრილი საქართველოს თავდაცვის ძალების დღეა

დღეს ქართული არმია დაარსებიდან 32-ე წლისთავს აღნიშნავს. 1990 წლის დეკემბერში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შინაგანი ჯარები – ეროვნული გვარდია შეიქმნა. ქართული არმიის შემდგომი განვითარება ეროვნული გვარდიის საფუძველზე მოხდა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა განკარგულება გამოსცა, რომელიც წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ეხებოდა. 30 აპრილს არმიაში გაწვევა ოფიციალურად დაიწყო, სწორედ ეს დღე გახდა ქართული ჯარის დაარსების ათვლის წერტილი.

,,კონფერენციაში მონაწილეობის გამო, თუ გაგვრიცხავენ ურთიერთობების გადახედვაზე ჩვენც ვილაპარაკებთ” – მდინარაძე

თუკი რომელიმე პოლიტიკური ჯგუფიდან ვინმე უნდა ალაპარაკდეს ჩვენი გარიცხვის საკითხზე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ საქართველომ შეიძლება მონაწილეობა მიიღოს იმ კონფერენციაში, სადაც საკითხი დგას ოჯახის სიწმინდეზე, ეროვნულ იდენტობაზე და მსგავს ღირებულებებზე და ამის გამო ვინმემ უნდა დააყენოს საკითხი, რომ უნდა გაირიცხოს „ქართული ოცნება“, ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კითხვა ეხებოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, თითქოს ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტების სხდომაზე „ქართულ ოცნებას“ გარიცხავენ. „ურთიერთობების გადახედვაზე შეიძლება ჩვენ მეტი ვილაპარაკოთ, თუ ვიღაცისთვის მიუღებელია, რომ „ქართული ოცნება“ იღებდეს კონფერენციაში მონაწილეობას, სადაც ოჯახის სიწმინდეზე, ტრადიციულ ღირებულებებზე, წარსულის პატივისცემაზე, განვითარებაზე, მომავალზე, რწმენაზე და მის თავისუფლებაზე, ეროვნული იდენტობის შენარჩუნებაზეა საუბარი. ამ საკითხებზე ლაპარაკისთვის თუ ჩვენ ვიღაცამ საიდანღაც უნდა გაგვრიცხოს, შეიძლება ჩვენ ვილაპარაკოთ ურთიერთობის გადახედვაზე ნებისმიერთან და უნდა გვქონდეს ამისი თავი საქართველოში, რომ ამაზე ღიად ვილაპარაკოთ. ყველა ჯგუფის უფლებებს ვიცავთ, მაგრამ თუ ვიღაცების, რაღაც ჯგუფების, პროპაგანდას არ ვეწევით და ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე უარს არ ვამბობთ, ამის გამო არავინ არ უნდა იფიქროს საიდანღაც გარიცხვაზე და სხვა სახის მუქარაზე. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, ვიდრე ასეთ განცხადებებს გააკეთებენ, იქამდე იქნებ დაგველაპარაკონ რაშია საქმე. ისედაც ნათელია ყველაფერი, მაგრამ მაინც ჯობია, ასეთი საკითხები იმ პოლიტიკურ ჯგუფში გაირკვეს, სადაც სხვადასხვა პარტიები შედიან მათ შორის „ქართული ოცნებაც“, – განაცხადა მდინარაძემ. „ამერიკის კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციას“ წელს უნგრეთი უმასპინძლებს. ღონისძიება 4-5 მაისს ბუდაპეშტში გაიმართება. კონფერენციაზე მთავარი გამომსვლელი უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი იქნება. მიწვეულ სპიკერებს შორის არიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ქართული ოპოზიციური წრისთვის კრიტიკის საგანი აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ ირაკლი ღარიბაშვილი იმავე ტრიბუნაზე უნდა გამოვიდეს, სადაც ვიქტორ ორბანი.

30 აპრილს წმიდა მენელსაცხებლე დედების ხსენების დღეა

აღდგომიდან მე-3 კვირას მართლმადიდებელი ეკლესია წმიდა მენელსაცხებლე დედებს: მარიამ მაგდალინელს, მარიამ კლეოპას, სალომეს, იოანას, მართას და მარიამს, სუსანასა და სხვათა ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმიდა სახარების მიხედვით, უფლის დაფვლის შემდეგ ისინი გამთენიისას მაცხოვრის საფლავთან მივიდნენ და თან ნელსაცხებელი მიჰქონდათ. დედებს საფლავის ლოდი გადაგორებული დახვდათ, ხოლო უფლის ანგელოზმა მათ ახარა, რომ უფალი აღდგა.

ამ დღეს ეკლესია, ასევე, მართალ იოსებ არიმათიელისა და ნიკოდიმოს იხსენებს, რომელთაც პილატესგან გამოითხოვეს უფლის გვამი და იგი პატივით დაფლეს. წმიდათა მენელსაცხებლე დედათა ხსენების დღეს, კეთილმსახური მეფის თამარის (+1213) ხსენებაც აღნიშნება.

ცესკო არჩევნების წინასწარ შედეგებს ავრცელებს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგები გააცნო საზოგადოებას.

როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, არჩევნებში მონაწილეობა სულ 55 363 მოქალაქემ მიიღო, ყველაზე მაღალი აქტივობა კი ახალციხეში დაფიქსირდა, სადაც საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა 47.8 % მივიდა.

კალანდარიშვილი აღნიშნავს, რომ ეს პირველი არჩევნებია, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით გამოიყენა.

117 უბნის დათვლით, პარლამენტის შუალედური არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

№ 21 – ბესიკი წულეისკირი („თავისუფალი საქართველო”) 1 208 ხმა, 4.67 %

№41 გიორგი ხახუბია ( „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 24 646 ხმა, 95.33 %

ხოლო საკრებულოების შუალედური არჩევნების შედეგად წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

◾ გურჯაანი

№ 41 ზურაბი მუხულიშვილი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 347 ხმა

◾თიანეთი

№41 იოსებ მათურელი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 345 ხმა

◾ახალციხე

№ 41 როინ ნებაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 463 ხმა

◾ ტყიბული

№41 გიორგი კერესელიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 1 321 ხმა

№51 გიორგი გაგოშიძე (საინიციატივო ჯგუფი ) 204 ხმა

ქუთაისი

№ 41 მიხეილი გიორგაძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 5 331 ხმა.

რაც შეეხება მერების რიგგარეშე არჩევნებს, წინასწარი შედეგები ასეთია:

◾ცაგერი

№41 ლევან ზალკალიანი („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) 2 158 ხმა

◾თერჯოლა

№41 მანუჩარ რობაქიძე („ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“) – 9 559 ხმა

„ამ დროისთვის, საარჩევნო უბნებს საქმიანობა არ დაუსრულებიათ, ვინაიდან აპარატების მიერ ხმების დათვლის გარდა, კომისიები დამატებით, ხელით გადაითვლიან შედეგებს, რის შემდეგაც შედგება შემაჯამებელი ოქმები. სიახლეა შემაჯამებელი ოქმების გადმოგზავნასთან დაკავშირებით – ოქმები პლანშეტის საშუალებით, საოლქო საარჩევნო კომისიების გვერდის ავლით, პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო ამცირებს შედეგების დამუშავების და შემდგომი გამოქვეყნების დროს“, – აცხადებს თავმჯდომარე.

,,დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, “ოცნებამ” შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა- გვიდიანი

ექსპერტი ანდრია გვიდიანი რეგიონებში რიგგარეშე და შუალედური არჩევნების დასრულებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც გვიდიანი წერს,  დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, “ოცნებამ” შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა.

მისივე თქმით, რთული წარმოსადგენი არ არის, ვინმეს კანდიდატის დაყენება რომ გაებედა და ამომრჩეველს მოტივაცია ჰქონოდა, რა შედეგი დაიდებოდა.

“დღეს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარებულ შუალედურ არჩევნებში “ქართული ოცნებას” კონკურენტების დაყენებაც კი ვერ გაუბედეს;
2021 წელს იგივე მუნიციპალიტეტების იგივე უბნებზე “ქართულმა ოცნებამ” ჯამურად 42.025 ხმა მიიღო, ხოლო დღეს – 52.245 ათასი ხმა;
დღეს ჩატარებულ უკონკურენტო და უმოტივაციო არჩევნებშიც კი, “ოცნებამ” შედეგი 24.5%-ით გაიუმჯობესა.
უმოტივაციო არჩევნებში “ოცნების” შედეგების 24.5%-ით გაუმჯობესება, “ომის პარტიების” და მათი პატრონებისთვის გაკვეთილი უნდა იყოს.
P.S. – ალბათ რთული წარმოსადგენი არ არის, ვინმეს კანდიდატის დაყენება რომ გაებედა და ამომრჩეველს მოტივაცია ჰქონოდა, რა შედეგი დაიდებოდა,” – წერს ანდრია გვიდიანი.

30 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

დასვენებისა და ძალების აღდგენისთვის შესაფერისი დღეა. გირჩევთ ცოტა ხნით სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები დაივიწყოთ და ჯანმრთელობაზე იზრუნოთ. ეცადეთ, უსიამოვნო და აგრესიულ ადამიანებთან კონტაქტი მინიმუმამდე შეამციროთ და მეგობრებთან ერთად მეტი დრო გაატაროთ. ეს ენერგიის აღდგენასა და სამუშაო კვირისთვის მზადებაში დაგეხმარებათ.

კურო

ეცადეთ საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ. იმაზე მეტს ნურავის დაჰპირდებით, ვიდრე შეგიძლიათ. გახსოვდეთ, რომ გადაღლა შეიძლება თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს. ეცადეთ, რომ ამ დღეს წარმოქმნილი ყველა პრობლემა დამოუკიდებლად, სხვებთან კონსულტაციის გარეშე მოაგვაროთ.

ტყუპები

ამ დღის მოვლენები გაიძულებთ, რომ გარშემო მყოფებთან ურთიერთობა ან კონკრეტული სიტუაცია სხვაგვარად შეაფასოთ, ამა თუ იმ საგანზე შეხედულება შეცვალოთ და პრიორიტეტებს გადახედოთ. გამორიცხული არ არის, რომ ახალი მიზნები დაისახოთ და ახალ სპეციალობას დაეუფლოთ.

კირჩხიბი

ნებისმიერ საკითხზე მუშაობისას, ეცადეთ მოსალოდნელი შედეგები წინასწარ გათვალოთ. გაითვალისწინეთ, რომ არსებობს შეცდომის ან უსიამოვნო სიტუაციაში მოხვედრის რისკი. უცნობ ადამიანებთან ურთიერთობისას, სიფრთხილე დაიცავით და გულწრფელობას მოერიდეთ – ვიღაც საკუთარი ინტერესებისთვის თქვენს გამოყენებას ეცდება.

ლომი

ამ დღეს გარშემო მყოფებთან ურთიერთობა შეიძლება ძალიან ადვილი და სასარგებლო იყოს. მოლაპარაკების გზით შეგიძლიათ სასურველი სწრაფად მიიღოთ ან თანამოსაუბრე თქვენს მხარდამჭერად აქციოთ. უცნობ ადამიანს დახმარების თხოვნაზე უარს ნუ ეტყვით – შესაძლოა, მალე მისი დახმარება დაგჭირდეთ.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა ძველი შეცდომების გამოსწორების ან დაუსრულებელი საქმეების დასრულებისთვის. სავარაუდოდ, ზოგ მოვლენას ან ადამიანს ვარდისფერი სათვალით უყურებთ და რეალობისგან ძალიან შორს ხართ, ამიტომ დღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისგან თავი შეიკავეთ და მოსაფიქრებლად დრო ითხოვეთ.

სასწორი

მშვიდი და ხელსაყრელი დღეა, რომელიც საშუალებას მოგცემთ ახალი შესაძლებლობებით ან ხელსაყრელი სიტუაციით ისარგებლოთ. ეცადეთ ძველ პრობლემას ახლებურად შეხედოთ. ეს დაგეხმარებათ, რომ საუკეთესო გამოსავალი იპოვოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ.

მორიელი

ეცადეთ, ფინანსური საკითხების მოგვარებისთვის დრო გამონახოთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება რთული და უსიამოვნო საქმეების წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. გირჩევთ, ნათესავებთან საკამათო და მტკივნეული საკითხების განხილვას მოერიდოთ – ნაკლებად სავარაუდოა, რომ კომპრომისულ გადაწყვეტილებამდე მიხვალთ. გირჩევთ, ნეიტრალურ თემებზე ისაუბროთ და სიმშვიდე შეინარჩუნოთ.

მშვილდოსანი

შემთხვევამ ან გარემოებებმა შესაძლოა საინტერესო იდეა ან რთული სიტუაციიდან მარტივი გამოსავალი გიკარნახოთ. ვარსკვლავების მხარდაჭერა დიდი ხნის წინ დაწყებული საქმის წარმატებით დასრულებაში დაგეხმარებათ. ახლობელ ადამიანებთან შეხვედრა ოპტიმიზმით და დადებითი ემოციებით დაგმუხტავთ – ეს სწორედ ისაა, რაც ახლა ყველაზე მეტად გჭირდებათ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა ურთიერთობისა და ახალი, საინტერესო ადამიანების გაცნობისთვის. მით უმეტეს, რომ ზოგი მათგანი მალე თქვენი საუკეთესო მეგობარი და თანამოაზრე გახდება. ეცადეთ ყოველდღიურ, მომაბეზრებელ საკითხებზე მუშაობის დროს მეტი კრეატიულობა გამოიჩინოთ. ასე დავალებასაც სწრაფად გაუმკლავდებით და საყვარელ ადამიანებსაც სასიამოვნოდ გააოცებთ.

მერწყული

თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები რომ არ გააფუჭოთ და სიტუაცია რეალურად შეაფასოთ, ეცადეთ ემოციები აკონტროლოთ. თუ გუნდურ მუშაობას გეგმავთ, დამხმარეები ფრთხილად და საგულდაგულოდ შეარჩიეთ. გახსოვდეთ, რომ ადამიანებს, რომლებმაც წარსულში გიღალატეს, ამის გაკეთება კიდევ შეუძლიათ. სასურველია, რომ ძვირად ღირებული შესყიდვები სხვა დღისთვის გადადოთ.

თევზები

ხელსაყრელი დღეა რთული და შრომატევადი სამუშაოსთვის. ენერგიით სავსე ხართ და ურთულეს დავალებებსაც მარტივად უმკლავდებით. ახალი ურთიერთობები ძველი კავშირების განმტკიცებაში დაეხმარებათ. ყურადღება მიაქციეთ თანამოსაუბრეს ინტონაციას და ემოციებს, რათა მისი მოქმედების ნამდვილი მოტივები გაიგოთ.