Home Blog Page 2022

“შეიძლება, სტატუსი მოენიჭებინათ იმ დიდი ზიანის საფასურად, რაც მაგალითად, უკრაინაში ვნახეთ, მაგრამ მისი მიმღები აღარავინ ყოფილიყო”-დიმიტრი ხუნდაძე

„კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია მივიღეთ, მაგრამ ევროპარლამენტარების ნაწილისგან, მარგინალური ჯგუფისგან  ისევ გაიჟღერა არასწორმა გზავნილებმა, რაც ჩვენთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რომ სიფრთხილე გვერდზე არ გადავდოთ”, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის” ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბრძოლა არ დასრულებულა და ხიფათი ისევ ქვეყნის გარშემოა, მით უმეტეს, როცა რეგიონში ურთულესი ვითარებაა და ღია საომარი დაპირისპირებებია.
„დღეს რაც ხდება, გონივრული პოლიტიკური ნაბიჯების შედეგია. დადებითი რეკომენდაციის მიღება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მისალოცია ყველასთვის – საზოგადოებისთვის და ხელისუფლებისთვის, რადგან რისკები მაქსიმალურად იქნა დაზღვეული. დავინახეთ, რომ რეკომენდაციის მიღება შესაძლებელი ყოფილა ცალ ფეხზე დგომის გარეშე. ოპოზიციას ახლა დარჩა მხოლოდ ის, რომ სიტყვებს ეკიდება – საზოგადოებამ მიიღო ეს და არა – ხელისუფლებამო. რა თქმა უნდა, ეს სიგიჟეა. ეს საზოგადოება იყო ერთი წლის წინაც და თუ მხოლოდ საზოგადოების მიმართ იყო პატივისცემა, დადებითი დასკვნა მაშინაც უნდა მიგვეღო. ვიცით თურქეთი, რომელსაც უკვე თითქმის 20 წელია აქვს კანდიდატის სტატუსი, [მაგრამ არ არის ევროკავშირის წევრი] და, ასევე, რვა ქვეყანა, რომელსაც ანალოგიურად, მხოლოდ სტატუსი აქვს წლებია. მაშინ რა გამოდის, საქართველოში საზოგადოებას ერთი წლის შემდეგ სცეს პატივი და დანარჩენ ქვეყნებში ვერ მომწიფდა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ საზოგადოებას მაინც სცენ პატივი? ეს, რა თქმა უნდა, ასე არ არის. მივიღებთ თუ არა კანდიდატის სტატუსს – აქ მთავარი გზამკვლევი უნდა იყოს ქვეყნის უსაფრთხოების დაცვა და ღირსება, ისევე, როგორც ეს რეკომენდაცია მივიღეთ.
ძალიან ბევრი შეურაცხყოფა გვახსოვს, მით უმეტეს, „ხალხის ძალას”, როცა სხვაზე მეტი სიმართლის თქმა მოგვიწია. გახსოვთ ალბათ, პოლიტიკური პროცესები რომ კულისებში გადავიდა და საზოგადოების ინფორმირებულობა საჭირო გახდა. სწორად ინფორმირებული საზოგადოება კი თავისი ქვეყნის სადარაჯოზე სწორად წარსდგა. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება სტატუსი იმ დიდი ზიანის საფასურად მოენიჭებინათ, რაც, მაგალითად, უკრაინაში ვნახეთ, მაგრამ, მისი მიმღები აღარავინ ყოფილიყო. უმძიმესი ვითარებაა იქ, უმძიმესი ვითარებაა ახლო აღმოსავლეთში და სწორი, გონივრული ვითარებით მოვახერხეთ, რომ მშვიდობა შევინარჩუნეთ.
მახსენდება, როცა 12 პუნქტის შესრულებისთვის სამი თვე მოგვცეს, ამას ხაფანგი ვუწოდეთ და დიახ, დღესაც ვიმეორებ, ეს იყო ხაფანგი, რომელსაც არ წამოვეგეთ. ვადა, შემდეგ, ევროკავშირმა თვითონ გაახანგრძლივა. ზუსტად ამ დროს შეკრიბეს საზოგადოება აქციაზე – „გსურთ თუ არა ევროპა”, სადაც, მათ სცენაზე ცალ ფეხზე მდგარი არასამთავრობო სექტორი დახვდა, რომელიც ტექნიკურ მთავრობას ითხოვდა – ჩვენ მოვდივართ ხელისუფლებაშიო. დღეს კი რადიკალურმა ოპოზიციამ დაიწყო სიტყვებით თამაში, როგორც სჩვევია, რომ თითქოს ჩვენ ვთქვით, კანდიდატის სტატუსია ხაფანგიო. სტატუსი კი არა, ეს მოკლე ვადა იყო ხაფანგი, რომელიც რეკომენდაციის არმიცემას გამოიწვევდა, რითაც საზოგადოების ემოციას პიკში აწევდნენ და შეეცდებოდნენ, საახალწლოდ ჩვენთვის „მაიდანი” გამოეცხოთ. პრაქტიკულად, რევოლუციური კონვეიერი გადავჭერით საზოგადოების სწორად ინფორმირებით.
კანდიდატის სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით დადებითი რეკომენდაცია მივიღეთ, მაგრამ ევროპარლამენტარების ნაწილისგან, მარგინალური ჯგუფისგან  ისევ გაიჟღერა არასწორმა გზავნილებმა, რაც ჩვენთვის ყურადსაღები უნდა იყოს, რომ სიფრთხილე გვერდზე არ გადავდოთ. სწორად მივდივართ, სწორ გზაზე ვდგავართ, სწორი პოლიტიკური ნაბიჯებია გადადგმული, მაგრამ ბრძოლა არ დასრულებულა და ხიფათი ისევ ჩვენს გარშემოა. მით უმეტეს, როცა რეგიონში ურთულესი ვითარებაა და ღია საომარი დაპირისპირებებია. ასე, რომ სიფრთხილე, როგორც იარაღი, ისე უნდა გვქონდეს მომარჯვებული”, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება -ტედროს ადანომ გებრეისუსი

ღაზის სექტორში, საშუალოდ, ყოველ ათ წუთში ერთი ბავშვი იღუპება, – ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

სხდომაზე ღაზის სექტორში შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა განიხილებოდა.

„ღაზაში არავინ და არსადაა უსაფრთხოდ“, – აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ღაზის 36 საავადმყოფოდან – ნახევარი და პირველადი სამედიცინო ცენტრების სამი-მესამედი არ ფუნქციონირებს, ხოლო ისინი, რომლებიც მუშაობას განაგრძობენ, პაციენტების ნაკადს ვერ აუდიან.

„საავადმყოფოების დერეფნები სავსეა დაშავებულებით, ავადმყოფებით, მომაკვდავებით. მორგები გადატვირთულია. ქირურგიულ განყოფილებებში არ არის ანესთეზია. ათობით ათასი გადაადგილებული პირი აფარებს თავს საავადმყოფოებს“, – განუცხადა გებრეისუსმა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ისრაელზე „ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ ისრაელმა ღაზის სექტორში ჯანდაცვის ობიექტებზე 250-ზე მეტი დარტყმა განახორციელა. ისრაელის ხელისუფლების განცხადებით, „ჰამასს“ საავადმყოფოების ქვეშ გვირაბების ქსელი აქვს მოწყობილი. ისრაელის პრემიერ-მინისტრის თქმით, „ჰამასი“ მოსახლეობას ცოცხალ ფარად იყენებს.

გაერო-ში ისრაელის ელჩმა უშიშროების საბჭოს განუცხადა, რომ ისრაელმა სამუშაო ჯგუფი შექმნა ღაზის სამხრეთ ნაწილში საველე საავადმყოფოების მოსაწყობად.

„ისრაელი აწარმოებს მოლაპარაკებებს არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, წითელ ჯვართან და სხვა ევროპულ ქვეყნებთან საველე საავადმყოფოებისა და მცურავი გემი-ჰოსპიტლების მოსაწყობად. ისრაელმა ხელი შეუწყო ღაზის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე საავადმყოფოებში იორდანიიდან სამედიცინო დახმარების მიწოდებას“, – განაცხადა გილად ერდანმა.

მისი თქმით, ისრაელი ბევრად მეტს აკეთებს ღაზის მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ან გაერო-ს რომელიმე სხვა ორგანო.

“კარგი მაგალითი გვაქვს ორი პიროვნების შესადარებლად – პრეზიდენტი, რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა ლეგიტიმურობა და ღირსეული პრემიერი, რომლის სიტყვა საქმეა”-თამთა მეგრელიშვილი

პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის საფრანგეთში ვიზიტებს და აქედან გამომდინარე დადებულ შედეგებს აფასებს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა  მეგრელიშვილი. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

„ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს ორი პიროვნების შესადარებლად – პრეზიდენტი, რომელმაც აბსოლუტურად დაკარგა ლეგიტიმურობა და სამართლებრივად ის მოგზაურობა, რომელსაც ის ვიზიტს უწოდებს, მოგზაურობადღა რჩება და არა ვიზიტად, იმიტომ, რომ ლეგიტიმაცია მას ქართველი ხალხის უმრავლესობისგან არ აქვს და პრემიერ-მინისტრი, დიახ ჩვენ გვყავს ღირსეული პრემიერი, რომლის სიტყვა საქმეა და ის ღირსებით, ამაყად წარმოადგენს ქართულ სახელმწიფოს.

ქართული სახელმწიფო იმსახურებს ამას იმ დიდი და კოლოსალური შრომის შედეგით, რომელიც მან გასწია, რათა ევროკომისიას მიეღო გადაწყვეტილება და რეკომენდაცია გაეცა იმაზე, რაზეც გასცა“, – განაცხადა თამთა მეგრელიშვილმა.

“ღაზაში ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ”-ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისრაელს მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზაში ბავშვებისა და ქალების მკვლელობა. ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა „ბიბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„დე ფაქტო დღეს მოქალაქეებს ბომბავენ. ბავშვებს, ქალებს, ხანდაზმულებს ბომბავენ და კლავენ. ამას მიზეზი და გამართლება არ აქვს. ასე რომ, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, შეწყვიტოს“, -განაცხადა საფრანგეთის ლიდერმა.

როგორც ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, საფრანგეთი აღიარებს ისრაელის თავდაცვის უფლებას, თუმცა მოუწოდებს, შეწყვიტოს ღაზის სექტორის დაბომბვა. ამავე დროს, მაკრონმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთ მკაფიოდ გმობს „ჰამასის“ ტერორისტულ ქმედებებს.

„ჩვენ ვიზიარებთ ისრაელის ტკივილს და ჩვენ ვიზიარებთ მათ სურვილს, მოიშორონ ტერორიზმი. ჩვენ საფრანგეთში ვიცით, თუ რას ნიშნავს ტერორიზმი“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მისი როლი არ არის, განსაჯოს, დაირღვა თუ არა საერთაშორისო სამართალი.

„მე არ ვარ მოსამართლე. მე სახელმწიფოს მეთაური ვარ“, – აღნიშნა მაკრონმა.

ემანუელ მაკრონის განცხადებებს გამოეხმაურნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში და აღნიშნეს, რომ ქვეყნებმა უნდა დაგმონ „ჰამასი“ და არა – ისრაელი.

„დანაშაულები, რომლებსაც „ჰამასი“ დღეს ღაზაში სჩადის, ხვალ ჩადენილი იქნება პარიზში, ნიუ-იორკსა და მსოფლიოს სხვა ადგილას“, – ნათქვამია ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა პარიზში 9 ნოემბერს ღაზის საკითხზე საერთაშორისო ჰუმანიტარულ კონფერენციას უმასპინძლა.

სუს-მა უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, წარმოებული კონტრტერორისტული საქმიანობის პროცესში, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის მომზადების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავა.

სუს-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა სპეციალური ოპერაცია ქალაქ თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა.

„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 344 პირველი პრიმა და 236-ე მუხლებით აწარმოებს. კონტრტერორისტული ცენტრის მიერ, აქტიურად გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების მხილების მიზნით“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

“სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო როცა მოვა, ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ოკუპირებულ ტერიტორიებს”-სალომე ზურაბიშვილი

სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად არის მისი საზღვრები, ეს არის მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის დასაწყისი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე, ერთ-ერთ პანელზე გამოსვლისას განაცხადა.

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რუსეთსა და ევროკავშირს შორის არჩევანი გაკეთებულია, რაც საქართველო არსებობს, მაგრამ ეს გაკეთდა ნათლად დამოუკიდებლობის მოპოვებიდან, 1991 წელსვე და ეს იყო მუდმივი არჩევანი.

„ორი დღის წინ ევროკომისიამ ბოლოს და ბოლოს გასცა დადებითი რეკომენდაცია საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. ერთი დღით ადრე კი რუსეთმა, როგორც სჩვევია, ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დელიმიტაციის ხაზზე მოკლა ერთი ჩვენი მოქალაქე, მეორე კი მძევლად აიყვანეს და ეს არის ის, რაც ხდება მუდმივად. ისინი იღებენ აფხაზეთის აეროპორტს და შავ ზღვაზე მდებარე ერთ-ერთი პორტის სამხედრო ბაზად გარდაქმნის პროცესში არიან, შავ ზღვაზე ფლოტის შესაქმნელად. ასე რომ, ეს არის რუსეთი.

ჩვენი იმედები უკავშირდება ევროკავშირს. იმას, რომ ჩვენ გავხდეთ სრულფასოვანი წევრები, დრო დასჭირდება, მაგრამ პროცესი მიმდინარეობს და ევროკავშირი გარედან ჩანს, როგორც ადგილი, სადაც საბოლოოდ უსაფრთხოდ ვიგრძნობთ თავს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენის პარტნიორებისთვის აღმოსავლეთ ევროპიდან, რომლებიც რამდენიმე წლის წინ შეუერთდნენ ევროკავშირს, და ასევე უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირი არის წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი ვერ გადაკვეთს. ის, რომ რუსეთი არ იცვლება, ეს ჩვენი ცხოვრების ფაქტია.

ის დარჩა იმპერიალისტურ ძალად, შეიძლება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ევროპული და, ზოგადად, დასავლური ძალები დიდი ხნის განმავლობაში იყვნენ დაბრმავებულნი რუსეთის მიმართ, როგორც ამას სილვი კოფმანი აღწერს წიგნში Les aveuglés. მათ ახლა აღმოაჩინეს რუსეთის რეალობა. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ეს არის რეალობა, რომელიც არ შეიცვლება არასდროს, ვიდრე რუსეთი არ აღიარებს, რომ მას, როგორც მსოფლიოს ნებისმიერ სხვა ერს, აქვს საზღვრები, რომლებსაც პატივი უნდა სცეს.

თქვენ ნებისმიერ რუსს თუ სთხოვთ, დახაზონ თავიანთი ქვეყნის რუკა, ზოგი მოიცავს უკრაინასაც, საქართველოსაც. მათ არ იციან და ეს ჩვენი, ევროკავშირის მოვალეობაა, გავაგებინოთ. მათ ხვალ უნდათ ევროპის კონტინენტზე არქიტექტურის ზოგიერთი ფორმის რეკონსტრუქცია. დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი საბოლოოდ გაიგებს ამას და ვფიქრობ, ეს იქნება მთავარი მიზანი, როცა სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო მოვა, როცა უკრაინა ჩათვლის, რომ მიაღწია მიზანს, დაიცვა თავისი ტერიტორიის სუვერენიტეტი და მთლიანობა. სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ყველა უნდა დავრწმუნდეთ, რომ რუსეთი დატოვებს ყველა ოკუპირებულ ტერიტორიას და აღიარებს, სად არის მისი საზღვრები, ეს არის მეზობლებთან ურთიერთპატივისცემის დასაწყისი. ეს არის თანამშრომლობის დასაწყისი. ეს არის აბსოლუტური აუცილებლობა. ევროკავშირს თუ სურს, ხვალ ჰქონდეს შავი ზღვა, რომელიც გახდება ევროპული თანამშრომლობისა და კავშირის ზღვა, ეს არ იქნება, თუ ჩვენ არ გადავიყვანთ რუსეთს ნორმალურ ფორმებში“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

“რა შეიძლება ვუწოდო სალომე ზურაბიშვილის იმ სიტყვებს, რაც მან საფრანგეთის ტელევიზიაში გააჟღერა, თუ არა – მოღალატეობა”

პრეზიდენტი ზურაბიშვილი საფრანგეთში არ წასულა მხოლოდ იმიტომ, რომ ეჩვენებინა, მთავრობას არ ემორჩილება, არამედ, მან ძალიან მნიშვნელოვანი შეტყობინება გააჟღერა იქ – ახსენა კოალიციური მთავრობა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა თამარ ჩიბურდანიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილმა კოალიციური მთავრობა 2024 წლის არჩევნების შედეგის შემდეგ დააანონსა, რითაც ცდილობს საზოგადოებაში შექმნას აზრი, რომ ეს ვარიანტი შესაძლებელია.

„ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება თავის ლობისტებთან ერთად, არამედ, ეს არის ახალი პროექტი, წამოსული ისევ ხელისუფლებისა და ხალხის წინააღმდეგ. ამ შეტყობინებით სალომე ზურაბიშვილი ხალხს აჩვევს ამ ვარიანტის, ანუ კოალიციური მთავრობის შესაძლებლობაში, საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს იმისთვის, რომ 2024 წელს მარტივი იყოს ხალხის მოტყუება. რაც არ უნდა კანონი მივიღოთ, დეზინფორმაციის გავრცელებას ესენი არ შეეშვებიან და მთელი ამ თვეების განმავლობაში მას აქტიურად გამოიყენებენ. რაც უნდათ, ის შექმნან, ზუსტად ვიცი, რომ ქუჩაში დარჩებიან, ხოლო პარლამენტში მათგან ორი-სამი კაცი შევა, გარდა „ნაცმოძრაობისა“, რომელსაც სხვებისგან შედარებით, თავისი ამომრჩეველი ნამდვილად ჰყავს“, – განაცხადა თამარ ჩიბურდანიძემ.

ანალიტიკოსმა სალომე ზურაბიშვილის მიერ საფრანგეთის ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუც შეაფასა და მას მოღალატეობრივი უწოდა.

„ფაქტია, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გააგრძელებს იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდა. რა შეიძლება ვუწოდო მის სიტყვებს, თუ არა – მოღალატეობა, რაც მან საფრანგეთის ტელევიზიაში გააჟღერა. ჟურნალისტს, კი, რომელიც კითხვებს სვამდა, ჟურნალისტსაც ვერ ვუწოდებ, რადგან აშკარად დაწერილი კითხვები ჰქონდა და საქართველოს პრემიერს, რომელიც მის ქვეყანაში იყო სტუმრად და მისმა პრეზიდენტმა მაკრონმა მიიღო, პრორუსი უწოდა. ანუ, გამოდის, რომ ფრანგმა ჟურნალისტმა საფრანგეთის ხელისუფლებასაც პრორუსი უწოდა, რადგან თუკი პრორუს პრემიერს ასეთი ზარ-ზეიმით იღებ, შენც მისი იდეოლოგიის მქონე ხარ. ანუ, აიხლართნენ, დაბნეულები არიან, ვის რა ფულს უხდიან, ვის რა კითხვას აწერინებენ და აპასუხებინებენ, თვითონაც აღარ იციან, მაგრამ, სამაგიეროდ, ქართველი ხალხი ყველაფერს კარგად ხვდება, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ხდება მათთვის ცნობილი და მჯერა, რომ 2024 წლის ოქტომბრამდე სერიოზულ გადაწყვეტილებას მიიღებენ“, – აღნიშნა თამარ ჩიბურდანიძემ.

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

ეცადეთ, უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას მეტი სითამამე გამოიჩინოთ – თუ საჭიროა, გამოელაპარაკეთ და საკუთარი იდეები შესთავაზეთ. ვარსკვლავები ამბობენ, რომ ამ გზით ახალი მოკავშირეების პოვნას და სასარგებლო კავშირების დამყარებას შეძლებთ. დღეს მცირე უსიამოვნებები განწყობას ვერ გაგიფუჭებთ, ამიტომ შეგიძლიათ დაწყებული საქმე მშვიდად დაასრულოთ.

კურო

ეს დღე დაგეხმარებათ, რომ საკუთარ შესაძლებლობებში გაერკვეთ და გეგმების განხორციელება დაიწყოთ. იყავით მიზანდასახული და პრობლემების ნუ შეგეშინდებათ. შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ დაწყებული საქმის დასრულებისთვის ძალა არ გეყოფათ, მაგრამ ასე არაა – ყველაფერი თქვენს ხელთაა.

ტყუპები

ენდეთ საკუთარ ინტუიციას – ის ამ დღეს არ გიღალატებთ. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება დაგეხმარებათ, რომ არახელსაყრელი ვითარებაც კი თქვენთვის სასარგებლოდ გამოიყენოთ. კარგი იქნება, თუ ინტერიერის განახლებაზე იზრუნებთ და სახლისთვის რამე ლამაზ ნივთს შეიძენთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ ურთიერთობაში მეტი თავშეკავება გამოიჩინოთ და საკუთარი გეგმების შესახებ არავის უამბოთ. მით უმეტეს, რომ ამ გეგმების მიმართ მეგობრებსაც კი კრიტიკული შენიშვნები გაუჩნდებათ. მოერიდეთ გარშემო მყოფებთან კამათს – ამ დღეს ვერავის ვერაფერს დაუმტკიცებთ და დროს ტყუილად დაკარგავთ. ეს დღე სავსეა მოვლენებით, რომლებიც თქვენს გაღიზიანებს იწვევს, თითქოს ვიღაც ბენზინით სავსე კასრის გვერდით ასანთით თამაშობს, ამიტომ სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ.

ლომი

ამ დღეს ახლობელი ადამიანები იმედებს გაგიცრუებენ, ამიტომ მხოლოდ საკუთარ თავს უნდა დაეყრდნოთ. ბედმა შეიძლება კონკურენტების დამარცხების შანსი მოგცეთ, რაც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ.

ქალწული

მოულოდნელმა მოვლენამ ან უსიამოვნო საუბარმა შეიძლება განწყობა გაგიფუჭოთ. ეცადეთ, მოთმინება და თავშეკავება გამოიჩინოთ და ემოციებს თქვენი ქმედებების კონტროლების უფლება არ მისცეთ. გირჩევთ მნიშვნელოვანი საქმეები დღის მეორე ნახევრისთვის დაგეგმოთ, როცა ენერგიის დონე მოიმატებს.

სასწორი

მიეცით საკუთარ თავს უფლება, რომ დღის პირველ ნახევარში დაისვენოთ. დღის მეორე ნახევარში მეტი ენერგია გექნებათ და რთული საქმეები, უმჯობესია, ამ დროისთვის უნდა დაგეგმოთ. ექსპერიმენტებისა და სიახლეების სურვილმა შეიძლება პრობლემები შეგიქმნათ, ამიტომ დღეს უპირატესობა კარგად გამოცდილ მეთოდებს უნდა მიანიჭოთ.

მორიელი

წარმატებული და ნაყოფიერი დღეა. გირჩევთ, გარემოებებს არ შეეწინააღმდეგოთ და დინებას მშვიდად მიჰყვეთ. ამ დღეს გეგმის მიხედვით მოქმედება სრული უაზრობაა, რადგან დღის განმავლობაში გეგმას რამდენჯერმე შეცვლით. ენდეთ თქვენს ინტუიციას – ის გიკარნახებთ, მოულოდნელ სიტუაციებში როგორ უნდა იმოქმედოთ.

მშვილდოსანი

სასურველია, რომ ამ დღეს ურთიერთობები შეზღუდოთ. ახლა ყველაზე მეტად ძალების აღდგენა და აქტიური მოქმედებებისთვის მომზადება გჭირდებათ. მარტოხელა მშვილდოსნებს რომანტიკული ნაცნობობა ელით. ეს ურთიერთობა, სავარაუდოდ, ხანმოკლე იქნება, თუმცა თქვენს გონებაში მნიშვნელოვან კვალს დატოვებს.

თხის რქა

ამ დღეს საკუთარ თავს და საჭიროებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციოთ. აუცილებელი არ არის, რომ საკუთარი სურვილები გარშემო მყოფებს შეუთანხმოთ და მოქმედების დაწყებამდე მათგან ნებართვა ითხოვო. დაისვენეთ, ძალები აღიდგინეთ და გაერთეთ. ეცადეთ, ურთიერთობისთვის ხალისიანი ადამიანები შეარჩიოთ, რათა განწყობა არ გაიფუჭოთ.

მერწყული

რთული და სტრესული დღისთვის უნდა მოემზადოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარი შესაძლებლობები ობიექტურად შეაფასოთ და ისეთ საქმეს არ შეეჭიდოთ, რომელსაც ვერ გაუმკლავდებით. გაითვალისწინეთ, რომ გადაღლამ შეიძლება ჯანმრთელობის გაუარესება და დროებით დეპრესიაც კი გამოიწვიოს.

თევზები

ამ დღეს შესაძლოა, შეცდომა იქ დაუშვათ, სადაც არ ელოდით, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე ინფორმაცია კარგად უნდა გადაამოწმოთ. შესაძლოა, დაუგეგმავმა მოვლენამ ცოტა ხნით ყურადღება გაგიფანტოთ, მაგრამ საქმის ბოლომდე მიყვანას მაინც მოახერხებთ. მთლიანობაში, ეს დღე ნაყოფიერად ჩაივლის, მით უმეტეს, თუ წვრილმან გაუგებრობებზე დროს და ენერგიას არ დახარჯავთ.

“პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი” -შარლ მიშელი

უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესწრებოდა.

“ევროკავშირი დაფუძნებული იყო ღირებულებებზე, დემოკრატიულ პრინციპებზე, თავისუფლებაზე, ადამიანის სიცოცხლეზე და ამის დავიწყება არ შეგვიძლია. ვხედავთ, რომ ახლა ეს პრინციპები ზეწოლის ქვეშაა. ასე რომ, როგორ შეგვიძლია რეაგირება? როგორ შეგვიძლია ევროკავშირის შიგნით რაღაცების შეცვლა?

მუდმივად ვიცვლებით, მუდმივად ვმუშაობთ ჩვენს ღირებულებებზე და ამას მომავალი თვეებისა და წლების განმავლობაში დაინახავთ. უკრაინაზე თუ ვისაუბრებთ, უკრაინამ მსოფლიოს თვალები აუხილა ამაზე. უკრაინის წინააღმდეგ ომმა სრულიად შეცვალა ევროპული პარადიგმა, ვინაიდან რამდენიმე ხნის წინ არა ნატო, არამედ ევროკავშირი იყო ის, ვინც უკრაინას შეიარაღება მისცა. ეს უპრეცედენტო იყო, ეს ნატო არ იყო, ეს ევროკავშირი იყო, ვინაიდან გვსურდა უკრაინას დავხმარებოდით საკუთარი თავის დაცვაში. გვსურდა მტკიცე ვყოფილიყავით.

აქ საქართველოს პრეზიდენტთან ერთად ვარ და [ევროკავშირის] მეორე ელემენტია ის, რომ ევროკავშირის ქსელს ვაფართოებთ, რათა დავნერგოთ სტაბილურობა და უსაფრთხოება. კი, ეს რთული იქნება, არის შეფერხებები და დაბრკოლებები, მაგრამ აქ პოლიტიკური ნება არსებობს, რომ ჩვენი საზღვრები გავხსნათ, რათა გვქონდეს სტაბილურობა, მშვიდობა და უკეთესი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი,” – განაცხადა მიშელმა.

როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საქართველოში 11-13 ნოემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +14, +16 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 14 ნოემბრამდე ისევ თბილი და უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსია მოსალოდნელი.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23, +25 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი დაფიქსირდება, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +12, +14 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +20, +22 გრადუსამდე მოიმატებს.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +13, +15 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +21, +23 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 11 ნოემბერს დღისით +7, +9 გრადუსი იქნება, ხოლო 12-13 ნოემბერს +13, +15 გრადუსამდე მოიმატებს, ღამის საათებში კი უარყოფითი ტემპერატურაა მოსალოდნელი.

“მშვიდობა გადამწყვეტია! მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფოდეთ” – ირაკლი ღარიბაშვილი

შევძელით ჩვენი ეკონომიკის გაზრდა. გასამმაგდა ქვეყნის ეკონომიკა 2012 წლიდან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „პარიზის მშვიდობის ფორუმის” ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „თანამშრომლობის ასპექტები დაპირისპირებულ სამყაროში: მშვიდობის უზრუნველყოფა და უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის მაგალითზე” – გამოსვლისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ასეა ლარის კურსის გამყარებისა და სულადობრივი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) მიხედვით, რომლის ოდენობაც ბოლო  3 წლის განმავლობაში გაორმაგდა აშშ დოლარის დენომინაციით.

„ინფლაციის მაჩვენებელი ძალიან დაბალია. სომხეთთან ერთად, მსოფლიოს ყველაზე სწრაფადმზარდი ეკონომიკა გვაქვს ამჟამად. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან კარგ დარგობრივ პოლიტიკას და ეფექტურ მმართველობას ვაწარმოებთ. სწორედ ამის გამო ძლიერი ეკონომიკური ზრდა გვაქვს ჩვენი ხალხის საკეთილდღეოდ. ყოველივე ამას მოაქვს ახალი სამუშაო ადგილები, მეტი სტაბილურობა, მეტი პროგნოზირებადობა მეწარმეებისა და ინვესტორებისთვის. ასე მაგალითად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეკორდულ მაჩვენებელზე ავიდა გასულ წელს. სიღარიბისა და უმუშევრობის მაჩვენებლები ისტორიულ მინიმუმზეა, ხოლო ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები –  ისტორიულ მაქსიმუმზე.  ამას იმიტომ ვამბობ, რომ საქართველოში მსგავსი არაფერი მოხდებოდა მშვიდობის გარეშე. მშვიდობა გადამწყვეტია! მშვიდობა არის ის, რისკენაც ყველა უნდა ვისწრაფვოდეთ. მსოფლიოს ნაკლები ომი და მეტი მშვიდობისმყოფელი სჭირდება, რადგან ამჟამად რასაც ვხედავთ ძალიან გვაწუხებს. როგორ დასრულდება ეს ომი უკრაინაში?  ძალიან გვაწუხებს ის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ახლო აღმოსავლეთში ან სხვაგან. ამიტომ, საქართველო და მსგავსი ქვეყნები – სომხეთი –  პატარა ქვეყნები, მაგრამ ძლიერი ერები – დაინტერესებულნი უნდა იყვნენ მშვიდობის შენარჩუნებით,  სტაბილურობისა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ერი ვახსენე და აქვე უნდა ვთქვა, რომ  ერთერთი უძველესი ერი ვართ დედამიწაზე. ამდენად, ჩემი მოსაზრება შემდეგში მდგომარეობს: ხალხს და ზოგადად მსოფლიოს ერებს სიცხადე, გარკვეულობა სჭირდება. ახლა ვერ ვხედავთ ამას. არც პროგნოზირებადობა არსებობს. არავინ იცის რას მოიტანს ხვალინდელი დღე. ვის შეუძლია ამ ტიპის პრობლემების გადაჭრა? დიდ ქვეყნებს, დიდ ზესახელმწიფოებს. აქვე გავიმეორებ, რომ საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს და მსგავს ქვეყნებს სჭირდებათ ნათელი ხედვა დასავლეთის დიდი სახელმწიფოებისგან. ხომ ასეა? ამიტომ, კიდევ ერთხელ გავიმეორებ და დავადასტურებ, რომ საქართველო დაინტერესებულია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებით. აბსოლუტურად დარწმუნებულნი ვართ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ, ძალიან ფრთხილი, მაგრამ გონივრული პოლიტიკით მოვახერხებთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას. ეს ერთადერთი არჩევანია, რაც საქართველოს გააჩნია ამჟამად”, –  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

“არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც სავარაუდოდ, შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის” – ზელენსკი

ახლა, ჩვენს პერიოდში, მსოფლიო გზაჯვარედინზეა, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის , – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარიზში მშვიდობის ფორუმზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისი თქმით, ლოკალურ ომებს გლობალური კოლაფსის გამოწვევა შეუძლიათ.

„ტანჯვას, რომელსაც კონკრეტული ერი განიცდის, მეზობელი ერების უფსკრულში გადაგდება შეუძლია, მაგრამ მსოფლიო განწირული არაა ამ მტრობისთვისა და ტანჯვისთვის. სწორი მიმართულებით მოხვევა შეგვიძლია. ეს კონკრეტულად არის იმ ყველას თანამშრომლობა და ერთიანობა, ვინც მართლა აფასებს მშვიდობას, რომელსაც კატასტროფების თავიდან არიდება და ხალხის ტანჯვის შეჩერება შეუძლია.

ამაში ყველა ერს აქვს მნიშვნელობა. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს ეს. არ არსებობენ დიდი სახელმწიფოები, რომლებსაც სავარაუდოდ შეუძლიათ მსოფლიოში რამის გადაწყვეტა ყველასთვის. ყველა ერი თანაბარია და ყველა ერი იმსახურებს პატივისცემას. მხოლოდ ასეთ მიდგომას შეუძლია ყველა ბავშვის, ყველა ერის უფლების რეალიზება ისეთ სამყაროში, სადაც მშვიდობის მიღწევის უფრო მეტი მაგალითია, ვიდრე მისი განადგურების ისტორიები,” – განაცხადა ზელენსკიმ.